30.12.2024

ბრძოლა პირადი კეთილდღეობისთვის

იყო ასეთი შავი ანეკდოტი — კახელმა ხელი მოიფშვნიტა და თქვა, ესეც ასე,  დაასაფლავა რა მეხუთე ცოლი.

ესეც ასე, ვამბობთ ჩვენ, საპარლამენტო არჩევნების და პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ. ყველაფერი რაღაც იმ გარდაცვლილი მეხუთე ცოლის ისტორიას ჰგავს, ახალი მოწვევის პარლამენტით — ერთი პარტიის ამარად დარჩენილით.

ოპოზიცია, რომელმაც საკმაო ხმები დააგროვა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან თვლის, რომ მმართველმა „ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა.

გააყალბა? — ეს კითხვა კარგა ხნის განმავლობაში შეგვაწუხებს, მაგრამ ნელ-ნელა წუხილი გაგვინელდება და ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, ისე, როგორც იმ კახელისთვის მეხუთე ცოლი ს დაკრძალვა.

ადამიანის  ბუნებაა ისეთი, ყველაფერს რომ ეჩვევა. ყველაზე უახლოესი ადამიანის გარდაცვალებას თუ ეჩვევა, „ოცნების“ მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ვერ შეეჩვევა?

გამარჯვებული „ოცნება“ აინუნშიც არ აგდებს ოპოზიციისა და მისი მომხრეების მოსაზრებას, ყვირილ-ჩხივილს და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც აყალიბებს, ისე, როგორც პარლამენტის სამუშაო ორგანოებს — კომიტეტების სახით და საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც ემზადება.

„ოცნებას“ სურს დღევანდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დეკემბრის ბოლომდე მოიშოროს თავიდან — 14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის არჩევით და ახალ წლამდე, 29 დეკემბერს ინაუგურაციის გამართვით.

პრეზიდენტს ისეთი წესით აირჩევენ, ყველასთვის რომ გაუგებარია — პარლამენტის დეპუტატებით, აფხაზეთისა და აჭარის უზენაესი საბჭოს წევრებით და ა.შ.

დიმპიტაური-დამპიტაური ქვეყანა ვართ, დიმპიტაურ-დამპიტაური პოლიტიკოსებით, კონსტიტუციონალისტებით, იურისტებით, ექსპერტებით. მაინც, ვის „გენიოსურ“ ტვინში გაჩნდა პრეზიდენტის ამდაგვარი არჩევა?!

ინაუგურაციაო რომ ამბობებ, ასეთ არჩეულს ეს სიტყვა არ შეეფერება. ამ გზით არჩეულმა პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე უნდა დადოს ფიცი, რომ შეასრულებს პარლამენტის დავალებას, ანუ „ოცნების“ პარტიის დავალებას და ირიბად ხალხის, თუმცა ხალხი მას არ ირჩევს.

ამერიკული ვარიანტი გადმოვიღეთო — ამბობენ „ოცნებელი“ ჭკუის კოლოფები, იქაც ხომ ხალხის მიერ არჩეული ხმოსნები ირჩევენ პრეზიდენტსო, ჩვენთანაც ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები აირჩევენ პრეზიდენტსო.

„ოცნებას“ თვალიც არ შეუვლია იმ დაძაბული ამერიკული საპრეზიდენტო მარათონისთვის, რომელმაც მოსახლეობის ყველა ფენა მოიცვა. რომ შეევლო, სხვაგვარად იტყოდნენ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მის ნათქვამს ხალხისთვის?

არც არაფერი. ხალხი „გამოიტანეს“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე კარადის ღრმა უჯრიდან, მტვერი გადაწმინდეს და უთხრეს, რომ მის სულთამხუთავ „ნაცებს“ დასჯის, თუ უჯრიდან გამოღებული დაუჭერს მხარს.

სხვა დაპირებას ადგილი არ ჰქონია. წინასაარჩევნო ხახვი, კარტოფილი, ფული — ადრინდელი არჩევნების მთავარი სტიმული, წელს არვის გახსენებია. ნაცვლად პროდუქტისა, „ოცნებამ“ ამომრჩეველს თავისი საქებარი ბუკლეტები ჩამოურიგა — ვითომ გაწეული მუშაობის შესახებ. კარტოფილიც კი არ გაიმეტა.

შედეგი?

ოპოზიციის მიერ დაგროვებული 40%. მაგრამ ეს შედეგი მარტო არჩევნების დღეს არ გაჩენილა. ის, 12-წლიანი „ოცნებური“ „მოღვაწეობის“ დროს გაჩნდა, როდესაც „ოცნება“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინ ამომრჩევლებს დაპირებების კორიანტელი დაახვია თავს. რა არ იყო იმ დაპირებებში, ყველას რომ კარგად გვახსოვს და დღესაც სიზმარივით ვიხსენებთ, როგორ გადაგვაგდო ივანიშვილმა და მის მიერ შექმნილმა პარტიამ.

დაბოღმილი ამომრჩეველი, საარჩევო ყუთთან რომ „ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოიქცეოდა, ფაქტია, რაზეც ანტიოცნებური 40%-იც მეტყველებს. ოპოზიცია და საზოგადოების საგრძნობი ნაწილი თვლის, რომ „ოცნების“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გაცილებით მეტია 40%-ზე, მაგრამ ცვლის ეს რეალობას?

არჩევნებამდე ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტმა ჯაბა ჟვანიამ, მოაზროვნე ახალგაზრდამ, რომელსაც ჭკუაც უჭრის და კალამიც, მკითხა არჩევნებთან დაკავშირებით — ვინ გაიმარჯვებსო, რაზეც უყოყმანოდ ვუპასუხე — მმართველი „ოცნება“ მეთქი. არ მოელოდა ასეთ პასუხს და ჩამეძია „ოცნების“ საარჩევნო რესურსის შესაძლებლობაში, რაზეც ვუპასუხე, რომ „ოცნებას“ დიდი ადმინისტრაციული რესურსი აქვს, რომლის სრული გამოყენება მას გამარჯვებას მოუტანს, თანაც დიდი ანგარიშით მეთქი.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საზოგადოება, ამომრჩეველი, მმართველ ძალას შეჩვეული და პოლიტიკურ პერიპეტიებში გაურკვეველი, მუდამ მხარს მმართველს დაუჭერს — შეჩვეული ჭირის ფილოსოფიით. ქართველი მიწიერია, მას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია და თვლის, რომ ამ კვერცხის მომცემი, თუნდაც ნახევრის, ხელისუფლებაა. ქართველ ამომრჩეველს ექსპერიმენტების თავი არ აქვს, რითაც ის ძალიან შორს არის ევროპელ ამომრჩევლისგან. არის თუ არა გასათვალისწინებელი არსებული რეალობა საქართველოს მოსახლეობის საარჩევნო აზროვნებიდან გამომდინარე?

უდავოდ, არის, მაგრამ ვინც უნდა გაითვალისწინოს, არც ამის თავი აქვს და არც სურვილი. ისიც ამ ხალხის წიაღიდან არის წამოსული. ასე რომ, არჩევნების შედეგით არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო, თუმცა უკმაყოფილოთა 40%, ბევრზე მეტყველობს, რამაც გავლენა უნდა იქონიოს გამარჯვებული პარტიის მუშაობაზე.

იქონიებს?

მომავალი არჩევნების დროს გამოჩნდება, შესაძლოა 40-%-ზე მეტი უარყოფითი მაჩვენებლით.

ამომრჩევლის 40%-ს მიერ „ოცნების“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს ოპოზიციისთვის მხარდაჭერას. ოპოზიცია, ისეთი რომ ყოფილიყო, რომლის იმედი შეიძლება ჰქონოდა ამომრჩეველს, მაშინ ოპოზიცია ჩამოაყალიბებდა მთავრობას. ოპოზიციის 40%-იანი შედეგი მისი კარგი მუშაობით ან მისდამი ნდობით სულაც არ არის გამოწვეული. ის, „ოცნების“ ცუდი მუშაობის შედეგია. ოპოზიცია, რომელიც უღიმღიმო, დაბალი პოლიტიკური გამოცდილების და დაბალი საერთო განათლების მატარებელია, მაგნიტივით ვერ მიიზიდავდა ამომრჩეველს.

ოპოზიცია, მხოლოდ დასავლეთზე მიმართული და ევროკავშირ-ნატოში შესვლის სურვილით ანთებული, ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილისთვის, თუმცა არცთუ უმნიშვნელოსთვის იქნებოდა სასურველი, გამარჯვებულის ამპლუაში. დანარჩენისთის ის ჯერ-ჯერობით საფრთხობელოა — ლგბტ-ობიდან და სხვა უკუღმართობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ოპოზიცია, რომელიც ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სიტყვასაც არ ძრავს, ნაკლებად მიმზიდელია ამომრჩევლისთვის.

ოპოზიცია, რომელიც ევროკავშირში და ნატოში შესვლისთვის მზად არის, მზად არის ასევე დაკარგოს შემორჩენილი სუვერენიტეტიც, ცხადია მცირე ნაწილი, დიდი — კარგა ხანია დაკარგული აქვს ქვეყანას. მიზანი მარტივი — საკუთარი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, იმ ორგანიზაციებში მუშაობით.

 იმ ორგანიზაციებში გაწევრებული საქართველო ის ტრამპლინი გახდება, რომელიც შორ მანძილზე გადახტომის შანსს მისცემს ევროპული ცხოვრებით დახარბებულ ოპოზიციონერებს.

პატივცემულო, უფრო სწორად ნაკლებად პატივცემულო ოპოზიციავ, შორ მანძილზე გადახტომამდე, ცოტა ხალხზეც იფიქრეთ, მის სოციალურ ყოფაზე, მსყიდველობით უნარიონობაზე, გაძვირებულ კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარებლის საქონელზე, სამედიცინო უზრუნველყოფაზე, მომსახურეობის სფეროზე და სხვა მრავალზე, ამომრჩეველს რომ აწუხებს და არა იმაზე, ხელისუფლება პრორუსულია თუ არა.

ოპოზიციამ ზემომოყვანილით თავი ვერ გაგვაცნო, ანუ არსებული საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის ბრძოლით და რახან ასეთს ადგილი არ ჰქონდა, და როგორც ჩანს არ ექნება, ხელისუფლება — საკუთარი გადაწყვეტილებების სამართლიანობაში დარწმუნებული, გვამცნობს ხელფასების მომატებას პარლამენტარებისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, საჯარო სამსახურის მუშაკებისთვის — საშუალოდ 12-15000 ლარამდე, ზოგ შემთხვევაში მეტით, მომავალი წლის იანვრიდან.

რატომაც არა?!

თუ კრიტიკოსი არ ჰყავს ხელისუფლების პროექტს, პროექტი გადაიქცევა რეალობად. სამწუხაროდ არც ერთ ეკონომისტს, ექსპერტს არ გამოუთქვამს თუნდაც წამიერი, დასაბუთებული პროტესტი, თუნდაც მარტივი ჭეშმარიტება, რომ მმართველთა ხელფასების მომატება,  ფასების ზრდას გამოიწვევს და 800-ათასიანი პენსიონერის არსებობის, თუ არა ცხოვრების, სერიოზულ გაუარესებას. როგორც ჩანს, ოპოზიციაც ისეა დაპურებული, როგორც ხელისუფლება, თორემ მაღალი ხელფასის გულისთვის მაინც შევიდოდა პარლამენტში.

ოპოზიცია პროტესტის ნიშნით უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, რაც ჩემის აზრით დანაშაულია ქვეყნის და ამომრჩევლის წინაშე. პარლამენტში შესვლით ოპოზიცია ვერ შეუშლის „ოცნების“ უმრავლესობას რიგითი კანონების მიღებაში, მაგრამ საკონსტიტუციოში ხომ შეუშლის. არა თუ შეუშლის, აიძულებს ისეთი კანონი მიიღოს, ქვეყანას და მის ხალხს რომ წაადგება.

ოპოზიცია ნაცად გზას მიჰყვება — პროტესტის, რამდენი ასეთი ვიხილეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში — გაბუტული ოპოზიცია — პარლამენტის მუშაობის დასაწყისში, შემდეგ ბუტიაობის დავიწყება, ურცხვად და პარლამენტში შესვლა.

პარლამენტართა კეთილდღეობაზე უარის თქმა, მითუმეტეს მომატებული ხელფასების ფონზე, მოჩვენებითი პრინციპულობის დამანგრეველია. ოპოზიციონერთა „პრინციპულობის“ თაობაზე გათვითცნობიერებული ხელისუფლება, სასოწარკვეთილობის ნაცვლად, დინჯად აგრძელებს მუშაობას და სულაც არ ჰგონია, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია.

30 წლის განმავლობაში, ოპოზიცია რომ კარვების, მიტინგების, ბუტიაობის მეტს ვერ მოიფიქრებს, საგანგაშოა, როგორც ქვეყნის, ისე ხალხის დღევანდელი და ხვალინდელი ცხოვრებისთვის, ვინაიდან დაშორებულია დემოკრატიის ანბანისგან.

არჩევნები, რომ გაყალბდა — ოპოზიციის მიხედვით, მათი სუსტი მუშაობის გამომხატველია. ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება. საარჩევნო კამპანიის დროს არ იარა კარდაკარ; არ გაამახვილა ყურადღება მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხებზე, სოციალურ ვითარებაზე; არ აუხსნა საზოგადოებას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რას მოიმოქმედებდა —  „ოცნების“ მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამოსასწორებლად.

გამძღარ ოპოზიციას, ამომრჩეველიც გამძღარი ჰგონია. ოპოზიციაც ისეა დაშორებული ხალხისგან, როგორც ხელისუფლება. ასე რომ, მისთვის (ხალხისთვის) არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებაში ვინ იქნება — ვაშაძე თუ კობახიძე. მითუმეტეს ვაშაძე, რომელიც ტელეეთერში ჟურნალისტ ფარულავას ეთანხმება, რომ მას „ყ…“ უძახდნენ მეტსახელად. ამ სახელმა, დროთა განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა — მოფერებით „ჭუჭუზე“, შემდეგ „ჭიჭეზე“. პოლიტიკოსი, რომ საკუთარ თავს „ყ…“ უწოდებს, როგორღა გახდება ამომრჩებლისთვის საყვარელი, პატივსაცემი კანდიდატი?

ოპოზიციის საყურადღებოდ, პოლიტიკოსობა არ ნიშნავს გარეგნულ სიმახინჯეს, არც შინაგანს ნიშნავს. გარეგნობას აქვს მნიშვნელობა. სიმპათიური გარეგნობის მქონე პოლიტიკოსი ხალხის ყურადღებას იპყრობს; შემდეგ მოდის პოლიტიკოსის გონებრივი შესაძლებლობების შეფასება, მუყაითობა, შრომისუნარიანობა, განათლება და ა.შ.

ფიზიკურად, ანუ ფასადურად ნაკლებად მიმზიდველი პოლიტიკოსი თავის ცოდნით, შრომით, პატრიოტიზმით ახდენს კომპენსაციას. პოლიტიკაში ჩახედულთ ემახსოვრებათ თურქეთის პრეზიდენტი თურგუტ ოზალი, არცთუ სახარბიელო გარეგნობის მქონე, მაგრამ ბრწყინვალე ეკონომისტი, ფინანსისტი, პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო თანამედროვე თურქეთის კრიზისიდან გამოყვანა; თურქი გენერლების ხელისუფლების ხელში ჩაგდების ავადმყოფობისგან ქვეყნის განკურნება.

ავიღოთ მეორე მაგალითი. რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი, რომელიც სიმპათიური გარეგნობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობამ, სპორტისადმი სიყვარულმა — ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის სახით, თვითგანათლებამ, ეკონომიკის, ფინანსების დარგში, მუყაითმა შრომამ, სამაგალითო პოლიტიკოსი გახადა არა მარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოში.

პუტინი, უცხოელ კოლეგებთან შედარებით, ყველაზე გამოცდილი და მცოდნე პოლიტიკოსია და აქედან გამომდინარე ყველაზე სიმპათიურიც.

პოლიტიკოსობა, პროფესიაა და ის ყოველდღიურ შრომას მოითხოვს; ყოველდღიური განათლების მიღებას და არა მარტო პოლიტიკაში, ხელოვნებაში, კულტურაში, მწერლობაში.

ვინც სტალინის მოღვაწეობას იცნობს, კარგად ეცოდინება სტალინის, როგორც უცხოელ, ისე საბჭოთა მწერლებთან საუბრების შინარისი. მისი სიღრმისეული ცოდნა, სტუმრად მყოფი მწერლების შემოქმედების. სტალინი სისტემატურად კითხულობდა, როგორც საბჭოთა მხატვრულ ლიტერატურას, ისე უცხოურს. ესწრებოდა, როგორც დიდი თეათრის, ისე სხვა დრამატული თეატრების სპექტაკლებს, უყურებდა კინოფილმებს.

სტალინი მრავალმხრივ განათლებული, მცოდნე ადამიანი იყო. ასეთ პოლიტიკოსს ხალხი გაჰყვებოდა და გაჰყვა კიდევაც არა მარტო ინდუსტრიალიზაციის, დანგრეული ქვეყნის, ჩამორჩენილის აღდგენის საქმეში, არამედ სამამულო ომის დროს ფაშიზმთან ბრძოლაში. ლოზუნგი — „ზა როდინუ, ზა სტალინა!“ („За Родину, за Сталина!“) კომუნისტური პროპაგანდის გამოვლინება იყო თუ ხალხის მიერ სრული სიგრძე-სიგანით გაზიარებული სინამდვილე?!

დღევანდელ წვრილფეხა უცხოელ პოლიტიკოსებს სტალინობას ვერ მოვთხოვთ, ვინაიდან სტალინი და მისი მსგავსნი საუკუნეთა განმავლობაში თითო-ოროლა იბადებიან, მაგრამ ღრმა კვალს ტოვებენ მსოფლიო ისტორიაში. მითუმეტეს ვერ მოვთხოვთ ქართველ „პლიტიკოსებს“ მომხმარებლობაზე მიმართულებს.

კაპიტალიზმის, მისი უმაღლესი საფეხურის, იმპერიალიზმის თვისება ისეთია — მდიდარმა, ზომაზე მეტად გამძღარმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა, უმდიდრესი ადამიანების ვიწრო წრემ, აიძულოს ყველა, არ იაზროვნოს, არ ისწავლოს, შეიძინოს მომხმარებლური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თვისება — რობოტად  გადაქცევა, თავაუღებელი მუშაობა, ჭამა, მონელება და არავითარი აზროვნება.

ვისაც უნახავს ჩარლი ჩაპლინის გენიალური ფილმი „ახალი დროება“, გაიგებს ჩემს ნათქვამს. ახლაც თვალწინ მიდგას ჩაპლინის მიერ განსახიერებული გმირი — „ახალი დროების“, ცხადია იმჟამინდელის მსხვერპლი, რომელიც ჩარხზე მუშაობს და დრო რომ არ დაკარგოს შესვენებაზე, სადილზე, რობოტი პირში ტენის საჭმელს.

ამერიკელმა კეთილისმსურველმა ჩვენც ხომ მომხმარებელ-მომნელებელ ქვეყნად გვაქცია?!

არა განათლება, არა ისტორია, არა ტრადიციები, არა მეცნიერება — ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა და ამჟამინდელი აზროვნებიდან — მომთხოვნელურიდან გამომდინარე აღარასდროს დაბრუნდება.

ჩვენც ეს გვინდა — თავის შეუწუხებლად, ტვინის ჭყლეტის გარეშე გაპარლამენტარება, გამინისტრება, გაპრეზიდენტება. მომავალი პრეზიდენტის შემხედვარე, მოდით და დააჯერეთ ახალგაზრდა, რომ პოლიტიკოსისთვის, და არა მარტო, ყველასთვის სწავლა-განათლება აუცილებელია; რომ გაუნათლებელი „ნაჩალნიკი“ გვერდით განათლებულს არ დაისვამს. გაიხსენეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის საკადრო გადაწყვეტილება — შს მინისტრად გაუნათლებელი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით — „თალიბანი“ ადამიანი რომ ეგონა.

არც დღევანდელია მცოდნე და განათლებული, მაგრამ რაც „ოცნების“ დამფუძნებლისთვის არის აუცილებელი — მონააა მისი, ისეთივე ერთგული, როგორიც „ოცნებელი“ პარლამენტარი კახაძე, ხელს რომ უკოცნიდა ივანიშვილს პარლამენტის დარბაზში — ზემოდან, ქვემოთ. კახაძე იდგა, ივანიშვილი იჯდა. შებრუნებით რომ ყოფილიყო, კახაძე ფეხზე მდგარ, ივანიშვილს ტანის რა ნაწილს დაუკოცნიდა? ცხადია მჯდარი პოზიციიდან, მდგარის სხეულის ქვედა ნაწილს.

ქართული პოლიტიკური ფენა — გაუნათლებელი, უთავმოყვარო მომხმარებლური  — უპირველეს ყოვლისა, არ იმსახურებს მინიმალურ პატივისცემასაც საზოგადოების მხრიდან. ამ შემთხვევაში საზოგადოება უფრო პროგრესიულად მოსჩანს. ამ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება იერარქიული საფეხურის ქვემოთ არის, მაგრამ რა იქნება, თუ ის გააკვარახჭიანებს საქმეს და ღმერთის არეალში მოხვდება, ანუ ივანიშვილის?

ჩემის ღრმა რწმენით, ისიც ისეთად გადაიქცევა, როგორც იერარქია!

მიხეილ ჯავახიშვილისა არ იყოს — ასე იცის ჯაყომა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

29/11/2024