31.10.2024

ძალაუფლება და სიძულვილი

მკითხველმა კარგად იცის ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ ჩემი სურვილია მათი „დაძმობილების“ ფილოსოფია განვიხილოთ თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში.

საქართველო, სწორედაც ის ქვეყანაა, სადაც ძალაუფლება განსაზღვრავს ყველაფერს. ძალაუფლების მატარებელი ხელისუფლებაა და მისი განშტოებები ადმინისტრაციული, სამართალდამცავი ორგანოების და უამრავი სხვა დაწესებულების სახით. დავუმატოთ ამას ბიზნესი, მსხვილი, როგორც კახელები იტყვიან — გაჯეჯილებული, ხელისუფალთა მხრიდან, თორემ წვრილი ბიზნესის ძალაუფლება რა მოსატანია —  საკუთარ თავსაც რომ სიმწრით ინახავს?!

სახელმწიფო ძალაუფლება, თუ მას სახელმწიფოებრივი აღქმა არ გააჩნია, ისეთი რამ არის, სახელმწიფო ძალაუფლების მატარებელთა „ხელქვეითები“, ანუ ხალხი მძიმედ რომ ზარალდება.

სამწუხაროდ, ძალაუფლების მქონეთა დამოკიდებულება მასებზე, ისეთია, სიძულვილს რომ გამოხატავს. ძალაუფლების მატარებელი რომ ზემოდან, დაცინვით დაჰყურებს ხალხს — ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში, გასაკვირი არ არის. ეს, იმ შემთხვევას არ ჰგავს, ცნობილმა მწერალმა მარკესმა რომ თქვა —  ზემოდან ადამიანს მაშინ უნდა დახედო, როდესაც მიწაზე დაცემულს წამოდგომაში ეხმარებიო. არადა, მწერლის სიბრძნის გაზიარება წაადგებოდა ძალაუფლების მატარებელს, ისე, როგორც მიწაზე გართხმულ ხალხს.

ძალაუფლების მატარებელს, გარდა სხვებზე ზემოდან დამცინავად ყურებისა, სიძულვილიც ახასიათებს. ძალაუფლების მატარებელს არა მარტო საკუთარი ქვეყნის ხალხი სძულს, არამედ ქვეყანაც, რაც არაერთხელ დამტკიცდა ბოლო 30 წლის დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს. რამდენი ძალაუფლების მატარებელი შეიცვალა თანამედროვე ისტორიის არცთუ მოკლე პერიოდში თვლა არ აქვს, არც განსხვავება ერთმანეთისგან.

გამსახურდიას ძალაუფლების მატარებლებმა, ხელისუფლების სათავეში მცირე ვადით ყოფნის შედეგად, ბოლომდე ვერ გამოავლინეს ძალაუფლების ამსახველი ქმედება, მაგრამ რაც გამოავლინეს, სავალალო გამოდგა ხალხისთვის, ქვეყნისთვის.

მაშინდელ ძალაუფლების მატარებლებს, რომ არ გასჩენოდათ ხალხისადმი სიძულვილი, გადაზრდილი ქვეყნის სიძულვილში და თბილისის ომის დროს ოპოზიციის წინადადება გაეზიარებინათ — ახალი საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით, თბილისის ომიც შეწყდებოდა და აქედან გამომდინარე საშინელება, რაც გადახდა ქვეყანას, ხალხს.

გამსახურდიას ძალაუფლებამ, საკუთარი ძალაუფლების მიზნით არ მიიღო შეთავაზება, რითაც საბოლოო ჯამში სიძულვილი გამოავლინა საკუთარი ხალხის, ქვეყნის მიმართ, ვითომდა მათთვის სიკეთის მოტანის გულისთვის.

ძალაუფლების მატარებელთა სრული ზეიმი იყო შევარდნაძის დაბრუნება საქართველოში და მის ხელში ძალაუფლების დაბრუნება. ხარობდნენ შევარდნაძის ძველი კადრები, კომკავშირლები, კომპარტიის წევრები, რაც გამოწვეული სულაც არ იყო ქვეყანაში წესრიგის დასამყარებელ ღონისძიებათა გატარების სურვილში, არამედ საკუთარი თავისთვის ძალაუფლების კვლავ მოპოვებაში.

შევარდნაძის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა აბურდული ვითარების დასალაგებლად, მაგრამ არა იმდენი, რომ ვითარება ბოლომდე თუ არა, საშუალო დონემდე მაინც გამოსწორებულიყო. არც მას და არც მის ირგვლივ მყოფ ხალხს არ გასჩენიათ სურვილი საკუთარი ქვეყნის, ხალხის სიყვარული. სიძულვილმა გადაძალა აღნიშნული — საკუთარი სურვილების სახალხოზე, საქვეყნოზე მაღლა დაყენებამ. შედეგი?

აფხაზეთში გაჩაღებული ომი, სამეგრელოში ჩატარებული სადამსჯელო ექსპედიცია, აჭარასთან გამოცხადებული სიტყვიერი ომი, ლამის „ცხელში“ გადასული და ბოლოს შეურაცხმყოფელი ძალისმიერი ქმედება, პრეზიდენტობიდან გაგდება.

მავანი შემედავება — კი არ გააგდეს, თვითონ გადადგაო. ვუპასუხებ! გადადგა, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა — ყველამ უღალატა, ჯარმა, უშიშროების საბჭომ და ა.შ.

დღესაც მახსოვს შევარდნაძის „ერთგული“ თანამშრომლების ლევან ალექსიძის, თედო ჯაფარიძის, სხვების საჯარო გამოსვლები, უკვე მათთვის ყოფილი შეფის მოწოდებებით — გადადექით!!!

არც შევარდნაძეს და არც „მომწოდებლებს“ ხალხი, ქვეყანა არ გახსენებიათ. როგორც შეფს, ისე მათ სძულდათ ქვეყანაც და ხალხიც, საწინააღმდეგოს, ანუ სიყვარულის შემთხვევაში, ისინი ადრე ურჩევდნენ „დიდ პოლიტიკოსს“ იმათზე ეზრუნა (ხალხზე), ვისი სახელითაც მოქმედებდნენ.

ზემონახსენებმა გვარებმა საკუთარი თავის გადარჩენა ჩაიფიქრეს, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ახალ ხელისუფლებაში, რასაც მიაღწიეს კიდევაც — ხანმოკლე პერიოდით.

ძალაუფლების უზურპაციის აშკარა დამადასტურებელი იყო სააკაშვილის ხელისუფლება. არც ერთ მის წინამორბედს ძალაუფლებისადმი ისეთი უზომო ლტოლვა არ ჰქონია, როგორც მას. ხოლო სააკაშვილის მხრიდან ხალხის მიმართ გადმოფრქვეულ სიძულვილს ხომ ვერვინ აღწერს?!

საკუთარი ხალხის სიძულვილმა გამოიწვია 2008 წლის ცხინვალის ომი, დაპირისპირება აფხაზეთთან, რუსეთთან, საკუთარ ხალხთან. საქართველოს საშინაო ცხოვრებაში აშშ-ს ღრმად შემოჭრაში, სააკაშვილის ძალაუფლებამ საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეპოქის დაწყება გვაუწყა, რომელსაც მომავალი თაობა ჯეროვნად შეაფასებს და შესაბამის სახელსაც დაარქმევს — დასავლეთის უღელქვეშ ქვეყნის და ხალხის ძალადობრივი მოქცევა.

სააკაშვილის მმართველობამ წინამორბედის ბედი გაიზიარა, ძალადობრივი გზით. არჩევნებითო — მეტყვის მკითხველი. ვუპასუხებ, არჩევნების, რომელიც სახალხო ძალის გამოყენების შედეგი უფრო იყო, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების სურვილის. რომ არა სახალხო ძალა, სააკაშვილი დღესაც პრემიერ-მინისტრად გვეყოლებოდა.

„ძალაუფლება“ და „სიძულვილი“ — ამ სიტყვების სრულ ჰარმონიზაციას შევესწარით სახალხო ჯანყის შედეგად ხელისუფლებაში მოსული „ოცნების“ მხრიდან და როგორც ჩანს, შევესწრებით. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თუკი ფორსმაჟორულ ვითარებას არ ექნება ადგილი ა.წ. სექტემბრიდან დაწყებული, არჩევნებამდე.

 რა მაქვს მხედველობაში — იკითხავთ. დასავლეთის გაღიზიანებული დამოკიდებულება „ოცნების“ მიმართ. „ოცნებელთა“ კრიტიკა, კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულებაზე „ოცნების“ მიმართ. დასავლეთი უკმაყოფილოა „ოცნებით“, ისე, როგორც „ოცნება“ დასავლეთით.

„ოცნება“ აცხადებდა, რომ დასავლეთი მისგან მოითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, ვითომდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის. ცხადია, დასავლეთს არც არასდროს ანაღვლებდა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თემა. ასე რომ, მისი წინადადება — ძალისმიერი გზით ამ საკითხის მოგვარება ემსახურებოდა არა ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ცხელი წერტილის შექმნას, რაც თავისთავად გამოიწვევდა რუსეთის სამხედრო რეაგირებას. შედეგი?

მომაკვდინებელი საქართველოსთვის! 2-3 თანამედროვე რუსული რაკეტის საქართველოში ჩამოვარდნა დაასამარებდა არა მარტო „ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანასაც. „ოცნება“ მიხვდა, საით კრავდა ხელს დასავლეთი მას. ის, იძულებული იყო გაეხსენებინა 2008 წლის ომი, რომელიც აშშ-ს ინიციატივით განხორციელდა, ვიდრე სააკაშვილის „პატრიოტული“ მოქმედებით. სააკაშვილი, ის თოჯინა გამოდგა ამერიკელი დამკვეთის ხელში, რომელმაც ომი კი დაიწყო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ვეღარ გააგრძელა დიდხანს, ისე, როგორც აშშ-ს სურდა.

მიზეზი ვერ გაგრძელებისა იყო მარტივი, ხალხის ინდიფერენტული დამოკიდებულება ომისადმი და შიში რუსთა ჯარის მხრიდან ნამდვილი ომის გაჩაღებისა. „ოცნებამ“ უარი განუცხადა ამერიკელ „კეთილისმსურველებს“ აღნიშნულის გამო და იმის გამოც, რომ საქართველოს ე.წ. არმია, ნატოს მიერ ნაწრთობი, ნატოს იარაღით აღჭურვილი ისევე ჩაისვრიდა, როგორც 2008 წელს.

„ოცნებამ“ ვერც მეორე ბრძანება შეუსრულა „სტრატეგიულ პარტნიორს“ — რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. საქართველოს ეკონომიკა, რომელიც 73%-ით რუსეთის ეკონომიკაზეა ჩამოკიდებული, ასეთ შეკვეთას ვერ შეასრულებდა. რომ არა რუსული ბაზარი, პროდუქცია, რომელიც საქართველოში იწარმოება, ვერ მოიტანს ქვეყნის ეკონომიკისთვის ისეთ შემოსავალს, რაც ბიუჯეტის თუნდაც ნახევარს შეავსებს.

დამოუკიდებელი საქართველო ძალიან შორს არის საქართველოს სსრ-კიდან, მისი ეკნომიკისგან; მისი საექსპორტოდ გაგზავნილი, როგორც სამრეწველო საქონლისგან ისე, სასოფლო სამეურნეო პროდუქციისგან.

საქართველოში დამზადებული ელმავლები, ჩარხები, უნაკერო მილები — რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში დამზადებული, ქიმიური მრეწველობის პროდუქცია, მარგანეცი, მარმარილო, სამხედრო თვითმფრინავები და სხვა მრავალი არა მარტო საბჭოთა რესპუბლიკებში იგზავნებოდა, არამედ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში.

დღევანდელი, ვითომ დამოუკიდებელი საქართველოს საექსპორტო პროდუქცია ერთი ხელის ხუთი თითიც აღიწერება. ასე რომ, „ოცნება“ ვერაფრით დაეთანხმებოდა ამერიკელთა ბრძანებას.

მესამე, რამაც მთლად გადარია აშშ-ი და კოლექტიური დასავლეთი, „აგენტების“ კანონის მიღება იყო, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა აშშ-ს მზაკვრულ გეგმებს საქართველოში. აშშ-ს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ფართო ქსელი აქვთ გაბმული საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. უფრო სწორად აქ არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ს მიერ არის შექმნილი, მათი დაფინანსებით, მათი იდეოლოგიით, მათ მიერ განხორციელებული ტრენინგებით, როგორც აშშ-ი, ისე ევროპის ქვეყნებში.

საქართველოში 25 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთაგან აქტიურად, რამდენიმე ათეული მოქმედებს — მსუყედ დაფინანსებული. არასამთავრობო ორგანიზაციები, ჭურვების მსგავსად მოქმედებენ.  ვიდრე ფეხს არ დაადგამ, არ აფეთქდება, მაგრამ შესაბამისი სიგნალის მიღების შემდეგ, იფეთქებს. შესაბამის სიგნალს სათავო ოფისი გასცემს — აშშ-ი არსებული.

არასამთავრობოების პოლიტიკური მნიშვნელობა ვაშინგტონისთვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან კონტროლი ადგილობრივი ხელისუფლებისა ვითომ უწყინარი არასამთავრობო ორგანიზაციებით ხორციელდება, ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება სრულ ლოიალურობას გამოხატავს აშშ-ს მიმართ, მაგრამ თუკი ასეთს არ აქვს ადგილი, არასამთავრობოები ადგილობრივი ხელისუფლების საწინააღმდეგო ბუნტის აგორების წყაროა, რასაც უდავოდ ექნება ადგილი საპარლამენტო არჩევნების დროს.

ხელისუფლებამ არ იცის რა თანხით ფინანსდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ან მიღებული თანხა რას ხმარდება, არის თუ არა დაფინანსება მიმართული ხელისუფლების წინააღმდეგ და ა.შ. „აგენტების“ კანონმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ი, არანაკლები აქ არსებულ არასამთავროებში, რომელთაც, როგორც „ოცნება“ ამტკიცებს, წესრიგში არ აქვთ მოყვანილი საბუღალტრო საქმიანობა.

დამფინანსებლები უკმაყოფილნი არიან, ვინაიდან ზუსტი აღრიცხვიანობა შეუძლებელს გახდის ე.წ. ატკატების არსებობას, ანუ ვთქვათ, გამოყოფილი ათასებიდან, ადრესატამდე მხოლოდ ასების მოღწევას, მაგრამ ოფიციალურად იმის განცხადებას, რომ ათასები მიიღო. სულ არაფერს, ასები სჯობს.

დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს არც ის მოეწონა, „ოცნებამ“ რომ უარი თქვა ლგბტ-ს იდეოლოგიის გაზიარებაზე, ისე, როგორც ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, …

12 წელია „ოცნება“ იმყოფება ქვეყნის სათავეში — საკმაოდ დიდი დრო დასავლური სულისკვეთების გასაგებად. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ეს არ გააკეთა მიზეზთა გამო — უპირველესად გულუბრყვილობით, დასავლეთის არცოდნით, ძალაუფლების ტკბობით და იმის შიშით, არ დაეკარგა ძალაუფლება.

„ოცნება“ მზად იყო ყველა სხვა დავალების შესასრულებლად და დღესაც მზად არის, გარდა იმისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. „ოცნება“ ფიქრობდა, რომ ეშმაკია და მოატყუებდა ევროკავშირელ ბანდიტებს დაპირებებით — მთავარია ევროკავშირში შესვლა და მერე ჩვენზეა, შევასრულებთ თუ არაო. არ გამოვიდა! და ნაცვლად იმისა, რომ „ოცნებამ“ სხვაგვარად იფიქროს, სხვა პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას, ის თავისას აგრძელებს, ეფიცება რა ევროკავშირ-ნატოს  — მე თქვენი ვარო.

დავუშვათ, ევროკავშირმა და ნატომ თვალი დახუჭეს თბილისის კრიტიკაზე და დაგვეთანხმნენ ამ ორგანიზაციებში შესვლაზე, როდის ექნება ადგილი „სანუკვარი“ ოცნების ახდგენას? და რა უნდა გააკეთოს თბილისმა მასპინძელთა გულის მოსალბობად?

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სიტყვები „ძალაუფლება“ და „სიძულვილი“, რამეთუ დღევანდელი ვითარება, პლიუს არასახარბიელო საერთაშორისო მდგომარეობა გვაიძულებს ამ ორი სიტყვის გახსენებას.

თანამდებობა, ძალაუფლება მოუწოდებს ხელისუფლებას გვერდი აუაროს რეალობას, რაც თავისთავად მიგვანიშნებს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოთხოვნების ფეხებზე დაკიდებაზე. არის თუ არა ეს საკუთარის ხალხისადმი სიძულვილის გამომხატველი?

ცხადია, არის, ვინაიდან ხელისუფალთა პირად ინტერესებს რომ ევროკავშირ-ნატოში შესვლა ეწინააღმდეგებოდეს, ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ.

აღნიშნულ ორგანიზაციებში შესვლა მათ ინტერესებშია, ვინაიდან სისტემატურად ივლიან ევროკავშირში, ზოგი იქაურ სტრუქტურებში დასაქმდება, მიიღებს მაღალ ხელფასს და რაც მთავარია საკუთარ თავს ელიტარული „კლუბების“ სრულუფლებიან წევრად ჩათვლის.

რას მიიღებს ქვეყანა?

ქვეყანა მიიღებს ისეთ კანონებს, როგორიც იქაურია. ქვეყანა ვალდებული იქნება უყოყმანოდ შეასრულოს ბრიუსელის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც ისეთი, რაც შეეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. საქართველომ უარი უნდა თქვას რუსეთთან, ჩინეთთან, ევროკავშირ-ნატოსთვის მიუღებელ ქვეყნებთან ყოველგვარ ურთიერთობაზე, მათ შორის ეკონომიკურზე. საქართველო უნდა ჩადგეს ევროკავშირის ქვეყნების რიგებში და უკანასკნელი სიტყვებით ლაბძღოს ის ქვეყნები, უპირველესად რუსეთი, ნატო-ევროკავშირს რომ გულზე არ ეხატებათ. საქართველომ უნდა აღიაროს ლგბტ-ს იდეოლოგია, შესაბამისი შედეგებით.

საბოლოო ჯამში, საქართველო გადაიქცევა ევროკავშირის რიგითი, დამონებული, სუვერენიტეტდაკარგული წევრი. საქართველოს საზღვრები, ტერიტორიები საქართველოსი კი არა, ევროკავშირ-ნატოსი იქნება. მაგალითისთვის, ფინეთიც კმარა — ნატოს ახალი წევრი. მაგრამ ევროკავშირ-ნატოში შესვლამდე ყოველივე აღნიშნული საქართველომ უნდა შეასრულოს, უნდა შეეგუოს ტერიტორიების დაკარგვას, თავში აზრადაც არ უნდა გაივლოს დაკარგული ავტონომიების ძალისმიერად უკან შემობრუნების სურვილი.

მრავალი სხვა პრობლემაც ჩნდება, მათ შორის თვით ევროკავშირის არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული, ისეთი პრობლემები, რომლებსაც ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში ვერ გადაწყვეტს და ვერ გადაწყვეტს იმიტომ, რომ აშშ-ს არ აქვს და არც ექნება ამის სურვილი.

აშშ-ს სურვილი იყო კონკურენტი ევროკავშირის ეკონომიკის გამოფიტვა, ევროკავშირის მოწინავე წევრის, გერმანიის ეკონომიკის ისეთ დონეზე დაყვანა, რომ ამ ქვეყნის ბიზნესს, გაზის სიძვირის გამო, უარი ეთქვა მრეწველობის ისეთ დარგებზე, როგორებიცაა ავტომობილების გერმანიაში წარმოება, ქიმიური მრეწველობა და სხვა.

აღნიშნულმა დარგებმა თავის გადასარჩენად, აშშ-ს და ჩინეთს მიაკითხეს.

ქართული პოლიტელიტა, განსაკუთრებით ოპოზიციური, ხალხს ატყუებს, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ მაღალი ხელფასები და პენსიები ექნებათ, ისე, როგორც სხვა სოციალური სიკეთეები. ასეთი, ევროკავშირში 15-20 წლის წინათ იყო. ასეთი არ არის დღეს და არც უახლოეს პერსპექტივაში იქნება.

რა მნიშვნელობა აქვს მაღალ ხელფასს ან პენსიას, თუ კომუნალური გადასახადები გაძვირებულია?

სტატისტიკის მიხედვით, გერმანელის თვიური შემოსავლის 40%  ელექტროენერგიის მოხმარებას მიაქვს, უფრო მეტი კვების პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს და ა.შ.

ძალაუფლება ხელისუფალთა არ კარნახობს მათ აუხსნან ხალხს იქ არსებული ვითარება. რით არის ეს გამოწვეული? ეგოიზმით და საკუთარი ხალხის სიძულვილით. დასავლეთს აყოლილი ხელისუფლება არათუ საკუთარ მოსახლეობას არ უხსნის იქაურ ვითარებას, არც მას აძლევს იმის საშუალებას თვითგანათლებას მიხედოს. თვითგანათლება, თვითინფორმაციას ნიშნავს, ანუ ინფორმაციის მიღებას, ალტერნატიულის და არა ისეთის, როგორსაც ის იღებს ტელეეკრანებიდან.

ხელისუფლებას, რომელსაც ეშინია კოლექტიური დასავლეთის, საკუთარ ხალხს უშლის რუსული ტელეარხების ყურებას, ისე, როგორც აშშ-ი და ევროკავშირში. ისინიც უკრძალავენ თავიანთ მოსახლეობას რუსული ინფორმაციის მიღებას. შედეგი?

ანტირუსულად განწყობილი მოსახლეობა, აგრესიულად, მზად იმისთვის, რომ საკუთარი მოიკლოს და უკრაინას მისცეს — რუსეთის აგრესიის „მსხვერპლს“. არადა, ხალხმა არ იცის, რომ ფაშისტური, ბანდერული უკრაინისთვის გაღებული თანხები, ფაშიზმის აღორძინებისთვის გაღებული თანხებია.

ხალხმა არ იცის, რომ მის მიერ უკრაინელი ხალხისთვის გაღებული თანხები, უკრაინის არალეგიტიმური პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ჯიბეებში ილექება; რომ უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე, აშშ-ს ფეშენებელურ მარკეტში მილიონი დოლარის  სამკაულებს ყიდულობს; 4 მილიონ დოლარად ავტომანქანა “მაზერატის“, 200 მილიონ დოლარად ეგვიპტეში არსებულ სასტუმროს, კაზინოთი, უძვირფასეს იახტებს — 80 მილიონ დოლარად.

ხალხმა არ იცის, რომ ალიონა ზელენსკა, როგორც ის თავის გვარს აბრევიატურას უკეთებს, ლონდოში, ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობს …

ეს, იმ ხალხმა ევროპელებმა და ამერიკელებმაც არ იციან, მაგრამ ქართველებმა იციან?!

არ იციან და რომ არ იციან, ძალაუფლების მატარებელი ხელისუფლების და მედიის ბრალია.

ქართული პოლიტიკა, ექსპერტობა, ჟურნალისტიკა რომ აშშ-ს დაკრულზე ცეკვავს, გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირია კისრის მოტეხვამდე ცეკვა-ტლინკაობა, თავდავიწყება, რასაც სერიოზული ტრავმები ახლავს — პოლიტიკური.

ხალხის გამოთაყვანების მაგალითია უკრაინაში ქართველი მეომრების ბრძოლა, მათი გაგებით რუსი „ოკუპანტების“ წინააღმდეგ. იდეოლოგიას, ესოდენ გამრუდებულს, მთავარი ემატება — ფული, ბრძოლისთვის. აი, ეს ფული და გამრუდებული იდეოლოგია თვალს უბრმავებს „პატრიოტ“ ქართველ მეომრებს, რომლებიც უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ იბრძვიან.

ნუთუ ვერ ხედავენ უკრაინულ ტანკებზე ფაშისტურ ჯვრებს, უკრაინელ „ბოევიკებზე“— სვასტიკებს?

ხედავენ, მაგრამ ფული უხალისებთ სულსა და გულს, ფაშიზმზე გაყიდულს. ეს, იქ, უკრაინის ფრონტზე! აქ, ფრონტიდან გვარიანად დაშორებულ საქართველოში რა გვაქვს?

უკრაინული დროშების ფრიალი ქუჩებში, საცხოვრებელი სახლების აივნებზე, ვერბალური პატრიოტული ფრიალი საინფორმაციო საშუალებებში. მაგალითად, საზოგადოებრივი რადიომაუწყებლის შაბათ-კვირის გადაცემა „ჩაი ორისთვის“, სადაც წამყვანი შავლეგ გეგეჭკორი მსმენელს თავს ახვევს მისეულ ფილოსოფიას — პატრიოტ, უმანკო უკრაინაზე და მის პატივსაცემად პროგრამის დაწყებისთანავე, უკრაინულ სიმღერას გვტენის შესაბამისი სიტყვიერი „საუნდტრეკით“.  არადა, ეს 2-საათიანი პროგრამა მუსიკალურია და არა პოლიტიკური, მაგრამ შავი შავლეგო თავს უფლებას აძლევს ლანძღოს რუსეთი.

არანაკლები, თუ მეტი არა გვესმის „რადიო თავისუფლებიდან“ — რადიო „პალიტრის“ სიხშირეზე. „რადიო თავისუფლება“ რომ ანტირუსული იქნება, გასაკვირი არ არის — აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებაზე მყოფი, მაგრამ ჟურნალისტ გელაშვილის მიერ შერჩეული გამომსვლელები ვინ არიან?

აქაურები, მაგრამ აშშ-ს ნასუფრალზე გამოზრდილები. ერთ-ერთ მათგანის ე.წ. ანალიტიკოსის ნაბოდვარს მოვუსმინე და გავვოცდი მისი ტყუილების კასკადით.

„ანალიტიკოსი“ ბატიაშვილი მსმენელს დაბეჯითებით ატყუებდა, რომ უკრაინა რუსეთს ომს უგებს, რომ რუსეთს აღარ აქვს სამხედრო ტექნიკა, აღარც ტანკები ჰყავს და ძველ, საბჭოეთის დროინდელ „Т-54“ იყენებს. „ანალიტიკოსმა“ ისიც ბრძანა, რომ ამერიკულ-დასავლურ სამხედრო ტექნიკასთან შედარებით, რუსული არარაობააო.

ბატიაშვილი არც ისეთი ბატია, რომ ამდენი სისულელე, სიცრუე თქვას — უფულოდ, ფულს იღებს ტყუილში, რაც ისეთივე დანაშაულია, როგორც ღალატი, ვინაიდან ამ ტყუილებით გაბერილი ხალხი რუსეთის წინააღმდეგ განეწყობა. არის თუ არა ბატიაშვილების ყალბი რიტორიკა ეროვნული შუღლის გამომწვევი?

არის! ვინ უნდა ალაგმოს შუღლის გამომწვევი პროპაგანდა?

ძალაუფლებამ, ხელისუფლების ძალაუფლებამ, მაგრამ თუ ის ამას არ აკეთებს, ისიც ისეთივეა, როგორც ბატიაშვილები და სხვა მისთანები.

გამოდის, რომ არც ხელისუფლებას, ძალაუფლებას არ ეხატება გულზე ხალხი, რომელმაც მას მისცა ძალაუფლება. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელისუფლებაში შეღწეულ ძალაუფლებასთან, რომლის სიძულვილი სახეზეა.

ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება აქვს, მაგრამ დაპირებებებს არ უსრულებს იმათ, ვინც ძალაუფლება მისცა, რბილად რომ ვთქვათ, მატყუარაა.

და ბოლოს გასაოცარი რამ, რაც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკოსებს, ძალაუფლების მატარებლებს დაებედად. განვლილი წლების მანძილზე საქართველოს ყველა ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის სურვილით და მხარდაჭერით, სიყვარულით გახდა ძალაუფლების მატარებელი. ვერც ერთმა, ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ, ვერც სააკაშვილმა და როგორც ჩანს ვერც ივანიშვილმა ვერ შეინარჩუნა ნდობა ხალხისა, რაც აშკარა მანიშნებელია ძალაუფლებასა და სიძულვილს შორის გაჩენილ უფსკრულში, რომლის ამოვსება ძნელია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

25/07/2024