24.11.2024

საფეხბურთო ციებ-ცხელება

ფეხბურთის ციებ-ცხელება გრძელდება. დღეს იგეგმება თბილისში დაბრუნებული საქართველოს ფეხბურთის ნაკრებ გუნდთან გრანდიოზული შეხვედრა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ჩამოტარებით და ღამით, თავისუფლების მოედანზე საზეიმო შეხვედრით.

გამარჯვებული ფეხბურთელების ავტობუსით ქუჩებში ჩამოტარება საქართველოს მცხოვრებთ ტელევიზიით თუ უნახავთ — მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულის პატივსაცემად. მაგრამ საქართველოს ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატი რომ არ მოუგია? — იკითხავს გონიერი მკითხველი.

მერე რა, რომ არ მოუგია, მივუგებ უამრავი ქართველის სიტყვებით, რახან ევროპის ჩემპიონატში ვმონაწილეობდით და ჯგუფიდანაც გავედით მერვედფინალში, უდიდესი წარმატებაა — ასე თვლის საქართველო და რახან ასე თვლის, ერთად ვიყვიროთ — საქართველო, საქართველო, საქართველო!

ყვირილის დროს არ დაგვავიწყდეს ქართული დროშის მხრებზე გადაფენა. მაინც რა მაგრები ვართ ქართველები — რვა უძლიერეს ევროპულ გუნდს შორის, რომ მოვხდით!

ხუმრობა იქით იყოს და, მართლაც დიდი წარმატებაა, მაგრამ გადასარევი არ არის! ევროპის ჩემპიონებიც რომ გავმხდარიყავით, არც ის იქნებოდა გადასარევი. ვერ გავხდით, მაგრამ 8 უძლიერესს შორის ხომ მოვხდით და რახან მოვხდით, ისე ვიზეიმოთ, როგორც ჩემპიონობა. და თუ ოდესმე ჩემპიონები გავხდით, ზეიმის გამოგონებაც აღარ დაგვჭირდება, გამეორებისთვის გამოცდილებამიღებულებს.

რაც მართალია, გუნდმა მონდომებით ითამაშა, ისე, როგორც არასდროს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ვერც ითამაშებდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის შემხედვარე. ამჟამინდელი თამაში ქართველ ფეხბურთელთა საზღვარგარეთის საკლუბო გუნდებში თამაშს უნდა მივაწეროთ. იქ შეძენილ გამოცდილებას, თორემ მშობლიური ჩემპიონატი დიდის არაფრის მომტანია.

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობამ უდავოდ გამოაღვიძა საღათას ძილში მყოფი ქართველი ფექბურთის გულშემატკივარი, უინტერესოდ შემყურე, უინტერესო საქართველოს ჩემპიონატისთვის.

დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიშალა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი, საბჭოთა კავშირის თასის გათამაშება. საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა — დამოუკიდებელი ეკონომიკით, კულტურით, სპორტით, სხვაზე დამოკიდებული პოლიტიკით. როდესაც სხვაზე დამოკიდებული პოლიტიკა გაქვს, ზემოჩამოთვლილი დარგებიც მეტნაკლებად ასეთი გექნება, თუმცა გაცილებით მეტი დამოუკიდებლობის ხარისხით, ვიდრე  პოლიტიკა.

საბჭოთა კავშირის დროს სპორტი საყოველთავო იყო, ვინაიდან ახალ საბჭოურ ცხოვრებას ჯანმრთელი ადამიანები სჭირდებოდა. ანალოგიური თუ არა, მიახლოებითი ვითარებაა შექმნილი საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთში. სპორტი იქ საყოველთაოა, წახალისებულია და სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებამიქცეული, რაც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პირადი დამსახურებაა. ის, მოჭიდავე იყო — ძიუდოისტი და დღესაც ინტენსიურად ვარჯიშობს. ჰოკეისაც თამაშობს.

პუტინის ძალისხმევით, რუსეთმა მოიპოვა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების მასპინძლობის უფლება, ისე, როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშების. სპორტის სხვა სახეობებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობას ვინ მოთვლის.

დიდი თუ პატარა ჩემპიონატების ჩატარებას სტადიონები, საცურაო აუზები, სასტუმროები, მაღალი დონის მომსახურება, ლოჯისტიკა სჭირდება. ამ მხრივ გიგანტური ნაბიჯებია გადადგმული რუსეთში. სტადიონების, სპორტული მოედნების, სასტუმროების მშენებლობის დაწყებასთან ერთად წინასწარ არის გათვლილი ღონისძიების დამთავრების შემდეგ მათი შემდგომი ექსპლუატაციის საკითხი.

მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ჩაატარა ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატები და ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად სპორტული არენებიც ააშენა, მაგრამ თამაშების დამთავრების შემდეგ, ვერ მოახერხა მათი ჯეროვნად დატვირთვა — და რატომ? მარტივი მიზეზის გამო — მშენებლობის დაწყებამდე გაუთვალისწინებლობა იმისა, თუ როგორ გამოიყენებდა სახელმწიფო აშენებულ სპორტულ არენას თამაშების დასრულების შემდეგ.

რუსეთმა ააშენა სამომავლოს გათვალისწინებით, რამაც პოზიტიური შედეგი მოიტანა. ქ.სოჭში აშენებული სპორტული არენები დატვირთულია, ანუ ფუნქციონირებენ და ისეთ გავერანებულ სახეს არ ტოვებენ, როგორც სხვა ქვეყნებში — ოლიმპიური თამაშებისთვის აშენებული სტადიონები, დღეს რომ ფაქტიურად მიტოვებულ-გამოუყენებელია.

დამოუკიდებელ საქართველოში სპორტი საყოველთავო არ არის და არც იქნება, ვინაიდან ფულს უკავშირდება. საყოველთაობა, შენაარსიდან გამომდინარე, ნიშნავს ყველა ოჯახის ჩართულობას, ცხადია ვისაც ბავშვი ჰყავს, მაგრამ ყველა ოჯახს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს ფული გადაუხადოს სპორტში მიბარებისთვის?

სამწუხაროდ, ქვეყნის სოციალური მდგომარეობა ისეთი წელგამართული არ არის, რომ ოჯახმა ბავშვის სპორტში მიბარებისთვის, ოჯახის მწირი ბიუჯეტიდან, რაღაც გაიღოს.

საბჭოთა კავშირის დროს სპორტში ბავშვის მიბარება უფასო იყო. ერთ-ერთ წინა სტატიაში გავიხსენე ჩემი სპორტთან კავშირი — საშუალო სკოლაში სწავლის დროს. მაშინ ყველა სკოლაში იყო სპორტული სექციები და ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო გაკვეთილების შემდეგ ევარჯიშა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

მე, ვერაზე არსებულ 53-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ფარიკაობის წრეში ვვარჯიშობდი. ამ სკოლისთვის სპორტის ეს სახეობა იყო განაწილებული. ფარიკაობა დიდად არაფრით მიზიდავდა, მიყვარდა ფეხბურთი და როდესაც ჩემმა კლასელმა, მალხაზ ადეიშვილმა მითხრა — ფარიკაობაზე დავდივარ და ვარჯიშის შემდეგ ფეხფურთს ვთამაშობთო, წამოდი ცოტა იფარიკავე და შემდეგ ფეხბურთი ვითამაშოთო. წავედი, ასე დაიწყო ჩემი, როგორც მოფარიკავის ჩამოყალიბება, მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებში, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულმა თავისი გაიტანა და ისევ მისკენ გავწიე  საფეხბურთო 35-ე სკოლაში, იქიდან თბილისის „ლოკომოტივში“, საქართველოს მეორე საფეხბურთო კლუბში, თბილისის „დინამოს“ შემდეგ.

ჩვენი კლუბის სავარჯიშო სტადიონიც, თბილისის „დინამოს“ სავარჯიშო სტადიონის გვერდით იყო, დიღომში, მაშინ სპორტსმენებს გარკვეულ შეღავათს უწევდნენ უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების დროს. ამ შეღავათით მეც ვისარგებლე.

ზემოთ, ჩემი კლასელი, მოფარიკავე მალხაზ ადეიშვილი ვახსენე. ის საქართველოს, სსრკ-ს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა — ახალგაზრდათა შორის.

საბჭოთა სკოლებში, გარდა სპორტული წრეებისა, იყო ხალხური და ევროპული ცეკვების შემსწავლელი წრეები, ისე, როგორც სიმღერის, ფორტეპიანოზე ან სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრის წრეებიც. და ყველაფერი უფასოდ.

საბაზრო ეკონომიკაში მყოფ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება სპორტი უფასო ჰქონდეს ბავშვებისთვის, ისე, როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თბილისში უხვად არის სავარჯიშო დარბაზები ე.წ. ფიტნეს კლუბები, ნაკლებად საცურაო აუზები, მაგრამ იქ შესვლა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც ძალიან დიდი თვიური შემოსავალი აქვს. დიდი შემოსავალი კი ერთეულების ხვედრია, რომლებიც არც კი იყურებიან ფიტნეს კლუბებისკენ — რესტორნებისკენ, სისტემატურად.

შედეგი ისაა, რასაც ვხედავთ — სამშობიაროდ გამზადებული ქალების მსგავსი მუცლების მქონე მამაკაცები. მე, მათ წელს ქვევით მხარბეჭიანებს ვუწოდებ. მუცლიანი მამაკაცების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და საშუალო ასაკის პროცენტული რაოდენობა, რომ გაცილებით დიდი იქნება, საბჭოეთში მცხოვრებ იმავე ასაკის ადამიანებთან შედარებით, ეჭვის შეტანაც გაგვიჭირდება.

და ასეთ დროს სპორტის სახეობაში წარმატების მიღწევა, მითუმეტეს ფეხბურთში გასაკვირ-გასახარია. ფეხბურთი, სპორტის ის სახეობაა, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს თავისი სიმარტივით, სანახაობრივი თვალსაზრისით.

ჭადრაკიც სპორტია, გონებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სპორტი, რომელიც ტვინის უჯრედების მობილიზაციას მოითხოვს, სხვაგვარ ნიჭს, რაც ყველას არ აქვს. ჭადრაკი გამორჩეულთა სპორტია, ამდენად მისი თაყვანისმცემელი ნაკლებია, ვიდრე ფეხბურთის, კალათბურთის, ამერიკული ფეხბურთის, ბეისბოლის, ჰოკეის, …

საბჭოთა საქართველო ცნობილი იყო ჭადრაკით, ფეხბურთით, სპოერტის სხვადასხვა სახეობით. საბჭოთა საქართველოს სპორტსმენებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდნენ ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში, როგორც გუნდურ თამაშებში, ისე ინდივიდუალურში, არაერთხელ დაუმშვენებიათ მკერდი ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლებით. მადალითად, ფეხბურთში თბილისის „დინამო“ იყო, როგორც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ისე ევროპის ჩემპიონი.

ევროპის ჩემპიონი, ის 1981 წელს გახდა, როდესაც ფინალში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი „კარლ ცეისი“ დაამარცხა — დასავლეთ გერმანიის ქ.დიუსელდორფში.

მე ამ მატჩს ვესწრებოდი და კარგად მახსოვს თამაშის მომენტები, თვით სტადიონზე არსებული ვითარება, ამდენად თავს ნებას მივცემ შევჩერდე ამ მატჩზე.

თბილისის „დინამომ“ წარმატებით იასპარეზა მოწინააღმდეგე ევროპულ კლუბებთან და ფინალში გავიდა, რამაც ძალიან გაახარა ქართველი გულშემატკივრები, მაგრამ ვერვინ იფიქრებდა, რომ ზოგიერთ მათგანს მიეცემოდა შესაძლებლობა გულშემატკივრობა გაეწია გუნდისთვის დიუსელდორფში.

საბჭოთა კავშირის დროს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილე არათუ საკლუბო გუნდების, არამედ საბჭოთა ნაკრების გულშემატკივრობა უცხოეთში წესად არ იყო მიღებული. ყველასდა მოულოდნელად მოსკოვმა გადაწყვიტა თბილისის „დინამოს“ საგულშემატკივროდ საქართველოდან ხალხის გაგზავნა. დავალება საქართველოს კპ ცენტრალურმა კომიტეტმა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სასწრაფოდ შეარჩია 60 გულშემატკივარი, ჟურნალისტი, მწერალი, მუსიკოსი, სპორტსმენი, საზოგადო მოღვაწე, პარტიული და სახელმწიფო მოხელე.

60 კაცი ორ ჯგუფად გაიყო. ერთის ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველო კპ ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების გამგის მოადგილე ზურაბ შოშიტაიშვილი, ხოლო მეორე ჯგუფის — თქვენი მონამორჩილი. მაშინ მე საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილე ვიყავი.

ჩვენ გავფრინდით მოსკოვში, სადაც გაგვიფორმეს ტურისტული საგზურები — ერთობ მოკრძალებული თანხით, დანარჩენი პროფკავშირმა დაფარა. ჯგუფის ხელმძღვანელებს საგზურში ფული არ გადაგვიხდია. დიუსელდორფში გასამგზავრებელი საორგანიზაციო საკითხები ერთ დღეში მოვასწარით და მეორე დღეს დასავლეთ გერმანიაში გავფრინდით.

ტურის მიხედვით, ავტობუსებით ვიმოგზაურეთ რეინის ხეობაში, დავათვალიერეთ დასავლეთ გერმანიის ქალაქები და დიუსელდორფში ჩავედით. განგვათავსეს სხვადასხვა პატარა სასტუმროებში, ერთობ მოკრძალებულში და არა ვარსკვლავებიანში.

ფეხბურთელები ქალაქგარეთ სასტუმროში ცხოვრობდნენ და მათთან კავშირი არ გვქონდა. არც კოტე მახარაძესთან გვქონდა კავშირი, შესანიშნავ მსახიობთან და ფეხბურთის კომენტატორთან, რომელსაც რუსულ ენაზე მიჰყავდა გადაცემა მთელი საბჭოთა კავშირისთვის.

აქვე აღვნიშნავ, რომ მოსკოვს ჩვენთვის არვინ გამოუყოლებია ზედამხედველად.

თამაშის დაწყებამდე, ერთი საათით ადრე, გავემგზავრეთ სტადიონზე. ავტობუსებით მიგვიყვანეს ტრიბუნასთან, სადაც ჩვენთვის იყო გამოყოფილი ადგილები. ჩვენს გვერდით სექტორში „კარლ ცეისის“ გულშემატკივრები მოიყვანეს. მათი რაოდენობა 300-სს აჭარბებდა.

დიუსელდორფის ფეხბურთის სტადიონი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. დასავლეთ გერმანელებს არავითარი ინტერესი არ გასჩენიათ ევროპის თასის ფინალური მატჩისთვის. მათთვის ორივე გუნდი უცნობი იყო. ჩვენ გვეგონა, რომ, აღმოსავლეთ გერმანელის, როგორც გერმანელის მიმართ, მაინც გამოიჩენდნენ დასავლეთ გერმანელები რაღაც ინტერესს, მაგრამ არა! აღმოსავლეთ გერმანიაც მათთვის „უცხო“ გამოდგა, უინტერესო.

მატჩს დაესწრნენ გერმანიაში, ევროპაში გადახვეწილი ქართველების მცირე რაოდენობა და ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები, სულ რაღაც 5 კაცი, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ. დანარჩენები არ გაგვკარებია. მატჩზე არაფერს ვიტყვი, ვინაიდან მაშინ ამაზე ბევრი დაიეწერა და ითქვა. რაც შეეხება გულშემატკივრობას, ვიგულშემატკივრეთ — „დინამო, დინამოს“ ძახილით ვამხნევებდით გუნდს. თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩვენი ხმა კარგად ისმოდა.

დამთავრდა მატჩი და იმ ავტობუსთან მივედით, რომელსაც თბილისის „დინამოს“ გამარჯვებული ფეხბურთელები უნდა წაეყვანა. იყო ხვევნა-კოცნა, სიხარულის ცრემლებიც და გამომშვიდობებაც. სასტუმროში დავბრუნდით და წინასწარ გამზადებულ საზეიმო სუფრას მივუსხედით სასტუმროს რესტორანში. სასტუმროს მეპატრონე გახარებული იყო, ვინაიდან რაც დასალევი ღვინო ჰქონდა, ყველა დაილია. თბილისის „დინამო“ მოსკოვს გაფრინდა, ჩვენ მეორე დღეს გავაგრძელეთ მოგზაურობა გერმანიის ქალაქებში.

  თბილისში დიდი ზეიმი იყო, ხალხი გამოვიდა ქუჩებში. მივიდნენ სტადიონზე. გულთბილი დახვედრა მოუწყვეს თბილისის აეროპორტში მოსკოვიდან ჩამოფრენილ „დინამოს“. ფეხბურთელები არ დაუჯილდოებიათ  იმ დროისთვის რესპუბლიკის უმაღლეს ჯილდოთი — საპატიო სიგელით, მაშინ საქართველოს ორდენები არ ჰქონდა. ფეხბურთელებს მისცეს შესაძლებლობა თავის ფასში შეეძინათ იმჟამად პრესტიჟული ავტომანქანა „ვოლგა“. იყო სხვა საჩუქრებიც.

თბილისის „დინამოს“ გამარჯვებას არ მოჰყოლია გაურკვეველი ფანატიზმი, წივილ-ჩხივილში გადასული, რასაც ამჟამად ჰქონდა ადგილი. გულშემატკივრობა დიუსელდორფის სტადიონზე არ გაშორებია ზომიერების ჩარჩოებს. სტადიონი ისე დავტოვეთ, ნაგვის ნამცეციც არსად იყო.

ამჯერად მოვახერხეთ ისე დაგვენაგვიანებინა, რომ ერთ ნორმალურ ქართველში აღშფოთება გამოიწვია, რაც ვიდეოზეც აღბეჭდა შესაბამისი კომენტარით — შეხედეთ! ამ სექტორში ჩვენი გულშემატკივრები ისხდნენ — ღორები! შემდეგ მან გვაჩვენა დანარჩენი სექტორები, სადაც თურქი გულშემატკივრები იყვნენ — სუფთა, ისეთი, როგორიც მატჩის დაწყებამდე. ხელისუფლების წარმომადგენელმა იმანომ უმალ გაუკეთა კომენტარი ინტერნეტში დადებულ ამ ვიდეოს — ნაცების წარმომადგენელი იყოო.

კეთილი, დავუშვათ ასეა, მაგრამ ის ნაცი ქართველი არ არის? გარდა ამისა, ქართველი შინ ისე არ იქცევა, როგორც გერმანიის სტადიონზე? ყოფითი კულტურა რომ ნულის დონეზე გვაქვს, უცხოა ჩვენთვის?

სულ ახლახანს ასეთ სურათს შევესწარი მაღაზიის წინ გამოტანილ ხილის ყუთებთან მისული, ერთობ თვითდაჯერებული ქართველის მხრიდან. მან ყოველგვარი მორიდების გარეშე ბალიც მიირთვა, ალუბალიც, მოცვიც და სხვა ხილიც — ვიდრე საყიდელს შეარჩევდა და კურკები იქვე დაყარა. ყიდვის შემდეგ, გზად, გარგარიც გაიყოლა ძვირადღირებული მანქანისკენ.

ახლახანს კახა ბენდუქიძის ნაწერს წავაწყდი. მართალი გითხრათ, მისგან არ მოველოდი ასეთ „სიბრძნეს“. აი, რას წერს ის: „ცუდია ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არვინ იქცევა დედამიწის ზურგზე“. ვეთანხმები.

ვერ გავიზიარებ ზოგიერთთა ნათქვამს, რომ სხვა ქვეყნების გულშემატკივრები ერთმანეთში ჩხუბობენ, ანგრევენ რაც გზაში შეხვდებათ, ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებსო და ა.შ. რაღა ცუდ მაგალითს ვიღებთ? კარგი გადავიღოთ, ის ხომ აჭარბებს?!

თბილისში დაბრუნებული საქართველოს ნაკრები ღირსების ორდენით დააჯილდოეს — ყველა ფეხბურთელი, მწვრთნელი, მასაჟისტი, … ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის. კეთილი, მაგრამ ხომ არ ვაჭარბებთ, ზედმეტი ხომ არ მოგვდის, ეს ზედმეტობა ხომ არ გამოიწვევს 22-23 წლის ფეხბურთელებში გადაჭარბებულ თავდაჯერებას? ევროპის ჩემპიონები რომ გახდნენ, მაშინ რით დავაჯილდოებთ, მაშინაც, როგორც ხაშლამას სუფრაზე, ისე ჩამოვატარებთ ქუჩებში?

ზედმეტობა იწვევს თავხედობას. მაგალითი ამისა გვაქვს — კალაძის სახით, რომლის თამაშით მოხიბლული იყო ივანიშვილის ვაჟიშვილი ბერა. სწორედ მისი რეკომენდაციით კალაძე ჯერ მინისტრად მოგვევლინა, შემდეგ თბილისის მერად. მას ისე აუვარდა თავში ივანიშვილის ოჯახის ფავორიტობა, რომ ცა ქუდად არ მიიჩნია და დედამიწა ქალამნად. და ერთხელაც კრიტიკით გაბრაზებულმა საჯაროდ განაცხადა — ფუნიკულიორიდან გამოქანდით და აი, აქ დამახტითო.

უნდა ვიმედოვნოთ, რომ დღევანდელი ფეხბურთელები, მინისტრის სავარძელში ჩაშვების შემდეგ (ასეთი პერსპექტივა მათ უკვე გაუჩნდათ), არ გაიზიარებენ უფროსი კოლეგის მაგალითს, მაგრამ რომ გაიზიარონ?!

ივანიშვილმა, ტურნირში მონაწილეობისთვის გუნდზე 30 მილიონი ლარი გამოჰყო. კეთილი, მაგრამ ამ გაძვალტყავებულ ქვეყანას განა ეს თანხა აწყენდა? რამდენ ბინას იყიდდა ეს თანხა იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც სასტუმრო „უშბაში“ ან სხვაგან ცხოვრობენ?

რჩევისთვის მივმართავ ლტოლვილებს — ფეხბურთის თამაში დაიწყეთ, ევროპის ჩემპიონატში გადით და ივანიშვილი, თუკი მანამდე იცოცხლებს, დაგაჯილდოებთ.

თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელებისთვის მოწყობილი ზეიმის დროს პრემიერ-მინისტრი კობახიძე შეჰპირდა მათ 2 წლის შემდეგ თანამედროვე სტადიონზე ითამაშებთო. საზოგადოებამ იცის, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ახალი სტადიონის აშენება — ქალაქგარეთ.

საზოგადოებას არვინ ჰკითხა, უნდა თუ არა მას თბილისში მესამე სტადიონის აშენება ან რით არ მოსწონს ხელისუფლებას „დინამოს“ სტადიონი, ფიფას სტანდარტეზე მორგებული? ჩაუტარონ ამ სტადიონს რემონტი, გაანთავისუფლონ მაღაზიებისგან, გაწმინდონ შემოგარენი და ის უამრავი ფული, რომელიც ახალი სტადიონის აშენებაში უნდა დახარჯონ, სხვა, უფრო მნიშვნელოვან, აუცილებელ საქმეს მოახმარონ. რას უპირებენ „დინამოს“ სტადიონს? დანგრევას ხომ არა?

აქაც ხომ არ იძალეს დეველოპერებმა და მათი ინიციატივით ხომ არ ხდება ახალი სტადიონის მშენებლობა?

დეველოპერებისგან ყველაფერია მოსალოდნელი — აშენებული ისტორიულ-მდგრადი შენობების ნგრევა, მაგალითად „ზაკვოს“, ფიზკულტურის ინსტიტუტის შენობები, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან უზარმაზარი, თითქმის დამთავრებული შენობის ნგრევა და სხვა. დანგრეულის ნაცლად, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

ბატონებო! თქვენს მიერ დანგრეული შენობები ხომ ხალხის ფულით იყო აშენებული? ახალ სტადიონს კობახიძე თავის ფულით ააშენებს? არა, ბატონებო, თქვენი, ანუ ხალხის ფულით! და თუ ასეა, ხალხს რატომ არ ეკითხებიან — უნდა თუ არა მას კიდევ ერთი სტადიონი, როდესაც არსებული ორი დაუტვირთავია?!

 ივანიშვილმა თავის ბაღჩაში საკონცერტო დარბაზი ააშენა — „ბლექ სი არენა“, რომელიც ფაქტიურად დაუტვირთავია, მაგრამ დარბაზს ხომ მოვლა სჭირდება? მოვლა კი ყოველთვიურად 40000 დოლარი ჯდება.

და ივანიშვილმაც „დიდსულოვნად“ დარბაზი მთავრობას აჩუქა. ახლა ის იხდის შენობის ფულს, არადა, შემოსავალი ამ დარბაზს არ აქვს, ვინაიდან კონცერტის მომწყობი არვინაა. გვაქვს დარბაზი, მაგრამ გამოუყენებელი.

ანალოგიურ დღეშია უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენებული სპორტის სასახლე, სადაც ორი წლის წინ ჩატარდა ჩემპიონატი და ეს იყო და ეს, მას შემდეგ დარბაზი მაყურებელს ელის. არადა, სპორტის სასახლის პატრონს თავში როგორ უნდა მოსვლოდა ახალი სპორტის სასახლის აშენება?

ძველი ვიღას ახსოვს, გარდა იმ ამათისა, ვინც ფეხით ან ავტომანქანით ჩაუვლის. მაღაზიადაა ქცეული ეს უნიკალური შენობა, წინ მაღაზიებით, „მაკდონალდით“, ჩახერგილი.

სავალალოა ყოველივე აღნიშნული, ვინაიდან ქარაფშუტულია, იმ აუცილებლობის სივრციდან ამოვარდნილი ყოველდღიური გაუსაძლისი ცხოვრება, ჩვენს წინაშე გადაულახავ ბარიერად რომ წარმოგვიდგება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

04/07/2024