27.12.2024

დემოკრატობანა

გახსოვთ ალბათ, ბერტოლტ ბრეხტის შედევრი „კავკასიური ცარცის წრე“ და ასევე შედევრალური სპექტაკლი, დადგმული გენიალური ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას მიერ — რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში.

 სპექტაკლის გენიალობა განაპირობა იმჟამინდელი თეატრალური ხელოვნების და არა მარტო, წარმომადგენლების, მსახიობების შესანიშნავმა თამაშმა.

სპექტაკლში იყო ასეთი სცენა — მთავარი გმირის, რომელსაც რამაზ ჩხიკვაძე ასრულებდა, განცხადება — „ომი დამთავრდა, გეშინოდეთ ომის“.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მკარნახობს ჩემებურად მოვარგო არსებულ ვითარებას, რისთვისაც გთხოვთ ნუ დამძრახავთ — „არჩევნები დამთავრდა, გეშინოდეთ არჩევნების“.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვატარებდით ყველა სახის არჩევნებს, რაც მისასალმებელია, მაგრამ ყოველი არჩევნების ჩატარების შემდეგ გვიჩნდებოდა კითხვები, გადასული პროტესტში, მიტინგებში, კარვების გაშლაში, პოლიციასთან შეტაკებაში და ყოველივე იმაში, რაც თავისთავად ძირს უთხრის არა მარტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის სიმტკიცეს, არამედ ქვეყნის სტაბილურობას.

30 წელზე მეტია საქართველო ცხოვრობს ახალი ცხოვრებით, რომელსაც ჩვენ დემოკრატიულს ვუწოდებთ, თუმცა არაფერი ვიცით დემოკრატიის შესახებ, რატომღაც გვგონია, რომ დემოკრატია მხოლოდ მრავალპარტიულობით მიიღწევა.

თუ დემოკრატიის მიზანი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, ეს მარტო მრავალპარტიულობის შედეგად უნდა ჩაითვალოს?

მოდით, ხალხის კეთილდღეობიდან გამომდინარე, შევაფასოთ დემოკრატია ისეთ ქვეყნებში, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი ან როგორიც იყო და არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა — ორივე კომუნისტური და ორიც კაპიტალისტური — სინგაპური და ტაივანი.

საბჭოთა კავშირში არსებულმა პოლიტიკურმა სისტემამ, დროის მცირე მონაკვეთში ისეთი სოციალური ვითარება შექმნა მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, რომ იმ სახელმწიფოს მეთაური, იოსებ სტალინი უცხოელი მწერლების, ცნობილი დასავლელი საზოგადო მოღვაწეების, ჟურნალისტების გამუდმებულ თხოვნას, მასთან საუბრის (დღევანდელი გაგებით, ინტერვიუებს) ვერ აუდიოდა. და ამას ჰქონდა ადგილი სამამულო ომის დაწყებამდე.

დასავლელთა ინტერესი იყო მარტივი — დაფუძნებული რეალობაზე. რეალობა კი იყო ასეთი — ჩამორჩენილი რუსეთის იმპერიის გიგანტური ნახტომი მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, წერა-კითხვის საყოველთავობაში, განათლებაში, ხელოვნებასა და კულტურაში მიღწეული წარმატებები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება; შეღავათიან ფასებში, ხშირ შემთხვევაში საფასურის გარეშე დასვენება; დასასვენებელი კურორტების მშენებლობა და სხვა მრავალი, ვისაც იმჟამად პროფკავშირების საგზურით შვებულება სანატორიუმში გაუტარებიათ, კარგად ემახსოვრებათ ჩუქურთმებით დამშვენებული, კომფორტაბელური სანატორიუმების სასახლე-შენონები, მომსახურე სამედიცინო პერსონალის გულისხმიერება, ყურადღება ნებისმიერი დამსვენებლის მიმართ, მიუხედავად თანამდებობის, სოციალური მდგომარეობისა.

საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმამ, რასაც მოჰყვა ენით აუწერელი მსხვერპლი (27 მილიონი ადამიანი), ათასობით ქალაქის, სოფლის ნგრევა,  მოსახლეობის სოციალური პირობების შეფერხება გამოიწვია, თუმცა ომის დამთავრებისთანავე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში, მინიმუმ ერთხელ ადგილი ჰქონდა ფასების კლებას კვების პროდუქტებზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, პირადი მოთხოვნების საქონელზე, მომსახურებაზე, საწვავზე, …

მოგვიანებით, შემცირდა სამუშაო საათები და დღეები. შაბათი დღე გამოცხადდა დასვენების დღედ; შვებულება გაიზარდა და გახდა ერთი თვე. იმჟამინდელი სოციალური სიკეთეების ჩამოთვლას ერთი სტატია ვერ აუვა.

საბჭოთა კავშირი იყო მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა სოციალური პირობებით, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. დაფასებული იყო მრავალშვილიანი დედა. შემოღებულიქნა მრავალშვილიანი დედის დახმარებისა და სამაგალითო წარმოჩენისთვის „გმირი დედის“ საპატიო წოდება.

საბჭოთა კავშირის წარმატებებმა სახალხო მეურნეობის და ხალხის სოციალურ-კულტურული მიღწევების დარგში მსოფლიო კაპიტალიზმი დარაზმა მის წინააღმდეგ. შედეგი — დიდი სამამულო ომი, რომელსაც მოჰყვა ე.წ. „ცივი ომი“ — 1945 წლიდან, 1991 წლამდე. ევროპაზე საბჭოთა კავშირის პოპულარობის შესაკავებელი ნატოს სამხედრო ბლოკის შეიქმნა, მილიონობით დოლარის დაბანდება პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერებისთვის. და ბოლოს, ანტისაბჭოური, ანტირუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დაარსება ყოფილ საბჭოთა სივრცეში — სათავო ოფისებით აშშ-ი.

არასამთავრობო სექტორი, გამოგონებული ამერიკელი „მოაზროვნეების“ მიერ და დაფინანსებული აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფრთაშესხმული, რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანაა, რომელიც გალესილი ნაჯახია ყველა ხელისუფლებისთვის, რომელსაც თავისად არ მიიჩნევს კოლექტიური დასავლეთი, უპირველესად აშშ-ა.

ერთ-ერთ წინა სტატიაში გავიხსენე ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარის ბაროზუს სიტყვები უკრაინის პრეზიდენტის იანუკოვიჩის მიმართ ნათქვამი — „ან ჩვენთან, ან რუსეთთან“. მაშინ უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი. იანუკოვიჩმა იყოყმანა და შედეგად სახელმწიფო გადატრიალება მიიღო, „მაიდნის რევოლუციის“ სახელით შესული მსოფლიოს უახლეს ისტორიაში.

დემოკრატიულმა დასავლეთმა არც ჩვენ დაგვტოვა უყურადღებოდ — ჯერ „ვარდების რევოლუციით“ დაგვასაჩუქრა, შემდეგ ცხინვალის ომით. ამჟამად ახალი რევოლუციის მოწყობით გვემუქრება და ევროპულ დესანტს გვიგზავნის — მისი ფილიალების მხარში დასადგომად და ვითომ პრორუსული ხელისუფლების დასამხობად.

რაოდენ ზნედაცემული უნდა იყოს დასავლეთი, რომ სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას უბრძანოს მიღებული კანონების გაუქმება. „ევროკავშირში არ მიგიღებთ“ — „ემუქრებიან“ საქართველოს. იქაურთა მხარდაჭერილი, აქაური პოლიტიკური ოპოზიცია, შეწუხებული იქაური დაფინანსების შეწყვეტის შიშით, საზოგადოებას მოუწოდებს ქუდზე კაცის გამოსვლას — ხელისუფლების დასამხობად. მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს, თუმცა ხალხისთვის დისკომფორტის შექმნას — მიტინგებისა და ქუჩების გადაკეტვით ახერხებს.

ხელისუფლება, აკადემიური სიმშვიდით შესცქერის ყოველივეს და არ ფიქრობს, რომ ყოველდღიური საპროტესტო მსვლელობა ავტომანქანის სავალ ნაწილზე გაუსაძლისად აქცევს ხალხის მოთმინებას, რომელიც თვლის, რომ წესრიგი ხელისუფლებამ უნდა დაიცვას.

ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირება ხალხის ჭყლეტას იწვევს. ხალხის, რომელიც არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ სტატისტის როლშია. ორივე ცდილობს მის გადაბირებას, მისი ხელით საკუთარი ბედნიერების მიღწევას. ჯერ-ჯერობით არვინ იცის, ვინ გადაძალავს, ვინ დაუყრის საკენკს მას, ვინ მოხიბლავს, საბოლოო ჯამში ვინ გააბრიყვებს მას.

 „საამური“ ცხოვრება 30 წელია გვაქვს — მოტანილი მრავალპარტიული არჩევნებით. გამოგვადგა?!

რომ არ გამოგვადგა, ამიტომ ვიყურებით განვლილი ცხოვრებისკენ, საბჭოურისკენ, თავისი სიკეთეებით, შეცდომებით აღსავსისკენ.

იმჟამინდელი შეცდომები, დღევანდელთან შედარებით წითელი ვარდების თაიგულია, დემოკრატიის მოტრფიალე. ყოფილმა საბჭოეთმა, დასავლური დემოკრატია აირჩია, დემოკრატიაში სრულიად გაუთვითცნობიერებელმა. ანალოგიური გავიზიარეთ ჩვენც. შედეგი — ნაკლებად დასამშვიდებელი.

მრავალპარტიულმა არჩევნებმა, პარლამენტში პარტიათა გამუდმებულმა კინკლავმა — არასაგნობრივმა, ფუჭმა, არა მარტო პოლიტიკური ცხოვრება გააუარესა, არამედ სახელმწიფო მშენებლობის თემაც უკან მოისროლა თვითდინებისკენ.

სახელმწიფო აღარ ზრუნავს თავისი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე — საკუთარ კეთილდღეობაზე კონცენტრირებული. კეთილდღეობის მისაკუთრებისთვის ეცილება ოპოზიცია ხელისუფლებას და არა დემოკრატიისთვის, საყოველთავო კეთილდღეობისთვის. ოპოზიციის მიერ ლოზუნდაგ გამოყენებული სიტყვა „დემოკრატია“ ისეთივე თვალთმაქცობის გამომხატველია, როგორიც „სიტყვის თავისუფლება“ — უცხოეთის მიერ ჩვენთან შემოგდებული.

დღესაც ყურში ჩამესმის აშშ-ს კონგრესის მრავალრიცხოვანი დელეგაციის წევრების მიერ გამსახურდიასა და მის ხელისუფლებასთან საუბრის დროს, რჩევის მსგავსი სიტყვები — თქვენ ისეთი პოლიტიკური კურსი უნდა აირჩიოთ, როგორიც სინგაპურსა და ტაივანზეო.

ორივეში, მაშინ ერთპარტიული სისტემა მოქმედებდა, რომელმაც, ყოველგვარი საპარლამენტო ლაქლაქისა და მრავალპარტიული დაპირისპირების გარეშე ფეხზე დააყენა ისინი, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

სინგაპური და ტაივანი — „აღმოსავლეთის ვეფხვებად“ წოდებულნი, სამაგალითონი გახდნენ მსოფლიოში.

მრავალი წლის განმავლობაში ერთპარტიულმა სისტემამ, ხელისუფალთა პატრიოტიზმმა, პატიოსნებამ, პროფესიონალიზმმა, მუყაითმა შრომამ ფეხზე დააყენა სინგაპური და ტაივანი. და როდესაც ეკონომიკურად მოძლიერებულებს ვეღარაფერს დააკლებდა მრავალპარტიულობა, მისი თანმდეგი ლაქლაქით, ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. მაგრამ გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც, განვლილ პოლიტიკურ-გამოცდილება შეთვისებულმა, კარგად იცოდა, რომ ფუჭი ლაქლაქი დაუშვებელია; რომ მხოლოდ საქმიან, პრაგმატულ კამათს მოაქვს ნაყოფი — ხალხის და ქვეყნის კეთილდღეობა.

ჩვენ კი რა?

ლუარსაბ თათქარიძისეული აზროვნებიდან დემოკრატიაში შევხტით — ურცხვად, უსაფუძვლოდ, უწიგნურად. ცუდად დავიწყეთ ახალი ცხოვრების შენება. გახსენებაც არ ღირს საზარელი წარსულისა, არა ისტორიულის, არამედ გუშინდელის, როდესაც ერთმანეთს ყელში ვწვდით პირველობისთვის, სხვის მიერ ნაბოძებ დემოკრატია-თავისუფლებაზე და ისე დავანგრიეთ დედაქალაქის ცენტრი, მრავალი წელი ჩონჩხად რომ დაგვყურებდა თავს.

ასე, იცის დემოკრატიამ, უფრო სწორად ამ სიტყვის თამაშმა, კიდევ უფრო სწორად დემოკრატიობანას თამაშმა.

 ნუთუ ისაა დემოკრატია, აშშ-ი რომ არის? ნუთუ დემოკრატიის განსამტკიცებლად პრეზიდენტების ხოცვაა საჭირო?

ჩემის აზრით, აშშ-ი არსებული „დემოკრატიის“ წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა მრავალეროვანმა ამერიკამ და მხარი დაუჭირა ტრამპს — სწორედ ამ დემოკრატიის ლამის მსხვერპლს — თანაც 2-ჯერ. ტყვია, რომელიც თავის გაპობისთვის იყო გამიზნული, ყურში მოხვდა, მოულოდნელი (მკვლელისთვის) თავის შებრუნების გამო.

დემოკრატიულს ვერ დავარქმევთ ქვეყანას, სადაც პოლიტიკური ოპონენტის შესაჩერებლად ყალბი „მოთხრობები“, ნიუსები იქმნება. აი, თუნდაც ასეთი — ტრამპმა დაურეკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით. ამ ცნობას ტექსტიც ახლდა, ანუ საუბრის შინაარსი. ეს ყველაფერი უმალ გამოქვეყნდა რესპექტაბელურ „ვოშინგტონ პოსტში“, შემდეგ ლამის მსოფლიოს ყველა გაზეთში, ელექტრონულ მედიაში.

არვის გაკვირვებია ტრამპ-პუტინის სატელეფონო საუბრის, მაგრამ გაუკვირდა კრემლს, რომელმაც განაცხადა, რომ ლაპარაკს ადგილი არ ჰქონია. რა გამოდის?

გაზეთმა მოიტყუა, რას ისახავდა მიზნად ტყუილი?

ტრამპის გაშავებას და პასუხისგებაში მიცემას. მაგრამ ტრამპი ხომ უკვე არჩეული პრეზიდენტია და მისი გასამართლება ლაპარაკისთვის შესაძლებელია?

ასი წლის წინათ მიღებული კანონიდან გამომდინარე, არჩეულ პრეზიდენტს არავითარი უფლება არ აქვს სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან თუნდაც სატელეფონო მოლაპარაკება-საუბრის გამართვის — არსებული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე.

ტრამპის ძალაუფლება მომავალი წლის 20 იანვრიდან, ინაუგურაციის დღიდან დაიწყება. ტრამპის „კეთილისმსურველებს“ ამ ტყუილით სურთ ამერიკელი ხალხის დარწმუნება არჩეული პრეზიდენტის თავნებობაში, დიქტატორული თვისებების მქონე ადამიანის მიერ კანონმდებლობის ფეხებზე დაკიდებაში და სერიოზულ დაფიქრებაში — რამდენად შეძლებს ასეთი, ქვეყნის მართვას.

დიდია აშშ-ს როლი მსოფლიოში და აქედან გამომდინარე მსოფლიოს ქვეყნების ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული. ჯერ საარჩევნო კამპანიით იყვნენ დაინტერესებულნი, ამჯერად ტრამპის ინაუგურაციით. თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო სხვისი (აშშ-ს) ცხოვრებით ცხოვრობდა და ცხოვრობს, მათ შორის ჩვენც — ესოდენ მიწებებული აშშ-ზე. ვაშინგტონში დაცემინება, საქართველოს ფილტვების ანთებას იწვევს, 33 წლის წინათ კი მოსკოვში, კრემლში.

33 წლის წინანდელი ჩრდილოური გავლენა, რომელიც 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, 33-წლიანმა დასავლურმა გავლენამ ჩაანაცვლა. ჩრდილოურმა გავლენამ ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას და მის ხალხს, რასაც ვერ ვიტყვით დასავლურზე. მაგრამ დასავლური პროპაგანდისტული ზეწოლით ის, რაც კარგი იყო, შეგვაძულეს და ნაცვლად ცუდი შეგვაყვარეს, თანაც ისე — ის ცუდი გვირჩევნია. რას ნიშნავს ეს, თუ არა საზოგადოების გადაგვარებას?!

დავუბრუნდეთ ერთპარტიული პოლიტიკური მმართველობის ზედაპირულ გაანალიზებას და მაგალითად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მოვიყვანოთ — გასული საუკუნის 70-იანი წლების ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა, მაგრამ დღევანდელი ეკონომიკურ-სოციალური პარამეტრებით მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო. ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა, ჩინეთის კომპარტიის მაღალჩინოსანმა დენ სიაოპინმა გაბედული გამონათქვამით და საქმით დაამტკიცა, რომ მშიერი მილიარდნახევრიანი მოსახლეობის არა მარტო დაპურება იყო შესაძლებელი, არამედ მოწინავე ეკონომიკად გადაქცევა.

გამოთქმა კი ასეთი იყო — „არ აქვს მნიშვნელობა რა ფერისაა კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“.

მმართველმა კომპარტიამ დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია და გაუსწრო არა მარტო აშშ-ს, არამედ მსოფლიოს სხვა განვითარებულ სახელმწიფოებს. ჩინეთის მეთაურმა, სი ძინპინმა 4 წლის წინ საჯაროდ განაცხადა — ჩინეთმა აღმოფხვრა სიღარიბე. დღევანდელი ჩინეთის მიზანია 2050 წლისთვის ჩინეთის საშუალო ფენის რაოდენობის გაზრდა. და ეს ყველაფერი ერთპარტიული, კომუნისტური მმართველობის ჟამს და არა მრავალპარტიული ლაქლაქის.

ასე რომ, დემოკრატია, ხალხის კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული და არა სიტყვა „დემოკრატიის“ კეთილდღეობისთვის.

ვერ გავიზიარებ „რადიო თავისუფლების“ ეკონომიკური ექსპერტის ჯანდიერის განცხადება, რომ ჩინეთის მოსახლეობა გაჭირვებაში ცხოვრობს, ამასთანავე კომუნისტური ზეწოლის ქვეშ.

როგორც ჩანს, „ექსპერტს“ ძველის-ძველი მონაცემები აქვს ამ ქვეყანაზე ან უბრალოდ ამერიკულ დავალებას ასრულებს — ჩინეთის ნეგატიური დახასიათებისთვის.

არაერთხელ ვყოფილვარ ჩინეთში, მუდამ მოხიბლული ეკონომიკურ-სოციალური პროგრესით. ჩინეთი ისაა, სადაც სწრაფმავალი მატარებლები დაჰქრიან, საათში 450 კმ სიჩქარით. ასეთით ვიმგზავრე ჰონგ-კონგის ცენტრიდან აეროპორტამდე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვითმფრინავში ვიჯექი. სწრაფმავალი მატარებლები გუშინდელი დღეა ჩინეთისთვის, მაგრამ აშშ-თვის ჯერ-ჯერობით აუხდელი ოცნება.

ჩინეთის მიღწევები ყველა დარგში, მათ შორის კოსმოსის ათვისებაში, შთამბეჭდავია. წელს, ჩინეთმა 5 მილიონი ელექტრომანქანა გაიტანა გასაყიდად მსოფლიო ბაზარზე. თვით აშშ-ი სავსეა ჩინური წარმოების საქონელი. სამრეწველო და სამეცნიერო გიგანტის მოსახლეობა ვერ იქნება ღარიბ-ღატაკი, ვინაიდან ასეთი ვერ შექმნის მაღალი კონკურენციის გამძლე პროდუქციას.

სამწუხაროდ, ჯანდიერების მსგავსნი უხვად არიან ქართულ რადიო თუ ტელეეთერში, ბეჭდვით მედიაში. ისინი წამლავენ საზოგადოებას სიცრუით. ხელისუფლება კი რეაგირებას არ ახდენს, ვინაიდან დაშინებულია — ვაითუ ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერმა დასავლეთმა ანტიდემოკრატიულ ქმედებად ჩაუთვალონ სიცრუისთვის პასუხის მოთხოვნა. და  რახან ასეა, ე.წ. ექსპერტები, ჟურნალისტები თავს უფლებას აძლევენ საზოგადოებას უთხრან ტყუილი, სიკეთე, საშინელებად ნოაჩვენონ, საშინელება კი — სიკეთედ.

საზოგადოებრივი რადი-ოარხის ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გადის გადაცემა „ჩაი ორისთვის“, რომელიც მიჰყავს შავლეგ გეგეჭკორს — ადამიანს, რომელსაც სძულს რუსეთი, რუსული კულტურა, ხელოვნება, ყველაფერი, რაც  ამ ქვეყანას უკავშირდება. და ამას გამოხატავს ეთერში. გეგეჭკორი აცხადებს, რომ რუსულ სიმღერას ეთერში არ გაუშვებს, ვიდრე რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და მსმენელს სთავაზობს უკრაინულ სიმღერას.

გეგეჭკორმა არ იცის, რომ დღევანდელი უკრაინა ნეოფაშისტური ქვეყანაა; მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული; ჰიტლერის, გებელსის, გერინგის, ბანდერას, შუხევიჩის, სხვა ფაშისტი ფიურერების მოტრფიალე, მათი ბინძური საქმის გამაგრძელებელი; ბავშვებით მოვაჭრე, ისე, როგორც დაჭრილი უკრაინელი „ბოევიკების“ ორგანოებით. მაგრამ ხელისუფლებამ ხომ იცის? იცის, მაგრამ ხმას არ იღებს.

სულ ახლახანს, ერეკლე მეფის დაბადების დღეს, გეგეჭკორმა განაცხადა, რომ ერეკლე დიდი მეფე იყო, მაგრამ ერთი შეცდომა დაუშვა — რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების სახით.

ერეკლე დიდი იყო მხოლოდ იმით, რომ სიღრმისეულად შეაფასა ქართლ-კახეთის მდგომარეობა და დაინახა, რომ ქართლ-კახეთს მეზობელი მუსლიმანური ირან-თურქეთი ჩაყლაპავდა. 1555 წლის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო ირან-თურქეთს შორის, დასავლეთი თურქეთს ერგო, აღმოსავლეთი — ირანს.

ერთიანი საქართველო, 1490 წლიდან აღარ არსებობდა. მოსახლეობაც თითქმის ნახევარმილიონამდე იყო დასული. ხსნა ერთი იყო — მართლმადიდებლურ რუსეთთან შეერთება, საქართველოს ფიზიკური გადარჩენა. როგორც ჩანს, გეგეჭკორმა ისტორიისა ისე იცის, როგორც სახედარმა ქართული. ან იცის და ატყუებს საზოგადოებას — შეგნებულად, რაც, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია.

ხელისუფლება კი დუმს — აკადემიურად. საინტერესოა სადამდე, ვიდრე თავზე არ დაამხობენ ქვეყანას?

დემოკრატია არ ნიშნავს ყველაფრისადმი შეგუებას, დასავლეთისა და ოპოზიციის მიმართ შიშს. დემოკრატია ქვეყნის პოზიტიურ მართვას ნიშნავს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

14/11/2024