21.01.2025

გონიერება და სიმახინჯე

ის, რომ ქალის მშვენიერებას დიდი უბედურება გამოუწვევია მამაკაცთა შორის, ეს სინამდვილეა, რადგან ასეთი ქალის ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს მიმართავდნენ, იყო ეს მეტოქის მკვლელობა, თუ წარუმატებლობის შემთხვევაში,  თვითმკვლელობა. ამაზე მეტყველებს როგორც მსოფლიო ისტორია, ასევე მსოფლიო ლიტერატურა. არა ერთი დიდებული ოპერის სიუჟეტიც ამაზე მეტყველებს. ერთიც არის: არსებობს ქალის რაღაც განსაკუთრებული, არამიწიერი მშვენიერება, რომელიც მამაკაცში ყოველგვარ ნდომას აშოშმინებს, ის კი არადა მის წინაშე მუხლის მოყრას აიძულებს. ხომ არ არის ეს ფრაზა პოეტური ფანტაზია და გამონაგონი? მკითხველო, შეხვედრიხარ ასეთი მშვენიერების მქონე ქალს? სანამ მოვინდომებთ ასეთი მშვენიერების მქონესთან შეხვედრას, ხოლო ის რომ იგი რეალურად არსებობს, ამას გვიდასტურებს ჩვენი ცნობიერების უღრმესი შრეები, ჯერ უნდა ვიკითხოთ სად არის ეს მშვენიერება, სად უნდა ვეძებოთ იგი, აქ, ჩვენთან, საქართველოში, ცხრა მთას იქით, თუ ლაჟვარდოვან ღრუბლებში?

მაგალითად მოვიყვან დიდ გერმანელ მხატვარს ალბრეხტ  დიურერს. იგი წერს: „თუ რა არის მშვენიერება – ეს არ ვიცი, თუმცა მას მრავალი ნივთი შეიცავს. თუკი გვსურს შევიტანოთ იგი ჩვენს ნაწარმოებში, და განსაკუთრებით ადამიანის ფიგურაში, ყველა წევრების პროპორციაში წინ და უკან, ამას ვაკეთებთ დიდი გაჭირვებით, რადგან ყველაფერი უნდა შევკრიბოთ სხვადასხვა ადგილიდან. არაიშვიათად გვიხდება ორი თუ სამი ასეული ადამიანის გადასინჯვა, რომ ვიპოვოთ მათში მხოლოდ ორი თუ სამი მშვენიერი ნივთი, რომელთა გამოყენებაა შესაძლებელი. ამიტომ თუ გსურს გააკეთო კარგი ფიგურა, აუცილებელია, რომ ერთისგან აიღო თავი, სხვისგან _ მკერდი, ხელები, ფეხები, ხელის მტევნები და ტერფები და ასე გამოიყენო ყველა წევრის სხვადასხვა ტიპი. რადგან მშვენიერებას კრიბავენ მრავალი ლამაზი ნივთიდან, მსგავსად იმისა, როგორც მრავალი ყვავილიდან მოიპოვება თაფლი“. დიურერის მსგავსი სახის მსჯელობები, ყოველ შემთხვევაში, იმას მოწმობენ, რომ მას არანაირად არ შეეძლო მხატვრული ნაწარმოების დაყვანა არც ბუნების მექანიკურ კოპირებაზე, არც არითმეტიკულ-გეომეტრიულ გამოთვლით პრაქტიკაზე. მართალია, მსგავსი სახის აზრები გაიელვებდნენ დიურერის მთავარ მასწავლებელთან _ ლეონარდოსთან, მაგრამ დიურერთან ეს გატარებულია სისტემურად. მშვენიერება დიურერს ესმის ძალზე ფართოდ, რასაც მოწმობენ მისი მსჯელობები, რომ მშვენიერება უნდა მოსწონდეს ყველას, რომ ზოგჯერ თვით ძნელი სათქმელია, თუ რა უფრო მეტად ან ნაკლებად მშვენიერია, რომ მშვენიერების არსზე უწყის მხოლოდ ღმერთმა“ (ალ. ლოსევი, აღორძინების ესთეტიკა, მოსკოვი 1998, გვ. 542-543).

ჰეგელი თავის „ესთეტიკაში“ გამოთქვამს შემდეგ აზრს, რომ ხელოვნებაში მშვენიერება ეს არის სულის პროდუქტი, სადაც იდეა გრძნობადად გვევლინება, ე. ი. სინამდვილის ისეთი გაფორმება, სადაც გამოვლინდება იდეა (აბსოლუტი). იდეისა და ფორმის სრულყოფილი შესაბამისობა იდეალს წარმოადგენს.

თუკი სრულყოფილი მშვენიერების, ამ იდეალის პოვნა ამქვეყნად შეუძლებელია, ამას ვერ ვიტყვით ამქვეყნიურ სიმახინჯეზე. სიმახინჯის, ამ სიტყვის ფილოსოფიურ მნიშვნელობაზე თუ ვილაპარაკებთ, შეიძლება ითქვას, რომ იგი მშვენიერებასთან ისეთსავე დამოკიდებულებაშია, როგორც ბოროტება სიკეთესთან, მატერია ფორმასთან, როგორც არარა ყოფიერებასთან. ამ ცნების გამოყენებისას დამკვიდრებულია მისი დამატებითი, კერძო მნიშვნელობა: არასრულფასოვანი, დასაგმობი, საზიზღარი. სიმახინჯე ხელოვნებაშიც იჭრება. მართალია, ლესინგისთვის სიმახინჯის გამოსახვა აუცილებელია მშვენიერების ხაზგასასმელად, მისი უფრო მკვეთრად წარმოჩენის მიზნით, მაგრამ იგივე სიმახინჯე თვითმიზანი გახდა სიურრეალისტებისთვის.

გამოჩენილი გერმანელი ხელოვნებათმცოდნე და მოაზროვნე ჰანს ზელდმაირი ასე ლაპარაკობს სიურრეალიზმზე (ჰ. ზედლმაირი, თანამედროვე ხელოვნების რევოლუცია, თბილისი 2009, გვ. 129-130): „არაზუსტი გადმოცემებით, სიურრეალიზმის პროდუქიცია ხშირად განიმარტება, როგორც არაცნობიერის შემოქმედება, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ხსნის, თუ რატომ ანიჭებენ სიურრეალისტები უპირატესობას გარკვეულ თემებს. არაცნობიერზე დაყრდნობას არ უნდა გამოეწვია სიურრეალიზმისთვის ტიპური ქაოსურობა. თავის თავში არაცნობიერის სამეფო, ისევე როგორც ცნობიერისა, სურათთა ორად გახლეჩილ სამეფოს წარმოადგენს, „რადგან ეს არის საერთო სამეფო მასში წარმოქმნილ სულის კეთილ და ბოროტ ძალთა“ (კარლ რანერი), ნათელთა და ბნელთა, მომწესრიგებელთა და დამაბნეველთა, და არსებობს ქაოსური და დემონური აგრეთვე ნათელ ცნობიერებაში. „წარმოსახვათაგან რომელი  ხდება ქმედითი, დამოკიდებულია იმაზე, თუ თავისთვის რომელს აირჩევს პიროვნულად „მღვიძარე ცნობიერება“. პრინციპი, რომლის მიხედვითაც არაცნობიერის პროდუცირება მის მთლიანობაში უნდა მომხდარიყო, ამ ორ სფეროს შემაშფოთებელ აღრეულობაში წარმოგვიდგენდა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში წმინდანის ჩვენებებიც არ არიან დემონური სურათებისაგან სავსებით თავისუფალნი. ეჭვგარეშეა, თუ რომელი სურათები აირჩიეს სირრუელისტებმა. მათ ამჯობინეს ქაოსი და წყვდიადის სამეფო, „სისხლი, ლპობა და ექსკრემენტები“. ისინი ამას ღიად აღიარებენ: „ნოუს ვივონს ავეც ლე მონსტრე“ (nous vivons avec le monster)[1].* ამიტომ არის მათი სურათები უაზრობისა და ადამიანური დამცირების სამყარო. სამყარო დაძაბუნებისა და გახრწნის, ხმაურისა და სიმუნჯის. უსამართლობისა და სიცივის. მათი ქაოსი არ არის წარმომშობი, არამედ  _ ლპობადი, არა ცხელი, არამედ _ ყინულივით ცივი, არა ბუნების ქაოსი, არამედ _ არაბუნების და ბუნების საწინააღმდეგოსი, „ტოტალური ნამსხვრევების“ ის ქაოსი, რომელსაც გოეთე თავის მეოთხე სულის ეპოქაში აღწერს: რომლიდანაც „თავად ღმერთმა ვერ შეძლო ღირსეული სამყაროს აშენება“. თვით ამდაგვარი სამყაროს გამოსახვას რომ მაღალი ხელოვნების ფორმის მიღება ძალუძს, საამისო მტკიცებულებისთვის საკმარისი იქნებოდა ბოსხის ჯოჯოხეთის სურათების მაგალითი; და რას იძლევა სიურრეალისტური მხატვრობა სხვას, თუ არა შიდასამყაროსეული ჯოჯოხეთის სურათებს?“

ჰანს ზედლმაიერის ეს ფრაზა, რომ „ამდაგვარი სამყაროს გამოსახვას რომ მაღალი ხელოვნების ფორმის მიღება ძალუძს“ შეიძლება მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებზეც გავრცელდეს.

მაგრამ არსებობს იდეოლოგიური სიმახინჯეც, რაც დღეს გამოხატულია ე. წ. ლიბერალურ ტოტალიტარიზმში (სოდომ-გომორული პროპაგანდა, ეკლესიასთან დაპირისპირება, ზოგადად ზნეობრივი ნიჰილიზმი _ „ჩემი სხეული მე მეკუთვნის და როგორც მინდა ისე მოვეპყრობი“). ყოველივე ეს მშვენიერი ქართველი ერის გადაშენებას ემსახურება. ესმის ეს ტვინამღვრეულ ახალგაზრდას? ერთი ახალგაზრდა ექიმი შემეკამათა: მეო, ასე მითხრა, არც „ქოცები“ მინდა და არც „ნაცებიო“. მინდა მხოლოდ ევროპა არ დავკარგოთ, რადგან ეკვროპისაგან დიდ დახმარებას ვღებულობთ, თუნდაც ჯანდაცვით სფეროშიო და ამიტომ მომხრე ვარ ხელახალი არჩევნების დანიშვნისო. ამაზე ვუპასუხე: ამ არჩევნებში გამარჯვება ისევ „ქოცებმა“ და „ნაცებმა“ მოიპოვეს. ხელახალ არჩევნებში ჩვენისთანა ხალხს არანაირი პარტია, არავითარი წარმომადგენელი არ ეყოლება და შესაძლოა, სულაც გაერთიანებულმა, სისხლისმსმელმა „ნაც. მოძრაობამ“ მოიპოვოს გამარჯვება, რაც ხალხისთვის დამღუპველი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ მათი  დასავლელი პატრონების კარნახით რუსეთთან ომში ჩაგვაბამს-მეთქი. არ ვიცი საბოლოოდ დაეთანხმა თუ არა ახალგაზრდა ექიმი ჩემს შეგონებას, მაგრამ ბოროტი ნებით შეპყრობილი ოპოზიცია ბებრუხანა პრეზიდენტის მოწოდებით თბილისის ქუჩებში ისეთ რამეს ატრიალებს, რაც საზიზღარი სანახავია. ასევე საზიზღარი სანახაობა, როდესაც პოლიციელები დაუნდობელი სისასტიკით უსწორდებიან ოპოზიციონერებს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ ყველა ამ უბედურობების გამომწვევი მაინც ოპოზიციაა.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ოპოზიციის ბელადები სოროში არიან შემძვრალები და ქუჩებში გამოყარეს უბირი და უსწავლელი ახალგაზრდები, საკითხავია, რას ერჩიან ქუჩის ფილაქნებს, ტრანსპორტის გაჩერებებთან მდგარ სკამებს და ა. შ., როდესაც ყველაფერს აოხრებენ და ცეცხლს უკიდებენ?! მაგრამ ამაზე როდი ჩერდებიან. ტელევიზით ვიხილე, თუ მღვდელს როგორ შეუვარდნენ ეკლესიაში „რუსეთის აგენტოო!“ და შემდეგ მღვდელი თავს იმართლებდა: მაგათზე ნაკლები ქართველი შევარცხვინეო! და საერთოდ ოპოზიციის ერთობლივი შეტევა ეკლესიაზე გვაფიქრებინებს, ხომ არ იღვიძებს ის დრო, რაზედაც აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი წერდა: Когда в 1922-23 годах в связи со стихийно прокатившейся среди масс по всей Грузии антирелигиозной волной в некоторых местах, как Хони, Ахмета, Джумати и др., погибли отдельные церковные древности (იხ. Г.Н. Чубинашвили, Грузинское чеканное искусство, Тбилиси 1959). გიორგი ჩუბინაშვილი აქ იმას მაინც ვერ წერს, მაინც საბჭოთა დროა, რომ ეკლესიების შეურაცხყოფის გარდა ბრბო თავად ღვთის მსახურებს დასდევდა, აგინებდა, სცემდა და ა. შ. და აი, ოპოზიციის წყალობით, აქეთკენ მივემართებით. შემთხვევითია ყველაფერი ეს? საქმე ისაა, რომ ჩვენს ისტორიაში, წმინდანთა გვერდით ცოდვის მღვრიე ნაკადიც უხვად მოედინებოდა, რაზედაც აღარ გავვრცელდები და მკითხველმა თავად მიმართოს საქართველოს ისტორიის შესწავლას ან წაიკითხოს თუნდაც ლევან სანიკიძის წიგნი „309 ქართული სირცხვილი“ (თბ., 1992).

წარმართობის აღორძინებას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან „ყველაზე ძლიერი საქართველოში იყო სოც. დემოკრატიული პარტია. რევოლუციის შემდეგ მთელი სადავეები სოც. დემ. ჩაიგდეს ხელში“ (ალ. მანველიშვილი, რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან ფრანცისკო 1984, გვ. 122). დიახ, დიახ, ეს ის პარტიაა, რომელიც ილიას („მამული, ენა, სარწმუნოება“) დაუნდობლად ებრძოდა, რაც ამ უკანასკნელის ფიზიკური განადგურებით დამთავრდა. ასეთი ჯურის ხალხს ეკუთვნოდა ქ-ნი პრეზიდენტის წინაპარი, რომელიც დღეს სამოქალაქო ომისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს და მათაც დაიწყეს ყველა დაწესებულებაში შევარდნა ერთადერთი მოთხოვნით, რომელსაც ხშირად მუქარაც ახლავს თან: დადექით ჩვენს გვერდით! ასეთი არის ამ რევოლუციონერების ბოლშევიკური სულისკვეთება, რასაც გამალებით ნერგავს ჩვეში დიდად „წინ წასული“ დასავლეთი. ე. ი. გათანაბრდით, ჩვენთან გათანაბრდით, ჩვენს აზრზე გადმოდით, გავერთიანდეთ, თორემ… თორემ რაც მოგივათ თქვენს თავს დააბრალეთ!

ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით გავიხსენო ჰეგელის „გონის ფენომენოლოგიიდან“ ის ადგილები, რომლებიც რევოლუციას ეძღვნება (G.W. Fr. Hegel, Phänomenologie des Geistes, 3. A. herausg. von Georg Lasson; Kuno Fischer, Hegel, Bd. 8. 1897).

ჰეგელის აზრით, რევლუციას საფუძვლად უდევს განმანათლებლობიდან მომდინარე იდეა, რომლის მიხედვითაც აბსოლუტური თავისუფლება ეკუთვნის ყოველ ცალკეულ ბუნებრივ ადამიანს და აქედან გამომდინარეა რევოლუციის სწრაფვა, ყველა ერთმანეთს გაუთანაბროს. ჰეგელი კატეგორიულად არ ეთანხმება განმანათლებლობის ამ „ძირითად დოგმატს“, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი ბუნებით თანაბარია და მათ უთანაბრობას მხოლოდ კულტურა წარმოშობს. ყალბია ასეთი აზრი, _ ამბობს ჰეგელი, _ ადამიანები ბუნებით არ არიან თანაბარი და ამიტომ რევოლუციის სწრაფვას, ყოველ ადამიანს მოუტანოს აბსოლუტური თავისუფლება, მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოაქვს: „საყოველთაო თავისუფლებას არ ძალუძს შექმნას არავითარი დადებითი საქმე ან აქტი; მისი ხვედრია მხოლოდ უარყოფითი მოღვაწეობა: იგი წარმოადგენს მხოლოდ გაქრობის ფურიას“. აბსოლუტური თავისუფლება ითხოვს ბუნებრივ გათანაბრებას და, რაკი მას ეწინააღმდეგება სინამდვილე,  სწორედ არათანაბრობა ნამდვილი ინდვიდუუმებისა, იგი იძულებული ხდება, მოსპოს ეს სინამდვილე და გაანადგუროს ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული აზროვნებით. ადამიანთა გათანაბრება _ ეს ნიშნავს, მოჭრა მათი თავები, როგორც ეს ხდებოდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს. „ამიტომ საყოველთაო თავისუფლების ერთადერთი ქმნილება და აქტი გახლავთ სიკვდილი“, _ ამბობს ჰეგელი.

ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს გათანაბრებისკენ ისეთ მოწოდებას, რომ აი, მე მიმაჩნია, რომ ევროპას გვართმევენ, რომ ევროპა ამქვეყნიური სამოთხეა და თუ არა ნებით, ძალით შეგიყვანთ „ევროპის კავშირში“! ამას, ბუნებრივია, მოყვება პროტესტი ყველა ნორმალური და თავისუფლების მოყვარული ადამიანისგან: რატომ უნდა ვიფიქრო თქვენსავით და რატომ უთანაბრებთ ჩემს გონებას თქვენსას, როდესაც თქვენზე უკეთ ვხედავ, თუ რას მოგვიტანს ეს საბედისწერო გადაწყვეტილება. ძალას დამატანთ? სცადეთ და დედა გეტირებათ!

ვისაც ადამიანის მშვენიერებად ერთადერთი სიკვდილის ჩონჩხი მიაჩნია, მხოლოდ ის მიესალმება საქართველოში დატრიალებულ მოვლენებს, საითაც მიაქანებს მას პოსტქრისტიანული დასავლეთი.

ვიქტორ რცხილაძე


[1] * (ფრ. `ვცხოვრობთ მონსტრთან ერთად~. მთარგ. შენიშვნ.)