ზიგ-ზაგური პოლიტიკა?
20 იანვარს, აშშ-ს 45 პრეზიდენტი, 4-წლიანი დემოკრატიული პაუზის შემდეგ, 47-ე პრეზიდენტი გახდა. 46 პრეზიდენტი, ბაიდენი ვაშინგტონიდან კალიფორნიაში გაემგზავრა დასასვენებლად.
47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა ტრამპმა ფიცი დადო და პირველ ბრძანებულებებსაც მოაწერა ხელი. ხელმოწერილი დოკუმენტებიდან, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მიხედვით, არის 78, რომლებმაც გააუქმეს წინა პრეზიდენტის, ბაიდენის ბრძანებულებები.
ტრამპმა შეიწყალა 1500-ზე მეტი პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდიდა კაპიტოლიუმში შეჭრის გამო — 4 წლის წინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად.
პროტესტანტები თვლიდნენ, რომ დემოკრატებმა არჩევნები გააყალბეს ბაიდენის სასარგებლოდ.
დემოკრატების 4-წლიანმა მმართველობამ უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოიტანა, ვიდრე დადებითი. უარყოფითი, მსუბუქად ჟღერს იმასთან შედარებით, რაც ბაიდენმა და დემოკრატებმა დაუტოვეს აშშ-ს, მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს. მარტო ზომაზე გადასული ლიბერალიზმი რად ღირს და აქედან გამომდინარე ლგბტ-ობა?
კანონად ქცეული ერთნაირსქესიანთა ქორწინება და თინეიჯერებში სქესის გადაკეთება?
აშშ-ს საგარეო სახელმწიფო ვალი — 36 ტრილიონი დოლარი და 20 მილიონი მიგრანტისთვის თავშესაფრის მიცემა, დემოკრატიული პარტიისთვის არჩევნებში მხარდაჭერის საფასურად?
ომი უკრაინაში, რუსეთთან უკიდურესად გაუარესებული ურთიერთობა, ლამის მესამე მსოფლიო ომში გადასვლის მომასწავებელი; უკრაინისთვის 200 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის, ფინანსური დახმარების გამოყოფა და ა.შ.?
შეუძლებელია ერთ სტატიაში ყველა მზაკვრული ბრძანებულების ან კანონის ჩამოთვლა, აშშ-ს პრეზიდენტყოფილმა ბაიდენმა რომ ხელი მოაწერა.
ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებებში არის ჩვენთვის და ნორმალური საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის სასიხარულოც, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი — ქალისა და მამაკაცის და არა გამრუდებული, მიუღებელი, დემოკრატები რომ ქადაგებდნენ.
ტრამპი, რევოლუციაა, სხვა ცხოვრების დასაწყისია, მენტალური ცვლილებაა და არა ერთი ადამიანის მიერ, მეორის ჩანაცვლება. ასე წინასწარმეტყველებენ ამერიკელი ექსპერტები, პოლიტიკოსები.
არის თუ არა განსხვავება აშშ-ს 45-ე პრეზიდენტსა და 47-ს შორის?
45-ეც და 47-ეც დონალდ ტრამპია, მაგრამ კარდინალურად განსხვავებული. 45-ე პრეზიდენტი, ტრამპი, მილიარდერი, პოლიტიკაში არცთუ გაწაფული და აქედან გამომდინარე სუსტი გუნდის პატრონი, თვით რესპუბლიკურ პარტიაში უცხო და არასათანადოდ მიღებული.
და 47-ე პრეზიდენტი ტრამპი, მებრძოლი, პოლიტიკაში გაწაფული, მრავალ სასამართლო პროცესგამოვლილი, 2-ჯერ ტერორისტულ თავდასხმას გადარჩენილი, რესპუბლიკური პარტიის გამოკვეთილი ლიდერი, არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებული, პროფესიონალთა გუნდის შემკრები, აშშ-ს და მსოფლიოს წარმატებების სურვილის მქონე, მშვიდობისთვის მებრძოლი.
4-წლიანმა შესვენებამ ტრამპს ბევრი რამ ასწავლა — გამძლეობა, შეუპოვარი ბრძოლა, საზოგადოების დარწმუნება, რომ მას და მხოლოდ მას ხელეწიფება ამერიკელთა ცხოვრების კეთილდღეობის შეცვლა.
ტრამპი — ახალი სიტყვაა არა მარტო ამერიკისთვის.
არ შევცდები, თუ ვითყვი, რომ ტრამპის ინაუგურაციას ყველგან დიდი ინტერესით მოელოდნენ. მოველოდით ჩვენც, მაგრამ ცერემონიალზე მეტად ველით მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არა მარტო აშშ-ს, არამედ მსოფლიოს შესაცვლელად.
აქვე იბადება კითხვა — შეძლებს ტრამპი წინამორბედ ბაიდენის მიერ ჩაოხრებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოსწორებას?
4 წელი საკმაო დროა, მაგრამ არც იმდენი, ბაიდენის მიერ მენტალურად დაზიანებული ამერიკელების განსაკურნებლად.
ბაიდენისეულმა გონებრივმა დეგრადაციამ ზენიტს მიაღწია. გონება კი ეკონომიკა არ არის, რომლის გამოსწორება შესაძლებელია 4 წლის განმავლობაში, მაგრამ დაავადებული გონების?
შეძლებს ტრამპი, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, სხვისკენ გახედვას, მაგალითად ჩვენისთანა პატარა ქვეყნისკენ, თორემ დიდისკენ რომ გაიხედავს, ეჭვი არვის ეპარება, რაც დადასტურდა კიდევაც — ბრძანებულებებზე ხელის მოწერის დროს, ჟურნალისტის კითხვაზე — დაელაპარაკება თუ არა პუტინს და როდის, ტრამპმა უპასუხა — მალე. და ისიც თქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სატელეფონო საუბრის, შემდეგ კი პირისპირ შეხვედრის მომზადებისთვის.
თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიულოცა ტრამპს პრეზიდენტობა და თავის ხედვა გააჟღერა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით: მოლაპარაკება საქმისთვის და არა მოლაპარაკებისთვის. ხელშეკრულება, დადებული მხარეებს შორის, არ უნდა ჰგავდეს „მინსკის ხელშეკრულებას“. მაშინ, თვით ევროპელ გარანტორთა — გერმანია-საფრანგეთის მეთაურთა თქმით, ხელშეკრულება ემსახურებოდა არა მისი პუნქტების პირნათლად შესრულებას, არამედ დროის გაყვანას — უკრაინის არმიის შესაიარაღებლად და გასაწვრთნელად, რათა იოლად შეძლებოდა მას დონბასის ძალისმიერი გზით დაკავება.
მაშინ პუტინი მოატყუეს მერკელმა და ოლანდმა, დღეს უკვე ყოფილმა კანცლერმა და პრეზიდენტმა. ვისაც მინსკის მოლაპარაკების მსვლელობა ახსოვს, ისიც ემახსოვრება, რა ხანგრძლივი იყო ის და ისიც, გამთენიეს რომ დასრულდა. პუტინმა, მერკელმა, ოლანდმა, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პოროშენკომ და დონეცკ-ლუგანსკის ლიდერმა ძილიც გატეხეს და დროც დაკარგეს თურმე ფუჭად, რის შესახემ მსოლოდ მერკელ-ოლანდ-პოროშენკოს „ტრიომ“ იცოდა და არა მეორე „ტრიომ“ — პუტინ-დონეცკ-ლუგანსკის მეთაურების.
მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, პუტინი მოითხოვს კონკრეტულ საქმეს, ანუ ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის მშვიდობიან ცხოვრებას არაერთი წლის განმავლობაში. თუ ასეთს არ ექნება ადგილი, რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, უკრაინის ტერიტორიის დაკავებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებით, უკრაინაში ნეოფაშიზმის ამოშანთვით და უკრაინაში, რუსეთისთვის ლოიალური ხელისუფლების მოყვანით.
რუსეთ-უკრაინის ომი კარგა ხანია გასცდა ორი ქვეყნის ომს და ლამის საყოველთაო ომში გადაიზარდა, რომელშიც ჩართულია აშშ-ი, მისი მოკავშირე ევროპული ქვეყნები და ის ქვეყნებიც, რომლებიც არ არიან არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრები. მართალია, მათი ჯარები ბრძოლებში ჩართულნი არ არიან, მაგრამ მოხალისეები — უხვად. ყველა აღნიშნული ქვეყანა იარაღით, ფულით, სამხედრო სპეციალისტებით ეხმარება უკრაინას.
ჩაერთვება თუ არა ტრამპი ამ ომში, ისე, როგორც მისი წინამორბედი, ძნელი სავარაუდოა. ტრამპის განცხადებით, ის მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დასვამს მხარეებს და ძალას არ დაიშურებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისთვის. მაგრამ შეძლებს ის მხარეთა დარწმუნებას ომის შესაწყვეტად და ხელშეკრულების გასაფორმებლად?
წინასაარჩევნო განცხადების დროს ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ომს 24 საათში დაამთავრებდა — შესაბამისი შეთანხმებით. ინაუგურაციის შემდეგ, ის აღარ ამბობს სწრაფი შეთანხმების შესახებ. რასაც ის ამბობს — პუტინს უნდა მოველაპარაკოო, თუმცა რუსული მხარის განცხადებით, ამერიკელებს ჯერაც არ მიუმართავთ პუტინის ადმინისტრაციისთვის აღნიშნული საკითხით, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატისა და პრეზიდენტის დაპირებას შორის დიდი განსხვავებაა, მითუმეტეს ისეთი პიროვნების, როგორიც ტრამპია — მოსაზრების სისტემატური და სწრაფი მცვლელი.
როგორც ჩანს, სისტემატურ აზრთა ცვლას, სისტემატურად ვიხილავთ ტრამპის 4-წლიანი მმართველობის დროს.
აქვე მინდა შევეხო ერთ-ერთ რადიოეთერში, ერთ-ერთი ე.წ. პოლიტოლოგის განცხადებას, რომ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვაში რუსეთ-უკრაინაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ თუ პუტინი არ დათანმხდება შეთანხმებას, მძიმე დარტყმას მიიღებს ჩემი მხრიდანო.
თვალის ერთი გადავლებითაც დაინახავს მკითხველი, რომ ტრამპს მსგავსი მინიშნებაც არ გაუკეთებია. არაერთხელ გადავიკითხე სიტყვა, მაგრამ ვერსად ამოვიკითხე ის, რაც თინეიჯერმა პოლიტოლოგმა ბრძანა. რას ნიშნავს ეს, თუ არა მსმენელის მოტყუებას?
საქართველოს საზოგადოება რახანია ანტირუსულად არის დამუხტული და სასურველს, რეალობად მიიჩნევს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის რუსეთი მტერია, ხოლო აშშ-ი, ევროკავშირი — მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები. ქართული პოლიტიკა, პოლიტოლოგია, აშშ-ს პროპაგანდის მსხვერპლი, იქაურ ნასუფრალზე წამოჩიტული, წამითაც არ აპირებს განვლილი 30 წლისთვის საღი თვალით შეხედვას. ასეთის შემთხვევაში იმას მაინც დაინახავს, რას მიაღწია ქვეყანამ.
გაანალიზების შემთხვევაში, უდავოდ მივა დასკვნამდე, რომ 30-წლიანმა ვითომ დამოუკიდებლობამ, რეალურად კი დასავლეთისადმი მორჩილებამ, მოგვიყანა დღემდე, იმ გაუსაძლის ყოფამდე, რაც გვაქვს.
ამერიკულმა პროპაგანდამ, ამერიკანიზაციაში გადასულმა, მშობლიური ენაც დაგვავიწყა და ნაცვლად ამერიკულ-ინგლისური სიტყვები შეგვაყვარა, მეტიჩრულად რომ ვისვრით საჯარო გამოსვლებში, რადიო-ტელევიზიის ეთერში.
„სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ქართული ენა გაღარიბდა და საკანცელიარო ენის ნორმებზე დავიდა. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა მაშინ, როცა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, მათი ენა კი საზოგადოებაში ფეხს სულ უფრო და უფრო იკიდებს. აუცილებელია ერთი მხრივ, სახელმწიფოებრივი ზრუნვა და მეორე მხრივ, ხალხის ინტერესის გაღვიძება ენისადმი, სხვანაირად, ქართული ენა მოკვდება.“ — წერს მზექალა შანიძე.
ხელისუფლებას ენისთვის არ სცხელა. მას საკუთარი თავის გადარჩენის პრობლემა აქვს და ვერ ხვდება, რომ ეს პრობლემა აშშ-ა, ევროკავშირმა შეუქმნა. ნაცვლად მათთან ურთიერთობების დამუხრუჭებისა და გეოგრაფიული მიმართულების შეცვლისა, მაინც იქით იყურება, იმის იმედით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოწყალების თვალით გადმოხედავს.
ვურჩევდი ხელიასუფლებას, გულმოდგინედ წაიკითხოს ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა და თუ განათლება მისცემს საშუალებას, გამოიტანოს დასკვნა რეალური და არაეიფორიული.
„ამერიკა მალე გახდება დიდი, ძლიერი, გამორჩეული, ვიდრე ოდესმე წინათ… აშშ-ი ისევ ჩათვლის თავს მზარდ ერად, ისეთად, რომელიც ზრდის ჩვენს სიმდიდრეს, აფართოებს ჩვენს ტერიტორიას, აშენებს ჩვენს ქალაქებს…“ — ეს ტრამპის სიტყვებია, რომლებიდანაც პირადად მე ყურადღებას ვაქცევ „აფართოებს ჩვენს ტერიტორიებს“. და ვაქცევ იმიტომ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ტრამპი სისტემატურად აცხადებს არათუ ტერიტორიების შეერთებაზე, არამედ ქვეყნების.
თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან მარტო პანამა ახსენა და პანამის არხზე კონტროლის დაწესება. არაფერი უთქვამს კანადის ან გრენლანდიის შეერთებაზე, მაგრამ კანადაც და გრენლანდიაც მის გონებაში ტრიალებს და ყველაფერს იღონებს, რათა ჩვენის წარმოდგენით აბსტრაქტული თემა, სინამდვილედ აქციოს.
აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-ი კვლაც უნდა გადაიქცეს ისეთ ქვეყნად, რომელსაც აფასებენ, რომელსაც გუნდრუკს უკმევენ, რომლისაც ეშინიათ და აქედან გამომდინარე, ეთანხმებიან მას.
ტრამპი ახალი კოვბოია, ცხენზე ამხედრებული, იარაღშემართული პოლიტიკური თვალსაზრისით ნეოკოლონიზატორობიდან, კოლონიზატორის ამპლუაში წარმოდგენილი. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების მიერთებაზე ლაპარაკობს — კოლონიალიზმის გახსენებაა.
აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი სამარეში გადატრალდებოდა ტრამპის ამბიციური მოსაზრებების მოსმენით. რუზველტი დაჟინებით მოითხოვდა ჩერჩილისგან წერტილი დაესვა დიდი ბრიტანეთის კოლონიალიზმისთვის. მან ეს ვერ მოახერხა, უფრო სწორად ვერ ეღირსა — გარდაცვალების გამო. მოგვიანებით, 60-იანი წლებიდან რუზველტის ნატვრას ფრთები შეესხა კოლონიალიზმის ნგრევით. და რა?
აშშ-ს პოლიტიკოსებმა, მსოფლიო ჰეგემონის ტიტულს ნეოკოლონიალისტის ტიტულიც დაუმატეს, ანუ კაპიტალის კოლონიალიზმი — ფულით, სამხედრო ძლიერებით სხვა ქვეყნების დამორჩილება.
ნეოკოლონიალიზმს, რომელმაც პრეზიდენტების ობამას, ბაიდენის დროს ძალა და გავლენა დაკარგა, „სიღრმისეულმა ქვეყანამ“ ახალი იდეოლოგია შეაშველა — „ლგბტ-ობის“.
ტრამპმა, ერთი ხელმოწერით, აღიარა ორი სქესი, აკრძალა შენობებზე ლგბტ-ს დროშების გამოკიდება. მისი გადაწყვეტილებით, აშშ-ი მხოლოდ სახელმწიფო დროშა უნდა ფრიალებდეს. ტრამპმა აშშ-ი გამოიყვანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ისე, როგორც პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან. ტრამპი გაუქმებით ემუქრება ჰააგის სასამართლოს.
ტრამპის ელვისებურმა გადაწყვეტილებებმა შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირში, განსაკუთრებით კლიმატთან დაკავშირებით, ვინაიდან ევროპელთა მიერ მხარდაჭერილმა ხელშეკრულებამ დიდი შემოსავალი არგუნა ბრიუსელელ ბიუროკრატებს, მწვანეთა პარტიას. ტრამპი თვლის, რომ კლიმატის გადარჩენის კამპანია გამიზნულად მიმდინარეობდა ნავთობის, გაზის, ქვანახშირის გამოყენების საწინააღმდეგოდ.
სწრაფი გადაწყვეტილებები, მიღებული ტრამპის მიერ, უდავოდ გამოიწვევს უკურეაქციას არა მარტო აშშ-ი, არამედ მის მოკავშირე და არა მოკავშირე ქვეყნებში. რას დაუპირისპირებს მას ტრამპი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია — წინააღმდეგობა აღიზიანებს ტრამპს და უფრო მეტად რადიკალურად განაწყობს.
ტრამპი შეუპოვარი მებრძოლია, ბრძოლა კი 20 იანვარს დაიწყო. ასე რომ, ფათერაკებით აღსავსე 4 წელი გველის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
23/01/2025