21.12.2024

საქართველო-მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით

არჩევნებმა, ორმა, ევროატლანტიკურ სივრცეს ისეთი სიხარული არ მოუტანეს, როგორსაც ელოდნენ. ხასიათის გამფუჭებელი, რეგიონის „დემოკრატიული შუქურა“ გამოდგა, რომელმაც, რატომღაც თავისი დაიჩემა და თითქმის ბოლო ერთი წლის, შესაძლოა ცოტა მეტის, განმავლობაში, წარმოუდგენელი სიჯიუტე გამოავლინა ვაშინგტონ-ბრიუსელიდან წამოსული დირექტივების მიმართ. ეს, ჩვენ ვართ, საქართველო. დირექტივები კი ის იყო, ქვეყანას რომ წარღვნით ემუქრებოდა.

სქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დავალებების შესრულებაზე. გაუკვირდა დასავლეთს. გაგვიკვირდა ჩვენც — 12-წლიანი „ოცნებური“ მმართველობის შემხედვარეებს. არ მოველოდით, ვინაიდან დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, „ოცნება“, ჩახუტებული დასავლეთთან, დასავლეთის ხელისბიჭობას მიჩვეული, ნებისმიერი დავალების შემსრულებელი და წარმოუდგენელი სიჯიუტე?!

არ მოველოდით, ნებისმიერი ხელისუფლების კუდის ქიცინს მიჩვეულნი, განსაკუთრებით „ოცნების“ წინამორბედ ნაცთა მსგავსად. ნაცთა, რომლებმაც კუდის ქიცინიც არ იკმარეს და ვაშინგტონის ბრძანებით, სამხრეთ ოსეთის გავლით, რუსეთს ეკვეთნენ.

დიახ, ეკვეთნენ! ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ოსეთზე თავდასხმას, რუსი სამშვიდობოების მზაკვრულ დახოცვას რუსეთი პასუხს არ გაგვცემდა.

სააკაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ სამხრეთ ოსეთზე გალაშქრება, რუსეთზე გალაშქრება იქნებოდა. სააკაშვილისთვის განკარგულების გამცემმა, აშშ-ა თუ იცოდა, რომ ცხინვალზე შეტევა, რუსეთზე შეტევას ნიშნავდა. სააკაშვილმა არ იცოდა?!

იცოდა! და ისიც იცოდა, რომ აშშ-ს, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით, რუსეთის გამოწვევა უნდოდა. აშშ-ს აინტერესებდა მასშტაბი რუსული პასუხის. აშშ-ს ცნობისმოყვარეობას მოჰყვა მსხვერპლი, ტერიტორიების დაკარგვა. დაკარგული ტერიტორიები, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ტოლია, ოდნავ ნაკლები ისრაელის 28000 კვ.კმ ტერიტორიაზე.

აშშ-ს ადმინისტრაციამ, დარწმუნებულმა „ოცნების“ უყოყმანო თანხმობაში, ახალი პროგრამა შესთავაზა მას. შესთავაზა? — რბილად ნათქვამია. უბრძანა მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. „ოცნება“ მიხვდა, რომ დაკარგულს, ახალი დაკარგული დაემატებოდა, ახალი მსხვერპლით, ნგრევით. საქართველოს, დასავლეთი პარტიზანულ ომს სთავაზობდა.

აშშ-ს ადმინისტრაციაში სხვისთვის გამოწერილი პარტიზანული ომი, დასამშვიდებელი აბივითაა. ანალოგიური შეუთავაზებია ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს ზელენსკისთვის 2022 წელს, მიუნხენში.

ამერიკელებს რატომღაც ჰგონიათ, რომ 3 მილიონი საქართველოს მოსახლე იოლად გადაიტანს პარტიზანულ ომს. პარტიზანული ომის რეცეპტი, როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნისთვის ჩაბეჭდილია მათ მეხსიერებაში.

2008 წლის ცხინვალის ომში დამარცხებისთანავე, ამერიკელთა კარნახით, ბაქრაძემ, გახსოვთ ალბათ ნაცთა მაღალჩინოსანი, შემოგვთავაზა მტერთან ბრძოლა დანებით, ჩანგლებით, წვეტიანი საგნებით და ა.შ., ანუ პარტიზანული ომის წარმოება.

2008 წლიდან ბევრი დრო გავიდა და ისევ პარტიზანული ომის შემოთავაზება და ისევ აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან?!

და რა პასუხს სცემს „ოცნება“?

ევროკავშირში ღირსებით შესვლას. რას ნიშნავს ეს, თუ არა ტვინის დაბინდებას?

დასავლეთი ომს გთავაზობს და ნაცვლად მისთვის ზურგის შექცევისა, ისევ მისკენ მიგიხარია?

დასავლეთის გულდასაწყვეტად, „ოცნებამ“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, არა ისე, როგორც გვპირდებოდა, 60%-ით, მაგრამ გაიმარჯვა. გაიმარჯვა?

დასავლეთის მიერ დაქოქილი ოპოზიცია 26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე, აყვირდა — „ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და მოუწოდა საზოგადოებას იბრძოლოს „ოცნების“ გამარჯვების გაბათილებისთვის და ახალი არჩევნების დანიშვნისთვის.

ოპოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში იყვირებდა ისე, როგორც ყვირის, გარდა ერთისა — არჩევნებში გამარჯვებისა. მაგრამ მარტო ოპოზიცია ყვირის?

ოპოზიციის პარალელურად ყვირის დასავლეთი. აი, სწორედ ის დასავლეთი, საითკენაც მიგვიხარია. ევროკავშირი უკმაყოფილოა და აცხადებს, არჩევნების დროს უამრავ დარღვევაზე. დარღვევაზე ლაპარაკობს ოფიციალური ვაშინგტონი, სხვებიც, გარდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის, მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელების, ვენესუელის, …

მყვირალა კრიტიკოსთაგან გამოვყოფდი აშშ-ს, რომელიც არჩევნების ორგანიზება-ჩატარებაში დარღვევების, გაყალბების ჩემპიონია. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებული“ ბაიდენი, მე-19 საუკუნეში გარდაცვლილების სულებს უნდა უმადლოდეს. მაშინ სულებმა გამოიღვიძეს და ზეცაში ისეთი ფარფატი დაიწყეს, როგორიც ნანახი მაქვს აშშ-ს „დისნეი ლენდის“ ერთ-ერთ პავილიონში.

რატომღაც, ზეცაში ფრენის დროს, ყველამ ერთად, საარჩევნო ყუთებისკენ აიღეს კურსი, გადამფრენი ფრინველების მსგავსად და რატომღაც ბაიდენის სასარგებლოდ დაასრულეს ფრენა. ბალეტ „ჟიზელიში“, გახსოვთ ალბათ სცენა, როდესაც სამარიდან ამოსული ბალერინა, თავის საყვარელთან ცეკვის შემდეგ, ისევ სასაფლაოს წყვიადში უჩინარდება.

საარაკო გაყალბებას ჰქონდა ადგილი მაშინ, ირწმუნებიან რესპუბლიკელი ამომრჩევლები და ნერვებაშლილები კაპიტოლიუმის შენობას უტევენ — შიგ შეჭრით და რბევით.

გული მეუბნება, რომ ანალოგიურ სიყალბეს ვერც არჩევნების დღეს, 5 ნოემბერს, ეტყვიან უარს. აშშ-ს არჩევნები სხვისგან გამორჩეულია და რამდენიმე დღეს მოიცავს, ხმების შეჯამებას კი ბოლო დღის, 5 ნოემბრის შემდეგ ექნება ადგილი. რას გვატყობინებს არჩევნების წინა დღეები?

ისევ გაყალბებას. აი, ასეთს, კანადის მოქალაქემ, რომელმაც გადაწყვიტა საარჩევნო პროცესის შემოწმება — 78 უბანზე ისე მისცა ხმა, არვის მოუკითხავს მისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კენტუკის შტატში განლაგებული საარჩევნო ავტომატების 2 ღილაკიდან — ტრამპი, ჰარისი — ტრამპი არ მუშაობდა და რკინის ავტომატი ჯიუტად მოუწოდებდა ამომრჩეველს ჰარისის ღილაკის გამოყენებისკენ. ისე, როგორც წინა არჩევნებში, ამჯერადაც იქნა გამოყენებული გოგორიშვილისეული „კარუსელები“.

ძნელია მტკიცება იმისა, რომ ეს მაქინაცია გოგორიშვილმა გამოიგონა, როგორც ჩანს ეს „მეთოდი“ დიდი ხანია ცოცხლობს აშშ-ი, საიდანაც ჟვანიას გუნდის წევრმა, გოგორიშვილმა იპლაგიატა და აშშ-ს საარჩევნო „შედევრი“, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისგებით ისჯება, საქართველოში დაგვინერგა.

აი, ასეთია დემოკრატიული აშშ-ს არჩევნები. აი, ასეთია დემოკრატიის „აკვანი“, რომელიც ჭკუას გვარიგებს, არჩევნებს გვიწუნებს. ჰგავს თუ არა ასეთი ქცევა ქართული ანდაზის პერსონაჟებს —„ღორმა, ღორს უთხრა შე დრუნჩიანოო“? საქართველოს სინამდვილეში, ორივე დრუნჩიანია — ის, ვინც ხელისუფლებაშია და ის, ვინც იქ ცდილობს მოხვედრას. ისინი წყლის წვეთებივით ჰგვანან ერთმანეთს. მათი სურვილებიც იდენტურია და საკუთარი კუჭის ამოყორვის გარდა არაფერი აინტერესებთ.

სახელმწიფოს, ქვეყნისადმი დამოკიდებულებაც იდენტური აქვთ — ჭამა. ქვეყნის ჭამა, ოღონდ მოჭარბებული ჭამის შანსი ხელისუფლებაში მყოფ „ოცნებას“ აქვს და რახან აქვს, ის არვის დაუთმობს ძროხის ჯიქანს.

ოპოზიცია გულზე სკდება, რომ ჯიქანი ვერ მოიპოვა, თუმცა მიუახლოვდა, მაგრამ მიახლოვება ღეჭვას არ ნიშნავს. და რახან ასეა, გამწარებული ბღავის პარლამენტის შენობასთან — ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენს ხმებს „ოცნებას“ არ გავაყალბებინებთო.

რატომ ჩათვალეს ვიღაც გვარამიამ, ვიღაც მელიამ, ვიღაც ბოკუჩავამ, ვიღაც … რამდენი „ვიღაც“ არის, ერის მხსნელად რომ მოაქვს თავი?

ოპოზიციის წივილ-კივილი არ მიკვირს, მიგვაჩვიეს, მაგრამ მიკვირს ხალხის, რომელიც მიტინგს ესწრება. რას მოელიან ისინი?

დავუშვათ, ოპოზიციამ თავისი გაიტანა და სახალხო პროტესტით დაამხო „ოცნების“ ხელისუფლება, ისე, როგორც „ოცნებამ“, წინამორბედი. იმ წინამორბედმაც, წინამორბედი. მიტინგზე დამსწრეებს რა?!

რომ იტყვიან ქალაქურად — „ვირის თავ-ფეხი“. განა ეს არ მიიღო ყველა გადატრიალების შემდეგ?!

მავანი შემედავება, მითუმეტეს „ოცნების“, ანუ ივანიშვილის გულშემატკივარი. როგორ თუ რა მიიღო — დაგავიწყდა მომატებული პენსიებიო. არ დამვიწყებია, მახსოვს, მაგრამ ისიც მახსოვს პარლამენტარების, სახელმწიფო მოხელეების ხელფასების მომატება 12-15000, პენსიონერის 100 ლართან შედარებით.

ისიც მახსოვს, რომ ხელფასების ესოდენ კატასტროფული მატება, კატასტროფულ ინფლაციას რომ გამოიწვევს. შედარებისთვის, კვერცხი, რომ ქათმის ფასი გახდება, ქათმის ხორცი კი საქონლისას გადააჭარბებს.

მიტინგზე დამსწრეთა საქციელიც არ მაკვირვებს — სეირის საყურებლად მიდიან, ვინაიდან სხვა გასართობი — კონცერტის, კინოს, თეატრის სახით არ აქვთ. და არ აქვთ, ვინაიდან იშვიათობაა და თუ თეატრის აფიშას მოჰკარით თვალი და გადაწყვიტეთ სპექტაკლზე, კონცერტზე დასწრება ხასიათი გაგიფუჭდებათ — ბილეთის ზომაგადასული ფასით.

ის, ვინც სისტემატურად მიიჩქარის მიტინგისკენ, თეატრისკენ არ გაიხედავს. და არ გაიხედავს მარტივი მიზეზის გამო — მისთვის არვის აუხსნია, უსწავლებია ხელოვნების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ვისაც უნდა აეხსნა, ისიც მიტინგზეა, მაგალითად ბაქრაძეს, „დიდი“, ანუ აკაკი ბაქრაძის შვილი, ვითომ განათლებული, ვითომ ნასწავლი, მიტინგზე სიტყვის მთქმელი, ნამდვილი ევროპული, ამერიკული დემოკრატიის მოტრფიალე, საქართველოს ბედნიერების მოსურნე.  მას ჰგონია და არა მარტო მას, არამედ ნებისმიერ მომიტინგეს, რომ იქ ედემია, სხვაგან წყვდიადი. არვინ სვამს კითხვას — აქ, რომ წყვდიადია, 32-წლიანი მუდმივი მიტინგის ბრალი არ არის?

32 წელია ვმიტინგობთ, საქმის კეთების ნაცვლად. არ ვსწავლობთ, არ ვშრომობთ, მაგრამ კარგი ცხოვრება გვინდა, ისეთი, იქ რომ გვგონია და ისეთი, როგორიც ხელისუფლებაში მოხვედრილებს აქვთ — პოლიტიკაში გამდიდრების სურვილით მოსულთ.

სრულიად გასაგებია ოპოზიციის გაღიზიანება, ხელისუფლებაში მყოფი უბადრუკობით გამოწვეული. თუ ის არის, მასზე ნაკლები რით ვარ — აი, კითხვა, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი, უკლებლივ უსვამს თავის თავს.

32 წლის განმავლობაში ვატარებთ მიტინგებს, რაც გინესის წიგნშია შესატანი. 32 წლის განმავლობაში ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ თავს მიხედა და ახალი, თანაც წარმატებული ცხოვრება დაიწყო — საკუთარი მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, სამეცნიერო კვლევებით, თუნდაც დემოკრატიით. ყველას თავისი დემოკრატია აქვს, არანაკლები თუ მეტი არა ამერიკულზე. ყველა მათგანი 22-24 ოქტომბერს ესწრებოდა „ბრიკსის“ სამიტს, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდა.

შემშურდა ყაზანის — 36 ქვეყნის მეთაურის, მათი თანმხლები პირების, მსოფლიოს 60 ქვეყნის ჟურნალისტის, მასპინძლის. არადა, ჩვენ, რუსეთის ცხოვრებაში ჩაუხედავებს, ხომ მუდამ პირზე გვაკერია — რუსეთში ორი ქალაქია, მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, დანარჩენი განუვითარებელი, ცივილიზაციას მოკლებულები არიანო. ერთ-ერთი, „ცივილიზაციას“ მოკლებული ყაზანია — საერთაშორისო სარბიელისთვის შესაფერისი ღონისძიების ჩამტარებელი.

ნუთუ, აღარ დადგა ჟამი კეთებისა — საკუთარი ქვეყნის კეთების ჟამი? ხმა სადღაციდან მეუბნება არაო, თან იმასაც მეუბნება, ვიდრე ქართველი საკუთარი ქვეყნის შენებას დაიწყებს აზრი, სურვილი უნდა გაუჩნდეს ამისიო. და ეს აზრი, უპირველესად უნდა გაჩნდეს ოჯახში, საბავშვო ბაღში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში, საზოგადოებაშიო. სამწუხაროდ, მსგავსს ადგილი არ აქვს, ნიშანწყალიც არ ეტყობა. ე.წ. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ისეთი საქართველო გამოძერწა, წინაპრებს რომ სამარეში გადააბრუნებს. უვიცი, უწიგნური, ყოყოჩა, თავხედი, … და რაც მთავარია უმადური, რომელიც ყოველივე აღნიშნულით მეზობელ რუსეთს ამკობს და ზემომოყვანილ სიტყვებს ჭაობსაც ამატებს.

არ გვინდა რუსეთის ჭაობში ცხოვრება, რუსეთის მონობაო. „ბრიკსის“ სამიტში მონაწილე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ვერ შევატყვე მონობის ნიშნები. რუსეთის „ჭაობში“ მყოფთ, როგორც ჩანს აწყობთ ამ პოზიციაში ყოფნა. და აწყობთ იმიტომ, რომ წინსვლა-განვითარების საწინდრად მიიჩნევენ.

და მართლაც, როგორ შეიძლება რუსეთს დაარქვა „ჭაობი“— მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ტემპით მე-4 ადგილზე მყოფს, ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთის შემდეგ.

იკითხავთ — სად არიან ნაქები (მარტო ჩვენს მიერ) ევროკავშირის წევრი ქვეყნები — გერმანია, საფრანგეთი, იტალია, … ?

მსოფლიო ათეულის მიღმა. მათ მიერ საკუთარი ეროვნული პროდუქტის წარმოების ტემპი ნულს ვერ ასცდა, რუსეთის 3,6%-თან შედარებით. იმ რუსეთთან, რომელსაც ამერიკა-ევროკავშირის აუარება ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული. აი, სწორედ ამ სანქციების წყალობით შეძლო რუსეთმა პროგრესის მიღწევა — საკუთარ ძალებზე დაყრდნობით.

დავუბრუნდეთ არჩევნების თემას და მაგალითად მოვიყვანოთ მოლდოვა — იმ სამეულიდან, უკრაინა-საქართველო-მოლდოვა, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაც არგუნა „გულუხვმა“ და „კეთილმა“ ბრიუსელმა. ამ ქვეყანაში გაიმართა რეფერენდუმი, კითხვით — სურს თუ არა მოლდოვის მოსახლეობას საკუთარ კონსტიტუციაში ისეთის ჩაწერა, საქართველოს რომ აქვს, ანუ ევროკავშირში გაწევრება.

მოლდოველებმა, საარჩევნო უბნების დახურვამდე უარი განაცხადეს ევროკავშირში შესვლაზე. უბნების დახურვამდე, მცირე დროში, უარყოფითი პასუხი, დადებითით შეიცვალა. და შეიცვალა უცხოეთში მცხოვრები მოლდოველების ხარჯზე. თითქოს მათ, ხმათა მცირე რაოდენობით გადაწყვიტეს მოლდოვის ბედი.

სიტყვა „თითქოს“ შემთხვევით არ გამომიყენებია, ვინაიდან მხოლოდ ევროპაში მცხოვრები მოლდოველების ხმებით მოხდა ოფიციალური კიშინიოვის ჩანაფიქრის განხორციელება.

ევროპაში მცხოვრები მოლდოველებისთვის 22 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მაშინ, როდესაც რუსეთში მცხოვრებთათვის მხოლოდ 2 და ისიც მოსკოვში. არადა, რუსეთში ნახევარი მილიონი მოლდოველი ცხოვრობს.

იყო ერთი ასეთი ნიუანსიც — რუსეთში მცხოვრებთათვის გამოიყო 7000 ბიულეტენი, გაცილებით ნაკლები, ვიდრე ევროპაში მცხოვრები მოლდოველებისთვის. და ისევ „პატარა“ ნიუანსი — ევროპაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე არავითარი ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა, მაშინ, როდესაც მოსკოვის 2 უბანთან 5 საათიდან იდგა გრძელი რიგები.

მოლდოვის პოლიტიკაში ჩახედული ექსპერტების განცხადებით, ოფიციალურმა კიშინიოვმა ევროპაში მცხოვრები მოლდოველების ხმები მიიწერა.

არანაკლებ გაყალბებას ჰქონდა ადგილი  მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დროს — ა.წ. 3 ნოემბერს. ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტმა მაია სანდუმ თვით მოლდოვის ტერიტორიაზე არჩევნები წააგო, მაგრამ მოიგო ევროკავშირ-აშშ-ი მცხოვრებ მოლდოველებში. ანუ მთლიანობაში სანდუმ გაიმარჯვა კონკურენტ სტოიანოღლუზე, მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები მოლდოველების ხმებით. ამ რიცხვში არ შედის რუსეთში მცხოვრები მოლდოველთა ხმები. მათ მხარი დაუჭირეს სტოიანოღლუს, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა სანდუს დასამარცხებლად.

მოსკოვში გახსნილი ორი უბანი და 7000 ბიულეტენი — ნათელი დამადასტურებელია ოფიციალური კიშინიოვის მიერ უზომოდ, თავხედურად გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსის, რაც დააფიქსირა ეუთომ, თანაც ორივე შემთხვევაში — როგორც რეფერენდუმის, ისე პრეზიდენტის არჩევნებში.

აი, ასეთი რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა მოლდოვაში, რომელსაც საქართველოს ლიბერალური საზოგადოება განვითარებულ დემოკრატიად აღიქვამს.

ხმის დათვლა დამთავრებული არ იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა სანდუს გამარჯვება, ისე, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სხვა მაღალჩინოსნებმა. ურსულა ფონ დერ ლაიენი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიშინიოვშიც იმყოფებოდა და სანდუს 2 მილიარდი დოლარის დახმარებას შეჰპირდა — გამარჯვების შემთხვევაში. მანაც არ გააწბილა მომავალი შეფი ურსულა.

დასავლეთში არვინ კითხულობს, რამდენად გაწბილდა მოლდოველი ყალბი არჩევნებით. აშშ-ევროკავშირმა აისრულეს საწადელი მოლდოვის სახით, თუმცა არა საქართველოს. და რახან საქართველოში წააგეს, აამუშავებენ „ფერად რევოლუციის“ გეგმას — დემონსტრაციები, მიტინგები, კარვები, ოპოზიციონერთა გამუდმებული წივილ-კივილი არჩევნების გაყალბების თაობაზე და ახალი არჩევნების დანიშვნაზე.

ოპოზიციის მიერ ქუჩების გადაკეტვა, ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლა გამიზნულია თბილისელთა ცხოვრების გართულებისთვის. შეწუხებული თბილისელების ქუჩებში გამოყვანისთვის და „ოცნების“ ხელისუფლების დამხობისთვის.

პოლიტიკა, რომელსაც ბოლო 30 წელია მიმართავს დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცის ძირფესვიანი შეცვლის მიზნით, მიმართულია უპირველესად რუსეთის საზღვრებთან პრობლემების შექმნისთვის. რუსეთის ირგვლივ ისეთი მეზობლების გაომოძერწვისთვის, რომ რუსეთს არათუ კარის გაღება, ფანჯრის გაღებაც არ მოუნდეს. გააღებს და მეზობლების ზურგს დაინახავს. მეზობლის, რომელსაც არ სურს მასთან ურთიერთობა.

მეორე, რისთვისაც დასავლეთი იბრძვის ყოფილ საბჭოეთში და ამ შემთხვევაში რუსეთშიც, არის ხალხის აზროვნების შეცვლა ლიბერალურად, ახალი იდეოლოგია ლგბტ-ს მიმართ, პოზიტიური განწყობის შექმნა. ლგბტ-ობიდან გამომდინარე ტრანსვესტიტობის წახალისება, ისე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ა.შ. ისეთი ლიბერალიზმისთვის მტკიცე ფუნდამენტის ჩასხმა, როგორიც აშშ-ევროკავშირშია.

მაგალითად გერმანიას მოვიყვან. სულ ახლახანს, გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც წერტილს უსვამს სქესის სტიქიურ გადაკეთებას. კანონის მიღებამდე თუ სქესის შეცვლის მსურველს შეეძლო წამდაუწუმ სქესის  გადაკეთება, კანონმა „გაამკაცრა“ ვითარება და ნება დართო მსურველს წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი გადაკეთების.

ვერ გეტყვით, რა იქნება ტრამპის პრეზიდენტობის დროს, რომელმაც გაიმარჯვა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და რამდენად შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ლიბერალური დამოკიდებულება ლგბტ-ს მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა დემოკრატი ბაიდენის მმართველობის დროს, მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ, რომ კონსერვატორი ტრამპი იბრძოლებს იმ გახრწნილობის წინააღმდეგ, რასაც აშშ-ი და მისი ბრძანებით ევროკავშირში ჰქონდა ადგილი ბოლო 4 წლის განმავლობაში.

ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, როდესაც ტრამპი თავისი ოჯახით წარსდგა ხალხის წინაშე, მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა და თქვა შემდეგი — „Make America Healthy“ („გახადე ამერიკა ჯამრთელი“), რითაც შეცვალა თავისივე ლოზუნგი „Make America Great“ („გახადე ამერიკა დიდი“). „Great“-ის („დიდი“) შეცვლა  „Healthy“-ზე („ჯამრთელზე“) ბევრს ნიშნავს — „გარდავქმნათ ამერიკა ისევ ჯამრთელად“ და თუ ამერიკა დაიწყებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრს, პოლიტიკურზე, მორალურზე, სხვასაც ეშველება.

მხოლოდ ჯამრთელს შეუძლია სხვისთვის შენიშვნის მიცემა და არა დაავადებულს. დღევანდელი ამერიკა დაავადებულია ყველა პარამეტრით და ასეთის მიერ საქართველოს არჩევნების ნეგატიური შეფასება გამაღიზიანებელია.

ტრამპის ამერიკა ჩაერევა თუ არა სხვა ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, ძნელად სავარაუდოა. შეძლებს აშშ, „სიღრმისეული ქვეყანა“, რომლის წინააღმდეგ უდავოდ გაილაშქრებს ტრამპი, იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც ის მიმართავდა ბოლო წლების განმავლობაში, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი თვალი გავუსწოროთ იმ საშინელებას, რასაც ამერიკული „სიღრმისეული ქვეყანა“ აკეთებდა მოლდოვაში და არა მარტო, მაგრამ ამჯერად ჩვენი თემიდან გამომდინარე მოლდოვაში.

როგორც მოლდოვის საქმეებში ღრმად ჩახედული ექსპერტები, პოლიტიკოსები აცხადებენ, მოლდოვაში ასწავლიან არა მარტო სხვა ქვეყნის ისტორიას, არამედ სხვა ეთნოსის, რითაც ცდილობენ თავს მოახვიონ მოლდოველებს სხვა იდენტურობა. აზროვნების შეცვლის მცდელობას, რასაც ადგილი აქვს ბოლო 30 წლის განმავლობაში, მოაქვს თავისი სამწუხარო ნაყოფი.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის მოლდოვაში ადგილი ჰქონდა ნაციონალისტური მოძრაობის დაწყებას. გაჩდნენ ორგანიზაციები, რომლებიც მოითხოვდნენ მოლდავური ენის შენარჩუნებას, რესპუბლიკაში მის ფართო გამოყენებას. ერთის შეხედვით, მშვიდობიანი მოთხოვნა, ულტრანაციონალური ინტელიგენტის მეცადინეობით, გადაიზარდა მეზობელი რუმინეთის ენასთან უნიფიკაციის სტანდარტების მოთხოვნაში, მოლდოვური იდენტობის უარყოფაში, მოლდოვის სსრ-ს სახელმწიფოებრიობის გაუქმებაში და რუმინეთთან მიერთებაში.

ნაციონალ-რადიკალებმა გააღვივეს სამოქალაქო დაპირისპირება, კონფლიქტი მრავალეროვან რესპუბლიკაში. პროვოცირება გამოიწვიეს გაგაუზებსა და დნესტრიისპირელებში — საკუთარი სახელმწიფოებრიობის შექმნაში. კონფლიქტმა შეიძინა შეიარაღებულის სახე და საფუძველი ჩაუყარა ღრმა განხეთქილებას. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 2 დე-ფაქტო სახელმწიფო შეიქმნა, რომლისგან ერთი  —  დნესტრისპირეთი, არ არის აღიარებული.

არაღიარებულმა სახელმწიფომ კურსი მოსკოვისკენ აიღო ყველაფერში, მათ შორის უპირველესად განათლებაში. დნესტრისპირეთი თავს მიაკუთვნებს რუსულ სამყაროს. მოლდოვამ კი რუმინული საგანმანათლებლო სისტემა აიღო, უფრო სწორად საგანმანათლებლო სტანდარტები ბუქარესტიდან.

საშუალო სკოლებში შემოღებულიქნა „რუმინეთის ისტორიის“ კურსი. დაიწყო იმ ქვეყნის ისტორიის შესწავლა, რომელიც მაშინ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 4%-ს მიერ იყო გაზიარებული.

„რუმინელთა ისტორიის“ პროგრამა წლების განმავლობაში იხვეწებოდა, ვითარების შესაფერისი ხდებოდა. რუმინელთა თავდასხმა საბჭოთა კავშირზე ფაშისტური გერმანიის კოალიციაში სახელმძღვანელოში მოხსენებულია როგორც რუმინეთის მიწების გათავისუფლება. გამარჯვების დღე მოხსენიებულია არა როგორც დღესასწაული, არამედ ხსოვნისა და მწუხრის დღედ.

სამამულო ომში საბჭოთა კავშირის მონაწილეობას ორი აბზაცი აქვს დათმობილი. გაცილებით მეტით აღინიშნება აშშ-ს წვლილი. აშშ-ს მიერ ჰიროსიმა-ნაგასაკის დაბომბვა ისეა ფორმულირებული, როგორც ჰუმანიტარული აქცია, რომელმაც იხსნა აშშ-ს ჯარი მსხვერპლისგან.

„კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის“ თავში არის ნახსენები ჰოლოკოსტიც. იქვეა, 1940 წელს „ნკვდ“-ს (НКВД) მიერ 22000 პოლონელის დახვრეტის ისტორია; იქვეა, 1944 წელს გერმანელი, რუმინელი, უნგრელი სამხედროების დაღუპვის თემაც — იძულებითი სამუშაოების ჩატარების დროს.

სახელმძღვანელოს მიხედვით, რაც ევროპაში ხდებოდა და ხდება კარგია, რაც რუსეთში — საშინელებაა.

მსგავსი რამ ხდება უკრაინაში, ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, საქართველოში, სხვაგან. თვალნათელია, რომ ექსტრემიზმი და ნაციონალიზმი შემთხვევითი მოვლენა არ არის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ეს დასავლეთის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებია — გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

მას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, მაგალითად, რუმინეთის ჩამოყალიბება. ამ სახელმწიფოს შექმნა, კონსტრუირება განხორციელდა კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჩარჩოებში.

რუმინული იდეის სულიერი მამები იეზუიტები იყვნენ, რომლებსაც იყენებდნენ კარპატების რეგიონის მართლმადიდებელი ხალხები, ბალკანეთში მყარი დასავლური პლაცდარმის შესაქმნელად. რუმინეთი, როგორც გეოპოლიტიკური ფაქტორი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სულიერი და სამხედრო ისარი. დღესაც იყენებენ მას რეგიონიდან რუსული კულტურული გავლენის განსადევნად, მათ შორის მოლდოვიდან.

მოლდოვის ელიტის რუმინულ ნაციონალიზმს რუსეთი გაკვირვებით უყურებს და ვერ გაურკვევია მოლდოვის ელიტის ფილოსოფია — საკუთარის ნაცვლად, სხვისი ისტორიისა და ენისადმი აღტაცებული დამოკიდებულება.

მოლდოველი ბავშვების მიერ საკუთარი ისტორიისა და ენის შესწავლის ნაცვლად რუმინულის, უდავოდ იწვევს გაკვირვებას. მოლდოვური ელიტა აცხადებს, რომ მოლდოვის ისტორია და ენა ხელოვნურია და სტალინის მიერ არის გამოგონილი.

გასული წლის მარტში სანდუს ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით, ქვეყნის კანონმდებლობიდან ამოღებული იქნა მოლდოვური ენის გამოყენება. მას შემდეგ მოლდოვის ოფიციალური ენა რუმინულია. ბუქარესტმა დაარწმუნა კიევი მოლდოვურის არგამოყენებაში.

ნადგურდება მოლდოვის ეკლესიაც. მისი მრევლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიიდან რუმინულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადადის, რითაც ნადგურდება კავშირები წარსულთან. ყველას თვალწინ მიმდინარეობს მრავალსაუკონოვანი კულტურის მატარებელი ერის განადგურება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებულ მოლდოველებს რომ გაუჩნდეთ კითხვა — სად ჩვენ და სად რუსეთი ან რა კავშირი გვაქვს მოლდოვასთან, გასაკვირი არ არის. მოლდოველთა კულტურული მკვლელობა უცხოეთის ძალისხმევით ხდება და მოლდოველთა სულისკვეთებასთან არავითარ კავშირში არ არის, თუმცა რუსეთის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია.

ბოლო ორი წელია მოლდოვის მოსახლეობა ისეთ ზეწოლას განიცდის, როგორც უკრაინა — ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. მოლდოველებს, რუსეთთან ომისთვის ამზადებენ. ყველაფერი ისტორიით იწყება, პოლიტიკური მეხსიერებით, თვითიდენტიფიკაციით.

ისტორიკოსების მიხედვით, მოლდოვის ისტორია და იდენტობა არ გამოდგება რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის, ამიტომ საჭიროა მოლდოველის გარუმინელება.

მოლდოველისთვის, რუსეთი არის მსოფლიო მართლმადიდებლობის ცენტრი. მოლდოველთათვის რუსი განმანთავისუფლებელია, რომელმაც იხსნა ისინი ოსმალეთის უღლისგან. თვით მოლდოველები, რუსებთან ერთად არიან დიდ სამამულო ომში გამარჯვებულნი და რუმინელებივით არა დამარცხებულნი.

მოლდოველებს, ნაციონალურ ნიადაგზე არასდროს ჰქონიათ დაპირისპირება რუსეთთან. დნესტრისპირეთის ეპიზოდი რუმინული კულტურული ექსპანსიის შედეგია, რომლის პირველი ნიშნები დაფიქსირებული იყო რუსეთის ბესარაბიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაშინ, თვით მოლდოველები გამოვიდნენ რუმინული ექსპანსიის წინააღმდეგ, როდესაც რუსეთში მომხდარი რევოლუციით ისარგებლა რუმინეთმა და დაიპყრო ბესარაბია.

ოკუპაციის 22 წლის განმავლობაში (1918-1940 წლები) რუმინეთმა ბესარაბიის ტერიტორიაზე 80000 ადამიანი დახოცა. ამ ხნის განმავლობაში არაერთ აჯანყებას ჰქონდა ადგილი, მაგალითად, ხოტინისა და ბენდერის, რუმინელებმა გაანადგურეს.

ამ ისტორიის შესახებ მოლდოველი ბავშვები ვერასდროს გაიგებენ. სკოლაში ისინი სწავლობენ რუმინულ ენას, რუმინეთის ისტორიას, რუმინულ ლიტერატურას. მათ ეუბნებიან, რომ რუმინელები არიან და რომ მოლდოველი ერი არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი დასკვნა თქვენ უნდა გააკეთოთ, პატივცემულო მკითხველო; პარალელები გაავლოთ მათსა და ჩვენს შორის არა მარტო არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

08/11/2024