24.11.2024

გადაჭარბებული ფორიაქი

პატივცემულო მკითხველო, წინა სტატიაში, რომელიც ფეხბურთს მივუძღვენი, თქვენთვის, ისე, როგორც ზოგიერთისთვის შესაძლოა მიუღებელი გამოდგა, მაგრამ რა გაეწყობა, ასეთია ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ყველა გადაჭარბებული სახელმწიფო თუ საზოგადო გამოხდომის მიმართ, სწორედაც რომ გამოხდომის, ვინაიდან სხვას ვერაფერს დავარქმევ ფეხბურთით გამოწვეულ ფორიაქს.

საქართველოს ნაკრებმა, ამ ტურნირის დებიუტანტის კვალობაზე დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა, რაც მისასალმებელია და მეც მივესალმები, მაგრამ აჟიოტაჟი, შექმნილი ჩვენი გუნდის თამაშების მიმართ, განსაკუთრებით გულშემატკივრების, ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთხელ მკარნახობს უმწიფრობაზე, სავალალო სენზე, რომელიც ჩვენ შეგვეყარა დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს.

მოგახსენებთ, რა არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, გაიზიარებთ თუ არა.

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ეკონომიკურად უაღრესად სუსტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გერმანიაში გამართული კონფერენციის შემდეგ, იქ რჩება და ელოდება ტურნირის დაწყებას, ესწრება თამაშებს ნაკრების მონაწილეობით და ყოველივე აღნიშნულს ისე ფუთავს, როგორც აუცილებელს, სახელმწიფოებრივ საქმეს. მაგალითად, „ამბასადორიალის“ გამართვა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ორგანიზება.

„ამბასადორიალი“ უცხოური სიტყვაა და „ამბასადორიდან“, ანუ ელჩიდან მოდის. „ამბასადორიალის“ გაგონებისას მავანი რაღაც დიდსა და მნიშვნელოვანზე იფიქრებს და არა ელჩებთან თათბირზე. ელჩებთან თათბირის გამართვის ინიციატორი მე გახლდით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი.

მაშინ, კომუნიკაცია სამინისტროსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საელჩოებს შორის ფაქსის და ტელეფონის გარდა შეუძლებელი იყო. მაშინ ახალშემოსული იყო მობილური ტელეფონიები — საკმაოდ ძვირი გრძელი ლაპარაკისთვის.

ჩემი წინადადება იყო ასეთი, აგვისტოში, როდესაც ყველა ქვეყანაში პოლიტიკა არდადეგებზე მიდის, ელჩის მასპინძელ ქვეყანაში მუშაობა ინტენსიურობით აღარ გამოირჩევა. გარდა ამისა, ელჩიც გადის შვებულებაში და სამშობლოში ჩამოდის.

სწორედ არდადეგებების დროს, აგვისტოში ეწყობა ელჩებთან თათბირი. ეს არის და ეს, რა შუაშია სიტყვა „ამბასადორიალი“? მეტიჩრობაა და მეტი არაფერი.

ელჩებთან აგვისტოს თათბირის გამართვა განაპირობა ჩემმა პირადმა გამოცდილებამ, რომელიც შევიძინე საბჭოთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის შედეგად 1966-1974 წლებში.

საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრო 1944 წელს შეიქმნა — დიდი პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს, ყველა საბჭოთა რესპუბლიკას თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხები ცენტრისთვის ჰქონდა მინდობილი. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, განსაკუთრებით იალტის კონფერენციის დროს განხილულიქნა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს შექმნის საკითხი.

საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა მოითხოვა ყველა საბჭოთა რესპუბლიკის ახალ ორგანიზაციაში გაწევრება და ვიდრე ეს საკითხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად იქცეოდა, და მოლაპარაკების ხანგრძლივობასაც ითვალისწინებდა, ყველა საბჭოთა რესპუბლიკას დაევალა საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნა, შესაბამისი კადრებით დაკომპლექტება.

გადაწყდა, თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტების მოსკოვის დიპლომატიურ სკოლაში მივლინება — დამთავრების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაწილება. სტალინის წინადადება არ გაიზიარა რუზველტმა — აშშ-ს პრეზიდენტმა, რომელმაც საპირისპიროდ აშშ-ს 50 შტატის შეყვანა მოითხოვა გაეროში, რაზეც სტალინი არ დათანხმდა.

საქართველოში შექმნილი საგარეო საქმეთა სამინისტრო დარჩა, თუმცა საშტატო ერთეული, 160 დიპლომატიდან, 7-დე დავიდა. ტერიტორიულად სამინისტრო სოლოლაკში, ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში იყო განთავსებული, მას ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიტროფანე კუჭავა. მოგვიანებით, როდესაც ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეობიდან გაანთავისუფლეს, ავტომატურად საგარეო საქმეთა მინისტრობაც დაკარგა.

საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრი არჩილ გიგოშვილი, რომელიც გაათავისუფლეს მინისტრობიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურული ურთიერთობების საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარედ დანიშნეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას საგარეო საქმეთა მინისტრობა შეუთავსეს.

იმჟამად საქართველოს მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოება განთავსებული იყო ისტორიულ შენობაში — ათონელის ქუჩაზე. ამჟამად, ამ შენობაში საქართველოს პრეზიდენტი და მისი აპარატია.

გამინისტრებულმა გიგოშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკრძალებული აპარატი იმ შენობაში გადაიყვანა, სადაც მის დაქვემდებარეობაში არსებული საზოგადოება იყო.

ეს, ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ წარმოდგენა შეგექმნათ საკუთარი ქვეყნის საგარეო უწყების დაარსება-განვითარებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო საკავშირო-რესპუბლიკური დაქვემდებარების. მაშინ ყველა თუ არა, მნიშვნელოვანი სამინისტროები ორმაგი დაქვემდებარების იყო. თქვენთვის გასაგებ ენაზე გეტყვით — საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი, მაგრამ არა მოსკოვის სმოლენსკის მოედანზე მდებარე, სადაც არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაშინ სსრკ-ს, დღეს რუსეთის ფედერაციის, არამედ საქართველოში.

საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო საკითხებს, ისე, როგორც სხვას, რესპუბლიკასთან დაკავშირებულს, წყვეტდა რესპუბლიკა და მისი სამინისტრო. რაც შეეხება დიპლომატიურ რანგებს — პრეროგატივა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროსი იყო. მოსკოვი ანიჭებდა ასეთს საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ მუშაკებს, საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინების შემდეგ.

პირადად მე, საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში (1966-1974) სამჯერ ვიყავი რანგირებული და ამ რანგების ჩემთვის მინიჭების ბრძანებას ხელს, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილების შემდეგ, ხელს მინისტრი, ანდრია გრომიკო აწერდა.

საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყოველკვირეულად, დიპლომატიური ფოსტით ეგზავნებოდა მთავარი უცხოური ჟურნალ-გაზეთები: „მონდი“, „ჰერალდ ტრიბიუნი“, „ტაიმი“, „ლაიფი“, „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ჯუმხურიეთი“, … გარდა ამისა,  საინფორმაციო ბროშურები „ატლასი“, „კომპასი“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ თანამშრომლებს შეეძლოთ ესწავლათ მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში. გარდა ამისა, ჩვენც, დიპლომატებს იწვევდნენ მოსკოვში საზღვარგარეთის მაღალი რანგის დელეგაციებთან სამუშაოდ, ძირითადად პროტოკოლური საქმიანობის შესასრულებლად. გარდა ამისა, გვიწვევდნენ სსრკ-ს ელჩების თათბირზე, რომელიც მაშინ იმართებოდა მოსკოვში, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ელჩების შვებულების დროს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაერთხელ მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი თათბირებს, რომლებიც მოსკოვში ტარდებოდა. თათბირებს, ამ სახელით და არა „ამბასადორიალის“ — თათბირებს სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დარბაზში და არა რომელიმე სასტუმროს დარბაზში, რასაც ჩვენთან აქვს ადგილი.

თათბირი საქმიანი უნდა იყოს, დიპლომატიიდან გამომდინარე, საიდუმლოც, ამდენად საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში უნდა ტარდებოდეს და არა აქ არსებულ მაღალი კლასის სასტუმროებში, მითუმეტეს ამ შემთხვევაში გერმანიის, რასაც ადგილი ჰქონდა პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის დროს, სადაც ის იმყოფებოდა საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკრაინასთან დაკავშირებით.

კონფერენციის დამთავრების შემდეგ, ის დარჩა გერმანიაში და დაელოდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას. დაესწრო ყველა მატჩს საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, ანუ ხანგრძლივი პერიოდით პრემიერ-მინისტრი გერმანიაში იყო საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ხალხს რომ ისე არ გაეგო, როგორც მე, გადაწყვიტა „სამთავრობო არდადეგებისთვის“ სახელმწიფოებრიობის სახე მიეცა — „ამბასადორიალის“ გამართვით.

ამ შემთხვევაში ვეთანხმები ოპოზიციას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე. მხოლოდ ისეთი ჩამოუყალიბებელი ქვეყნის, როგორიც საქართველოა, პრემიერი მისცემს თავს უფლებას ამალასთან ერთად, მრავალი დღის განმავლობაში იყოს გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროში და თავის გამართლების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს ელჩები ჩაიყვანოს გერმანიაში სათათბიროდ.

საინტერესოა, რამდენი ათასი ევრო დაიხარჯა კობახიძის სიამოვნებისთვის?

ამ საკითხს ოპოზიცია არც პარლამენტის სხდომაზე დააყენებს და არც მედიაში იმსჯელებს, მარტივი მიზეზის გამო — ხელისუფლებაში მისვლის შემთხვევაში, ისიც, ისე მოიქცევა, როგორც კობახიძე.

მაგრამ არა მარტო „ამბასადორიალით“ გამოიჩინა თავი პრემიერმა, არამედ საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავი წვეულებით — ერთი თვის შემდეგ. არადა, 26 მაისს ყველა საელჩო აღნიშნავს ამ დღეს, დარწმუნებული ვარ გერმანიაში საქართველოს საელჩომაც აღნიშნა — როგორც ხედავთ, 2-ჯერ.

წვეულება, ძვირი ღონისძიებაა! მოდით პატივცმულო მკითხველო ნუღარ დასვამთ კითხვას — გვეშველება რამე?

პრემიერის ნაბიჯმა დამარწმუნა, რომ არაფერი გვეშველება! და რატომ?

ვიდრე პრემიერი და ქალაქის მერი ფეხბურთისკენ გაუტევდნენ, წყალსადენი მილის დაზიანებამ წყლის მიწოდება შეუწყვიტა დედაქალაქის ნახევარს. მერმა უმალ გააკეთა განცხადება, რომ დამნაშავე სააკაშვილია, ვინაიდან მან მოიწვია რუსული კომპანია ქალაქის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად.

უნებლიედ იკითხავთ — რა შუაშია სააკაშვილი, რომელიც მრავალი წელია აღარ არის პრეზიდენტი, ან რა შუაშია რუსული კომპანია?

წყლის ცენტრალური, მაგისტრალური მილი ქალაქგარეთ დაზიანდა იმ არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ, ვინც სამშენებლო ნაგავს აყრიდა მილს, რომელმაც მძიმე წონას ვერ გაუძლო და გასკდა.

10 დღის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებოდა თბილისის ნახევარს, გარდა დილის 2 საათისა. უწყლოდ დარჩნენ საავადმყოფოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, სუპერმარკეტები, მოსახლეობა.

აი, ასეთ კრიტიკულ მომენტში, პრემიერი გერმანიაშია — ფეხბურთის მატჩებზე დასასწრებად, ჩვენ კი იქ გვეგონა, სადაც დაზიანებული მილსადენის აღდგენა მიმდინარეობდა.

 „ოცნებამ“ და მისმა ხელისუფლებამ, რომ იტყვიან ფეხებზე დაიკიდეს პრობლემა და „ჯორჯენ უოტერ ენდ პაუერს“ მიანდეს გადასაჭრელად  — აქაოდა, ის არის პასუხისმგებელიო.

„ოცნებამ“ მიგვაჩვია გადამისამართებას — ეს, ჩემი საქმე არ არის, კერძო კომპანიისაა და მან მოხედოსო. მაშ, ხელისუფლება რაღაა?

ოპოზიციასთან ლაქლაქი? ხელისუფლება უნდა არეგულირებდეს ყველაფერს, რაც მოსახლეობის ყოფაცხოვრებას უკავშირდება. ხელისუფლება უნდა იყოს შუაში ბიზნესსა და ხალხს შორის. ხელისუფლება უნდა არეგულირებდეს ფასებს, ინფლაციას და სხვა მრავალს, რომელთა ჩამოთვლას ერთი სტატია არ ეყოფა.

„ოცნების“ ხელისუფლებამ არ იცის მისი ფუნქციები, სამწუხაროდ არც მისმა დამაარსებელმა ივანიშვილმა, რომ იცოდეს, რაღაცას იღონებდა. ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მაგრამ საქართველოს ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობას, ისე, როგორც ხალხის სოციალურ პირობებს არაფერი დატყობია. არ შესრულებულა არც ერთი დაპირება.

საქართველოს ჭამს გაუმაძღარი ბიზნესი, ზომაგადასული თავხედობა ხელისუფლებისა. მთავრობა, ყოველგვარი მორიდების, დაფიქრების გარეშე ახორციელებს იმას, რასაც ფიქრობს და რასაც საზოგადოების კეთილდღეობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

რა კავშირი აქვს ხალხის კეთილდღეობასთან ახალი სტადიონის აშენებას, როდესაც 2 არსებული გაქვს? ნუთუ ისეთ ფუფუნებაში ვცხოვრობთ, რომ ქალაქგარეთ ახალი სტადიონი ვაშენოთ?

ისეთ ფუფუნებაში ვცხოვრობთ, რომ პრემიერმა, პრეზიდენტმა, თბილისის მერმა ევროპის ჩემპიონატებზე იარონ?!

თუ ვინმე შემედავება — საგულშემატკივროდ წავიდნენო, თავისი ფულითო, ვეტყვი თავისი კი არა, სახელმწიფოს. აქ, მარტო საბიუჯეტო ფულის ხარჯვასთან არ გვაქვს საქმე, აქ სამსახურებრივი დროის ხარჯვა ფიქსირდება.

ზემომოყვანილი თანამდებობების პირები 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდნენ, აი, ისეთში, მაღაზიებს რომ აწერიათ — 7 დღე, 24 საათი.

როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ, უნდა გაითვალისწინო, რომ დრო გართობაზე შეზღუდული გექნება. გაუძლებ ამ მოთხოვნას? ხალხი დაგიფასებს, თუ ვერ გაუძლებ — სხვა პროფესია უნდა აირჩიო. სეროჟას ანეკდოტისა არ იყოს, შეკითხვას რომ უპასუხა, ასეთს —მეფე რომ იყო, საღამოს, თავისუფალ დროს რას გააკეთებო, რას და „ტუფლებს დავაპაჩინკებო“.

ცნობისთვის, იმასაც გეტყვით, 1981 წლის ევროპის ჩემპიონობის ფინალურ მატჩს თბილისის „დინამოსა“ და გდრ-ს „კარლ ცეისს“ შორის საქართველოდან მივლენილ გულშემატკივართა შორის არც ერთი მინისტრი, რაიკომის მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე ან უმაღლესი თანამდებობის პირი არ ყოფილა. რა, მაშინ არ გულშემატკივრობდნენ?

ყოველ კვირას „დინამო“ სტადიონზე სსრკ ჩემპიონატის მატჩები იმართებოდა, რომელსაც 75000 მაყურებელთან ერთად ქვეყნის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, როგორც მანუჩარ მაჩაიძემ თქვა — საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მსოფლიო მცირე ჩემპიონატი იყოო.

ვეთანხმები.

რაც შეეხება გულშემატკივრობას, სხვაგვარი, უფრო თავშეკავებული იყო და არა ისეთი, როგორიც დღეს. მაშინ, ქართველებს ემოციები არ გვქონდა?

გვქონდა, მაგრამ თავშეკავებაც ვიცოდით. ერთმა უცხოელმა, რომელიც ფეხბურთზე დავპატიჟე, გაოცებულმა მითხრა — თქვენ ფეხბურთს ისე უყურებთ, როგორც ბალეტსო, აღიქვამთ თამაშის ნიუანსებს სიღრმისეულად და არა ისე, ზედაპირულად, როგორც ჩვენო, ასეთ ატმოსფეროში მატჩის ყურება სიამოვნებააო.

გაევროპელებასთან ერთად, აკადემიურობაც დავივიწყეთ და ისე ვჩხავით, თითქოს ტესტიკულები მოგვყვა კარებში. ჩხავიან გოგონებიც, რითაც აღარაფრით ჩამოვრჩებით ევროპელებს. ჩხავიან კომენტატორებიც, ლამის ტანსაცმლიდან ამოხტნენ, მიუხედავად სოლიდური ასაკისა.

მსგავს „გულშემატკივრობას“ ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს, დასავლელთისადმი მიბაძულობას. რით ვართ მათზე ნაკლები?!

ემოციებთან ერთად იფრქვევა პოლიტიკაც, ისტორიაც — აი, ასეთი, ერთი ქართველი ოთხ თურქს უმკლავდებოდა, საბჭოთა კავშირის დროს თავის გამოჩენის შანსი, როგორც ნაკრებს არ გვქონდა, ტოტალიტარული საბჭოეთი და სხვა.

გაოცება გამოიწვია საქართველოს გულშემატკივრების ბღავილმა „პუტინ ხუილო“. ვერ გავიგე რა შუაში იყო პუტინი, ჩემპიონატთან, რომელშიც რუსეთის ნაკრები არ მონაწილეობდა. როგორც ჩანს, გულშემატკივრებს დირიჟორიც ჰყავდათ, პოლიტიკური ლოზუნგების წამქეზებელი. ეს გამოხდომა რუსეთს უყურადღებოდ რომ არ დაუტოვებია?!

ივანიშვილმა ფეხბურთელები 30 მილიონი ლარით დააჯილდოვა, რასაც არაცალსახა რეაქცია მოჰყვა. მედიაში უხვად იყო განცხადება იმისა, რომ გუნდის კაპიტანს, კაშიას მადლობა არ უნდა გადაეხადა ივანიშვილისთვის და ა.შ. საქართველო ორ ნაწილად გაიყო — დადებით და უარყოფით შემფასებლად, რამაც მაფიქრებინა, რომ ივანიშვილმა კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა.

მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ივანიშვილის საჩუქარი საკუთარი თავისთვის უფრო იყო მიძღვნილი, ვიდრე ნაკრებისთვის. ამ საჩუქრით მას სურდა ქველმოქმედის სახელის მოპოვება, ისე, როგორც ადრე.

არ გამოუვიდა! პირიქით, ლანძღვა და ქოქოლა მოჰყვა ივანიშვილის საჩუქარს.

ხალხი თვლის, რომ ივანიშვილი ამ ფულს ხალხის ჯიბიდან იღებს, იმ ოქროს საბადოდან და ბიტკოინების ლაბორატორიიდან, რომლის პატრონიც ის არის. ერთმა ისიც თქვა, რა გამოდის — ივანიშვილმა საქართველოს ნაკრებს ფული მისცა, როგორც საკუთარ გუნდსო?!

მთელი ქვეყანა მისია და ფეხბურთის გუნდი რაღაა?

წინასაარჩევნო განწყობა ივანიშვილისა და „ოცნების“ მიმართ რომ ნეგატიურია, თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელებთან შეხვედრის დროსაც გამოჩნდა. თბილისელები სტვენით შეხვდნენ კობახიძის გამოსვლას, ხოლო ოპოზიციონერი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტაშით დააჯილდოეს და ავტოგრაფიც სთხოვეს. და ისიც, ვითარცა ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, არიგებდა ავტოგრაფებს…

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

09/07/2024