19.07.2024

გვეშველება რამე?

მკითხველი მეტყვის — რა ჩააცივდი „პალიტრის“ მიერ გამოცემულ კედლის კალენდარს და სწორიც იქნება, ვინაიდან „წვრილმანებზე“ ყურადღების გამახვილება ნერვებს უშლის ყველა ჩვენგანს, მაგრამ ტოლერანტები ვართ, ანუ ამტანები და ვიტანთ. ვიტანთ წვრილმანსაც და მსხვილმანსაც და რომ ვიტანთ, ვეღარ ვათვითცნობიერებთ, რომ ნეგატიური წვრილმან-მსხვილმანის სიჭარბემ, წაყრუებამ, ტოლერანტობამ მოგვიტანა ის ცხოვრება (ზოგიერთთა გამოკლებით), არავის რომ არ აკმაყოფილებს.

კონკრეტულ მაგალითს, რომელსაც მოვიყვან, ჩვენს ცხოვრებასთან თითქოს შეხება არ აქვს, მაგრამ ნერვებს რომ გვიშლის?

და რახან გვიშლის, აქვს!

22 ივნისი, დიდი სამამულო ომის დაწყების დღეა — 1941 წლის 22 ივნისი. 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, რომლის შემადგენლობაში იყო საქართველო. ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საქართველოსაც. ასე რომ საბჭოეთზე თავდასხმა, საქართველოზე თავდასხმა იყო და რაც არ უნდა ამტკიცონ თანამედროვე ქართველებმა, რომ საბჭოთა კავშირი, ჩვენი სამშობლო არ იყო, არაფერი გამოუვათ!

მტრის შემოსევისგან სამშობლოს დასაცავად 750 ათასი საქართველოში მცხოვრები დაირაზმა და ფრონტის წინა ხაზზე საომრად გასწია. ნახევარი, ბრძოლის ველზე დარჩა, ზოგმა, აგრესორის დედაქალაქ ბერლინშიც ჩააღწია და გამარჯვების წითელი დროშა — ნამგალ-უროიანი რეიხსტაგის თავზეც აღმართა.

ტყუილია მტკიცება იმისა, რომ ქართველები ომში ძალით გარეკეს. და არა მარტო ტყუილია — შეურაცხმყოფელია ვეტერანთათვის, რომელთა მამაცობამ მოუტანა მათ ოჯახებს, ქვეყანას მშვიდობა.

22 ივნისი ღირსშესანიშნავი თარიღია და ჯეროვნად უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში, მითუმეტეს დღეს, როდესაც ნეოფაშიზმმა ფართოდ მოიკიდა ფეხი უკრაინაში, სხვა ევროპულ ქვეყნებში.

„პალიტრას“ არ ახსოვს 22 ივნისი. არც ერთი სიტყვა ამ ომთან დაკავშირებით — დიდ სამამულო ომთან, მაგრამ ახსოვს ჟურნალისტ ჯამლეთ ხუხაშვილის დაბადება, ისე, როგორც ორღობის პოეტების და ა.შ.

ხუხაშვილი, როგორც ჟურნალისტი, ერთადერთი და განუმეორებელია კალენდრის შემდგენთათვის?

„პალიტრას“ გულმავიწყობა რა მოსატანია, მსოფლიოს ისეთი ქვეყნების გულმავიწყობასთან, როგორებიც არიან აშშ, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, იტალია, სხვები, რომლებსაც წამითაც არ გახსენებიათ საბჭოთა კავშირის წვლილი გერმანიის ფაშიზმის დამარცხებაში.

სულ ახლახანს, საფრანგეთში აღინიშნა მოკავშირეთა ჯარების ევროპაში გადმოსხმის 80 წლისთავი და მეორე ფრონტის გახსნა. მასპინძელი — საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი. საიუბილეო ღონისძიებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, ომის ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. არ დაასწრეს რუსეთი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, მაგრამ დაასწრეს უკრაინა, პრეზიდენტ ზელენსკის სახით. იყო პათოსური გამოსვლები, გახსენება იმ ბობოქარი დღის, იყო სამშვიდობო განცხადებებიც და იყო რუსეთის ხსენებაც, ნეგატიურ კონტექსტში — აგრესორის, დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ ომის გამჩაღებლის.

არ გახსენებიათ საბჭოთა კავშირი, ანტიჰიტლერული კოალიციის, ანუ „სამეულის“ ერთი წევრი. არ გახსენებიათ შეგნებულად, არა მარტო ამჯერად ნორმანდიაში, არამედ კარგა ხანია, თუნდაც სახელმძღვანელოებში.

ფაშიზმზე გამარჯვებულთაგან მხოლოდ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს მოიხსენიებენ, საბჭოთა კავშირს — არა.

1943 წლის თეირანის კონფერენციაზე სტალინმა კატეგორიულად დააყენა საკითხი აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ლიდერების რუზველტისა და ჩერჩილის წინაშე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

ჩემს ახალგაზრდობაში, საბჭოთა კავშირში გამოიცა წიგნი სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის მიმოწერის შემცველი, უაღრესად საინტერესო და დღევანდელ პოლიტოლოგთათვის სასარგებლო. ცხადია, ვინც მიაგნებს ამ წიგნს.

წიგნში მოყვანილია სტალინის წერილები, სადაც სთხოვს მოკავშირეებს მეორე ფრონტის გახსნას, ამასთანავე ასაბუთებს ამ ღონისძიების მნიშვნელობას, თუ რაოდენ შეუწყობს ხელს წითელ არმიას ფაშისტური არმიის წინააღმდეგ ომში.

არ გაითვალისწინეს, ვინაიდან ეჭვი ეპარებოდათ წითელი არმიის წარმატებაში. აშშ—დიდი ბრიტანეთის მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე თავშეკავების მიუხედავად, წითელმა არმიამ გაანთავისუფლა გერმანიის ფაშიზმის მიერ ოკუპირებული საბჭოთა ტერიტორიები, გადალახა საზღვრები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან და დაიწყო ამ ქვეყნების განთავისუფლება.

1944 წლის 6 ივნისისთვის ისეთი ვითარება შეიქმნა ფრონტის ხაზზე, რამაც სერიოზული შიში გაუჩინა აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, რომლებიც იძულებული შეიქნენ ჯარები გადმოესხათ საფრანგეთში, გაეხსნათ მეორე ფრონტი.

 პოლიტიკაში ნაკლებად ჩახედული ყოველთვის ამბობდა და ამბობს აშშ—დიდი ბრიტანეთის მიერ მეორე ფრონტის გახსნით, ფაშიზმზე გამარჯვების მოახლოებაზე, რომ არა მეორე ფრონტი, წითელ არმიას გაუჭირდებოდა ფაშისტური არმიის დამარცხებაო.

მეორე ფრონტის გახსნამ მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა გერმანული ფაშიზმის ძალების შემცირება აღმოსავლეთის ფრონტზე. აშშ—დიდ ბრიტანეთს, რომ მეორე ფრონტი ერთი წლით ადრე გაეხსნათ, დახმარება საგრძნობი იქნებოდა.

1944 წლის 6 ივნისისთვის წითელი არმიის წარმატება თვალშისაცემი იყო, რამაც აიძულა აშშ და დიდი ბრიტანეთი სასწრაფოდ გადაესხათ ჯარები ნორმანდიაში, რათა არ მიეცათ წითელი არმიისთვის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შესვლის შესაძლებლობა.

ანტიჰიტლერული კოალიციის 2 წევრის მიერ გადადგმული სამხედრო ნაბიჯი, მესამის დასახმარებლად კი არ იყო გამიზნული, არამედ პირიქით, შესაკავებლად.

ა.წ. 6 ივნისს საფრანგეთში გამართული საზეიმო ღონისძიება, მიძღვნილი მეორე ფრონტის გახსნაზე, მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გაყალბების აშკარა დამადასტურებელი იყო, ვინაიდან ფაშიზმზე გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერას ემსახურებოდა. თითქოს ფაშიზმი დაამარცხეს აშშ-ა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა.

საბჭოთა კავშირი არვის უხსენებია, მაგრამ ახსენეს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი — მრავალჯერ, უაღრესად ნეგატიურ კონტექსტში, როგორც აგრესორი, დემოკრატიული უკრაინის ტერიტორიის ოკუპანტი.

„ბედშავი“ უკრაინა მიიწვიეს ღონისძიებაზე, როგორც ფაშიზმზე გამარჯვებული. არადა, უკრაინა აშკარა წარმომადგენელია ფაშიზმის აღორძინების. უკრაინა, ის ქვეყანაა, სადაც აშშ-ა და მისმა ყმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მოახერხეს უკრაინული ფაშიზმის გამოღვიძება — კანადაში მცხოვრები ძველი უკრაინელი ფაშისტების შვილებისა და შვილიშვილების უშუალო მონაწილეობით. ესენი იმ უკრაინელი ფაშისტების ნაშიერები არიან, ვინც აშშ-ა და კანადამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, ოკეანის გადაღმა დაასახლეს სამომავლო მოქმედებისთვის.

სამომავლო მოქმედებას დიდი დრო დასჭირდა, მრავალი წელი, მაგრამ მაინც წამოჰყო თავი „ცივი ომის“ დამთავრებისთანავე, როდესაც დასავლეთმა იგრძნო საბჭოეთის სისუსტე, ალღო აუღო საბჭოთა ლიდერების მერკანტილურ ბუნებას, გამყიდველურ სულისკვეთებას.

აშშ-ს პოლიტიკას უდავოდ კარგი თვისება აქვს — ბრძოლა ხვალინდელი ქათმისთვის და არა დღევანდელი კვერცხისთვის, თუმცა არც კვერცხზე ამბობს უარს, მაგრამ თუ არ გამოსდის კვერცხის ხელში ჩაგდება, გულს არ იტეხს, ჩვეული ენერგიით აგრძელებს დასახული მიზნისთვის ბრძოლას.

აშკარა მაგალითი ამისა უკრაინაა. ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს უწევდა დახმარებას აშშ-ს სპეცსამსახურები უკრაინელ ბანდერელებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, პარტიზანული მეთოდებით. უკრაინელ ფაშისტთა პარპაშს წერტილი დაუსვა სტალინის უმკაცრესმა გადაწყვეტილებამ — სისხლის სამართლის დანაშულისთვის ციხეებსა და გულაგებში გამომწყვდევით. სამწუხაროდ, საბჭოეთის ახალმა ლიდერმა, ხრუშჩოვმა ამნისტიის გზით, უკრაინელი ფაშისტები გამოყარა ციხეებიდან. დღეს მათი შვილები და შვილიშვილები ებრძვიან რუსეთს და არა მარტო. ხვალ, ისინი ევროპას შეებრძოლებიან, ანუ იმათ, ვინც ხელი შეუწყო ნეოფაშიზმის აღორძინებას.

ფაშიზმი, ის იარაღია კოლექტიური დასავლეთის ხელში, რომელმაც იომა საბჭოეთის წინააღმდეგ და რომელიც ებრძვის საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთს — დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 83 წლის შემდეგ. მაშინაც და დღესაც მიზანი ამ ომისა იყო და არის საბჭოთა კავშირის, რუსეთის უმდიდრესი წიაღისეულის ხელში ჩაგდება.

დასავლეთი, მხედველობაში მაქვს ევროპის ქვეყნები, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მუდამ სხვათა სიმდიდრეების წაგლეჯვაზე იყო ორიენტირებული, სხვისი დაპყრობით ხარობდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ სიხარბეს ამერიკულიც შეუერთდა — თანამედროვე, იმპერალისტური ბუნებით, ცხადია განსხვავებულით, დამპყრობლური ევროპული პოლიტიკიდან — ერთის შეხედვით, სინამდვილეში ევროპულზე უარესით, რომელიც ფულზე, სამხედრო სიძლიერეზეა დაფუძნებული.

ამერიკული ვალუტა, დოლარი, მსოფლიო მბრძანებელი გახდა. მან უკან ჩამოიტოვა მანამდე პრიორიტეტული ბრიტანული, ფრანგული, გერმანული, … ფულის ერთეულები. სავაჭრო-ეკონომიკური მაქინაციებით გაიმყარა პოზიციები ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში.

ამერიკული ექსპანსიონისტური ეკონომიკური პოლიტიკა აღწერა ამერიკელმა ჯონ პერკინსმა თავის წიგნში „ეკონომიკური მკვლელი“. მოკლე შინაარსი წიგნისა არის ასეთი: აშშ-ს ეკონომიკა შედის დაბალი და საშუალო ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში, ჰპირდება მათ წარმატებას, წინსვლას. სამაგალითოდ მოჰყავს კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით, მასპინძელი სახელმწიფო წინ მიიწევს, სინამდვილეში ადგილს ტკეპნის ან უკან მიექანება. მრავალწლიანი ექსპლუატაციის შემდეგ სტუმარი, ანუ აშშ-ი აქვეყნებს რეალური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, მასპინძელი ბანკროტია, ანუ აშშ-ა ეკონომიკურად მოკლა ქვეყანა, რომელსაც აყვავებას ჰპირდებოდა. მასპინძელი ვალშია, გადახდის თავი მას არ აქვს — ბიუჯეტის სიცარიელის გამო, ამდენად იძულებულია ნატურით გადაიხადოს, მაგალითად სახნავ-სათესი მიწებით, წიაღისეულით და ა.შ.

დამოუკიდებლობადაკარგული, სუვერენიტეტდაკარგული მასპინძელი, უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში ჩავარდნილი, პოლიტიკურად ხდება ხარბ ამერიკელზე დამოკიდებული, მისი ნებისმიერი დავალების შემსრულებელი. ნათელი მაგალითი აღნიშნულისა უკრაინაა, ერთ დროს აყვავებული საბჭოთა რესპუბლიკა, ამჯერად გაპარტახებული. ასეთ, გავერანებულთან ურთიერთობა აშშ-ს არ უჭირს. პოლიტიკური ელიტა, ამერიკელთა მიერ გაკორუმპირებული მისი მონაა.

ამერიკას ხალხი არ აინტერესებს. ხალხთან ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებაზე აქვს მინდობილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეცვლის — სცენის მიღმა პოლიტიკური თამაშებით, დაშინებით. მაგრამ თუ ხერხმა არ გაამართლა, მაშინ აათამაშებს მასპინძელ ქვეყანაში ჩაბუდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომლებსაც კვებავდა წლების განმავლობაში. და იწყება შიდა დაპირისპირება  ოპოზიცია—ხელისუფლებას შორის.

იწყება მიტინგები, დემონსტრაციები, გამოსვლები, რომლებიც გადაიზრდება ე.წ. ფერად რევოლუციაში. გასული 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა შანსი თავისი თვალით ეხილა ამერიკელთა მიერ დადგმული სპექტაკლები, უფრო სწორად, ცირკი ამერიკელ—ქართველი ჯამბაზების მონაწილეობით.

ცირკი შესანიშნავი სანახაობაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მათში გულწრფელ ემოციებს იწვევს ცირკის არენაზე მოთამაშე ჯამბაზები, რასაც ვერ ვიტყვი პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პოლიტიკური ცირკი მძიმე შედეგის მომტანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ქვეყნისთვის. აი, ასეთ პოლიტიკურ ცირკში იმყოფება ქვეყანა, რომლის ხელისუფლებამ არ იცის რა გზას დაადგეს. პოლიტიკური კურსი, რომელიც მან კონსტიტუციაში ჩაწერა, დამოკლეს მახვილივით ემუქრება მას.

კონსტიტუციაში დასავლური ორიენტაციის ჩაწერის დროს ხელისუფლებამ სერიოზულად არ იფიქრა — იყო თუ არ საჭირო ამ ორიენტაციის კონსტიტუციაში ჩაწერა და თუ იყო, რას მოუტანდა ის საქართველოს.

აი, სწორედ ამ ჩანაწერზე მიგვითითებს დასავლეთი და გვეუბნება, რომ „აგენტების“ კანონის მიღებით საქართველო არ ასრულებს კონსტიტუციის მოთხოვნებსო; რომ საქართველოს ხელისუფლება უხვევს ევროატლანტიკური გზიდანო. არადა, ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ მტკიცედ ადგას ევროკავშირში გაწევრების გზას, რომელსაც მიაღწევს 2030 წელს.

მიზნის მიღწევამდე საკმაო დროა გასავლელი, სახიფათო, ბობოქარი დღეებით აღსავსე, პერმანენტული დაპირისპირებით ოპოზიციასთან და კოლექტიურ დასავლეთთან. ხელისუფლება აკრიტიკებს აშშ, ევროკავშირს და რატომღაც ფიქრობს, რომ იქაური მდგომარეობა შეიცვლება საქართველოს ხელისუფალთა სასარგებლოდ; რომ ბოროტ ბაიდენს, კეთილი ტრამპი შეცვლის და ა.შ. უმწიფარ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, უმწიფარი ბავში-პოლიტიკოსების შესრულებით.

საქართველომ 30 წლის წინათ დაუშვა შეცდომა, როდესაც ყველა კვერცხი დასავლეთის, აშშ-ს ბუდეში ჩადო. მაშინ გულუბრყვილო ქართულმა პოლიტიკამ არაფერი იცოდა აშშ-ს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ. უფრო მეტიც, ევროსაბჭოსა და ევროკავშირს ერთმანეთში ურევდა.

ქართველთა წარმოდგენით, დასავლეთი კეთილშობილი, პატიოსანი ადამიანებისგან შემდგარი ქვეყნების საკრებულო იყო. სამწუხაროდ, დღესაც ასეთი წარმოდგენა გვაქვს „ფასეულობებით“ აღსავსე ევროპა-ამერიკაზე.

შევცდით მაშინ, ვცდებით დღესაც.

ჩვენ არ ვიცოდით და არ ვიცით, რომ დასავლეთთან ურთიერთობა ნიშნავს მისდამი უსიტყვო მორჩილებას; მისი დავალებების შესრულებას; მისი მენტალიტეტის გაზიარება-შეთვისებას, საბოლოო ჯამში ისეთად გადაქცევას, როგორიც ის არის. რაღა ბევრი გავაგრძელო — სალომე ზურაბიშვილობას.

„აგენტების“ კანონის მიღებამ ფარდა ჩამოხსნა დასავლურ პოლიტიკას, დაგვანახა მისი რეალური ბუნება. დაგვანახა, რომ ის ბატონია და ჩვენ ყმები ვართ მისი. აღარ მოგვეწონა ამაყ ქართველებს ასეთი და ღრენა დავუწყეთ პატრონს, აშშ-ს სახით. პატრონმა რაო? — იკითხავთ.

პატრონმა თავი შეიკავა სერიოზული დასჯისგან, მარტო პერსონალური სანქციები აგემა ურჩი მთავრობის წევრებს, მაგრამ ვითომ ამით დაკმაყოფილდა? — ეჭვი მეპარება.

აშშ-ი, ის ქვეყანა არ არის, ვინც სხვა ქვეყნის ანტიამერიკულ გამოხდომას ჩაყლაპავს და ცივ წყალს დააყოლებს. აშშ-ი საშიში ქვეყანაა, ურჩთა მიმართ მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი, „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციის მომწყობი. მას უკვე ჰქონდა არაერთი მცდელობა „ოცნების“ ხელისუფლების დამხობისა, თუმცა არ გამოუვიდა. წინ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ იმ დროს, განსაკუთრებით არჩევნების შედეგების შეჯამებისას გამოთქვამს თავის „კომპეტენტურ“ სიტყვას — „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში.

წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ის არჩევნებს ფალსიფიცირებულად ჩათვლის — არაკანონიერად — და მერე რა?

და მერე ის, რომ ქუჩაში გამოიყვანს ასეულ-ათასობით პროტესტანტს — ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. და ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, ვიდრე „ოცნება“ და ივანიშვილი არ აღიარებენ დამარცხებას.

ჩვენდა სამწუხაროდ, აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა კარგა ხანია ფეხი გაიდგა, როგორც საჯარო სამსახურში, ისე საზოგადოებაში, მედიაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ ფაქტიურად ამერიკულია და არა ქართული.

ჩვენს თვალწინ მოხდა ქართველი ხალხის ფერიცვალება — მის მიერ უარი საკუთარ ისტორიაზე, ცხოვრების წესზე, პატრიოტულ სულისკვეთებაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე და ა.შ. ქართველ ტელემაყურებლებში ნეგატიურ რეაქციას აღარ იწვევს ტრანსვესტიტ კესარიას ეკრანზე კეკლუცი, სხვა ნაკლებად ცნობილთა პრანჭვა-გრეხა  (მამაკაცები მყავს მხედველობაში). პირიქით, ისინი და ბევრი სხვანიც თვლიან, რომ საამაყონი არიან. მათთვის მთავარი, ევროპული ღირებულებებია, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები უკანალს უკავშირდება, თავისუფალ სექსს, სექსუალურ აღვირახსნილობას და არა გოეთეს, შილერს, ვაგნერს, რემარკს, კანტს, … კესარიამ არც იცის ამ გვარების შესახებ, ისე, როგორც სხვა კესარიებმა. და არა მარტო აქაურმა კესარიებმა არ იციან,  იქაურებმაც.

სულ სხვა ღირებულებების მატარებელია ევროპა, წერს ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პროფესორი კარინ კნაისელი. ამ ღირებულებებს სიტყვა „ღირებულებები“ არ შეეფერებაო, მაგრამ ჩვენ მაინც გვინდა ევროპელობა, განსაკუთრებით ქართულ პოლიტიკას.

ხელისუფლება-ოპოზიცია დაბეჯითებით არწმუნებენ ხალხს, რომელს უფრო მეტად სურს ევროკავშირში შესვლა. მოჰყავთ ტყუილი არგუმენტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85% ევროკავშირში შესვლის ოცნებით აღამებს და ათენებს. და ვინც ამ ოცნებას აუსრულებს მას „ოცნებაა“.

რა აძლევს „ოცნებას“ ესოდენ მტკიცედ განაცხადოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების თაობაზე?

მარტივი რამ — დრო. დიდი დრო და ის, რომ ხალხი 6 წლის შემდეგ არ გაიხსენებს „ოცნების“ დღევანდელ დაპირებას. 2012 წლის დაპირებებს რომ იხსენებს, შველის მის გავერანებულ არსებობას?!

კოლექტიური დასავლეთის მეცადინეობით, ისეთი შავი პოლიტიკური ღრუბელი დაადგა საქართველოს ხელისუფლებას, უარესის წარმოდგენაც რომ გაჭირდება. ამერიკულ-ევროპული ულტიმატუმი მკაცრია და მოითხოვს „აგენტების“ კანონის, სხვა კანონების გაუქმებას, ანტიდასავლური სახელისუფლებო რიტორიკის აღკვეთას, ევროპისკენ მიმავალი პოლიტიკური კურსიდან რუსეთისკენ მიმავალის მკაცრ შეცვლას და ძველ რელსებზე დაბრუნებას. და თუ არა, რა?

ოქტომბრის არჩევნების არაკანონიერად გამოცხადება, ხალხის ქუჩაში გამოყვანა,  მორიგი „ფერადი“ რევოლუციის მოწყობა, რასაც უდავოდ მოჰყვება ქაოსი, არაერთხელ რომ ჰქონდა ადგილი საქართველოში.

პერსპექტივა შემაშფოთებელია და ხელისუფლების მობილიზაციას მოითხოვს, მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს, მათი პრობლემების სასწრაფო გადახედვას, გაჭენებული ინფლაციის შესაჩერებლად კარდინალური ნაბიჯების გადადგმას, „ოცნიების“ წინააღმდეგ აქოჩრილი საზოგადოების კიდევ ერთხელ დარწმუნებას, რომ ამჯერად ძალას არ დაიშურებს დანაპირების შესრულებისთვის.

მოსალოდნელი რევოლუციის დროს თუ ვინმე დაუდგება „ოცნებას“ გვერდში, ხალხია! მაგრამ იცის ეს „ოცნებამ“?

არ იცის! და რომ არ იცის, ხელისუფლების პრიმიტიული ნაბიჯებიდანაც ჩანს — საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ხანგრძლივი ვიზიტიდან, ვითომ რაღაც ამბასადორიალის მოწყობიდან, შუა ივნისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი წვეულების გამართვიდან, სინამდვილეში ფეხბურთის ყურებიდან.

დაქცეული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტოვებს ქვეყანას, თანაც დიდი ხნით, საკუთარი „ხოშის“ დასაკმაყოფილებლად. ამ დროს ქ.თბილისის ნახევარს წყალი არ მიეწოდება — 8 დღეზე მეტია.  აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობსო — გვამშვიდებს მედია — უწყლოდ დარჩენილ მოსახლეობას, სასტუმროებს, საზოგადოების კვების ობიექტებს, საავადმყოფოებს და ა.შ. მე რომ მეგონა პრემიერი კობახიძე ავარიის ადგილიდან გველაპარაკებოდა, შევცდი, გერმანიიდან გვმოძღვრავდა.

ფეხბურთი პირველ სპორტად მიიჩნევა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს — არა უმეტესი, ვიდრე პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა. ქვეყნის პრემიერი, მაღალი თანამდებობის პირი, არ უნდა გამოხატავდეს ემოციებს რაღაცის მიმართ. მისი ემოცია ხალხის სამსახურია. დღევანდელმა „პოლიტიკოსებმა“ არ იციან რა არის ქვეყანა. მათ ქვეყანა სათამაშო ჰგონიათ, საკუთარი პირადი სურვილების დამაკმაყოფილებელი.

საკუთარი კუჭის პირველ ადგილზე დაყენება ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული საქართველოში. ეს, რომ ასე არ იყოს, ვინ გაბედავდა სახელმწიფო ხარჯზე, დიდი ამალით გერმანიაში გახანგრძლივებულ ყოფნას?!

არანაკლებ გასაოცარია თუ არა საგანგაშო ქალაქის მერის, კალაძის მიერ ინტერნეტში გაშვებული ვიდეო-მასალა, სადაც ის გვიყვება ხელის საათის შესახებ, რომელშიც მან 67 ათასი ევრო გადიხადა. საათი, თურმე მისი დიზაინით დაამზადა ცნობილმა შვეიცარულმა ფირმამ, წარწერით — „კალა, N4“, ანუ მაისურის იმ ნომრით, რომლითაც კალაძე იტალიურ კლუბ „მილანში“ თამაშობდა.

კალაძე, ისეთი სიყვარულით და სიამაყით გვიყვება საათან დაკავშირებით, თითქოს საათი ისეთი რამ არის, ურომლისოდაც სიცოცხლე წარმოუდგენელია. საათი პოლიტიკოსისთვის ისეთი ატრიბუტია, სულ რომ დავყურებთო — ბრძანა მან, თითქოს უძვირფასესი საათის გარდა, სხვა საათი დროს არ აჩვენებდეს. მაგრამ კალაძე მარტო ერთ საათზე არ გველაპარაკება — 17 ასეთი დაუმზადებიათ მისი შეკვეთით. ერთს, ალბათ ივანიშვილს აჩუქებს, თუკი უკვე არ აჩუქა.

ვისი ფული დახარჯა კალაძემ საათების დამზადებაში?

ვეჭვობ, საკუთარი. და ეს ეჭვი მარტო მე არ გამჩენია.

კალაძე დაბადებულიც არ იყო, როდესაც სახელმწიფო სამსახურის სტაჟიანი მოხელე გახლდით. მრავალწლიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოღვაწეობის მანძილზე ვის არ შეხვედრივარ — მეფეებით, დედოფლებით, მინისტრებით დაწყებული, მრავალი ქვეყნის ელჩებით, რიგითი დიპლომატებით დამთავრებული. არც ერთ მათგანზე არ შემინიშნავს უძვირფასესი სამკაულები, აქსესუარები. პირიქით.

ჩემს მეხსიერებას შემორჩა სუპერ-მილიარდერთა ოჯახის წარმომადგენელთან შეხვედრა — როკფელერთან, რომელიც ვიცე-პრეზიდენტიც იყო. საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს, ის საქართველოსაც სტუმრობდა. მას უმასპინძლა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პავლე გილაშვილმა. ოფიციალური მიღების დროს, დევიდმა ფეხი-ფეხზე გადაიდო და ჰოი საოცრებავ — „ინსპექტორის“ ფეხსაცმლის გაცვეთილი, ნახვრეტიანი ლანჩი ისე გამოაჩინა, ვითომც არაფერი.

როკფელერის პირად ანგარიშზე არსებული ფული რომ ასჯერ აღემატებოდა ვთქვათ კალაძის ფულს, ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

არც ქალი პოლიტიკოსი, მითუმეტეს პრეზიდენტი მინახავს მრგვალი უზარმაზარი საყურეებით — სალომე ზურაბიშვილის მსგავსით. სალომეს ტერმინს გამოვიყენებ — „ქაჯობაა“, ქალბატონო პრეზიდენტო ამხელა საყურეების ჩამოკიდება.

„პოლიტიკურ“ საათთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გავიხსენებ.

სააკაშვილმა მოუქრთამებლობა შეუქო ქალაქის მერს ჭიაბერაშვილს და ხელიდან მოხსნილი საათი აჩუქა. იმ საათის ფასი გვარიანად ჩამოუვარდებოდა კალაძისას. მეორე დღესვე, პრეზიდენტის პროტოკოლმა დაურეკა შვეიცარიაში საქართველოს ელჩს, ალექსანდრე ჩიკვაიძეს და დაავალა ისეთივე საათის ყიდვა, როგორიც პრეზიდენტმა, ჭიაბერაშვილს აჩუქა. ჩიკვაიძე იძულებული შეიქნა საელჩოს მწირი ბიუჯეტიდან 5000-ევროიანი საათი ეყიდა სააკაშვილისთვის.

ზემომოყვანილი მაგალითები დასტურია საქართველოს პოლიტიკის უმწიფრობისა. როგორც ჩანს, 30-წლიანი პერიოდი ე.წ. დამოუკიდებლობისა საკმარისი დრო არ აღმოჩნდა სოლიდური პოლიტიკური განვითარებისთვის, ისეთის, ქვეყნის მართვა რომ მოითხოვს!

დავსვამ ჩვენში ერთობ პოპულარულ კითხვას, ჩემის აზრით, გოიმურს — გვეშველება რამე?

პასუხი თქვენთვის მომინდვია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

27/06/2024