21.12.2024

2022 წლის თებერვალი — მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დასაწყისი

თანამედროვე მსოფლიო ვითარებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ შედარებით მშვიდი ცხოვრება, 2022 წლის 23 თებერვლის შემდეგ, ისტორიას ჩაბარდა. 2022 წლამდე არსებული მდგომარეობაც არ იყო უხიფათო ცხოვრების გამომხატველი, მაგრამ დღევანდელთან შედარებით, მოწმენდილი, უღრუბლო ცა იყო, მიუხედავად აქა თუ იქ არსებული საომარო კერებისა, ტერორისტული აქტებისა, სისხლიანი დაპირისპირებისა.

ეს, რაც შეეხება მსოფლიოს, დიდთა ფარულ თუ ღია ჭიდილს, სიტყვიერ შეხლა-შემოხლას — მშვიდობა იყო გლობალური, ვერვინ იფიქრებდა მოკრიალებული უღრუბლო ცა ასე უცბათ, მოულოდნელად შავი ღრუბლებით დაიფარებოდა — წარღვნის მომასწავებელი შავი ღრუბლებით.

რაც შეგვეხება ჩვენ — 33 წლის განმავლობაში ერთი დამშვიდებული დღე არ გვქონია: თბილისის ომი, ე.წ. ეროვნული ხელისუფლების დამხობა; ცენტრისა და ავტონომიების სისტემატური კინკლავი; ისევ ომი, ცხინვალის ომის სახელით ცნობილი; ავტონომიების დაკარგვა; საქართველოს ტერიტორიების საგრძნობი შემცირება; დემონსტრაციები, მიტინგები, ქ.თბილისის ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა, პროტესტანტებისა და პოლიციელთა შეტაკებები;  ისევ მიტინგები, კარვები, „პატრიოტული“ ლოზუნგები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, …

 საქართველო, ყოფილ საბჭოთა სივრცეში გამორჩეული ქვეყანაა, როგორც ჩვენმა „სტრატეგიულმა პარტნიორმა“, აშშ-ა გვიწოდა „დემოკრატიის ლამპარი“. მას შემდეგ, რაც ეს სასიამოვნო შეფასება მოვისმინე, სისტემატურად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას — შეფასება გულწრფელი იყო თუ არა, ავანსად ხომ არ იყო ნათქვამი, ვინაიდან რაც აქ ხდებოდა, ახლოსაც არ იყო დემოკრატიასთან. აი, რაც შეეხება ბრიყვულ დიქტატურასთან, სააკაშვილისეულთან არათუ ახლოს, ჩახუტებული იყო.

სააკაშვილის მმართველობის დროს გაჟღერებული შეფასება, როგორღა უნდა ყოფილიყო დემოკრატიის სადარი?

ჩვენმა მამა-მარჩენალმა კარგად იცოდა სააკაშვილის დემოკრატიულობის თაობაზე, მაგრამ მას აწყობდა სააკაშვილის დიქტატურა, ვინაიდან ის არა მარტო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ აშშ-ს მეტოქის რუსეთის. აშშ-სთვის ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა ფაშისტურია, ნეოფაშისტური ან დიქტატორული — დემოკრატიულია, წმინდაა, როგორც ნაკადული — ასეთია ამერიკული მიდგომა დემოკრატიისადმი.

საქართველოს მოეწონა ამერიკელთა შეფასება. მოეწონა?

მოეწონა კი არა, სიხარულით ლამის ტანსაცმლიდან ამოხტა და ისეთი თავდავიწყებით გადაეშვა „ნამდვილი დემოკრატიის“ ჭაობში, რომ სიტყვა „სუვერენიტეტი“ ფეხებზე დაიკიდა.

33 წელია გვესმის სიტყვები „თავისუფლება“, „დემოკრატია“, „სუვერენიტეტი“, გვესმის, მაგრამ ვერ გაგვიგია მათი მნიშვნელობა. ამ სიტყვებს ერთიც უნდა დავუმატოთ — „სიტყვის თავისუფლება“ და სიტყვათა კვარტეტი, აშშ-ს მიერ სისტემატურად გამოყენებული საკუთარი თავის დასახასიათებლად, სრული სიგრძე-სიგანით დაგიდგებათ თვალწინ და არა მარტო დაგიდგებათ, თვალსაც დაგიყენებთ.

აშშ-ი რომ შეგაქებთ — „დემოკრატიის შუქურა“  ხარო, საწინააღმდეგოზე უნდა იფიქრო, ვინაიდან თვით აშშ-ს დემოკრატია მეტოქეობას თუ გაუწევს ჰაიტიზე არსებული მამა-შვილის დიუვალიეების დიქტატურას, კარგა ხანია პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლილს. დიუვალიეების ჰაიტი და აშშ-ს მოჩვენებითი დემოკრატია, როგორც ამერიკელები ამბობენ ერთმანეთს „სოულ კისით“ (Kiss of the soul), რუსულად „ზასოსით“, ქართულად „ტუჩებში ღრმა კოცნით“ იყვნენ გასხეულებულნი.

რაღა დიუვალიე  — ავიღოთ ნეოფაშისტური უკრაინა და მისი ბანდერული ხელისუფლება, ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკით, მისი მეუღლით, უკრაინელი ბავშვების ვაჭრობით სახელგანთქმული ელენეთი დაწყებული და ნებისმიერი მოხელით დამთავრებული, კორუფციაში ყელამდე ჩაფლულით.

დემოკრატიულ ამერიკას, თუ ის მართლაც დემოკრატიულია, რა კავშირი უნდა ჰქონდეს უკრაინასთან? არც არაფერი! მაგრამ, რომ აქვს?

ბაიდენის ადმინისტრაციამ მილიარდობით დოლარი დააყარა კორუმპირებულ უკრაინას და რუსეთის წინააღმდეგ მომართა.

რა მიიღო უკრაინამ?

დანგრეული ქვეყანა, დანგრეული მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სოციალური ყოფა, მსხვერპლი. დასავლური წყაროების მიხედვით, რუსეთთან ომში 780 ათასი უკრაინელი „ბოევიკია“ დაღუპული, 11 მილიონი — გაქცეული ევროპის ქვეყნებში, 11 მილიონი — რუსეთში. უკრაინის მოსახლეობა 19 მილიონამდეა შემცირებული. ომს ბოლო არ უჩანს, ვინაიდან აშშ-ს და ზელენსკის არ სურთ მოლაპარაკება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ საჯაროდ განაცხადა — პირველად ვნახე ქვეყნის მეთაური, რომელსაც ომის დამთავრება არ სურსო. იკითხავთ — რატომ?

ომის დამთავრებას მოჰყვება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ზელენსკი ვერ გაიმარჯვებს. ომის გახანგრძლივება არის ზელენსკის გამარჯვება, ისე, როგორც აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, რომელიც ზელენსკისთვის მისაწოდებელ იარაღს ამზადებს.

დასავლური მედიის მიხედვით, ზელენსკი დღიურად 300 მილიონ დოლარს იღებს ომის გასახანგრძლივებლად. უკრაინაში მიმდინარე ომით ორივე მოგებულია — ზელენსკიც და აშშ-იც. წაგებული — ქვეყანა და მისი ხალხია, მაგრამ ვის აწუხებს ეს?

დემოკრატიულ ამერიკას უდავოდ — არა!

უკრაინის მაგალითის შემხედვარემ, თუ მას ჭკუის ნატამალი აქვს, არც აშშ-ი და არც მისი ვასალი ევროპა არ უნდა მიიჩნიოს დემოკრატიის გარანტად, მითუმეტეს სუვერენიტეტის.

აშშ-ი არჩეული პრეზიდენტის, ტრამპის მიერ სახელმწიფო თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, განხილვის, ახალი პოლიტიკის მოლოდინშია. მაღალი თანამდებობების მომავალი მფლობელების განცხადებებს თუ მივაქცევთ ყურადღებას, დავინახავთ რა დემოკრატიაა აშშ-ი. მომავალნი, ხმალამოღებულები აპირებენ ბრძოლას, უფრო სწორად ომს იმ დამპალი, ტოქსიკური დემოკრატიის წინააღმდეგ, ამერიკაში რომ არის.

ისმენ, უყურებ ამერიკულ სინამდვილეს და გიკვირს რა და ვინ გვაძალებს გავაგრძელოთ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის უკანალში ძრომა?

ევროკავშირი რომ უძვრება, გასაკვირი არ არის, ვინაიდან აშშ-სადმი მონობა მას სისხლში აქვს გამჯდარი, უფრო სწორად მე-2 მსოფლიო ომის დასასრულიდან, როდესაც „მარშალის გეგმის“ განხორციელებას შეუდგა ვაშინგტონი დანგრეულ ევროპაში.

გეგმამ ფეხზე დააყენა ევროპა და ისე მიაწება აშშ-ზე, რომ მისგან მოწყვეტა შეუძლებელია.

ევროპამ მიიღო მომხმარებლური პოლიტიკა, მაგრამ დაკარგა სუვერენიტეტი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი, აშშ-ს ვასალი კავშირია, აშშ-ს ნებისმიერი სიტყვის ჰაერშივე დამჭერი და შემსრულებელი.

ევროკავშირი, ისე, როგორც დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერდა დემოკრატებსა და მათ კანდიდატ კამალა ჰარისს, კატეგორიული წინააღმდეგი იყო ტრამპის გაპრეზიდენტების, გარდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა. არ გაუმართლდა.

თვალი გადავავლოთ ევროპელი ლიდერების განცხადებებს, გაკეთებულს აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონის დროს. რა გულმოდგინედ ლანძღავდნენ ტრამპს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ტუსკმა მას გასულ წელს რუსეთის აგენტიც უწოდა. ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს მან განაცხადა — აშშ-ს სპეცსამსახურების გამოძიების მიხედვით, რუსეთის სპეცსამსახურმა ტრამპი გადაიბირა მოსკოვში ყოფნის დროს.

ტუსკმა გააკრიტიკა პოლონეთის იმჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს, რესპუბლიკელების მიმართ გაცილებით უკეთ იყო განწყობილი, ვიდრე დემოკრატების. ტუსკის 2023 წლის განცხადებით, ტრამპი რუსეთის აგენტია.

რა გვაქვს დღეს, ტრამპის საპრეზიდენტო გამარჯვების შემდეგ?

რა განცხადება გააკეთა ტუსკმა? ჟურნალისტის შეკითხვაზე — არის თუ არა განსხვავება ტუსკის 2023 წლის განცხადებასა და დღევანდელ განწყობას შორის?

ტუსკმა უპასუხა, რომ მას არასდროს უთქვამს ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება.

არანაკლებ დასაფიქრებელია ქართველი პოლიტიკოსებისთვის ევროკომისრის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის ტრამპისთვის გამარჯვების მისალოცი წერილის შინაარსი, სადაც ქალბატონი ურსულა სთხოვს ტრამპს რუსული გაზის სანაცვლოდ ევროპას მიაწოდოს იაფი ამერიკული გაზი.

ურსულა, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონის მიმდინარეობის დროს აუგად მოიხსენიებდა ტრამპს და რესპუბლიკელებს, მხარს უჭერდა კამალა ჰარისს, უცბათ მოლბა ტრამპის მიმართ, პოლიტიკა შეიცვალა და გასაპნული თავით დაიწყო ტრამპის უკანალისკენ მოძრაობა.

ურსულას გაგებით, გაზის თემა ისეთია, ტრამპს რომ ესიამოვნება, ვინაიდან მისი პრეზიდენტობის დროს წამოაყენეს წინადადება ევროპისთვის რუსული გაზის ნაცვლად ამერიკულის მიწოდებასთან დაკავშირებით, 3-ჯერ ძვირად, რუსულ გაზთან შედარებით.

ყველა ევროპელი ლიდერის სამარცხვინო განცხადებები, ტრამპის მიმართ გაკეთებული, უდავოდ მაგალითია ქამელეონობის, ძალის წინაშე თავის დახრის, ადრინდელი ტრამპსაწინააღმდეგო პოლიტიკური ნაღმების, ტრამპსასიამოვნო ლოკვით შეცვლის.

ევროპელ ლიდერთაგან, მამლების ჩხუბში გამარჯვებულივით თავაწეული, ბიბილოაწეული დაიარება ტრამპის მეგობარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ტრამპის გამარჯვებამდე ბრიუსელის მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული, დღეს ყველა ევროპელი ლიდერისთვის მისაღები, ჩასახუტებელი პერსონა.

საყურადღებოა მისი განცხადებაც — 500 წლის განმავლობაში ჩვენ რომ ვყვიროდით, ყველაზე ლამაზები და ჭკვიანები ვართ, დღეს არ გამოგვადგება, ვინაიდან 21 საუკუნე ევრაზიისა იქნება, იმ ქვეყნების, რომლებმაც თავი დააღწიეს ევროპულ კოლონიალიზმს, თანამედროვე ნეოკოლონიალიზმს.

ევროპაში მდებარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს იმას, რომ ევროპა, ის აღარ იქნება, რაც იყო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო აცხადებს — ევროპა გახდა ბებერი, სამუზეუმო ექსპონატი. გაიგეთ, ჩვენო ე.წ. პოლიტიკოსებო?

თვით ევროპელებს, აშშ-ს მიერ ვასალებად ქცეულებს, სუვერენიტეტდაკარგულებს აქვთ ნიჰილისტური განწყობა საკუთარი კონტინენტის მიმართ, თქვენ პირიქით, ბებრისკენ მიგიხარიათ. თქვენ, თავისუფლად შეგიძლიათ წაბრძანდეთ ევროპაში, აშშ-ი, მაგრამ შეეშვით ხალხს, ახალგაზრდებს. ნუ მოუწოდებთ მათ იბღავლონ — „ევროპა გვინდა!“ ნუ აბღავლებთ მათ, რომ რუსეთი ჭაობია და საშინელებაა; რომ რუსეთი იგივე საბჭოთა კავშირია და ა.შ.

თქვენ აგინებთ საბჭოეთს და აგინებთ სხვისი ბრძანებით. თქვენ აგინებთ თქვენსავე ისტორიას, უახლოეს წარსულს, რომელმაც გაგზარდათ, გაჭამათ-გასვათ, უფასო განათლება მოგცათ, ისე, როგორც ცხოვრების პირობები. თქვენ აგინებთ წარსულს, რომელმაც აგიშენათ საცხოვრებელი სახლები, ქალაქები, სოფლები, დაგიგოთ გზები. და აგინებთ იმიტომ, რომ ვიღაც გადამთიელს გული მოულბოთ?!

გონგამოცლილობა ჰქვია ამას, უფრო სწორად უმადურობა.

რუსეთში არის ასეთი ფორმატი —„ვალდაის ფორმატი“, რომლის დროს მსოფლიოს პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, ისტორიკოსები, ექსპერტები თავიანთ შეხედულებებს აცნობენ ერთმანეთს — პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, სხვა საჭირბოროტო თემებზე.

კლუბის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს მასში მონაწილეობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა, რომელმაც თავის მოხსენებაში თქვა  არ მინდა დავუბრუნდეთ 2022 წლამდე არსებულ პერიოდსო.

2022 წლის თებერვალი რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების წელია. ომში გადაზრდილი სპეცოპერაცია, დღესაც გრძელდება. დასასრული არ ჩანს, ვინაიდან ომის დასრულება არ სურს აშშ-ს და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საომარ თეატრად ქცეულ უკრაინას.

ომი მარტო ნგრევა და მსხვერპლი არ არის. ხელმრუდე, ხარბი ხელისუფლებისთვის ომი დიდი შემოსავალია, ხელისუფლების ჯიბისთვის. ომის დასრულებასა და მოლაპარაკებაზე საუბრობს ყველა, ვისაც მშვიდობა სურს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც დასავლეთი და მისი დაძალებით ყველა, აგრესორად თვლის. არადა სპეცოპერაცია ხომ სწორედ დასავლეთის გაუმაძღარობით იყო გამოწვეული?

კოლექტიურმა დასავლეთმა, რომელმაც თითქმის ამოწურა თავისი რესურსები და სხვისიც, საკუთარი კეთილდღეობისთვის, ისევ რუსეთისკენ გაიხედა. გაიხსენა რა ძველი ისტორია, მაგრამ არასრულად.

სრულად გახსენების შემთხვევაში, ყველაფერი თუ არა, 2 აგრესიული „გამოხდომა“ რუსეთის მიმართულებით უდავოდ გაახსენდებოდა.

ორივე შემთხვევაში ევროპამ უმძიმესი დარტყმა იგემა, ჯერ ნაპოლეონის, შემდეგ ჰიტლერის სასტიკი მარცხით. თუმცა ანტირუსული პოლიტიკა მას არც დამარცხების შემდეგ შეუცვლია, არც მიზანი — რუსეთის დაქუცმაცების და მისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდების.

ოფიციალური გამოთვლით, რუსეთის წიაღისეული სიმდიდრე 75 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც მაგნიტია, დასავლეთს რომ იზიდავს.

რუსეთისთვის წყლის შესაყენებლად დასავლეთმა უკრაინა შეარჩია, ვინაიდან მის ანტირუსულად მოქცევას ნაკლები ხარჯები ესაჭიროებოდა. თვით ამერიკელთა განცხადებით, გადაგვარებისთვის 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

ფულმა შედეგი გამოიღო — მაიდნის რევოლუციის სახით, დონბასის ომით, მასში რუსეთის ჩართვით. იყო მოლაპარაკებები ომის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. და უშედეგოდ იმიტომ, რომ დასავლეთს არ აწყობდა ომის დასრულება. იყო ტყუილი, იყო ფარისიველური ღიმილი, ზურგზე ხელის მოთათუნება და იყო ტყუილი, რომლის უკან დასავლური სიხარბე იდგა.

2022 წლის თებერვალმა კარდინალურად შეცვალა მსოფლიო ვითარება. რუსეთმა, რომელმაც დაიწყო სპეციალური ოპერაცია, დასავლეთისადმი ნაკლებად აგრესიული განწყობის ტვირთი მოიხსნა და სუვერენიტეტის პრინციპებისადმი კატეგორიული დამოკიდებულება გამოავლინა.

რუსეთმა გაიგო, რომ დასავლეთთან ურთიერთობა მხოლოდ ძალის დემონსტრირებით არის შესაძლებელი. და რახან ასეა, გაამკაცრა ბირთვული დოქტრინა, ახალი ბალისტიკური რაკეტა დაატეხა თავს უკრაინას, ბგერაზე 10-ჯერ სწრაფად მფრენი, ისეთი, როგორიც დასავლეთისთვის ჯერ-ჯერობით სანატრელია და რომელსაც ვერც ერთი რაკესაწინააღმდეგო სისტემა ვერ გაანადგურებს.

თანამედროვე შეიარაღების თვალსაზრისით, რუსეთი გაცილებით დახვეწილია, ვიდრე აშშ-ი. არის თუ არა აღნიშნული, ჩვენი პოლიტიკოსების მიერ გასათვალისწინებელი?

ვგონებ, კითხვის დასმაც უხერხულია.

2022 წლის თებერვლის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა და შეიცვალა არა კოლექტიური დასავლეთის სასარგებლოდ. შეიცვალა არა კოლექტიური დასავლეთის ლიდერის, აშშ-ს სასარგებლოდ. ერთი ქვეყნის მიერ ხელში ჩაგდებული მსოფლიო ჰეგემონობა, ერთპოლუსიანობა, მრავალპოლუსიანობით იცვლება. და რომ იცვლება,  ნათლად გამოჩნდა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც ბრაზილიაში გაიმართა. დასავლეთმა ვერ შეძლო დასკვნით დოკუმენტში რუსეთის საწინააღმდეგო მოსაზრების დაფიქსირება.

ქართული პოლიტიკა და მისი გავლენით საქართველოს მოსახლეობა — მოძველებული აზროვნებით, გაუნათლებლობით და სხვა ნეგატიური თვისებით ისევ ევროპისკენ იყურება. ისევ იქითკენ მიუწევს გული, ცხადია არა საქმით, შრომით, არამედ კარვების გაშლით, მიტინგებით.

საქართველოს მოსახლეობას პრიმიტიულად ატყუებენ — ევროკავშირში რომ შევალთ, იქაური ხელფასები და პენსიები გვექნებაო.

საეჭვოა, რომ გვქონდეს, ვინაიდან იქაური სოციალური ვითარება ნაკლებად სახარბიელოა.  

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

25/11/2024