ახალი ცხოვრების მოლოდინში
„აგენტების“ კანონის მიღებით გამოწვეულმა ვნებათა ღელვამ დაიკლო, თუმცა არ ჩამქრალა და უნდა ვივარაუდოთ, რომ თავს საპარლამენტო არჩევნების დროს შეგვახსენებს.
ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, საპარლამენტო არჩევნები წერტილს დაუსვამს „ქართული ოცნების“ მმართველობას და მას, ანუ ოპოზიციას მიეცემა შესაძლებლობა ქვეყნის წარმატებული მართვის და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების, „ოცნების“ მიერ ხალხისთვის დანაპირების შესრულების. განვმარტავ, ის, რაც „ოცნებამ“ არ შეასრულა 2012 წლიდან მოყოლებული, დღემდე, იმის შესრულებას და უფრო მეტისაც.
ყველა ოპოზიციური პარტია ამას გვპირდება, ერთნაირი სიტყვებით, წინადადებებით, დაზეპირებული, ცრუ ენთუზიაზმით — მდარე თეატრალური სპექტაკლის მსგავსით.
შეძლებს ოპოზიცია ხალხის, ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობას, გადაბირებას? ძნელი გამოსაცნობი არ არის. ძნელი იქნებოდა, საქართველო რომ სხვაგან მდებარეობდეს, სადაც არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება; სადაც არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულად აღიქმება; სადაც დამნაშავე ისჯება და ა.შ. მაგრამ საქართველო მდებარეობს ამიერკავკასიაში, რეგიონში, სადაც არჩევნების გაყალბება ჩვეულებრივი რამაა — ქაღალდზე, კანონში მიუღებელი და დასჯადი, ყოველდღიურ ცხოვრებაში — მიღებული.
32 წლის დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებამ მეც და სხვასაც გაგვიჩინა ზერელე დამოკიდებულება არჩევნებისადმი. რას ნიშნავს სიტყვა „ზერელე“? — მარტივ ჭეშმარიტებას და იმას, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით შეუძლია არჩევნების მოგება და თუ ადმინისტრაციულს სიყალბესაც მიახმარს, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას წინ არაფერი დაუდგება.
არის ფორსმაჟორული სიტუაციაც, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების განწყობაზე და საბოლოო ჯამში არჩევნებზე. მაგრამ ასეთი იშვიათად ხდება და მსგავსს ადგილი არ აქვს დღეს. რა იქნება ხვალ, აი, ის — „ხვალ“ გვაჩვენებს.
ფორსმაჟორული იყო ნაცმოძრაობის მიერ პატიმრებისთვის უკანალში ცოცხის ტარების შერჭობა და ამ აღმაშფოთებული სცენის ამსახველი ვიდეო-კადრების ელექტრონულ მედიაში გაშვება.
სააკაშვილის ხელისუფლებას უხვად ჰქონდა ფორსმაჟორული მომენტები, რამაც ხალხის უკიდურესი უკმაყოფილება, გაცხარება გამოიწვია და რევოლუციური ტალღაც ააგორა, რასაც სააკაშვილისა და სააკაშვილთა დამხობა მოჰყვა.
სააკაშვილს, რომ ისე ემართა ქვეყანა, როგორც გონებრივად საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს და არა ქარაფშუტა ჯალათს, დღესაც საქართველოს თავში იქნებოდა. მაგრამ, რომ იტყვიან ქართულად — „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“.
სააკაშვილი ამერიკული პროექტი იყო, აშშ-ს მიერ გამოძერწილი, იქაურ სპეცსამსახურებთან შეკრული. სააკაშვილს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ოკეანედალეული, ისე, როგორც თავის დროზე პეტერბურგში განათლებამიღებულ ქართველობას „თერგდალეულებს“ ეძახდნენ, თუმცა ჩემეული შედარება ზედაპირულია და არა სიღრმისეული. სიღრმისეული კი ბევრს ნიშნავდა იმჟამინდელი საქართველოსთვის.
მეფის რუსეთი, საკუთარი წარმომადგენლის, ანუ მეფისნაცვლის ძალისხმევით ამიერკავკასიაში ახერხებდა ნიჭიერი ახალგაზრდების რუსეთის ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა-განათლებისთვის მივლინებას. მიზანი? — რუსეთში მიღებული განათლების სამშობლოში გამოყენება და არა მარტო სამშობლოში, უკიდეგანო რუსეთის იმპერიაში.
რუსეთში განათლებამიღებული ქართველებისგან, ცენტრი სავალდებულოდ არ თვლიდა მონურ მორჩილებას. ლოიალურობა და არა ყურმოჭრილი მონობა იყო დამახასიათებელი იმჟამინდელი ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობებისთვის, რამაც ხელი შუწყო ქართველ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, ინტელიგენციის ჩამოყალიბებას, ხელოვნების, კულტურის განვითარებას.
რუსეთის მეფისნაცვალი ენერგიას არ იშურებდა ქართველთა ცოდნის ამაღლებისთვის, მათი მსოფმხედველობის დახვეწა-განვითარებისთვის. ამ მხრივ ფასდაუდებელი მუშაობა გასწია გრაფმა ვორონცოვმა, რომელმაც ქალთა გიმნაზიაც დააარსა და თბილისი აღმოსავლური ქალაქიდან, ევროპულად აქცია.
მეფის რუსეთის წარმოგზავნილების შრომა-გარჯის შედეგად აღმოცენდა დღევანდელი რუსთაველის გამზირი, შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლებით, ოპერისა და ბალეტის თეატრით, რუსთაველის თეატრით, ოფიცერთა სახლით, სხვა შენობა-ნაგებობებით; სოლოლაკით, პლეხანოვის გამზირით, ფუნიკულიორით, ბოტანიკური ბაღით, მელიქ-აზარიანცის სახლით და ა.შ.
საქართველოს მაშინ არქიტექტორები არ ჰყავდა. რუსი და უცხოელი არქიტექტორები გვიშენებდნენ ქალაქს.
აღმშენებლობა, გაცილებით მაღალი ტემპით საბჭოთა პერიოდშიც გაგრძელდა. გაჩნდა ფუნდამენტური შენობები — ე.წ. სტალინის არქიტექტურა. მის შექმნაში რუს არქიტექტორებთან ერთად ქართველი არქიტექტორებიც იღებდნენ მონაწილეობას. ბევრ მათგანს რუსეთში ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება.
საბჭოთა კავშირის 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში ენით აუწერელი წარმატება მოიპოვა საბჭოთა საქართველომ. მას უკვე ჰყავდა საკუთარი უმაღლესდამთავრებული ყველა სპეციალობის კადრი; ჰქონდა მეცნიერთა აკადემია, თავისი კვლევითი ინსტიტუტებით. და ყოველივე ეს უმძიმესი სამამულო ომის დროს და შემდეგ.
დამისახელეთ თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც აშშ-ა, ევროპის ქვეყნებმა მეცნიერებათა აკადემია გაუხსნეს მათი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს. ოპერისა და ბალეტის თეატრზე ან სხვა დრამატულ თეატრებზე აღარაფერს ვამბობ.
რაც ევროპელებმა გააკეთეს ევროპაში, აფრიკიდან ზანგი ბავშვები ჩაიყვანეს და გალიაში გამომწყდეულებს „მაღალი რასის“ თეთრკანიან და „ცისფერსისხლიან“ კოლონიზატორებს აჩვენებდნენ. „ადამიანთა ზოოპარკი“ — არაფრით განსხვავდებოდა ფაშისტური გერმანიის ანტიადამიანური ქცევისგან. იდგა 1957 წელი, ფაშიზმის დამარცხებიდან არცთუ მრავალი წელი იყო გასული, ფაშისტურ საშინელებათა დასავიწყებლად. რა გაეწყობა, დაივიწყეს!
გაოცებას იწვევს ზოგიერთი ქართველის, მაპატიეთ ზოგიერთის კი არა , თითქმის ყველა ქართველის, მითუმეტეს პოლიტიკოსის, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის, უმეტესობა ჟურნალისტის თავდავიწყებული ძახილი — ევროპა, ევროპაო, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიაო, დასავლეთს მოწიწებით უნდა ველაპარაკოთო, სიტყვა არა უნდა შევუბრუნოთო. მოკლედ, თავდახრილი უნდა ვიყოთ, როდესაც ისინი გვტუსკავენო და ა.შ.
ამის შემხედვარეს არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ჩვენს განვლილ ისტორიას, არა გაფურჩქვნის, აღმავლობის პერიოდს, არამედ შემდგომს, რომელმაც თავმოყვარეობაც დაგვაკარგვინა და მლიქვნელობაც გვასწავლა — ენით აუწერელი.
მე-12 საუკუნის ბოლოდან დაწყებული, რუსეთთან შეერთებამდე, ვინ არ გვძიძგნიდა, ვინ არ ცდილობდა ჩვენი აღმსარებლობის ჩვენთვის დავიწყებას, ჩვენი წეს-ჩვეულებების გადაგვარებას, მრავალ სხვას, რამაც თავის გადარჩენის ისეთი ხერხები გვასწავლა, დღემდე რომ სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი, მათ შორისაა ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთის ძაგება, ერთმანეთის ოჯახების ამოწყვეტა, ერთმანეთის შვილების, ცოლების, ახლობლების მოტაცება და ქობულეთის „ადამიანთა ბაზარში“ გაყიდვა.
რაო, რაო? — იკითხავს გაოცებული მკითხველი.
არაფერი გადაჭარბებული, პატივცემულებო. მარტივი ჭეშმარიტებაა და მეტი არაფერი, რაც თავის წიგნში „კავკასია“ დაწერა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ. მან ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სიტყვები მოიყვანა — თურქეთში, სამეგრელოს ელჩის ისტორიიდან, რომელმაც სტამბოლში ყოფნის დროს, თავისი ამალის 200 კაციდან, მხოლოდ მოსამსახურეები დაიტოვა, დანარჩენი მასპინძლებს მიჰყიდა.
ადამიანთა ვაჭრობა ისე იყო გამჯდარი დასავლეთ საქართველოში, რომ ცოლ-შვილის გაყიდვაც არაფრად უღირდათ.
აღნიშნული მანკიერება ვერაფრით გადაათქმევინეს ჩვენს წინაპრებს ევროპელმა მისიონერებმა. მხოლოდ მეფის რუსეთმა შეძლო წარმატების მიღწევას, თუმცა ადამიანთა ვაჭრობის მაგალითები, უკვე იშვიათი, მაგრამ მაინც მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა.
აღნიშნულის თაობაზე წერს აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი, ისე, როგორც სხვები.
დიახ! რუსმა გადაგვაფიქრებინა ჩვენივე ხელით, ჩვენივე ოჯახისთვის ყელის გამოჭრა.
ჩვეულება, რჯულზე უმტკიცესიაო — ამბობდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენც ვიმეორებთ, არ ვწვდებით რა გამონათქვამის სიბრძნეს. სიბრძნე კი იმაშია, რომ საუკუნეების განმავლობაში ბინძური საქციელი, წეს-ჩვეულებაში გადაგვივიდა, როგორც არასაძრახი, ჩვეულებრივი და არა ჩვეულებრივი რამ. ასე რომ, პოლიტიკოსთა მიერ დასავლელთა უკანალის ლოკვა ჩვეულებრივად, მისაღებად გვესახება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას (ლოკვას) ფული მოჰყვება. რა სჯობს ამას?
მოლოკავ და დოლარებს ჩაბღუჯავ. ბევრჯერ მოლოკვას, ბევრი დოლარი მოაქვს, ამასთანავე დოლარის მომცემთან ნდობაში შესვლას, შეამხანაგებას, შემდეგ შეთანხმებას მოცემულის გაყოფასთან დაკავშირებით.
პროცესი ლოკვისა ორმხრივი ხდება — საამური, სექსის შემთხვევაში, თუმცა ფინანსური ლოკვა რით არის ნაკლები თუ არა მეტი? ურთიერთის ლოკვას თუ ურთიერთისთვის ფული მოაქვს, ორივე ხომ მოგებულია?
ორივე იგებს, მაგრამ ვიღაც ხომ აგებს და ეს ვიღაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელია, ამასთანავე ფულის გამომმუშავებელი. ნუ იფიქრებთ, ამერიკელზე ვფიქრობ, ისინი თვითონ მოუვლიან საკუთარ თავს, საქართველოზე ვფიქრობ, ამერიკელთა მსგავსად წაგებულზე.
რატომ წაგებულზეო — იტყვით თქვენ. იმიტომ, ბატონებო, რომ ფული, რომელიც აშშ-ა გამოუყვეს საქართველოს არასამთავროებს იმისთვისაა, რომ საქართველოს კეთილდღეობას მოხმარდეს და არა არასამთავრობოთა ერთმანეთში გაყოფას, ნაწილის უკან, სათავო ორგანიზაციაში დაბრუნებას.
აშშ-ს ოფიციოზი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ ამდენი და ამდენი საქართველოს გავუგზავნეთ, რათა თავი დააღწიოს მტარვალი რუსეთის ზეწოლას, უზრუნველყოს საკუთარი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობება.
იმ ამერიკელს ეუბნებიან მისთვის უცნობი ქვეყნის ფინანსურ დახმარებაზე და ისიც, ბრიყვი, უვიცი და გაუნათლებელი არც კი ეკითხება ადმინისტრაციას — სად არის საქართველო?
ამერიკელთა უვიცობაში დარწმუნებული ამერიკის პოლიტიკა არაოფიციალურად, კულუარულად ავალებს საქართველოს არასამთავრობოებს მიცემული ფული დახარჯონ ანტისაბჭოურ პროპაგანდაში, ანტირუსულ პროპაგანდაში, ანტირუსულ ავანტიურაში. შეაძულონ საქართველოს მოსახლეობას რუსეთი. თვით ქართველებს გადაატარებინონ ასფალტის სატკეპნი უზარმაზარი დანადგარი საკუთარსავე ისტორიაზე.
მიზანი ოკეანისგადაღმელის მარტივია — საქართველოს სადგისივით გამოყენება, რუსეთის დუმებში საჩხვლეტად. რა იოლი დავალებაა, რა უნდა ამის გაკეთებასო — შემოვძახეთ ქართველებმა და დაუფიქრებლად ყველა ხიდი დავწვით რუსეთთან მისასვლელი და საკუთარი შიდა ხიდებიც დავწვით, მათ მივაყოლეთ ყველა სიკეთე, რაც შრომით, ოფლით, სისხლით შევქმენით 70 საბჭოურ წლებში.
რა მივიღეთ სანაცვლოდ? — ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელიც არის და იოლიც. ძნელია, თუ სიღრმისეულად მიუდგები საკითხს და არა ზედაპირულად; იოლია, როდესაც დღევანდელი „პოლიტიკოსების“, არასამთავრობო ორგანიზაციების, დასავლეთზე მიყიდული მედიის თვალით და ჭკუა-გონებით განიხილავთ სიტუაციას.
ამ უკანასკნელთა გულწრფელი განცხადებით, საქართველო ჩაბმულია ე.წ. დასავლურ ფერხულში, რომელსაც წარმატება მოაქვს ქვეყნისთვის. მათ რომ ჰკითხოთ — რაში გამოიხატება წარმატება. კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემენ — საერთო ფრაზებით და ლოზუნგებით დაგვივსებენ თვალებს და იმის ძახილით — რაოდენ ძლიერია ქართული დემოკრატია; რაოდენ თავისუფალია ქართული მედია,; რაოდენ თავისუფალია ევროპაში გამგზავრება და ა.შ.
ვერც ერთი მათგანი ვერ ან არ გეტყვით, რომ ქვეყანაში, სადაც ერთი მდიდარი კაცის პორტრეტი დასტრიალებს პოლიტიკურ, სასამართლო, ადმინისტრაციულ სისტემას, ვერ იქნება დემოკრატიული. ფსევდო, ტყუილი დემოკრატია ჰქვია ვითარებას, რაც საქართველოშია და რაც კარგად იცის ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა და მისმა დამონებულმა თანამგზავრებმა ევროკავშირიდან.
იკითხავთ — თუ იცის, რატომ ზომებს არ იღებსო?!
არც მიიღებს, ვიდრე მონა საქართველოს პოლიტიკა, თავისი ოლიგარქით არ შეაწუხებს მას; არ შეეცდება მონობის ჯაჭვის გაწყვეტას. აი, როდესაც შეეცადა — „აგენტების“ კანონის მიღებით, სანქციებიც გააშანშალა — ამერიკაში აღარ შემოგიშვებთო.
ესეც თქვენი ამერიკული დემოკრატია. ვიდრე უკანალს ვულოკავდით, მისაღები ვიღავით, მაგრამ, როდესაც ოდნავ გვერდზე გავიხედეთ და, მიუხედავათ მათი დაშინებისა, მაინც მივიღეთ კანონი, მიუღებელი გავხდით.
საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც აშშ-ს არ აწყობს. მაპატიეთ, მაგრამ საქართველომ თავისი კანონი მიიღო, თუ აშშ-ს? ჩვენ კანონთან, მას რა ესაქმება?
არაფერი, მაგრამ ჩვენივე ბედოვლათობით, ყველაფერი ვიღონეთ, რომ მას (აშშ) საქართველოში, ყველა დარგში და ყველა სფეროში ესაქმებოდეს.
შევტოპეთ და მერე რა ღრმად — ჭაობში, ყელამდე ჩაძირულები ვართ, თუმცა ზემონახსენებნი ამას არაფრად აგდებენ, უფრო მეტს ითხოვენ, ანუ პირამდე ჩაძირვას.
ახლა, რაც შეეხება საკითხის სიღრმისეულ განხილვას. წინა სტატიებში ვწერდი საბჭოთა საქართველოს მიღწევებზე განათლებაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ხელოვნებაში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, ქვეყნის განვითარებასა და მდგრადობისთვის საჭირო ყველა დარგში და აღარ გავიმეორებ.
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ — არის ასეთი ქართული გამოთქმა. ის, რაც 32 წლის წინათ გვქონდა ნანახი და განცდილი, გასხეულებული, დღეს ვეღარ ვნახავთ. რომ ვნახოთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ახალი პარტნიორით და არა ციხის ზედამხედველებით.
აშშ-ი, ევროკავშირი — გუშინდელი დღეა, ხავსმოკიდებული, მოძველებული. ახალი ცხოვრება მოდის „ბრიკსის“, „შოსის“, სხვა ორგანიზაციების სახით, სადაც საქართველოს გაწევრებას არვინ დაამადლის, მაგრამ მას ახალი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს, მიუხედავად ამერიკა-ევროპის დაშინებისა.
32 წლის შემდეგ, გამოვლილი მრავალი სატანჯველისა და ომების, ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, იქნებ გონს მოვეგოთ, აშშ-ს მიერ ჩვენთვის დაწესებული სანქციები რწყილის კბენად ჩავთვალოთ და გავწიოთ იქეთკენ, სადაც სუვერენიტეტს პატივს სცემენ; სადაც დამოუკიდებლობა და მონობა სინონიმები არაა; სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია; სადაც ჩვენი ესმით და სადაც გზააბნეულებს, წარსულ შეცდომებს გვაპატიებენ. ერთხელ მაინც პატივი ვცეთ ჩვენს წარსულ ისტორიას, მათ შორის საბჭოურ 70 წელს და დავიწყოთ ახალი, უდასავლეთო ცხოვრება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
08/06/2024