03.12.2024

სენსაციური განცხადება

სენსაციებით აღსავსე ქვეყანას ვერაფრით გააკვირვებ, მაგრამ ივანიშვილის საარჩევნო განცხადებამ საზოგადოებაში გაკვირვება და გაოცება ერთდროულად გამოიწვია. ივანიშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა „ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ, ერთი კვირით ადრე გამოქვეყნებული განცხადება, რითაც დაამტკიცა, რომ ავტორი თვით იყო, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი „შემოქმედების“.

ივანიშვილის ნათქვამმა რომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, ზეგადაჭარბებულია, ვინაიდან მოქალაქეთა რეაქცია დადებითი ან უარყოფითი არ ჩანს და არც გამოჩნდება, ვინაიდან მათი აზრი არც ივანიშვილს აინტერესებს და არც „ოცნებას“. არადა, ივანიშვილმა ხალხს მიმართა — ხმები მომეცით, რაც შეიძლება მეტი, თქვენი საძულველი ნაცების გასამართლებისთვის, საჭირო საპარლამენტო  უმრავლესობის მოსაპოვებლადო.

ივანიშვილს რომ ხალხის აზრი აინტერესებდეს, მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტიკას მოუწოდებდა ხალხის გამოკითხვისკენ — მოსწონს თუ არა მას ივანიშვილის განცხადება.

რახან ასეთს ადგილი არ ჰქონია, უნდა ჩავთვალოთ, რომ ივანიშვილს ხალხის აზრი არ აინტერესებს. მან, როგორც ქვეყნის ბატონ-პატრონმა, დაავალა ხალხს — ხმა მომეციო და მეტი არაფერი.

ბატონის დავალება ყმამ გაიგო, თუმცა ზერელე განწყობა შეაგება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ივანიშვილის დაპირებებს მიეჩვია — გაკეთებულს ყველა არჩევნების წინ. იმასაც შეეჩვია, რომ არც ერთი დაპირება ივანიშვილს არ შეუსრულებია და რაღა ამ ბოლო დაპირებას შეასრულებს — ფიქრობს ის.

ივანიშვილის დაპირება ვინც გაიგო და მწვავე რეაქცია გამოხატა, ოპოზიცია იყო. განცხადებიდან მოყოლებული, ისმის ოპოზიციის კრიტიკა პირადად ივანიშვილის მიმართ, ისე, როგორც ლანძღვა-გინება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ივანიშვილის განცხადება მუქარაა ოპოზიციის მიმართ და მოწოდება — ხმა მომეცით, რომ დავსაჯოთ ნაცები და მის ირგვლივ შემოკრებული პარტიები, რომლებმაც უბედურების მეტი არაფერი მოუტანეს ქვეყანასო.

ოპოზიციური ნაცების და როგორც ივანიშვილი ამბობს მისი ანასხლეტი პარტიების მიერ ჩადენილი დანაშაულობები კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მაგრამ ნაცთა მმართველობის ჩამნაცველებელმა „ოცნებამ“, მიუხედავად დაპირებისა ნაცთა დასჯის თაობაზე, პირიქით მასთან კოჰაბიტაცია ამჯობინა და 12 წელი ლაზღანდარობაში გაატარა — არ აირჩევთ „ოცნებას“, დაბრუნდება თქვენი სულთამხუთავი „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი და ნახავთ რა დაგემართებათო?!

ამ პრიმიტივიზმმა გაჭრა. ხალხმა იფიქრა — საზარელ ნაცებს, ისევ ქოცები სჯობს. ისინი პატიმრებს უკანალში ცოცხის ტარებს არ ურჭობენო.

ვინმეს რომ სხვა ქვეყანაზე ეთქვა — 12 წლის განმავლობაში ორი დაპირისპირებული პარტია, სისტემატურად, ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად ერთმანეთის ლანძღვაში არიან, ნაცვლად საქვეყნო საქმის კეთებაშიო, ვერ დავიჯერებდი. ახლა კი მჯერა — „ოცნების“ შემხედვარეს.

12 წელი ვისმენთ „ოცნებელთა“ მიერ ნაცთა გინებას, მაგრამ ვერ ვისმენთ „ოცნების“ პროგრამას ქვეყნის კეთილდღეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. ამ ორ პარტიას ერთმანეთის ლანძღვამ ქვეყანა დაავიწყათ.

დაავიწყათ?!

არა, პატივცემულებო, არ დაავიწყათ! ანდა, როგორ უნდა დაავიწყდეთ მეწველი ძროხა, ანუ ქვეყანა, რომლის ჯიქნებს ჩაჭიდებულ „ოცნებას“, არავითარი სურვილი არ აქვს წამით მაინც დაუთმოს რძე ოპოზიციას?!

არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას ქვეყანა, ხალხი არ აინტერესებთ. რაც აინტერესებთ —  რძეა. მათ არ აინტერესებთ იმ რძისთვის საჭირო საკვები, ანუ ძროხისთვის, ანუ ქვეყნისთვის, რომელიც რძეს იძლევა. მათ ჰგონიათ, რომ მინდორზე გაშვებული, თვით დაიკმაყოფილებს მოთხოვნილებას და მას დახმარება არ სჭირდება. მათ არ იციან, რომ დაუხმარებლად საქონელი რძეს ვერ გამოიმუშავებს, გაუშრება ჯიქანი. და მერე რა?

ჯერ-ჯერობით ხომ აქვს რძე? ხვალ ექნება თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ორივე მათგანმა გამოსაღეჭი უკვე გამოღეჭეს და იმდენი დააგროვეს, თავისუფლად ეყოფათ მათაც და მათ შვილიშვილებს.

ივანიშვილის განცხადებაში ბევრი ისეთი საკითხია, რომელთა გადაჭრა ხალხს გაახარებს, მაგრამ შეძლებს ის და მისი პარტია ახალი დაპირების შესრულებას?! ლგბტ-ობაზე, ტრანსვესტიტობაზე, მამათმავალთა „ოჯახის“ მიერ შვილის აყვანაზე, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე გალაშქრება ისეთი რამაა, თანამედროვე „ცივილიზებულ“ ევროატლანტიკურ სივრცეში, აბჯარი უნდა ჰქონდეს შესხმული ამის მთქმელს, თავზე მუზარადით.

არანაკლები სიხარულის მომტანი იქნება ხალხისთვის სააკაშვილისა და მისი ნაცების დასჯა — 2008 წელს ცხინვალის ომის გაჩაღებისთვის, ვინაიდან ეს ისეთი საკითხია, წერტილის დასმას რომ მოითხოვს დამნაშავეთა დასჯით.

ზემოთ ვახსენე სიტყვა „ხალხს“, თუმცა განვმარტავ — არა ყველას. ხალხის ნაწილს, შესაძლოა უმრავლესობას, თუმცა ვინ იცის?

საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, ნაცებს არცთუ უმნიშვნელო პროცენტული მხარდაჭერა აქვთ — 13/14/15/16%, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცთა დასჯის პროცესი უმტკივნეულოდ, ტაშის გრიალში არ ჩაივლის. ასეთს ადგილი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე ექნებოდა, მაგრამ გამარჯვებულმა ივანიშვილმა და „ოცნებამ“ არ ჩათვალეს მიზანშეწონილად სადამსჯელო პროცესის გამართვა.

12 წლის წინათ ივანიშვილს უდავოდ ჰქონდა სააკაშვილისა და ნაცთა გასამართლების სურვილი 2008 წლის ომის გაჩაღებისთვის, მაგრამ მის „გუნდში“ მოკალათებულ რესპუბლიკელებს, სხვა პარტიის წარმომადგენლებს არა!!!

არც დასავლეთს ჰქონდა ასეთი სურვილი, ვინაიდან, იმ ომიდან გამომდინარე ააგო მან ანტირუსული პოლიტიკა, რომელიც დღემდე გრძელდება.

რაც დასავლეთმა შესთავაზა ივანიშვილს კოჰაბიტაცია იყო — თანაცხოვრება დამარცხებულ ნაცებთან. ივანიშვილის განცხადებით, ომის გამჩაღებლებთან, მოღალატეებთან და კრიმინალებთან. ივანიშვილს, აშშ-ს მიერ ხელისუფლებაში მოყვანილს, გაუჭირდებოდა „დიდი პარტნიორების“ წინააღმდეგ ხმის ამოღება. და მანაც არ ამოიღო. ერთადერთი, რაც თქვა — სააკაშვილმა დაიწყო ომიო, რასაც ისეთი კრიტიკა მოჰყვა „პატრიოტი“ ქართველებისგან, აღარ გაუმეორებია. პირიქით, ხოტბა შეასხა ნაცთა ზოგიერთ ბელადს, მაგალითად მერაბიშვილს — კარგი ორგანიზატორიაო და სხვა.

ივანიშვილმა სააკაშვილისა და ნაცთა გასამართლების შანსი ხელიდან გაუშვა, შემდეგ გული აიცრუა პრემიერ-მინისტრობაზე და გადადგა, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელი და გაუგებარი იყო. პირადად მახსოვს, ისე, როგორც სხვას, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი — ქვეყანას ვკარგავდი, სამშობლოს და ამისთვის გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლაო.

განცხადებიდან გამომდინარე, მან თავი გადადო ქვეყნის კეთილდღეობისთის და რახან ასე იყო, ივანიშვილს, სააკაშვილის გასამართლება მაშინვე უნდა დაეწყო და არა 12 წლის შემდეგ, თუმცა დარწმუნებით ვერც ახლა ვიტყვით — შეძლებს ის ამის გაკეთებას თუ არა!

მაშინაც იყვნენ საქართველოს „კეთილისმსურველი“ დასავლელები და დღესაც არიან. ისინი დაუშვებენ ამ პროცესის დაწყებას? და თუ დაუშვეს, ისეთ განაჩენს გამოატანინებენ საქართველოს მართლმსაჯულებას, ივანიშვილსა და „ოცნებას“ რომ დააკმაყოფილებს?

პრემიერობიდან გადამდგარმა ივანიშვილმა პოლიტიკური ბურთი და მოედანი თავის მიერ შერჩეულ უმწიფარ გოგო-ბიჭებს ჩააბარა, რითაც რისხვა დაიმსახურა საზოგადოებაში. ივანიშვილის ექსპერიმენტმა ქვეყანა უკან დასწია, თითქმის ყველა დარგში — ყვინჩილა პოლიტიკოსთა სისტემატური განცხადებებით საქართველოს წინსვლის თაობაზე.

ხალხის თვალში ნაცრის შეყრის პროცედურა დღესაც გრძელდება და მასთან ერთად კოლექტიური დასავლეთისადმი მონური მორჩილება. და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ბატონის ბრძანება — რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა და სანქციების დაწესება. ორივე, საქართველოს და „ოცნების“ დამთავრების მომასწავებელი იყო და „ოცნებამ“ უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება ივანიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო. ივანიშვილის გარეშე ყვინჩილა „ოცნებელები“ ბრძანებას შეასრულებდნენ, ვინაიდან ისინიც ისეთივენი არიან, როგორც ნაცები, სხვა პარტიები.

 მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და ბოტანიკოსობას მიჰყო ხელი, „ოცნებელმა“ ახალგაზრდებმა საკუთარ თავს და ჯიბეს მიხედეს — შესაშური გულმოდგინებით.

გამდიდრების პროცესი არ ითვალისწინებდა ევროატლანტიკურ სივრცესთან კონფლიქტს. პირიქით, სიმშვიდეს და მორჩილებას მოითხოვდა, შიგადაშიგ სტრატეგიული პარტნიორის მიმართ კოჭის გორებას — რუსეთის ლანძღვით.

უივანიშვილოდ ყოფნის დროს „ოცნება“ თუ რამეში ეჯიბრებოდა „ნაცმოძრაობას“ და სხვა პარტიას რუსეთის ლანძღვა-გინება იყო. „ოცნებისთვის“ ჩვეულებად იქცა რუსეთის აგრესორად, ოკუპანტად მოხსენიება ყველა საერთაშორისო ფორუმზე, სადაც მას უხდებოდა მონაწილეობა.

მონაწილეობის შანსი „ოცნებას“, როგორც ხელისუფლებას, გაცილებით მეტი ჰქონდა, ვიდრე ოპოზიციას. ასე რომ, მისი მხრიდან რუსეთის გინება ოფიციალურად ჟღერდა — ხელისუფლების პოზიციად, რაც პოლიტიკიდან გასული ივანიშვილისთვისაც ცნობილი იყო, ისე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანისთვის.

მრავალწლიან რუსთა „ქებას“ ვერაფრით შევაფასებთ რუსოფილობად, ასეთს, პირწავარდნილი რუსოფობობა ჰქვია.

მიუხედავად დაპირებისა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების თაობაზე, განცხადებულს 2012 წელს, უმნიშვნელო ტექნიკური საკითხების გარდა, არაფერი გაკეთებულა. აბაშიძე-კარასინის ეპიზოდური შეხვედრები, შეხვედრებისთვის უფრო იყო გამიზნული, ვიდრე ურთიერთობების დალაგებისთვის — ივანიშვილისეული ტერმინოლოგიით.

„ოცნების“ ხელისუფლება არ აჩქარებულა არც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, დიპლომატიური კავშირების აღდგენისთვის და არც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის.

„ოცნებელი“ ლიდერები ხანდახან იხსენებდნენ სამხრეთ ოსეთელ და აფხაზ „დებსა“ და „ძმებს“ —  სიტყვით, პირით და არა გულით, თავით. გახსენება რიტუალური იყო. და უცბათ ივანიშვილის განცხადება — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე, რაც სამომავლოდ გამოიწვევს კონსტიტუციის შეცვლას.

კონსტიტუცია რომ შესაცვლელია — დიდი მტკიცება არ სჭირდება. საქართველოს მსგავსი ქვეყანა, რომელსაც საპარლამენტო ჰქვია, რომ ვერ მოახდენს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, სახეზეა.

საქართველო საპრეზიდენტო მმართველობისა უნდა იყოს, თუნდაც ისეთი, როგორიც რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშია — მიღებული გადაწყვეტილების ცხოვრებაში სწრაფი გატარების შესაძლებლობით, ზედმეტი საპარლამენტო ლაქლაქის გარეშე.

საქართველო მზად არ არის საპარლამენტო მმართველობისთვის. მას ასეთი ტრადიცია არ ჰქონია და ვერც ექნებოდა განვლილი ისტორიული პერიპეტიების შემხედვარეს.

დავუბრუნდეთ ტერიტორიული მთლიანობის თემას, რომელიც ივანიშვილმა გვითხრა, მაგრამ არ გაგვიმხილა როგორ მოახდენს ამას. მოარული ხმების მიხედვით, ის იყიდის აფხაზ და ოს პოლიტიკოსებს, მოქრთამავს მათ და თვით განდეგილები დაუბრუნდებიან „დედაბუდეს“?

საკითხის ფულით მოგვარება პირველი მცდელობა არ არის. ჩემი აქტიური პოლიტიკოსობის ჟამს, ურთიერთობა მქონდა იმ მაღალი რანგის ქართველ მოხელეებთან, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ წასულთა ფულით შემობრუნება. ვიცოდი ისიც, რომ ამის თაობაზე სტრატეგიულმა პარტნიორმაც იცოდა.

არ გამოვიდა!

როდესაც ერთმა დიპლომატმა საიდუმლოდ გამანდო მოქრთამვის გეგმა და აზრი მკითხრა, მიკიბ-მოკიბვის გარეშე მივუგე, რომ არ გამოუვიდოდათ, ისიც ვუთხარი — საკუთარი არშინით ნუ ზომავთ მათთქო!

პასუხი არ მოეწონა და აღარ გააგრძელა ამ თემაზე ლაპარაკი.

ვგონებ, ანალოგიურთან გვაქვს საქმე. მოსკოვში მცხოვრები ქართველი მაქინატორები ატყუებენ ივანიშვილს, ისე, როგორც ატყუებდნენ შევარდნაძეს.

დავუშვათ, ამჯერად გაუმართლდათ და ვიღაც იქაური მართლაც მოქრთამეს, რა იქნება შემდეგ?

მოქრთამული, პატარა აფხაზეთში და მასზე პატარა სამხრეთ ოსეთში, ვერ დაიმალება, მათი სახელები მალე გახდება ცნობილი, რასაც უდავოდ მოჰყვება შურისძიება. აფხაზები და ოსები მოღალატეს არ დაინდობენ.

დავუშვათ, ისინი დაგვიბრუნდნენ, თუმცა დასაბრუნებელი მათ არაფერი აქვთ. ისინი იქ ცხოვრობენ, სადაც ისტორიულად ცხოვრობდნენ. დასაბრუნებელი ჩვენ გვაქვს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სამშობლოში, რომელიც ისე დაგვშორდა ჩვენი დოყლაპიობით და ქედმაღლობით, როგორც მთვარე სავსობის დროს, ხელის გაწვდენაზე რომ გვგონია, სინამდვილეში — შორს.

ყოფილი ავტონომიები ლამის 30 წელია უჩვენოდ ცხოვრობენ, 2008 წლიდან კი ფაქტობრივად და იურიდიულად. ისინი საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულნი, რუსეთთან სამოკავშირო ხელშეკრულებაში მყოფნი.

რუსეთი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. მას ამ ქვეყნებში სამხედრო ბაზები აქვს გახსნილი.

დავუშვათ, ორივე მათგანმა უარი თქვა რუსეთთან ურთიერთობაზე და საქართველოსთან ყოფნა ამჯობინეს, ქვეყანასთან, რომელთანაც სისხლისმღვრელი ომი ჰქონდათ და რომელიც მათ მოიგეს. ოსები და აფხაზები ამაყი, თავმოყვარე ხალხია, წარსულ საშინელებას იოლად ვერ დაივიწყებენ და რაღაც გაურკვეველი კეთილდღეობისთვის უარს არ იტყვიან დამოუკიდებლობაზე, ჩვენთან ჩასახუტებლად.

დავუშვათ, დავითანხმეთ, შევრიგდით და დავიწყეთ ერთად ცხოვრება. შევძლებთ, იქ ფეხის მოკიდებას?! შევძლებთ, მათთან საერთო ენის გამოძებნას ან რა დონეზე გავრცელდება საქართველოს ძალაუფლება შემობრუნებულებში?!

მიიღებენ ისინი ჩვენს კანონმდებლობას?! მიიღებენ ისინი იმ აფხაზეთის ხელისუფლებას, რომელიც თბილისშია 1992 წლიდან?!

აფხაზები მათ გამყიდველებად მოიხსენიებენ. პირად საუბრებში არაერთხელ უთქვამთ ამის შესახებ და საყვედურიც გამოუთქვამთ — ჩვენთან ურთიერთობის დალაგება გინდათ, თან ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი შესაცვლელი ხელისუფლება გყავთ გამზადებულიო.

„ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში ვერაფერი მოუხერხა ლტოლვილობაში მყოფ ყოფილი ამტონომიების ხელისუფლებას. არც ერთ „ოცნებელს“, არც „ოცნების“ დამფუძნებელ ივანიშვილს სიტყვა არ დასცდენიათ ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე. არც ერთს თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ აქაური აფხაზური ხელისუფლება სერიოზული ბარიერია იქაურ აფხაზებთან მოლაპარაკების დროს.

მაინც რა მაგნიტით აპირებს ივანიშვილი ჩვენგან წასული ყოფილი ავტონომიების მოზიდვას? წასულებისთვის გაცილებით სარგებლიანია რუსეთთან ურთიერთობა, ვიდრე ეკონომიკურად სუსტ საქართველოსთან, რომელმაც, 1992 წლიდან მოყოლებული, ვერადავერ მოაგვარა აფხაზეთიდან ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო საკითხები. ბევრი მათგანი ისევ საშინელ პირობებში ცხოვრობს.

დავუშვათ, ივანიშვილის ბრძანებით გაასამართლეს ნაცები — 2008 წლის ომის გაჩაღებისთვის, რა მოჰყვება ამას?

რუსეთი აღარ იქნება აგრესორი და ოკუპანტი, რუსეთი გამართლდება. რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის, მეტადრე ევროატლანტიკური სივრცისთვის? აწყობთ მათ რუსეთის გათეთრება?

პასუხი თქვენთვის მომინდვია.

ჩემის აზრით, თუ ივანიშვილი გულწრფელია ყველაფერ იმაში, რაც მან გვითხრა თავის განცხადებაში, თავი გაუწირავს ან მტკიცე საყრდენი უპოვია. ასეთი კი რუსეთია. მხოლოდ ამ ქვეყანას შეუძლია ივანიშვილის და დასავლეთიდან, ჩრდილოეთისკენ შებრუნებული საქართველოს დაცვა და არა რესპუბლიკელ ტრამპს — გამარჯვების შემთხვევაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/08/2024