რატომ ვიხსენებთ საბჭოეთს
საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია არ ჩერდება და აგრძელებს საპროტესტო გამოსვლებს საშობაო და ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში. მედიამ გვამცნო, რომ ოპოზიციონერები თბილისის სხვადასხვა ადგილას, მაპატიეთ ქართულად „ლოკაციაში“ შეიკრიბნენ და შემდეგ, ვიღაც უხილავის ბრძანებით, რუსთაველის პროსპექტისკენ გასწიეს.
ქაშვეთის ტაძრის ეზოსა და შემოგარენში დასცეს კარვები, და ქრისტეშობის დღესასწაულს შეხვდნენ ღმერთისთვის „აღვლენილი“ თხოვნა-მუდარით, საპროტესტო მიტინგების დროს დაკავებულთა გამოშვებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის.
შეკრებილებთან საქართველოს ყოფილი, მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა და გულის გასამხნევებელი სიტყვაც ტყორცნა მათ.
სალომე ზურაბიშვილზე „ყოფილი პრეზიდენტიო“ რომ ვთქვი, მხედველობიდან გამომრჩა თითო-ოროლა ბალტიელი და ამერიკელი პოლიტიკოსის ნათქვამი, მაგალითად ჯო უილსონის — კონგრესმენის, რომ ზურაბიშვილი კანონიერი, მაპატიეთ ქართულად „ლეგიტიმური“ პრეზიდენტია, ხოლო თვით პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი, რიგით მე-6, უკანონო.
სახელმწიფო სამსახურში ხანგრძლივი მუშაობის დროს სისტემატური შეხვედრები მქონდა უცხოელ პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან, ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან, მათ შორის ამერიკელებთან. ამ უკანასკნელებთან შეხვედრის დროს მუდამ ვისმენდი, რომ იციან, რაც ხდება საქართველოში, მაგრამ აშშ-ი ვერ ჩაერევა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში.
ჩემს ნათქვამს, მათი მხრიდან არაერთ ჩარევაზე, ისინი მპასუხობდნენ — გამონაკლისი შემთხვევებიაო.
სამწუხაროდ, გამონაკლისები უხვად იყო, არის და იქნება, ვინაიდან ის არ გთვლის ისეთად, სიტყვა „დამოუკიდებელი“ რომ შეიფერო. და არა მარტო ჩვენ, და ჩვენისთანა სუსტ ქვეყნებს არ თვლის აშშ-ი დამოუკიდებლად და სუვერენულად, არამედ დიდებსა და ჩვენთან შედარებით ძლიერებსაც.
არიან გამონაკლისები — რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილო კორეის, ბელორუსის, ნიკარაგუას, ვენესუელის სახით, სხვას ვერ ვიხსენებ.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის ვითომ ხუმრობით გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, აშშ-ი, „დიდი შვიდეულის“ წევრ, მეზობელ კანადასაც არ თვლის დამოუკიდებლად და მის ჯერ-ჯერობით პრემიერ-მინისტრ ტრიუდოს სთავაზობს აშშ-თან 51-ე შტატად მიერთებას; პანამას ეუბნება, რომ აშშ-ა უნდა დაიბრუნოს არა მარტო პანამის არხის კონტროლი, არამედ ქვეყნის; დანიას ეუბნება — გრენლანდია მომყიდეო და დამფრთხალი დანიაც შველის სათხოვნად აქეთ-იქით იყურება, თუმცა უიმედოდ, ვინაიდან დიდმა და ძლიერმა აშშ-ა თუ სერიოზულად გაიწია, ვინ დაუდგება გვერდში დანიას?
ტრამპი, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება პრეზიდენტობას, მაგრამ მანამდე ნიადაგს სინჯავს სურვილების რეალობად ქცევისთვის. ასე იცის დემოკრატიამ — ყბადაღებულმა და განუხორციელებელმა თანამედროვე ცხოვრებაში. დღევანდელი დემოკრატია არის ძალა, სხვათაშორის ისტორიიდან ვიცი — გუშინდელი და გუშინწინდელიც ასეთი იყო. დასკვნა — ვისაც ძალა აქვს, ის არის დემოკრატი. მას მოაქვს დემოკრატიაც და სუვერენიტეტიც სხვისთვის და თუ მის მიერ ნაბოძებ, მისეულ დემოკრატიას არ იბოძებ, დაგსჯის.
ასე რომ, ამერიკელი კანონმდებლის ჯო უილსონის ნათქვამი ზურაბიშვილის კანონიერ პრეზიდენტობაზე სულაც არ არის სახუმარო, როგორც ეს მმართველ „ოცნებას“ ჰგონია. უილსონის ბრძანებას დაემორჩილა ეუთოს თავმჯდომარე და არა ოპოზიციონერ გახარიას რჩევას — არ ჩამოსულიყო თბილისში. ეუთოს თავმჯდომარემ, რომელმაც გადადო თბილისში ვიზიტი 8 იანვრისთვის დაგეგმილი, ჩათვალა, რომ აქ ამჟამად არ არის ვიზიტისთვის შესაფერისი ვითარება, ვინაიდან მომიტინგეები ციხეში არიან, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პირი არ უჩანს.
დარწმუნებით გეტყვით, რომ ვიზიტის გადაწევამ დაამწუხრა „ოცნება, რომელიც დიდ იმედებს ამყარებდა მასზე, ვინაიდან ყველას გასაგონად — შინაურისაც და გარეულისაც კიდევ ერთხელ იტყოდა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებაზე.
დაგვრჩა, უფრო სწორად ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი იმედი ტრამპი და იმანაც თუ უმუხთლა, რას მივიღებთ?
პრეზიდენტყოფილი ზურაბიშვილის მმართველობას თუ „ოცნებისას?!
აი, მაშინ ნახეთ ოპოზიციონერთა ზეიმი, ქუჩების გადაკეტვა, პარალამენტის შენობასთან დაუსრულებელი მიტინგები. აჰყვება ოპოზიციას ხალხი? გამოვა ის ქუჩაში?
ოპოზიციამ ვერ მოახერხა ხალხის მასის გამოყვანა, მიუხედავად არაერთი ტყუილი დაპირებისა, მუქარისა და ა.შ. არ გაამართლა ქუჩების გადაკეტვის მეთოდმაც და საქმეზე ან სახლში მიმავალ თბილისელთა მიტინგისკენ გეზის შეცვლამ.
ოპოზიციამ ვერ მოხიბლა ხალხი, მიუხედავად მედიის სრული გაოპოზიციურებისა. საზოგადოებრივი ტელეარხი და რადიომაუწყებლობაც ოპოზიციონერთა უხეშ ძალას დაექვემდებარა.
ხალხი კი ძველებურად ფეხს არ იცვლის. მას არც არაფრის იმედი აქვს და არც არაფრის სჯერა, მითუმეტეს ოპოზიციის, რომელიც არასდროს დაინტერესებულა ხალხის სოციალური პრობლემებით, ნორმალური ცხოვრების შექმნით, საყოფაცხოვრებო პირობებით, კვების პროდუქტების გაზრდილი ფასებით, ქვეყანაში არსებული უთანასწორობით, ერთი მუჭა მდიდართა და დანარჩენ უპოვართა შორის გაჩენილი უფსკრულით — ყოველდღიურად მზარდით.
უამრავი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ლამობს, მხოლოდ ლოზუნგებით იფარგლება და არა კონკრეტული საქმით. ხალხი ლოზუნგს მიეჩვია, ისე, როგორც მის უკან არსებულ სიცარიელეს. ოპოზიციას არ ჰყავს ავტორიტეტული სახე. ყველა ერთ თარგზეა მოჭრილი — ცუდზე. ავიღოთ ყველაზე მყვირალა ბანკირი ხაზარაძე, სოლიდური ასაკით, საქმით ისეთით, თვით რომ ნამდვილად არ ინატრებდა. რას არ აბრალებენ მას — კლიენტების მოტყუებიდან დაწყებული, ეროვნების გამოცვლით დამთავრებული. დამღა, რაც ხალხმა დაასვა მას არ და ვერ წაიშლება. ასეთს ხალხი არ გაჰყვება. ხაბეიშვილი, გვარამია, ელისაშვილი, ვაშაძე, ჯაფარიძე და ა.შ. ის კატეგორიაა, რომელსაც ხალხი ვეარ იტანს.
ავიღოთ ვაშაძე. ხალხმა ის გაიცნო ერთი სატელევიზიო სიუჟეტით, როდესაც ტელეწამყვანმა ფარულავამ ჰკითხა —გაიხსენე, რას გეძახდნენ ბავშვობაშიო. და მანაც გაიხსენა — „ყ..სო“. გაჰყვება ხალხი „ყ..ეს“? — ვგონებ კითხვაც უადგილოა.
ჰოდა, ასეთი ყ.ე ოპოზიციის შემხედვარე, არანაკლები ყ.ე ხელისუფლებაც ხარობს და ისეა თავსგასული, რომ იტყვიან „ცა ქუდად არ მიაჩნია“, დედამიწა ქალამნადო“. მხოლოდ ასეთს შეეძლო ის, რაც შეძლო — საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატება. მაგალითად, პარლამენტარის 12000-დან 16000 ლარამდე, ისე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საზოგადოებრივი ტელევიზიის და ა.შ. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელის ხელფასმა 20000 ლარი შეადგინა. ეს, ის ტელევიზიაა, მაყურებელი რომ არ ჰყავს.
ხელფასების მომატების თაობაზე გასულ წელს დავწერე სტატია, სადაც ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ოდნავი მომატებაც კი გამოიწვევს ფასების მომატებას.
ოდნავის! ხელისუფლებამ მასობრივად გაზარდა ხელფასები და ეს გადაწყვეტილება ამა წლის იანვრიდან შეიყვანა ძალაში. პენსიონერებსაც მოუმატეს პენსია გასულ წელს (35 ლარი) — უაღრესად თავშეკავებულად. თავშეუკავებლად საკუთარ თავს. ხელფასების მომატებამ ნათელჰყო „ოცნებელთა“ მიდგომა ქვეყნისადმი, მისი ეკონომიკისადმი, ხაზინისადმი და რაც მთავარია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისადმი.
ხელფასების მომატებამ დაგვანახა „ოცნების“ ხელისუფლების სიხარბე, და მასთან ერთად ენით აუწერელი უვიცობა ქვეყნის საფინანსო საკითხებში, ინფლაციური პროცესების მიმართ. „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც 12 წელზე მეტია ქვეყნის სათავეში, ყველაზე მდიდარი ხელისუფლებაა, ყველა იმათთან შედარებით, რაც საქართველოს ჰყოლია დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. აღარაფერს ვამბობ საბჭოურ პერიოდზე, როდესაც მდიდრის ხსენებაც ავადმყოფურ ჟრუანტელს იწვევდა ნებისმიერ საბჭოელში.
კორუფცია ყოველთვის იყო, ცხადია მაშინაც, განსაკუთრებით ვაჭრობის სექტორში, მაგრამ ისეთს, რასაც დღეს აქვს ადგილი, გამობრძმედილი მეზღაპრეც ვერ იფიქრებდა, იწინასწარმეტყველებდა. და ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში. ხელფასები მოიმატეს კანონიერი გზით. ღატაკ მოსახლეობას ჯიბეში ხელი ჩაუყვეს კანონიერი გზით, მაგალითად ისეთით, როგორიცაა საგზაო მოძრაობის დარღვევისას ჯარიმის გადახდა. ხელისუფლებას ვერ შეედავები — დაარღვიე მოძრაობის წესი? გადაიხადე ჯარიმა. რა არის ამაში სასაყვედურო?
ერთის შეხედვით, არც არაფერი, მაგრამ საგნობრივად თუ ჩავხედავთ პროცედურას, დავინახავთ ძარცვის აშკარა მაგალითს. პატარა, მე ვიტყოდი უმნიშვნელო დარღვევისთვის 50 ლარი. 50 ლარი მიზერულია სხვა ჯარიმებთან შედარებით — ავტობუსის სავალ ნაწილზე გადასვლით, სხვადასხვა, გაუგებარი ხაზების გადაკვეთით და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მერიის სამსახურები სპეციალურად ხაზავენ ქუჩებს, მძღოლებმა რომ გადაკვეთონ და დაჯარიმდნენ. ჩასაფრებული მერია თვალს ადევნებს ამ საცოდაობას, გამოძალვას და სიამოვნებით ხელს იფშვნეტს ჯარიმებით მიღებული შემოსავლის გაზრდით.
მერიას უხარია, რომ ჯიბეში ხელი ჩაგიყოთ და ფული გამოგძალოთ. მას სულაც არ აინტერესებს მოძრაობის წესის დაცვა. მას აინტერესებს მოძრაობის წესების დარღვევა. მეტს დავარღვევთ, მეტ ჯარიმას გადავიხდით. თვის ბოლოს, ნახევარი წლის ბოლოს ელექტრონული მედია მოგვახარებს — განვლილი პერიოდის განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტმა ამდენი და ამდენი მილიონი ლარი მიიღო ჯარიმებიდანო. და ამას ისეთი სიხარულით გვატყობინებს ტელე ან რადიო დიქტორი, თითქოს ხელისუფლებამ ფული კი არ წაგგლიჯათ, პირიქით გაჩუქათ.
ხელფასების მომატებას უდავოდ მოჰყვება ფასების მატება კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოთხოვნილების საგნებზე, მომსახურებაზე, ტრანსპორტზე და ა.შ. ოპოზიცია კი დუმს. მას არ აინტერესებს ის საჭირბოროტო საკითხები, რაც ხალხს აწუხებს.
დამოუკიდებლად არსებობის 32 წლის განმავლობაში იმდენი მიტინგი და კარავი გვაქვს ნანახი, რამდენიც ცაზე ვარსკვლავი, მაგრამ არც ერთი, სოციალურ საკითხზე, ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეზე. იქ კი, საითკენაც ხელისუფლება-ოპოზიციის განცხადებით მივდივართ, კვირა ისე არ ჩაივლის ევროპის რომელიმე ქალაქი ან ქალაქები დარგობრივმა მიტინგებმა, დემონსტრაციებმა არ შეაზანზაროს. ყველა მათგანი სოციალურ საკითხებს ეძღვნება, ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ვინ გაბედავს იქ ხელფასების ისეთ მომატებას, რასაც აქ აქვს ადგილი?!
ხელფასების მომატებით კმაყოფილი დარჩება ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყვით ხალხზე. ახალგაზრდები, ვინც საბჭოურ ცხოვრებას არ მოსწრებიან, არათუ აკრიტიკებენ იმათ, ვინც მოესწრო, დასცინიან კიდეც. არადა, დასაცინი ის არის, რაც დღეს გვაქვს — „დამოუკიდებელ“, „თავისუფალ“ ცხოვრებაში.
საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობის სოციალურ პირობებზე სახელმწიფო ზრუნავდა. მის ხელში იყო ამ საკითხის მოგვარების სადავეები, რასაც ის პირნათლად ასრულებდა. და რომ არა ხელისშემშლელი ვითარება, გამოწვეული დიდი სამამულო ომით საბჭოეთი თითით საჩვენებელი სანიმუშო სახელმწიფო იქნებოდა.
ზოგიერთ რუსულ ტელეარხზე იხსენებენ გასული საუკუნის 30-იან წლებში კვების პროდუქტების დამზადების თემას, მაგალითად ძეხვის, სადაც უმაღლესი ხარისხის ხორცი გამოიყენებოდა — 78%, სხვა ინგრედიენტებთან ერთად.
ძეხვის დამზადების ტექნოლოგიის გასაცნობად პარტიამ ცნობილი ბოლშევიკი და მინისტრი მიქოიანი მიავლინა აშშ-ი. მაშინ საბჭოთა კავშირ—აშშ-ს შორის საქმიანი ურთიერთობები არსებობდა. ძეხვის და კვების სხვა პროდუქტებში სახელმწიფოს მიერ მიღებული დოზირების დარღვევა, მაგალითად კანონით გათვალისწინებული ხორცის ან სხვა ინგრედიენტის დაკლება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა.
კომპარტია თვლიდა, რომ სოციალიზმის ასაშენებლად ჯანმრთელი ადამიანი იყო საჭირო, სუფთა კვების პროდუქტებით უზრუნველყოფილი. საბჭოთა ადამიანს კარგი საცხოვრებელი ბინა უნდა ჰქონოდა. და აქედან გამომდინარე, ფართოდ გაიშალა ბინათმშენებლობა — ფუნდამენტური, ჩუქურთმებით დამშვენებული სახლების, ე.წ. სტალინის არქიტექტურის, 4 მეტრის სიმაღლის მაღალჭერიანი, დიდ ოთახებიანი ბინებით, სადაც საცხოვრებელ ფართში არც დერეფნები შედიოდა და არც ტუალეტ-აბაზანა, აივანი. სტალინის არქიტექტურის ბინები დღესაც პოპულარობით სარგებლობს და მაღალი ფასიც აქვს. სამწუხაროდ, სკკპ ცკ-ს გენერალურ მდივნად ხრუშჩოვის არჩევამ კარდინალურად შეცვალა უარესობისკენ არა მარტო ბინათმშენებლობა, არამედ კვების საკითხებიც. გაჩნდა ჩვენთვის ნაცნობი ე.წ. ხრუშჩოვკები — პატარა, დაბალჭერიანი ბინებით.
საბჭოთა კავშირში მოსახლეობას ბინას უფასოდ ურიგებდნენ. ასეთს, მსოფლიოში არსად ჰქონდა ადგილი, ერთადერთი გამონაკლისი კადაფის ლიბია იყო. საბჭოთა ადამიანი ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო და ამისთვის მას წლის განმავლობაში, 2-ჯერ უნდა გაევლო დისპანსერიზაცია პოლიკლინიკაში. პროცედურა სავალდებულო იყო და ამდენად მუშაკს, დისპანსერიზაციის დღეს ანთავისუფლებდნენ სამსახურიდან. სამედიცინო მომსახურება უფასო იყო.
საბჭოთა ადამიანს წლის განმავლობაში უნდა დაესვენა სანატორიუმში. დასვენების ხარჯებს პროფკავშირები ანაზღაურებდა, მცირედს თვით დამსვენებელი ამატებდა.
საბჭოთა კავშირის დროს აშენდა კურორტების ქსელი, შესანიშნავი არქიტექტურით, შადრევნებით, სასეირნო ბილიკებით, სამედიცინო მომსახურე პერსონალით, მინერალური წყლების აბაზანებით, მინერალების შემცავი ტალახის აბაზანებით და ა.შ.
საბჭოთა ადამიანი განათლებული უნდა ყოფილიყო, სწორედ ამისთვის მრავალი საშუალო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, დარგობრივი ინსტიტუტები აშენდა. სწავლა უფასო იყო, ამასთანავე სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიას იღებდა; თბილისში, რაიონებიდან ჩამოსულთათვის აშენებული იყო სტუდქალაქი, სტუდენტური საცხოვრებლები — უფასოდ. უპატრონო ბავშვებისთვის იყო სკოლა-ინტერნატები. სკოლამდელთათვის საბავშვო ბაგები და ბაღები, მუშა სტუდენტებისთვის იყო საღამოს ფაკულტეტი ინსტიტუტებში.
უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, დასაქმების საკითხებიც სახელმწიფოს ხელში იყო. სახელმწიფო ანაწილებდა უმაღლეს დამთავრებულს უკიდეგანო საბჭოთა კავშირის ქარხნებში, ფაბრიკებში, დაწესებულებებში და ა.შ.
დამოუკიდებლობამ და მასთან ერთად საბაზრო ეკონომიკაზე, კაპიტალიზმზე გადასვლამ ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ისტორიის სანაგვეზე მოისროლა, მაგრამ ვერ ამოშალა იმ ადამიანთა თავებიდან, ვინც საბჭოურ ცხოვრებას მოესწრო. ამიტომ იხსენებენ საბჭოთა კავშირს დადებითად; ამიტომ უჭირს დასავლეთს თავისი პროპაგანდით, ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულით საბჭოური სოციალური სიკეთეების გადაფარვა.
საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წლის დეკემბერს — ოფიციალურად, ფაქტობრივად, ნამდვილი საბჭოეთი სტალინის სიკვდილთან ერთად. წინა სტატიაში აღვნიშნე და გავიმეორებ გიგანტური საბჭოთა კავშირის მართვას გიგანტურად მოაზროვნე, მტკიცე ხასიათის მატარებელი ხელმძღვანელი სჭირდებოდა და როდესაც ასეთი გაქრა, რიგითმა პარტიელებმა, ხშირ შემთხვევაში პროვინციული აზროვნების მატარებლებმა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინერციით ატარეს ქვეყნის მართვის მძიმე ტვირთი. და როდესაც ძალა გამოელიათ, დაშალეს, უფრო სწორედ დაეშალათ.
საბჭოეთის გახსენება დღევანდელი ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატებამ გამახსენა, თანაც რა მომატებამ, ასეთზე იტყვიან ასტრონომიულმა!
მაშინ თავში აზრადაც არვის მოუვიდოდა საკუთარი ხელფასის მომატება. რასაც ისინი აკეთებდნენ: წლის განმავლობაში ორჯერ ფასების დაკლება იყო — კვების პროდუქტებიდან დაწყებული, პირველადი მოხმარების საქონელზე, მედიკამენტებზე და სხვაზე. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
შემედავებით, საბაზრო ეკონომიკის დროს ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა ხელისუფლებაო. ვერ დაგეთანხმებით! ხელისუფლების ხელშია საკონტროლო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ის ვალდებულია გავლენა იქონიოს ბიზნესზე — ასეთ კონტროლს ადგილი აქვს ყველგან, თუნდაც აშშ-ი.
გაიხსენეთ, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობისთვის მებრძოლი კამალა ჰარისის დაპირება ამომრჩევლებისთვის — არჩევის შემთხვევაში, ის დაარეგულირებს სამომხმარებლო ფასებს სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე და ა.შ.
თუ ხელისუფლება ვერ არეგულირებს ფასებს და დინებას მიჰყვება განცხადებით — ფასებს ბაზარი დაარეგულირებსო, მაშინ რად გვინდა ხელისუფლება?
მომატებულმა ფასებმა ხომ არ უბიძგა ხელისუფლებას საკუთარი ხელფასის გაზრდისკენ?!
საკუთარი კი გაიზარდეს, მაგრამ პენსიები?
პენსიებიც გაზარდეს სასაცილოდ, მხოლოდ სათქმელად (35 ლარით) — გავზარდეთო.
იკითხავთ — სად არის ოპოზიცია და რატომ არ იღებს ხმას?
ოპოზიციას აწყობს, ვინაიდან მისმა ხელფასმაც მოიმატა, ანუ პარლამენტარობისთვის. თუ ოპოზიციამ მიაღწია საწადელს და ხელისუფლებაში მოვიდა, მომატებული ხელფასები დახვდება. მას ტვინის საჭყლეტი აღარ ექნება და თავის მართლებაც აღარ დასჭირდება — ხელს წინა ხელისუფლებისკენ გაიშვერს.
დასასრულს შემოგთავაზებთ, გასული საუკუნის 80-იანი წლების ფასებს საილუსტრაციოდ და საბჭოური „რეპრესიული“ ცხოვრების გასახსენებლად. ერთი კილოგრამი ძეხვი, „დოქტორსკაია“ — 2,9 მანეთი; კარტოფილი — 14 კაპიკი; 10 ცალი კვერცხი — 90 კაპიკი; 1 ქილა მაიონეზი — 53 კაპიკი (250 გ); 1კგ სტაფილო — 7-10 კაპიკი; 1 კგ ხახვი — 10 კაპიკი; 1 კგ კიტრის მწნილი — 30 კაპიკი; ქათამი — 90 კაპიკიდან 2 მანეთამდე (1 კგ); საქონლის ხორცი — 1კგ 1,8-დან 2 მანეთამდე; 1 ბოთლი არაყი „სტოლიჩნაია“ — 5,5 მანეთი; „საბჭოთა შამპანური“ — 3,6 მანეთი; 1 კგ ყველი — 2,5 მანეთიდან 3 მანეთამდე; შებოლილი ძეხვი 1 კგ — 5 მანეთი; ქილა „შპროტი“— 30-40 კაპიკი.
საბჭოთა ცხოვრების კრიტიკისა და ლანძღვის დროს წამით მაინც უნდა გავიხსენოთ სოციალური მდგომარეობა ხალხისა, რომელიც გაცილებით უკეთესი იყო დღევანდელზე. მაშინ სხვა პოლიტიკური სისტემა იყოო — შემედავებიან.
იყო! და რახან იყო, არვინ დაუშვებდა მოხელეთა ზერელეობას, თავგასულობას, ვოლუნტარიზმს. ერთ მაგალითს მოვიყვან ყველასთვის ნაცნობს, მაგრამ ყურადღების მიღმა დარჩენილს, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე თბილისელთა, განსაკუთრებით საბურთალოელთა.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ივანიშვილმა და ივანიშვილებმა დაანგრიეს იპოდრომი და მასთან ერთად ტრადიციული ქართული სპორტი — ცხენოსნობა. ნაცვლად იყო დაპირება იპოდრომის ადგილას იაპონური ბაღის გაშენების.
12 წელია თბილისისთვის საკმაოდ დიდი ტერიტორია სამშენებლო პოლიგონად არის ქცეული. არვინ იცის, რას აკეთებენ და როდის დაასრულებენ დაუმთავრებელ „აღმშენებლობას“.
არვინ იცის, რატომ დაანგრიეს რუსთაველის კინოთეატრი და რა იქნება მის ადგილას. რატომ არის დაყრუებული პლეხანოვის გამზირზე მდებარე 2 ისტორიული შენობა — ყოფილი სასტუმრო „რუსთავი“ და ყოფილი კინოთეატრი „აპოლო“.
ქალაქში მიტოვებულ და გავერანებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებს რა მოთვლის?!
არსად ჩანს ხელისუფლების მზრუნველი ხელი და რომ არ ჩანს, ამიტომაც იხსენებენ საბჭოეთს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
10/01/2025