ვაშა, გაევროპელებულ საქართველოს!!!
ხელისუფლება, რომელიც თავის თავსაც ვერ იცავს, ხელისუფლებაა?
როგორც ჩანს, ხელისუფლება მიხვდა, რომ ძალაუფლების დაკარგვა, თავის დაკარგვის ტოლია და გადადგა ნაბიჯი, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლება, ცხადია თავმოყვარე გადადგამდა რეაქციული ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებით.
ვიმედოვნებ, ამჯერად მაინც სამართალი გაიმარჯვებს და ანტიქართულ, ანტიჰუმანურ, პროვოკატორ ოპოზიციას — დასავლეთზე დაგეშილს, შესაბამის ადგილს მიუჩენს — საზოგადოებიდან შორს, იზოლაციაში.
ვიმედოვნებ, წერტილი დაესმება „მოლოტოვის კოქტელების“ სროლას პარლამენტის შენობის მიმართულებით, გონსგადასული ოპოზიციური ტელე-რადიო გადაცემების განუზომელ პროპაგანდას, ანტირუსულ ბღავილს, ევროკავშირის დროშის ფრიალს და მასთან ერთად უკრაინის.
ვიმედოვნებ, თუმცა ნაკლებად, ხელისუფლება შესაბამის დასკვნებს გააკეთებს ე.წ. რევოლუციის არგამეორებისთვის. ბოლოსდაბოლოს თავისი საქციელით დაანახებს ხალხს, რომ ის ადმინისტრაციული რესურსის ნაყოფი კი არა, ამომრჩევლის მიერ გადაწყვეტილი ნაბიჯის ნაყოფია — ჭეშმარიტი არჩევნების.
შეძლებს ხელისულება მწარე გამოცდილების გაზიარებას და ხალხისთვის, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას?
მეეჭვება, თანაც ძალიან, მაგრამ, ჩვენ რიგითებს, იმედის გარდა არაფერი დაგვრჩენია და მასთან ერთად სიტყვისა, შეგონებისა ეთერიდან თუ პირად საუბრებში.
გეთანხმებით, ძნელია ვინმეს, რამე შეაგნებინო, მითუმეტეს ხელისუფლებას, რომელსაც, არც ამის სურვილი აქვს და არც უნარი. და რომც ჰქონდეს, ის იერარქიული საფეხურის თავშია, საიდანაც ქვემოთ მყოფნი დეგენერატებად მოსჩანან — მისი გაგებით.
ერთ ასეთ ისტორიას გავიხსენებ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყების წინ, როდესაც დეპუტატები თავიანთ ადგილებს იკავებდნენ დარბაზში და ქვეყნის ხელმძღვანელებს ტრიბუნა არ ჰქონდათ შევსებული, ხუმარა დეპუტატი ტრიბუნის წინ არსებულ კათედრასთან მივიდა და მიკროფონში თქვა — აქედან რა დეგენერატები ჩანხართო.
არჩევნების შედეგი ნაკლები დამშვიდების და ტკბილი ძილის საშუალებას არ უნდა აძლევდეს ხელისუფლებას, ვინაიდან 40%, მის საწინააღმდეგოდ მიცემული, სერიოზული რამ არის და არვინ იცის, როდის იფეთქებს არამარტო პოლიტიკური მოსაზრებით, არამედ სოციალურით, ეკონომიკურით.
ასე რომ, ხელისუფლებას სანერვიულო უდავოდ აქვს, თუკი ტვინის კანის სისქე არ შეუშლის ხელს მის აზროვნებას. მოკლედ და კონკრეტულად, ხელისუფლებამ ნამდვილი და არა ზედაპირული მუშაობა უნდა განახორციელოს, ყოველგვარი PR-ს, თავის ქების, რეკლამის, ფასადური გადაწყვეტილებების გარეშე.
12-წლიანი ნავარდის შემდეგ, რომელმაც ხელისუფლებას ისეთი სოციალური კეთილდღეობა არგუნა, ცხადია დაუმსახურებელი, რომ ახალი საპარლამენტო ათვლა სანავარდოდ აღარ გამოიყენოს და ისე წარმართოს მუშაობა, ხალხს რომ ათქმევინოს — დაგვენანება მათი წასვლაო.
ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ 4 წლის შემდეგაც გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ისიც მიიღებს მონაწილეობას, ცხადია გამარჯვების სურვილით. გამარჯვებისთვის კი კმაყოფილი ამომრჩევლის ხმა იქნება საჭირო. თუ ხელისუფლება დაშვებულ უხეშ შეცდომებს არ გამოასწორებს, არ არის გამორიცხული ვადამდელი არჩევნებიც.
იკითხავთ — მაინც რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?
მოკრძალებული, თავშეკავებული, საქმიანი, პროფესიონალური მუშაობა. მოკრძალება-თავშეკავებაში ვგულისხმობ საკუთარი დაუმსახურებელი სურვილის მოთოკვას. რაც ჭამეთ, გეყოთ! ახლა ხალხზე, ქვეყანაზე იფიქრეთ — ნაკლებ დროსტარებაზე რესტორნებში, ნაკლებ ქეიფებზე, საზღვარგარეთ ნაკლებ ხეტიალზე, მითუმეტეს შვილებით, ცოლებით — სახელმწიფოს ხარჯზე.
შეწყვიტეთ პერსონალური ავტომანქანების, თანაც ძვირადღირებულის სისტემატური ცვლა, ისე, როგორც აიფონების. შეეშვით „შავი სამყაროს“ „კრიშობას“. წერტილი დაუსვით საკუთარი ხელფასის გამუდმებულ ზრდას, პრემიებისა და დანამატების მიღებას.
დასავლეთი ემუქრება საქართველოს ფინანსური დახმარების შეწყვეტით, რაც უდავოდ იმოქმედებს სუსტი ქვეყნის, სუსტ ბიუჯეტზე.
დასავლური სანქციის წინაშე მტკიცე დადგომის შანსს ბიუჯეტის ეკონომიური ხარჯვა იძლევა.
ეკონომია ყოველ ისეთ დარგში, რომელსაც ქვეყნისთვის არაფერი მოაქვს, გარდა ხელმრუდე სახელმწიფო მოხელეების ჯიბის გასქელებისა. უპირველეს ყოვლისა საჭიროა იმ სახელმწიფო ორგანოების ლიკვიდაცია, რომლებიც 30 წელია წურბელასავით სვამს ქვეყნის ბიუჯეტს.
ერთ-ერთი ასეთი თბილისში არსებული აფხაზეთის ხელისუფლბაა — უზენაესი საბჭო, მინისტრთა საბჭო, მინისტრები, სამინისტროების აპარატები, კაბინეტები, ხელფასები, პერსონალური ავტომანქანები.
საქართველოს არ სჭირდება აფხაზეთის ტყუილი ხელისუფლება, ობიექტურ მიზეზთა გამო. თბილისში მოკალათებულ ვითომ აფხაზეთის ხელისუფლებას, არავითარი ლეგიტიმური კავშირი არ აქვს აფხაზეთთან. აფხაზეთის ხელისუფლება ტერიტორიებსგარეშე, ხალხის გარეშე ხელისუფლებაა — ლტოლვილების ხელისუფლება.
ლტოლვილების საკითხების მოგვარებას სულაც არ სჭირდება აფხაზეთის ხელისუფლება, კომიტეტიც საკმარისი იქნება.
აფხაზეთის აქაური ხელისუფლება მიუღებელია იქაური აფხაზეთისთვის — სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო და ბარიერად არის აღმართული თბილის-სოხუმს შორის მოლაპარაკების დაწყების საქმეში. სოხუმი არასდროს დაგველაპარაკება სერიოზულად, ვიდრე არ გაუქმდება აფხაზეთის ხელისუფლება ლტოლვილობაში.
აფხაზეთის ხელისუფლების თბილისში დაფუძნება შევარდნაძის იდეაა — ფრონტზე დაშვებული დამარცხების და აფხაზეთიდან მისივე ინიციატივით გამოყვანილი ქართული მოსახლეობის დაშოშმინების მიზნით.
ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ვინ ჩამოთვლის, მათ შორის ერთ-ერთი თბილისში აფხაზეთის ხელისუფლების დაფუძნებაა.
შეცდომა უნდა გამოსწორდეს არა მარტო ფინანსების დაზოგვის მიზნით, არამედ აფხაზებთან მოლაპარაკების დაწყებისთვის კეთილსასურველი ფონის შექმნისთვის.
კარდინალურად უნდა გადაიხედოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი საელჩოების სტრუქტურა, საშტატო ერთეულები, საელჩოების არსებობის შესაძლებლობა, მიზანშეწონილობა და რაც მთავარია დიპლომატთა ცოდნის დონე.
საქართველოს არ ჰყავს მცოდნე, განსწავლული დიპლომატები, დიპლომატიურ სასწავლებლებში განათლებამიღებულნი. საქართველო ვერ შექმნის დიპლომატიურ სკოლას, უმაღლესს — გამოუცდელობის გამო. საქართველოში მოწვეული უნდა იქნას საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ფილიალის სახით. მსგავს აქვს ადგილი დსთ-ს სივრცეში, კერძოდ ბაქოში, ასტანაში, სხვაგან. მოსკოვის უნივერსიტეტი მსოფლიოშია ცნობილი და საზღვარგარეთის ქვეყნების ახალგაზრდები, როგორც ფუტკრები თაფლს, ისე არიან მისეულნი მასზე.
არაერთხელ დამიწერია და ეთერში გამიჟღერებია, რომ საქართველოს არ უნდა ჰყავდეს ელჩები თითქმის ყველა ქვეყანაში, იმათშიც, სადაც საქართველოს ინტერესი იკითხება. დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს შეიძლება ჰყავდეს ერთ ქვეყანაში ელჩი, რომელიც მეზობელ, რამდენიმე ქვეყანას ფარავს. მრავალი წელი ვიმუშავე ამ სამინისტროში და ვიცი რას აკეთებს ის, ვიცი ისიც რა გაუნათლებელი დიპკორპუსი გვყავს.
გაუნათლებლობამ, დიპლომატიის არცოდნამ განაპირობა უცხოეთში საქართველოს ელჩების თანამდებობიდან გადადგომა, ისე, როგორც აპარატის თანამშრომლების.
დიპლომატი არის ფოსტალიონი წარმდგენ და მიმღებ ქვეყნებს შორის და არა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რაც სამწუხაროდ არ იციან ე.წ. ქართველმა დიპლომატებმა. რომ სცოდნოდათ, აშშ-ი, იტალიაში, ჰოლანდიაში, სხვა ქვეყნებში აკრედიტებული ელჩები ანტისახხელმწიფოებრივ განცხადებებს არ გააკეთებდნენ.
ხელისუფლებამ, როგორ მოახერხა მინისტრის მოადგილეებად ისეთი „დიპლომატების“ დანიშვნა, რომლებმაც ლანძღვით ზურგი შეაქციეს დამნიშვნელს და ქოქოლა დააყარეს.
დიპლომატია გამორჩეული დარგია — თვალშისაცემი, მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენ სამინისტროებსა და უწყებებს, სადაც პროტესტის ნიშნად თანამშრომლები სამსახურში არ დადიან და მიტინგებს ესწრებიან?
როგორც ჩანს, მორყეულია ის ადმინისტრაციული ფუნდამენტი, რომელზეც სახელმწიფო უნდა იდგეს.
შეიძლება თუ არა ვითარების გამოსწორება?
ძალიან გაჭირდება, რამეთუ 30 წელია, აშშ-ს კარნახით ნადგურდება სახელმწიფო სტრუქტურები. ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა ლამის ნულზე დაიყვანა ნებისმიერი სამინსტროს პრესტიჟი, მინისტრის თანამდებობა. სააკაშვილმა უდიდესი დარტყმა მიაყენა სახელმწიფო თანამდებობებს — უვიცი გოგო-ბიჭების გამინისტრებით. ხალხს ჯერაც ახსოვს სააკაშვილის ლოგინგამოვლილი კანადელი პურის მცხობელის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა, სხვების, სხვების.
სააკაშვილის გადაწყვეტილებამ თანამდებობის დევალვაცია გამოიწვია და ერთ დროს მინისტრის თანამდებობის მატარებელი მოხელის მიმართ, რიდის დამოკიდებულება ლამის თავზე წამორტყმით შეცვალა. მინისტრის თანამდებობა ლამის სასაცილოდ არის აგდებული.
სახელმწიფო თანამდებობეს გაფრთხილება სჭირდება და არა ხელფასების განუზომელი მომატება. და რაც მთავარია, თანამდებობის დამკავებელი პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანი.
ასეთები არასამთავრობო ორგანიზაციებში არ იზრდებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი შემქმნელის ინტერესების გამომხატველ-დამცველია, ამდენად, ის და მისი კადრი ქვეყანას არ წაადგება.
ხელისუფლებამ უნდა იფიქროს სახელმწიფო კადრების ჩამოყალიბებისთვის საჭირო უმაღლესი განათლების სისტემის შექმნაზე. მხოლოდ ასეთი უმაღლესი სასწავლებლის, კურსების დამთავრების შემდეგ ახალი კადრი უნდა შეეჭიდოს სახელმწიფო საქმეს.
აღნიშნული, დროს მოითხოვს. უცბათ შრომატევადი საქმე არ გაკეთდება. „ოცნებას“ აღნიშნული საკადრო საკითხებისადმი ჯეროვანი ყურადღება რომ მიექცია, დღეს საკადრო შიმშილი არ იქნებოდა. მარტო ხელისუფლების ნათესავების დასაქმებით, მითუმეტეს დილეტანტურით, საქვეყნო საქმე არ გაკეთდება.
პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო ლამის თავშესაფრად არის გამოყენებული — მდიდარი პარლამენტარების და ხელისუფალთა ნათესავი, ახალგაზრდა, პარლამენტისთვის შეუფერებელი თინეიჯერების მიერ. პარლამეტში უნდა მუშაობდეს ხალხი, სხვადასხვა პროფესიაში გამოცდილ-გათვითცნობიერებული, 30 წლის ასაკის ზემოთ მყოფნი.
პარლამენტარმა, რომელმაც არ იცის ცხოვრებისეული პრობლემები, ხალხის სურვილები, არ იცნობს თუნდაც ერთი სამსახურის ნიუანსებს, კანონმდებლად არ გამოდგება.
სააკაშვილმა დათვური სამსახური გაუწია არა მარტო ახალგაზრდა პარლამენტარებს — დროზე ადრე დაბერებით, არამედ ქვეყანას. ახალგაზრდა პარლამენტარი 23/24/25 წლის, რომელიც სტუდენტობიდან (საუკეთესო შემთხვევაში) პარლამენტის სავარძელში აღმოჩნდა, დადგა მძიმე პრობლემის წინაშე — კანონპროექტის შექმნის, რომელიც დიდ შრომას, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გაანალიზება-განხილვას, საქართველოს რეალობასთან მიყენებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში მარტო თეორიული ცოდნა არ კმარა, მას პრაქტიკული ცოდნა, ცხოვრებისეული გამოცდილება ესაჭიროება. 30 წლის ასაკის ქვემოთ მყოფთ ასეთი ვერ ექნებათ, ხოლო არასამთავრობოებში მუშაობა შეუთავსებელია საკანონმდებლო შემოქმედებისთვის.
პარლამენტში არსებობს მეორე კატეგორია — ბიზნესი. ბიზნეს-პარლამენტარების დამოუკიდებლობა პარლამენტისადმი ისეთია, როგორიც მეწველი ძროხისადმი. ბიზნეს-პარლამენტარი პარლამენტში საკუთარი ქონების დაცვისთვის არის შესული და ისეთი კანონების მიღებისთვის, რომლებიც მხოლოდ მას და ბიზნე-კოლეგებს წაადგებათ. პარლამენში ბიზნესმენის ადგილი არ არის, რასაც საზოგადოება უნდა შეეგუოს, მათ შორის ბიზნესიც.
პრეზიდენტი, ქვეყნის ლიდერი უნდა იყოს და არა დეკორატიული ფიგურა, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება. საქართველო, ისტორიულად მიჩვეულია ერთპიროვნულ მმართველობას — ვერტიკალურს, ზემოდან ქვემოთ, რომლის შეცვლა ჰორიზონტალურით, ტყუილი წყლის ნაყვაა. გავიხსენოთ საიდან მოვიდა ჩვენთან საპარლამენტო მმართველობა — სუსტი პრეზიდენტით, ძლიერი მმართველი პარტიით და მის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით?
გონების დაძაბვა არ დაგჭირდებათ, ვინაიდან საღი მეხსიერების შემთხვევაში 12 წლის წინანდელ სააკაშვილისეულ მმართველობას მიადგებით, ანუ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო მართვის სისტემის თავის სასარგებლოდ შეცვლას.
სააკაშვილი, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობის მეორე ვადას ასრულებდა და ხელისუფლებას უნდა დამშვიდებოდა — კონსტიტუციის მიხედვით, ჰქმნის საკონსტიტუციო კომისიას, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო საპრეზიდენტო მმართველობიდან, საპარლამენტოზე გადასვლა. სააკაშვილი ფიქრობდა, რომ მისი „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გააპრემიერებდა მას — პარლამენტის პირველსავე სხდომაზე.
სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ „ნაცმოძრაობა“ ყველა შემდგომ არჩევნებს მოიგებდა და ისიც, ყველა შემდგომი პარლამენტის მოწვევაზე დანიშნულ იქნებოდა პრემიერ-მინისტრად.
ე.წ. კონსტიტუციონალისტებმა უმალ დაუჭირეს მხარი ხელისუფლების უზურპატორის შავ ზრახვებს და საპრეზიდენტო მმართველობა, საპარლამენტოთი ჩაანაცვლეს.
ჩვენდა საბედნიეროდ, რომ არა ციხის კადრები, თავის ცოცხის ტარებით, სააკაშვილი დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა — პრემიერ-მინისტრის რანგში.
სააკაშვილს, ფორმალურად სჭირდებოდა პრეზიდენტის თანამდებობა — შეკვეცილი ფუნქციებით. ასეთად, ის ბაქრაძეს მოიაზრებდა. სააკაშვილის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღება სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იყო, რასაც სამწუხაროდ არც არავინ მიაქცია ყურადღება, არც სპეციალისტმა და არც ხალხმა, ჩვენ რომ ბრძენს ვეძახით.
რა მოიტანა საპარლამენტო მმართველობამ და სხვადასხვა პარტიათა საპარლამენტო ლაქლაქმა — უსაგნომ, უგონომ, ავანტიურისტულმა, ყველამ ვიცით. არის პარლამენტი, არის პარლამენტს ფორმალურად დაქვემდებარებული მთავრობა და არის ფაქტიურად უფუნქციო პრეზიდენტი — ქვეყნის დაქცეული ეკონომიკის, სოციალური მდგომარეობის ფონზე. არის უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემა, უმუშევრობა, ლუკმა-პურის საძიებლად მოქალაქეთა საქართველოდან გადინება, არის დაცლილი სოფლები, მაგრამ არის საპარლამენტო ლაქლაქი თემებზე, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხისთვის არაფერი მოაქვს.
იკითხავთ — გამოსავალი?
გამოსავალი — კონსტიტუციის შეცვლა და სახელმწიფო მმართველობის საპრეზიდენტოზე გადაკეთებაა; მკაცრი ვერტიკალური მმართველობის ჩამოყალიბებაა; პრეზიდენტის მიერ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებაა.
კოლექტიურმა საპარლამენტო მმართველობამ დაგვანახა, რომ საქვეყნო პრობლემები არ იჭრება.
კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნას ჩანაწერი — საქართველოს გზა ევროკავშირი და ევროპული ინსტიტუტებია. მსგავსი რამ კონსტიტუციაში არ იწერება. ჩვენ ჩაგვაწერინეს ამერიკელებმა, ევროპელებმა და ახლა გვსაყვედურობენ — კონსტიტუციური ნორმების დარღვევისთვის.
საქართველო ქვეყანაა. არც ერთი კავშირი ქვეყანა არაა. არც ერთი კავშირი მდგრადი არაა. ყველაზე დიდი და მდგრადი საბჭოთა კავშირი ვერ აღუდგა ახალ მოთხოვნებს, ვერც ევროკავშირი აღუდგება ჟამთა ცვლას. და რომ ვერ, ამ კავშირის საქმიანობიდანაც ჩანს — დიქტატურული სულისკვეთებით გაჯერებული.
ევროკავშირის მუდმივმოქმედი აპარატი რახანია გასცდა თავის ფუნქციებს და კავშირში შემავალ ქვეყნებს თავის ვასალებად, ლამის მონებად აღიქვამს. ბრიუსელი ლამის საერთაშორისო სამართლის მატარებელ ორგანოდ არის ქცეული — არვის მიერ არჩეული კომისრებით და ა.შ.
ბრიუსელი, წევრი სახელმწიფოების გვერდის ავლით, ყურს უწევს ქვეყნებს, რომლებსაც არ სურთ ბრიუსელის უგონო გადაწყვეტილებების გაზიარება.
ბრიუსელის „მოღვაწეობის“ თაობაზე ქართულმა პოლიტიკამ არაფერი იცის. და რომ არ იცის, იმიტომ აცხადებს — ევროკავშირში ჩვენი კულტურით, ცხოვრების წესით უნდა შევიდეთ და გავამდიდროთ ევროკავშირიო.
როგორც ჩანს, ხუმრობენ! ევროკავშირში, რომ წევრი ქვეყნების ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს იზიარებდნენ, სხვა რეალობა იქნებოდა. ევროკავშირი გლობალიზმის მომხრეა — ერთმანეთთან გათანაბრებული წევრებით, რომელთა მთავარი მიზანი ეროვნულობის ნაცვლად, არაეროვნული მრავალფეროვნებაა, სქესობრივი თავისუფლება, ლგბტ-ობა, სქესის შეცვლა — მშობლების დაუკითხავად, 12-13 წლიდან, გეი-პარადების მოწყობა.
საქართველოში ჰგონიათ, რომ ლგბტ-ობა დროებითი მოვლენაა და თავისთავად ჩაივლის. სამარადისო არაფერია, ცხადია ჩაივლის, ისე, როგორც ჰიპობამ ჩაიარა, მაგრამ სწორედ მას მოჰყვა სექსუალური აღვირახსნილობა, სხვა უკუღმართობა, დღეს რომ ნორმალურ მსოფლიოს აწუხებს.
ლგბტ — იდეოლოგიაა, იმპერიალიზმის გამოგონება. ლგბტ — დასავლური პროპაგანდის გამოხატულობაა, სიტყვის თავისუფლებაა, პიროვნების თავისუფლებაა.
დღეს, ხშირად გვესმის გამოთქმა, განსაკუთრებით ქალთა მხრიდან — ჩემი ტანი, ჩემი საკუთრებაა, ე.ი. ჩემია და რაც მინდა იმას გავაკეთებო. ლგბტ-ობა — „ჩაილდ ფრი“ (childfree – უშვილო), ქართულად უბავშვო ცხოვრებაა — ქალთა სქესისთვის. ბავშვის ყოლა საჭირო არ არის, ვინაიდან პირადი ცხოვრების, სიამტკბილობის შემაფერხებელია.
ლგბტ-ობა შობადობის შემცირებაა. მსოფლიო 8 მილიარდი მოსახლის, 1 მილიარდამდე დაყვანაა. აი, სწორედ ამ იდეოლოგიის მიმდევარია ევროკავშირი, მისი ჭკუის დამრიგებელი აშშ-ს დემოკრატიული პარტია.
დღევანდელი ევროკავშირი ვერც გამართული ეკონომიკით დაიკვეხნის და ვერც სოციალური პირობებით. იაფ რუსულ გაზზე უარის თქმამ ევროკავშირის ეკონომიკა ისე დასცა ტატამზე, მრავალწლიანი კოტრიალი რომ ასცდება. აშშ-ა, ევროკავშირი, როგორც კონკურენტი ეკონომიკა გაანადგურა. აშშ-ა, ენერგეტიკული რესურსის გარეშე დარჩენილ ევროკავშირის, განსაკუთრებით გერმანიის მრეწველობას, ავტომშენებლობას ფართოდ გაუღო კარი, რითაც გაანადგურა გერმანიის ეკონომიკა.
ევროკავშირმა, ჩვენი გაგებით დემოკრატიულმა ორგანომ, არაკანონიერად ჩათვალა მისივე წევრი ქვეყნის, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, ვინაიდან მასში ოპოზიციონერმა გაიმარჯვა, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინას არ დაეხმარება არც სამხედრო თვალსაზრისით, არც ჰუმანიტარულით, რომ რუმინეთის ადგილი ნატოში არ არის და ა.შ.
როდესაც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად ჩვენზე ძლიერ რუმინეთს, რახანია ევროკავშირის წევრს ამას უბედავენ, საქართველოს რაღას უზამენ?
ნატო-ევროკავშირული ხიბლი — აბსტრაქტული, გაუმართლებელი, ქართული აზროვნებისთვის შეუთავსებელი, თუ არ მოვიშორეთ, საქართველოს კარგი არაფერი დაადგება.
გასაოცარი ხალხი ვართ, გვერდით გვყავს მეზობლები, მრავალპოლუსიანობის მომხრენი, ეკონომიკურად, სოციალურად აღმასვლისკენ მიმართულნი და მიუხედავად ამისა დაღმასვლადაწყებულ ევროპისკენ ვიყურებით — იქ გვინდაო, გავყვირით.
იქ გვინდაო — ყვირის ოპოზიცია და რაც ძალიან საკვირველია, ხელისუფლებაც. გაოცებს ხელისუფალთა ეს სურვილიც და განცხადებაც, რომ დასავლური, ევროპული „ომის პარტია“ ემუქრება საქართველოს რევოლუციით. ევროკავშირმა ხმამაღლა გამოაცხადა, რომ არჩევნები საქართველოს ხელისუფლებამ გააყალბა და ის უნდა წავიდეს. ხელისუფლება კი ჯიუტად აცხადებს — ევროკავშირში გვინდაო. ხელისუფლება, რომელიც დაბეჯითებით აცხადებს, რომ 2030 წელს ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს — საკუთარი თავის რეკლამაა თუ ოპოზიციის შიში, რუსოფილობა არ დამწამოსო?
პატივცემულო ხელისუფლებავ, გვითხარით რა გსურთ, საით უპირებთ ქვეყანას და ხალხს წაყვანას?!
დღევანდელი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე და „ბრიკს“-ის მოძლიერების გათვალისწინებით უმჯობესი იქნებოდა მრავალპოლუსიანობისკენ სვლა.
საქართველოს ესაჭიროება არა მარტო ახალი კონსტიტუცია, არამედ სახელმწიფოს ახალი მართვის სისტემა, უპირველეს ყოვლისა ეკონომიურობაზე გათვლილი. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ რეგიონის მართველობითი სისტემა უვარგისია. და უვარგისია უპირველესად იმიტომ, რომ 2 ინსტიტუტი, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული, ე.წ. გუბერნატორი და მეორეს მხრივ არჩეული მერი ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობს.
გუბერნატორი ვერაფერს დაავალებს არჩეულ მერს, ვინაიდან არჩეული არ მიიღებს ასეთ დავალებას, რაც მათ შორის კონფლიქტის შექმნის საბაბია. დღევანდელი მდგომარეობით, მერი და მერის აპარატი ფაქტიურად, ზედამხედველი გუბერნატორისა და მისი აპარატის გავლენას ვერ გრძნობს.
უსიტყვო შეთანხმებით ორივე მადიანად ჭამს რაიონს და თბილისიდან მიღებულ დაფინანსებას.
რაიონის, ქალაქის მართვისთვის საკმარისი იქნებოდა ცენტრის მიერ დანიშნული მერი და არა არჩეული. არჩეული შეიძლება იყოს საკრებულო. დიდი ქალაქების მერებს ხელისუფლება უნდა ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს თანამდებობიდან
მერმა უნდა იცოდეს, რომ პატარა გადაცდომის ან დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას გაათავისუფლებენ თანამდებობიდან.
მივადექით უაღრესად საპასუხისმგებლო საკითხს, თვით ხელისუფლების კომპეტენტურობას, პროფესიონალიზმს, საქმისადმი სერიოზულ და არა ზერელე დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, ასეთ ხელისუფლებას საქართველო კომუნისტების მმართველობის შემდეგ არ ღირსებია.
საქართველოში ფეხი გაიდგა ევროატლანტიკურმა სივრცემ, რომელმაც არა მარტო სახელმწიფო მართვის სისტემა დაგვინგრია, არამედ დარგობრივი სამინისტროები, განსაკუთრებით განათლების სისტემა, კულტურის სამინისტრო. არადა, ამ ორ საყრდენზე უნდა იდგეს ქვეყანა — განათლებაზე და კულტურაზე. არც ერთი არ და ვერ შეასრულებს საქმეს, მათ რომ ევალებათ — გაუნათლებლობის, უპასუხისმგებლობის, დასავლეთისადმი ტრფიალის გამო.
მასწავლებელმა, კოლეგებთან ერთად დაწვა პუშკინის წიგნი და ვიდეო-კადრი ინტერნეტში გამოაქვეყნა. მან თქვა, რომ რუსეთი ძულს. დარწმუნებული ვარ, ის მასწავლებელი დღესაც აგრძელებს პედაგოგიურ „მოღვაწეობას“, ოღონდ როგორის?
მრავალი წლის განმავლობაში კულტურის სამინისტროს იურისტი წულუკიანი ხელმძღვანელობდა — იურიდიული მეთოდებით და არა კულტურის სფეროსთვის საჭირო პროგრამით. შედეგი?
გაფიცული თეატრები. ოპერის თეატრის სოლისტების მიერ, ოპერის წინ, რუსთაველის პროსპექტზე ხალხური სიმღერის შესრულება მომიტინგეთა მხარდასაჭერად.
მინისტრობამდე, წულუკიანი, როგორც ჩანს არც ოპერისა და ბალეტის თეატრში ან სხვა დრამატულ თეატრში იყო ნამყოფი, თორემ მისი დამოკიდებულება თეატრების, მუზეუმების, ბიბლოთეკებისადმი ზედაპირული არ იქნებოდა.
კულტურის სამინისტრო ზერელედ უყურებს თბილისში არსებულ რუსულენოვან გრიბოედოვის სახელობის თეატრს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაქნილი „აფერისტი“, მამათმავალი, ლგბტ-ელი სვენტიცკი, ქართველთა და რუსთა მოძულე პიროვნება, რომელსაც სისტემატურად ჩამოჰყავს რუსეთიდან გაქცეული და რუსთმოძულე მსახიობები, მუსიკოსები მაკარევიჩი, გალკინი, სხვები, რითაც რუსეთის ხელისუფალთ აღიზიანებს და ორ ხალხს შორის ისედაც ჩაქცეულ ხიდს, საფუძვლიანად ანგრევს. სადამდის?!
საქართველოში სისტემატურად გვესმის თვითქება — ბრძენი, ნიჭიერი ხალხი ვართო. გადაჭარბებული ხომ არ არის საკუთარი თავის ქება?
სხვამაც რომ შეგვაქოს, თუმცა ასეთს ადგილი არ აქვს, მაშინაც კი არ უნდა შევიფეროთ, ობიექტურ შეფასებად არ უნდა მივიღოთ.
ჩინეთის უგვირგვინო ხელმძღვანელს დენ სიაოპინს აქვს ასეთი გამოთქმა ჩინეთზე და ჩინელებზე — „არ არის აუცილებელი ვიყვიროთ ლამაზები ვართ, როდესაც მახინჯები ვართო“. ამ სიტყვებით დენ სიაოპინმა გამოაფხიზლა ხალხი, რეფორმებიც ჩაატარებინა, რეფორმების მოწინააღმდეგეებიც ტანკებით დაარბია, რითაც წერტილი დაუსვა ჩინურ ლიბერალიზმს.
თანამედროვე ჩინეთი პირველია მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით. მას ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში — ყველა დარგში, ყველა სფეროში.
შევეშვათ თავის ქებას, შევეშვათ ქუჩაში ფურთხებას, ხელით ცხვირის წმენდას და წვინტლიანი ხელის ტანსაცმელზე შეწმენდას. ბრძენი ხალხი ასე არ იქცევა.
ბრძენმა ხალხმა 32 წლის განმავლობაში კარვების გაშლისა და მიტინგების მეტი ვერაფერი მოვიფიქრეთ. ბრძენმა ხალხმა დავანგრიეთ და დავწვით პარლამენტის შენობა. ბრძენი ხალხი დღესაც ვაპირებთ მის დაწვა-დანგრევას.
რა დაგვიშავა ქვაში, ხუროთმოძღვრებაში გასხეულებულმა წინაპართა გენიამ?
საქართველის ისტორია მარტო ქაღალდზე გადატანილი წარსული არ არის, ის ქვაშიც, ნაგებობაშიც არის ასახული. ისიც, ისეთივე სულიერია, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი. მასაც აქვს ტკივილის გრძნობა, როდესაც ფეხს, ჯოხს, ბლაგვ საგნებს ურტყამენ, მინებს უმსხვრევენ, ცეცხლს უკიდებენ.
ბრძენი ხალხი ვერ უნდა მიხვდეს, რომ შეტევა ისტორიულ ძეგლზე, შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ დაწვის სადარია?
ვერ ხვდება! და რახან ასეა, ბრძენთან კი არა, ბარბაროსთან გვაქვს საქმე — ბარბაროსებთან!!!
ვაშა, გაევროპელებულ საქართველოს!!!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
09/12/2024