15.11.2024

როგორც ამათ არ იცოდნენ — რა ჭამას-სმის გარდა, ღვთისგან განაჩენი ამ მუხანათის წუთის-სოფლისა

გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ბოევიკებმა, ღაზის სექტორიდან იერიში მიიტანეს ისრაელის ახლომდებარე ქალაქზე, დახოცეს ებრაელი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ტყვედ აიყვანეს გოგონები, ბიჭები, ქალები, კაცები და ისევ გადაკვეთეს საზღვარი — ღაზის მიმართულებით.

„ჰამასელთა“ თავდასხმამ, მოულოდნელმა და სწრაფმა, ისე დააბნია 1947 წლიდან მოყოლებული, ლამის მუდმივ, განუწყვეტილ ომს მიჩვეული ებრაელი სამართალდამცველები, განსაკუთრებით მესაზღვრეები და არმია, როგორც ბრინჯი (ქართული გამოთქმიდან გამომდინარე), კარგა ხანს რომ გონს ვერ მოვიდნენ.

და ვერ მოვიდნენ არა მარტო ებრაელები, არამედ მათი გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში. და არა მარტო გულშემატკივრები, არამედ, სამხედრო თვალსაზრისით მოკავშირეები, უპირველესად აშშ-ი.

ისრაელ-ღაზის სექტორი ისეა გაყოფილი ერთმანეთისგან ელექტრონული, 24-საათიანი დამკვირვებელი სისტემით, არათუ ჩიტი, ბუზიც კი ფიქსირდება საზღვრის „დარღვევისას“ და ამ დროს „ჰამასელი“ ბოევიკები, კბილებამდე შეიარაღებულნი — არავითარი განგაში, სიგნალი SOS, ძილსმიცემული „ცახალის“ ჯარისკაცების ხოცვა, დატყვევებულთა გოდება და ა.შ.

სასოწარკვეთილი, შერცხვენილი, თავსლაფდასხმული ებრაელობა, 7 ოქტომბრიდან დაწყებული, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე, კატეგორიულად ითხოვს ხელისუფლებისგან, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსგან „ჰამასის“ მიერ დატყვევებულთა გათავისუფლებას.

გასულ წელს ხალხი პრემიერის გადადგომას და პასუხისმგებაში მიცემას მოითხოვდა, თუმცა ისრაელის მიერ გადადგმული უმკაცრესი სამხედრო ნაბიჯების  შემდეგ, განსაკუთრებით „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას მოკვლის, სულ ახლახანს კი „ჰესბოლას“ მეთაურის ჰასან ნასრალას —  ისრაელლთა განწყობა ნეთანიაჰუს მიმართ მკვეთრად შეცვალა, ნეთანიაჰუს სასარგებლოდ.

რა ნაბიჯები შეაგება ისრაელმა „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას?

შეაგება ის, რასაც ისრაელი, შექმნის დღიდან იყენებს პალესტინელი არაბების მიმართ, თუმცა გაცილებით მწვავედ, ვიდრე ოდესმე.

შედეგი?

მიწასთან გასწორებული ღაზას სექტორი, რომელიც 2.5 მილიონ მოსახლეს იტევს უაღრესად მჭიდროდ დასახლებულ ზონაში.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ღაზის სექტორში 41000  ადამიანია დახოცილი, მათ შორის უმრავლესობა ბავშვები, ქალები, მოხუცები. ღაზის სექტორი ალყაშია, ყოველდღიურად იბომბება, ჰუმანიტარული დახმარება პერიოდულად აღწევს მიზანს, მოსახლეობას არ აქვს წყალი, მედიკამენტები, საკვები.

ღაზის პალესტინელთა ყოფა აწუხებს ყველას, ვინც ადამიანს მიიჩნევს სულიერ არსებად და არა გასანადგურებელ ობიექტად. მასობრივი დემონსტრაციები იმართება ახლო აღმოსავლეთში, ევროპის ქვეყნებში, აშშ-ი მოთხოვნით — შეწყდეს პალესტინელთა გენოციდი; შეწყდეს ისრაელის არმიის თარეში არა მარტო ღაზის სექტორში, არამედ დასავლეთ სანაპიროზე, სადაც პალესტინის ავტონომიის შტაბ-ბინაა.

 რასა იქმს ისრაელი?

აფართოებს აგრესიას ჩრდილოეთით, ლიბანის მიმართულებით, სადაც „ჰესბოლას“ ანტიისრაელური ორგანიზაციის შტაბ-ბინაა. ლიბანის სამხრეთში ომია — ისრაელის მიერ წარმოებული. გასული წლის 7 ოქტომბრიდან, ა.წ. 7 ოქტომბრამდე ისრაელმა მოახერხა მის მეზობლებთან და არა მარტო მათთან, სამხედრო დატაკება: „ჰამასთან“, „ჰესბოლასთან“, ლიბანთან, სირიასთან, იემენთან, ირანთან.

ირანი, ისრაელისთვის პირველი მტერია — ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ მფარველი. ირანი კატეგორიულად მოითხოვს პალესტინელი არაბების სახელმწიფოს შექმნას, ისე, როგორც ეს იყო დადგენილი გაეროს მიერ. პალესტინელთა სამწუხაროდ, შეიქმნა მხოლოდ ერთი სახელმწიფო — ისრაელი, პალესტინელთა მიწაზე. პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ჰაერში გამოეკიდა და ასეა დღემდე.

 პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოითხოვენ გაეროს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა. წინააღმდეგია ისრაელი, მაგრამ ისრაელი მარტო არ არის. მას მხარს უჭერდა და უჭერს აშშ-ი. ისრაელი, აშშ-ის თვალი და ყურია ახლო აღმოსავლეთში და რახან ასეა, ისიც თავს ვალდებულად თვლის ფინანსურ-ეკონომიკური და რაც მთავარია სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა გამოიჩინოს მის მიმართ.

 აშშ-ს პოლიტიკური ელიტის გავლენიანი ნაწილია ებრაული წარმოშობის ამერიკელები. გარდა ამისა, აშშ-ი ყველაზე ძლიერი ლობი ებრაულია, სხვათა შორის არანაკლები სომხური.

 აშშ-ს დამოკიდებულება ირანის მიმართ, ისლამური რევოლუციის შემდეგ ისეა გამრუდებული, რომ მის გასწორებას რევოლუციური ნაბიჯების გადადგმაც ვერ უშველის. აშშ-ისრაელი ირანის მტერია და მათთან ერთად აშშ-ს ვასალი ევროპის ქვეყნებიც. ისრაელი, გათახვედებული აშშ-ევროპის მხარდაჭერით, ირანსაც აღარაფრად აგდებს — 90-მილიონიან ქვეყანას, შეიარაღებულს, ძლიერს რეგიონში, თანაც იმ დონემდე, რომ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩასულ „ჰამასის“ ლიდერს ისმაილ ჰანიას თეირანში კლავს.

მართალია, ირანმა საპასუხოდ რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ, მაგრამ თავდასხმა არ იყო დამანგრეველი, გასაფრთხილებელი იყო, თუმცა ისრაელი არ გაფრთხილებულა, პირიქით, იერიში მიიტანა ბეირუთის იმ რაიონზე, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰესბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა — ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა წარმომადგენელ გენერალს ხვდებოდა ბუნკერში. დაბომბვა ამერიკული მრავალტონიანი ბომბებით განხორციელდა, რასაც არა მარტო ბუნკერში მყოფი ადამიანების სიკვდილი მოჰყვა, არამედ ირგვლივ მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებლების.

ამ ამბავმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ირანი, რომელსაც არ აწყობს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა, საბოლოო ჯამში ახალი, ფართომასშტაბიანი რეგიონული ომი, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს მსოფლიო ომში, მაგრამ იძულებული იყო ისრაელისთვის პასუხი გაეცა. ირანმა 200-მდე ბალისტიკური რაკეტა უთავაზა ისრაელს, რამაც სერიოზული ზარალი მიაყენა ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურას.

თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა განაცხადა, რომ რკინის თაღი, რომელიც ისრაელს იცავს სარაკეტო თავდასხმისგან, გამძლე გამოდგა და ირანული რაკეტები ჰაერში გაანეიტრალა, რაც სინამდვილისგან შორს არის. ირანის თავდასხმას არა მარტო ისრაელი იგერიებდა, არამედ ამერიკული და ფრანგული ანტისარაკეტო სისტემები, თუმცა ბოლომდე ვერ მოიგერიეს, რითაც დამტკიცდა ყბადაღებული ებრაული „რკინის ქოლგის“  სისუსტე.

ირანის თავდასხმის კვალდაკვალ ისრაელმა გააძლიერა სამხედრო აგრესია ლიბანში, ხოლო პრემიერ-მინისტრმა, ნეთანიაჰუმ მუქარა შეუთვალა ირანს — მძიმე პასუხს გაგცემთ — ბირთვულ ლაბორატორიებზე, ნავთობგადასამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმითო; ამასთანავე მან მოუწოდა ირანელებს — ჩვენ, ისრაელი, თქვენი ძმები და დები ვართ, ერთად გავათავისუფლოთ ირანი აიათოლების დიქტატურისგანო.

მსოფლიო გაირინდა ავისმომასწავებელი სეირის შემყურე. პასუხი ირანის ხელისუფლებისა იყო ქვეყნის მეთაურის, რახბარის ხალხის წინაშე გამოსვლა. მილიონზე მეტი თეირანელი გამოვიდა მიტინგზე, თვალებზე ცრემლმორეული შეძახილებით — სიკვდილი ისრაელს.

ხალხი საკუთარ ხელისუფლებას მოუწოდებდა ისრაელის დასჯისკენ. ირანის მეთაურმა აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, თუ ისრაელის მხრიდან განხორციელდება სარაკეტო პასუხი, მაშინ ირანი გაიმეორებს სარაკეტო თავდასხმას უფრო ძლიერი და ზუსტი ბალისტიკური რაკეტებით.

აი, ასეთ დაძაბულობაში იმყოფება ახლო აღმოსავლეთი, რომლისგან ორი ნაბიჯი გვაშორებს, არა სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯისგან“. და რასა იქმს ქართული პოლიტიკა, საზოგადოება?

უდარდელად ლაყბობს. სხვას ვერ დავარქმევ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, გახურებულს ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის.

არვის აინტერესებს პრობლემები, რომლებიც ჩვენგან ორ ნაბიჯშია. არვინ იცის რა შეიძლება მოჰყვეს ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირებას, რამდენად არის ასეთი საშიში მსოფლიოსთვის. ქართული მედია მხოლოდ უკრაინისა და ზელენსკის „სიბრძნეზე“ გვიყვება უტუხრად.

ე.წ. პოლიტოლოგები უკრაინის სამხედრო წარმატებაზე გვითხრობენ და არა მარცხზე, უკრაინა რომ ყოველდღიურად განიცდის ფრონტის ხაზზე. ქართველი ტელე-რადიო მთხრობელები იმასაც ამბობენ, რომ უკრაინის გამარჯვება, ქართველების გამარჯვებაა.

ნეოფაშისტური უკრაინის?!

დიახ! ნეოფაშისტური უკრაინის, როგორღაა ჩვენი გამარჯვება? პატივცემულებო, უფრო სწორად არაპატივცემულებო, ისეთი რა გაჭამათ აშშ-ა, ამგვარი ტყუილით რომ ბერავთ მსმენელს, მაყურებელს?!

უკრაინა, რომ ომს აგებს, თანაც სამარცხვინოდ, ამერიკელთათვისაც ნათელია — თქვენი დამპურებლისთვის თქვენ არ უნდა გაიზიაროთ?

უკრაინის ჯარი ჯგუფ-ჯგუფად ტყვედ ბარდება, ხოლო ფრონტზე წასვლის მსურველთა რიცხვი კატასტროფულად მცირდება. უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს სამხედრო კომენდატურის თანამშრომელი, რომლის სახლში ჩხრეკის დროს 6 მილიონი დოლარი აღმოაჩინეს — ავადმყოფობის ყალბი ცნობის  გაცემით მიღებული.

დაბრმავებულ-დაყრუებული ქართველი, საკუთარი მედიის ცრუ პროპაგანდის მსხვერპლი, ვერც ზელენსკის, მისი მეუღლის და ზელენსკის ბანდის ენით აუწერელ კორუფციას ხედავს — ფეშენებელურ სასახლეებს ლონდონში, ისრაელში, ეგვიპტეში, ესპანეთში…, ვერც შეკვეთით დამზადებულ ავტომანქანებს: „ბენთლის“, „მაიბახს“, „მაზერატს“, „ლამბორჯინს“, …

არათუ ქართველი, დასავლელიც — ჩვეულებრივი, რიგითი ვერ ხედავს უკრაინული კორუფციის ჭაობს, მაგრამ პოლიტელიტა ხომ ხედავს და არათუ ხედავს, თვით არის ჩაფლული უკრაინულ ჭაობში. პირადი ქონების მოსუქებისთვის ისინი ხელს უწყობენ ზელენსკის მმართველობის გახანგრძლივებას, ვინაიდან ზელენსკის მსგავსს სხვა ზელენსკის ვერ იპოვიან. იოლი საქმე ხომ არ არის იპოვო ახალი ზელენსკი — საკუთარი ქვეყნის, ხალხის დაქცევა-განადგურების დიდოსტატი?!

აი, ასეთ ზელენსკის, მის ხელისუფლებას, ჰიტლერის, გერინგის, გებელსის, ბანდერას, შუხევიჩის, სხვა ფაშისტი ფიურერების იდეოლოგიაზე აღზრდილ უკრაინელებს ვცემთ პატივს, ვაფრიალებთ მათ დროშებს და წამითაც არ ვფიქრობთ, რომ უკრაინის რადამ, აშშ-ს ბრძანებით გააუქმა, აკრძალა მართლმადიდებლური ეკლესია და მის ნაცვლად რაღაც სუროგატი შემოიღო, დაარბია ეკლესიები, წვერით დაითრია ღვთისმსახურები.

ქართულ მედიაში, ელექტრონულში, 24-საათიან რეჟიმში ვისმენთ რუსეთის არმიის სისასტიკეზე, უკრაინელი ბავშვების, ქალების, მოხუცების ხოცვაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბარბაროსობა სინამდვილეა.

ჩვენ გვაჯერებენ „ჰამასის“, „ჰესბოლას“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს მშვიდობისმოყვარე ისრაელის მიმართ, მაგრამ არვინ გვეუბნება ახლო აღმოსავლეთის ტრაგედიის სათავეზე; არვინ გვეუბნება — იქნებოდა თუ არა ისრაელ-პალესტინელთა მუდმივი ომი, პალესტინის სახელმწიფო რომ შექმნილიყო?

შეიქმნებოდა თუ არა დასავლეთის მტკიცებით ტერორისტული ორგანიზაციები „ჰამასი“ და „ჰესბოლა“?!

1947 წელს დაშვებული შეცდომა — პალესტინის მიწაზე ორი სახელმწიფოს შექმნის ნაცვლად, ერთის, ისრაელის შექმნის გამოსწორება უდავოდ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ვითომ დემოკრატიულ და მშვიდობისმოყვარე დასავლეთის, მის ლიდერს აშშ-ს ჭეშმარიტი დემოკრატიული გადაწყვეტილება მიეღო.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2023 წლის 7 ოქტომბრამდე არსებულ სისხლიან დაპირისპირებას, მრავალწლიანს და შემზარავს, და აქცენტს მხოლოდ ერთ 2023-2024 წელზე გავაკეთებთ — ისრაელის მიერ ღაზის სექტორის წმენდა, ომი ლიბანში, გაეროს გენერალური მდივნის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, საერთაშორისო სამართლის ფეხით გათელვაა, გაეროს წევრი სახელმწიფოთა უმრავლესობის გამასხარავებაა და მიუღებელია დემოკრატიისთვის, თუკი ასეთი არის დედამიწაზე.

„დიდი შვიდეულის“ მიერ გაკეთებული განცხადება საწინააღმდეგოზე მიგვანიშნებს. „დიდმა შვიდეულმა“ დაგმო ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ არაფერი თქვა ისრაელის აგრესიაზე, რასაც გასული წლის 7 ოქტომბრიდან აქვს ადგილი. არაფერი თქვა პალესტინელთა გენოციდზე.

აი, ასეთი „დემოკრატია“ დაფიქსირდება დასავლეთის მხრიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან მიმართებაში. აშშ-ევროკავშირს, ეუთოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დასკვნა გამზადებული აქვთ და 27 ოქტომბერსვე გვაჯახებენ სიტყვა „არალეგიტიმურის“ მრავალჯერ გამოყენებით.

აშშ-სა და მის ევროპელ ვასალებს აზრს ვერვინ შეაცვლევინებს, თუნდ არჩევნები ზომაზე მეტად ლეგიტიმურად ჩატარდეს. ამას გვეუბნებიან ისინი მოურიდებლად, დინჯი, აუღელვებელი რიტორიკით. „ოცნების“ ხელისუფლება კი ისევ ძველებურად, ოღონდ უფრო ხმამაღლა გაჰყვირის, რომ ევროკავშირისკენ მიდის და საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება იქ შესვლას 2030 წელს.

არაო, არ შეგიშვებთო, — აცხადებენ ისინი, — ვიდრე მიღებულ კანონებს არ გააუქმებთ, ვიდრე დასავლეთს არ მოულოკავთ უკანა ნაწილებს. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ჩვენი კრიტიკა, ლანძღვა-გინება, თორემ დაწესებულ სანქციებს ახალს დავუმატებთო …

სენსაციურად მომეჩვენა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება — ევროკავშირში შევჯერდით, საქართველოს არ ეწვიოს არც ერთი ევროკავშირელი, ანუ ბრიუსელელი მაღალი მოხელე და არ მივიღოთ ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს დასავლეთის გინებას, არ გააუქმებს მიღებულ კანონებს.

ჰერჩინსკის მიხედვით, გადაწყვეტილება ა.წ. ივლისს მიუღიათ. დღეს, ოქტომბერია. ჰერჩინსკი ისევ აქ არის, ასრულებს რა ელჩის მოვალეობას.

დიპლომატიური წესების მიხედვით,  ჰერჩინსკი აკრედიტებულია არა ქვეყანასთან, არამედ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელთანაც მას და მის გამომგზავნ ბრიუსელს არ სურს დიპლომატიური ურთიერთობების ქონა. მაშ ვისთან ურთიერთობს ჰერჩინსკი?

ეს აზრი, საქართველოს საგარეო უწყებას უნდა გასჩენოდა და დიპლომატიური წესების დაცვით ელჩი გასასაუბრებლად უნდა დაებარებინა სამინისტროში. უარის შემთხვევაში, ის პერსონა ნონ გრატად უნდა გამოეცხადებინა.

ელჩმა განაცხადა, რომ ბრიუსელი არ მიიღებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ რომ მიიღო?

საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.

როგორც ჩანს ზურაბიშვილს „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლად არ თვლიან. ჰერჩინსკი ზურაბიშვილს ოპოზიციად აღიქვამს, რაც ძალიან ახლოა სინამდვილესთან, ისე, როგორც ჰერჩინსკის, ოპოზიციისადმი პოზიტიური განწყობა.

ჰერჩინსკი, როგორც ჩანს დიპლომატიისგან შორს არის, თორემ თავს უფლებას არ მისცემდა ასე აშკარად ჩარეულიყო მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში. მაგრამ მარტო ერთი ჰერჩინსკია ასეთი?

არა, პატივცემულო მკითხველო, ასეთია გერმანიის ელჩი. აშშ-ზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია, ვინაიდან ის იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც მონად გვთვლის და პატარა შელაპარაკების გამო მზადაა ასფალტის სატკეპნით გადაგვიაროს, მიწასთან გაგვასწოროს.

მიწასთან გასწორების მსგავსი იყო გაეროს ასამბლეის მორიგი სესიის სტუმართა პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძის არ მიწვევა, უფრო სწორად მისთვის გამოგზავნილი მოსაწვევის გაუქმება — წვეულების დაწყებამდე.

ცნობისთვის, ასეთ წვეულებას მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი მართავს.

აშშ-ს ადმინისტრაციამ, ამ შემთხვევაში, არა პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაამცირა, არამედ საქართველო.

დასავლეთმა საქართველო მაშინაც დაამცირა, როდესაც საფრანგეთის, პოლონეთის, ევროკავშირის შტაბ-ბინის, ბრიუსელის კარი ფართოდ გაუღო პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

ზურაბიშვილის ევროპულ-პოლიტიკური ტურნე სპონტანურად არ მომხდარა. დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით, ასეთი ვიზიტი კარგა ხნით ადრე იგეგმება და მზადდება. სტუმარ-მასპინძელს შორის თანმხდება შეხვედრების განსახილველი თემები. დიპლომატიაში გაუთვითცნობიერებელმა ქართულმა მედიამ საქართველოს მოსახლეობას, ზურაბიშვილის ვოიაჟის და მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე ისე აუწყა, თითქოს ევროპაში ჩასულმა სალომემ დაურეკა მასპინძლებს და უთხრა — აქ ვარ და სალაპარაკოდ მიმიღეთო. და მასპინძლებმაც მიიღეს საჭუკჭუკოდ. იჭუკჭუკეს და მიიღეს გადაწყვეტილება — ევროკავშირმა, არჩევნებამდე, ორჯერ განიხილოს საქართველოს საკითხი.

მწარედ უჭუკჭუკია ქალბატონ სალომეს, თორემ საქართველოსთვის ავისმომასწავებელ სხდომებს ხომ არ გამართავდნენ?!

სწორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პაპუაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც ზურაბიშვილს უმასპინძლეს, არაფრად ჩააგდეს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს მაშინ აქვს უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება, როდესაც აღნიშნულს მას აღმასრულებელი ხელისუფლება ავალებს.

ასეთია საქართველოს კონსტიტუციის ნორმა, რომლის დარღვევა დანაშაულია და პრეზიდენტის თანამდებობიდან დათხოვას ითვალისწინებს, ანუ იმპიჩმენტს.

ზურაბიშვილი სისტემატურად არღვევს კონსტიტუციას, რისთვისაც ერთხელ იყო იმპიჩმენტირებული, უფრო სწორად საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი აუნთო პარლამენტში იმპიჩმენტის განხილვასა და კენჭისყრას, მაგრამ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა უმრავლესობას და ზურაბიშვილი გადარჩა.

თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციამ იმპიჩმენტს მხარი, ყველასთვის ნათელია. მან იმპიჩმენტს კი არა, „ოცნების“ ინიციატივას არ დაუჭირა მხარი, რითაც „ოცნება“ კი არ დაიკიდა ფეხზე, არამედ კონსტიტუცია.

დღესაც, იგივე ვითარებაა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ზურაბიშვილის მოვალეობაა უცხოეთში მოლაპარაკებების გამართვა, ვინაიდან ის პრეზიდენტია. საზოგადოება სცდება. და სცდება იმიტომ, რომ არ წაუკითხავს კონსტიტუცია და რომც წაეკითხა, „ოცნებაზე“ გაბრაზებული, მაინც სალომეს დაუჭერდა მხარს.

რაც შეეხება საქართველოში მომუშავე საზღვარგარეთის ელჩებს, მათაც არ იციან კონსტიტუციის მოთხოვნები?!

იციან, მაგრამ არაფრად აგდებენ მასპინძელი ქვეყნის დედა-კანონს, ისე, როგორც ქვეყანას, რაც თვით მასპინძლის „დამსახურებაა“. ნებისმიერი დამრღვევი დროულად უნდა დაისაჯოს, უცხოელი დიპლომატი კი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს.

საქართველოს ხელისუფლებას ერთხელ მაინც რომ გამოეყენებინა დამნაშავე დიპლომატის მიმართ პერსონა ნონ გრატას პროცედურა, გათავხედების უფლებას საკუთარ თავსა და ქვეყანას არვინ მისცემდა.

ზურაბიშვილი, რამდენად სასიამოვნო ადამიანია პირად ცხოვრებაში, არ ვიცი, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში, აუტანელია. ამბიციებით გაბერილი, უზრდელი ქალბატონი, მბრძანებელი, ქედმაღალი და რაც მთავარია უვიცი. ის სასწაულებს ახდენდა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს. მან, სააკაშვილის მთავრობის სხდომისას საყვედური აჯახა პრემიერ-მინისტრ ჟვანიას — ჩემი ნებართვის გარეშე რატომ გაემგზავრე უცხოეთშიო.

მინისტრად დანიშვნის მეორე დღესვე, საქართველოს ყველა ელჩი გაათავისუფლა თანამდებობიდან, ვინაიდან ყველა მათგანს საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობა დანაშაულად  ჩაუთვალა. ზურაბიშვილმა ავსტრიაში საქართველოს ელჩის გათავისუფლებას საელჩოც მიაყოლა, ანუ გააუქმა საელჩო ავსტრიის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად.

ზურაბიშვილის დაუოკებელი, თავხედური „მოღვაწეობის“ აღწერას ტომები ვერ დაიტევს, ასე რომ დაუმორჩილებლობა, მითუმეტეს საქართველოს ხელისუფლებისადმი, როდესაც უცხო ქვეყნების მეთაურებს მეგობრებად თვლის, ჩვეულებრივი რამაა მისთვის. ეს, ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ანდაზა — „კუზიანს სამარე გაასწორებსო“, უსუსურია.

თანამედროვე პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა შემხედვარეს, უდავოდ გაგიჩნდებათ აზრი, რომ 32-წლიანმა დამოუკიდებლობამ ვერც პოლიტიკა გვასწავლა და ვერც ქვეყნის მართვა; ვერც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა და ვერც ერთმანეთში ურთიერთობა. თუ რის ბრალია აღნიშნული, იოლი ჩამოსათვლელია, თუმცა გრძელი, ისეთი, წინამდებარე სტატია და შემდგომიც რომ ვერ დაიტევს.

ერთი პატარა ნიუანსი იმ უამრავი ნეგატიურიდან, ერთის შეხედვით არაფერია, ნიუანსია, მაგრამ …

ზემოთ ვახსენე კობახიძისთვის მიწვევის გაუქმება, რაც აშკარად უარყოფითად წარმოგვიდგენს აშშ-ს პოლიტიკას, დიპლომატიას. წარმოგვიდგენს როგორც მეწვრილმანეს სოლომონ ისაკიჩ მეჯღანაეშვილის მსგავსს, მაგრამ ჩვენი, ანუ ჩვენი წინამძღოლი, პრემიერ-მინისტრის ამპლუაში როგორია?

სამშობლოში დაბრუნებულმა კობახიძემ ჟურნალისტებს უპასუხა — არ დაგვპატიჟეს და მერე რა? წავედით ზალკალიანთან (საქართველოს ელჩი აშშ-ი) ერთად და ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ვიქეიფეთო.

ქვეყნის მეთაურიც ადამიანია და ისიც ქეიფობს, მაგრამ იშვიათად, შესაძლოა არც არასდროს ნიშნის მოგებით, ქართულად არ ამბობს ვიქეიფეთო. საქართველოს მდგომარეობა ისეთია, ყველა სახელმწიფო მოხელე ჭამასაც ვერ უნდა ასწრებდეს — ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაში, მითუმეტეს პრემიერ-მინისტრი.

აი, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ჟურნალისტური გამოძიება — ვისი ფულით იქეიფეს? საბიუჯეტო ფულით? სად იქეიფეს — რესტორანში, რომელშიც ერთი სტეიკი 600 დოლარს აღემატება?

ეს, უბრალოდ მოგახსენეთ ჩემი აზრი. უმნიშვნელო ნიუანსია?

ჩემთვის, არა! სხვისთვის, დიახ! ვინაიდან „ქეიფი“ სისხლში გვაქვს სათაყვანებელ ტრადიციასავით გამჯდარი.

„ქეიფმა“ ჭავჭავაძის გმირი ლუარსაბი გამახსენა  — „კაცია-ადამიანი?!“-დან: „გამოსაცდელად ერთს კიდევ დაიკრავდა მუცელზედ ხელსა, თითქო სინჯავსო, კარგად არის გატენილი თუ არა, და რა ჰნახავდა, რომ კარგად არის, როგორც ცხენი დააკრაჭუნებდა კბილებს მეტის სიამოვნებისგან. სადილის შემდეგ ძილი, მერე ისევ გაღვიძება, მერე ისევ ჩაი, მერე ვახშამი, და ბოლოს ისევ ის სატრფიალო ძილი — და ესრეთ ტკბილად და აუმღვრევლად მიდიოდა  ამ ორთა უმანკო სულთა უბოროტო ცხოვრება ამ წუთის — სოფელშიც, რომელმაც ისე არაფერი არ იცოდა ამათის ვინაობისა, როგორც ამათ არ იცოდნენ — რა ჭამას-სმის გარდა, ღვთისგან განაჩენი ამ მუხანათის წუთის-სოფლისა“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

09/10/2024