01.09.2024

16-წლიანი გახსენება

თემას, რომელსაც ვეხები, მკითხველისთვის ნაცნობია, თან მრავალჯერ გადაღეჭილი, თუმცა არა ბოლომდე. სათანადოდ გადაუღეჭავი საკვები კი ვნებს კუჭს, ორგანიზმს.

16 წლის წინ კარგად რომ დაგვეღეჭა, ხელისუფლების მიერ ძალით შემოტენილი სუროგატი, ანუ საპროტესტო განცდა მაინც გაგვჩენოდა მყრალი პოლიტიკური საკვების მიმართ და მის ნაცვლად ხელისუფლება დაგვეღეჭა, სულ სხვა ვითარება გვექნებოდა — არა ისეთი, როგორიც დღეს.

აგვისტოს პირველი დეკადა ცნობილია ცხინვალის ომის, დაღუპული მეომრების გახსენებით, მათი საფლავების გვირგვინებით შემკობით.

გლოვის დღეს, საფლავზე მისვლით აღნიშნავენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიები და დაღუპული მეომრების ჭირისოფალნი. პირველი ორისთვის, საფლავების მონახულება — პოლიტიკური აქტია. ჭირისუფალთათვის — გულის, სულის ყივილი, ენით აუწერილი ვალდებულება.

პირველი ორის გახსენების მთავარი მიზანი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაა, რომელთა არსი ერთმანეთის ლანძღვა-გინებაშია, თან სხვის დადანაშაულებაში, ამ შემთხვევაში რუსეთის, რომლის აუგად მოხსენიება ურთიერთის გინებისთვის მეტი სიმძაფრის მიმცემია.

7-8 აგვისტო — წლევანდელი, გუშინდელი, გუშინწინდელი, წყლის წვეთებივით გვანან ერთმანეთს — სამგლოვიარო რიტუალით, საფლავებთან წარმოთქმული სიტყვებით, ხელოვნურობაშეპარული ვითარებით.

„სამგლოვიარო“ ატმოსფერო, დიდი-დიდი 9 აგვისტომდე იწელება — პოლიტიკური ცხოვრებისთვის აგრესიულობის შემძენი მედიის წყალობით, რის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რითმს უბრუნდება, დიღომში, აღმაშენებლის ძეგლის სიახლოვეს, მაღალ ფლაგშტოკზე დაშვებული საქართველოს დროშის აწევით და ა.შ.

პატრიოტული მოწოდებებიც, დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნების თაობაზე, 16-წლიან „აკვანს“ მიაშურებს, ღრმა ძილისა და შემდგომი 7-8 აგვისტოს სამგლოვიარო რიტუალის მოლოდინში.

წლევანდელი 8 აგვისტობა თავისი გამორჩეულობით აპირებს თავის დამახსოვრებას და ისიც პოლიტიკოსთა წყალობით, მეტადრე ოპოზიციის, რომელმაც 8 აგვისტო გააშვიდა და სამგლოვიარო რიტუალი იმ დღეს ჩაატარა, როდესაც, 16 წლის წინ საქართველოს „მხედართმთავარმა“ სააკაშვილმა, შერიგების სიტყვის შემდეგ, ტელევიზიით გაჟღერებულის, გვიან ღამით, „გრადების“ წვიმა დააყარა მძინარე ცხინვალს.

ხელისუფლება ნაცთა გადაწყვეტილებას 7 აგვისტოს აღენიშნა 8 აგვისტობა, მარტივად ხსნის — არ უნდოდათ ჭირისუფლებთან შეხვედრაო. ოპოზიცია კი, მისთვის ჩვეული გულმოდგინებით, ლანძღავს მთავრობას, რუსული „ნარატივის“, კრემლის, პუტინის გამეორებისთვის. ეს „ნარატივი“ ისაა, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს რომ ადანაშაულებს რუსეთის აგრესიამდე მიყვანაში. ხელისუფლებას ბოლომდე არ ჰყოფნის ძალა, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ხელი დაადოს დამნაშავე სააკაშვილს.

„ოცნება“ აცხადებს, რომ 2008 წლის ცხინვალის ომი და მისი გამომწვევი მიზეზები გამოძიებას მოითხოვს, რასაც უდავოდ ჩაატარებს ა.წ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ხელისუფლება გულისხმობს არჩევნების დიდი ანგარიშით მოგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მუქარა, გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით არ განხორციელდება. ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია ყველაფერს იღონებს მოსახლეობის ბოლომდე დასაჯერებლად, რომ სააკაშვილმა ომი კი არ დაიწყო, არამედ მსხვერპლი გახდა რუსთა მიერ დაწყებული ომის.

ნაცთა ლიდერი ბოკუჩავა ხომ გამუდმებით აყრის მოსახლეობას თვალში ნაცარს?! ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის თაობაზეო, — ამბობს ის და არაფრად აგდებს ევროკავშირის სპეცკომისიის დასკვნას ცხინვალის ომთან დაკავშირებით ე.წ. ტალიავინის დოკუმენტის სახით ცნობილს.

დოკუმენტის დასაწყისშივე არის დაფიქსირებული აგრესორის ვინაობა — საქართველო. მართალია, ამ საკმაოდ მრავალფურცლიან დოკუმენტში ბევრია რუსთა საწინააღმდეგო მოსაზრებები, მაგრამ აგრესორისთვის ფარდის ჩამოხსნა აბათილებს ანტირუსულს, მარტივი მიზეზის გამო — აგრესიამ გამოიწვია ანტირუსული.

რომ არა მძინარე, თუნდაც მღვიძარე ცხინვალზე თავდასხმა, რუსული ტანკების არავითარ შემოსვლას ადგილი არ ექნებოდა. უფრო მეტიც, რომ არა სააკაშვილის ძმობა აშშ-ს სენატორ მაკკეინთან, აშშ-ს ადმინისტრაციასთან, არავითარ აგრესიას არ ექნებოდა ადგილი სააკაშვილის მხრიდან.

2008 წლის ომი აშშ-ა დააწყებინა სააკაშვილს, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გამოსავლენად, ამასთანავე რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ანტირუსული ცხელი წერტილის შესაქმნელად.

ანალოგიურს აქვს ადგილი რუსეთში, კერძოდ კურსკის ოლქზე უკრაინის ჯარის იერიშის მიტანის დროს. დასავლეთი აცხადებს, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან და არც იცოდნენ უკრაინელთა გეგმის შესახებ, რაც ტყუილია, ვინაიდან ათასკაციანი სამხედრო შენაერთის გადაადგილება — სამხედრო მძიმე ტექნიკით, შეუძლებელია სადაზვერვო და ხელოვნური კოსმოსური თანამგზავრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარეშე.

აშშ-ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინას, სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი სახის შეტევა აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე.

კურსკის ოლქზე იერიშის მიტანის მიზანი მარტივია — რუსეთის ისეთ პოზიციაში ჩაყენება, რომ მოლაპარაკება უკრაინასთან ყოვეგვარი წინასწარი გეგმების გაუთვალისწინებლად დაიწყოს, ანუ ულტიმატუმის. რაც შეეხება მოლაპარაკებას, უკრაინა რომ მუდამ გამორიცხავდა, ასეთი განცხადებით — უკრაინის საზღვრების 1991 წლის მონაცემებში დაბრუნება, რუსეთის ჯარის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის ყირიმიდან, ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება და სხვა წვრილმანი საკითხების მოგვარება, ძალაშია.

აი, ამ კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ ჩნდება ვადაგასული ზელენსკის განცხადება მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, არავითარი წინაპირობით და სურვილით იმისა, ჩატარდეს რეფერენდუმი დონბასის რუსეთისთვის გადაცემა— არგადაცემის თემით.

ზელენსკიმ ხალხს მიანდო ტერიტორიების დათმობის საკითხის გადაწყვეტა.

რამ გამოიწვია ზელენსკის ფერიცვალება?

ომის დასრულების არავითარმა სურვილმა, პირიქით, ომის, რუსეთის ტერიტორიაზე გადატანამ, რაც უმალ მოჰყვა აღნიშნულ განცხადებას. ზელენსკის სიტყვას პოზიტიური რეაქცია უნდა მოჰყოლოდა რუსეთში და ყურადღების მოდუნება.

როგორ ჰგავს ზელენსკის განცხადება 2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილის განცხადებას იმავე მიზნით და სურვილით — ოსური მხარის ყურადღების მოდუნება.

ორივე შემთხვევაში, როგორც სააკაშვილს, ისე ზელენსკის, აშშ-ის თვალთმაქცური პროექტი იმალებოდა და იმალება, შემუშავებული გაცილებით ადრე, ვიდრე 2008 წლის 7 აგვისტო და უკრაინის ჯარის შეტევა კურსკის ოლქზე.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, პირველს უნდა მოჰყოლოდა ქართველთა და რუსთა ხანგრძლივი, მრავალწლიანი სამხედრო დაპირისპირება, რუსეთის  გამოფიტვის მიზნით; რუსეთის მოსახლეობაში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების აგორება მედვედევ-პუტინის ტანდემის დასამხობად.

ანალოგიური რამ გაკეთდა 16 წლის შემდეგ, უკრაინელთა ხელით. ორივე შემთხვევაში ოფიციალური ვაშინგტონი მშრალი ამოვიდა მის მიერ შექმნილი პოლიტიკური წუმპიდან. ჩვენ ვიკითხოთ — ქართველებმა და უკრაინელებმა, რომლებმაც არა მარტო სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა ჩავხოცეთ, ტერიტორიებიც დავკარგეთ და ვკარგავთ — უკრაინელები მყვანან მხედველობაში.

საქართველოს მაშინდელი მოსახლეობა — გაცილებით გონიერი აღმოჩნდა, არ აჰყვა რა ბაქრაძის მოწოდებას — „ვიომოთ ჩანგლებით, დანებით“. ნაცვლად „ცივი“ იარაღისა, მაშინდელმა ჭკვიანმა ქართველებმა, „აგრესორ“ რუსის ჯარს ცხელ-ცხელი ხაჭაპურები „ატაკეს“.

როგორც ჩანს, 16 წლის წინ საქართველოს მოსახლეობაში ამერიკული პროპაგანდა ისე არ იყო გამჯდარი, როგორც უკრაინაში. ამერიკულმა პროპაგანდამ გადააგვარა რუსული ფესვების მქონე უკრაინელი, ყველაფერი დაავიწყა, თავისი სისხლი და ხორცი უპირველეს მტრად გადააქცევინა.

ზემოთ, აგრესორი რუსის ჯარი ვახსენე, სიტყვა „აგრესორის“ წინწკლებში ჩასმით. მკითხველს ვთხოვ, მოთმინებით და არა სიბრაზით წაიკითხოს ბოლომდე ჩემი ნაწერი და შემდეგ გამლანძღოს — არ მოწონების შემთხვევაში.

ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ გულწრფელად, თუნდაც არა საჯაროდ, საკუთარ თავს ვუთხრათ — არის თუ არა რუსი აგრესორი ცხინვალის ომთან დაკავშირებით?!

სამხრეთ ოსეთი, საქართველოს ავტონომიური ოლქი, ბოლშევიკების მიერ ოს ბოლშევიკებთან ხანგრძლივი, დამქაცველი მოლაპარაკების შედეგად დაყოლებულ იქნა ავტონომიურ ოლქის სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში. ოსი ბოლშევიკები ითხოვდნენ სამხრეთ ოსეთის სსრკ-ს სტატუსს ან ჩრდილო ოსეთთან შეერთებას.

მოსკოველმა ბოლშევიკებმა, სტალინმა და ორჯონიკიძემ წერტილი დაუსვეს ოსი ბოლშევიკების მოთხოვნებს და საქართველოს ფაქტიურად დაუბრუნეს დაკარგული ტერიტორიები. იმასაც მოგახსენებთ, რომ იმჟამად არც სტალინს და არც ორჯონიკიძეს არ ჰქონდათ ისეთი ძალაუფლება, რომ ეს საკითხი იოლად მოეგვარებინათ, მითუმეტეს, როდესაც ლენინი მოითხოვდა არა ავტონომიების შექმნას, არამედ ყველა ნაციონალური ერთეულის რუსეთის სტატუსთან გათანაბრებას, ანუ ყველასთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას.

სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში სხვა პრობლემაც იყო — შიში ცენტრალური ხელისუფლების, ანუ თბილისის მიმართ, გამოწვეული მენშევიკური ხელისუფლების მიერ ოსეთში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად. მენშევიკებმა სისხლში ჩაახშვეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები, ნაცვლად შემრიგებლური პოლიტიკის განხორციელებისა, რის შესახებ წერდა თბილისში გამომავალი იმჟამინდელი გაზეთები.

საბჭოთა კავშირმა, დაუღალავი იდეოლოგიური მუშაობის შედეგად, ნულის დონეზე დაიყვანა უზარმაზარი კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა ერთმანეთის წინააღმდეგ მინიმალური ანტაგონიზმის გამოვლინების მაგალითები. ასეთს ადგილი არ ჰქონდა 70-წლიანი საბჭოური ცხოვრების დროს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის დაწყებასთან, ანუ საბჭოთა კავშირის სიმტკიცის დაკარგვასთან ერთად, ფართო გასაქანი მიეცა ნაციონალური სულისკვეთების გამოვლინებას.

ერთ-ერთი პირველი ჩვენს მეზობლად მოხდა, სომხეთ-აზერბაიჯანის დატაკება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით. ქართველი „პატრიოტების“ გამგზავრება ცხინვალში, ურჩი ოსების მოსარჯულებლად, მიუხედავად ოსთა გაფრთხილებისა, რომ ასეთ მარშს სისხლისღვრა შეიძლება გამოეწვია და გამოიწვია კიდევაც, მეორე მაგალითი იყო. თბილისი, აფხაზეთის იმჟამინდელ ხელისუფლებასაც დაუპირისპირდა გამსახურდიას ე.წ. ეროვნული ხელისუფლების დროს, რომელიც შევარდნაძემ ფართომასშტაბიან ომში გადაიყვანა.

რომ არა აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის პრაგმატული, საზრიანი მოქმედება, აჭარასაც იგივე შეემთხვეოდა, რაც აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთს.

დავუბრუნდეთ 2008 წლის მოვლენებს. მკითხველისთვის ცნობილია, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მხარეთა მოლაპარაკების შედეგად ცეცხლი შეწყდა და დაპირისპირებულ მხარეთა შორის რუსი და ქართველი გამშველებლები ჩადგნენ, ეუთოს დამკვირვებლების მონაწილეობით. 2008 წლის ომის დაწყების შემდეგ, ნაცები ურცხვად აცხადებდნენ — სამხრეთ ოსეთი ჩვენი ტერიტორია იყო და სრული უფლება გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის აღსადგენად ძალა გამოგვეყენებინაო.

საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაუხედავთათვის ძალის გამოყენება საკუთარ ტერიტორიაზე დასაშვებია, მაგრამ ჩახედულთათვის — მიუღებელი და რატომ?

მაშინდელი სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ქვეშ იმყოფებოდა და მის მშვიდობიან ცხოვრებას რუსი და ქართველი სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფდნენ.

სააკაშვილმა დაარღვია ხელშეკრულება იმ საბაბით, თითქოს ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებს ბომბავდნენ. არადა, ასეთს რომ ადგილი არ ჰქონია, დაადასტურა ეუთოს უცხოელმა დამკვირვებლებმა, ტალიავინის კომისიასთან შეხვედრის დროს. ორი მათგანი კომისიასთან საუბრის შემდეგ გაქრნენ. ისინი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან გულწრფელობის გამო.

შვეიცარიელ დიპლომატ ჰიადი ტალიავინასაც არანაკლები საყვედურები უთხრეს გამოძიების ობიექტურად წარმართვის გამო, განსაკუთრებით დოკუმენტის დასაწყისშივე ომის დამწყების ვინაობის ჩაწერისთვის, ანუ საქართველოს. ტალიავინზე სერიოზულ ზეწოლას აშშ-ი ახორციელებდა. რომ არა ასეთი, დასკვნა გაცილებით მძიმე იქნებოდა საქართველოსთვის.

კომისიის მიერ შედგენილ დოკუმენტს საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოაწერეს ხელი. შემდეგ ვიხილეთ გაეროს დოკუმენტიც, რომელიც საქართველოს არა მარტო აგრესიის დაწყებაში ადანაშაულებდა, არამედ აკრძალული ჭურვების გამოყენებაშიც.

განა ამის თაობაზე არ იციან ჩვენმა ე.წ. პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით ოპოზიციურმა?

იციან, მაგრამ ხალხს მტვერს აყრიან თვალში.

16 წელი გავიდა ცხინვალის ომიდან. ბავშვები, რომლებიც მაშინ დაიბადნენ ან 5, 10 წლით ადრე, ზრდასრულნი არიან, საკუთარი აზროვნებით, თუმცა, როდესაც 16-წლიანი ტყუილით კვებავ ადამიანის ტვინს, მითუმეტეს ახალგაზრდის, რეალური ცხოვრების პერიპეტიების მიუხედავად, დაუნაგვიანებელს, ხვდები რა სწრაფად ისრუტავს ის ტყუილს, ნაგავს და აგრესიულად ეწყობა მეზობელი ქვეყნის, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის და აშშ-ს ადმინისტრაციის მზაკვრული პოლიტიკის შედეგად აიძულე ტანკით შემოსულიყო ოსეთში, ჩვენ რომ სამაჩაბლოს ვეძახით დაჟინებით და ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა-ევროპის სახით, სამხრეთ ოსეთს.

მოდით დავსვათ კითხვა — მექსიკა ან კანადა რომ დასხმოდა თავს ამერიკელ სამშვიდობო ძალებს და ასზე მეტი გამშველებელი ღამით, მუხანათურად, ზურგში ტყვიის დახლით მოეკლათ, რას მოიმოქმედებდა დაზარალებული, თავზე ხელს გადაუსვამდა იმ ქვეყნებს, რომელთა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს აგრესიული აქტი?!

მადლობა უნდა ვთქვათ, რომ რუსის ჯარი თბილისში არ შემოვიდა და მაშინდელი ომის გამჩაღებელი სააკაშვილის ხელისუფლება ფეხებით არ ჩამოჰკიდა.

რაც შეეხება ტერიტორიების ოკუპაციას და მოსკოვის მიერ ყოფილი ჩვენი ავტონომიების დამოუკიდებლად ცნობას, არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ არა სააკაშვილის, უკვე დამარცხებულის, მაგრამ აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ დაიმედებულის, მუდმივი, საჯარო ყროყინი, რომ დაკარგულს მალე დაიბრუნებს ომით, რუსის ჯარი უკან დაბრუნდებოდა.

რომ არა სააკაშვილის მიერ მედვედევ-სარკოზის მიერ შედგენილი დოკუმენტიდან მე-7 პუნქტის ამოშლა, რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებდა.

ამოშლილი პუნქტების მიხედვით, თბილისს მოლაპარაკება უნდა დაეწყო სოხუმთან და ცხინვალთან საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიების სტატუსის განსაზღვრისთვის.

16 წელი გავიდა ცხინვალის ომიდან. საქართველო-რუსეთს შორის სააკაშვილის მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგენილა და მიუხედავად ამისა არსებობს ეკონომიკურ-ენერგეტიკული კავშირები, რომელთა არქონა რუსეთს კი არ ავნებდა, არამედ საქართველოს.

საქართველოს ეკონომიკა 73%-ით რუსეთზეა ჩამოკიდებული და რომ არა ეს კავშირები, თავის რჩენის პრობლემები შეექმნებოდა ქვეყანას.

რომ არა რუსული ბაზარი, ქართული საექსპორტო პროდუქცია — მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები ჩაწვებოდა, გაკოტრდებოდა, ვინაიდან არც აშშ-ი და არც ევროკავშირი ამ პროდუქციის მასშტაბური იმპორტიორები არ არიან.

მასშტაბურ ექსპორტს ძვირადღირებული რეკლამა სჭირდება და ისეთი ნაწარმი, მათი მომხმარებლის გემოვნებას რომ დააკმაყოფილებს — მრავლობით რიცხვში და არა მხოლობითში.

კიდევ ერთი რამ, რაც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს — რუსეთისთვის „აგრესორის“, „ოკუპანტის“ სახელების მიკერების ნაცვლად მასთან ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ქართველ „პოლიტიკოსთა“ განწყობა ისეთია, მეზობელ უზარმაზარ ქვეყანასთან არავითარი ურთიერთობა არ გვექნება, ნორმალური რომ ჰქვია.

ქართველი „პოლიტიკოსები“ ივიწყებენ რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, არაოფიციალური გათვლით მილიონზე მეტს. ისინი მაშინ ახსენდებათ, როდესაც ფულს უგზავნიან საკუთარ ნათესავებს — არაერთ მილიარდს წლიურად. რუსი ყოველთვის გვახსოვს, გვახსენებენ როგორც ჩვენი პოლიტიკოსები, ისე „კეთილისმსურველი“ დასავლელი „მეგობრები“, ცხადია უარყოფითად, ეშვებიან დათვად, რომელიც მზადაა ჩვენს შესაჭმელად, მაგრამ აშშ-ს და ნატო-ევროკავშირის შიშით ამას ვერ აკეთებს.

ამის მომსმენ მოსახლეობას წამითაც არ ებადება კითხვა — რა ისეთი გემრიელი ლუკმაა საქართველო, შესაჭმელად? ან ყოფილ საბჭოთა სივრცეში მარტო ჩვენი ჭამა შეიძლება და სხვების არა?! ისინი რა უგემურები არიან, ჩვენზე დიდი ზომისანი, როგორც ეკონომიკურად, ისე ტერიტორიულად?! რომელი მათგანის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა?!

ყველა მათგანი დსთ-ს წევრია, დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკით, ურთიერთობებით, როგორც დასავლეთის ქვეყნებთან, ისე აღმოსავლეთის. ამასთანავე საქმიანი, მჭიდრო, სარგებლიანი ურთიერთკავშირებით რუსეთთან. ზოგიერთი მათგანი „შოსის“ წევრია — საერთაშორისო ორგანიზაციის, უკვე საკმაოდ რესპექტაბელურის, ვიდრე ევროკავშირი და „ბრიკსში“ გაწევრებაზე უჭირავს თვალი.

ჩვენი ბრმა პოლიტიკოსები ვერ ხედავენ, როგორ იცვლება მსოფლიო, როგორ გადადის მსოფლიო პოლიტიკური ღერძი ამერიკა-ევროკავშირიდან, „შოსისა“ და „ბრიკსისკენ“. საქართველოს პოლიტიკა ვერ ხედავს გრძელ რიგს „ბრიკსის“ კართან დამდგარს, იქ გასაწევრებლად.

მაინც რა წამალი გვაყლაპა აშშ-ა ისეთი, რომ ბრმად ვეხუტებით, მონუსხულივით და წამითაც არ გვებადება კითხვა, რომ 2008 წლის ომი მისი შემოქმედებაა, მანამდე კი „ვარდების“ რევოლუცია, ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია და სხვა „სიკეთეები“, რასაც ვისმენთ, ვუყურებთ, მაგრამ ვერ აღვიქვამთ.

მაგალითად, ვუყურებთ, ვკითხულობთ მაღაზიებზე, ანუ სუპერმარკეტებზე გამოკრულ წარწერებს ინგლისურად და ინგლისურად, ანუ ქართული ასოებით ინგლისურ ტექსტს, ასეთს — „პეტს ფუდ“, „გრეიპ ვაინ“, …

პირველი, ძაღლის საკვებია, მეორე — ყურძნის ღვინო. და როდესაც ამ ორის გარდა ყველა დანარჩენი წარწერაც ასეთია, 30 წლის წინანდელი ანეკდოტი მახსენდება, კახელ ბიჭს რომ სიგარეტის კოლოფზე გამოსახულ აქლემს აჩვენებენ კითვით — ეს რა ცხოველიაო და ისიც პასუხობს — ქემელია.

30-წლიანმა ამერიკანიზაციამ მოგვიტანა „ბედნიერება“, რომელიც უკიდეგანოა; მოგვიტანა ის, რომ ყველა რადიო მარტო ამერიკულ სიმღერებს გვთავაზობს, თითქოს სხვა ქვეყანას სიმღერა არ ჰქონდეს. რადიო „მაესტრო“ კი არა მარტო სიმღერას გვთავაზობს, რომელსაც „სინგლად“ ნათლავს, არამედ სიმღერის დაბადების ისტორიას და სხვადასხვა დროს სიმღერის შემსრულებლების ავტობიოგრაფიას.

ამერიკული ჯირითია გამართული ტელევიზიებში, ვითომ ქართულ ენაზე. ვიღას აინტერესებს ენა, მამული, სარწმუნოება?!

და ამ დროს იგივე მეტიჩარა პოლიტიკოსები რუსეთს ლანძღავენ ოკუპაციისთვის.

ქართველი ვეღარ ხვდება, რომ რუსმა კი არა, თვით მან გაუკეთა თავის თავს ოკუპაცია, სხვისი წაქეზებით და ეს ოკუპირებული, ერთ დროს სამშობლოდ წოდებული ქვეყანა ნამდვილ ოკუპანტს ჩააბარა ნებაყოფლობით.

ექნებოდა თუ არა ასეთს ადგილი ნაცების და სააკაშვილის დასჯის შემთხვევაში?!

ომის შემდგომ წლებში, ამერიკელთა მხარდაჭერილმა სააკაშვილმა, ისე გაშალა ფრთები, რომ მისი დასჯა შეუძლებელი იყო. ვისაც უნდა დაესაჯა, ანუ ხალხს, გუნდრუკი უკმია და ომის დროს, პარლამენტის შენობის წინ გამართული მხარდამჭერი კონცერტის პათოსი ლამის პარლამენტის არჩევნებამდე მიიტანა.

სააკაშვილის და მისი ნაცების დასჯის შანსი „ოცნებას“ გაუჩნდა, მაგრამ ვერ ან არ გამოიყენა. დღეს, იგივე „ოცნება“ აცხადებს, რომ დასჯის, მაგრამ არჩევნების შემდეგ. რომ იტყვიან — ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი. დასასჯელი უნდა დაისაჯოს.

დაუსჯელობამ მოგვიტანა უბედურება, რომელიც ჩვენს თავს დამოკლეს მახვილივით დასტრიალებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

12/08/2024