23.11.2024

ბეცი ხელისუფლება

საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური ვითარება ისეთია, ბევრ კითხვას რომ აჩენს — უპასუხოდ დატოვებულს.

პასუხი, ხელისუფლების ვალდებულებაა, მაგრამ მან არ იცის ამ ვალდებულების შესახებ.

დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც, ჩვენი დაჟინებული განმარტებით, საქართველოა, ოპოზიცია შეახსენებს ხელისუფლებას აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე, მაგრამ არ ახსენებს, მრავალ მიზეზთა გამო, რომელთაგან უპირველესი, უვიცობა, არაპროფესიონალიზმი, ხალხის პრობლემების ფეხებზე დაკიდებაა.

ოპოზიციამ არ იცის, რომ საზოგადოებას სოციალური საკითხების მოგვარება აინტერესებს და არა ის, ვინ, რომელი პარტია ჩაიგდებს ხელში სახელმწიფოს მმართველობას.

სამწუხაროდ, არც ხელისუფლებამ იცის, ვინაიდან ოპოზიციაში ყოფნის დროს არასდროს დაინტერესებულა სოციალური საკითხებით.

თუ არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ იციან რას ნიშნავს სოციალური პრობლემები, მაშინ ხალხმა უნდა იცოდეს და მან უნდა აიძულოს ხელისუფლება მიხედოს მისთვის უცნობ, მაგრამ ხალხისთვის ნაცნობ თემას.

სამწუხაროდ, მძიმე სოციალური პრობლემების შედეგად გამწარებული ხალხი, როგორც ჩანს გაუთვითცნობიერებელი საკუთარი უფლებების დაცვაში, ხელისუფლება-ოპოზიციის მსგავსად იქცევა და ნაცვლად მათთვის იძულებით მოვალეობის შესრულების შეხსენებისა — დუმს.

არადა, საქართველო სიტყვიერად, ლოზუნგურად ევროპისკენ მიდის, თუმცა იქ წესად მიღებული სოციალური საკითხების გაჟღერება მისთვის უცნობია.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სოციალური საკითხების მოუგვარებლობა, ხალხის მიტინგებს, გამოსვლებს, გაფიცვებს იწვევს, რომელთა ორგანიზატორობა პროფკავშირების უმთავრესი პრეროგატივაა.

საქართველოში არის პროფკავშირული ორგანიზაციები, თუმცა სუსტი, არაპროფესიონალური, ისეთ დონეზე, ხელისუფლებაში რომ ღიმილს იწვევს.

პროფკავშირული ორგანიზაციები საწარმოებში იქმნება, ცხადია დიდში, მაგრამ ასეთთა რაოდენობა ერთი ხელის ხუთი თითითაც არ შემოიფარგლება.

პატარა საწარმოებში პროფკავშირები ფრთებს ვერ გაშლის, ვერც სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, პატარა მაღაზიებში, ვინაიდან იქ დასაქმებული ადამიანები დაჰკანკალებენ თავიანთ სამსახურს და არავითარი სურვილი არ აქვთ გამოხატონ პროტესტი ან უკმაყოფილება შრომის პირობებთან, დაბალ ხელფასებთან, არანორმირებულ დასაქმებასთან დაკავშირებით — სამსახურის დაკარგვის შიშით.

ხელისუფლება, ოპოზიცია, ხალხი ერთ წრეზე ტრიალებენ, ერთმანეთზე რკინის ჯაჭვით გადაჯაჭვულნი.

30 წლის დამოუკიდებლად ცხოვრების განმავლობაში უამრავი მიტინგი, დემონსტრაცია, საპროტესტო გამოსვლა იყო თბილისში, ბათუმში, მაგრამ არც ერთ სხვა ქალაქში.

აღნიშნული აქციები იყო ძირითადად ოპოზიციის მიერ აგორებული და მის მიერ ხალხისთვის მიცემული ფულის შედეგი, ანუ მოქრთამვის, მაგრამ მასობრივი გამოსვლების გამოკლებით.

მხოლოდ რამდენიმე მასობრივი საპროტესტო გამოსვლა ფიქსირდება საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის 30-წლიან ისტორიაში — სააკაშვილის მიერ აგორებული, „მოქალაქეთა კავშირის“ წინააღმდეგ და ივანიშვილის მიერ აგორებული სააკაშვილის, ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. არც ერთი სოციალურ საკითხებზე.

პირველ შემთხვევაში, სააკაშვილის ზურგს უკან ამერიკული ფული და ყველა სახის დახმარება იდგა. მეორე შემთხვევაში, მილიარდერი ივანიშვილის ფინანსები, და რაც მთავარია — აშშ-ს მხარდაჭერა. რომ არა ასეთი, 2012 წელს ივანიშვილის „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებდა არჩევნებში.

ივანიშვილის მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან არ არის გასაკვირი, ვინაიდან სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა ყველა წითელი ხაზი, დაწესებული ხელისუფლება-საზოგადოებას შორის, ანუ დაუწერელი ცხოვრებისეული კანონი.

პოლიტიკურ კრიზისში შესულ ხელისუფლებას, ისე, როგორც ქვეყანას, აჯანყებიდან თავის დასაცავად ახალი ლიდერის გამოვლინება ესაჭიროებოდა, მაგრამ არა დისკრედიტებული ოპოზიციურუ პარტიებიდან.

აშშ-ა ყურადღება საზოგადოებისთვის უცნობ, ბუნდოვან პირზე შეაჩერეს, თან არა საქართველოს მოქალაქე ივანიშვილზე, მილიარდერზე.

 ამ უკანასკნელმა მიიღო დავალება ახალი პარტიის ჩამოსაყალიბებლად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. დავალების მიხედვით, ივანიშვილი ჩაუდგებოდა სათავეში ახალ აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ არა ხანგრძლივი ვადით, რაც ივანიშვილმა შეასრულა.

მეორე დავალება იყო ოპოზიციაში გადასული ნაცმოძრაობის პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე დატოვება და მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ასე და ამრიგად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გაჩნდა ახალი სიტყვა, დასავლური „კოჰაბიტაცია“ —  თანაცხოვრება, თანაარსებობა. შეეძლო თუ არა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადება?

შეეძლო და არც შეეძლო. ივანიშვილი, აშშ-ის მიერ შერჩეული ადამიანი, ვერ წავიდოდა შემრჩევის წინააღმდეგ. ივანიშვილი, ასეთს შეძლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაითვალისწინებდა ვაშინგტონის დირექტივას და მოიქცეოდა ისე, როგორც ხალხი ითხოვდა.

ივანიშვილმა ხალხის მოთხოვნა არ გაიზიარა. უფრო მეტიც, მალე დატოვა პრემიერ-მინისტრობა და ქვეყნის მართვის სადავეები გამოუცდელ, პოლიტიკურად უმწიფარ ახალგაზრდებს ჩააბარა.

ივანიშვილი იშვიათ შემთხვევაში ერეოდა ქვეყნის ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ საზოგადოების უკმაყოფილო ხმების გაგონებისთანავე — პრემიერ-მინისტრების გათავისუფლება-დანიშვნით შემოიფარგლებოდა, ხანდახან სხვა მაღალი თანამდებობის პირების.

ქვეყანა, სადაც კანონს არვინ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით ის, ვინც უპირველესად უნდა აქცევდეს — პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, ქაოსში აღმოჩნდა.

ქაოსი საზოგადოებაში, ხელისუფლებაში, მმართველ პარტიაში საგრძნობლად იკიდებს ფეხს, რაც საბაბი გახდა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა და ისიც დაბრუნდა თავის მიერ დაფუძნებული პარტია „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ. არა თავმჯდომარედ, არამედ გამოგონებული საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე.

თავმჯდომარეობა — პასუხისმგებლობაა, თან ყოველდღიური შრომა. საპატიო თავმჯდომარეობა ასეთს არ მოითხოვს. თავმჯდომარედ ღარიბაშვილი დარჩა, თუმცა საპატიო თანამდებობის მატარებელი ივანიშვილი — რეალური თავმჯდომარეა არა მარტო პარტიის, არამედ მთავრობის, პარლამენტის, ქვეყნის.

თვით ივანიშვილი, სახელმწიფო საქმიანობაში არცთუ გარკვეული, ისე, როგორც სახელმწიფო დისციპლინაში, გვიან მიხვდა ამ ჭეშმარიტებას.

სახელმწიფო სისტემას, სახელმწიფო მმარველობას, ყოველდღიური კონტროლი სჭირდება. არ არის უფროსი, არც ქვეშევრდომები არიან. აღნიშნულის ნათელი მაგალითები არაერთხელ მინახავს სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის დროს. მაგალითად, ცენტრალურ ხელისუფლებაში აჭარის წარმომადგენლად ყოფნისას.

არ იყო ასლან აბაშიძე — აჭარის ავტონომიის მეთაური აჭარაში, უცხოეთში მივლინებით ყოფნის დროს და არ იყვნენ ქვემდგომი თანამდებობის პირებიც ან თუ იყვნენ, ნაკლებად იტვირთავდნენ თავს.

ეს დაავადება თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებას ახასიათებს, რაც მანიშნებელია სახელმწიფო მოხელეთა შორის შრომის დისციპლინის სისუსტის არაპროფესიონალიზმის.

დამოუკიდებლად ცხოვრების განმავლობაში სახელმწიფო კადრებმა მშვენივრად გადმოიღეს ძველი საბჭოთა კადრებისგან ფასადური გამომეტყველება და ჩაცმულობა — მუქი ან შავი კოსტუმები, ჰალსტუხები და ამაზე შეჩერდნენ. მაგრამ ძველ, საბჭოთა კადრებს რომ სამსახურებრივი დისციპლინა ჰქონდათ, ახლებმა შეგნებულად არ გაიზიარეს, რომ გაეზიარებინათ, დანა-ჩანგლის ყოველ გაჩხარუნებაზე, ანუ წვეულებაზე უცხოეთში არ გაიქცეოდნენ, მიწვევაზე დელიკატურად შეატყობინებდნენ მასპინძლებს დაუსწრებლობის მიზეზს.

იქნებ ვინმემ შემახსენოს საბჭოთა ხელმძღვანელებიდან ვინ ესწრებოდა ფეხბურთში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების გახსნა-დახურვის ცერემონიალს, ისე, როგორც ოლიმპიური თამაშების?!

დამოუკიდებელი საქართველოს ხელმძღვანელობა, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის სახით ესწრებიან, თან ორივე ერთად, თითქოს ქვეყნის წარმოსაჩენად, თუ ასეთი აუცილებელია, ერთი არ იყოს საკმარისი.

ივანიშვილის დაბრუნებას არა მარტო სახელმწიფო დისციპლინის მოშლა განაპირობებს, არამედ კარზე მომდგარი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც. როგორც ჩანს, მის ყურამდე მივიდა აშშ-ს მეცადინეობით ოპოზიციის დაგეგმილი ბუნტის თაობაზე.

კოლექტიური დასავლეთი კარგა ხანია „ოცნებას“ აღარ წყალობს და მას ისეთ ჯიუტ მოწაფედ აღიქვამს, რომელიც არ ასრულებს მის მიერ მიცემულ დავალებებს — მეორე ფრონტის გახსნასთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

დასავლეთს არ მოსწონს „ოცნების“ მიერ მიღებული „აგენტების“ კანონი, ისე, როგორც ლგბტ-ს საწინაარმდეგო და ორივეს შეჩერებას ავალებს საქართველოს ხელისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლება კი უარზეა, რაც ვაშინგტონში გაღიზიანებას იწვევს. ვაშინგტონი, „ფერადი“ რევოლუციების დიდოსტატი, შეეცდება ე.წ. რუსული „ოცნების“ არჩევნებით ჩამოშორებას. „ოცნება“ აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში 60%-ს დააგროვებს. შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ჩაუთვლის დასავლეთი ამ გამარჯვებას კანონიერად?

100%-იც რომ დააგროვოს — არ ჩაუთვლის!!! გააყალბესო, — იტყვიან მათ მიერ გამოგზავნილი დამკვირვებლები და ხმების დასაცავად ოპოზიციას ხალხს გამოაყვანინებს ქუჩებში; მოაწყობინებს შეტევას პარლამენტის შენობაზე; დააწვევინებს პოლიციის ავტომანქანებს; შეატაკებს პოლიციასთან და ამ შეტაკების დროს ვიღაცას მოკლავს, ისე, როგორც უკრაინაში 2014 წელს ე.წ. მაიდნის რევოლუციის დროს.

შედეგი იქნება ისეთი, როგორიც 1991-92 წლების თბილისის ომის დროს და მომდევნო წლებში — მსხვერპლით, დაპირისპირებით, სახელმწიფო სტრუქტურების მოშლით, შიმშილით და ა.შ. ახალგაზრდა თაობას ეს არ უნახავს, არ განუცდია, არსად წაუკითხავს.

მისთვის მთავრობის დამხობა ეკზოტიკური ქმედებაა, მითუმეტეს პრორუსულის, როგორსაც ისინი „ოცნებას“ უწოდებენ.

ხელისუფლებას ვურჩევდი, ნაცვლად სპორტული თამაშების გახსნის ცერემონიალებზე დასწრებისა, სახლში დარჩეს და სერიოზულად მოემზადოს არჩევნებისთვის, ამით სახელმწიფო ფულის ხარჯვის ეკონომიასაც გასწევს — ქვეყნისთვის არაფრის მომცემ მოგზაურობაში რომ ხარჯავს.

გარდა ამისა, სერიოზულად დააკვირდეს საერთაშორისო არენაზე მიმდინარე უაღრესად საგანგაშო მოვლენებს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთს გადაეყრება, ვენესუელაში რომ ხდება — პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ.

ვენესუელა სამხრეთ ამერიკაშია, აშშ-თან სიახლოვეს. ვენესუელა ნავთობის რეზერვებით მოწინავეა მსოფლიოში. ვენესუელა, აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის უგო ჩავესიდან მოყოლებული ანტიამერიკულ პოლიტიკას ატარებს და მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან, ჩინეთთან, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების მსურველ ქვეყნებთან.

ასეთი ვენესუელა აშშ-ს არ აწყობს და რომ არ აწყობს, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამოხატა, აუბუნტა რა ქვეყანა გამარჯვებულ პრეზიდენტ მადუროს. მაშინ აშშ-ა ორად გაჰყო ვენესუელა, როდესაც ერთიანი ვერ დაიმორჩილა, ოპოზიციის ლიდერი გუაიდო ნახევარი ვენესუელის პრეზიდეტნად ცნო, ჩათვალა რა მეორე ნახევარსაც მალე ჩააგდებინებდა ხელში თოჯინა გუაიდოს.

არ გამოუვიდა. მოსახლეობის უმრავლესობამ მადუროს დაუჭერა მხარი და ამ შიდა დაპირისპირებამ მრავალი წელი შეიწირა, ქვეყნის ქაოსით, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესებით, დაპირისპირებულ მხარეთა ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვით.

ამერიკელთა რჩეულმა გუაიდომ, დამარცხებულმა, შერცხვენილმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ს მიაკითხა.

ქვეყანა თითქოს დამშვიდდა და ისევ საპრეზიდენტო არჩევნები. ისევ მადუროს წინააღმდეგ ამხედრებული ოპოზიცია, რომლის უკან ისევ აშშ-ია, ფინანსებით, ოპოზიციონერთა წაქეზებით, მადუროს დამხობის და ნავთობის ხელში ჩაგდების სურვილით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და საბუთად ეგზიტპოლების მონაცემები მოჰყავს. ეგზიტპოლები კი ამერიკული ორგანიზაცია „Edison Research“-ის ნახელავია. ეს ორგანიზაცია ჩვენთვისაც არის ცნობილი — გამოკითხვების ჩატარებით, თანაც ისეთის, ახლოსაც რომ არ არის სინამდვილესთან.

მადუროსა და ივანიშვილს შორის დიდი განსხვავებაა. მადუროს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს, საერთაშორისო არენაზე რუსეთი, ჩინეთი, ბელორუსი, ირანი, … ივანიშვილს, 2012 წელს ხალხი უჭერდა მხარს, საერთაშორისო არენაზე აშშ-ი, ევროკავშირი.

უჭერდა! დღეს, არვინ უჭერს, გარდა თავისი პარტიისა, ვინაიდან 12 განვლილი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია ხალხისთვის.

ის, რომ თეატრები გაარემონტა, არაფერს ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის, რომლის სოციალური ყოფა ნულის დონეზეა; ასეთის, სურვილი სპექტაკლის ყურებისა ნულის დონეზეა.

მას არ ესპექტაკლება! ხალხმა იცის, რომ მისი მამა-მარჩენალი ზვიგენთან და პინგვინთან თამაშით იქცევდა თავს, შემდეგ ხეების თრევით, საკუთარი ბაღის დასამშვენებლად, აფრიკიდან ბაო-ბაბის გადმონერგვით და ა.შ. და ეს ცოდნა, ბოღმავდა მას, ვინაიდან იცოდა და იცის, რომ ყოველივე ამაში მისი ფული მიდიოდა და მიდის.

ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახი აინტერესებს და ქვეყანა — მხოლოდ თავის სურვილზე მორგებული.

ივანიშვილი სარეკლამოდ აძლევს ფულს ფეხბურთელებს და არა სპორტის, ფიზკულტურის განვითარებისთვის. ეს, რომ ასეა, იპოდრომის ისტორიაც კმარა — საბურთალოს მაცხოვრებელთა სავარჯიშო, დასასვენებელი ადგილი ერთ დროს, ბოლო 4 წლის განმავლობაში სამშენებლო პოლიგონად ქცეული, მტვრის და ტალახის ბუდედ.

ივანიშვილს სპორტის განვითარება რომ ნდომოდა, ფიზკულტურის ინსტიტუტის შენობას არ დაანგრევინებდა, კერას — ფიზკულტურის მასწავლებლების, მწვრთნელების, სპორტსმენების.

 ივანიშვილს, ფეხბურთი რომ აინტერესებდეს, თბილისის „დინამოს“ ისტორიულ სტადიონს შეინარჩუნებდა და პრემიერს არ ათქმევინებდა — ავარიულიაო.

„დინამო“ სტადიონს ივანიშვილმა უკვე გამოუტანა განაჩენი — დანგრევა, სანაცვლოდ ახალი სტადიონის აშენება ქალაქგარეთ, მაყურებლისთვის მიუღებელ ადგილას.

მაინც რამდენი უნდა დახარჯოს ფეხბურთის მოყვარულმა ტრანსპორტით მგზავრობაში ახალ სტადიონამდე მისაღწევად?

ხომ არ გამოიწვევს ეს ისედაც ჩამკვდარი ფეხბურთის გაქრობას?

იპოდრომის დანგრევით, ივანიშვილმა ქართული ეროვნული სპორტი — ცხენოსნობა, ცხენბურთი, ცხენთან დაკავშირებული სპორტული სახეობები ჩაკლა — ვითომ სპორტის ქომაგმა.

ივანიშვილს ხალხი რომ არ აინტერესებს, ისტორიული დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებისთვის იმის გამოცხადებიდანაც ჩანს — გუდა-ნაბადი აიყარეთ, აქედან წადით, ბაზარში რემონტს ვიწყებთო.

სად წავიდეთო, — იკითხეს გამწარებულმა მოვაჭრეებმა, ათასობით ადამიანმა — ჩვენი საქმე არ არის, სადაც გინდათ იქ წადითო.

და ეს ყველაფერი კარზე მომდგარი არჩევნების წინ! ხვდება ამას ივანიშვილი, მისი პარტია?!

რომ ხვდებოდნენ, თვითმკვლელობას არ მოიწყობდნენ. ვერ ხვდებიან! ალბათ იმ 60%-ის მხარდაჭერის იმედზე არიან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ რომ უკარნახა.

წინა სტატიაში დავწერე და გავიმეორებ, 200%-იანი მხარდაჭერაც რომ ჰქონდეს „ოცნებას“, აშშ-ი, ეუთო, ევროკავშირი გაყალბებულად ჩათვლის, ისე, როგორც ვენესუელაში და ბუნტის მოსაწყობად ხალხს გამოიყვანს ქუჩაში — „ოცნების“ დასამხობად.

საქართველოს მოქალაქეებს არ ადარდებთ ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნა, მაგრამ ადარდებთ მოსალოდნელი ბუნტი.

„ოცნებამ“ ვერაფერი შეიგნო, რომ კოლექტიური დასავლეთი ვერ მიიღებს ისეთ საქართველოს, როგორიც დღეს არის. მას გა-ლგბტ-ებული საქართველო უნდა — დასავლეთის ნებისმიერი ბრძანების უყოყმანო შემსრულებელი.

ნუთუ ვერ ხვდება „ოცნება“, რომ ქართული ცუღლუტური აზროვნებით, იქაურებს ვერ მოატყუებს?

ვერ ხვდება! რომ ხვდებოდეს, საარჩევნო ლოზუნგში — ევროპისკენო, არ ჩაწერდა!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

01/08/2024