21.01.2025

ორი უცხოელის, ვითომ ქართველის, ერთმანეთთან კინკლავი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, გაკეთებული პრეზიდენტის სასახლეში, ბევრი რამით იყო საყურადღებო, სამომავლოდ გასათვალისწინებელი. მათგან მინიმუმ ორს გამოვყოფდი — ხელისუფლებაში სამარადისო ყოფნის სურვილს და „ოცნებისადმი“ შეთავაზებული მოლაპარაკების უგულებელყოფის შემთხვევაში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის.

პირველთან დაკავშირებით გამახსენდა „ბისეკის“ — შავი ზღვის ქვეყნების კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების წლიური კონფერენცია, რომელიც თბილისის სასტუმრო „მეტეხში“ ჩატარდა. თბილისის კონფერენციას მასპინძელი ქვეყნის, ანუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე თავმჯდომარეობდა.

თბილისი იშუშებდა ომის იარებს და მაქსიმალურად ცდილობდა მასპინძლის როლის უკეთესად წარმოსაჩენად.

კონფერენციის მეორე, დასკვნით დღეს, სიტყვით საქართველოს მეთაური, ედუარდ შევარდნაძე გამოვიდა, მის შემდეგ კი კონფერენციის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელმაც თბილისის კონფერენციის დასრულება გამოაცხადა და ესტაფეტა გადასცა „ბისეკის“ წევრ ქვეყანას — ამ ორგანიზაციაში მიღებული წესის მიხედვით, ასეთი სიტყვებით — პატივცემულო საზოგადოებავ, მსურს განვაცხადო ქართველისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება — ნებაყოფლობით, თავმჯდომარეობის სხვისთვის გადაცემა. ასეთს, ჩვენს ისტორიაში არ ჰქონია ადგილი.

დამსწრე საზოგადოებამ, მინისტრის ხუმრობას ტაში და სიცილი შეაგება, რაც დასტური იყო იმისა, რომ მათთვისაც თანამდებობის ნებაყოფლობითი დატოვება ისეთივე უცხო იყო, როგორც ჩვენთვის.

სამწუხაროდ, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში თანამდებობის დატოვება, თანაც ნებაყოფლობით არც აქ არის უცხო და არც იქ — იმ საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ დემოკრატიულს ვუწოდებთ, მაგრამ იმათთან შედარებით აქ, ლამის ტრაგიზმამდე არის აყვანილი, განსაკუთრებით მამაკაცებში.

საბჭოთა კავშირის დროს თანამდებობიდან გათავისუფლება ან დაქვეითება მთელი რიგი ბარიერების გადალახვას მოითხოვდა. ვერც ერთი დაწესებულების ხელმძღვანელი ვერ გაათავისუფლებდა თანამშრომელს პარტიულ და პროფკავშირულ ორგანიზაციებთან შეუთანხმებლად.

განთავისუფლებულს შეეძლო მიემართა რაიონული პარტიის ორგანიზაციისთვის, შემდეგ ზემდგომისთვის, რაც ხშირად მისი გამარჯვებით თავდებოდა.

მაღალი პარტიული და სამეურნეო მუშაკების გათავისუფლების საკითხს საქართველოს კპ ცკ ბიურო იხილავდა და არა საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი. მიუხედავად მისი დიდი სურვილისა გაეთავისუფლებინა ესა თუ ის მაღალი თანამდებობის ხელმძღვანელი მუშაკი, არაფერი გამოუვიდოდა — საქართველოს კპ ცკ-ს ბიუროსთან შეუთანხმებლად.  გამოსავალი ასეთ ვითარებაში იყო, საკუთარი განცხადებით თანამდებობის დატოვება.

ამჟამად, დამოუკიდებლად ცხოვრების 32 წლის განმავლობაში, თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა ისე გამარტივდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ზემდგომი.

ზემდგომი?

საქართველოში ზემდგომობა მინდობილი აქვს პიროვნეობას, რომელსაც საჯარო სამსახურში არავითარი თანამდებობა არ უკავია, მაგრამ აქვს ენით აუწერელი ავტორიტეტი — მილიარდებიდან გამომდინარე.

ივანიშვილი მილიარდერია და პარტია „ოცნების“ დამაარსებელი, ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ივანიშვილი არჩევს მაღალ თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებს, ათავისუფლებს მათ საკუთარი სურვილიდან გამომდინარე.

დანიშვნა-განთავისუფლება მოულოდნელია არა მარტო პარტიისა და საზოგადოებისთვის, არამედ ამ გადაწყვეტილების „მსხვერპლისთვის“ — გათავისუფლების შემთხვევაში. გაიხსენეთ პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა, ისე, როგორც მინისტრების.

დამოუკიდებლობამ თუ რა მოგვიტანა — არჩევითობაა. ირჩევენ პარლამენტარებს, ირჩევდნენ პრეზიდენტს ა.წ. დეკემბრამდე. დეკემბრიდან, თითქოს ირჩევენ ე.წ. ხმოსნები — პარლამენტარები, აჭარის და აფხაზეთის დეპუტატები, საკრებულოების წევრები. მსგავს არჩევნებს, უფრო სიტყვა „დანიშვნა“ მიესადაგება, ვიდრე პარლამენტის დარბაზში გამართული ფორმალური არჩევნები. ხმოსანმა და არჩევის კანდიდატმაც კარგად იციან, რომ ის არჩეულია ივანიშვილის  მიერ.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყაველაშვილი იქნებოდა პრეზიდენტი და „ოცნებამაც“ მორჩილად თავი დაუკრა. არვის აზრადაც არ მოსვლია, რატომ ყაველაშვილი? და რომც მოსვლოდა რა?

არც არაფერი! ივანიშვილი — კანონია, კონსტიტუციაა, ღმერთია „ოცნების“ და „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის.

ივანიშვილმა, 6 წლის წინ გადაწყვიტა ზურაბიშვილის პრეზიდენტობა და გაიტანა. მაშინ პრეზიდენტს საყოველთავო არჩევნებით ირჩევდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბიშვილმა პირველი ტური პირწმინდად წააგო, და რომ არა ივანიშვილის ძალისხმევა, მეორესაც წააგებდა.

ზურაბიშვილმა „გაიმარჯვა“, ფორმალურად, რეალურად — ივანიშვილმა, მაგრამ ახსოვს ეს ზურაბიშვილს?

როგორც ჩანს, არ ახსოვს. 6 წელი ხანგრძლივი დრო გამოდგა ივანიშვილის მიერ გაკეთებული სიკეთის დავიწყებისთვის. როგორც ჩანს, ზურაბიშვილი, ივანიშვილის სიკეთეს, სიკეთედ არ თვლის და მიიჩნევს, რომ 6 წლის წინანდელ არჩევნებში ის, ივანიშვილის დახმარების გარეშეც გაიმარჯვებდა — საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი, განათლება მიღებული, დიპლომატიურ სამსახურში ნამუშევარი ქალბატონი.

მენშევიკურ ოჯახში აღზრდილს, საბჭოთა კავშირისადმი სიძულვილით განმსჭვალულს, რუსოფობს, სულით ხორცამდე ევროატლანტიკელს წინ ვინ დაუდგებოდა, მითუმეტეს აშშ-საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერის მქონეს?!

ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მისი გაპრეზიდენტება დასავლეთის გადაწყვეტილება იყო და არა ივანიშვილის. ზურაბიშვილი, აშშ-ს და საფრანგეთის პროექტი იყო და არის, რომლის განხორციელებას ივანიშვილმაც შეუწყო ხელი.

თანამდებობა, მითუმეტეს პრეზიდენტის ისეთია, პირად ცხოვრებას რომ  უზომოდ უზრუნველყოფს. საქართველოს პრეზიდენტის ფუნქცია ისეთია, ძალ-ღონის და გონების დაძაბვას რომ არ საჭიროებს. იმოგზაურე უცხოეთში, წარმოადგინე შენი ქვეყანა საზღვარგარეთ, შინ ხელი მოაწერე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და ა.შ. კონსტიტუცია არ ტვირთავს პრეზიდენტს საპასუხისმგებლო საქმეებით. არის საჭირო ასეთი თანამდებობა?

1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგად, საქართველოს სათავეში აღმოჩნდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანება — „მრგვალი მაგიდა“, რომელმაც უმცირესობაში მყოფ დეპუტატებთან ერთად უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია.

უზენაესი საბჭოს პირველი სხდომისთვის, რომელიც ერთ თვეში, არჩევნების ჩატარების შემდეგ გაიმართა, შეიქმნა კონსტიტუციის შემცვლელი კანონი, განსხვავებული საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციისგან, რომელშიც ვმონაწილეობდი, როგორც სსრ-ს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი. (ახალი უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე დავინიშნე უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსად.)

ჩვენს მიერ შედგენილი დედა-კანონში უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი იყო ქვეყნის მმართველი ორგანო, რომელიც თავის ყოველკვირეულ სხდომებზე იხილავდა არა მარტო სესიებზე გასატან კანონპროექტებს, არამედ ოპერატიულ სამეურნეო და სხვა საკითხებს.

პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი. სხდომას უძღვებოდა გამსახურდია. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები იყვნენ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეები. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კოლექტიური, რომელიც გადიოდა უზენაესი საბჭოს სხდომაზე დასამტკიცებლად.

ამ სისტემამ წარმატებით იმუშავა საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიის მიერ გამსახურდიას საქართველოს პრეზიდენტად არჩევამდე. იმავე წლის მაისის ბოლოს, გამსახურდია, საყოველთავო არჩევნებით აირჩიეს პრეზიდენტად.

ჩემის აზრით, უმჯობესი იქნებოდა იმ კოლექტიური მმართველობის გაგრძელება, რასაც ადგილი ჰქონდა გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევამდე, რომლის შედეგად გამსახურდია გამოეყო „კოლექტივს“ და გახდა ერთპიროვნული მმართველი.

გამსახურდიას „მრგვალი მაგიდიდან“ დაშორებამ თვით „მრგვალ მაგიდაში“ გამოიწვია მის მიმართ დაპირისპირება, რომელიც გადაიზარდა თბილისის ომში.

1990 წლის შემოდგომის უზენაესი საბჭოს პირველი სხდომიდან, 1991 წლის უზენაესი საბჭოს სხდომამდე, რომელმაც გამსახურდია პრეზიდენტად აირჩია, ხანმოკლე პერიოდი გამოდგა, მაგრამ იმავდროულად ნაყოფიერი და ოპერატიული საკანონმდებლო შემოქმედებასთან დაკავშირებული, რასაც ვერ ვიტყვით შემდგომ პერიოდზე.

მოდით დავსვათ კითხვა — შეიძლება თუ არა ძველის გამეორება — უზენაესი საბჭოს, რომელიც რეალურად მართავდა ქვეყანას?

კონსტიტუციონალისტები შემედავებიან — როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს პრეზიდენტის გარეშეო, ასეთი არსად არისო და ა.შ. სამწუხაროდ, ქართული მატრაკვეცობა, დასავლურისადმი აღტაცება, განუკურნებელი სენივით არის გამჯდარი ყველა ჩვენგანში (ზოგიერთთა გამონაკლებით).

აი, სწორედ ამან განაპირობა ქვეყნის უკომპასო ფარფატი უკიდეგანო ოკეანეში — მსოფლიო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები რომ ჰქვია. ჩვენ, ვბაძავთ სხვას, განსაკუთრებით ევროატლანტიკურ სივრცეს, რომლისგანაც ძირფესვიანად განვსხვავდებით, თქვენ წარმოიდგინედ გარეგნულადაც, მიხვრა-მოხვრითაც, ქცევითაც. ქართველს უმალ გამოიცნობთ შუაგულ ევროპაში, იქაურთა წრეში, რაც, ჩემის აზრით, არ უნდა იყოს გულის გასახეთქი, პირიქით მისასალმებელია.

თანამედროვე ქართველს კი სურს ისეთივე იყოს, როგორც ფრანგი, ამერიკელი, გერმანელი და ა.შ. და რახან სურს, იმაზე მეტ თავისუფლებას აძლევს საკუთარ თავს, ვიდრე ისინი; იმაზე მეტად თავისუფლად იქცევა, ვიდრე ისინი.

ჩვენ, ამერიკელზე მეტად ვატყლარჭუნებთ „ჩუვინ-გამს“ (Chewing gum), საღეჭ რეზინას; ჩვენ, იმათზე მეტად ვიფხრიწებით სიცილით, ვიდრე ისინი; ჩვენ, იმათზე მეტად ამორალურები გვინდა ვიყოთ, ვიდრე ისინი და ა.შ. მოკლედ, ჩვენ ამერიკელზე მეტად ამერიკელები ვართ, ფრანგებზე მეტად ფრანგები და ა.შ.

ჩვენ, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი ქალბატონი გვყავს პრეზიდენტად, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თვლის, რომ მისი პრეზიდენტობა საქართველოსთვის უდიდესი საჩუქარია და რახან ასეა, ის უნდა იყოს პრეზიდენტი.

სალომეს ვადა პრეზიდენტობისა 29 დეკემბერს იწურება, მაგრამ მას არ უნდა, რომ იწურებოდეს. მას მარადისობა უყვარს. და რახან უყვარს, მოუწოდებს ივანიშვილს მივიდეს მასთან, პრეზიდენტის სასახლეში და დაეთანხმოს მას ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე. მოლაპარაკება, ულტიმატუმის მსგავსი, 29 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. და თუ ასეთს ადგილი არ ექნება, ზურაბიშვილი გააგრძელებს პრეზიდენტობას, როგორც კანონიერი პრეზიდენტი, თან მზადებას დაიწყებს ახალი, მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისთვის, ხელისუფლების დასამხობად.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა; რომ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი უკანონოები არიან; რომ 6 წლის წინ არჩეული პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ერთადერთი კანონიერი მმართველია და ა.შ. და აი, ამ აბრაკადაბრას მხარს უჭერენ აშშ-ს კონგრესის წევრები, ევროპარლამენტის დეპუტატები, ამერიკული რესპუბლიკური ორგანიზაცია საქართველოში IRI, რომლის ანგარიშში, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ლამის ხაზგასმითაა ჩაწერილი სერიოზული დარღვევების თაობაზე, რამაც გაამარჯვებინა „ოცნებას“.

დასავლეთი და ზურაბიშვილი ერთი პოლიტიკური ორგანიზმია, რომლის მიზანიც მარტივია — საქართველოს გადაკეთება დასავლურად, ტრანსვესტიტურად, კიდევ უფრო რუსოფობიურად. დასავლეთს, დემოკრატიის უცილობელ მებრძოლს, აწყობს ვადაგასული ზურაბიშვილი. და არა მარტო ის, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც. უკრაინაში არა მარტო ზელენსკია ვადაგასული, არამედ საკანონმდებლო ორგანო „რადაც“, თუმცა ამას ყურადღებას არვინ აქცევს.

ზურაბიშვილი ახალ არჩევნებს ითხოვს, და თუ მოახერხა ამის გაკეთება, იმასაც გააკეთებს, რომ ახალ პარლამენტს თავი პრეზიდენტად აარჩევინოს. ზურაბიშვილის პოლიტიკური მადა უკიდეგანოა, თან ქვეყნის კეთილდღეობის სურვილებით შეფუთული. რა შორს არის ის ალექსანდრე ჩიკვაიძის ხუმრობით ნათქვამიდან და რა ახლოს ხუმრობის სულისკვეთებასთან?!

საქართველოს გარეშე ხდება, საქართველოს კეთილდღეობაზე ლაპარაკი — ორ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის, ორივე საფრანგეთის მოქალაქეა. ორივეს, ქართული გვარი აქვს. ერთს, იქაური მენტალიტეტი, მეორეს, თითქოს აქაური, მაგრამ გაურკვეველი. ეს მეორე 12 წელია „გვიშენებს“ ცხოვრებას, რომელსაც აშენებულს ვერ დავარქმევთ. პირველი — 2004 წლიდან, სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან. საბრალო საქართველო.

დგება ახალი, 2025 წელი. როგორც ჩანს, 2024 წელს მიტინგებით დავამთავრებთ და ახალ წელსაც მიტინგებით შევხვდებით — 32 წლის „დამოუკიდებლად“ ცხოვრების მთავარი და მე ვიტყოდი ეროვნული ატრიბუტით. იქნებ, საქართველოს ჯვრებიან დროშაზე — საპროტესტოდ დაცემული, კარვებიც მიგვემატებინა?!

სულ ახლახანს , ვუყურე დსთ-ს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების დასკვნით შეხვედრას მოსკოვში, პრემიერ-მინისტრ მიშუსტინის თავმჯდომარეობით. გამაოცა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, ამჟამად დამოუკიდებელი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების მოკლე საქმიანმა, პროფესიონალურმა მოხსენებებმა, გამართულ რუსულ ენაზე. ასე თავისუფლად ილაპარაკებს ადამიანი, ვისაც რუსული განათლება აქვს მიღებული და ისინი არც მალავენ, ბევრ მათგანს მოსკოვის პლეხანოვის სახელობის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა აქვს დამთავრებული.

ენა, ენად, მაგრამ ენის ცოდნასთან ერთად, მათ გამოავლინეს ეკონომიკურ-საფინანსო საკითხების ღრმა ცოდნა; დააყენეს ახალი წინადადებები დსთ-ს ეკონომიკური კავშირების გაღრმავება-გაფართოვებისთვის.

ამის შემყურეს, თავში გამიელვა აბსტრაქტულმა აზრმა, საქართველო რომ დსთ-ს წევრი ყოფილიყო, მისი პრემიერ-მინისტრი შეძლებდა ამ თათბირში ჯეროვან მონაწილეობას, ეკონომიკური და სხვა საკითხების, მისი კოლეგების მსგავსად, წარმოჩინებას?

ვეჭვობ, რომ შეძლებდა.

ქვეყნის პრემიერი, მთავრობა, როგორც ერთი ოპოზიციის მიერ შეტევებს იგერიებს. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, არც მისი ეკონომიკური განვითარება. ისინი, ასეთად დასავლეთმა გადააქცია, რომლის მიზანი საქართველოს განვითარება კი არა, დავალებების შესრულებაა.

32 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არ უფიქრია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. განსაკუთრებული სტაგნაცია შეინიშნება ბოლო 12 წლის განმავლობაში, როდესაც ქვეყანას ახალი, მოჭარბებულად მეტი დავალება აჰკიდეს „საყვარელმა“ დასავლელებმა — გაფართოებული რუსოფობია, ისე, როგორც მომხმარებლობა.

საქართველო გადააქციეს არა მოაზროვნედ, არამედ ჭამა-მონელების ქვეყნად. ასე რომ არ იყოს, ვინ დაუშვებდა გაუთავებელ მიტინგებსა და საპროტესტო დემონსტრაციებს?!

არც არავინ!!! ქართველმა — დასავლეთს აყოლილმა, დასავლეთით გაგიჟებულმა დაუშვა. და რახან ასეა, არ უნდა გაგვიკვირდეს ორი უცხოელის, ვითომ ქართველის, ერთმანეთთან კინკლავი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

25/12/2024