„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“?

„თუ შენს მეზობელს ჭრაქიც არ უნთია, შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ“.

„ზოგიერთი ქართველი, სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა“.

ეს ოტია იოსელიანია, ცნობილი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მოაზროვნე, თუმცა მოაზროვნეა ყველა მწერალი — პოზიტიურად თუ ნეგატიურად მოაზროვნე.

აზროვნება, გემოვნებას უკავშირდება, ვთქვათ გასტრონომიულს: ზოგს ხაშლამა მოსწონს, ზოგს საცივი, ზოგს ორივე ერთად. „ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო“ — არის ასეთი ქართული გამოთქმა.

ჰოდა, როდესაც ესოდენი მრავალფეროვნებით გვაწონებს თავს აზროვნება, ძნელია გამოცნობა იმისა, ნააზრევი, ვიღაცის მიერ საჯარო სცენაზე გამოტანილი, მისაღებია თუ მიუღებელი — ფართო საზოგადოება მყავს მხედველობაში, თორემ ნათესავ-მეგობრების შეფასებას ვიწრო მნიშვნელობა აქვს, ნააზრევის სივიწროვიდან გამომდინარე.

ოტია იოსელიანის ნააზრევი ყველასთვის თუ არა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღებია და არა მარტო, გასათვალისწინებელიც არის, თუმცა ევროპის გზაზე დამდგარი თანამედროვე ქართველი, ზემომოყვანილ ოტიასეულ სიბრძნეს არა თუ წაიკითხავს და შინაარსს ჩაწვდება, გვერდზე ჩაუვლის, ვითომც არაფერი.

სხვას ვერაფერს უნდა მოველოდეთ გაუნათლებელი თაობიდან, ქვეყანას რომ წურბელებივით მისევია და ქვეყნის ჯიქნიდან გამოწოვილი საკუთარი კეთილდღეობა, აზროვნების ზენიტად გაუხდია. ასეთთათვის ოტიას ნათქვამი ჭრაქისა და ჭაღის თაობაზე მიუღებელია.

ოტიას, ჭრაქი და ჭაღი გადატანითი მნიშვნელობით აქვს მოყვანილი, ლაკონური წინადადებით და მას ახსნა-განმარტება არ სჭირდება. გონებაგახსნილი ადვილად ჩაწვდება ამ ორი სიტყვის სიღრმისეულ მნიშვნელობას, მაგრამ ოტიას ამის ნაკლები იმედი აქვს, რაც აშკარად გამოსჭვივის მისი ნაწერიდან: „იმისთანა წყალწაღებული ერი ვართ, ყოველ გაზეთს აიღებ თუ ჟურნალს, დაუბეჭდე შიგ ილიას „ბედნიერი ერი“ და დაინახავ, რაც ვართ! ვივიწყებთ ამას ჩვენ, თუ არ წაიკითხავ არაფერს, არ გაეცნობი, ვერაფერს გაიგებ. გაუნათლებელია ერი და ქვეყანა — ამაშია საქმე! განათლება გასართობად კი არაა, აზროვნებისთვის აროს!“

თუ გონიერი ხარ, დაეთანხმები ოტიას სიტყვებს, მაგრამ ოტიასი არ იყოს — გონიერების დეფიციტი გვაქვს, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა თვით ქართულმა საზოგადოებამ — გადაგვარებული, ქარაფშუტული პოლიტიკური ნაბიჯებით. ჩვენ და არა სხვამ  მიგვიყვანა გონიერების დეფიციტამდე. სხვამ, ხელი შეუწყო მისთვის სასურველი განწყობის გაღრმავება-გაფართოებას, ქვეყანაში რომ დაინახა.

„ზოგიერთი ქართველი, სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა“-ო — წერს ოტია. რამდენი ასეთი ქართველი გაძღა სხვაგან, მაგალითად აშშ-ი?

გამძღართა რაოდენობას სიტყვა „ზოგიერთი“ არ შეეფერება. გამძღართა რაოდენობა მნიშვნელოვანია მოსახლეობით მცირე საქართველოსთვის. ის, ანუ გამძღარი თავისუფლად ავსებს იმ პოლიტიკურ პარტიათა რაოდენობას, პრეტენზიას რომ აცხადებენ ქვეყნის მართვაზე. დავუმატოთ ამას არასამთავრობო ორგანიზაციები, დღემდე ამერიკულ-ევროპული ფულით დაპურებულები, ელექტრონულ-ბეჭდვითი მედია და მივიღებთ ძალას, სერიოზულს, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ქვეყნის უმრავლესობის თავის დაკრულზე აცეკვება.

მუსიკის დამკვეთი ერთია და 12000 კმ-ით დაშორებული საქართველოდან, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მანძილს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქვს. ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი ტერიტორიულად შორსაა, მაგრამ ამასთანავე ახლოც — თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობით, საქართველოში არსებულით, ამერიკული ორგანიზაციებით, არასამთავრობოებით — სიტყვით, ქართულით, საქმით,  ამერიკულით.

მედიასთან კონტაქტი მხოლოდ მათ ხელეწიფებათ და არა სხვას. სხვა მიუღებელია მედიისთვის. სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თავისუფლება ქართულ პოლიტიკურ სივრცესა თუ საზოგადოებაში თითქოს მიღებულია, მაგრამ არასრულად.

ერთის შეხედვით სახელმწიფო ცენზურა უცხო ხილია, მაგრამ ერთის შეხედვით, სინამდვილეში ყველა გაზეთს, ჟურნალს, ტელეკომპანიას თავიანთი ცენზურა აქვს.

ხელისუფლების კრიტიკოსებს თითო-ოროლა გაზეთი ან ტელევიზია თუ წყალობს — მეორეხარისხოვანი. ევროატლანტიკურ პოლიტიკას ყველა გულში იხუტებს, ისე, როგორც ანტირუსულ, ანტისაბჭოურ პოლიტიკას. ევროატლანტიკურმა პოლიტიკამ შეძლო მის მიმართ ხალხის განწყობის ისეთ შეტრიალებას, რომ ჭეშმარიტებისკენ შემობრუნებას, თუ საერთოდ ექნება ასეთს ადგილი, იმდენივე დრო დასჭირდება, შეტრიალებას რომ მოხმარდა.

ალბათ იკითხავთ — რა არის საჭირო ამისთვისო. გეტყვით — ქარიზმატული ლიდერი, რომელიც თავისი პატრიოტული შემართებით გაწყვეტდა ურთიერთობას გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის დანატოვართან და თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხალხის სურვილების გათვალისინებით, გადადგამდა პოლიტიკურ ნაბიჯებს დამოუკიდებლად, სხვისი კარნახის, ბრძანების გარეშე.

მე რეალური ხალხი მყავს მხედველობაში და არა ვირტუალური, აშშ-ი რომ წამდაუწუმ გვაფარებს თვალებზე ჩვენ, რეალურ ხალხს.

მეორე ფრონტის გახსნის 80 წლის იუბილეზე აშშ-ს პრეზიდენტმა, ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა საჯაროდ განაცხადეს, რომ არ მიატოვებენ ქართველ ხალხს ევროატლანტიკური ცხოვრებისკენ ლტოლვაში, დასავლური ყოფის გაზიარებისთვის ბრძოლაში.

გახარებულმა ქართულმა ოპოზიციამ სიხარულის ისეთი ტაში შემოჰკრა, თითქოს საქართველო ნატოსა და ევროკავშირში მიიღეს. ხელისუფლებას სანქციები დაუწესეს, ხოლო ხალხს უყურადღებოდ არ ტოვებენ — დახმარებას ჰპირდებიანო.

გასაგებია ოპოზიციის სიხარული, თუმცა ვინატრებდი, რომ ევროპა-ამერიკას დავეობლებინეთ, მარტო დავეტოვებინეთ. და რატომ?

უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ დამოუკიდებლად ქვეყნის მართვას დავიწყებდით, სხვის იმედზე არ ვიქნებოდით.

32-წლიანმა სხვისი მოიმედობის პროცესმა, რომ თავიდან ბოლომდე დაგვიჟანგა ქვეყნის სამართავი ინსტიტუტი და ხელგაწვდილ მათხოვრად გვაქცია, ფაქტია. ისტორია გვეუბნება, რომ ქართველი საკუთარ მეურნეობასაც უძღვებოდა მუხლმოუხრელად და საკუთარ ოჯახს, სოფელს, ქვეყანას იცავდა მომხდური მტრისგან.

საქართველოს თავისი ათასწლიანი ისტორიის მანძილზე გაფურჩქვნის ხანაც ჰქონდა და პირიქით, დეგრადაციის. სამწუხაროდ, „პირიქით“ უფრო მეტი იყო. გაფურჩქვნის ხანაშიც ქართველ დიდებულთა, მეფის კარის ცხოვრება მოკრძალებულ-თავშეკავებული იყო. განსხვავება მათსა და დანარჩენთა შორის, ანუ სოციალური ზღვარი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნებში.

არ იყო ოქრო-ვერცხლით გალამაზებული სასახლეები, ბაღებითა და მწვანე, დეკორატიული ნარგავებით, ხელოვნური ტბებით და ა.შ. ვიმეორებ, დალხინებული ცხოვრების დროს, თორემ ავბედობისას ვის ჰქონდა სასახლეების აშენების თავი?

ცალ ხელში ხმლის მჭერი, მეორეში თოხის, სასახლეს ვერ წამოჭიმავდა. არც სუფრა გვქონდა — კერძებით დახუნძლული, მოკრძალებული იყო ისიც, ისეთი, როგორც ფიროსმანმა დაგვიხატა.

ის, რაც დღეს გვაქვს — ფუქსავატური ცხოვრებაა, გამოწვეული ქურდობით, ყალთაბანდობით, გამოძალვით, სახელმწიფო ბიუჯეტში ხელის ფათურით.

სახელმწიფო აღვირახსნილობა ჰქვია ამას, რაშიც დიდ დახმარებას აშშ-ი და მისი მონა ევროკავშირელები გვიწევენ. მათი პოლიტიკა — თვალის ხუჭვისა, შეგნებული ნაბიჯია საქართველოს მოსახლეობის სრული დეგრადაციისთვის, გარყვნისთვის, სინდის-ნამუსის დაკარგვისთვის.

32-წლიანი მათეული „ტრენინგის“ შედეგია გაღორებული პოლიტიკური ელიტა, არასამთავრობო ორგანიზაციები — უზარმაზარი სასახლეებით, აუზებით, ჩოქბურთის მოედნებით, უძრავ-მოძრავი ქონებით.

მოძრავი ისეთია ზომებით, ფორმებით, ფასით, რომ ამერიკელ მილიონერებსაც შეშურდება. მოდით ახლა შევავლოთ თვალი ასეთი ქონების პატრონს — ძლივს რომ ჩამოდის ორსართულიანი ავტომანქანიდან, ლამის მისადგმელი კიბით, ხვნეშით და ოფლის დენით.

ჰკითხეთ მას — შეძლებს საკუთარი ოჯახის დაცვას დაქირავებული მცველების გარეშე?

არათუ შეძლებს, თავში აზრადაც არ მოუვა უშრომელი შემოსავლის პატრონს! აი, ასეთ დონეზე დაიყვანა ქართული „ელიტა“ კეთილისმსურველმა ამერიკამ — ქართველ ხალხს არ მივატოვებთო — რომ გაიძახის.

მიგვატოვეთ, დაგვაობლეთ, ბატონებო — ასეთი სურვილი აქვს მოსახლეობის უმრავლესობას — და არა „ლგბტ“-ობის გაფეტიშება; კაცის, კაცზე დაქორწინება; ქალის, ქალზე გათხოვება; სქესის გადაკეთება და სხვა უკუღმართობა.

უძლეველნი ამაქვეყნისანნი ნორმანდიაში ჩატარებული ზეიმის დროს, რომელიც მოკავშირეთა ჯარების ევროპაში გადასხმის 80 წლისთავს მიეძღვნა, კიდევ ერთხელ შეეხნენ საქართველოს დასავლური კურსის გატარებაში წარმოქმნილ პრობლემებს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სურვილი აქვს დასავლურ ოჯახში შესვლისა და მას წინ არაფერი დაუდგება.

ამ ტყუილს ვისმენთ 2008 წლიდან, როდესაც ნატოში შესვლის საკითხი, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში ჩაწერეს და საქმეში ჩაუხედავი ამომრჩევლის დადებითი პასუხი მიიღეს, არა ყველას, არამედ ზოგიერთის. და ეს „ზოგიერთი“, „ყველად“ გადაიქცა სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლის ბრაიზას ძალისხმევით.

მას შემდეგ საქართველოში მომუშავე ამერიკული ორგანიზაციები IRI და NDI გამუდმებით ჩაგვჩიჩინებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%, ხან 80% სურს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა. არის თუ არა ეს ციფრები სანდო?

ცხადია, არა! ამერიკული ორგანიზაციები რომ გაზვიადებულ ციფრებს დაწერდნენ, ამაში ეჭვი არავის ეპარება — საღად მოაზროვნეთაგან, ტვინგადაბრუნებულები, ქართული პოლიტიკის მსგავსნი, უეჭველად დაიჯერებდნენ და სხვასაც დააჯერებდნენ.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს რა რაოდენობის ადამიანს აქვს სურვილი ნატო-ევროკავშირში შესვლის?

პლებისციტის ჩატარება! პლებისციტამდე საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტების მიცემა ამ ორგანიზაციების შესახებ; რას მოუტანს საქართველოს ამ ორგანიზაცებში შესვლა. ახსნა-განმარტება მედიის საშუალებით უნდა მიეწოდოს ხალხს მუდმივ რეჟიმში — პლებისციტის გამართვამდე. გარდა ამისა, ადგილი უნდა ჰქონდეს ფართო საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრებს, როგორც მომხრეთა მიერ, ისე მოწინააღმდეგეთა.

პლებისციტი, ორგანიზაციული თვალსაზრისით, ისეთ დონეზე უნდა ჩატარდეს, როგორც საპარლამენტო არჩენები. არის მზად ხელისუფლება ამისთვის?

უდავოდ, არა! და არა იმიტომ, რომ აშშ-ი არ არის მზად ამისთვის!

ზემოთ აღვნიშნე, რომ გაურკვეველ პოლიტიკურ ვითარებას, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, ეშველება მაშინ, როდესაც ქარიზმატული ლიდერი ჩაუდგება ქვეყანას სათავეში. არის თუ არა ასეთის გაჩენის შესაძლებლობა?

ვიდრე ივანიშვილია ქვეყნის ფარული მმართველი, სიზმარშიც კი წარმოუდგენელია ასეთის გაჩენის შესაძლებლობა.

დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, გვარს არ ვახსენებ, ვინაიდან მნიშვნელობა არ აქვს — მარიონეტობის გამო, კობახიძე, ღარიბაშვილი, სხვები და სხვები, უღიმღამო შემსრულებლები არიან ივანიშვილის დავალებებისა. თვით ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი, ნაკლებ სურვილს გამოთქვამს პრემიერობაზე, ვინაიდან თვით თანამდებობა მოითხოვს 24/7 რეჟიმში მუშაობას, რაც ივანიშვილისთვის მიუღებელია.

2012 წელს ივანიშვილმა უამრავი რამ დაჰპირდა ამომრჩეველს, ხალხს, მაგრამ ვერ შეასრულა. შესაძლოა არც უფიქრია შესრულებაზე, ვინაიდან დანაპირების შეუსრულებლობა, ტყუილი, გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსეთის დამახასიათებელი იყო. ივანიშვილი „პერესტროიკის“ თაობაა — გორბაჩოვ-ელცინის პოლიტიკის მიმდევარი — „პრიხვატიზაციის“ ერთ-ერთი შემოქმედი. სწორედ იმ „პრიხვატიზაციამ“ და მისგან გამომდინარე მოვლენებმა, გაამდიდრა ის და სხვა მისთანა, მაშინდელ რუსეთში მობოგინე.

ჰქონდა თუ არა მას რუს, მაღალჩინოსან პოლიტიკოსებთან კავშირი?

ჰქონდა, მაგალითად გენერალ ლებედთან, რომელიც პრეზიდენტ ელცინის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.

ივანიშვილის საამური რუსული ცხოვრება პუტინის ხელისუფლებაში მისვლამ შეცვალა. ელცინელები პოლიტიკიდან მოიშორეს, „პრიხვატზატორებს“ წყალი შეუყენეს, ბევრი საიქიოს გაისტუმრეს. ივანიშვილმა თავი მშობლიურ ჭორვილას შეაფარა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ვითარება შეიცვალა, მასთან ერთად პოლიტიკური ცხოვრება. სააკაშვილის უთავობამ, ავანტიურისტულმა ბუნებამ, სისასტიკემ, ანტიხალხურმა მმართველობამ ივანიშვილს გზა გაუხსნა დიდი პოლიტიკისკენ, მაგრამ თვითონვე მიხვდა, რომ შემსრულებლობა მისი მოწოდება არ არის. მისი მოწოდება — იმპერატორობაა, მისივე დანიშნული ხელისუფლების ხელით ქვეყნის მართვა, ანუ დისტანციური მმართველობა, ეპიზოდური და არა ყოველდღიური, თან ისეთი მმართველებით, როგორებიც, ასაკისა და გამოცდილების უმწიფარობის გამო, ივანიშვილს, როგორც ბატონს აღიქვამდნენ და მასთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯსაც არ გადადგამდნენ.

2012 წლიდან მმართველობს ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი „ოცნება“ და როგორც ჩანს ა.წ. ოქტომბრის არჩევნებშიც გაიმარჯვებს, ვინაიდან მათ ხელთ არის ადმინისტრაციული რესურსი, პრივილეგია ხელისუფლების ფლობისა. ამომრჩეველს კიდევ ერთხელ შეაყრიან თვალში ნაცარს ათასი დაპირებებით, წინასაარჩევნო ნობათით და ისიც, სხვა უკეთესის, ფასეულის არ არსებობის გამო, შეყრილ ნაცარს ჩამოიწმენდს, მიცემულს შეირგებს.

ასე იყო 2012 წლის და შემდგომი არჩევნების დროს.

მედიურ ეთერში კვლავ გაიელვებს დაპირებების შეუსრულებლობის თაობაზე — ოპოზიციის მხრიდან, ისე, როგორც ზოგიერთი პოლიტოლოგის. და ასე ჩაივლის 2024 წელიც, არაფრით გამორჩეული წინა წლებისგან.

იბობოქრებს კოლექტიური დასავლეთიც. გაზრდის სანქციების რაოდენობას, რაც ხელისუფალთ ვერაფერს დააკლებს. კოლექტიური დასავლეთის კატეგორიულობა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, „ოცნების“ ოცნებელებს საფუძველი შეერყევათ, თუმცა ვინ იცის რა მოჰყვება რესპუბლიკელების გამარჯვებას?

მაინც რა დღეში უნდა ჩაეგდო საკუთარი თავი და ქვეყანა ქართულ პოლიტიკას, რომ სხვის არჩევნებზე ყოფილიყო დამოკიდებული?

დსთ-ს წევრი არცერთი ქვეყანა ისე სისხლხორცეულად არ არის დამოკიდებული რუსეთის დუმის ან პრეზიდენტის არჩევნებზე, როგორც საქართველო და არა მარტო საქართველო, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე. რას ნიშნავს ეს?

მარტივ ჭეშმარიტებას — რუსეთის პარიტეტულ ურთიერთობას დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ისე, როგორც ევრაზიის წევრ სახელმწიფოებთან — ერთის მხრივ და აშშ-ს ჰეგემონიზმს მსოფლიო არენაზე.

აშშ-ს პრეზიდენტი, ადმინისტრაცია, კონგრესი, ისე მოაჯდა მთელს მსოფლიოს — ჩინეთ, რუსეთ, ირან, ჩრდილო კორეისა და თითო-ოროლა ქვეყნის გამოკლებით და ამერიკის საჯდომქვეშ მოყოლილი მსოფლიო ისე შეეგუა ამ არცთუ სახარბიელო პოზას, დამამცირებელს და შეურაცხმყოფელს, რომ ვეღარც კი გრძნობს სხეულის რა ნაწილის ქვეშ იმყოფება.

რაღა სხვა, ჩვენც ისე მივეჩვიეთ საჯდომქვეშ ყოფნას, ერთი სული გვაქვს ვინმემ არ გამოგვიყვანოს ამ პოზიდან.

დასავლეთთან 32-წლიანმა ურთიერთობამ, ომი რომ დაგვაწყებინა სამხრეთ ოსეთში და ტერიტორიები დაგვაკარგვინა, არაფრად მიგვაჩნია. 32-წლიანმა ურთიერთობამ საკუთარი თავი, კულტურა, ხელოვნება, განათლება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, … დაგვაკარგვინა, არაფრად მიგვაჩნია. მეზობელ რუსეთს, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაგვკიდა, არაფრად მიგვაჩნია.

დღეს, ისე მოვიხსენიებთ რუსეთს, როგორც დაუძინებელ მტერს, რომელსაც ჩვენი გადაყლაპვის სურვილი აქვს, მაგრამ ამერიკის ეშინია და ჯერ-ჯერობით ვერაფერს გვიბედავს.

საქართველოში, რომ მოაზროვნე ადამიანის დეფიციტია — აშშ-ს მეცადინეობის შედეგია, თორემ მოაზროვნე სხვა თვალით შეხედავდა რუსეთთან ურთიერთობას — არა ქარაფშუტულ, ვითომ ისტორიულით, არამედ გაუყალბებელით, რეალურით და იმას მაინც იტყოდა, რატომ აძლევს საქართველოს რუსეთი ხორბალს, იმიტომ რომ მოსუქებული მსხვერპლის გადაყლაპვის სურვილი აქვს?

ან რატომ გვიმართავს ხელს და ფართოდ გვიხსნის საკუთარი ბაზრის კარს, ჩვენი პროდუქციის გასაყიდად?

რუსეთის მიერ გადასაყლაპად გამზადებულ საქართველოს ეკონომიკას, რატომ უწევს დახმარებას?

ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკა 73%-ით რუსეთზეა ჩამოკიდებული.

და ისევ ივანიშვილის 2012 წლის დაპირება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით — სად არის?

ნუთუ, 12 წელი საკმარისი არ იყო დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ნორმალური კავშირების ჩამოსაყალიბებლად?

ნუთუ, კოლექტიური დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს ჩვენს მიმართ ბატონყმური ურთიერთობა არაფერს გვეუბნებოდა, რომ თავი განსაცდელში არ ჩაგვეყენებინა?

სად გაქრა ქართული სიამაყე, ასერიგად თავი რომ მოგვაქვს სუფრაზე?

თუ დასავლეთისადმი ფიანდაზად გაგება, ფეხისსაწმენდ ჩვარივით, არ ლახავს ჩვენს თავმოყვარეობას, დასავლელთა ფეხსაწმენდობა თავმოყვარეობის შელახვა კი არა, სიამაყეა?

ხშირად ვისმენთ მავანთაგან, რუსეთისგან ურთიერთობათა გამოსასწორებელ ნიშანს ადგილი არ აქვსო. რუსეთმა ბევრი ნიშანიც მოგვცა და პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ ამერიკელთა შიშით ვერ ვუპასუხეთ. ამერიკელთა შიშით არათუ ვერ ვუპასუხეთ,  ისეთი ანტირუსული ცეცხლი დავანთეთ საერთაშორისო არენაზე, მიკვირს რუსეთმა ის ურთიერთობა, რაც მას ჩვენთან აქვს, არ გაწყვიტა.

მოდით გავიხსენოთ წინა პრემიერის, ღარიბაშვილის გამოსვლები გაეროში, სხვა საერთაშორისო არენაზე, სადაც სიტყვები „აგრესორი“, „ოკუპანტი“ ისე ჟღერდა მისი პირიდან, ვითომც არაფერი. ღარიბაშვილმა თავი შეიკავა  რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნასა და ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ რა უფრო მეტი იყო ამ გადაწყვეტილებაში?

ცხადია, საკუთარი თავის დაზღვევა უბედურებისგან, საკუთარი ქვეყნის შემდეგ. დასავლელთა დაჟინებული მოთხოვნით, მას ომი უნდა დაეწყო რუსეთთან, მაგრამ ვისი მეშვეობით? — ჯარით, რომელიც არაფერ თავშია და იარაღით, რომელიც საქართველოს არ გააჩნია?!

მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ რა იქნებოდა?

იქნებოდა ის, რაც 2008 წელს იყო — სასმელი წყლით და ტუალეტის ქაღალდებით მომარაგება. აშშ-ი, ისე დაიბანდა ხელს, როგორც 2008 წელს; ისე გააბრიყვებდა ღარიბაშვილს, როგორც სააკაშვილი გააბრიყვა. ეკონომიკურ სანქციებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ვინაიდან რა ეკონომიკური სანქციები შეიძლება დაუწესოს ეკონომიკურად სუსტმა საქართველომ, რუსეთს?

რუსეთი უმადური არ არის და საქართველოს ამ გადაწყვეტილებებს დადებითად აფასებს, მაგრამ იმასიც ხედავს და ისმენს, რასაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს საჯაროდ.

შორს რომ  არ წავიდეთ, მოვიყვანოთ ბოლო მაგალითი — პრემიერ-მინისტრ კობახიძის მონაწილეობა ბერლინის კონფერენციაში, რომელიც უკრაინის აღორძინებას მიეძღვნა.

დიახ! არ გაგიკვირდეთ, ომისშემდგომი დანგრეული უკრაინის აღდგენას და აღსადგენი ფულის შეგროვებას. განა სასაცილო არ არის, გაგანია ომის დროს ამაზე ლაპარაკი?

განა სასაცილო არ არის, აღდგენაზე ლაპარაკი ქვეყნისა, რომლის არსებობა-არარსებობა სასწორზეა შემოდებული, რომლის საზღვრები ჯერაც გაურკვეველია და ა.შ.?

მაგრამ სასაცილო არაფერია, ვინაიდან კონფერენციის მთავარი მიზანი იყო და არის ფართო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრძანა — რუსეთი უნდა დამარცხდესო.

რომ არ მარცხდება და რომ უკრაინა და კოლექტიური დასავლეთი, უკრაინის დამხმარე, მარცხდება — ამას რა ვუყოთ?

კონფერენციამ თავისი გააკეთა, ანუ მოუწოდა უკრაინას — იომეთ, ჩვენ დაგეხმარებითო, თქვენი ცოცხალი ძალა, ჩვენი იარაღიო.

აი, ასეთ კონფერენციას დაესწრო კობახიძე, რომელმაც, ისე, როგორც მისმა წინამორბედმა, დაწიხლა რუსეთი და დახმარება აღუთქვა „ბედშავ“ უკრაინას — ჩვენ გავიხდით, არ შევჭამთ და თქვენ გამოგიგზავნითო.

ვის უგზავნით დახმარებას, ბატონო ირაკლი?

ქვეყანას, რომლის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სულ ახლახანს ჩრდილო კვიპრზე 200 მილიონიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა თავისი კაზინოთი? უკვე მერამდენე ვილა უცხოეთში?

ზელენსკის მეუღლემ, ელენემ ნიუ-იორკის საიუველირო მაღაზიაში ერთი მილიონი დოლარის სამკაულები შეიძინა, რომლის ანგარიში ეკრანზე დადო ერთ-ერთმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ?

არ მითხრათ, თქვენ არ იცოდით ამის შესახებ. განა, თქვენი ვიზიტი და სიტყვა უყურადღებოდ დარჩება რუსეთში?

მოდით ახლა თვალი შევავლოთ სტატიებს, რომლებიც იბეჭდება უცხოურ პრესაში — საქართველოსთან დაკავშირებით.

Foreign Policy — სცენარის განვითარების ასეთი პერსპექტივა იქნება: თუ ოქტომბრამდე „აგენტების“ კანონს არ გაიწვევენ, ევროკავშირი არ მისცემს საქართველოს დასტურს კანდიდატის სტატუსზე. ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი მოითხოვენ ევროკავშირისგან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას.

რუსი ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი რუბეჟის“ რედაქტორი ალექსეი ალბუ წერს: „ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არის რაღაც პრიორიტეტი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხელისუფალთათვის, რომელთაც მიეცემათ შანსი სისტემატურად იფრინონ ევროპაში, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ღონისძიებებში, შესაძლებლობა ჰქონდეთ იყვნენ ევროპული „კლუბის“ წევრები. მაგრამ რას აძლევს ეს მოსახლეობას? — აბსოლუტურად, არც არაფერს. ადგილობრივ ელიტას მისცეს წინადადება — გაეყიდათ ქვეყანა, „თეთრ ბატონებთან“ ურთიერთობაზე“.

საინტერესო მოსაზრებას აჟღერებს АПН რედაქტორი ანდრეი დიმიტრიევი: „საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მოსკოვისკენ შემობრუნებას ნიშნავს და როგორ აუხსნის ის, ხალხს — 20 წლის განმავლობაში რომ გიმტკიცებდით ევროკავშირი და ნატო კარგია, რუსეთი — ცუდი, ახლა კი შებრუნებით არის?“

პასუხი: „ეს იქნება შებრუნება საკუთარი ინტერესებისკენ. დიახ. ეს ინტერესები მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან, მის ბაზართან, სადაც ახსოვთ ქართული ღვინოები, სხვა პროდუქტები. და ამის გაკეთება შეიძლება ხმამაღალი განცხადებების გარეშე. თვით მოსკოვმაც კარგად იცის იმ ალერგიის შესახებ, რაც საქართველოში არსებობს რუსეთისკენ შემობრუნების თაობაზე. ამიტომაც არ ითხოვს საჯარო ჩახუტებას, საკმარისია ეკონომიკური, საზღვრების გახსნა და საქართველო აღმოჩნდება რუსეთის გავლენის ქვეშ. ამასთანავე რიტორიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს შეეძლებათ გააგრძელონ, სანამ არ მობეზრდებათ.

დასავლური საზომის მიხედვით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებით, მაგრამ თავისი სურვილებისდა მიხედვით კანონებს ვერ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლური პარტიაა, ე.წ. „კარგი ბიჭებისგან“ შემდგარი, რომლებსაც სურთ ევროკავშირში ყოფნა — რუსეთთან კონფრონტაციის გარეშე, მეორე ფრონტის გარეშე, გონგამოცლილი სააკაშვილის გარეშე. მაგრამ არა, უფროსებს ეს არ აწყობთ. მათ უნდათ, რომ „აგენტების“ კანონი გაუქმდეს და პროდასავლურმა არასამთავრობოებმა მოამზადონ ხალხი მეორე ფრონტის გასახსნელად. „თეთრმა ბატონებმა“ ხომ არ უნდა იომონ რუსებთან?

მსოფლიოში ვითარება იძაბება. ასეთ დროს, დასავლეთის გარეშე ორ წყალს შორის გავლა გაუჭირდება თბილისს“.

ზემოთ გავიხსენე ქართული ანდაზა — „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, თუმცა ჩვენს შემთხვევაში, რომ გვიან კი არა, ძალიან დაგვიანებულია — ეჭვი არ მეპარება. ივანიშვილს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება 2012 წლიდანვე დაეწყო, იმ პოლიტიკურ ქაოსს ადგილი არ ექნებოდა, რაც საქართველოშია. მაგრამ, ის გაერიდა აქტიურ პოლიტიკას და ზვიგენით, პინგვინით, აფრიკიდან ბაობაბის „გადმოსვენებით“ გაირთო თავი. ვერ გაუწია ჯეროვანი კონტროლი თავისსავე არჩეულ ხელისუფლებას, ევროპა-ამერიკით დახარბებულს და მივიღეთ ქვეყანა — არასამთავრობოთა ბატონობის ქვეშ. ქვეყანა, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროატლანტიკური სივრცის ისეთი ქება-დიდებაა, ისინიც რომ გაოცდებიან;

მივიღეთ ქვეყანა, სადაც რუსეთის გამუდმებული, კოკისპირული ლანძღვა-გინებაა; მივიღეთ ქვეყანა, სადაც რუსეთის ხსენება დანაშაული და ღალატია; მივიღეთ ქვეყანა, ანტირუსულად მოწამლული ხალხით.

დასავლეთთან ურთიერთობის ისეთი გამოსწორება, როგორიც მას სურს სუვერენიტეტის, თავისუფლების, საკუთარი თავმოყვარეობის დაკარგვაა და საბოლოო ჯამში ქვეყნისაც, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველო ჰქვია.

პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა ნიშნავს მეორე ბანაკისკენ სვლას, რამეთუ მსოფლიოში არსებული ორი ბანაკიდან ერთი, დასავლური, ვიცით რაც არის, მეორე — ნაკლებად, მაგრამ არის სხვა გზა?

მე, პირადად სხვა გზას ვერ ვხედავ. აფსუს, რა დრო დავკარგეთ? ასე რომ ანდაზა — „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ ასე თუ ისე უნდა მოვირგოთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

14/06/2024