„სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო“
„არაფერი გვეშველება, ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ არ მოვიშლით საოცარ, არაფრისმაქნის ყოყლოჩინობას, რომ თურმე ნუ იტყვით და ყველაფერი რაც დღემდე გაჩენილა დედამიწაზე საქართველოში დაიწყო; რომ მსოფლიოში ყველა გამორჩეულ ადამიანს მამა ქართველი ჰყავდა; რომ თვითმფრინავი, მატარებელი, რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი საქართველოში გამოიგონეს; რომ საქართველოში უფრო მეტი დოცენტი, დოქტორი და პროფესორია, ვიდრე ბელგიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, …“ — ეს ნოდარ დუმბაძეა, ყველასთვის ცნობილი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რომელსაც პირადად ვიცნობდი — მუდამ მოხიბლული მისი იუმორით.
ზემომოყვანილი დუმბაძისეული აღქმა ქართული ბუნებისა, დღესაც თვალშისაცემი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მაშინ, ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ამით არაფერი იცვლება. დუმბაძეს რომ მოესმინა თანამედროვე უკრაინელთა განცხადებები უკრაინის უნიკალურობაზე, გაოგნებული დარჩებოდა.
დღევანდელმა უკრაინელებმა, მამლაყინწობაში უკან ჩამოიტოვეს მსოფლიოს ერები, მათ შორის სომხები და ქართველები, დაეუფლნენ რა ტყუილი ისტორიების მატარებელთა ტახტს.
უკრაინელთა ყოყლოჩინობას ალღო ამერიკელმა აუღო და ნაცვლად დაგრილებისა, პირიქით, უზომო რაოდენობის „ვიაგრა“ აყლაპა, სქესობრივი აღტყინების გასამძაფრებლად, მისთვის პოლიტიკური ელფერის, განსაკუთრებით ანტირუსულის შესაძენად.
ისედაც ანტირუსულად განწყობილ უკრაინელსაც რა უნდოდა, თუ არა რუსის, რუსეთის ლანძღვისა და დაიწყო დაბალი განვითარების ადამიანის, რუსის სახელით ცნობილის, ხოჭოებთან, ტარაკნებთან, ერთუჯრედიან არსებებთან შედარება, უკრაინელის, როგორც სამყაროს შემქმნელის წარმოჩინება — ქრისტე უკრაინელი, ჩინგიზ ყაენი უკრაინელი, ფუძე ფრანგის, გერმანელის, სხვების უკრაინელი, …
მსგავსი ისტორიის ამსახველი მაკულატურით დაიფარა უკრაინა — საშუალო სკოლის ასაკიდან დაწყებული.
დუმბაძის დროინდელი ქართველი, უკრაინულ სიმაღლეებს ვერ მიწვდებოდა, ფანტაზია არ ეყოფოდა.
როგორც აღვნიშნე, ფანტაზია უკრაინელს ამერიკელმა გაუღვივა, მიზანმიმართულად, რუსის საწინააღმდეგოდ, ერთაშორის შუღლის, მტრობის ჩამოსაგდებად და მიზანსაც მიაღწია.
რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ა ისე გადაჰკიდა ერთმანეთს უკრაინელი და რუსი, ვეჭვობ მათ შორის ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, ოდესმე. ჩემი პესიმიზმი ყურით მოთრეული არ არის, სინამდვილეა, თანაც ისეთი, დაზავების შემთხვევაშიც კი, რომ სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
აქვს რუსეთს, კერძოდ ხელისუფლებას, პრეზიდენტს წამალი რუს და უკრაინელ ხალხს შორის, საშუალო დონის მაინც, ურთიერთობის ჩამოყალიბების?
ვეჭვობ, ჰქონდეს! და რომც ჰქონდეს, მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება. ახალი თაობის რუსოფილად აღზრდა, რუსოფობ გარემოში?!
რუსოფილად გარდაქმნისთვის, რუსოფობიური გარემოს ისეთი განაცარტუტებაა საჭირო, როგორც რუსეთის სამხრეთში გაჩენილმა ტყის ხანძარმა გაანაცრა ათასობით ჰექტარი.
დავუშვათ, დაზავდნენ, მოსკოვის გეგმის მიხედვით, განეიტრალდნენ, მაგრამ რა ვუყოთ აშშ-ს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს — ანტირუსულად მოწამლულებს, რომელთათვის კარგი რუსი, მკვდარი რუსია.
ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრენი, უკრაინის ხშირი სტუმარი, აცხადებს, რომ აშშ-ს არასდროს განუხორციელებია ისეთი წარმატებული ინვესტიცია, როგორიც უკრაინაში, ვინაიდან მას (ინვესტიციას) რუსი სამხედროების სიკვდილი მოაქვს.
ცხადია, ყველა ამერიკელი, რესპუბლიკელი ასეთი არ არის, მაგრამ პოლიტელიტაა ასეთი. რა იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძნელი სავარაუდოა, ვინაიდან ქვეყანაა არასტაბილური, არამდგრადი, აგრესიული, აგრესიული პოლიტიკის წყალობით — ქვეყანა, რომელსაც საქართველო ეთაყვანება, მთლიანად ქვეყანა და არა მარტო პოლიტიკოსები.
დიახ! ჩვენ გვიყვარს ამერიკა, ევროპა და გავიძახით 2030 წელს ევროკავშირში შევალთო. ისინი კი გვეუბნებიან — არ შემოგიშვებთ, ვინაიდან ჩვენს დავალებებს არ ასრულებთო, სიტყვას ბანზე გვიგდებთო და ა.შ. მოციქულიც გამოგვიგზავნეს — აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის სახით, რომელმაც გადმოგვცა აშშ-ს მუქარა — თუ თქვენს მიერ მიღებულ კანონებს არ დაახვევთ უკან გასაკეთებლად, სააკაშვილის ცოცხის ტარებისა არ იყოს, აშშ-ი შემოსავლელ ვიზებსაც გაგიმკაცრებთ, დაფინანსებასაც შეგიჩერებთ და შავ დღეში ჩაგაგდებთო.
მუქარამ დააფიქრა „ოცნების“ ხელისუფლება და პერმანენტულ რეჟიმში ააყვირა — ჩვენ არასდროს გვიგინებია აშშ-ს ადმინისტრაცია, არასდროს გვითქვამს, რომ ის გვაწვებოდა მეორე ფრონტის გახსნისთვისო და ა.შ. დაფრთხნენ „ოცნებელები“.
ამერიკელთა პრეტენზიებს და მუქარას უმალ მხარი ევროპის ქეყნებმაც აუბეს და ამ დროს სროლა რესპუბლიკელი ტრამპის წინასაარჩევნო საჯარო შეხვედრის დროს. სიკვდილისთვის გამეტებული ტრამპი სასწაულად გადარჩა, ყურის დაზიანებით, დაიჭრა ორი მომიტინგე, ერთი მოკვდა.
აზუზუნდა ამერიკა — ეს, როგორ გამოეპარათ საიდუმლო სამსახურს და დაცვის მუშაკებსო, სად იყო პოლიციაო, რატომ დაუშვეს თოფიანი ყმაწვილის ტრამპის უკან, სახლის სახურავზე ყოფნა და რატომ არ მოახდინეს რეაგირება დაცვის მუშაკებმა, როდესაც შეხვედრის მონაწილეებმა მათი ყურადღება თოფიანი ყმაწვილისკენ მიაპყრესო?
მართლაც, დამაფიქრებელი რამ არის, თუმცა არა გასაკვირი. დაგეგმილი ლიკვიდაცია ტრამპისა არ შედგა. რომ შემდგარიყო, რა იქნებოდა? — ორად გაყოფილი ამერიკის ერთმანეთთან დატაკება? სამოქალაქო ომი?
ერთმა ტყვიამ, ამ შემთხვევაში 5-თმა შეცვალა მსოფლიო. ამ ხუთიდან, ერთს ტრამპი რომ მოეკლა, ამერიკული ცხოვრება გაგრძელდებოდა ისე, როგორც გასროლამდე, მაგრამ ტრამპი გადარჩა!
გადარჩება თუ არა ტყვიის სროლამდელი ამერიკა ტრამპის შესაბამის რეაქციას გაპრეზიდენტების შემდეგ, მომავალი, თანაც არცთუ შორეული გვიჩვენებს.
ცუდად განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა ტრამპის პოპულარობა ერთი-ორად გაზარდა და მისი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატ ბაიდენზე გამარჯვება რეალური გახადა.
რა საშინელება უნდა ჩაიდინოს ტრამპმა, რომ ამომრჩეველთა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვოს?
გამოკითხვისდა მიხედვით, ის უსწრბს ბაიდენს იმ შტატებშიც, სადაც წინა არჩევნებში ბაიდენი ლიდერობდა.
ტრამპის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა მის მიერ ვიცე-პრეზიდენტად შერჩეული სენატორის ვენსის მხარის დაჭერის შემდეგ, რესპუბლიკელთა ყრილობის დელეგატთა მიერ. 39 წლის სენატორი, ამჯერად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სამი შვილის მამა, მეუღლისგან, რომლის სისხლში ინდიელთა სისხლიც ჩქეფს, ღარიბი ოჯახიდან, სწორედ ისაა, ვინც ამერიკელ კონსერვატორთა, უბრალო მშრომელთა სიმპათიას იწვევს.
ვენსი, ისე, როგორც ტრამპი, ტრადიციული ოჯახის, ტრადიციულად ცხოვრების წესის მომხრეა, კატეგორიული წინააღმდეგი ლგბტ ფილოსოფიის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და სხვა უკუღმართობის. როგორც ამბობენ, ვენსი უფრო მეტი ტრამპია, ვიდრე ტრამპი.
რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტი აქტიური ფიგურა იქნება და არა პრეზიდენტის ჩრდილი. 4 წლის შემდეგ კი ვინ იცის, იქნებ პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი.
აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრადიციადაა ქცეული ვიცე-პრეზიდენტის გაპრეზიდენტება, ზოგ შემთხვევაში პრეზიდენტის გარდაცვალების ან მკვლელობის შემდეგ.
პრეზიდენტის მკვლელობაც ხომ ტრადიციადაა ქცეული აშშ-ი?!
პრეზიდენტი რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ტრუმენი გახდა პრეზიდენტი და აშშ-ს პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ.
პოლიტიკურ ცხოვრებაში ვარაუდებით ლაპარაკი არაფრის მომტანია, მაგრამ ფრანკლინ რუზველტს რომ რამდენიმე წელი ეცოცხლა, დასავლეთსა და სსრკ-ს შორის დაძაბულობა არ იქნებოდა, არც ატომურ ბომბებს დააყრიდნენ იაპონიას და არც 1949 წელს, ვითომ საბჭოეთის შიშით, ნატოს არ შექმნიდნენ და თუ შექმნიდნენ, სტალინის თხოვნასაც დააკმაყოფილებდნენ — ამ ორგანიზაციაში გასაწევრებლად.
ტრუმენის გაპრეზიდენტების შემდეგ დაიწყო „ცივი ომი“, რომელიც ვითომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ გაუქმდა, თუმცა 2000 წლიდან ისევ აღდგა, გაცილებით მკაცრ ფორმებში.
აშშ-ა სერიოზული რყევა განიცადა პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტ ჯონსონის გაპრეზიდენტების დროს. მარტო ომი ვიეტნამში რად ღირს?!
პრეზიდენტობის მარათონში ჩაბმული რობერტ კენედის მკვლელობა უდავო მანიშნებელია იმისა, რომ აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებას, პოლიტიკოსთა ქათმებივით ხოცვა ლეიტმოტივად გასდევს — მარტინ ლუთერ კინგის მოკვლა, პრეზიდენტ რეიგანის მოკვლის მცდელობა ამის დამადასტურებელია.
გასაკვირი ისაა, რომ პრეზიდენტ რეიგანის დაჭრიდან, ტრამპის დაჭრამდე ამერიკელებს დიდი პაუზა გამოუვიდათ! პოლიტიკური ტერორიზმის ფუძემდებლებს არ ეკადრებათ ასეთი, თუმცა ნოემბრის არჩევნებამდე საკმაო დრო აქვთ ტრადიციების აღსადგენად, ისევ ტრამპის წინააღმდეგ, რომელიც რახანია იმუქრება ვაშინგტონის ჭაობის დაშრობას.
შინ — აი, ასეთი „ჰუმანური“ ტრადიციების მატარებელი ამერიკა, გარეთ — გუგული, მშვიდობის მტრედი იქნება?!
კითხვაც უადგილოა, რამეთუ ამერიკელთა მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს უცხოელ პოლიტიკოსებზე და სახელმწიფოებზე ხომ თვლა არ აქვს და ყველა ისინი, დემოკრატიის, თავისუფლების სახელით.
ვის, ვის და ჩვენ მაინც უნდა გვახსოვდეს ამერიკელთა წაქეზებით, სააკაშვილის მიერ, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღება. არ გვახსოვს! მეხსიერება გვღალატობს! რამ გამოიწვია ჩვენი მეხსიერების დაქვეითება? ფულმა ხომ არა, ამერიკელმა რომ გადაუხადა არასამთავრობოებს, ასევე მის მიერ შექმნილებს?
გასაოცარი ხალხი ვართ, რაც არ მოგვწონს, მიუხედავად ჭეშმარიტებისა, მიუღებელია ჩვენთვის. თვითკრიტიკა გვაკლია, თორემ ევროკავშირის მიერ დანიშნული სპეცკომისიის დასკვნას ცხინვალის ომთან დაკავშირებით გავიზიარებდით, გამოვიტანდით შესაბამის დასკვნებს ომის გამჩაღებელ სააკაშვილის და ომის წამქეზებელ აშშ-ს მიმართ.
პატივცემულებო, დასკვნა ხომ იმ ორგანიზაციამ გააკეთა, საითკენაც თავქუდმოგლეჯილი გავრბივართ?
თუ არ მოგვწონს გამოძიების შედეგები წავუყენოთ პრეტენზია ევროკავშირს, თუმცა გვიანაა, თანაც საწინააღმდეგო, მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების. ნაცებმა ხომ ხელის მოწერით დაადასტურეს, რომ ეთანხმებიან გამოძიების დოკუმენტს?!
გაეროს რაღა ვუყოთ, რომელმაც უფრო მძიმე დასკვნა გამოაქვეყნა, ვიდრე ევროკავშირის, სადაც საქართველო დაადანაშაულა აკრძალული „კასეტური“ ბომბების გამოყენებაში… იქნებ, მასაც წავუყენოთ ჩვენი პრეტენზია?!
ივანიშვილს აკრიტიკებენ ნაცები და სხვებიც, როგორ გაბედა და თქვა — ომი სააკაშვილმა დაიწყოო. ივანიშვილმა თქვა სიმართლე, ისეთი, რაც სხვამ ვერ გაბედა.
არის ასეთი გაზეთი „ასავალ-დასავალი“, პოპულარული მკითხველში. აი, სწორედ ამ გაზეთის კორესპონდენტმა მთხოვა ინტერვიუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ნაცთა მიერ გაბრიყვებულმა საზოგადოების ცნობადმა სახეებმა, პარლამენტის წინ მოწყობილ სცენაზე გუნგრუკი უკმიეს ნაცებს.
ეს, ის დრო იყო, როდესაც დამარცხებული მხედართმთავარი ბღაოდა — ჩვენ დავამარცხეთ რუსეთიო.
ინტერვიუს დაწყებამდე ჟურნალისტმა მთხოვა — სააკაშვილს და ხელისუფლებას ომის დაწყებისთვის ნუ გააკრიტიკებო.
სამწუხაროდ, ქართული მედიის ამგვარი პოზიცია დღესაც გრძელდება. სატელევიზიო ინტერვიუების დაწყებამდე ზოგიერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი მთხოვს ხელისუფლება და ივანიშვილი არ გავაკრიტიკო.
ჟურნალისტიკა ისეთი დარგია, სახელმწიფოს მიერ დაშვებული შეცდომები რომ გამოამზეუროს, არ დამალოს და ყოველგვარი ღვარძლის გარეშე საზოგადოებას აუხსნას შეცდომის მიზეზები.
ჟურნალისტმა, მითუმეტეს პოლიტოლოგმა, ექსპერტმა საზოგადოებას უნდა გააცნოს ისეთი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკა, როგორებიცაა აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რუსეთი, ჩვენი კავკასიელი მეზობლები, …
სამწუხაროდ, ამ მხრივ სრული კატასტროფა გვაქვს, რაც ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორის“ მიზანმიმართული მეცადინეობის ნაყოფია. მის მიერ მოსყიდული მედია, ექსპერტობა გულმოდგინედ ლანძღავს რუსეთს, ქოქოლას აყრის მის ეკონომიკას, პოლიტიკას, … შედეგი?
გაუნათლებელი საზოგადოება, ცრუ ინფორმაციით გამოკვებილი, აგრესიული რუსთა მიმართ …
საქართველოს საზოგადოება, ტყუილებით გამძღარი, შეშინებული გაიძახის — რა გვეშველება „ოცნების“ ცუდი პოლიტიკის წყალობით, აშშ-ი აღარ დაგვეხმარებაო. ხელიდან გვეცლება მყარი საყრდენი და რუსეთთან მარტო ვრჩებით, პირისპირო.
საზოგადოება, რომელიც ასე მსჯელობს, ნიშნავს მარტივ რეალობას — უცოდინრობას, ინფორმაციის არქონას. „ბარაქალა“ აშშ-ს, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ისე დააჩლუნგა ქართველი ხალხი, რომ კარგის და ცუდის გარჩევა დაავიწყა, საკუთარი ისტორია დაავიწყა, …
ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ა და მის მიერ შექმნილმა არასამთავრობოებმა მოახერხეს ხალხის ტვინის ისე გამორეცხვა, რომ ქვეყანას, რომლის წყალობით ტერიტორიები დავკარგეთ, მეგობრად, მხსნელად ვთვლით; ქვეყანას, რომელიც გვიბრძანებს, რომ ლგბტ-ობა მივიღოთ და მასთან ერთად ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სტრატეგიულ პარტნიორად ვაღიარებთ; ქვეყანას, რომელიც ხელს გვკრავს რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად, ლამის ნათესავად ვთვლით, ხოლო მართლმადიდებელ, მართლაც ნათესაურ კავშირებში მყოფ რუსეთს საფრთხედ.
ისტორიას გადახედეთ, მეგობრებო. თუ ასეთი საფრთხე იყო რუსეთი, როგორ გადავრჩით. მასთან ურთიერთობა საუკუნეებს მოიცავს, დიდის და პატარის ისეთ დამოკიდებულებას, რომელმაც არა მარტო ფიზიკურად გადაგვარჩინა, არამედ დემოგრაფიულად გაგვადიდა — ნახევარი მილიონიდან, 5,5 მილიონამდე; გვასწავლა, ქალაქები აგვიშენა, ქარხნები, ფაბრიკები მოგვცა, დიდ კულტურას გვაზიარა.
რუსთაველის პროსპექტსა და პლეხანოვზე რომ ჩაივლით და შენობების ფასადებით, განსაკუთრებით ოპერისა და ბალეტის თეატრის ექსტერიერით დატკბებით, უნდა გახსოვდეთ, რომ რუსეთის იმპერიაში, შემდეგ საბჭოთა ეპოქაში ყოფნამ გარგუნათ ეს სიამოვნება.
საქართველოს მართლაც ჰქონდა საყოყოჩო, როგორც ნოდარ დუმბაძე აღნიშნავს, ვინაიდან ყველა დარგის სპეციალისტი ჰყავდა, მაღალკვალიფიცირებული.
დღეს, აღარ ვყოყოჩობთ, დეგრადირებულები, ჭკუაგამოცლილები, ლუკმა-პურის საშოვნად მთელს მსოფლიოს მოდებულები. ხელგამოწვდილ მათხოვრობას, რასაც საქართველო აკეთებს, ისევ ყოყოჩობა მირჩევნია, თუმცა არა ისეთი, როგორიც გვქონდა.
შეშინებული ქართველობა, პროპაგანდის მსხვერპლი, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე ვიხილე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესთან ერთად, 2008 წლის ომის დროს — ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შინ დაბრუნებისას. საკონტროლო პუნქტის თანამშრომლებმა, გაოცებულებმა გვკითხეს — ყველა იქით გარბის, თქვენ აქეთ რატომ მოდიხართო.
ვიმეორებ, პროპაგანდით გამოთაყვანებული ქართველი გაურბოდა რუსს, რომელთანაც საუკუნეების განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა. შეიცვალა რამე?
არც არაფერი და თუ შეიცვალა — უარესობისკენ. შეიცვლება რამე?
უდავოდ, შეიცვლება, შეგვაცვლევინებენ ჩვენი ე.წ. დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც აღარ სურთ ჯიუტი „ოცნების“ გამარჯვება 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
„ოცნება“ ომახიანად გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში ასეთად მომეჩვენა ყრილობის მსგავსი ღონისძიების ჩატარების დროს. ამ შეკრებას ივანიშვილებმა საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყების ღონისძიება დაარქვეს.
სიტყვით გამოსულმა პრემიერმა კობახიძემ ბრძანა, რომ ამომრჩევლის 60% „ოცნებას“ უჭერს მხარს. პირადად მე მეეჭვება, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ 100%-ითაც რომ უჭერდეს, ვინც უნდა გაალეგიტიმუროს არჩევნების შედეგები, ანტიოცნებელი უცხოელები არიან, ეუთოს, ევროკავშირის, აშშ-ს სახით.
ისინი იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდაო და … და მერე რა?
მერე ის, რომ არასამთავრობოთა მოწოდებაზე — საკუთარი ხმების მხარდასაჭერად ხალხი გამოვა. ზოგს ფულით გამოიყვანენ, ზოგს დაპირებით, … და იქნება მოთხოვნა „ოცნების“ ხელისუფლების დამხობის, ვინაიდან პროვოკაციას ექნება ადგილი, დემონსტრანტ ოპოზიციონერთაგან ზოგიერთთა ლიკვიდაციას, აი ისეთს, როგორსაც ადგილი ჰქონდა უკრაინაში 2014 წლის მაიდნის რევოლუციის დროს.
ავტორი რევოლუციისა აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია იქნება. იმედი „ოცნებელთა“, რომ აშშ-ს ნოემბრის არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს და ეშველება, ანუ „ოცნება“ გადარჩება, საეჭვო რამ არის, ვინაიდან ტრამპი გაიმარჯვებს თუ არა არვინ იცის. გარდა ამისა, ჩვენი არჩევნები უსწრებს აშშ-ს არჩევნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი ვერ მოიცლის საქართველოსთვის. ის, 2025 წლის 25 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას.
ქართული ანდაზისა არ იყოს — „სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
19/07/2024