არჩევნების მოლოდინში
რამდენი კეთილისმსურველი გვყოლია, ჩვენ კი არ ვაფასებდით, ნაცვლად მადლობის გადახდისა, ვლანძღავდით, ვერ ვიტყვი უშვერი სიტყვებით, მაგრამ ხელისუფლების მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიას, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსები ლანძღვად აღიქვამდნენ და აღიქვამენ.
არადა, რა შესაშური პატივისცემით გვეპყრობიან ამერიკელები, პირზე რომ საქართველოს ხალხის კეთილდღეობა აკერიათ? თან სურვილი იმისა, რომ საქართველო გაწევრდეს ევროკავშირ-ნატოში? ოღონდ ამ კეთილ სურვილებს, მუქარის მსგავსი განმარტება რომ ახლავს, აღონებს ხელისუფლებას და ალაღებს ოპოზიციას.
იკითხავთ — რა არის მუქარის მსგავსი განმარტებაო?
გიპასუხებთ! — ხალხის სურვილს თუ ვინმე გადაეღობება, პასუხს მოვთხოვთო. „ვინმეში“ მმართველ „ოცნებას“ გულისხმობენ — ოპოზიციისა და კოლექტიური დასავლეთის აღქმით, რუსულ პარტიას, პუტინის დავალებების შემსრულებელს.
ორი ასეთი კეთილისმსურველი ამერიკელი ახლახანს სტუმრობდა საქართველოს, იმის დასადგენად, რამდენად არის საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ გადახრილი.
ჰოდა, ამის დასადგენად, ლამის აეროპორტშივე შახინმა და ტერნერმა — აშშ-ს სენატორმა და კონგრესმენმა, პირველივე შეხვედრა ოპოზიციასთან გამართეს, რასაც მოჰყვა თავისსავე არასამთავრობოებთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჭუკჭუკი. და როდესაც სტუმრებმა ოპოზიციურ ძალებთან ლაპარაკით გული იჯერეს, გაახსენდათ ხელისუფლება, მისი პრემიერი და თავდაცვის მინისტრი.
ქართული მედიის ნაამბობს თუ დავუჯერებთ, ხელისუფალი, პრემიერ კობახიძის სახით, კატეგორიული იყო კონგრესმენ-სენატორთან. ასე გვეუბნება მთავრობის მიმართ ვითომ ლოიალურად განწყობილი მედია.
აღნიშნულის საწინააღმდეგო განცხადებებია ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტრონულ-ბეჭდვითი ჟურნალისტიკის მხრიდან, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ სტუმრებმა „თავზე დაახურეს“ (მაპატიეთ, ქუჩური გამოთქმისთვის) პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს.
ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიას, მსგავსი არაფერი უთქვამს — ასე რომ სინამდვილე ამ ორს შუა უნდა ვეძებოთ და იმ განცხადებებში, შახინმა და ტერნერმა საქართველოდან გამგზავრების შემდეგ რომ გააკეთეს.
ამ განცხადებების მიხედვით, კობახიძესთან მათ მკვახე საუბარი ჰქონდათ — ქართველი ხალხის სურვილის დაკმაყოფილების ხაზგასმით, „აგენტების“ კანონის გაუქმების მოთხოვნით და ა.შ.
კობახიძემ, ამერიკელებთან ლაპარაკის საგანი ისე წარმოაჩინა, თითქოს ის იყო ამერიკელი მაღალჩინოსანი, ხოლო ამერიკელები, ქართველი მასპინძლები, მორიდებით მსხდომნი მაგიდასთან. კობახიძემ ბრძანა, რომ სტუმრებს სიტყვაც არ დასცდენიათ „აგენტების“ კანონზე. ანალოგიური რამ გვითხრა თავდაცვის მინისტრმა ჩიქოვანმაც, მაგრამ ამერიკელთა განცხადებიდან, რომელიც თბილისიდან წასვლის შემდეგ გაკეთდა, საწინააღმდეგო სურათი გვაქვს.
„საქართველოს დემოკრატიული გზიდან უკანსვლის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ს შიში, ორპარტიულია და აშშ-ს ადმინისტრაციის შეცვლის შემთხვევაშიც არ შეიცვლება“ — ეს მოსაზრება ტერნერმა გამოთქვა.
რაც შეეხება შახინს, მან ბრძანა: „ჩვენ ვერ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიის გზიდან უკანსვლის პროცესთან მიმართებაში, ისე, როგორც აშშ-ს მიმართ ტყუილი განცხადებების შემყურე. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი ძალისხმევა „აგენტების“ კანონის გასაუქმებლად, რომელსაც ერისთვის მოაქვს დიდი საფრთხე, ვიდრე სარგებელი ევროკავშირში გაწევრებასთან მიმართებაში“.
გარდა ამისა, განმარტებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ი და ევროკავშირი აგრძელებენ მოთხოვნებს ხელისუფლების მიმართ, რომ ის დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნებს კანონიერად, თუ ხელისუფლება გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.
სენატორისა და კონგრესმენის მიერ გაკეთებული განცხადებები ნამდვილი გამოხატულებაა ამერიკული დემოკრატიისა, რასთან დაკავშირებით ორ მაგალითს მოვიყვან. სტალინი: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ რუზველტმა ამიხსნა, რომ „დემოკრატია, ამერიკელი ხალხის ძალაუფლებაა““.
ბერნარ შოუ: „დემოკრატია არის ბუშტი ადამიანთა თავებზე, რომელსაც შეჰყურებენ და ამ დროს მათ ჯიბეებში ხელს აფათურებენ“.
ამერიკული დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უფრო ლოზუნგურია — ძალიან დაშორებული აღნიშნული სიტყვების შინაარსისგან. აშშ-ი ურცხვად აცხადებს უკრაინულ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ქვეყანაზე, სადაც რახანია აკრძალულია ოპოზიციური პარტიები, ხოლო ხელისუფლების კრიტიკოს ჟურნალისტებს საიქიოს ისტუმრებენ.
უკრაინის ფაშისტურმა რეჟიმმა დახურა ყველა ოპოზიციური მედია, უფრო მეტიც, მოსახლეობას, რომელიც რუსულად ლაპარაკობს, აუკრძალა ამ ენის გამოყენება საყოფაცხოვრებო ცხოვრებაშიც. უკრაინის ხელისუფლებამ აკრძალა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ფუნქციონირება და ა.შ.
ამერიკელთა განმარტებით, დღევანდელი ფაშისტური უკრაინა დემოკრატიაა უბრალო მიზეზის გამო — უკრაინა ყურმოჭრილი მონაა აშშ-ს. რაც შეეხება საქართველოს — ისიც ასეთი იყო მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით სააკაშვილის მმართველობის დროს და ივანიშვილის მმართველობისას, მაგრამ, როდესაც ვაშინგტონიდან წამოსულმა ბრძანებამ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით „ოცნება“ დააფრთხო, ის აღარ დაემორჩილა „დემოკრატიულ“ აშშ-ს მოთხოვნებს, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ი.
ვაშინგტონის მოწოდებებში მხოლოდ ეგოიზმი ჩანდა და არავითარი სხვა, საქართველოსთვის სასიკეთო. ვაშინგტონის ეგოიზმით მმართველი პარტია „ოცნებაც“ წინასწარ იყო განწირული, რასაც მიხვდა „ოცნება“.
ძნელი დასაჯერებელია ის, რომ აშშ-ა არ იცოდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოტენციალი, არ იცოდეს, რომ სამეზობლოში ის ყველაზე სუსტია; არ იცოდეს, რომ მას არ გააჩნია სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალები, თანამედროვე სარაკეტო სისტემა, შეიარაღება.
ასეთს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ავანტიურისკენ უბიძგებ, ეგოიზმია, ანუ ხალხის, ქვეყნის გაწირვა ვაშინგტონური გეგმებისთვის.
„ოცნებას“, რომ კვერი დაეკრა ვაშინგტონისთვის თვითგვემის, მაზოხიზმის აშკარა დემონსტრირება იქნებოდა.
„ოცნებამ“ თავი აარიდა თვითგვემას, რითაც თავიც გადაირჩინა და ქვეყანაც იხსნა რუსული ჭურვებისგან.
„ოცნების“ მხრიდან გამოხატული წინააღმდეგობა მიუღებელი აღმოჩნდა „დემოკრატიული“ აშშ-ისთვის და მისი ევროპელი თანამგზავრებისთვის. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ამ კავშირში შესვლის პროცესი. შეჩერდა გარკვეული სახის ინვესტიციებიც, თუმცა სიტყვა „ინვესტიცია“ ამ შემთხვევაში უადგილოა, უმჯობესი იქნებოდა სიტყვა „დაფინანსება“, რასაც აშშ-ი ახორციელებს საქართველოში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, გაურკვეველი სახის ინსტიტუტების დასაპურებლად, რომლებიც აშშ-ს არსებული სათავო ოფისების ფილიალებია.
ამ ორგანიზაციების დაფინანსება, საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება სულაც არ არის, არც საქართველოს ბიუჯეტის შევსებაა. ეს, აშშ-ს ინტერესების დაფინანსებაა საქართველოში.
ზემოთ მოვიყვანე ამერიკელი სტუმრების გამონათქვამები, რომ საქართველომ უკუსვლა დაიწყო ევროპული გზიდან. საქართველოს რომ მეორე ფრონტი გაეხსნა, მაშინ ხომ იქნებოდა ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მტკიცე გამგრძელებელი?
დემოკრატია, ვაშინგტონის გაგებით, არის საქართველოს მიერ, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება. აშშ-ს მიერ დემოკრატიის აღქმა ისეთია, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „აგენტების“ კანონს რომ ეწინააღმდეგება.
აშშ-ს არ მოსწონს აღნიშნული კანონი და მოითხოვს მის გაუქმებას. თუ ამ კანონს არ გააუქმებთ და არ გააგრძელებთ ევროპისკენ სვლას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკანონოდ ჩაგითვლითო — ასე ბრძანეს საქართველოდან გამგზავრებულმა სტუმრებმა.
რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, „ოცნებამ“ დიდი ანგარიშით რომ მოიგოს არჩევნები, მაინც არალეგიტიმურად ჩაითვლება ამერიკა-ევროპის მიერ. მოდით დავსვათ კითხვა — არის თუ არა აშშ-ი და მისი თანამგზავრი ქვეყნები დემოკრატიულები?!
არამც და არამც. თუ საქართველომ შეასრულა კოლექტიური დასავლეთის ბრძანება, მაგრამ წააგო არჩევნები, დასავლეთი გამარჯვებას მას მიაკუთვნებს?!
სავარაუდოდ, ასეც მოიქცევა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.
წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენს, დამარცხებულს, „გაამარჯვებინეს“ — მე-19 საუკუნეში გარდაცვლილ ადამიანთა „მონაწილეობით“, რამაც მღელვარება გამოიწვია ხალხში, კაპიტოლიუმის შენობაში შევარდნით, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა არცთუ, ვინაიდან მეამბოხეთა გარკვეული რაოდენობა ციხეშია.
პოლიტიკოსები, როგორც აქ, ისე იქ, სისტემატურად ახსენებენ სიტყვა „ხალხს“ — ხალხის კეთილდღეობა, ხალხის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, უგულებელყოფა. სტუმარმა ამერიკელებმაც არაერთხელ ახსენეს ქართველი ხალხი — ჩვენ არ დავუშვებთ ქართველთა ინტერესების შებღალვას და ა.შ. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპის გზა და არა რუსეთის და ეს უნდა შესრულდესო. და თუ მმართველმა „ოცნებამ“ არ შეასრულა, მკაცრ პასუხს მიიღებსო.
მკაცრი პასუხი „ფერადი“ რევოლუციაა, ხელისუფლების შეცვლით. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გადატრიალების მცდელობას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, ბოლოს „აგენტების“ კანონის მიღებისას. არ გამოუვიდათ, მაგრამ შეეცდებიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, უფრო სწორად არჩევნების მეორე დღეს, როდესაც „ოცნება“ თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს.
აშშ-ის დავალებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს გამოიყვანს ქუჩებში, საკუთარი ხმების დასაცავად და მიტინგს გამართავს პარლამენტთან ხულიგნური გამოხდომებით, პოლიციასთან შეტაკებით, რასაც მოჰყვება პროვოკატორთა სროლა, მომიტინგეთა ხოცვით, ანუ კიევის „მაიდნის“ მსგავსი არეულობა და ხელისუფლების დამხობა.
ოპოზიცია, რომელიც გამუდმებით ლაპარაკობს „ოცნების“ დამარცხებაზე, ამის იმედით არის, თორემ ვერც ერთი პარტია, ვერ შეძლებს პარლამენტში შესასვლელი ხმების მოპოვებას.
აშშ-ი რომ „ფერადი“ რევოლუციების დიდოსტატია, ყველამ ვიცით. შორს, რომ არ წავიდეთ, მარტო წლევანდელი გავიხსენოთ — ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები და გამარჯვებული მადუროს დამარცხებულად გამოცხადება. ვენესუელა დღესაც ორად არის გახლეჩილი. ანტისახელისუფლებო მიტინგები, დემონსტრაციები სერბეთში — ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. გამოსვლები ბანგლადეშში, საყოველთავო, ანტისამთავრობო და პრემიერ მინისტრის გაქცევა ქვეყნიდან; ადამიანის, რომელიც შეეწინააღმდეგა აშშ-ს მოთხოვნას ბანგლადეშის კუთვნილ კუნძულზე აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით.
აშშ-ა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიების გამომცხადებელმა, დაინახა რა საბჭოთა ხელისუფლების გამყიდველური პოლიტიკა ჯერ ხრუშჩოვის, შემდეგ გორბაჩოვის და ელცინის — რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოვლენილი, თავი რეალურ ჰეგემონად ჩათვალა, რასაც ხელი შეუწყო ხრუშჩოვის ავანტიურისტულმა ქმედებამ. ეს, რომ ასე არ ყოფილიყო, ვინ გაუბედავდა საბჭოთა ლიდერს იმას, რაც აშშ-ა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაუბედეს ხრუშჩოვს 1955 წლის ჟენევის მოლაპარაკებაზე.
ხრუშჩოვს აშკარად ეტყობოდა, რომ საბჭოური ცხოვრება აღარ აწყობდა. მას დასავლურობა მოუნდა, რაზეც ეიზენჰაუერმა, იდენმა, ფორმა შემხვედრი წინადადება დაუყენეს: საბჭოთა კავშირის სრული განიარაღება, დესტალინიზაცია, აბორტების კანონის გაუქმება.
გასული საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს, სტალინის განკარგულებით საბჭოთა კავშირში შემოვიდა აბორტების აკრძალვის კანონი. აი, ამის გაუქმებას მოითხოვდნენ დასავლელი ლიდერები ხრუშჩოვისგან და მანაც შეასრულა ისე, როგორც პირველი ორი.
დასავლეთა მოთხოვნების ცხოვრებაში გატარებამ დაასუსტა საბჭოთა კავშირი და ბოლოს, გორბაჩოვის მმართველობის დროს, როგორც სახელმწიფო აღგვა საერთაშორისო სარბიელიდან. არადა, საბჭოთა კავშირი ბირთვულიარაღიანი, მტკიცე სახელმწიფო არქიტექტურით, როგორიც ჩვენ გვეგონა, ქვეყნის შიგნით მოკალათებული გამყიდველების წყალობით, დაიშალა და დაიშალა უპირველესად იმიტომ, რომ დასავლეთთან, უპირველესად აშშ-თან ერთად გადაწყვიტა თანაარსებობა.
იკითხავთ — განა რა არის ამაში ცუდი ან მიუღებელი, სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელმა ქვეყნებმა რომ ერთმანეთის ჭამის ნაცვლად, ერთმანეთთან მეგობრულად იცხოვრონო?
შესანიშნავი რამ არის, თუმცა აბსტრაქტული. აშშ-ი, რომელიც თავს მიიჩნევს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ, არ ჩათვლის და არც თვლის, რომ ტორტის ნაჭერი ვინმეს ერგოს. ის, იმიტომ არის ძლიერი, რომ ტორტი თვით მიირთვას და თუ ნაჭრები არ ეყო კუჭის ამოსავსებად, აქეთ-იქით უნდა გაიხედოს ტორტის მოსაპოვებლად, რისთვისაც მას ჰყავს მსოფლიოში ყველაზე დიდი არმია, აქვს მსოფლიოს მრავალ კუთხეში 800-ზე მეტი სამხედრო ბაზა, აქვს ყველაზე მეტი ავიამზიდი და ა.შ. აქვს ყველაზე მეტი სამხედრო ბიუჯეტი თითქმის 900 მილიარდი დოლარი წლიურად, რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტზე, ერთად აღებულზე მეტი, მაგალითად ჩინეთზე, ინდოეთზე, რუსეთზე, ირანზე, ჩრდილო კორეაზე, …
რისთვის სჭირდება ესოდენ ძლიერი შეიარაღება და სამხედრო საქმეში ფულის ხარჯვა, როდესაც თვით აშშ-ი უამრავი პრობლემაა გადასაწყვეტი, მარტო რკინიგზა რად ღირს?
ყოველწლიურად 1599-ზე მეტი სარკინიგზო კატასტროფას აქვს ადგილი, მოძველებული სისტემის გამო. აშშ-ი არც ერთი სწრაფმავალი სარკინიგზო ხაზი არ არის. წელს შეეცადნენ ერთის გაშვებას და ისიც კატასტროფით დასრულდა.
თანამედროვე რკინიგზით ჩინეთს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში. მან ამ საქმეში გაუსწრო იაპონიას, საფრანგეთს, ამერიკაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. რკინიგზა შიდა ამერიკული ცხოვრების მოუგვარებლობის ერთ-ერთი კომპონენტია, ისე, როგორც არჩევნები, რომლის არქაულობა ანცვიფრებს ნებისმიერს, საარჩევნო სისტემაში ჩახედულს, მაგრამ ამერიკელ პოლიტიკოსებს არ აწუხებთ საარჩევნო სისტემის გაუმართაობა, პირიქით, ვინაიდან საარჩევნო ქაოსი იძლევა მასობრივი გაყალბების შესაძლებლობას.
აი, ასეთი დემოკრატიის მატარებელი ქვეყანა შეგვიფასებს 26 ოქტომბრის არჩევნებს და არმოწონების შემთხვევაში, განაჩენსაც გამოგვიტანს — უკანონო არჩევნები. და არა მარტო ის გამოგვიტანს ასეთ განაჩენს, არამედ ეუთოს დამკვირვებლებიც, სხვა ქვეყნების. ისინი ერთხმად იყვირებენ, როგორ დაირღვა ქართველი ხალხის უფლებები მმართველი პარტიის ძალადობით.
ხალხი — სიტყვის მასალაა, თორემ ვის აინტერესებს მისი აზრი? ხალხს სურს ევროკავშირ-ნატოში შესვლა და ამ სურვილს ხელისუფლება უკლავსო, რომ გაიძახიან, ვინმემ ჰკითხა მას ამის თაობაზე?
როგორ არა, IRI-იმ და NDI-იმ — ამერიკულმა ორგანიზაციებმა ხომ არაერთხელ ჩაატარეს საყოველთავო გამოკითხა და იქიდან ვიცითო, მოგახლიან.
საქართველომ დაუშვა უმძიმესი შეცდომა პოლიტიკური ვექტორის არჩევის დროს და ეს შეცდომა დასავლეთის პოლიტიკურ-მორალური სახის უცოდინრობის შედეგი იყო და არის.
ჩვენს ე.წ. პოლიტიკოსებს ამერიკელი და ევროპელი ღმერთად მიაჩნიათ, ისე, როგორც აფრიკელებს, თეთრკანიანი მიაჩნდათ.
30-წლიანმა დამოუკიდებლობამ არაფერი გვასწავლა და ალბათ არაფერს გვასწავლის, ვინაიდან ამის სურვილი ხალხს არ აქვს. აქედან გამომდინარე, არც პოლიტიკოსს აქვს, ისევ ამ ხალხიდან გამოსულს.
სურვილი ჩვენი მარტივია — შოშიებივით პირდაღებული ვიყოთ, ვიდრე დედა ჩიტი საკვებს არ ჩაგვიდებს პირში. დედა ჩიტის ძებნის ნაცვლად ტვინის და ხელის განძრევაა საჭირო, მეტადრე ტვინის ცხოვრების გზის ასარჩევად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩეული არ გამოგვადგა.
ამერიკა, რომ თავისი გეგმების განხორციელებისთვის გვკრავდა ხელს ომისკენ 2008 წლის ცხინვალის ომმაც დაგვანახა. მაშინ მან გვითხრა საქართველოს ძალაუფლების გავრცელება ავტონომიურ ფორმირებებზე სამხედრო ძალის გამოყენებით მიიღწევაო. 16 წლის შემდეგ ის, ისევ გვეუბნება — მეორე ფრონტი გახსენი რუსეთის წინააღმდეგ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლადო.
აშშ-ს არაფერი შეუცვლია ძველ გეგმაში, ვინაიდან ის ძალის გამოყენებას არის დაჩვეული და არა დიპლომატიას. მისი დიპლომატია იარაღზე გადის. მისთვის რუსეთი, კაპიტალისტურად გარდაქმნილი, მაინც მტერია. ასე რომ, იდეოლოგია არაფერ შუაშია. შუაში და თავში რუსთა სიმდიდრეების ხელში ჩაგდება და ამ სურვილის განსახორციელებლად ისეთი ქვეყნის გამოყენება, როგორიც უკრაინა, საქართველოა.
წინა სტატიაში გავიხსენე 2008 წლის ცხინვალის ომი, შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინიც ვახსენე, მაგრამ არ მომიყვანია მისი სიტყვები, რომელიც ინტერვიუში განაცხადა: „დღევანდელი გადმოსახედიდან ვიტყვოდი, რომ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა, ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას წააგავდა იმისა, რაც შემდეგ უკრაინაში უნდა მომხდარიყო…“
„სამწუხაროდ, სამართლებრივი გადმოსახედიდან ეს ინციდენტი იქცა სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზად. ახლა, შეგვიძლია ვისპეკულიროთ, თუ რა მოხდებოდა, იმ ღამით ცხინვალი რომ არ დაებომბათ, მაგრამ ეს იყო გარდამტეხი მომენტი და ამის გამო სხვა ფორმულირება ვერ გვექნებოდა…“
„მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კითხვები რუსი მშვიდობისმყოფელების ნეიტრალურობასთან დაკავშირებით, რუსეთს ჰქონდა გადარჩენის და დაცვის უფლება, თავისი სამშვიდობოების ქვეყნიდან გაყვანის უფლება…“
16 წლის გავლის შემდეგაც ტალიავინს აზრი არ შეუცვლია. ის თვლის, რომ კონფლიქტი ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, რომელიც გადაიზარდა ომში.
ტალიავინის ინტერვიუმ წონასწორობა დააკარგვინა ისედაც გაუწონასწორებელ ოპოზიციას, რომელმაც არა მარტო 16 წლის წინანდელი დოკუმენტი დაგმო, არამედ მმართველი „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც: „საქართველოს საზოგადოების უმრავლესობისთვის სააკაშვილის არაადეკვატურობაში სამართლიანი ეჭვის შეტანა შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის ავანტიურისტული მოქმედება 2008 წლის აგვისტოში იყო მისი არა ფსიქიკური გაუწონასწორებლობის შედეგი, არამედ უცხოეთიდან შეკვეთილი, კარგად დაგეგმილი ღალატი“.
ოპოზიცია, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის პოლიანსკის მიერ „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ზემომოყვანილი ციტატის გამოყენებამაც გააცოფა და კიდევ ერთხელ ათქმევინა, რომ „ოცნება“ კრემლის დაკვეთას ასრულებს.
ჩემის აზრით, „ოცნება“ ასრულებს იმას, რაც 12 წლის წინ უნდა შეესრულებინა — ომის გამჩაღებელი სააკაშვილის და მისი ბანდის კანონგარეშედ გამოცხადებით და დასჯით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
17/08/2024