03.12.2024

„ბუდემ ზავიდოვატ“

კრემლში, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე სტალინთან სამხედროთა მცირე ჯგუფი მივიდა, მარშალ როკოსოვსკის მიმართ არამეგობრულად განწყობილი და ბელადს უთხრა — როკოსოვსკის ქალები უყვარს, მისი სასიყვარულო თავგადასავლები უარყოფით რეაქციას იწვევს საზოგადოებაში — „ჩტო ბუდემ დელატ“?

სტალინმა მოისმინა და მშვიდად უპასუხა — „ბუდემ ზავიდოვატ“.

ეს ისტორია, ერთ-ერთი საბჭოთა მარშლის წიგნში წაკითხული, ნაკლებად შეესატყვისება ქვემოთ მოყვანილ თემას, გარდა ერთისა — „ბუდემ ზავიდოვატ“.

აი, ასეთი შურის მომგვრელი იყო საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტიკოსების ინაშვილისა და თარხან-მოურავის განცხადება მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის მიმართ გაკეთებული, როდესაც მან რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უმასპინძლა, სულ ახლახანს — სახელმწიფო ვიზიტით მყოფს აზერბაიჯანში.

დუეტმა, აქო და ადიდა ალიევის მრავალწახნაგოვანი პოლიტიკა დასავლეთ, აღმოსავლეთ — ამ შემთხვევაში ჩრდილოეთთან მიმართებაში და არა მარტო, ალიევს პრაგმატული ურთიერთობები აქვს სამხრეთთანაც — ირანთან, თურქეთთან, ისრაელთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, …

აზერბაიჯანის პოლიტიკა შესაშური უნდა იყოს, როგორც სომხეთისთვის, ისე საქართველოსთვის, თუმცა არც სომხეთს და არც საქართველოს არ შურს — ცალმხრივი ურთიერთობების მოტრფიალეებს.

სომხეთი, პრემიერ ფაშინიანის დროს შეუდგა დასავლურ გზას. საქართველო — ლამის 30 წელია. ორივე თვლის, რომ ევროატლანტიკური სივრცე ის წამალია, რომელიც მათ დაავადებას განკურნავს.

სომხეთი, დასავლური აბების ყლაპვას გვიან შეუდგა, თუმცა ფიქრობს, რომ მოქმედება (აბებისა) საგრძნობია. საქართველოს შემთხვევაში შებრუნებით გვაქვს საქმე. მიუხედავად უამრავი აბის ყლაპვისა, მდგომარეობა არასტაბილურია — ეკონომიკა დანგრეული, მაგრამ ხელისუფლება მაინც იმედით ცხოვრობს — რიხიანად და თავს იმშვიდებს საკუთარი სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც, მექოთნისა არ იყოს — სახელურს იქით გაუკეთებ, საითკენაც გაგიხარდება.

ეს „ლირიული“ გადახვევა პრემიერ კობახიძის ნათქვამმა გამოიწვია — საქართველოს ეკონომიკური ტემპის ზრდასთან დაკავშირებით და ევროპასთან შედარებამ — ჩვენი ეკონომიკა უკეთესია, ვიდრე მათიო!

ევროპას რომ არნახული ეკონომიკური ჩავარდნა აქვს, ცნობილი ფაქტია და სულაც არ არის გასაკვირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპი მასზე უკეთესი იყოს. მთავარი, პროცენტებით ჟონგლიორობა კი არა, არამედ მთავარი ისაა, წარმატებული ეკონომიკა რა გავლენას ახდენს ხალხის სოციალურ ყოფაზე.

პროცენტული მაჩვენებლები მისასალმებელია, როდესაც ზემოთ სვლას აქვს ადგილი, მაგრამ ზემოთსვლა ხალხმა სუპერმარკეტებში უნდა იგრძნოს და საკუთარ მაცივარში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცენტული წარმატებები კეთილდღეობის მომტანი ვერ იქნება.

დავუბრუნდეთ მეზობელ აზერბაიჯანს და მის პრეზიდენტ ალიევს, რომლის პოლიტიკა გვშურს. ალიევმა პუტინს უმასპინძლაო — მარტო ეს არის შესაშური თუ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები?

პირადი ურთიერთობები, არსებული ქვეყნების მეთაურთა შორის, გარანტიაა ქვეყნებს შორისი ურთიერთობებისა, პოზიტიური მაქვს მხედველობაში. ამ თვალსაზრისით, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები საშურია, ხოლო ბოლო შეხვედრის შემდეგ — სამაგალითოდ ნაყოფიერი.

ნაყოფიერება კი მარტო ერთი მხარის გარჯას არ უკავშირდება, ის ორმხრივი უნდა იყოს. ასეთს, საქმის ცოდნა უნდა ედოს საფუძვლად, პოლიტიკური ალღო, გამოცდილება. ილხამ ალიევი, გეიდარ ალიევის ოჯახში გაზრდილი პოლიტიკოსია. გეიდარ ალიევი კი საბჭოთა კავშირის დროს სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი. და როდესაც ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ, დადგა საკითხი თუ ვინ უნდა ყოფილიყო პარტიისა და სახელმწიფოს მეთაური, დასავლეთმა აქცენტი გააკეთა გრომიკოზე, ალიევზე და გორბაჩოვზე.

პოლიტიკაში ჩახედულთათვის ცნობილია, დასავლეთის მხრიდან, გაცნობის მიზნით, აღნიშნული სამი ლიდერიდან, ერთ-ერთის მიწვევა. გაცნობის საქმე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს მიანდვეს და მანაც მიიწვია —  პოლიტბიუროს წევრებს შორის ყველაზე ახალგაზრდა გორბაჩოვი.

ლონდონის მოლაპარაკებების შემდეგ, ტეტჩერი ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტ რეიგანს და უთხრა მას, რომ გორბაჩოვი სწორედ ისაა, ვისთანაც დასავლეთს პრობლემები არ შეექმნება.

გორბაჩოვის ვიზიტისთვის პოზიტიური ფონის შესაქმნელად საზღვარგარეთის ქვეყნებთან საბჭოთა კავშირის მეგობრობის საზოგადოებამ, რომელსაც კოსმონავტი ტერეშკოვა ხელმძღვანელობდა, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებით, დელეგაცია მიავლინა ინგლისში, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები.

საქართველოდან, დელეგაციის შემადგენლობაში მოვხვდი. თქვენი მონამორჩილი, იმჟამად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი, სსრკ ჟურნალისტთა კავშირის წევრი, სატელევიზიო გადაცემა „საერთაშორისო დღიურის“ ავტორი.

მასპინძლებმა გულთბილად მიგვიღეს. იყო ბევრი შეხვედრა იქაური საზოგადოების წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრებთან, რომელთა მხრიდან ვისმენდით ხოტბას და არა კრიტიკას ჩვენი ქვეყნის წარმატებებზე კოსმოსის ათვისებაში, სპორტში და ა.შ.

მთავარი თემიდან გადახვევით მსურს მკითხველამდე მივიტანო გასული საუკუნის 80-იანი წლების პოლიტიკური ატმოსფერო, კარდინალურად განსხვავებული თანამედროვეობისგან. მაშინ, „ცივი ომის“ პერიოდი იყო — ბირთვული იარაღის შიშზე დაფუძნებული. მაშინ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები მართავდნენ დასავლეთს, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ „ცეცხლთან თამაში იწვევს ხანძარს“. პოლიტიკოსთა ის თაობა მეორე მსოფლიო ომის მომსწრე იყო — ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვის.

თანამედროვეებს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის მსგავსებს, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ და არც არაფერი იციან მეორე მსოფლიო ომის თაობაზე, მითუმეტეს ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედიაზე. მათ ჰგონიათ, რომ ბირთვული იარაღის, ტაქტიკურის გამოყენება, სრულიად შესაძლებელია. ისინი ვეღარ ზომავენ, რომ თუნდაც ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენებას უმალ მოჰყვება „აეთის“ (AETI) მქონე ქვეყნების რეაგირება — გლობალური კატასტროფით.

ტეტჩერის ვარაუდი, გორბაჩოვთან მიმართებაში გამართლდა. დასავლეთმა მისი სახით ისეთი პარტნიორი გაიჩინა, რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი და უძლიერესი ქვეყანა, მათხოვრად გადააქცია. ასეთს, ცხადია სხვა თვალით, დამცინავით დაუწყო ყურება დასავლეთმა.

საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად გორბაჩოვმა ოპონენტები, გამოგონილი ბრალდებებით ჩამოაშორა ხელისუფლებას. მათ შორის გეიდარ ალიევი — ჭეშმარიტი კომუნისტი, ენერგიული მუშაკი. დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა ჯანმრთელობა შეურყია გეიდარ ალიევს, რომელიც ძლივს გადაურჩა გულის ინფარქტით გამოწვეულ საფრთხეს.

ილხამ ალიევი მოსკოვში ცხოვრობდა. განათლებაც იქ მიიღო — მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ, იქვე გააგრძელა მუშაობა და გახდა ამ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის პრორექტორი.

ეს გრძელი ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ ნათელი წარმოდგენა გქონოდათ ალიევის ოჯახზე. ოჯახზე, რომელსაც ღრმა ურთიერთობები აკავშირებდა რუსეთთან — პოლიტიკასთან, მეცნიერებასთან, კულტურასთან, საზოგადო ცხოვრებასთან. ილჰამ ალიევმა კარგად იცის რა არის რუსული კულტურა, ხელოვნება, მწერლობა, რუსული ენა და რომ იცის, ამიტომაც ცდილობს აზერბაიჯანელი აზიაროს მას, საშუალო სკოლიდან დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული.

აზერბაიჯანში 340 რუსული სკოლაა და არანაკლები სკოლამდელი დაწესებულება — რუსული ენით. რუსული ენის ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში; მოსკოვში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ფილიალებია გახსნილი ბაქოში, სხვა ქალაქებში.

ზემოთ ვახსენე 340 სკოლა, სადაც სწავლება რუსულ ენაზეა, ანუ რუსულ ენას ეუფლება 16 ათასი მოსწავლე. 800 ათასი მოსწავლისთვის კი რუსული მეორე ენაა; 26 უმაღლეს სასწავლებელში არის რუსული ენის განყოფილება 15 ათასი სტუდენტით.

 აქ, რა გვაქვს? — იკითხავთ.

მსგავსი არაფერი. რუსული ენა, რუსეთი საერთად ამოვძირკვეთ ჩვენი ცხოვრებიდან, რაც მძიმედ დაგვიბრუნდება — არა მუქარის ან ძალის სახით, არამედ გართულებული ურთიერთობების სახით. რუსული ენის არცოდნა რეგიონში, სადაც ვართ, დიდი შეცდომაა. ჩვენ, ყოველდღიურად ვშრომობთ რუსეთის და რუსული ენის საწინააღმდეგოდ და იმ დონეზეც მივედით, პუშკინის წიგნს ვწვავთ და ამ ვანდალურ საქმეს სიამაყით ვდებთ ინტერნეტში. „ვინც წიგნს წვავს, ადამიანსაც დაწვავს“, — თქვა ჰეინემ.

პუტინთან საუბრის დროს, ალიევმა ბრძანა, რომ მისი სურვილია მომავალმა თაობამაც ისე ილაპარაკოს ერთმანეთთან, როგორც ისინი ლაპარაკობენ, ანუ რუსულად. ალიევმა კარგად იცის რა არის რუსული ენა. მას ამ ენაზე აქვს წაკითხული რუსი მწერლების შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა მსოფლიო კულტურა.

თანამედროვე აზერბაიჯანი, 10 მილიონი მოსახლით, თურქეთის მეგობარი ქვეყანაა, თუმცა მას ეს მეგობრობა ხელს არ უშლის რუსეთთან ურთიერთობაში. ასეთი აზერბაიჯანი მისაღებია რუსეთისთვის.

ისეთი საქართველო, როგორიც დღეს გვაქვს, არის მისაღები რუსეთისთვის?

მკითხველი ნიშნის მოგებით მიპასუხებს — რუსეთთან ჩვენ არაფერი გვაკავშირებს, ჩვენი გზა არჩეულია — ევროპაში ცხოვრებითო. ანუ სამყაროში, ცივილიზებულში, წარმატებულში, დიდი ისტორიული ფასეულობების მქონეში. ჩვენ არ გვინდა რუსეთის მონობა, ჩამორჩენილ რუსეთთან ურთიერთობაო.

კეთილი, მაგრამ დღევანდელ რუსეთს ჩამორჩენილობას ვერ დავწამებთ. მიუხედავად დასავლური ეკონომიკური სანქციებისა, რუსეთი ხარობს. საერთო ეროვნული პროდუქტის წარმოებით მან მარტო ა.წ. იანვარ-ივლისის მაჩვენებლით 4,6%-თ სერიოზულად გაიუმჯობესა მდგომარეობა. ამავე მაჩვენებლით, გასულ წელს მან მე-4 ადგილი დაიკავა ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთის შემდეგ. ჩამოტოვა რა უკან იაპონია, გერმანია.

ურწმუნო თომებო, გაიგეთ, რომ თქვენს წარმოდგენაში არსებული წარმატებული ამერიკა-ევროპა კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა. ზედმეტმა ჭამამ და სხვისმა  ძარცვამ დააკნინა ისინი. რუსეთის ეკონომიკური განადგურების ნაცვლად, თვით განადგურდნენ.

მაგალითი ამისა ევროკავშირის მოწინავე ქვეყნის, გერმანიის თანამედროვე ისტორიაა, დეინდუსტრიალიზაციით, გერმანელის სოციალური პირობების გაუარესებით. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ბუმერანგივით იმოქმედეს ამ ქვეყანაზე — ფინანსური გათვლებით, 200 მილიარდი დოლარის ზარალით.

ზემოთ ვახსენე სიტყვა „შური“ — გვშურს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის მრავალწახნაგოვანი, პრაგმატული პოლიტიკისა, თუმცა არ უნდა შეგვშურდეს, ვინაიდან ქართული გამოთქმისა არ იყოს — რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ჩვენ, ჩვენი გაევროპელებით, მრავალი პარტიით და განუზომელი პოლიტიკური ლაქლაქით ჩემპიონები გავხდით პოსტსაბჭოურ სივრცეში,  არა ეკონომიკით, არა ხელოვნებით, კულტურით, არამედ ლაქლაქით, რუსთა ლანძღვით, ევროატლანტიკური სივრცის უკანალის ლოკვით.

საქართველოს ცხოვრებაში ისეთი ჟამი დგას, საშუალო დონის პოლიტიკური აზროვნების მქონე ერთი ადამიანის გამოძებნაც რომ ჭირს. დავუშვათ, გაიღო კრემლის კარი საქართველოსთან მოლაპარაკებისთვის, ვინ ითავებს ამ საქმეს — ეს ყვინჩილა ყმაწვილები, რომლებსაც სერიოზულ თემებზე ლაპარაკი არ შეუძლიათ — გამოუცდელობის გამო, თუ ასაკოვანი ივანიშვილი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს და ვერც ექნებოდა — ბიზნესმენობის გამო. ბიზნესი და პოლიტიკა ხომ შორსაა ერთმანეთისგან?!

დავუბრუნდეთ აზერბაიჯანს და პუტინ-ალიევის მოლაპარაკებას — სახელმწიფო ვიზიტის მთავარ თემას, რომელსაც გულთბილი მასპინძლობით შესანიშნავი ფონი შეექმნა.

პირველი, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული თანამშრომლობის ისეთი საკითხი, როგორიცაა რუსეთის გაზის მიწოდება აზერბაიჯანისთვის, რომელიც თავის მხრივ, მიღებულს, ევროკავშირში გაყიდის.

  მეორე, მხარეებმა განიხილეს ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტის თემაც, რომელიც მოქმედებაშია, თუმცა საჭიროებს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზებას, რომელსაც აწარმოებს ირანი და აზერბაიჯანი.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაცია მთლიანად რეალიზებულია და წარმატებით ფუნქციონირებს. ამჯერად აქტიურად ვმუშაობთ ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტის სარკინიგზო მონაკვეთის მოდერნიზაციაზე, რათა გავაფართოვოთ მისი გამტარუნარიანობა — 15 მილიონი ტონიდან, 30 მილიონ ტონამდე წლის განმავლობაში.“ — განაცხადა ალიევმა.

რას ნიშნავს ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტი?

რუსეთიდან და ევროპიდან წამოსული ტვირთების აზერბაიჯანის, ირანის გავლით სპარსეთის ყურეში ტრანსპორტირებას, იქედან ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ჩატანას და პირიქით. აღნიშნული მარშრუტი ამცირებს ტვირთების ტრანსპორტირების დროს, გადაზიდვის ხარჯებს.

გარდა სახმელეთო კომუნიკაციისა ძალაშია საზღვაო კომუნიკაციაც — კასპიის ზღვით, თუმცა ასეთი გადაზიდვა მოითხოვს კასპიის ზღვის ქვეყნების საზღვაო პორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. გარდა ამისა, ირანის ტერიტორიაზე გემით ჩატანილი ტვირთის გადმოტვირთვა, შემდეგ რკინიგზისა და საავატომობილო ტრანსპორტზე დატვირთვას, კასპიის ზღვის საპორტო ქალაქ რეშტში გადმოტვირთვას და კასპიის ზღვის ქვეყნებში მიმავალ გემებზე დატვირთვას.

ირანის საპორტო ქალაქ რეშტში და ბენდერ-ენზელში ორჯერ გახლდით, როდესაც აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის დავალებით ვსწავლობდით თავისუფალი ეკონომიკური ზონების საკითხს. ასეთის შექმნის სურვილი ჰქონდა ასლან აბაშიძეს ბათუმის პორტში. გარდა ამისა, აჭარა დაძმობილებული იყო ირანის გილანის პროვინციასთან და გილანის პროვინციის ხელმძღვანელობის მიწვევით აჭარის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში მეც გახლდით, ვიმყოფებოდით ამ პროვინციასა და თეირანში, სადაც ოფიციალური შეხვედრები გვქონდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან.

ირანის თავისუფალი ეკონომიკური ზონის გაცნობის მიზნით აჭარის დელეგაცია მეორედ ეწვია ირანს, თეირანს, შემდეგ სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულ კიშს — თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. ირანის კასპიისა და სპარსეთის ყურის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ერთობ საინტერესო და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი შემოსავლის მომტანი, სერიოზული განხილვის თემად იქცა, როგორც აჭარაში, ისე საქართველოს პარლამენტში.

ირანის თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესწავლის შემდეგ, ვიმყოფებოდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციის მთავარ ქალაქ გუნჯოუში, რომელიც ცნობილია თავისუფალი ეკონომიკური ზონის დამფუძნებლად ჩინეთში. აჭარის დელეგაციას ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა. პეკინში მაღალი დონის მიღების და მოლაპარაკების შემდეგ, მოლაპარაკებები გაგრძელდა გუანჯოუში, შენჯენში, ჯუხაიში. გარდა ამისა, გავეცანით ჰონგ-კონგს და მაკაოს.

გუანჯოუს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ, დავალება მიეცა გუანჯოუს უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკებს შეესწავლათ აჭარის შესაძლებლობები. 2 დელეგაცია იმყოფებოდა აჭარაში. პირველმა, დაწვრილებით შეისწავლა აჭარის საზღვაო ზოლი, ბათუმის საზღვაო პორტი და ჩინეთში დაბრუნებისთანავე, მეორე დელეგაცია გამოგზავნა შესაბამისი კანონპროექტის მოსამზადებლად. ჯგუფმა ჩაქვის სასტუმროში ერთი კვირის განმავლობაში იმუშავა მასპინძლებთან ერთად და საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტიც მოამზადა.

 საშემოდგომო სესიაზე „აღორძინების“ პარტიამ კანონპროექტი სესიის სხდომის განსახილველ დღის წესრიგში შეიტანა. კანონპროექტის განხილვა მწვავე დებატებით წარიმართა. მმართველ პარტია „მოქალაქეთა კავშირს“ უსაფუძვლო ახსნა-განმარტება ჰქონდა კანონპროექტთან მიმართებაში, რაც გამოწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტის, შევარდნაძის ნეგატიური დამოკიდებულებით აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის მიმართ.

შევარდნაძის პოლიტიკამ, დაფუძნებულმა ვერტიკალური ძალაუფლების ფუნდამენტურ სიმტკიცეზე, რეგიონის, განსაკუთრებით ავტონომიური ფორმირებების მონურ მორჩილებაზე, გატეხა ქვეყნის მთლიანობა, ავტონომიები დააპირისპირა ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

შევარდნაძე, ტიპიური წარმომადგენელი საბჭოთა პოლიტიკური სისტემისა, ახალ ვითარებაში ვერადავერ შეეწყო თანამედროვე მოთხოვნებს. მისთვის, როგორც სსრკ კპ ცკ პოლიტბიუროს წევრის და სსრკ-ს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის მიუღებელი იყო ავტონომიური ხელმძღვანელების თვალთახედვა ცენტრისა და ავტონომიების ურთიერთობაზე — გამომდინარე არსებული რეალობიდან.

შევარდნაძეს თავი ისევ საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივნად მიაჩნდა, ხოლო ავტონომიების ხელმძღვანელები მისი დავალებების უყოყმანო შემსრულებლად. და როდესაც მისმა მოძველებულმა პოლიტიკამ ვერ გაჭრა, ძალისმიერი გზით შეეცადა თბილისური პოლიტიკის ავტონომიებისთვის თავზე მოხვევას. სწორედ მისი ინიციატივით, ბრძანებით აფხაზეთში შეიყვანეს საქართველოს ჯარი, რომელსაც ჯარსაც ვერ ვუწოდებთ, ლაშქარი გაურკვეველი საბაბით — რკინიგზის დაცვა მძარცველებისგან.

ასე დაიწყო ომი აფხაზეთთან, რომელსაც მოჰყვა მარცხი და აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მიერ საკუთარი სახლების, კარ-მიდამოს დატოვება და თბილისსა და სხვა ქალაქებში დროებით ჩასახლება, რომელიც სამწუხაროდ სამარადისო გამოდგა.

აფხაზეთიდან გადმოსახლებულთა საყოფაცხოვრებო პრობლემები ჯერაც მოუგვარებელია.

შეეძლო თუ არა შევარდნაძეს თავიდან აეცილებინა კონფლიქტი ავტონომიურ ფორმირებებთან?

ცხადია, შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ ის დაძლევდა საკუთარ ამბიციებს, გაითვალისწინებდა ავტონომიური ფორმირებების წინადადებებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

თავისი შეხედულებები ჰქონდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადისლავ არძინბას, რომელმაც წერილობით მომართა მოსკოვიდან დაბრუნებულ შევარდნაძეს 1992 წლის მარტში, მე მაშინ უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი ვიყავი, თუმცა აღარც გამსახურდიას უზენაესი საბჭო იყო და აღარც გამსახურდია. თბილისის ომის შემდეგ, ის ცოტა ხნით იმყოფებოდა სომხეთში, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთში გადავიდა საცხოვრებლად — ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, სეპარატისტის, გენერალ ჯოხარ დუდაევის მიწვევით.

არძინბას წერილს გავეცანი და შევარდნაძეს გადავეცი. მან რეაგირება არ მოახდინა და არ მოახდინა მეორე წერილზეც, რომელიც არძინბამ გამოგზავნა. რეაგირება მოხდა იმავე წლის აგვისტოში — აფხაზეთში შეჭრით.

აფხაზეთის ომმა ფაქტიურად დაგვაშორა ამ ავტონომიასთან, ხოლო 2008 წელს, ცხინვალის ომმა, დაწყებულმა სააკაშვილის მიერ — იურიდიულად.

იყო თუ არა აფხაზეთთან საერთო ენის გამოძებნის საშუალება?

იყო, მაგრამ შევარდნაძე გამოდგა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც არ აინტერესებდა არც საერთო ენის გამოძებნა და არც საქართველოს პოლიტიკური კონსტრუქციის სხვაგვარი მოწესრიგება. ცენტრალიზებული საქართველო იყო ის, რაც მას აწყობდა და ამ საქმეში მას საქართველოს პარლამენტის, პოლიტიკის მხარდაჭერა ჰქონდა.

წინა სტატიაში აღვნიშნე აფხაზთა მოქრთამვის თემა, რომლის მიხედვით, „შანსიანი“ ქართველები შეძლებდნენ აფხაზეთის დაბრუნებას. შევარდნაძეს სჯეროდა ამ მაქინაციის და შესაბამისი სურვილი აფხაზეთის დაბრუნებისა არ გამოხატა აფხაზთა ლიდერ არძინბასთან და რუსეთის ცნობილ პოლიტიკოსთან, ევგენი პრიმაკოვთან შეხვედრის დროს თბილისში. იმასაც მოგახსენებთ, რომ შერიგების მიზნით, პრიმაკოვმა ჩამოიყვანა არძინბა თბილისში.

აი, რას წერდა პრიმაკოვი: „იმხანად ნათელი იყო, რომ ახალი ფორმულა უნდა გამხდარიყო ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ყველა დანარჩენი დოკუმენტი დაემორჩილებოდა, მაგრამ ის, შევარდნაძემ არ მიიღო და წინადადება წამოაყენა, ტერმინი „საერთო სახელმწიფო“ შეეცვალათ „ერთიანი სახელმწიფოთი“. არძინბა, რა თქმა უნდა არ დაეთანხმა. ეს იყო ჩავარდნა. კონფლიქტის თავიდან აცილების კოლოსალური შესაძლებლობა, ხელიდან იქნა გაშვებული. შემდეგ იყო ვახშამი. სუფრასთან ყველა ერთმანეთის სადღეგრძელოს სვამდა. ასე დასრულდა საკითხის მოგვარების მცდელობა. ეს იმიტომ მოგიყევით, რომ მეჩვენებინა — მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობდა“.

დავუბრუნდეთ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის კანონპროექტის განხილვას, რომელიც ერთი ხმით ჩავარდა, რაც უდავო მაუწყებელი იყო ქართული პოლიტიკის ნეგატიური განწყობისა ავტონომიიდან წამოსული პოზიტიური წინადადების მიმართ.

შევარდნაძეს რომ მიემართა თავისი „მოქალაქეთა კავშირისთვის“, კანონპროექტი კანონად იქცეოდა, რაც დიდად წაადგებოდა ქვეყანას. შევარდნაძემ არ მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას — ასლან აბაშიძისადმი ნაკლებად სიმპათიური დამოკიდებულების გამო.

ეს გრძელი ისტორია აზერბაიჯანში გამართულ პუტინის სახელმწიფო ვიზიტს მოვაყოლე და ალიევთან გამართულ მოლაპარაკებას, რომელმაც დეტალურად განიხილა ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტი.

განხილული იქნა ისეთი საკითხიც, როგორიცაა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერა ჩიხშია შესული ევროატლანტიკელი პარტნიორების პოლიტიკის გამო.

„თუ ჩვენ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, ხელშეკრულების პროცესის დასაჩქარებლად და საზღვრების დელიმიტაცია, დემარკაციის მოსამთავრებლად, ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდით“, — თქვა პუტინმა.

„ვიცი, რომ აზერბაიჯანი მზადაა საკამათო საკითხების სრული მოგვარებისთვის“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერი სომხეთზეა. პუტინი დაპირდა ალიევს აღნიშნულის თაობაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის საქმის კურსში ჩაყენებას, რაც შასრულა კიდევაც — მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ფაშინიანთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს.

ევროკავშირმა აზერბაიჯან-სომხეთს შორის მოლაპარაკების პროცესი რუსეთს ხელიდან გამოაცალა და ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა გამართა მხარეებთან, რაც პროდასავლელი ფაშინიანის ინიციატივით განხორციელდა. პროსომხური პოლიტიკით მოლაპარაკების წარმართვა გახდა ჩიხში შეყვანის მთავარი ფაქტორი. ევროკავშირის მიზანი იყო და არის სომხური კარტის გათამაშებით, ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნა.

ფაშინიანი, სოროსელი პოლიტიკოსი მთავარ მიზნად ისახავს დასავლური დავალების შესრულებას — რუსეთიდან დაშორებას, გიუმრიში არსებული რუსული სამხედრო ბაზის გაუქმებას, ოდკბ-დან გასვლას. მაგრამ აღნიშნულის რეალიზება სომხეთისთვის გაჭირდება უპირველე ყოვლისა რუსეთთან წარმატებული ეკონომიკური კავშირების გამო. ასეთს, დასავლეთი სომხეთს ვერ შეუსრულებს, მიუხედავად დიდი ანტაგონიზმისა რუსეთის მიმართ.

ევროკავშირ—აშშ-ი აჰყვა ფაშინიანის ანტიაზერბაიჯანულ, ანტირუსულ მონათხრობს და დაგმეს ჰანკენდიში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიება, 2023 წლის სექტემბერში განხორციელებული; გააკრიტიკეს ალიევიც არჩევნებთან დაკავშირებით. ამ დარგში აქტიურობა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა გამოავლინა, რომელმაც მჭიდრო კონტაქტი დაამყარა ფაშინიანთან, რომელიც მიიწვია პარიზში, შემდეგ თვითონაც ეწვია ერევანს.

აზერბაიჯანს არ გაუწყვეტია კავშირები აშშ-ნ და ევროკავშირთან, მაგრამ დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა დაკარგა შუამავლის სტატუსი. იმავე მიმართულებით მიდის ევროკავშირიც, როდესაც ალიევმა უარი განაცხადა ესპანეთში ჩასვლაზე — ფაშინიანთან მოსალაპარაკებლად.

„რუსეთისთვის სამხრეთ კავკასია, უპირველესად ნიშნავს აზერბაიჯანს — სოლიდურ, სტაბილურ პარტნიორს. სომხეთი არავითარი პარტნიორი აღარ არის. საქართველოში კი პოლიტიკური სტაბილურობის ჰორიზონტი გაურკვეველია, ამდენად ჩვენ გავხდით მოწმენი ამიერკავკასიაში რუსეთის პოლიტიკის ფორმატის ცვლის, რაც გვახარებს. ეს, ისაა, რისკენაც ილტვის რუსეთი — ურთიერთსარგებლიანი, სამოკავშირო ურთიერთობები — მეგობრული და პოლიტიკური სიურპრიზებისგან დაცლილი“, — წერს პოლიტოლოგი ალექსეი ნაუმოვი.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ისეთი აღარ არის, რაც წინათ — ფაშინიანის ხელისუფლებაში მისვლამდე. ფაშინიანმა, დასავლეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ისე დაძაბა რუსეთთან ურთიერთობა, რომ უკეთესს ვერ ინატრებდა დასავლეთი. ყარაბაღის დაკარგვა ფაშინიანმა რუსეთს დააბრალა და ამ საქმეში სომეხი ხალხიც აიყოლია, რომელიც უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს რუსეთს და მის ხელისუფლებას.

სომხეთის ხელისუფლება არაფრად აგდებს რუსეთის მოწოდებას წერტილი დაუსვას ფაშიზმის აღორძინებას, რასაც ადგილი აქვს სომხეთში და რაც გამოიხატება დიდი სამამულო ომის დროს ფაშისტების მხარეზე მებრძოლი სომეხი ფასისტებისთვის ძეგლების დადგმაში, სხვადასხვა სახის ფაშისტური ღონისძიების გამართვაში.

სომხეთის ხელისუფლება თვლის, რომ ის ფაშისტები სომხეთის დამოუკიდებლობის და ბოლშვიკური რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, როგორც სომეხი პატრიოტები. რუსეთი რახანია მოუწოდებს სომხეთს ამერიკული ბოლოგიური ლაბორატორიის დახურვას, თუმცა უშედეგოდ.

ბაქოში ყოფნის დროს რუსეთმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის პოზიციას სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით — ბაქო სთავაზობს ერევანს საზღვრების იქ დაფიქსირების თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს. მოსკოვის აზრით, სატრანსპორტო დერეფნის მთავარ ხელშეკრულებაში ჩაწერა არ არის აუცილებელი. ის, შეიძლება ცალკე ხელშეკრულებით გაფორმდეს.

პუტინის მიზანი იყო დაებრუნებინა რუსეთისთვის შუამავლის ფუნქცია, უფრო მეტიც განემტკიცებინა თავისი როლი ევროკავშირ—აშშ–თან შედარებით.

აზერბაიჯანმა დააფიქსირა თავისი ნეგატიური მოსაზრება ევროკავშირის შუამდგომლობასთან, გამოკვეთილად საფრანგეთთან მიმართებაში. აშშ-თან დაკავშირებით ვითარება რთულია, თუმცა მთლიანობაში რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში აშშ-ზე ძლიერია.

კვლავ დადგა დღის წესრიგში აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკების  მოსკოვსა ან საჭში გამართვის საკითხი, რაც რუსეთის წარმატების მომასწავლებელია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

04/09/2024