22.12.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ახალი ფურცელი ჩაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში — რამდენად სასიამოვნო მმართველი პარტია „ოცნების“ ან ამომრჩევლისთვის, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

არჩევნების შედეგმა ნათელჰყო დასავლური პროპაგანდით ჭკუაგამორეცხილობის კატასტროფულმა ზრდამ ქართულ საზოგადოებაში, რაც სერიოზულ დაფიქრებას, გაანალიზებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას მოითხოვს ხელისუფლებისგან. თუ რომლისგან, ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია, ვინაიდან ამჟამინდელმა, უაღრესად სუსტად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიით მიიღო ის, რაც მას შეეფერებოდა და არა ის, რასაც ფიქრობდა — გამარჯვება დიდი უპირატესობით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა.

თავდაჯერება, რეალური ვითარების არცოდნა, წვრილმან-მსხვილმანი საკითხებისადმი, განსაკუთრებით სოციალურის, ზერელე დამოკიდებულება, მთლიანობაში, საშინაო საკითხებში ჩავარდნა, ისე, როგორც საგარეოში, იძლევა შედეგს, რასაც გამარჯვება ვერ დაერქმევა.

საინტერესოა თვით მმართველი პარტია, როგორ აფასებს გამარჯვებას — სერიოზული პოლიტიკური თავისტკივილი რომ ახლავს? იქნებ, დარწმუნებულია ტკივილის გამაყუჩებელი აბით კომფორტული მდგომარეობის შექმნაში?

„საოცნებო“ ხელისუფლების ლიდერთა მოჩვენებითი ეიფორია კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს მათთვის, მაგრამ აქვთ მათ თვითკრიტიკის თავი?

თვითკრიტიკა მხოლოდ ძლიერისთვის არის დამახასიათებელი, რომელიც ხედავს დაშვებულ შეცდომებს და მზად არის მათი გამოსწორებისთვის.

თვითკრიტიკა, რომ შორს არის „ოცნებისგან“, წინასაარჩევნოდ დამზადებული ბუკლეტიდანაც ჩანს. ბუკლეტის ავტორი ვერასდროს დაინახავს შეცდომებს, დაშვებულს „ოცნების“ მმართველობის 12 წლის განმავლობაში. პირიქით, გაუკეთებელს, გაკეთებულად მოგაჩვენებს, რითაც კიდევ ერთხელ გააღიზიანებს ამომრჩეველს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე.

„ოცნება“ არწმუნებს საზოგადოებას — თქვენ ბრმები და ყრუები ხართ, ვერ ხედავთ, ვერ ისმენთ წარმატებებს ჩვენი მმართველობის 12 წლის განმავლობაში მიღწეულსო — ასეთი იყო ბუკლეტის სულისკვეთება და „ოცნების“ დამფუძნებლის, ივანიშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან.

არის ასეთი გამოთქმა — მაძღარს, მშიერი, მაძღარი ჰგონია.

საქართველოს მოსახლეობა, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმით უკმაყოფილო, სასოწარკვეთილი, მიესალმა მილიარდერი ივანისვილის პოლიტიკაში შემოსვლას. დაიჯერა მისი საარაკო დაპირებები და 2012 წლის არჩევნებიდან, 2 წლის თავზე,  მიხვდა, რომ ტყუილის ხაფანგში აღმოჩნდა. მომდევნო არჩევნებში, უფრო სწორად მათი ჩატარების შემდეგ, დარწმუნდა, რომ მოატყუეს და იმედგაცრუებულ-დაბნეულმა ბნელ ოთახში ხელის ცეცება დაიწყო — ახალი პარტიის ძებნაში.

არის ასეთი რუსული ანდაზა — „უთევზობისას, კიბორჩხალაც თევზიაო“. აი, ამას ჰქვია ახალი პარტიის ძებნის პროცესი. რა მძიმე პოლიტიკური ვითარება უნდა სუფევდეს საქართველოში, რომ არსებული ასობითი პარტიიდან, ერთის შერჩევაც ვერ შეძლოთ?!

განვლილმა 12 წელმა პოლიტიკური ცხოვრების წარმოუდგენელი დეგრადაცია გამოიწვია, რაც არა მარტო ოპოზიციური პარტიების ბრალია, არამედ ხელისუფლების — უპირველესად, ვინაიდან მან ვერ ან არ შექმნა პოლიტიკური ვითარება შესაბამისი პარტიული ცხოვრების წარმართვისთვის.

პოლიტიკური პარტიების დეგრადაცია დასავლელი ე.წ. პარტნიორების ბინძური მუშაობის ნაყოფიცაა. მათ აწყობთ ისეთი პარტიები, ზედაპირული, თვალთმაქცური,  რომლებიც მათდამი იქნებიან ლოიალურად განწყობილი, რუსეთისადმი მტრულად.

12-წლიანი „ოცნებური“ ექსპერიმენტის შედეგად, საქართველოს ყველა პარტია ანტირუსულია, მათ შორიც „ოცნებაც“, თუმცა არსებულმა ვითარებამ და კუჭის მოთხოვნილებამ, „ოცნება“ აიძულა შეერბილებინა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ანტირუსული პარტია, რომელიც მონაწილეობდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში სხვაგვარად მოიქცეულიყო. ამის მაგალითიც გვაქვს, სააკაშვილის ნაცური ხელისუფლების დროს, როდესაც რუსულ ბიზნესს მთელი რიგი სტრატეგიული ობიექტები გადაეცა — ანტირუსული სააკაშვილისეული ისტერიის ფონზე.

რით შეიძლება აიხსნას ესოდენ თვალშისაცემი პოლიტიკური გაორება?

არსებული პოლიტიკური ვითარებით — საერთაშორისო მაქვს მხედველობაში და არა საშინაო, დასავლეთს უყვარს ბრტყელ-ბრტყელი დაპირებების გაცემა, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მისამართით, მათი მოხიბლვის, მოთაფლვის მიზნით და არა რეალური, საგნობრივი დახმარების გაწევისთვის. მიზანი იყო, არის და იქნება ნაკლები დანახარჯით პოლიტიკური ლოიალურობის მოპოვება.

გზა ლოიალურობის მოპოვებისკენ პრიმიტიულია, იოლად მისაღწევი, რამეთუ პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობა, მათ შორის საქართველოს, ხბოს აღტაცებით შეჰყურებს ნებისმიერ დასავლელს, თუნდაც თაღლითს, რომელიც ღიმილით ელაპარაკება, თან აყვავებას ჰპირდება.

თეთრი ადამიანისადმი მონური დამოკიდებულება, ისეთი, როგორიც საქართველოშია, მას შემდეგ ამოიფხვრება, როდესაც პრაქტიკული, მრავალწლიანი ურთიერთკავშირები დამყარდება ქართველსა და დასავლელს შორის, თან ურთიერთთანაბარი. მაგრამ როგორ?

დღეს, ქართველისა და ევროპელის ან ამერიკელის ურთიერთობა არათანაბარ დონეზეა და სხვაგვარად ვერც იქნება, ვინაიდან ამერიკა-ევროპაში მცხოვრები ქართველი არალეგალი, ადგილობრივი ბატონის მიერ დაქირავებული, მონაა, შავი სამუშაოს მკეთებელი.

„ოცნებამ“ დაინახა, რომ დასავლეთი მას არაფერს აძლევს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. მიზერულს, რასაც ის იღებს, მათივე არასამთავრობოების გამოკვებისთვისაა, რათა გამოკვებილმა არასამთავრობოებმა გამოიჩინონ დასავლელთა მიმართ ლოიალურობა.

დასავლეთს არც ქვეყანა და არც ხალხი არ აინტერესებს. ვინც აინტერესებს, მისია და ეს „მისი“, ისე უნდა მოიქცეს, მასას შეაყვაროს დასავლელი.

თითქმის 30 წელია თვალს ვადევნებთ ასეთ პროცესს, მაგრამ შესაბამის დასკვნებს ვერ ვაკეთებთ. პირიქით, ნაცვლად გამოფხიზლებისა, სულ უფრო ღრმად ვეფლობით ე.წ. დასავლურ ჭაობში, რისი დასტურიც 26 ოქტომბრის არჩევნებია.

დასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა — მოპოვებული ხმების მნიშვნელოვანი ნაწილით, ისეთით, მოსახლეობის თითქმის ნახევარს რომ უტოლდება, დაგვანახეს თუ რაოდენ სერიოზულად უმუშავიათ დასავლელებს და მათ არასამთავრობოებს საქართველოში — და ეს ყველაფერი „საოცნებო“ ხელისუფლების 12-წლიანი „მოღვაწეობის“ დროს!

მოდით თვალი გადავავლოთ „ოცნების“ 12-წლიან „შემოქმედებას“, განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე და კრიტიკულად შევაფასოდ კოლექტიური დასავლეთის მიერ „ოცნების“ დახასიათება. აი ისიც — 10 წლის განმავლობაში „ოცნება“ იყო გამოკვეთილად დასავლური, ბოლო 2 წლის განმალობაში — პრორუსული. 10 წლის განმავლობაში „ოცნებაც“, სხვა პარტიებთან ერთად ლანძღავდა რუსეთს და აქებდა დასავლეთს. „ოცნება“ მოითხოვდა რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან არ აღადგენდა დიპლომატიურ ურთიერთობებს.

საქართველოს არც ერთ პრემიერ-მინისტრს წამითაც არ შეუჩერებია რუსეთის ლანძღვა-გინება საერთაშორისო არენაზე — გაეროში, ევროკავშირში, ეუთოში და ა.შ.

შავმა კატამ საქართველო-დასავლეთს შორის მაშინ გაირბინა, როდესაც ქართული ლაქუცით განებივრებულმა დასავლეთმა შეუსრულებელი დავალება მისცა „ოცნებას“— რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, ეკონომიკური სანქციების დაწესება. ამას დაემატა ლგბტ-ს მიღებული კანონის გაუქმების მოთხოვნა, ისე, როგორც „აგენტების“.

 დასავლეთის მოთხოვნის შესრულება საქართველოს ხელისუფლებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ამდენად მან უარი განაცხადა, რითაც გააბრაზა დასავლეთი და მან, ქართული ოპოზიციის მსგავსად, „ოცნებას“ რუსული პარტია დაარქვა.

არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, დასავლეთი მხარში ამოუდგა ოპოზიციას, მისთვის უკვე არასანდო „ოცნების“ ხელისუფლების დასამხობად. მცდელობაც ჰქონდა  მასობრივი მიტინგებისა და პარლამენტზე თავდასხმის სახით, თუმცა მიზანს ვერ მაღწია.

დაინახა თუ არა „ოცნებამ“ დასავლური მზაკვრული გეგმები?

ძნელია, რომ არ დაენახა, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაბამისი ნაბიჯები ვერ გადადგა. მას იმედი ჰქონდა და აქვს, რომ დასავლეთი აზრს შეიცვლის და საქართველოს 2030 წელს, ევროკავშირის მორიგი გაფართოების დროს, შეიყვანს ამ კავშირში.

ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიერ სისტემატურად გაკეთებული განცხადებებიდან — საქართველო ვერ ეღირსება ევროკავშირს, ვიდრე არ გააუქმებს მიღებულ კანონებს და უყოყმანოდ არ შეასრულებს ევროკავშირის ბრძანებას, „ოცნება“ ისევ თავისას აწვებოდა და სარეკლამო დაფებზე ჯიუტად წერდა — ღირსებით ევროკავშირისკენო.

 არადა, სხვა ნაბიჯი უნდა გადაედგა „ოცნებას“— პოლიტიკური ვექტორის სწრაფი და კარდინალური შეცვლისთვის. ევროკავშირი, კოლექტიური დასავლეთი „ოცნებას“ არათუ მიიღებს თავის რიგებში, თუნდაც ყველა ბრძანების შესრულების შემდეგ, არამედ ახლოსაც აღარ გაიკარებს.

საქართველო მაშინ გახდება დასავლეთისთვის „პერსონა გრატა“, როდესაც „ოცნებას“, ოპოზიცია ჩაანაცვლებს. ასე რომ, „ოცნებას“ მხოლოდ ერთი გზა რჩება — პოლიტიკური მიმართულების შეცვლა . არის ამისთვის მზად ის?

არჩევნების შემდეგ გამართული პრეს-კონფერენციის დროს პრემიერ-მინისტრმა, კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით, უპასუხა — ასეთი არ იგეგმება, ვინაიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე „ოცნების“ დამფუძნებელმა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნაცმოძრაობას უდავოდ დასჯის საპარლამენტო არჩევნების მოგების შემდეგ, ვინაიდან მან და მისმა ლიდერმა, სააკაშვილმა ომი გააჩაღეს სამხრეთ ოსეთში.

სწორედ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ავანტიურისტულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ომი, რომელსაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა. როგორც ჩანს, კობახიძეს დაავიწყდა ივანიშვილის ნათქვამი, თორემ ჟურნალისტს სხვა პასუხს გასცემდა და არა ისეთს, როგორიც თქვა.

დავსვათ კითხვა — რამ გამოიწვია ოკუპაცია?

ოკუპაცია ხომ ომმა გამოიწვია, საქართველომ რომ გააჩაღა საკუთარი ქვეყნის ნაწილის წინააღმდეგ და რუსი სამშვიდობოები დახოცა?

საქართველოს პოლიტიკოსები აღნიშნულს არაფრად აგდებენ და მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა ომი კი არ გააჩაღა, არამედ უპასუხა რუსეთის აგრესიულ გამოწვევას.

2008 წლის აგვისტოდან ვისმენთ ამ „სიმართლეს“ და სიმართლე გვგონია, თუ არ გვგონია, საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ ეს ასეა. საკუთარ ტყუილში გახვეული საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ივანიშვილის განცხადება ჩადენილი დანაშაულისთვის ოსებთან მობოდიშება.

ივანიშვილს ეგონა, რომ განცხადება, გაკეთებული არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დამატებით ქულებს მოუტანდა „ოცნებას“, ვინაიდან ბოდიშის მოხდასთან ერთად, ითქვა სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის დასჯის თაობაზეც — არჩევნების გამარჯვების შემდეგ.

საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა „მობოდიშება“, თუმცა სააკაშვილის დასჯა სამართლიანად მიაჩნია, მაგრამ არა ყველამ. მიზეზი?

დანაშაულის ხანდაზმულობა.

შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ თუ შეცდომა მრავლობითში გადადის, რასაც ვუყურებთ 12 წლის განმავლობაში, გვაფიქრებინებს, რომ 12 წლის წინათ გაკეთებულმა არჩევანმა არ მოგვიტანა ისეთი შედეგი, რასაც ველოდით. საქართველოს მოსახლეობა — იმედგაცრუებული და მის მიერ კერპად აღიარებული ივანიშვილის მიერ მოტყუებული, არჩევანის წინაშე დადგა 26 ოქტომბერს, ისეთი არჩევანის, არჩევის შანსს რომ არ იძლეოდა.

პოლიტიკური ვითარება, უაღრესად დამუხტული, კარგა ხანს გაგრძელდება. ოპოზიცია არ დააცლის ხელისუფლებას ნორმალური მუშაობის საშუალებას და არა მარტო ოპოზიცია, არამედ ევროატლანტიკური სივრცეც — გამოკვეთილი მტერი „ქართული ოცნების“.

„ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა, ივანიშვილმა გაიმეორა ყველ ის შეცდომა, რამაც ბოლო მოუღო წინამორბედ პარტიებსა და ლიდერებს — ხელისუფლების სათავეში მყოფთ. მიზეზი ამისა მრავალია, მაგრამ გამოვყოფ ისეთ თვისებას, თავდაჯერება რომ ჰქვია. თავდაჯერება იმაში, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მანდატი ღმერთისგან აქვთ მიღებული და არა ხალხისგან. ყველა ხელისუფალი და პარტია თვლიდა, რომ ის ყველაზე ბრძენია, ყველაზე ჭკვიანია, ყველაზე გამოცდილია, ნამდვილი პროფესიონალია.

თავდაჯერება გაუნათლებელი ადამიანის თვისებაა. განათლებული, განცხადების გაკეთებამდე დაფირდება. გაუნათლებელი, განცხადების გაკეთების შემდეგ ფიქრობს, ხშირ შემთხვევაში არ ფიქრობს. ნათელი მაგალითი ამისა მოგვცა და გვაძლევს „ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კალაძე, რომელმაც ჭავჭავაძის პროსპექტის გაუპატიურების შემდეგ, რითაც ავტომანქანების სავალი ნაწილი დავიწროვდა და დღიდან რეკონსტრუქციის ჩატარებისა, არა მარტო ვაკეში გამოიწვია აუტანელი საცობები, არამედ ქალაქში, განაცხადა — არაუშავს, მიეჩვევიანო.

კალაძის ბრძანებით, გაფართოვდა ტროტუარები, ავტომანქანის სავალ გზაზე დაირგა ბუჩქები, ხელოვნური ხეები; ავტობუსების სავალ გზად, პროსპექტის შუა ნაწილი გახდა, რამაც გააუარესა მოძრაობა არა მარტო პროსპექტზე, არამედ გმირთა მოედნისა და ჭავჭავაძის პროსპექტის დამაკავშირებელ ქუჩაზე, სადაც მუდმივი საცობი შეიქმნა, ისე, როგორც მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე.

მერის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა იმდენად მოაბეზრა თავი თბილისელებს, რომ კალაძის ხსენებას, მისი დედის გინებაც ახლავს. კალაძეს თბილისი თავისი საკუთარი ჰგონია, ისე, როგორც ივანიშვილს საქართველო, ამდენად, როცა უნდათ, სრულიად გაუმართლებელი საბაბით, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის პროსპექტს კეტავენ, თითქმის მთელი დღით, რითაც პრობლემებს, დისკომფორტს უქმნიან თბილისელებს.

თბილისელებიც, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისე, როგორც ყველგან. ისინი რობოტები არ არიან. ისინიც ავადდებიან, ისე, როგორც სხვაგან და ექიმის დახმარებას მოითხოვენ, რაც მიუღწეველია რაღაც ღონისძიების გამო გადაკეტილი ქუჩებით. ისინიც მომკვდავები არიან, მაგრამ პანაშვიდის, დასაფლავების შესაძლებლობა არ აქვთ — მიტინგის ან სხვა ღონისძიების გამო ჩაკეტილი მოძრაობით.

ქალაქის მერი, რომელიც საზღვარგარეთ შეძენილი ავტობუსების პრეზენტაციას აწყობს რესპუბლიკის მოედანზე და ამისთვის ქალაქის მოძრაობას კეტავს, ვერასდროს იფიქრებს თბილისელთა კეთილდღეობაზე. ის, საკუთარი თავის განდიდებაზე ფიქრობს — ნახეთ, რა მაგარი მერი ვარ, ავტობუსები გიყიდეთ კომფორტული გადაადგილებისთვისო. მაგრამ რა საჭიროა პრეზენტაცია, ქალაქის გადაკეტვა?

რა საჭიროა, ოპონენტებზე გაბრაზებულმა მერმა საჯაროდ განაცხადოს — მთაწმინდიდან გამოქანდით და აი აქ დამახტითო, ხელით მიმართულების მინიშნებით?

მერი, თავისი ბრიყვული თავდაჯერებით — აქაოდა ივანიშვილის შვილის ბერას ფავორიტი ვარო, თავს უფლებას აძლევს თავისსავე ამომრჩეველს მიაყენოს შეურაცხყოფა.

ხალხის ფეხებზე დაკიდებაა, როდესაც ღარიბაშვილის ბიძა, მეტსახელად, მოფერებით „კაკაშა“, ანუ კახურად „მძღნერო“, შიშის ზარს სცემს კახეთს, მამამისთან ერთად; როდესაც სახელმწიფო ქონებას ისე ეპყრობა, როგორც საკუთარს — გაიხსენეთ ღარიბაშვილის სახელმწიფო თვითმფრინავით მგზავრობა პირად საქმეებზე შვილთან ერთად და თავის მართლება — თვითმფრინავი მამამ დაუქირავა.

შვილებით უცხოეთში ვოიაჟი არც დღევანდელმა პრემიერმა, კობახიძემ დაიკლო — გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შვილებთან ერთად გამგზავრებით, შემდეგ ხმამაღალი განცხადებით, რომ ნიუ-იორკის რესტორანში კარგად იქეიფეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რესტორანში, სადაც კობახიძემ და მისმა ამალამ იქეიფა, „სტეიკი“ 680 დოლარი ღირს.

საზოგადოებისთვის მიუღებელია პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებისთვის კამათში შესვლა, ისე, როგორც უცხოეთის ელჩებთან. კობახიძე-ჰერჩინსკის სიტყვიერმა პაექრობამ ნეგატიური შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს საზოგადოებაზე.

ცუდი შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, წულუკიანმა თავისი უკმეხი, ქედმაღლური განცხადებებით. მას, „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებიც არ ჩამორჩნენ, რაც სუსტი საკადრო პოლიტიკის ბრალია.

ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მოქმედების ჩარჩოებს სცილდება „ოცნების“ დამფუძნებლის ივანიშვილის ქცევაც — ზვიგენებთან და პინგვინებთან თამაშით, საკუთარ ბაღჩაში დენდროპარკის მოწყობით და ამისთვის საქართველოს რეგიონებიდან ხეების გადანერგვით. და არა მარტო საქართველოს, პრესის საქილიკო თემა იყო კენიაში ბაობაბის შეძენა, მისი ტრანსპორტირება, საკუთარ პარკში დარგვა და მოულოდნელი გახმობა.

ის, რაც მოგახსენეთ, უმნიშვნელო რამ არის იმ მნიშვნელოვანთან და საზოგადოებისთვის მიუღებელთან შედარებით, რაც ყველამ იცის, გულზე სკდება, მაგრამ სიტყვას არ ამბობს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მას ყურადღებას არვინ მიაქცევს.

მაგრამ „ოცნების“ სამწუხაროდ, ოპოზიციურმა მედიამ მიაქცია ყურადღება, რამაც შედეგი გამოიღო. 26 ოქტომბრის არჩევნებში „ოცნების“ სუსტი გამოსვლა სწორედ მედიის დამსახურებაა.

ხელისუფლება, დარწმუნებული საკუთარ უძლეველობაში, აინუნშიაც არ აგდებდა მედიის მიერ კრიტიკას — ლანძღვაში გადასულს.

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ — პრინციპით მოქმედებდა. ძაღლმა იყეფა-იყეფა და ქარავნის სვლაც შეაფერხა, თანაც ისე, საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას რომ წერტილი დაუსვა.

დემოკრატობანას თამაში ისეთი სუსტი და უმწიფარი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დამღუპველია. მხოლოდ ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერს შეუძლია დემოკრატიულობის თამაში, მაგრამ არის თუ არა ის დემოკრატია — ძნელი სათქმელია. ყველას თავისი დემოკრატია აქვს. ყველა თვლის, რომ მისი დემოკრატიაა სამაგალითო და არა სხვისი.

ავიღოთ ე.წ. დემოკრატიის აკვანი აშშ-ი, ქვეყანა, რომელმაც აკრძალა რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობა თავის ტერიტორიაზე და მოუწოდა ევროპელ ვასალებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ. რაში დასჭირდათ მათივე განცხადებით ძლიერებსა და სიტყვის თავისუფლების დაუღალავ მებრძოლებს ესოდენ არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმა?

ე.წ. რუსული პროპაგანდისგან თავის დახსნისთვის.

კოლექტიური დასავლეთი პროპაგანდას არქმევს ნებისმიერ რუსულ საეთერო პროდუქციას, მათ შორის სამეცნიერო-შემეცნებითსაც, ვინაიდან დამზადებულია რუსეთში.

დასავლეთმა არა მარტო რუსული მედია აკრძალა, არამედ რუსული ხელოვნებაც. სახელგანთქმულ რუს საოპერო მომღერლებს, რომლებსაც მრავალწლიანი საგასტროლო პროგრამა ჰქონდათ შედგენილი თვით მასპინძელი ქვეყნების იმპრესარიოების მიერ, აღარავინ იწვევს.

დასავლეთისთვის რუსეთი სახიფათო, მიუღებელი ქვეყანაა, რომელიც ახლოს არ უნდა გაიკარო. და თუ გაიკარებ, რუსული პროპაგანდისტული ბაცილით დაავადებას ვერ აიცილებ. რაღა შორს წავიდეთ, განა საქართველოში იგივე არ არის?!

რუსული საინფორმაციო არხები გამორთულია. ქართულ არხებზე კი რუსეთის სისტემატური ლანძღვა-გინება ისმის, მიუხედავად იმისა, რა სახის გადაცემაა.

რუსეთის გინება ნიშნავს „ოცნების“ გინებას, ვინაიდან დასავლეთის ჩაძახილი, რომ „ოცნება“ პრორუსული პარტიაა, რახანია გაიზიარა სქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა. და გაიზიარა არა გუშინ და გუშინწინ, არამედ 12 წლის განმავლობაში — „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.

ხელისუფლება, სავარძლებში განცხრომით მსხდომი, ყოველდღიურ ტკბობას, მიღებულს ხელისუფლებისგან, არავითარ ყურადღებას არ აქცევს მედიის მუშაობას. მარეგულირებელი კომისიის მოიმედე, წამითაც არ ფიქრობს, რომ ტელეკომპანია ან რადიომაუწყებლობა თვით ხელისუფლების წინააღმდეგ არის მომართული — დასავლეთის გავლენის ქვეშ მყოფი და აწარმოებს ე.წ. ჰიბრიდულ ომს.

პატარა ქვეყანაში უამრავი ტელეკომპანია, რადიომაუწყებლობა, ვითომ დემოკრატიის გამოვლინებაა და არა სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი მუშაობა.

რას აკეთებს მარეგულირებელი კომისია გადაცემების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ფართო მასებში სახელმწიფოს სიყვარულის, პატრიოტიზმის დასანერგად?

არც არაფერს! და რომ არაფერს, ჩვეულებრივ ამბვად იქცა ტელეეკრანზე გამომსვლელთა მიერ დედ-მამის გინება, ბილწსიტყვაობა, ძიძგილაობა. მაგის დედა მო…, შენი დედაც … იავნანასავით ჩაგვესმის.

არის თუ არა საჭირო სახელმწიფო ტელევიზია, რადიო?

კითხვაც ზედმეტია. და არა მარტო ტელევიზია და რადიო, სახელმწიფო გაზეთიც საჭიროა. და საჭიროა თვით სახელმწიფოს პოზიციის ხალხამდე მიტანისთვის — ყოველგვარი ზედმეტობის, შელამაზება-არშელამაზების გარეშე.

სწორედ სახელმწიფო მაუწყებლობამ უნდა აუხსნას ხალხს — რა არის სინამდვილე და რა არის ტყუილი. სწორედ მან უნდა დაანახოს, გააგებინოს, რომ მეზობელი რუსეთი ჭაობი და საშინელება არ არის, როგორც ოპოზიცია ნათლავს მას, არამედ ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოს 10 უძლიერეს ქვეყანას შორის; რომ ათეულის ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს, ერთ დროს ევროკავშირის ყველაზე განვითარებული გერმანია; რომ ევროკავშირის დღევანდელი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა სავალალოა და ამ ჩავარდნიდან ამოსვლას არაერთი წელი დასჭირდება.

საქართველოს ხელისუფალთ, განვლილი 12 წლის განმავლობაში ის მაინც უნდა გაეკეთებინათ, რომ ვიღაც უვიც ოპოზიციონერს არ ეყვირა — ხელისუფლებას არ უნდა ევროკავშირში შესვლა, სადაც ბედნიერება და სიმდიდრეა.

და ბოლოს, ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს მუდმივ რეჟიმში იმის ძახილს, რომ საქართველო აუცილებლად შევა ევროკავშირში 2030 წელს.

დღეს, 2024 წელია. „გაბედნიერებამდე“ 6 წელი გვაშორებს. 6 წელი, 6 დღე არ არის. არვინ იცის, რა მოხდება 6 წლის განმავლობაში — ფათერაკებით აღსავსე სამყაროში. საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანების დიდი ნაწილი სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა და მოვლენათა გამო ვერ გაუძლებს ცხოვრებისეულ გამოწვევას და ევროკავშირულ „ბედნიერებას“ ვერ ეღირსება. არადა, ეს სწორედ ის ასაკია, „ოცნებას“ რომ დაუჭირა მხარი. ეს, ის ასაკია, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მიზნის მიღწევას. ამ ასაკს ხვალინდელი, ზეგინდელი „ბედნიერების“ ნაცვლად, დღევანდელი უნდა. მას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია, ხვალინდელ ქათამს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

31/10/2024