22.12.2024

ივანიშვილის ინტერვიუდან გამომდინარე

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში — საკმაოდ გრძელში, ბევრ რამეზე ილაპრაკა, რაც დაახლოებით თუ არა, სრულად იმ ბუკლეტის გამეორება იყო, რომელიც მოსახლეობას დაურიგდა წინასაარჩევნო დღეებში.

76-გვერდიანი, ფერადი ბუკლეტი, მაპატიეთ წიგნი — სახელით „41. ქართული ოცნება“, გვიყვება იმ აუსრულებელ ოცნებაზე, რომელსაც „ოცნება“ დაგვპირდა და არ შეასრულა.

ამ პროპაგანდისტულ კრებულში, ფერად-ფერადი სურათებით, გვიყვება „ოცნება“ 12 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე — თითქმის ყველა დარგში. გვიყვება თავმომწონედ — ნახეთ რა მაგრები ვართ, რამდენი რამ გავაკეთეთო! და ამას გვეუბნება უკმაყოფილების გასაფანტად, რასაც ადგილი აქვს საზოგადოებაში.

ნებისმიერი, რომელიც ამ „ნამოღვაწარს“ გადაუფურცლავად, გადაუშვებს ნაგვის ყუთში — ჩათვლის, გაკეთებულს ბუკლეტი არ სჭირდება. გაკეთებულს, მოსახლეობა უბუკლეტოდაც დაინახავს, მაგრამ გაუკეთებელს რომ გაკეთებულად ჩაგათვლევინებს და ეს არის ამ ბუკლეტის მიზანი, უმალ გიჩენს საწინააღმდეგო განწყობას — ბუკლეტის სანაგვეში გადაძახების სურვილით.

მოსახლეობას, ბუკლეტით თვალს ვერც „ოცნება“ აუხვევს და ვერც სხვა პარტია, თუმცა სხვა პარტიას ამის შესაძლებლობაც არ აქვს. ის, რაც ბუკლეტშია თავმოყრილი, მხოლოდ ხელისუფლებას ხელეწიფება. მან უნდა გააკეთოს, მან უნდა შექმნას, მაგრამ შექმნა, გააკეთა?

სიტყვით და ბუკლეტით — 100%-ით, საქმით, გაცილებით ნაკლები, სკოლაში რომ იტყოდნენ — „ოცნებამ“ გამოცდა კოჭლ სამიანზე ჩააბარაო, ისეა „ოცნების“ საქმე.

ბუკლეტი როდესაც გადმომცეს, გადავფურცლე და უმალ დამებადა აზრი სახელმწიფო თანხების განიავების თაობაზე. ნეტავ რა ტირაჟით დაიბეჭდა ეს „შედევრი“, რა დაუჯდა ხელისუფლებას ბუკლეტის გამოცემა?

ბუკლეტის ბოლო გვერდზე, ქვემოთ მინიშნებულია დამკვეთიც, შემსრულებელიც, ტირაჟიც — 321 560 ეკზემპლარი.

მიზანი ბუკლეტისა მარტივია — რეალობის, ბეჭდური ზღაპრით, ანუ ოცნებით გადაფარვა. ჩემის მოსაზრებით, უმჯობესი იქნებოდა საქმის კეთება ბუკლეტის ბეჭდვის ნაცვლად, ისე, როგორც სარეკლამო დაფების „ოცნების“ რეკლამით დაფარვა; ძვირადღირებული სარეკლამო დაფებისთვის დახარჯული ფული წყალში გადაყრილია, არაფრის მომტანია ამომრჩევლისთვის და „ოცნებისთვის“.

ჩემის აზრით, არჩევნების ჩატარების პროცედურა უფრო თავშეკავებულად უნდა ხდებოდეს — ნაკლები ფულის ხარჯვით და ნაკლები ფანტასტიკური გეგმების, მოსაზრებების გასაჯაროებით. საქართველოში, ტერიტორიით და მოსახლეობით საკმაოდ მცირე ქვეყანაში, უამრავი პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. 19 იღებს მონაწილეობას ა.წ. 26 ოქტომბრის არჩევნებში. ყველა პარტია თვლის, რომ ხელეწიფება ქვეყნის მართვა.

რით არის განპირობებული ესოდენი თავდაჯერება?

მაგალითით, რომელიც არა მარტო მათ წინაშე დევს, არამედ ყველა ჩვენგანის. გუშინდელი პარტია, დღეს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიას აცხადებს და არ ფიქრობს სასწაულის შემთხვევაში, ანუ პარლამენტში უმრავლესობით მისვლის, შეძლებს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას. შეძლებს თუ არა რეგიონებში, ქალაქებში, სოფლებში ლოიალური ადგილობრივი მმართველობის ჩამოყალიბებას.

ლოიალურობა კი აუცილებელია გამარჯვებული პარტიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება არჩევნებში გამარჯვებული პარტია და მის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არალოიალურად განწყობილი დანარჩენი საქართველო.

საქართველოში ჯერ-ჯერობით არც ისეთი პოლიტიკური კულტურაა, რომ ცენტრმა აიტანოს  მისდამი კრიტიკულად განწყობილი რეგიონები. საქართველოს  ათეული წლები დასჭირდება პარტიათა შორის კოჰაბიტაციის დასაფუძნებლად. კოჰაბიტაცია ბრძანებით, ანუ ზემოდან ვერ განხორციელდება და თუ ამას ექნა ადგილი, მხოლოდ მოკლე პერიოდით და არა სამარადისოდ.

კოჰაბიტაცია, ტოლერანტობა პოლიტიკოსის ტვინში უნდა ჩაისახოს, მოსახლეობის, რომელიც შობს პოლიტიკოსს. პოლიტიკა სახუმარო საქმედ მიაჩნია ხალხს, აქაურს, პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელს, თორემ იქაურს, ვთქვათ ევროპელს, ამ შემთხვევაში გამოვრიცხავ ყოფილ საბჭოთა 3 ბალტიისპირა რესპუბლიკას, მწირს, ისეთი პოლიტიკოსებით, როგორებიც იყვნენ „ბებერ“ ევროპაში. დღევანდელში კი ისინი ისეთივე დაბალი განათლებისანი არიან, როგორიც ბალტიისპირეთში.

პოლიტიკოსობა პროფესიაა, უაღრესად სერიოზული, რომელიც პოლიტიკოსისგან მოითხოვს ყოველდღიურ მუყაით შრომას, საკუთარი განათლების ამაღლებას, საშინაო და საგარეო საკითხების განხილვა-შესწავლას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პოლიტიკოსი ხელისუფლებაში. საკუთარ თავზე შრომა მისცემს მას საშუალებას — ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნაკლები დრო დახარჯოს ადაპტაციაში.

ჩვენი საკუთარი გამოცდილება გვეუბნება, რომ ხელისუფლებისთვის მოუმზადებელი „პოლიტიკოსი“ დიდი განსაცდელის მომტანია ქვეყნისთვის. მაგალითის მოსაყვანად ტვინის ჭყლეტა არ დაგვჭირდება.

ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველო იყო პირველი, ვინც მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები გამართა, რომელშიც გამარჯვება „მრგვალი მაგიდის“ კოალიციამ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით. მე, როგორც იმჟამინდელ სახელმწიფო და საპარლამენტო მოხელეს, პირდაპირი შეხება მქონდა გაპარლამენტებული პოლიტიკოსების სახელისუფლებო მუშაობის დაწყებასთან.

გამსახურდიადან დაწყებული, რიგითი „მრგვალით“ დამთავრებული, მგზნებარე მომიტინგეები იყვნენ, რასაც ვერ ვიტყვი სახელისუფლებო მუშაობაზე. ძნელი გამოდგა მიტინგის სულისკვეთების, სახელმწიფო მუშაობაზე გადასვლის პროცესი. კაბინეტური მუშაობა უცხო რამ იყო ყველა მათგანისთვის. ისინი გალიაში გამომწყვდეულ მტაცებელ ცხოველებს მაგონებდნენ — ქუჩას, თავისუფლებას, სილაღეს მიჩვეულნი.

კაბინეტებში შესულნი, ძნელად ეგუებოდნენ სახელმწიფოებრიობას, გული ქუჩისკენ, მიტინგისკენ მიუწევდათ. და როდესაც უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე, უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარემ სინანულით გაიხსენა მიტინგი, პრეზიდიუმის წევრები ერთხმად აჰყვნენ კოლეგას და უმალ მიტინგის ჩატარებაც დააანონსეს.

ამ „მოვლენას“ ადგილი ჰქონდა უზენაესი საბჭოს მუშაობის დაწყებიდან მეორე თვესვე. აი, სწორედ ამ დღიდან დაიწყო „მრგვალი მაგიდის“ რღვევის პროცესი, ხალხში მისდამი გულაცრუება, რასაც თბილისის ომი მოჰყვა და ე.წ. ეროვნული ხელისუფლების დამხობა.

მას შემდეგ 32 წელი გავიდა, თუმცა ქართულ პოლიტიკას სასიკეთო არაფერი დასტყობია. ერთადერთი რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს — პოლიტიკური პარტიების სიუხვეა — ერთობ შეუფერებელი პატარა ქვეყნისთვის.

პოლიტიკური პარტიებისა და ელექტრონულ-ბეჭდვითი მედიის სიუხვეს დასავლეთი გულმხურვალედ მიესალმება. მისი განმარტებით, ბევრი პარტია და ბევრი მედია დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების გამომხატველია. და რახან ის ასე თვლის, საქართველოს პოლიტიკაც მზადაა გაიზიაროს ეს მოსაზრება, მითუმეტეს თუ გაზიარებას ფინანსებიც ახლავს — დასავლური ფინანსები. მერე რა, რომ ყველა პარტიას ერთი და იგივე პროგრამა აქვს, ერთმანეთისგან გადაწერილს რომ ჰგავს. ყველა მათგანი მოითხოვს ევროკავშირში და ნატოში შესვლას. სხვათაშორის, იგივეს აცხადებს მმართველი „ოცნებაც“ და სარეკლამო დაფებზე ლოზუნგს გვიკრავს — „ევროპისკენ ღირსებით“. ყველა მათგანი ლანძღავს რუსეთს, რომელსაც „აგრესორს“, „ოკუპანტს“ უძახის. არავის თავში აზრადაც არ მოსდის ამ ქვეყანასთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

არც ერთი მათგანი არ ლაპარაკობს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ყველა მზადაა არა მარტო ნატო-ევროკავშირში შესვლისთვის, არამედ აშშ-ს რიგით, შორეულ შტატად თავის გამოცხადებისთვის. ყველა მათგანი თვალს ხუჭავს ამერიკა-ევროპის ეგოისტურ, აგრესიულ, მტაცებლურ პოლიტიკაზე და რატომღაც (ალბათ ლამაზი ქართული თვალებისთვის) მიიჩნევს, რომ ეს ორი, საქართველოს, თავის თანატოლად ჩათვლის, ხელის გულზე დაისვამს, მოეფერება და წინსვლა-ბედნიერებას დაპირდება.

გაიხსენეთ ნაცი პოლიტიკოსების ხმამაღალი, უსაგნო განცხადებები, „ოცნების“ ცუდი პოლიტიკის გამო — საქართველო ჰკარგავს მრავალმილიონიან დახმარებას, კარგ პენსიებს და მაღალ ხელფასებსო.

„ოცნების“ გულშემატკივრობას, ისე, როგორც სხვა პარტიების ვერვინ დამწამებს, მაგრამ ოპოზიციონერთა ზემომოყვანილი განცხადება მაფიქრებინებს, რომ ისინი გაცილებით გონებაჩლუნგნი არიან, ვიდრე „ოცნება“. და არა მარტო გონებაჩლუნგნი, არამედ საგარეო საკითხების უცოდინარი, დეგენერატები ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მოხიბლული არიან ფეშენებელური მაღაზიების ვიტრინებით, მაგრამ არაფერი იციან იმ „მაღალი“ პენსიით შეძლებს თუ არა ფიზიკური პირი თავის გატანას.

რუსული გაზის გარეშე დარჩენილი ევროპა, მისი ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა გაცილებით ცუდათ გამოიყურება, თუნდაც საუკუნის დასაწყისში მყოფ ევროპასთან. ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოს უმაღლეს ათეულში მხოლოდ ბოლო ადგილები უკავიათ გერმანია-საფრანგეთს. ის, რაც ერთ დროს განვითარებულ, ინდუსტრიულ გერმანიაში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა დეინდუსტრიალიზაცია.

რუსული იაფი გაზის, სამჯერ ძვირი ამერიკულით ჩანაცვლებამ ჩაკლა ავტომშენებლობა. ძვირი საწვავი, საბოლოო პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ძვირი ავტომანქანა ნაკლებად მომხიბლველია მყიდველისთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩინური ელექტრომანქანების ჭარბი რაოდენობაა მსოფლიო ბაზარზე — ხელმისაწვდომი ფასებით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინეთმა 5 მილიონი ავტომანქანა გაიტანა გასაყიდად მსოფლიო ბაზარზე.

დასავლელი, განსაკუთრებით ევროპელი შიშით შეჰყურებს ამ და მომავალი წლის ზამთარს და ოცნებობს შედარებით თბილი ზამთრის სეზონზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საცხოვრებელ ფონდს ელექტრომოხმარების პრობლემები შეექმნება — მაღალი ფასების გამო.

საქართველოს პოლიტიკოსებმა, ევროპაზე დაგეშილებმა, არ იციან იქაური მდგომარეობა. და არ იციან იმიტომ, რომ არ ეცნობიან იქაურ მედიას. არც ენა იციან  — ინგლისური, გერმანული, ფრანგული — მოისმინონ და გაიგონ იქაური ტელეკომპანიების მიერ გაკეთებული განცხადებები, თოქ-შოუები, გადაცემები.

ისინი დასავლეთიდან ჩაძახილზე რეაგირებენ და როგორც ჭურიდან ისე ამოიძახებენ — დასავლეთში გვინდაო, „ევროპა გვინდა“. ეს იყო ძირითადი მიზანი და ლოზუნგი ოპოზიციის მიერ გამართული მიტინგისა ქ.თბილისის ცენტრში თითქმის მთელი ქალაქის მრავალსაათიანი პარალიზებით.

უსაქმურ პოლიტიკოსებს, რომლებსაც მიზნად დაუსახავთ ხალხის სამსახურში დგომა, თავში აზრადაც არ მოსდით, რომ იმავე ხალხს მრავალსაათიან წამებაში ამყოფებენ თბილისის გადაკეტილი ქუჩებით.

ქართული პოლიტიკა, ექსპერტობა, ჟურნალისტიკა შურით შეჰყურებდა და შეჰყურებს ევროპულ ქვეყნებს, მაგრამ გამორჩეულად ესტონეთსა და მოლდოვას. პირველს იმიტომ, რომ „ბალტიისპირა“ ეკონომიკურ ვეფხვებად წოდებულ ლატვია, ლიტვა, ესტონეთიდან ყველაზე წინწაწეული ესტონეთია, ხოლო მოლდოვა, მისი ხელისუფლების საზრიანი მართვით, ევროკავშირში გაწევრების აშკარა კანდიდატი.

ოფიციალური ესტონეთი ხმამაღლა აცხადებს იმ მიღწევების შესახებ, მან რომ ვითომ მიაღწია ევროკავშირში გაწევრების შემდეგ. სინამდვილეში აგრარული ესტონეთის სსრ აწარმოებდა კარტოფილს — მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს, რომლის ტერიტორია 5-ჯერ შემცირდა. ესტონეთის მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პროდუქტი საზღვარგარეთიდან შედის ქვეყანაში.

საბჭოთა პერიოდის მძლავრი აგროსამრეწველო კომპლექსი, ორიენტირებული როგორც საკუთარი მოსახლეობის გამოკვებაზე, ისე ექსპორტზე — დაკნინებულია და საკუთარი ხალხის მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. ბრიუსელიდან გამოყოფილი დოტაცია ხორცის, ხილის, ბოსტნეულის შესყიდვას ხმარდება.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ესტონეთში, ისე, როგორც დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში მოდაში იყო საბჭოთა კავშირის გინება, განსაკუთრებით ვითომ უყაირათო აგრარული სექტორისთვის. ესტონელი ექსპერტები სისტემატურად აცხადებდნენ, მოსკოვმა სერიოზული ზიანი მიაყენა ბალტიისპირა საბჭოთა რესპუბლიკებს, შეამცირა სასოფლო-სამეურნეო მიწები, დააბინძურა მიწისზედა წყლები, მოსახლეობა შეყარა არაეფექტურ კოლმეურნეობებშიო.

სინამდვილე კი ასეთი იყო. საბჭოთა პერიოდში ესტონეთში ფუნქციონირებდა 300-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო საწარმო — 1,3 მილიონი ჰექტარის ტოლფასი სავარგულებით, საირიგაციო სისტემებით. აგრარული ესტონეთი სახელმწიფო ბიუჯეტს, უფრო სწორად მთლიანი ეროვნული პროდუქტის წარმოებას 15%-ით ავსებდა. ამ სექტორში მოსახლეობის 12%-ი იყო დასაქმებული. ნაწარმი ხორცისა და რძის პროდუქტი საექსპერტო იყო — საბჭოური დოტაციებიის შედეგი და უკიდეგანო საბჭოთა ბაზარი.

საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ ესტონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაბრუნებოდა კერძო ფერმერობას. 1990 წლიდან ესტონეთში შეიქმნა 900 ფერმა. ხელისუფლებამ, სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსურველს 50 ჰა მიწის ნაკვეთი გამოუყო. ხელისუფლების გათვლით, ესტონეთში 60000 ფერმა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, პროგრამა ვერ შესრულდა. მიზეზი?

ფერმერთა გამუდმებული წუწუნი საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მოხმარებაზე გაზრდილ ფასებზე, სასოფლო-სამეურნეო დანადგარებზე და სხვა. ეს ყველაფერი ევროკავშირში შესვლამდე.

შესვლის შემდეგ, პროექტი დეგრადაციის გზას დაადგა. 2002-2022 წლებში აგრომეწარმეთა რაოდენობა 80%-ით შემცირდა. მსხვილი კომპანიების ხელში აღმოჩნდა სასოფლო-სამეურნეო მიწები. დღეს, აგრარული პროდუქციის 84%-ს 1300 მეურნეობა აწარმოებს. ფერმერული საწარმოების გამსხვილება გრძელდება, თუმცა ქვეყნის გამოკვების თემა აქტუალურია.

2023 წლის მონაცემებით, ესტონეთი კარტოფილის მხოლოდ 61% აწარმოებს, ბოსტნეულის — 38%, ხილის — 12%, ხორცის — 78%, კვერცხის — 51%, თაფლის — 90%. გაცილებით რთული ვითარებაა მესაქონლეობაში. თუ 1983 წელს ღორის რაოდენობა 850 ათასს ითვლიდა, 2023 წელს — 250 ათასზე ნაკლებს. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობაც დაეცა — 1980 წლის 6856-დან, გასული წლის 2046.

ესტონეთი, სასოფლო-სამეურნეო საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რამაც მას საგრძნობი წარმატებები მოუტანა. ევროკავშირში შესვლის შემდეგ, ესტონეთს ულტიმატუმის მსგავსი წინადადება დაუყენეს — ევროკავშირს ესტონეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი არ აინტერესებს, ვინაიდან თავისიც თავზე საყრელად აქვს და მოუწოდეს ამ დარგოს შემცირებისკენ.

დღევანდელი ესტონეთის სოფლის მეურნეობაში უცხოა სტრატეგიული დაგეგმარება. სურვილი იმისა, დაცული იყო ეროვნული მწარმოებელი, თვალშისაცემია არაპროფესიონალიზმი და პოლიტიკის დომინირება, რასაც დაემატა ბალტიისპირა რესპუბლიკების ლიდერების ანტირუსული პოზიცია. სამივემ, რუსეთს სანქცირების ომი გამოუცხადეს ენერგომატარებლებში, სასუქში, საქონლის კვების პროდუქტში, რამაც ესტონეთი და მისი მეზობელი ლიტვა, ლატვია ერთობ რთულ ვითარებაში ჩააყენა.

დავუშვათ სასწაული, საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით და წამით წარმოვიდგინოთ რამდენად არის შესაძლებელი ქართული ღვინის, მინერალური წყლების, ხილის, ბოსტნეულის, თაფლის, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ევროკავშირის სუპერმარკეტების დახლებზე მასობრივი გამოჩენა?

წარმოუდგენელია, უტოპიაა, ტყუილი ოცნება, ვინაიდან რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, იქაც აწარმოებენ მრავლობით რიცხვში. იქ ნაწარმ პროდუქტს ოკუპირებული აქვს სუპერმარკეტები, კვების ობიექტები. კონკურენციის მოწყობას ისინი არ შეეცდებიან, ვინაიდან ევროკავშირი პრიორიტეტს ანიჭებს საკუთარ ფერმერს.

რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ უკრაინის მარცვეული, რომლის ტრანზიტიც არ დააცადეს უკრაინელებს „მეგობარმა“ პოლონეთმა, სხვა ევროპულმა ქვეყნებმა, ვინაიდან დაეჭვდნენ ტრანზიტის შემთხვევაში გარკვეული რაოდენობა უკრაინული მარცვეულისა შემთხვევით არ დარჩენილიყო მათ ტერიტორიაზე. პოლონელი, ევროპის სხვა ქვეყნების ფერმერების ბუნტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ საზღვარიც გადაკეტეს და ბრიუსელი აიძულეს სხვა გზას დადგომოდა საკითხის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება მოლდოვას, რომელსაც ზოგიერთი ქართველი „პოლიტიკოსი“ სამაგალითოდ მიიჩნევს, „სამაგალითოდ“ წარდგა მსოფლიოს წინაშე „სამაგალითო“ საპრეზიდენტო არჩევნებით და რეფერენდუმით — შევიდეს თუ არა კონსტიტუციაში მოლდოვის გაწევრება-არგაწევრება.

პატარა მოლდოვა, უდიდესი პრობლემებით უმალ ევროკავშირის მოჭარბებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა არჩევნებამდე, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდა კიშინიოვში და პრეზიდენტ მაია სანდუს დავალება მისცა — გამარჯვება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე რეფერენდუმში.

მოლდოვის ხელისუფლებამ დავალება ვერ შეასრულა. სანდუმ ხმების სათანადო რაოდენობა ვერ დააგროვა და დაინიშნა მეორე ტური.

რეფერენდუმის შედეგიც უარყოფითი იყო. ევროკავშირში ინტეგრაციის მოწინააღმდეგეებმა 10%-ით გადააჭარბეს ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეებს, ანუ 10%-ით მეტი ხმები დააგროვეს ევროკავშირში გაწევრების მოწინააღმდეგეებმა.

არჩევნების დამთავრებამდე დაფიქსირებულმა შედეგმა, აიძულა ხელისუფლება დამარცხება, „გამარჯვებით“ შეეცვალა — 88 ხმით. თუ როგორ ხდება 10%-იანი უპირატესობის გაბათილება ყველა ჩვენგანმა იცის. განა ამის მაგალითი არ იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის გამანადგურებელი დამარცხების, მეორე ტურში — ტრიუმფალური გამარჯვებით შეცვლა?!

მოლდოვის არჩევნებსა და რეფერენდუმში ხელისუფლებამ ნაცად გზას — გაყალბებას მიმართა, ისე, როგორც ამომრჩეველთა ხელის გრეხას, მისი მოთხოვნების ფეხზე დაკიდებას.

მოლდოვის მძიმე სოციალურმა ვითარებამ გამოიწვია მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება. ნაწილი ევროკავშირის წევრ რუმინეთში აღმოჩნდა, ნაწილი — რუსეთში. რუსეთში მყოფი მოლდოველის რაოდენობა 500 ათასს აჭარბებს. აი, ამ რაოდენობის ამომრჩევლისთვის მოლდოვის ხელისუფლებამ 2 საარჩევნო უბანი გახსნა მოსკოვში, ხოლო იტალიაში 200.

მოსკოვის საარჩევნო უბნებთან, დილის 5 საათიდან, გრძელი რიგები იდგა და ხმის მიცემის პროცედურა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მოსკოვის 2 უბნისთვის 7000 ბიულეტენი გამოიყო — ნახევარ მილიონზე მხოლოდ 7000. არის თუ არა ეს დისკრიმინაციის მაგალითი? ვგონებ კიდევაც უადგილოა.

ოფიციალურმა კიშინიოვმა კარგად იცოდა, რომ რუსეთში მცხოვრები მოლდოველები მხარს არ დაუჭერდნენ ევროკავშირში გაწევრებას. ურსულა ფონ დერ ლაიენმა უმალ მიულოცა სანდუს რეფერენდუმში გამარჯვება. რა გამარჯვებასთან გვაქვს საქმე?

ეუთომ გამოაცხადა  სერიოზული დარღვევები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ასე რომ, მოლდოვის მაგალითი სამაგალითო არ უნდა იყოს საქართველოსთვის. ევროკავშირმა მოლდოვაში დაუშვა გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი. და დაუშვა იმიტომ, რომ სურს მოლდოვა შეათრიოს ევროკავშირში. ევროკავშირელი მოლდოვის ხელისუფლება გამუდმებულ ქიშპში იქნება რუსეთთან.

დასაწყისში ივანიშვილის გამოსვლა ვახსენე, როდესაც მან 2008 წლის ომის გაჩაღებაში სააკაშვილი და ნაცები დაადანაშაულა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც ტელეინტერვიუს დროს თქვა — დასავლეთმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მისცა რეკომენდაცია რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის. 3-4 მილიონი ხართ ქართველები, 4 დღეს იომებთ, რუსეთთან, შემდეგ ტყეში გაიხიზნებით და პარტიზანულ ომს დაიწყებთო.

რა შეიძლება ვუწოდოთ ამ რეკომენდაციას, ბრძანებას თუ დავალებას — პასუხი ღარიბაშვილისგან უნდა მოგვესმინა.

ჩემის აზრით, ეს ბრძანება იყო, რომლის შეუსრულებლობამ გამოიწვია დასავლეთიდან შესაბამისი ნეგატიური რეაქცია. მსგავს ბრძანებას, დავალებას დასავლეთი იმას აძლევს, ვისაც თავის მონად თვლის, ანუ ქვეყანად, რომელსაც ყველაფერი შეიძლება აკადრო, ვინაიდან ქვეყნის პოლიტიკა მბრძანებლის უკანალის თავდავიწყებული კოცნით არის დაკავებული.

პატივცემულო მკითხველო, წამით თქვენი თავი წარმოიდგინეთ მათხოვართან, რომელიც 32-წლის განმავლობაში გელაქუცება, უყოყმანოდ ასრულებს ნებისმიერ თქვენს დავალებას, არ აკადრებთ მას ისეთს, რისი კადრებაც სხვისთვის — სერიოზულის და თავმოყვარისთვის გაგიჭირდებათ?

„ოცნების“ ხელისუფლება, ისე, როგორც ყველა პარტია დასავლეთს ეხუტება, უკანალში უძვრება, უკადრებელს კადრულობს, რითაც არა მარტო თავის თავს აკნინებს, არამედ ქვეყანას.

„მეოცნეები“ მიპასუხებენ — აღარ ვუძვრებითო, მაგრამ ხომ უძვრებოდით?!

აი, რომ უძვრებოდით, იმიტომაც მიიღეთ ასეთი დავალება.

„ოცნებას“ დღესაც ერიდება (თუ ეშინია) მბრძანებლის დასახელება და მოკრძალებით აცხადებს დასავლეთის ერთ-ერთმა დიდმა ქვეყანამო.

„ოცნებელებო“, დასავლეთში მხოლოდ ერთი დიდი ქვეყანაა, მას ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია, რომელიც თავს უფლებას აძლევს სხვას მისცეს მსგავსი დავალება. დანარჩენები, აშშ-თან თავიანთი მონური დამუკიდებულებიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვერ მისცემენ სხვას ასეთი დავალება მისცენ.

დავალება კარგა ხნის წინათ მიიღო ღარიბაშვილმა და მერე რა?

დავალების არ შესრულება მონის მხრიდან დიდი რამ არის, მაგრამ არა ისეთი, რაც მბრძანებელს სერიოზულად დააფიქრებდა. დავალების მიღებისთანავე „ოცნებას“ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის დაწყებაზე უნდა ეფიქრა, სასწრაფოდ უნდა აღედგინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა; ჩართულიყო პროცესში, ისეთში, როგორშიც დსთ-ს წევრი ქვეყნებია; დაეწყო ახალი ცხოვრება, ვინაიდან დასავლეთთან ურთიერთობამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა. მაგრამ ყოველივე ამას გონიერება სჭირდება, პოლიტიკური ტვინგახსნილობა და არა ყოყმანი და სარეკლამო დაფებზე იმის დაფიქსირება, რომ „ღირსებით მივდივარ ევროპისკენ“.

საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენეს და მიუხედავად ამისა, შეურაცხმყოფელებთან გვინდა ცხოვრება? უთავმოყვარეობას ხომ არ ნიშნავს ყოველივე?

უდავოდ, ნიშნავს. დასავლეთმა იცის, რომ შეურაცხყოფილი აიტანს შეურაცხყოფას და ისევ მას ჩაეხუტება. და რომ ჩაეხუტება, ახალ დავალებასაც მიიღებს — მეორე ფრონტის გახსნაზე უარესს. ასეთია დიდისა და პატარის ურთიერთობის ფილოსოფია. იმ დიდის, ნამუსი, სინდისი რომ არასდროს ჰქონია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/10/2024