მოკლე მონაკვეთი საქართველო-ირანის ურთიერთობებიდან

წინა სტატიაში შეგპირდით, პატივცემულო მკითხველო, მეთქვა თქვენთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ, ქვეყნის, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ურთიერთსაპირისპირო განცდას იწვევს, თუმცა არა ისეთ ნეგატიურს, როგორც რუსეთი.

დრო მიდის, ძველი იარები შუშდება, მითუმეტეს საუკუნეთა წინათ მიღებული, მაგრამ რაღაც ხინჯი რჩება — არასასიამოვნო, თავს რომ გახსენებს. ასეთად, საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებს შაჰ-აბასის მეფობის პერიოდი მიაჩნიათ და ჩვენთვის ამ პერიოდის ის ნაწილი, რომელიც ქართლ-კახეთიდან, ქართველთა ირანში გადასახლებას უკავშირდება.

ახალ თაობას სხვა განწყობა აქვს თანამედროვე ირანის მიმართ, ცხადია ნეგატიური, თუმცა არა ისტორიით გამოწვეული, არამედ დასავლეთის პროპაგანდაზე დაფუძნებული — ჩამორჩენილი ქვეყანა, მოლების დიქტატურით, შორს, ძალიან შორს მყოფი თანამედროვე დასავლური კულტურისა და ფასეულობებისგან, ქვეყანა, ისეთი, პროდასავლურ საქართველოს, არავითარი კავშირი რომ არ უნდა ჰქონდეს.

ამ ორი მკვეთრად განსხვავებული მოსაზრების გასაწონასწორებლად, შუას, ნეიტრალურს, პრაგმატულს უნდა ვეძებდეთ, რეალიზმზე დაფუძნებულს და არა რეაქციულს, ისეთს, ორივეს რომ ახასიათებს და ხელს უშლის, როგორც მათ, ისე ქვეყანას იქონიოს 90-მილიონიან ირანთან ყველა სახის ურთიერთობა — სავაჭრო-ეკონომიკურით, სამეცნიერო-ტექნიკურით დაწყებული, თუნდაც პოლიტიკურით დამთავრებული.

ჩემი, პირადი გამოცდილება ირანის, როგორც სახელმწიფოს მოკრძალებული ცოდნა მკარნახობს ამას.

ირანთან პირდაპირი კავშირი, თუმცა არა ხანგრძლივი, არამედ ხანმოკლე, ერთსაათიანი, ჯერაც ირანის შაჰის, რეზა ფეჰლევის დროს მქონდა, როდესაც მოსკოვიდან ლაოსს მიმავალს, თეირანის აეროპორტში, საწვავის შევსებისთვის, დაეშვა ჩვენი თვითმფრინავი.

ირანის უფრო ახლოს გაცნობა, ირანის ისლამური რევოლუციის (1979) შემდეგ დაიწყო, თეორიული ცოდნის, პრაქტიკული გამდიდრებით.

ისლამურ რევოლუციამდე სხვა ირანს ვიცნობდი — შაჰის ირანს, რამეთუ ირანის შაჰის ოჯახის წევრები, ძმა — აბდო რეზა ფეჰლევი, დები — შამს და აშრაფ ფეჰლევები სტუმრობდნენ საქართველოს და ამ სტუმრობის პროგრამას მე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, ვადგენდი.

აბდო რეზა ფეჰლევი სანადიროდაც ჩამოდიოდა საქართველოში და მას მასპინძლობას უწევდა სპარსოლოგი, მეცნიერი, მთარგმნელი, უაღრესად განსწავლული პიროვნება ჯემშიდ გიუნაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, საქართველოს ხელმძღვანელმა ე.შევარდნაძემ, ირანში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა.

ისლამურ რევოლუციამდე საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ირანის შაჰიც. ვიზიტის პროგრამაში მოსკოვმა საქართველოც შეიტანა. ირანის შაჰის, რეზა ფეჰლევის, მისი თანმხლები პირების საქართველოში სტუმრობის პროგრამის შედგენაც მე მხვდა წილად.

შაჰის ირანი მჭიდროდ თანამშრომლობდა აშშ-ნ, ისრაელთან. შაჰის ჩამოგდებამდე რამდენიმე თვით ადრე, ირანს, აშშ-ს პრეზიდენტი, კარტერი სტუმრობდა, რომელსაც ირანში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები, აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანი ბჟეზინსკი არწმუნებდნენ ირანის ხელისუფლებისა და ხალხის სრულ ლოიალურობაში აშშ-ს მიმართ.

არადა, ირანელებში დუღდა რევოლუციური განწყობა, ანტიმონარქიული სულისკვეთება, რაც 1979 წლის ისლამური რევოლუციით დამთავრდა.

რევოლუციური აღმაფრენის კულმინაცია იყო საფრანგეთში საცხოვრებლად იძულებით წასული, უფრო სწორად გადასახლებული აიათოლა ხომეინის სამშობლოში დაბრუნება. კინოფირმა აღბეჭდა ეს ისტორიული მოვლენა — მილიონობით თეირანელი, მისული აეროპორტში, გამოსული ქუჩებში.

ირანის ისლამურმა რევოლუციამ არა მარტო რეგიონზე იქონია გავლენა, არამედ მსოფლიოზე. ახლო აღმოსავლეთში გაჩნდა ძალა, სერიოზულად დაპირისპირებული აშშ-ნ, მის მოკავშირე ქვეყნებთან. რევოლუციური ირანი გახდა ყინულმჭრელი აშშ-ს მიერ მთელს მსოფლიოში დომინირებული სისტემის ნგრევისა, რომლის წარმოდგენაც კი ყველგან და ყველაში იწვევდა შიშს. ვაითუ, მსოფლიოს ჰეგემონმა ომი არ დაუწყოს ირანს — მოსარჯულებლად, ცხადია ამერიკულად და ეს ომი არ გადავიდეს მთელს მსოფლიოზე.

კლერიკალური მმართველობა, მე-20 საუკუნისთვის ნაკლებად დამახასიათებელი, უნიკალური — ირანულის სახელით, როგორც ბრენდის, 21-ე საუკუნის 20-ანი წლებისთვის უკვე მისაღებად აღქმულის, სერიოზულ ძალად მიიჩნევა იმ უწმინდობასთან ბრძოლაში, რომელიც აშშ-ა, მისმა მონა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, როგორც ძვირფასი საჩუქარი თავს მოახვიეს მსოფლიოს.

თანამედროვე ირანი, ისლამის სერიოზული, სიღრმისეული მიმდევარი, ისეთივე თანამედროვეა, შესაძლოა უფრო მეტიც, ვიდრე ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა.

აღმოსავლეთ ევროპის და არა მარტო, ძველი, ანუ დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, ერთად აღებული, ახლოსაც ვერ მივა ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ პროგრამასთან, სამხედრო მშენებლობასთან, მედიცინის დარგში მიღწეულ წარმატებებთან. ვინმე წარმოიდგენს, გარდა ქართული პოლიტიკისა, ბალტიისპირა ქვეყნების, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის ან სხვათა მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, ან სხვა სახის იარაღის დამზადებას?

ვინმე წარმოიდგენს ბალტიისპირა ქვეყნების ავტომშენებლობას?

ირანი — რეგიონის ავტომშენებელი, თანაც წარმატებული ქვეყანაა. ბევრ თქვენგანს შეხება ჰქონია და აქვს ირანულ ტაქსებთან, რომლებიც უხვადაა თბილისში.

ირანის ისლამურმა რევოლუციამ, ბევრი სიკეთე მოუტანა საკუთარ ხალხს, რაც თვალშისაცემია და რაც ირანში სტაჟირებაზე მყოფ თქვენს მონა-მორჩილსა და ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძისთვის საოცარ აღმოჩენასავით გადაიქცა.

მოლებიო, — დაცინვით, ამბობენ ევროპელები, — შუასაუკუნეებში ჩარჩენილებიო და ამ დემაგოგიას ზოგიერთი ჩვენი ბრიყვი ე.წ. პოლიტიკოსი, მასზე მიტმასნილი ვითომ გაევროპელებული ქართველი, ცხვირს რომ ხელით იწმენდს და შემდეგ წვინტლიან ხელს შარვალს აწმენდს, იმეორებს.

დიახ! ირანში აიათოლათა მმართველობაა, სასულიერო პირითა, ღმერთის, ალაჰის მიმდევართა, რაც სულაც არ ნიშნავს თანამედროვე განვითარებაზე უარის თქმას, განათლებისთვის ზურგის შექცევას, მეცნიერულ კვლევებზე ალერგიულ დამოკიდებულებას.

სტაჟირებაზე მყოფთ, ლექციებს, საუბრებს გვიტარებდნენ სასულიერო პირები — ლეპტოპებით, უცხო ენათა ცოდნით. ყველა მათგანს განათლება უცხოეთში — დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში არსებულ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში ჰქონდათ მიღებული.

ქ.ყუმი, სადაც ჩვენ გავდიოდით სტაჟირებას, მსოფლიო შიიტების სათაყვანებელი ქალაქია. ქალაქი, თბილისის ხელაა — სასულიერო სასწავლებლებით, უნივერსიტეტებით, განათლების საერთაშორისო ცენტრებით, უამრავი ღირსშესანიშნაობებით, უნიკალური არქიტექტურის მეჩეთებით.

ყუმი, ის ქალაქია, სადაც ირანის ბევრ პოლიტიკოსს აქვს მიღებული განათლება. აწ განსვენებულ ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ამ ქალაქში უსწავლია.

 ჩვენმა მასპინძლებმა, ლექციების კურსის დასრულების შემდეგ, შემოგვთავაზეს ირანის სხვა ქალაქებში მოგზაურობა, მათ შორის ძველ დედაქალაქ ისპაჰანში, შემდეგ კი ჩვენი თხოვნით — ფერეიდანში.

ავტომანქანით ფერეიდნამდე მისვლას ნახევარი დღე დასჭირდა. მთებში შეხიზნული სოფლები, ვიწრო საურმე გზებით, სოფლისთვის დამახასიათებელი იერსახით — იყო ჩვენს წარმოდგენაში ფერეიდანი, თუმცა ნანახი არ დაემთხვა რეალობას. რეალობა კი იყო ასეთი — მოასფალტებული ფართო გზები, ქალაქის სახის დიდი და პატარა სახლები — არავითარი ორღობე ან ურემში შებმული სახედარი.

ერთ-ერთი შენობის სააქტო დარბაზში, სადაც გაიმართა ჩვენი შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან, იყვნენ, როგორც ახალგაზრდები, ისე საშუალო ასაკის ადამიანები. ვლაპარაკობდით იმ ქართულ ენაზე, რომელიც ჩვენთვის, როგორც უცხო ენა ჟღერდა — ძველი ქართული, იქაურთა შორის შემორჩენილი, დაკონსერვებული, თუმცა იყვნენ ისინიც, ვინც მეტნაკლებად ცდილობდნენ ჩვენთვის გასაგებ ქართულზე ელეპარაკათ. ზოგიერთი მათგანი საქართველოშიც იყვნენ ნამყოფნი. თხოვნა მათი იყო ერთი — ქართული წიგნები, მეტი კავშირები საქართველოსთან.

ირანში არსებული საქართველოს საელჩო გარკვეულ ყურადღებას აქცევს ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს, თუმცა, როგორც ჩანს მეტის გაკეთებაა საჭირო, თუნდაც განათლების დარგში. ფერეიდნელი ახალგაზრდები, ისეთივენი არიან, როგორც მათ გვერდში მცხოვრები ირანელები, სხვა ერის წარმომადგენლები — ყველა ისინი ირანელები არიან, ირანელი შიიტები, თუმცა სომხები — გრიგორიანობის მიმდევარნი, ინარჩუნებენ თვითმყოფადობას, სარწმუნოებას, ტრადიციებს. სომხური ეკლესიები უცხო არ არის ირანისთვის, ისე, როგორც სასაფლაოები.

რაც შეეხება თეირანს, იქ სომხური კულტურის საკმაოდ დიდი ცენტრია — 20-მილიონიანი დედაქალაქის შუაგულში დიდი ქვითკირის კედლით გამოყოფილი ქალაქიდან.

ისლამური ირანი, ის ქვეყანაა, სადაც ალკოჰოლური სასმელი მკაცრად არის აკრძალული, მაგრამ არა სომხური ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც არის რესტორანი, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელით.

ალკოჰოლური თავისუფლება, ისე, როგორც თავსაფარის გარეშე ქალთა ყოფნა, საცურაო აუზი — თაფლივით იზიდავს არა მარტო თეირანში მცხოვრებ სომხებს, არამედ იქ არსებულ უცხო ქვეყნის საელჩოების თანამშრომლებს.

რას საქმიანობენ თეირანელი ქართველები?

ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. ქალები ხალიჩების დამზადებით. საკარმიდამო ნაკვეთში კაკლის, ხილის ხეები უდგათ. მოსავლის დაკრეფას და ფერეიდანიდან დიდ ქალაქებში გატანას კერძო ფირმები ახორციელებენ.

2008 წლის ავისტოს მონაცემებით, მათი საშუალო თვიური შემოსავალი 500 დოლარს უტოლდებოდა, რაც სოფლის კვალობაზე და ირანის იმჟამინდელი დაბალი ფასებიდან გამომდინარე, ურიგო არ იყო.

მიუხედავად იქ არსებული თანამედროვე საცხოვრებელი პირობებისა, ჭირს ახალგაზრდების დაკავება. ისინი დიდი ქალაქებისკენ მიიწევენ — ისპაჰანის, თეირანის, ყუმის, სხვა ქალაქების უმაღლესი სასწავლებლებისკენ, რასაც თან ახლავს ქალაქში საცხოვრებლად დარჩენა, სამუშაო ადგილის გამოძებნა და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ირანი ისეთივეა, როგორც სხვა ქვეყანა.

მოდით დავსვათ კითხვა — შეძლებს თუ არა ფერეიდანში მცხოვრები ქართველობა საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებას?

რეალობიდან გამომდინარე, ძალიან გაუჭირდება. გაუჭირდება არა იმიტომ, რომ ირანის ხელისუფლება მათ, საბოლოოდ, ირანულ ყაიდაზე მოაქცევს — ზეწოლით, არამედ ბუნებრივად შექმნილი ვითარება, სპარსულ ენაზე სწავლა-განათლების მიღება, საარსებო გარემო, თანამედროვეობა, რელიგიური აღმსარებლობა იქნება ის, რაც დიდ გავლენას იქონიებს მათზე.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ფერეიდნელ ქართველთა დედა-ენა რამდენიმე საუკუნე სპარსულია, ხოლო აღმსარებლობა მაჰმადიანური, შიიტური. სალოცავი — მეჩეთია და არა მართლმადიდებლური ეკლესია.

ასე რომ, ზეპატრიოტული გრძნობები, რაც საქართველოში გვქონდა და ზოგიერთს დღესაც აქვს ფერეიდნელ ქართველების მიმართ, თანდათანობით განელდება.

წამით წარმოვიდგინოთ ევროპისკენ თავქუდმოგლეჯით მორბენალი ქართველი, ევროპული „ფასეულობების“ მოტრფიალე, უნდა ირანი — მისი გაგებით, ჩამორჩენილი, შუასაუკუნეებში ჩარჩენილი, იქ მცხოვრები ფერეიდნელი ქართველებით?!

ფერეიდნელი ქართველები საბჭოთა საქართველოს უნდოდა და შესაბამისი ნაბიჯიც გადადგა მათი საქართველოში გადმოსახლებისთვის. გასული საუკუნის 70-იან წლებში ირანში იმყოფებოდა კინორეჟისორი პატარაია და ოპერატორი ონოფრიშვილი. მათი ირანში ვიზიტის მიზანი ფერეიდანში ჩასვლა და იქ მყოფი ქართველების ცხოვრების კინოფირზე აღბეჭდვა იყო.

იმჟამად მსგავსი ვიზიტის განხორციელება მთელ რიგ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, უპირველესად პოლიტიკურთან, ვინაიდან ფერეიდნელი ქართველი, ირანელია, ისე, როგორც ნებისმიერი ერის წარმომადგენელი, მცხოვრები ირანში; რელიგიური აღმსარებლობა სხვაა, ამდენად სომხები, სომხებად იწოდებიან. და მიუხედავად ამისა, საბჭოთა დიპლომატიის მუყაითი მუშაობით კინემატოგრაფისტები იყვნენ ფერეიდანში და დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, ისტორიული მომენტების გახსენებით, რამაც დიდი ვნებათა ღელვა, ცხადია პატრიოტული, აღძრა იმჟამინდელი ქვეყნის საზოგადოებაში.

ფილმში ხაზგასმული იყო ბედკრული ქართველების შესახებ, რომლებიც, მათთვის უჩვეულო, მუსლიმანურ გარემოში ცხოვრობდნენ, თუმცა ინარჩუნებდნენ საკუთარ ენას, წეს-ჩვეულებებს, ქართველობას. ხაზგასმული იყო სოციალური, არცთუ სახარბიელო ცხოვრების პირობებიც.

ფილმის ნახვამ საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებაში, პირადად საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივანში, სსრკ კპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატ ვასილ მჟავანაძეში გააჩინა სურვილი ფერეიდნელი ქართველების სამშობლოში დაბრუნებისა. მან თხოვნით მიმართა მოსკოვს, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს თხოვნა და დაავალა სსრკ საგარეო უწყებას საკითხის მოგვარება.

მე, მაშინ საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროს საოქმო-საკონსულო განყოფილების გამგე ვიყავი და თავისთავად ვმონაწილეობდი ფერეიდნელთა გადმოსახლების პროცესში.

გადმოსახლების დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია სსრკ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანში ეროფეევი, რომელმაც, საკუთარი გამოცდილებიდან, რეკომენდაციები მოგვცა საკითხის დადებითად წარმართვისთვის.

ფერეიდნელთა გადმოსასახლებლად საბჭოთა საელჩოს თანამშრომლებმა შრომატევადი მუშაობა გასწიეს. იყვნენ ფერეიდანში, შეადგინეს სიები საქართველოში დაბრუნების მსურველთა. ფერეიდნელ ქართველთა მოსაზრება იყო პრაგმატული — რამოდენიმე ოჯახის შერჩევა, რომელიც გადმოსახლდებოდა საქართველოში და თუ ისინი შეეგუებოდნენ აქაურობას, ნელ-ნელა დანარჩენებიც გამოემგზავრებოდნენ.

გურჯაანის რაიონშის, სოფლებში ჩუმლაყში, ვაზისუბანში, ახაშენში, შაშიანსა და ჭანდარში, აგრეთვე საგარეჯოში სასწრაფოდ აშენდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები, შესაბამისი ავეჯით, ცხოვრებისთვის აუცილებელი ატრიბუტებით.

ფერეიდნელთა პირველი 18 ოჯახი (102 სული), 1972 წელს ჯულფის სასაზღვრო პუნქტის გადმოლახვის შემდეგ, შემოვიდა საბჭოთა კავშირში. მათ საზღვარზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი ომარ ქერეჭაშვილი და საქართველოს სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ფერეიდნელები შეასახლეს მათთვის აშენებულ სახლებში.

ასე დაიწყო მათი არცთუ უპრობლემო ცხოვრება ისტორიულ სამშობლოში, რომელიც ფერეიდნელთათვის ისეთი სამშობლო არ გამოდგა, როგორიც მათ ეგონათ, თუმცა მასპინძლებს არაფერი დაუშურებიათ მათი ყოველდღიური არსებობის ნორმალური უზრუნველყოფისთვის. მამაკაცები უმალ იყვნენ დასაქმებულნი ადგილობრივ საწარმოებში, ბავშვები — საშუალო სკოლებსა და ბაგა-ბაგებში იქნენ მიბარებულნი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სისტემატურ ყურადღებას არ აკლებდა მათ, მაგრამ ახალ გარემოში შეგუების პროცესი რთული, ზოგ შემთხვევაში გაუსაძლისი გამოდგა, რამაც გამოიწვია ფერეიდნელთა სისტემატური ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 კვირა ისე არ ჩაივლიდა, საყოფაცხოვრებო პრობლემებით შეწუხებული ფერეიდნელები არ მოსულიყვნენ ჩემთან, სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან. იმ საკითხთა შორის, რასაც ისინი კატეგორიულად გვიყენებდნენ, იყო მეჩეთის აშენება მათი საცხოვრებელი სახლების სიახლოეს, რაც ჩვენთვის, ათეისტებისთვის გადაუჭრელი პრობლემა გამოდგა. და როდესაც საკითხი მათ სასარგებლოდ ვერ გადაწყდა, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სალოცავი გახსნეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას წააწყდა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვერც ჩამოსულები შეეგუვნენ ადგილობრივებს და ვერც ადგილობრივები, ჩამოსულებს, მიუხედავად ხელისუფალთა არაერთი თხოვნისა პოზიტიური გარემო შეექმნათ ფერეიდნელებისთვის.

ფერეიდნელთა მხრიდან სუბიექტურ-ობიექტურ თხოვნათა შორის იყო ასეთიც — თბილისში საცხოვრებელი ბინების გამოყოფა, საგარეჯოს სახლების შენარჩუნებით, რაც ხელისუფლებამ დააკმაყოფილა. დაკმაყოფილდა ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდო ჩარიცხვა. მიუხედავად ამისა, ჩამოსული 9 ოჯახი ირანს, ფერეიდანს დაუბრუნდა. მოგვიანებით, თითო-ოროლა ფერეიდნელი გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად და ეიფორიულმა კამპანიამ სული დალია.

ირანში სისტემატური ვიზიტების პროცესში, გულისყურით ვაკვირდებოდი მასპინძელთა ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ურთიერთობას ჩემთან, სხვა უცხოელთან, იქაურთა ფილოსოფიურ მსოფმხედველობას, გაჯერებულს რელიგიური სულისკვეთებით და მივედი დასკვნამდე, რომ მათ და ჩვენს შორის არსებული სივრცე ღრმაა, მიუხედავად ისტორიული კავშირებისა, ისეთი, კიპლინგს რომ გულწრფელად ათქმევინა — დასავლეთი, დასავლეთია, აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი, ისინი არასდროს შეერთდებიან.

დიახ! ირანთან საჭიროა ყველა სახის ურთიერთობა, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ მჭიდრო, ჩახუტების მსგავსი ნაკლებად შესაძლებელია და ასეთს არც ირანი ითხოვს და არც რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თუნდაც რუსეთი.

ყველა ისინი მზად არიან საქართველოს სუვერენიტეტის გასაზიარებლად. ყველა ისინი, აშშ-ს მსგავსად, არ მოითხოვენ საქართველოს მონობას, რაც უნდა დააფასოს ქართულმა პოლიტიკამ, მათ შორის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც დაჟინებით ითხოვს ქართველი ხალხისგან რუსეთთან ისტორიული კავშირების ამოძირკვას, საქართველოს საბჭოთა 70-წლიანი ისტორიის წაშლას, რაც უცხოელის მხრიდან, და ზურაბიშვილი სწორედ ასეთია, არათუ დასაგმობი, შეურაცხმყოფელია.

ზურაბიშვილის ვიწრო განათლების ნაყოფია მისეული მყრალი აწმყო და არანაკლებ აყროლებული მომავალი საქართველოსთვის, რომლის გადასარჩენად, როგორც თვითონ ამბობს, ჩამოსულა საქართველოში. სალომეს მარტო „ცივილიზებული“ ევროპა სურს საქართველოში, ხელისუფლებაში ისეთივე მამათმავალი, როგორიც საფრანგეთის 35 წლის პრემიერ-მინისტრი ატალია, ისეთივე გაურკვეველი ორიენტაციის, მითუმეტეს პოლიტიკურის, როგორიც პრეზიდენტი მაკრონია, რომელსაც სასოწარკვეთით მიმართა — ჩამოდით და გადაგვარჩინეთ რუსეთისგანო.

ვაშა!!! პრეზიდენტიც ამას ჰქვია, სხვა ქვეყნის პრეზიდენტს რომ მოუწოდებს — დაგვიხსენით ხელისუფლების და რუსეთის მონობისგანო.

საქართველო პატარა ქვეყანა იყო და არის, თუ რამე გადაარჩენს მას დაპყრობისგან, განადგურებისგან საღი აზროვნება და დიპლომატიაა, და არა ჯარი, მე ვიტყოდი ვითომ ჯარი, რომელიც 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულზე წვევანდელთა ფიცის დადების შედეგად შეივსო, თუმცა არა ისე, თანამედროვე თავდაცვას რომ ეკადრება.

ისტორიას ვერვინ შეცვლის, მითუმეტეს სხვა ქვეყნის მოქალაქე, დროებით ჩამოსული საქართველოში.

მოდით და შეცვალეთ სპარსეთ-საქართველოს ისტორია, ფერეიდანში ქართველთა გადასახლება, ირანის შაჰ-აბასის დამოკიდებულება ქართლ-კახეთისადმი, რომელსაც ის და მისი მემკვიდრეები თავისად მიიჩნევდნენ.

საქართველო-ირანის ისტორიული ურთიერთობების შეხებისას, თვალი გადავავლე 1990 წელს საზოგადოება „ცოდნის“ მიერ გამოცემულ ბროშურას „ირანის ქართველი მოსახლეობა“, რომლის ავტორი გახლავთ აწ გარდაცვლილი ჩემი მოგვარე, პროფესორი გიორგი ჭიპაშვლი.

აი, რას წერს ის: „ფერეიდნელ ქართველთა წინაპრების ირანში გადასახლებიდან 2 საუკუნე და მეოთხედი იყო გასული, მაგრამ მათი, იქ ცხოვრების შესახებ საქართველოში და ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი არაფერი იცოდნენ.

1840 წლის აგვისტოში, როცა ისპაჰანთან, ზაიენდერუდის ველზე სამხრეთული ზაფხულის პაპანაქება იდგა, ხოლო აქედან არც თუ ისე შორს, ზაგროსის მთისწინებში მაცოცხლებელი სიგრილე დავანებულიყო, 23 წლის ინგლისელმა სერ აუსტენ ჰენრი ლაიარდმა სამოგზაუროდ და გასაცნობად ეს მხარე აირჩია. მან მოიარა და აღწერა ბახთიარეთისა და ლურისთანის მომთაბარე მეჯოგეთა სადგომები და იქაური სომხური სოფლების — ზარნოუსისა და ქირქითის გავლით, ფერეიდნელი ქართველების საცხოვრისს მიაღწია.

წიგნში „მოგზაურობა სპარსეთში, სუსიანსა და ბაბილონში“, რომელიც შემდეგ ლონდონში გამოიცა, ლაიარდი პირველ ფერეიდნული შთაბეჭდილებებს ასე გადმოგვცემს: „ჩვენ ახლა შევედით ფერეიდნის, ანუ ფერეიდუნის რაიონში, რომლის დიდი ნაწილი ბახთიარების დიდი ბელადის მოჰამედ თაყი-ხანის სამფლობელოა.

ამ სოფელში ასორმოცდაათი სახლია. თავის დროზე აქ, შაჰ-აბასს დიდი ქართული კოლონია დაუსახლებია. ამ ქრისტიანებს მშობლიური ენა და რელიგია შეუნარჩუნებიათ. ესენი გამრჯე, შრომისმოყვარე და მუყაითი ხალხია. მათი სოფლების გარშემო გაშენებულ ბაღებს და სახნავ-სათესებს მშრომელი კაცის მზრუნველი ხელი ატყვია“.

ბატონ გიორგის ქართველთა ირანში გადასახლების რამდენიმე მიზანი მოჰყავს, მათ შორის ახლადშექმნილი რეგულარული საჯარისო შენაერთების ქართველი მეომრებით შევსება და მათი დაპირისპირება სეპარატისტულად განწყობილი ყიზილბაში ტომებისთვის. სამოხელეო სარბიელზე დაწინაურება, რათა შაჰს დაეძლია ფეოდალური სახელმწიფო ბიუროკრატიის ძლიერება, განეახლებინა ხასის ინსტიტუტი ჰარემის ტყვე ქართველი ქალების შევსებით.

შაჰ-აბასის ირანში ასეთ გადასახლებას სხვა, უფრო პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც ჰქონდა — ისფაჰან-ბურუჯერდ-ჰამადანის საგზაო მაგისტრალის დაცვა. საქმე ის არის, რომ იქ მცხოვრები მომთაბარე ბახთიარები, ლურები და ქურთთა ტომები თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ ამ გზაზე მიმავალ სავაჭრო ქარავნებს. გზა არა მარტო სეფიანთა სატახტო ქალაქ ისპაჰანს აკავშირებდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებთან, არამედ მეზობელ ოსმალეთთან, ევროპის ქვეყნებთან.

ფერეიდნელი ქართველებით შაჰ-აბასი ჯებირს აგებდა ბარის სოფლებისა და ისპაჰანის მომთაბარე ტომებისგან დასაცავად.

მწირი, არასრული ინფორმაციაა ირანში გადასახლებულ ქართველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. შაჰ-აბასის ოფიციალური ისტორიკოსის, ისქანდერ ბეგ თურქმენის (ირქანდერ მუნშის) მიხედვით, მარტო 1616 წელს ირანში 130000 ქართველი გადაასახლეს. სულ კი ოთხი შემოსევის შედეგად 200 ათასი.

ფრანგი ჟან შარდენი, რომელიც მე-17 საუკუნეში იმყოფებოდა საქართველოსა და ირანში (ე.ი. ქართველთა გადასახლებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ), რაოდენობას 80000 ოჯახით განსაზღვრავს. თუ თითო ოჯახში 5 სულს ვიანგარიშებთ, ციფრი შთამბეჭდავია — 400000, თუმცა ჩემის აზრით, საეჭვო. იყო კი ქართლ-კახეთში ამ რაოდენობის მაცხოვრებელი?

ირანიდან საქართველოში გადმოსახლების საკითხი შაჰმა რეზა ფეჰლევიმ დაბლოკა, ვინაიდან ის თვლიდა, რომ ფერეიდნელი ქართველი, ირანელია და ირანელის სხვა ქვეყანაში გადასახლება შაჰის ირანის პოლიტიკის სისუსტის გამომხატველია.

წარმოვიდგინოთ ერთი რამ — გაჯიუტებული შაჰის დაყოლების პროცესის დელიკატურობა, საბჭოთა დიპლომატიის მიერ გამოვლენილი, ამასთანავე ახალი ეკონომიკური კავშირებით მოხიბლვა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მტკიცე დასაყრდენის შაჰის ირანის. მოხიბლვის საგანი გახლდათ ისპაჰანთან ახლოს, ტრიალ მინდორში მეტალურგიული კომბინატის აშენება. ბოლოს და ბოლოს მოსკოვის თხოვნამ გაჭრა და ფერეიდნელ ქართველთა საბჭოთა საქართველოში დაბრუნების შაჰისეული განკარგულებაც გაიცა.

ირანში სტაჟირების დროს დავათვალიერეთ ისპაჰანის მეტალურგიული გიგანტი — საბჭოეთის მიერ აშენებული, რომლის მშენებლობაში ქართველი მეტალურგებიც იღებდნენ მონაწილეობას. ჩემი და გულბაათ რცხილაძის მეტალურგიული კომბინატის გენერალურ დირექტორთან საუბრის დროს აღვნიშნეთ ამ ფაქტის შესახებ, თუმცა მასპინძლის პასუხი ასეთი იყო: — მშენებლობაში ბევრი იღებდა მონაწილეობასო.

ცხადია, დირექტორს, თანაც ახალი თაობის ადამიანს, ქარხნის მშენებლობის დეტალები რომ არ სცოდნოდა, გასაკვირი არ იყო. ქართველები მარტო არ იყვნენ, იქ სხვებიც მუშაობდნენ. მაგრამ სახელოვანი პიროვნების თაობაზე, ისეთზე, როგორიც შაჰ-აბასთან დაახლოებული პირი, ისპაჰანის ტარუღია, ანუ ჩვენებურად მერი იყო, ყველამ იცის, განსაკუთრებით ძველ დედაქალაქ ისპაჰანში.

და იცის უპირველესად თავდადებული შრომის შედეგად, რომელმაც დედაქალაქის ორი ნაწილი, შესანიშნავი არქიტექტურული ხიდით, უდავოდ უნიკალურით, დააკავშირა ერთმანეთს. ის, ქართველი იყო, გვარად უნდილაძე. როგორც ისტორიული წყაროები გვაუწყებენ, ირანელთათვის უბრძენესი მმართველის შაჰ-აბასის მარჯვენა ხელი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

29/05/2024