30.12.2024

გამოსავალი მეზობლებშია, „ბრიკს“-შია, „შოს“-შია, დსთ-შია, „ოდკბ“-შია და არა ევროკავშირში ან ნატოში

რთული ადგილობრივი ვითარების ფონზე, სირიაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი თითქოს მიუღებელია, მაგრამ ვისთვის?

ალბათ იმისთვის, ვინც საქართველოს მხოლოდ ევროპაში მოიაზრებს და არა იქ, სადაც არის — მცირე აზიაში, ახალი ეპიცენტრიდან არცთუ შორს — ახლო აღმოსავლეთი რომ ჰქვია.

საქართველოს მოსახლეობა, ე.წ. პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მეცადინეობით დიდი ხანია გასულია საერთაშორისო არენიდან. მას არაფერი აინტერესებს არც მეზობელი ქვეყნების ცხოვრება, არც ამ მეზობლის, მეზობლის. ერთადერთი რაც აინტერესებს ევროპაა. და აინტერესებს არა მისი პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და ა.შ., აინტერესებს უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლა მისთვის ერთადერთი გზაა ადამიანის სხეულის, განსაკუთრებით ხანდაზმულის წელს ქვევითა ნაწილებთან მისვლის.

ქართველთა ამ კატეგორიას მომვლელები ჰქვია. არის ქართველთა მეორე კატეგორია — ახალგაზრდა მამაკაცების, რომლებიც იქ მოხვედრისთანავე, იქაურ კრიმინალურ სამყაროს უერთდება, უფრო სწორად ყოფილი საბჭოთა სივრციდან ევროპაში ჩასახლებულ „ჩარჩოიან ქურდებს“, ძირითადად ძარცვა-გლეჯვით, „შავი საქმეებით“, გამოძალვით, ადგილობრივთა დატერორებით დაოსტატებულთ.

რამდენი ახალგაზრდა, და არა მარტო, სასჯელს იხდის ციხეში, ჩვენთვის უცნობია. არადა ადმინისტრაციული ორგანოების ვალია ამ ადამიანთა სახელების გაცნობა ჩვენთვის, ჩვენი აქაური ახალგაზრდებისთვის — შესაბამისი განმარტებით.

აქაურებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს იქაური ცხოვრება. უნდა იცოდნენ, რომ იქ დასაქმება ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია, თუნდაც „შავ“ სამუშაოზე. იქ სხვა ატმოსფეროა, სხვა აზროვნებაა, სხვა დამოკიდებულებაა ერთმანეთს შორის.

ავიღოთ უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ომის დაწყებისთანავე მილიონობით მიაწყდა ევროპას. უკრაინელები, არაოფიციალური გათვლით, 11 მილიონი, მესამე წელია ცხოვრობენ პოლონეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, სხვაგან. მათ უკეთ ეპყრობიან, ვიდრე სხვა ქვეყნის ლტოლვილებს, ვინაიდან რუსის მიერ დაჩაგრული ქვეყნის შვილებია, აძლევენ მათ ყოველთვიურ დახმარებას, საცხოვრებელ ფართს, უწევენ შეღავათს.

უკრაინელის მასპინძლობა პოლიტიკაა — რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აქტია, და მაინც მძიმე ფინანსური ტვირთია ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის. უკრაინელთა გაჭიანურებულმა სტუმრობამ ანტიუკრაინული განწყობა შექმნა ევროპელებში. ბევრმა ქვეყანამ მინიმუმამდე დაიყვანა ლტოლვილი უკრაინელებისთვის დახმარების გასაწევი თანხები, სხვა სახის შემწეობა.

სისტემატურად გაისმის უკრაინელთა სამშობლოში დეპორტაციის თემა. მძიმე ეკონომიკურ პრობლემებში გახლართული ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოებით, სწრაფ რეაგირებას ახდენენ ლტოლვილთა ახალი ტალღისგან თავისდასაღწევი ბარიერების აღსამართავად.

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ჩამოგდებისთანავე ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ არც ერთი სირიელი ლტოლვილი მისთვის მისაღები არ არის. ევროკავშირი, რომელიც დიდის სიხარულით მიესალმება ბაშარ ასადის დამხობას, როგორც ტირანის, ათეულ-ათასობით სირიელის მკვლელის ჩამოგდებას, უარს აცხადებს ტირანის მიერ შევიწროებული სირიელებისთვის თავშესაფრის მიცემაზე. როგორც ჩანს, ევროპელებს ყელში ამოუვიდათ საკუთარი ტოლერანტობა, რამაც კარდინალურად შეცვალა ევროპის ქვეყნების დემოგრაფიული სურათი.

მრავალი ათეული წლის წინ, გერმანიის ეკონომიკური აღორძინების დროს, მუშახელის ნაკლებობამ აიძულა გერმანული პოლიტიკა და ბიზნესი სამუშაოდ თურქები მიეწვია. დღეს, გერმანიაში 5 მილიონი თურქი ცხოვრობს, ნახევრად ასიმილირებული იქაურ ცხოვრებასთან. ე.წ. გერმანელი თურქისთვის პრეზიდენტი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანია. გერმანელი თურქი გერმანიისთვის ასიმილაციის საუკეთესო მაგალითია, რასაც ვერ ვიტყვით ჩრდილო აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ან ავღანეთიდან ლტოლვილებზე.

ისინი ძნელად ეგუებიან ევროპელობას, ქმნიან მძიმე პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია გაიზიაროს ლტოლვილების ცხოვრების წესი, გაითვალისწინოს რელიგიური აღმსარებლობისთვის დამახასიათებელი ნიუანსები, შეეგუოს მეჩეთების არსებობას, ყოველდღიურ მატებას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დემოგრაფიული მონაცემები ნაკლები დამშვიდების შესაძლებლობას იძლევა. მოსახლეობა ბერდება. დაბალია შობადობა. ლგბტ პროპაგანდამ მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპულ დემოგრაფიას და ამ ფონზე ზეპროდუქტულია ლტოლვილთა შორის შობადობა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 20-30 წლის შემდეგ ევროპელ თეთრთა და ლტოლვილთა რაოდენობა გათანაბრდება. ისლამის მიმდევართა რაოდენობა გადააჭარბებს კათოლიკობის, სხვა აღმსარებლობის მიმდევართა რაოდენობას. თუმცა ყოველივე ეს შორეული პერსპექტივაა, ერთ დროს დაპურებული, უზრუნველი ევროპისთვის, საუკუნეების განმავლობაში სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის სიმდიდრეებზე გასუქებულის.

ევროკავშირი იხდის მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ვალს კოლონიზირებული ხალხების მიმართ. ყოფილი კოლონიზირებულები ვეღარ იტანენ ე.წ. ნეოკოლონიალიზმს, ევროატლანტიკური სივრცის მიერ გამოგონილს, ყოფილ კოლონიებში ახალი სახის კოლონიალიზმის განმტკიცებისთვის.

 ეკონომიკურმა კავშირებმა, თვალთმაქცურმა, ცინიკურმა, ვითომ კოლონიალიზმზე უკეთესმა, ვეღარ მოხიბლა ყოფილი კოლონიზირებული სახელმწიფოები. და რომ ვერ მოხიბლა, ნეოკოლონიალისტთათვის პირდაპირი არასასიამოვნო მოლაპარაკებებით გამომჟღავნდა.

განსაკუთრებულ არასასიამოვნო დარტყმას განიცდის საფრანგეთი — აფრიკის კონტინენტის თვალსაჩინო კოლონიზატორი, რაც გამოაშკარავდა საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის ოფიციალური ვიზიტის დროს ნიგერში, ბურკინა-ფასოში, სხვა ქვეყნებში. მაკრონს პირში მიახალეს, რომ საფრანგეთის პარპაში ამ ქვეყნებში დასრულდა; რომ საფრანგეთმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და შეწყვიტოს ეკონომიკური კავშირები, რომლებიც ექსპლუატაცია უფროა, ვიდრე თანაბარ საფუძვლებზე ურთიერთობა.

შედეგი?

საფრანგეთი იძულებული იყო გაეთვალისწინებინა ყოფილი კოლონიების მოთხოვნები და ჯარი გაეყვანა ამ ქვეყნებიდან.

საფრანგეთის ურთიერთობა ჩრდილო აფრიკის არაბულ ქვეყნებთან დაძაბულია, პრეზიდენტ მაკრონის პოლიტიკიდან გამომდინარე. არ შევცდები, თუ ვითყვი, რომ მაკრონი საფრანგეთის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე სუსტი, არაპოპულარული პრეზიდენტია. ისეთი პოლიტიკური დინოზავრების ფონზე, როგორებიც იყვნენ დე გოლი, პომპიდუ, შირაკი, მიტერანი, ვალერი ჟისკარ დ’ესტენი მაკრონი ჭიაღუაა, როგორც პოლიტიკური, ისე მორალური თვალსაზრისით.

მაგრამ, როგორც ჩანს მაკრონს ეს არ აწუხებს. მას ევროპის ლიდერობა უნდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ლიდერობას გერმანია ითავსებდა — ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირის ლოკომოტივი. დღევანდელი ვითარება სხვაა. აშშ-ა, რომელიც ვერ იტანს კონკურენტებს, თუნდაც მოკავშირეთა ბანაკიდან, შეძლო გერმანიის ისე დაჩოქება, რომ ამ ქვეყნის მმართველ კოალიციას არათუ ევროკავშირის ლიდერობა, საკუთარი ქვეყნის ლიდერობაც აღარ შეუძლია.

აშშ-ა მოახერხა კანცლერი შოლცის წელში გადატეხა და ვასალობიდან, მონობის სტატუსამდე დაყვანა. სხვას ვერაფერს ვიტყვით კანცლერზე, რომელმაც თქვა — ბედნიერია რუსული პოლიტიკური გაზის გარეშე.

გერმანიას, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული გარანტირებული ჰქონდა იაფი რუსული გაზი და ამ გაზის წყალობით ისე მოაძლიერა ავტომშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, ეკონომიკის სხვა დარგები, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი ეკონომიკის მატარებელ ქვეყნად გადაიქცა. დღეს, ის „სიხარულით“ ამბობს —  ბედნიერია იმით, რომ აღარ იღებს რუსულ გაზს.

გერმანიას, რომელსაც პირველს უნდა შემოეკრა განგაშის ზარები, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებიდან გამომდინარე, პირში წყალი ჩაიგუბა და ამერიკელთა ბრძანებით, მთელი რიგი ტყუილი ვერსიები გაავრცელა დიდი ბატონის დივერსიული ქმედების დასაფარად.

იაფი რუსული გაზის შეწყვეტამ გამოიწვია გერმანიის მთელი რიგი დარგების მუშაობის შეწყვეტა, ქარხნების აშშ-სა და ჩინეთში გადატანა. გერმანიის ეკონომიკა დაღმასვლის ისეთ პროცესშია, რომლის შეჩერება ახალი მთავრობის მიერ, რომელიც მომავალი წლის თებერვალში გაჩნდება, საკმაოდ ძნელი იქნება.

გერმანიის დაკნინების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი ცდილობს  ევროპის ლიდერობა საკუთარ პერსონას მიაწებოს. და ამას ცდილობს პრეზიდენტი, რომლის პარტიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო ა.წ. ეროვნული კრების არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ეროვნული კრების უმრავლესობა დაკომპლექტებულია ოპოზიციის მიერ და აქედან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლებაც, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, მინისტრების ჩათვლით. მას, ანუ ოპოზიციას უნდა შეერჩია, მაგრამ პრეზიდენტმა გადადგა დიქტატორული ნაბიჯი და თვით დანიშნა მთავრობა, რაც შორს არის დემოკრატიისგან და არათუ მთავრობა დანიშნა, ქვეყნის ბიუჯეტიც დაამტკიცა — ეროვნული კრების გვერდის ავლით.

შედეგი სავალალო! ეროვნულმა კრებამ არა მარტო მაკრონის მაქინაციებით მიღებული ბიუჯეტი გააუქმა, არამედ მთავრობაც გააგდო. მსგავსს საფრანგეთის ისტორიას 60 წლის წინ ჰქონდა. ეროვნული კრება დაბეჯითებით მოითხოვს თვით მაკრონის გადადგომას.

საფრანგეთის ისტორიაში დაბალრეიტინგიანი პრეზიდენტები იშვიათობა არ არის, მაგრამ მაკრონის 17%-იანი რეიტინგი აშკარა მანიშნებელთა, საფრანგეთის მოსახლეობის მიერ მისი, როგორც პრეზიდენტის მიუღებლობაზე. მაკრონი ისაა, ვინც მლიქნელობის ხარისხით შოლცს უტოლდება, ცხადია აშშ-ს მიმართ. მაკრონი ისაა, ვინც ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით პირველმა გაუღო კარი ლგბტ-ობას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სხვა სახის სექსუალურ აღვირახსნილობას, რამაც მილიონზე მეტი ფრანგი გამოიყვანა პარიზის ქუჩებში საპროტესტოდ.

მიუხედავად მასობრივი სახალხო პროტესტისა, მაკრონმა მიიღო კანონი  ასეთი განმარტებით — მილიონი პროტესტანტი ნაკლებია საფრანგეთის მთლიან მოსახლეობაზე.

თუ ამ პრინციპით მივუდგებით საქართველოს რეალობას და ასეც უნდა მივუდგეთ, კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ უყოყმანოდ არის გასაზიარებელი, ვინაიდან მოსახლეობა უჭერს მხარს, ის, ვინც ქუჩაში არ გამოსულა.

საფრანგეთში დღესაც მიმდინარეობს ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ისეთ ახალ ფორმას იყენებენ, როგორიცაა განავალსაქაჩი ავტოცისტერნების მძღოლების მიერ გათხევადებული განავლით საფრანგეთის ქუჩების, მაღაზიების, ადმინისტრაციული შენობების ამოვლება. პროტესტანტი ფერმერები ტრაქტორებით კეტავენ ქალაქების ქუჩებს, მოითხოვენ სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

ფერმერთა მასობრივ გამოსვლებამდე მთელი საფრანგეთი „ყვითელჟილეტიანთა“ მრავალთვიანი გამოსვლების მძევალი იყო — პოლიციასთან შეტაკებით, პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილი ენითაუწერელი სისასტიკით.

პრეზიდენტი მაკრონის ხალხში გასვლამ, მოულოდნელმა, თანაც მცირე ჯგუფთან გასაუბრებამ, ისეთი შედეგი გამოიღო, ვგონებ დღესაც უხურს ლოყა, ერთ-ერთის მიერ პრეზიდენტისთვის ლაზათიანი გაწნილი სილით სახეში.

პრეზიდენტის მეუღლის, ბრიჯიტის ტრანსვესტიტობის თემა რახანია ფრანგული მედიის პერმანენტული განხილვის საკითხია. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ბრიჯიტი პატარობაში ბიჭი იყო, მოგვიანებით კი ქალად გადაიკეთა თავი. ეს საკითხი სასამართლოს განხილვის საქმედაა ქცეული. დელიკატური თემაა თუნდაც რიგითი ფრანგისთვის, მაგრამ მაკრონი პრეზიდენტია.

პრეზიდენტია?

საფრანგეთის პრეზიდენტი, რომ საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ივანიშვილს დაურეკავს და არა არჩეულ პრემიერ კობახიძეს, ნიშნავს  კობახიძის შეურაცხყოფას თუ იმ ამომრჩევლის, რომელმაც 53%-იანი მხარდაჭერა გამოუცხადა „ოცნებას“?

ოპოზიცია ამბობს, თანაც სიტყვის დონეზე და არა დოკუმენტაციის, რომ „ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. ვინც ოდნავ მაინც გარკვეულია საარჩევნო პერიპეტიებში, იცის, რომ დიდპროცენტიანი გაყალბება, თანაც ამგვარი, შეუძლებელია.

ოპოზიციამაც მიიღო 48% — საკმაოდ დიდი, ხომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პროცენტიც გაყალბებულია?

ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამტკიცებთ ემოციური რიტორიკით და არა შესაბამისი დოკუმენტაციით, ემოციური განცხადებაა და არა მეტი და სერიოზული.

დავუბრუნდეთ მაკრონს, რომელმაც თავისი სატელეფონო ზარით ივანიშვილთან, აღიარა ივანიშვილის არალეგიტიმური მმართველობა, ლეგიტიმურად,  ანუ მილიარდერის, საფრანგეთის მოქალაქის, საფრანგეთის უმაღლესი ორდენის კავალერის იატაკქვეშა ბატონობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში.

მაკრონმა თითი დაუქნია მისი აზრით საქართველოს უგვირგვინო მეფეს, ივანიშვილს — გააკეთე ის, რასაც მე გეუბნები და თუ არ გააკეთებ, ასე და და ისეო — აცხადებს გახარებული ოპოზიცია, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია საქართველო, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევით, ოღონდ ივანიშვილი გაილანძღოს.

„ბედნიერებაა“ ასეთი ოპოზიციის ყოლა, საკუთარი თავისთვის და არა ქვეყნისთვის. მაკრონმა ქართველი ხალხი ახსენა, რომელსაც სურს ევროპა. მაკრონი ქართველ ხალხზე ზრუნავს?!

საფრანგეთის პრეზიდენტი თავის ხალხზე არ ზრუნავს და ქართველებზე იზრუნებს?

მომიტინგეები, რომელთა რიცხვი იზრდება, ისე, როგორც გაფიცული დაწესებულებების თანამშრომლების რიცხვი, მიტინგობენ რისთვის?

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის. დავუშვათ, ასეთს ჰქონდეს ადგილი, რიგგარეშე არჩევნებმაც ისეთი შედეგი მოგვცეს, როგორიც 26 ოქტომბრისამ, მაშინ?

ისევ ახალი არჩევნები ჩავატაროთ?

მიტინგები, რომლებსაც 30-წლიანი ისტორია აქვს საპარლამენტო არჩევნების მრავალჯერადი პროცესით შევცვალოთ? გაუძლებს ამას ქვეყნის ბიუჯეტი?

არჩევნების შემდეგ ფართოდ გაშლილმა საპროტესტო გამოსვლებმა, მსხვრევამ, მტრევამ, ხანძრის გაჩენამ, პოლიცია-მომიტინგეების ძალისმიერმა შეტაკებებმა უდიდესი ზარალი მოუტანეს ქვეყანას. ამ ზარალს ყველა ჩვენგანი ავანაზღაურებთ იძულებით საკუთარი ჯიბეებიდან, როდესაც სუპერმარკეტებში შევალთ პროდუქტის შესაძენად, აფთიაქში წამლის საყიდლად, ხელოსანთან ავტომანქანის შესაკეთებლად, ექიმთან კონსულტაციისთვის და ა.შ.

ევროპაში გვინდაო! — გაჰყვირიან მომიტინგეები, დასავლელთა მიერ დაქირავებულები, ისე, როგორც ოპოზიციონერთა მიერ. მერე და ვინ გიშლით. უვიზო გამგზავრება ჯერ არვის გაუუქმებია. ასე რომ, ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით.

არა! საქართველო გვინდა რომ ევროკავშირში გაწევრდესო?!

კეთილი, მაგრამ ეს მარტო საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული? ევროკავშირში შესვლისთვის საქართველო მზად უნდა იყოს, უპირველესად ეკონომიკური თვალსაზრისით.

ევროკავშირი არ არის ეკონომიკურ-სოციალური თავშესაფარი. მასში არ მიიღებენ ეკონომიკურად ისეთ სუსტ ქვეყანას, როგორიც საქართველოა.

საქართველო არც სხვა პარამეტრებით აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს. განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც ტოლერანტობაა. რას ნიშნავს ტოლერანტობა ევროკავშირის გაგებით, ისე, როგორც საქართველოს?

ევროკავშირის მიხედვით, ლგბტ-ს აღიარება, ისე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინების, გეი-წყვილის მიერ შვილად აყვანის, სქესის გადაკეთების და სხვა — ქართველთათვის მიუღებლის (ჯერ-ჯერობით) აღიარებას,  გეი-პარადების ჩატარებას, „ჩაილდ ფრი“ (childfree – უშვილო) ფილოსოფიისთვის, ანუ უშვილო ქალის პროპაგანდას და სხვა ისეთის, რაც მცირერიცხოვან საქართველოს აღგვის პირისაგან მიწისა.

რას ნიშნავს საქართველოსთვის ტოლერანტობა?

თბილისის ძველ უბანში მართლმადიდებლური ეკლესიის, სინაგოგის, მეჩეთის გვერდიგვერდ არსებობას, რის შესახებაც სხაპასხუპით ვუყვებით თბილისის უცხოელ სტუმრებს. მათ იმასაც ვეუბნებით, საქართველოს მეფე, დავით აღმაშენებელი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა აღმსარებლობის საკულტო ნაგებობებს.

მეგობრებო, ევროატლანტიკური სივრცე ისეთ ტოლერანტობას მოითხოვს ჩვენგან, ზემოთ რომ მოგახსენეთ. შევასრულებთ ამ საშინაო დავალებას, მაშინ იფიქრებენ მიგვიღონ თუ არა. ფიქრის პროცესი ხანგრძლივია, მრავალწლიანი. მაგალითისთვის შევხედოთ მეზობელ თურქეთს.

საქართველომ თავისი კანონმდებლობა ევროკავშირისას უნდა შეუხამოს, ხშირ შემთხვევაში იქაური კანონები უნდა გადმოაქართულოს. ქართველმა, საკუთარი წეს-ჩვეულებები უნდა დაივიწყოს და ევროპული შეითვისოს.

ყანწით, სადღეგრძელოთ, თამადის ინსტიტუტით, მრავალსაათიანი სუფრით და ხანგრძლივი, ხშირ შემთხვევაში გაუთავებელი სადღეგრძელოებით, ნაბახუსევზე ხაშით გამოსვლით ევროკავშირში არვინ მიგვიღებს.

რაციონალური ევროპისთვის დრო — ფულია. ევროპის არაერთ ქვეყანაში გახლდით, ზოგან ხანმოკლე ვიზიტით, ზოგან ხანგრძლივი და არასდროს მომიკრავს თვალი დილით ან შუადღეს რესტონებში მოქეიფე ხალხისთვის, ღვინის ჭიქების ჭახუნის და ერთმანეთის ხვევნა-კოცნისთვის.

აქ, დროებით დარჩენილებო, ჰკითხეთ თქვენს ნათესავებს, ახლობლებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ რა პირობებში უხდებათ მათ მუშაობა, არსებობა და შემდეგ გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები.

ევროკავშირს საქართველო უნდა არა ევროკავშირში, არამედ ევროკავშირის კართან. ევროკავშირის წევრი საქართველო დიდი თავსატკივარი იქნება ბრიუსელისთვის — დაუდგენელი საზღვრებით, მეზობლებთან კონფლიქტით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილით. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკაზე, რომელსაც ეკონომიკაც არ ჰქვია. ერთი ბაზრობიდან ნაყიდი საქონელის, მეორე ბაზრობაზე გაყიდვა — ეკონომიკა არ არის — სპეკულაციაა.

 ევროკავშირს უნდა, რომ საქართველო მუდამ იყოს რუსეთის მტერი, ავანტიურისტული გამოხდომების ინიციატორი. ევროკავშირს სურს საქართველო იყოს ამიერკავკასიაში ჩადებული ნაღმი — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, აღმოსავლური გამოთქმის ამსახველ ვითარებაში ვართ, ასეთში — „აქლემის ჩხუბში, კოზაკი გაიჭყლიტაო“.

აქლემებში ვინ მოიაზრებიან, დიდი გამოცანის ამოხსნას არ საჭიროებს, მაგრამ მაინც — ევროატლანტიკური ლიბერალური დასავლეთი და ანტილიბერალური რუსეთის ხელისუფლება, ისე, როგორც ჩინეთის, ჩრდილო კორეის, ირანის — ე.წ. განვითარებადი ქვეყნების.

ლიბერალური დასავლეთის მზე ესვენება. მოდის ახალი ცხოვრება — გაცილებით ძლიერი და შემართული მრავალპოლუსიანი სულისკვეთებით. მისი შეჩერება შეუძლებელია.

ევროკავშირი გუშინდელი დღეა, ეკონომიკურ-პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით მასზე აყოლა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას, რაზეც საქართველოში მიმდინარე ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლებიც მეტყველებს.

სტატისტიკური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლებმა უკვე მიაყენა მრავალმილიონიანი ზარალი ქვეყნის ბიუჯეტს. კატასტროფულად შემცირდა ტურიზმი — ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო. მომავალი წლის იანვრის ჩათვლით, გაუქმდა ჯავშანი სასტუმროებში. მომსახურების სფერო გაკოტრების პირასაა. მიტინგები კი გრძელდება. ქართველი ხალხი ჰარაკირის პროტესტში, ანუ თვითმკვლელობის, რაც დასავლელთა წისქვილზე ასხამს წყალს — საქართველოში ქაოსის შექმნის მსურველთა.

საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად გამოფხიზლებისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებისა, ჯიუტად აცხადებს ევროკავშირში შესვლაზე. საქართველოს ადგილი არ არის იმ კავშირში, რომელიც, ერთის შეხედვით მტრულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, სინამდვილეში ქვეყნის მიმართ, რომელიც არ ასრულებს მის დავალებას და არ უცხადებს ომს რუსეთს — დასავლეთის მტერს.

ნეოლიბერალიზმის აგრესიული გამოვლინებაა სირიაში მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება; სერბეთში ანტისამთავრობო სტუდენტური გამოსვლები; რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმება, ოპოზიციონერის გამარჯვების პასუხად; საქართველოში მიმდინარე პროცესები, …

სირიაში ისეთი ნაღმები ჩაიდო, მრავალი წლის განმავლობაში რომ განაღმვა შეუძლებელი გახდება.

სირიის ხელისუფლების დამხობა ტერორისტული ორგანიზაციების გაერთიანებული ძალისხმევით და აშშ-ს, თურქეთის, ისრაელის დირიჟორობით და უშუალო ჩარევით, დიდ თავსატკივარს გაუჩენს მსოფლიოს, განსაკუთრებით რეგიონს, ჩვენს სიახლოეს არსებულს.

საქართველოს მოსახლეობამ ჯერაც არ იცის, რომ სირიის შიდასახელმწიფოებრივი სისხლიანი დაპირისპირება მარტო სირიისა არ იქნება. ისე, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, მეტასტაზები ფესვს გაიდგამს მეზობელ ქვეყნებში, იოლად მოიკიდებს ფეხს აფორიაქებულ, ქაოსში მყოფ სახელმწიფოში, ისეთში, როგორიც საქართველოა. და რა?

ამ კითხვას ვსვამ მკითხველის გამოსაფხიზლებლად. უმჯობესი იქნებოდა თქვენ დაგესვათ ხელისუფლებისთვის, რომლის უპირველესი მოვალეობაა ქვეყანაზე ზრუნვა, გამოსავლის ძებნა. გამოსავალი მეზობლებშია, „ბრიკს“-შია, „შოს“-შია, დსთ-შია, „ოდკბ“-შია და არა ევროკავშირში ან ნატოში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

14/12/2024