22.12.2024

სავალალო ფერიცვალება

„ბაქო, რომლის სახელწოდებაც „ქართა სადგომს“ ნიშნავს, ტყუილად მოინდომებდა ევროპულ ქალაქთა ოჯახში შესვლას, თავისი ნიადაგით, ზღვით, ნაწარმით, თევზით, რომლითაც სავსეა მისი მდინარეები; ცხოველებით, რომლებიც მის ტყეებში დაძრწიან, მის სტეპებში მძრომი და კლდეებში დაბუდებული ქვეწარმავლებით; ატომებით, რომლებიც მის ატმოსფეროს ავსებენ. იგი აზიური და უპირველეს ყოვლისა სპარსული ქალაქია …

კაპიტანმა ჩვენი ყურადღება მიაქცია ერთ ადგილს, სადაც წყალი თითქოს დუღდა. წყნარი ზღვის სარკისებური ზედაპირი ისე ირხეოდა, თითქოს მის ქვეშ ქურა ენთო … ერთი წუთით გადავწყვიტეთ მოგვენახა ის ადგილი, სადაც წყალი თუხთუხებდა, … მატროსმა ორი ბღუჯა ხრალი აანთ ლამპარზე და ორივე მხარეს გადააგდო. იმავე წუთში ჩვენს ირგვლივ ზღვა აინთო … შიგ, შუა ცეცხლში მივცურავდით.“ — ალექსანდრე დიუმა, „კავკასია“.

ფრანგმა მწერალმა 1838 წელს იმოგზაურა კავკასიაში და მეტად საინტერესო ისტორია დაგვიტოვა იმჟამინდელი ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის შესახებ — აზერბაიჯანზე, საქართველოზე, სომხეთზე.

ალექსანდრე დიუმას აღწერილი ჩვენი სამყარო ძირფესვიანად შეიცვალა არა მარტო ფლორა-ფაუნით, არამედ მასში მცხოვრები ადამიანების ყოფით, სულიერებით. ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს სივრცე, გარემო, ყოველდღიურობა. შეიცვალა გარემო და შევიცვალეთ ჩვენც — დიუმას მონათხრობის საწინააღმდეგოდ, უარესობისკენ.

მწერლის მიერ აღწერილ სამყაროსა და იქ მცხოვრები ადამიანების გარეგნობის მსგავსს, რომ არაფერი ვთქვათ აზროვნებაზე, ანუ „ქართულად“, მენტალიტეტზე — სიტყვაზე, ასერიგად პოპულარულზე ზეპირმეტყველებასა და დამწერლობაში, ვეღარ ვხვდებით.

დიუმა ისე გვიხატავს ქართველ მამაკაცთა და ქალთა სილამაზეს, თითქოს გვთაფლავსო.

„ქართველი მამაკაცები, ჩემი აზრით, არა მარტო თვითონ არიან ულამაზესი მთელ დედამიწის ზურგზე, არამედ მათ საუცხოო ტანისამოსი აცვიათ …

ქართველ ხალხს ისე უყვარს გაჩუქება, როგორც სხვა ხალხს საჩუქრის მიღება.

რა აზრის ხართ ქართველებზე? — ვკითხე ბარონ ფინოს, ჩვენს კონსულს თბილისში, რომელიც 3 წელია აქ ცხოვრობს.

არავითარი ნაკლი მათ არ გააჩნიათ, მხოლოდ ღირსებით არიან დაჯილდოებულნი, — მიპასუხა მან“.

რაოდენ დიდი ფერიცვალებაა იმჟამინდელ და ამჟამინდელ ქართველებს შორის?!

და კიდევ ერთი რამ, რაზეც მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო. დიუმა წერს: „თბილისში 60-დან 75 ათასამდე მცხოვრებია. მას აქვს 60 ფუტის სიგანის ქუჩები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები, თეატრი, ეკლესია, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით ხელოვნების შედევრებს წარმოადგენენ.

უნდა ითქვას, რაც თბილისი რუსეთის მფარველობის ქვეშ მოხვდა და დაცულია სპარსელებისა და თურქების შემოსევისგან, განსაკუთრებით სამმა პიროვნებამ ბევრი გააკეთა მის საკეთილდღეოდ: გენერალმა ერმილოვმა, გრაფმა ვორონცოვმა და თავადმა ბარიატინსკიმ“.

ფრანგმა მწერალმა დაინახა და პოზიტიურად შეაფასა რუსთა ღვაწლი. ჩვენ, სამწუხაროდ უმადურებმა, ვერ დავინახეთ, ვერ შევაფასეთ, უფრო სწორად შევაფასეთ და ვაფასებთ უაღრესად ნეგატიურად.

 დარწმუნებული ვარ, მკითხველს წაკითხული აქვს დიუმას „კავკასია“. ზოგს ემახსოვრება მისი მონათხრობი, ზოგს არა. თანამედროვეებს თუ „სამი მუშკეტერის“ ავტორის გვარი რაღაცას ეუბნება — ეს პოპულარული წიგნია და არა „კავკასია“. აქედან გამომდინარე, თავს უფლება მივეცი დიუმას შემოქმედების მცოდნეთა შეხსენების მიზნით ამონარიდები გამომეყენებინა. ვისაც არ წაუკითხავს — ვურჩევ გაეცნოს ამ ნაწარმოებს.

ვერ გეტყვით, საფრანგეთში დაბადებულ და გაზრდილ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს თუ არა „კავკასია“ წაკითხული. ალბათ აქვს. და როგორც ჩანს, დიუმას მიერ ქართველ მამაკაცთა გარეგნობის, ჩაცმულობის აღწერას მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია (ჩემი ვარაუდი), თანაც იმდენად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, თითქმის 2 საუკუნის წინანდელი ქართველი მამაკაცის პორტრეტი 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში გადმოუტანია — ოცნებებში წასულს.

ოცნება კარგია, როდესაც მეოცნებე, თავისი ოცნებით არვის არაფერს უშავებს, მაგრამ თუ ფიზიკური პირის ოცნება, იურიდიულზეც ვრცელდება და ოცნების ნაცვლად, ბრძანების სახეს იღებს, ვითარება იძაბება.

მინისტრმა ზურაბიშვილმა ბრძანა — საქართველოს ყველა ელჩს, მაღალი რანგის დიპლომატს, ჩოხა ჩაეცვა, განსაკუთრებით უცხოეთში საქართველოს საელჩოში საზეიმო წვეულების დროს, ისე, როგორც სხვა ქვეყნის მიერ გამართულ მიღებაზე დასწრებისას, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს.

მაშინდელი დიპლომატები, სახელმწიფოს ხელმძღვანელი მუშაკები მინისტრის გადაწყვეტილებას პატრიოტიზმის გამოვლინებად ნათლავდნენ — საფრანგეთიდან ჩამოსულ ქართველს პატრიოტული სისხლი უდუღს ორგანიზმშიო.

დიპლომატებმა სასწრაფოდ მიჰყვეს ხელი ჩოხის კერვა-მორგებას, საკუთარი სახსრებით და დანიშნულების მიხედვით, დიუმას მიერ აღწერილი ჩაცმულობის გამოყენებას, თუმცა მხედველობიდან გამოტოვეს იმ ქართველის — 2 საუკუნის წინანდელის, ფიზიკური აღნაგობა, თავიანთ ფიზიკურ „პორტრეტთან“ შედარებისას.

დიუმას ქართველი — ხმელი, ბეჭებიანი, სუხიშვილის მოცეკვავეთა ანსამბლის მსგავსნი, წვრილწელიანნი, ვერა და ვერ გაუწევდა კონკურენციას 21-ე საუკუნის ღიპიან, თეძოებში მხარბეჭიან, ხორცშესხმულ ქართველობას, რომელთა ტანზე ჩოხა ისე გამოიყურებოდა, როგორც ძროხაზე უნაგირი.

მინისტრის ახირება ყველამ დადებითად შეაფასა, უფრო მეტიც, ხოტბაც შეასხეს ზურაბიშვილის ინიციატივას — ქართული დიპლომატია ქვეყნის დიდი, მდიდარი ისტორიის გამომხატველი უნდა იყოსო — ბრძანეს მათ. და დაიწყეს ჩოხაში გამოწყობილებმა უცხოელების გაკვირვება.

ერთ-ერთი ასეთი „გამკვირვებელი“, რუსეთის ფედერაციაში ელჩად წარგზავნილი, ჩეჩელაშვილი გახლდათ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პუტინისთვის რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიალზე კრემლში, ჩოხაში გამოწყობილი მივიდა.

ცერემონიალი წლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ იმართება იმ ქვეყნების ელჩებისთვის, რომლებიც რუსეთში იწყებენ მოღვაწეობას. ჩეჩელაშვილის გარდა სხვა ქვეყნის ელჩებიც იყვნენ მიწვეულნი ცერემონიალზე.

ჩეჩელაშვილის ეგზოტიკურმა ჩაცმულობამ დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელ ელჩებში. ინტერესის რა მოგახსენოთ, მაგრამ კრემლის უსაფრთხოების დაცვის მუშაკებზე რომ ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა, ფაქტია. საქართველოს ელჩის ჩაცმულობამ, განსაკუთრებით წელზე შემორტყმულმა ქამარ-ხანჯალმა მედიის ყურადღება მიიპყრო და საქილიკო თემად იქცა.

 დაცვამ საქართელოს ელჩს ქამარ-ხანჯლის შეხსნა მოსთხოვა — ხანჯლიანი პირის პრეზიდენტთან მისვლა დაუშვებელიაო — უთხრეს მას. ჩეჩელაშვილმაც, საკუთარი მინისტრის მიერ მხარდაჭერილმა, ბრძანა — მე, ქართულ, ისტორიულ სამოსში ვარ გამოწყობილი, რომლის უხანჯლოდ ტარება შეუძლებელიაო.

არადა, ტანმორჩილ ჩეჩელაშვილს ხანჯალი მუხლებამდე დასთრევდა და კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

გაჯიუტებულმა დაცვამ განაცხადა  — თუ ქამარ-ხანჯალს არ მოიხსნით, დარბაზში ვერ შეხვალთო. ჩეჩელაშვილს რაღა დარჩენოდა თუ არა დაცვის ბრძანების შესრულება. მან ვერ ასიამოვნა მინისტრი ზურაბიშვილი, ვერ შეასრულა მინისტრის უმთავრესი დავალება — სრულ ფორმაში წარმდგარიყო რუსეთის პრეზიდენტის წინაშე.

 ჩოხიანი დიპლომატია, ზურაბიშვილის მინისტრობიდან გათავისუფლებისთანავე მიეცა დავიწყებას. აქვე აღვნიშნავ — ზურაბიშვილმა შესაშური ფანტაზიით არა მარტო ქართველი დიპლომატები „დაასაჭურისა“, არამედ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებიც, რომლებმაც აიძულეს პრეზიდენტი სააკაშვილი მეოცნებე ზურაბიშვილის დიპლომატიიდან ჩამოშორება.

დავუბრუნდეთ ალექსანდრე დიუმას შეფასებას ბაქოსთან მიმართებაში — „ბაქო, რომლის სახელწოდებაც „ქართა სადგომს“ ნიშნავს, ტყუილად მოინდომებდა ევროპულ ქალაქთა ოჯახში შესვლას“.

დიუმას ვარაუდი არ გამართლდა და არ გამართლდა ბაქოს საზღვაო ზოლში ნავთობის აღმოჩენის შედეგად.

დიუმას ბაქოში ყოფნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ნავთობით დაინტერესებულმა ძმებმა ნობელებმა ფართოდ გაშალეს რუსეთის იმპერიაში შემავალი აზერბაიჯანის ისეთი სიმდიდრის მოპოვება, გადამუშავება, გაყიდვა, რომელსაც სრულიად დამსახურებულად ეწოდა „შავი ოქრო“.

ნავთობის ათვისებამ კარდინალურად შეცვალა დედამიწაზე მცხოვრები ადამიანის ბედი, ყოფა. ნავთობი გახდა პროგრესის მთავარი გენერატორი, მრეწველობის, ეკონომიკის უმთავრესი სტიმული. ამასთანავე სახელმწიფოთა ქიშპის, მტრობის, ომის გამომწვევი მიზეზი.

ნავთობის მომპოვებელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მაგნიტივით იზიდავდა და იზიდავს ყველას, უმთავრესად ძლიერს — ნავთობის ხელში ჩაგდების მიზნით. არსად იმდენი ამერიკული სამხედრო ბაზა არ არის, რამდენიც ახლო აღმოსავლეთში. ნავთობმა გადააკეთა მსოფლიო. ნავთობმა, ღრმა შუასაუკუნეებში მყოფი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების რიგში ჩააყენა და რა გასაკვირია, რომ კასპიის ზღვის ქვეყნებს საკუთარ თავზე ეგრძნოთ მათ სანაპირო ზოლში არსებული ნავთობის საბადოებიდან ამოხეთქილი „შავი ოქროს“ სიკეთეები.

„ბაქო სპარსული ქალაქიაო“, —  წერს დიუმა. და მართლაც, იმჟამინდელი ბაქო და არა მარტო ის, არამედ დღევანდელი აზერბაიჯანის საზღვრებში არსებული ტერიტორია — მაშინ სპარსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და რომ არა რუსეთის იმპერიის მიერ გადადგმული ნაბიჯები კავკასიის მიმართულებით, ისე, როგორც ცენტრალური აზიისკენ, სულ სხვა რეალობას მივიღებდით.

მეფის რუსეთის ჩამნაცვლებელმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ძირფესვიანად შეცვალა პოლიტიკა, თუმცა ტერიტორიების მიმართ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებულის ყურადღება არ მოუდუნებია, პირიქით გაზარდა კიდევაც. გამონაკლისად ითვლება ფინეთი, რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც პროლეტარიატისა და ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყნის ბელადმა ლენინმა დამოუკიდებლობა უბოძა.

ისტორიას არ უყვარს ვარაუდებით ლაპარაკი — რომ არ ყოფილიყო საბჭოეთი, როგორი იქნებოდა ამიერკავკასია, ცენტრალური აზია.

შორს რომ არ წავიდეთ, ერთ მაგალითს მოვიყვან — ავღანეთისას. სულ ახლახანს, რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე („როსია-24“) გაუშვეს დოკუმენტური ფილმი, გადაღებული რუსი ტელეჟურნალისტის მიერ, თანამედროვე ავღანეთზე — ქაბულზე, ყანდაარზე, სხვა ქალაქებსა და სოფლებზე, ავღანეთში მცხოვრებ სხვადასხვა ტომებზე, მათ ყოფაზე, ტრადიციებზე, ცხოვრებაზე.

ინტერესით ვაკვირდებოდი იქაურთა ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს და უმალ გამიელვა აზრმა, რომ არა საბჭოთა სისტემა, ცენტრალური აზიის ქვეყნებიც ისეთები იქნებოდნენ, როგორიც ავღანელები, ავღანეთი.

ცენტრალური აზიის ყველა რესპუბლიკაში ვარ ნამყოფი, ტაჯიკეთის გარდა. ავღანეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი წამიკითხავს და ბევრი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი ამ ქვეყანაზე. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დროს, გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირს, საქართველოს სტუმრობდა ავღანეთის შაჰი ზაქირი, ხოლო მისი დამხობის შემდეგ, ახალი ხელისუფლების მეთაური ბაბრაქ ქარმალი.

ორივე დელეგაციის მიღების ორგანიზება საგარეო უწყებას ევალებოდა, მის პროტოკოლის სამსახურს, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. პროტოკოლური სამსახური მარტო საორგანიზაციო საქმიანობით არ შემოიფარგლება, მას ფართო, უფრო ფართო ფუნქციები აქვს — დელეგაციის მუდმივი თანხლება, ღირსშესანიშნავ ობიექტებზე ინფორმაციის მიწოდება, ოფიციალურ შეხვედრებზე დასწრება, ისე, როგორც საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე.

ასე იყო იმჟამად. რა მდგომარეობაა ამჟამად საგარეო უწყებაში, ვერ გეტყვით. დელეგაციის თანხლება ნიშნავს სტუმრის ქვეყნის ისტორიის წინასწარ გაცნობას, პოლიტიკური კურსის გადახედვას, სტუმარი ქვეყნის ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან და ა.შ. ასე რომ, გარკვეული წარმოდგენა მაქვს ავღანეთზე და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ საბჭოეთის გავლენის არ არსებობის შემთხვევაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც ისეთი ვითარება იქნებოდა, როგორც ავღანეთში.

მკითხველმა კარგად იცის საბჭოთა შეზღუდული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში შეყვანის ფაქტი, გამოწვეული ავღანეთის ხელისუფლების თხოვნით, რამაც საბჭოეთის წინააღმდეგ აამხედრა კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს დირიჟორობით.

საბჭოეთის ავღანეთში ყოფნის  იმ მოკლე პერიოდში ავღანეთში ბევრი რამ გაკეთდა. აშენდა სკოლები, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, საწარმოები. შუასაუკუნეების ავღანეთი ახალ სოციალისტურ ცხოვრებას იწყებდა და განვითარდებოდა კიდევაც ამ მიმართულებით, რომ არა საბჭოთა ახალი ლიდერის, გორბაჩოვის გადაწყვეტილება — ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე.

საბჭოეთამდე დიდი ბრიტანეთი იყო ავღანეთში. საბჭოეთის შემდეგ მას აშშ-ი დაემატა და რა?!

არც არაფერი. ავღანეთი ისეთივე დარჩა ან უარესი, ვიდრე იყო.

კავკასიაში შემოსული დასავლეთი რომ სიკეთეს ვერ მოუტანდა სამივე რესპუბლიკას, ცხადზე უცხადესია, ვინაიდან მისი, ანუ დასავლეთის მიზანი სულაც არ იყო ქველმოქმედების მსგავსი, თუნდაც საბჭოურის. მიზანი იყო ისეთი, როგორიც დასავლეთს ჰქონდა აფრიკის სახულმწიფოების მიმართ — მდიდარი წიაღისეულის დათრევა, ადგილობრივთა მონური შრომით წიაღისეულის მოპოვება-დამუშავება.

ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას — გასული საუკუნის პირველ-ორ დეკადაში, ამიერკავკასიით დაინტერესებულებს თავში აზრადაც არ მოსვლიათ აქ მცხოვრები ხალხებისთვის საყოველთავო განათლების მიცემა, უნივერსიტეტების გახსნა, მითუმეტეს მეცნიერებათა აკადემიის და ა.შ.

ჩამოთვლილი და კიდევ უამრავი ჩამოუთვლელი სიკეთეები საბჭოთა სისტემამ შემოიტანა ამიერკავკასიაში, მანამდე კი მეფის რუსეთმა, რაზეც ფრანგი მწერალი დიუმაც მოგვითხრობს. ეს იცის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც სულ ახლახანს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უმასპინძლა და ეს არ ვიცით ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა საქართველოში და არა რიგითმა, ანუ ხელისუფლებამ.

წინა სტატიაში მოგიყევით ალიევ-პუტინის მოლაპარაკების თაობაზე, საკითხებზე, რაზეც მხარეებმა გაამახვილეს ყურადღება. მიუხედავად ამისა, მსურს კიდევ ერთხელ გითხრათ ვიზიტზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო აზერბაიჯან-რუსეთისთვის, არამედ კავკასიისთვის.

ვიზიტის დაწყებამდე ერთი-ორი დღით ადრე რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანის ელჩმა, საბჭოთა კავშირის დროინდელმა პოპულარულმა საესტრადო მომღერალმა და კომპოზიტორმა პოლად ბულბულ ოღლიმ განაცხადა აზერბაიჯანის  „ბრიკსში“ შესვლის თაობაზე.

ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ანუ „ბრიკსი“-ის ორგანიზაციაა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნების გარდა, ყველა დანარჩენში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ორგანიზაცია გაფართოვდა და 5-ის ნაცვლად, 10-ია, თუმცა სახელწოდება არ შეუცვლია, გარდა მცირედისა. მას დღეს ასე ჰქვია „ბრიკს პლიუსი“ — მცირედი ფორმით, „პლიუსის“ მიმატებით, მაგრამ შინაარსით უაღრესად დიდით, ვინაიდან ორგანიზაციაში გაწევრების სურვილს 34 ქვეყანა გამოთქვამს.

მათ რიგებს უერთდება აზერბაიჯანი და თურქეთი, მალაზია, რომლის პრემიერ-მინისტრი ვლადივოსტოკის ეკონომიკური ფორუმის მთავარი სტუმარი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად.

ფორუმი სულ ახლახანს გაიმართა და მასში მრავალი ქვეყნის 7000 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

პოლად ბულბულ ოღლი, 18-წლიანი ელჩობის შემდეგ, ბრუნდება სამშობლოში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიხუნ ბაირამოვმა „ბრიკსი“ ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციად დაასახელა, რომელიც იზიდავს სხვა ქვეყნებს.

ბაქოს მოლაპარაკებების დროს ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ კავშირებზე.

ცნობისთვის. რუსეთის ინვესტიციებმა აზერბაიჯანში 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა ეს არ არის საბოლოო ციფრი, ვინაიდან მხარეები მზად არიან გააფართოვონ ეკონომიკური კავშირები.

ბაქო და მოსკოვი იწყებენ ნავთობპროდუქტების გადასაზიდი ტანკერების მშენებლობას. გარდა ამისა, აზერბაიჯანი განახორციელებს რუსული გაზის რეექსპორტს, შეურევს რა აზერბაიჯანულში. ევროკავშირმა იცის ამის თაობაზე, მაგრამ სიცივეს გაზი სჯობს.

აზერბაიჯანის პოლიტიკა — მრავალმიმართულებიანი, ჯერ-ჯერობით ამართლებს და ქვეყნის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლები მოაქვს. ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული დეკლარაციისა და „შოსთან“ — შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გარდა, სერიოზული ნაბიჯები იდგმება „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაში” (OTS) საკუთარი წვლილის შესატანად და ბოლოს, „ბრიკსში“ შესვლის წერილობითი განცხადება.

ბაქო თვლის, რომ „ბრიკსში“ გაწევრება ერთიორად აამაღლებს აზერბაიჯანის პრესტიჟს მსოფლიოში, ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას, მათ შორის სავალუტო-საფინანსო სისტემას.

საზღვარგარეთ ყურადღებით იხილავენ აზერბაიჯანული მანათის სტაბილურობას, მსყიდველუნარიანობას. მანათის კურსმა რუბლთან, დოლართან, ევროსთან მიმართებაში ა.წ. აგვისტოში შეადგინა 52,6/0,59/0,53. მსგავსი ვალუტთაშორისი პროპორციები ამყარებს აზერბაიჯანის ვალუტის კონკურენტუნარიანობას.

„აზერბაიჯანის მანათი კლდესავით მაგარია“, — აცხადებენ საფინანსო ექსპერტები, რასაც ხელს უწყობს აზერბაიჯანის ნაწარმის კონკურენტუნარიანობას. მოსახლეობისთვის მანათის სტაბილური კურსი მისაღებია.

2020 წლიდან დაწყებული აზერბაიჯან-რუსეთის ვაჭრობაში მანათი აქტიურად გამოიყენება და არა მარტო რუსეთთან, ინდოეთთან, ჩინეთთან. Fitch-ის პროგნოზით, მომავალი 10 წლის განმავლობაში მანათი სტაბილური იქნება.

არანაკლები მნიშვნელობა აქვს სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტის სრული ძალით ამოქმედებას, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობიდან გამომდინარე. ტრადიციული ევრაზიული მარშრუტი ხმელთაშუა ზღვა, სუეცის არხი, წითელი ზღვა, ინდოეთის ოკეანე საფრთხის შემცვლელია ჰუსიტების იმ გემებზე  თავდასხმიდან გამომდინარე, რომლებიც ისრაელისკენ მიცურავენ ან პირიქით.

2026 წლამდე დაგეგმილია რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობა  — 160-200 კმ, რომელშიც ორივე მხარე მიიღებს მონაწილეობას.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წინა სტატიაში მოგახსენეთ, თუმცა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის „იდეებზე“ არ გამიმახვილებია ყურადღება. არადა, საინტერესო რამ არის, რაც უნდა იცოდეთ, თუმცა ვიდრე ამ თემაზე გადავალ, მოგახსენებთ სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკის, მთლიანობაში საზოგადოების ანტირუსულად დამუხტვას — პროცესს, რომელიც თითქმის 30 წელია მიმდინარეობს აშშ-ის გეგმის მიხედვით. და მიმდინარეობს წარმატებულად კოლექტიური დასავლეთისთვის, სავალალოდ რუსეთისთვის, რაც დაფიქსირდა კიდევაც რუსეთის საგარეო უწყების მიერ.

სომხეთის სკოლის სახელმძღვანელოში არის ასეთი სათაურით — „რუსეთისთვის აღმოსავლეთ სომხეთის ძალით მიერთება“ „ისტორია“ ჩაბეჭდილი, სადაც დამახინჯებულად არის მოყვანილი XVII-XIX საუკუნეების ამბები, რუსეთ-სპარსეთის, 1826-28 წლების ომები და თუქმანჩაის ხელშეკრულება, რომელიც მოხსენიებულია როგორც აღმოსავლეთ სომხეთის ანექსია,

ანალოგიური ვითარებაა ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. მაგალითად, უზბეკეთში, სადაც მე-5 კლასიდან ბავშვებს ასწავლიან როგორ დაიპყრო რუსეთის იმპერიამ უზბეკეთი, რა საშინელ დღეში ჩავარდა მოსახლეობა რუსული კოლონიალიზმის შედეგად და კომუნისტური მმართველობის დროს.

ყირგიზეთის სასკოლო სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ: „მთელი სამიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ყირგიზი ხალხი არასდროს ყოფილა ისე დაბეჩავებული, როგორც ცარიზმის იმპერიალიზმისა და წითელი მილიტარისტების პერიოდში“.

ნეგატიურად აღიქმება და ფასდება საბჭოთა პერიოდი ყაზახეთში. იქ თვლიან, რომ საბჭოთა კავშირში შესვლა განხორციელდა ძალადობრივად, რამაც გზა გადაუკეტა თურქესტანის  ხალხებს თავისუფლებისკენ.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში 30 წელია მიმდინარეობს განვლილი ისტორიული წლების რევიზია, ფალსიფიკაცია, საკუთარი უსუსურობის ამსახველი მომენტების სხვაზე გადაბრალების — ამ შემთხვევაში რუსეთზე, მცდელობა, ფსევდოპატრიოტიზმის გაძლიერება, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო — ერთ დროს რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხალხები, რუსეთისა და რუსთა წინააღმდეგ აამხედრა. ნათელი მაგალითი ამისა უკრაინაა. ახლა სომხეთი. საქართველოზე აღარაფერს ვამბობ, თვით კარგად იცით რაოდენ დაძაბული ურთიერთობაა რუსეთთან.

სამწუხაროდ, რუსეთი აღნიშნულს აინუნშიც არ აგდებდა. არც იმას აქცევდა ყურადღებას, როგორ ავიწროვებდნენ რუსულ ენას. ის გვერდზე იდგა ამ პროცესებისგან, რამაც მოიტანა ის, რაც არის — ომი უკრაინაში, უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთისადმი სომხეთში.

ისტორიკოსი კოლპაკიდი თვლის, რომ რუსეთისთვის, სომხეთი უკვე დაკარგულია, ვინაიდან ფაშინიანმა ამ მიმართულებით ყველაფერი გააკეთა. პოსტსაბჭოთა დიპლომატიაში დაშვებულია შეცდომები. ლოზუნგმა — „ვიცხოვროთ მეგობრულად“, მიგვიყვანა იქამდე, რომ სომხეთში გვყავს დაკარგული მეგობრები. ისტორიული ფაქტების რეაგირება ელვისსისწრაფით უნდა მომხდარიყო“ — აცხადებს ის.

„რაც შეეხება უკრაინას, 2014 წლიდან დაწყებული, დიდი რაოდენობის ფინანსები ჩაიდო იქ. ნახევარი, იქაური ოლიგარქების ჯიბეებში წავიდა, ნახევარი მოხელეების, რომლებმაც უღალატეს რუსეთს.

სომხეთში ფაშიზმის მიმდევრებთან დაკავშირებით მოსკოვის გულისწყრომას შედეგი არ მოუტანია, ისე, როგორც ყირგიზეთში ანტირუსული გამოხდომების მიმართ რბილად გამოთქმულ საყვედურს.

ყირგიზეთში, ბიშკეკის ცენტრში არსებული პანფილოვის დივიზიის მუზეუმი მიწასთან გაასწორეს. ვითარების შესაცვლელად საჭიროა კორუფციისთვის და არაპროფესიონალიზმისთვის წერტილის დასმა, იმ ადამიანებში, ვინც საგარეო პოლიტიკას კურირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უშედეგო ნოტებისა და განცხადებების წერა-შეთხზვაში ვიქნებით“, — წერს ის.

ნიკოლ ფაშინიანს, გარდა სამშვიდობო ხელშეკრულებისა, ახალი კონსტიტუციის მიღების  საკითხიც აწუხებს და „რეალური სომხეთის“, რომელიც კონსტიტუციაში უნდა აისახოს.

„რეალური სომხეთის“ კონცეფცია, რომელიც ფაშინიანის პირმშოა, გულისხმობს სომეხი ხალხის მიერ უარის თქმას „დიდ სომხეთზე“ და ნაცვლად „რეალურ სომხეთზე“ აქცენტის გაკეთებას. „რეალურ სომშეთში“ ფაშინიანი გულისხმობს ამჟამინდელ სომხეთს — 29743 კვ.კმ-ზე მდებარეს.

ფაშინიანი აღნიშნულით მიანიშნებს იმაზე, რომ სომხეთს არავითარი ტერიტორიული ამბიციები არ აქვს მეზობელი ქვეყნების მიმართ. ფაშინიანის კონცეფციის წინააღმდეგ გამოდის არა მარტო სომხეთში არსებული ოპოზიცია, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები სომხები.

ფაშინიანის კონცეფციას მხარს უჭერს მეზობელი თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი: „დადგა დრო, დავიწყებულ იქნას უსაფუძვლო გახსენება წარსულისა. უმჯობესია მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე მოქმედება“.

 „რეალური სომხეთი“ ნიშნავს უარს დასავლეთ სომხეთზე, სადაც 100 წლის წინათ სომხებს მოუწყვეს გენოციდი, პირველი, მე-20 საუკუნეში“ — აცხადებენ ფაშინიანის მოწინააღმდეგები. ფაშინიანი კი ამბობს: „სომეხმა არ უნდა ჩაიცვას წითელი ტანსაცმელი, როდესაც დააპირებს ვიწრო გზაზე გავლას, რომლის ორივე მხარეს ხარებია“.  მას მხედველობაში აზერბაიჯან-თურქეთი ჰყავს.

ოპოზიცია არ იზიარებს ფაშინიანის ვიწრო გზაზე გავლის კონცეფციას, რომლის ორივე მხარეს ხარებია. მას მიაჩნია, რომ „რეალური სომხეის“ იდეასთან შეგუება ქვეყანას თურქეთის სოფლად გადააქცევს, თუმცა ასეთი უფრო მისაღებია ფაშინიანისა და მისი გუნდისთვის, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობა მისთვის, რუსეთის „შორეული გუბერნიის“ მომასწავებელია. ეს კი ნიშნავს სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვას.

ნათქვამია, „გემოვნებაზე არ დაობენო“, მაგრამ პოლიტიკურ გემოვნებაზე, არათუ დავობენ, ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ. საქართველოსთვის მისაღები უნდა იყოს ფაშინიანის „რეალური სომხეთის“ კონცეფცია, რაც მეზობელ ქვეყნებთან ტერიტორიულ პრეტენზიებს გამორიცხავს, მაგრამ შეძლებს ის ამ კონცეფციის დაცვას?

და ბოლოს. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ანტირუსული განწყობა აშშ-ს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის დამსახურებაა. ანალოგიური ვითარებაა აქაც, რუსეთის უმადურ საქართველოში, წახალისებული აშშ-ს მიერ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

13/09/2024