“ერთ დროს ქართველი ვიყავი, ახლა არ ვიცი ვინ ვარ …“
მაისის პირველი ნახევარი უხვნალექიანი, ცივი გამოდგა და სიცხის მოყვარულთ, აპრილში, ზომაზე მეტად თბილის შემყურეთ, მაისში, მაღალი ტემპერატურის მომლოდინეთ, იმედი გაუცრუა.
პოლიტიკური ტემპერატურაც არამდგრადი და ცივი იყო, ყოველ შემთხვევაში მაისის პირველ ნახევარში. რას გვპირდება კლიმატი, ძნელი სავარაუდოა, ისე, როგორც პოლიტიკური კლიმატი, რომელიც საყოველთაო ქაოსში, არეულობაში, დაუმორჩილებლობაში გადადის. ამ თვალსაზრისით, 15 მაისი — ქუჩების გადაკეტვის საყოველთაო დღედ შეიძლება მოვიხსენიოთ თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ვინ იცის, წინ ნახევარი მაისია დარჩენილი, ზაფხულის ორი თვე და „ცხელი“ პოლიტიკური შემოდგომა, რომელსაც საპარლამენტო არჩევნები დააგვირგვინებს.
ასე და ამრიგად, წინ მძიმე პოლიტიკური დღეები გველის, ერთობ გაურკვეველი მომავლით — საპროტესტო გამოსვლებით, მიტინგებით, ბილწსიტყვაობით, ყალბი ლოზუნგებით, პოლიცია-მომიტინგეთა შეტაკებებით გაჯერებული. და ყოველივე, ერთი რიგითი კანონის მიღების გამო — უცხო ქვეყნის „აგენტები“ რომ ჰქვია. მაგრამ, მარტო ეს კანონია არეულობის წამქეზებელი?!
არეულობის წამქეზებელი ბევრი რამაა, მათ შორის მძიმე სოციალური მდგომარეობა, ადგილობრივ ბიზნესმენთა თავგასულობა, რის შედეგად კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოთხოვნილების საგნებზე, მომსახურებაზე და სხვა მრავალზე ფასების ასტრონომიული მატება, ხელისუფალთა ბრიყვული თავდაჯერება და საზოგადოებაში მათ მიმართ ნეგატიური მუხტის ყოველდღიური ზრდაა.
სხვა ბევრის ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ ესეც საკმარისია. მოკლედ და კონკრეტულად ქვეყანაში ახალი „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციის სურნელი ტრიალებს, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი, არა ფარულად, არამედ ღიად, ყოველგვარი მორიდების, პოლიტიკური პროტოკოლის გარეშე.
დასავლეთი რაც არის, ზოგიერთმა აქაურმა არათუ გაიგო, არამედ საკუთარ თავზე იგრძნო, მაგრამ უმრავლესობამ ვერ გაიგო და მას ეტრფის დღესაც.
მოსახლეობის უმრავლესობა ისეთი დასავლური პროპაგანდის მორევში ტრიალებს, ძნელია მისთვის საწინააღმდეგოს მოსმენა, მითუმეტეს აღქმა. დასავლური პროპაგანდა გვაიძულებს ვიყოთ ანტირუსი — არ გვქონდეს მასთან არავითარი ურთიერთობა, ვიყოთ მისი მტერი. და ჩვენც, დაუფიქრებლად შევითვისეთ დასავლეთის შეგონება, გავხდით მუყაითი მოწაფეები. ისეთები, რომ რეგიონის დემოკრატიის შუქურაც გვიწოდეს — გაიხსენეთ ჯორჯ ბუშ-უმცროსის, აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვები.
ჩვენ, საკუთარი თავი დავარწმუნეთ, ჩვენდამი მათ გულწრფელობაში. ჩვენ, დასავლელები გავხდით, ჩვენივე გაგებით და არა მათი. რამდენი განცხადება გაკეთდა ხელისუფალთა მხრიდან საქართველოს საკუთარ ოჯახში, ევროპაში დაბრუნების თაობაზე?!
და ეს, ხელისუფალთა მხრიდან, განსაკუთრებით „ოცნების“ ხელისუფლების. მას ტოლს არც ოპოზიცია უდებს.
საზოგადოების დიდ ნაწილს, მცირედის გამოკლებით, რომელსაც, დასავლეთისადმი საყოველთავო სიყვარულის ფონზე, რუსეთისადმი პოლიტიკური აზრის გამოთქმა სახიფათოდ მიაჩნდა და მიაჩნია — ეშინია მოღალატის სტატუსის მიწეპების.
საჯაროდ, მედიაში არვინ იტყვის, რომ რუსეთი უდანაშაულოა საქართველოსთან მიმართებაში, პირიქით — მრავალჯერ, ტყუილი ისტორიული „ფაქტების“ დემონსტრირებით.
და მიუხედავად ამისა, დასავლეთს ეჭვი ეპარება „ოცნებელთა“ მის მიმართ სიყვარულში, ლოიალურობაში, ამიტომ დასავლეთის სიმპათია ოპოზიციისკენ არის გადახრილი, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, სააკაშვილისადმი, თუმცა ამ დამნაშავის გვარის საჯარო ხსენებისგან თავს იკავებს, ევროპარლამენტარებს ალაპარაკებს.
საშინელი რუსეთის მოტრფიალის სახელი შეარქვეს „ოცნებას“ და მის დამფუძნებელ ივანიშვილს. ოპოზიციას დიდი ტვინის ჭყლეტა არ დასჭირებია „ოცნებისთვის“ პრორუსული სახელის გამოძებნაში და საზოგადოების დარწმუნებაში, რომ „ოცნება“ პუტინის რუსეთის ფილიალია, მისი იდეების გამტარებელი საქართველოში.
ოპოზიციამ დასავლეთიც დაარწმუნა ამ „სინამდვილეში“. მოდით და ახლა დაიჯერეთ საწინააღმდეგო, რომ „ოცნება“ ანტირუსულია. რაც არ უნდა ამტკიცოს „ოცნებამ“, რომ დასავლურია და არა პრორუსული, არაფერი გამოუვა. ეს უნდა შეიგნოს ამ პარტიამ და მისმა ლიდერმა ივანიშვილმა, შესაბამისი დასკვნები გააკეთოს პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრის მიზნით. რომ იტყვიან — „დაჟეჟილს, გატეხილი სჯობსო“, ამ გამოთქმის შესაბამისი ნაბიჯი გადადგას გაბედულად, დასავლეთის მიმართ მოურიდებლად, ისე, როგორც ის ექცევა მას.
დასავლური თავხედური პოლიტიკის მოწმენი ვართ, მაგრამ ყველა ასე აღვიქვამთ დასავლეთის პოლიტიკურ, პროვოკაციულ ნაბიჯს?
სამწუხაროდ, არა! მიზეზი? — ისევ დასავლური ცრუ პროპაგანდაა. ძნელია საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ დასავლეთის მოციქულების ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ბლიც-ვიზიტი საქართველოში — ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის სურვილით არ არის გამოწვეული.
ჩვენ ისევ გვჯერა, რომ აშშ-ი და მისი ყმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჩვენზე ზრუნავენ, ფინანსურ დახმარებას აგვაძლევენ, მხარში გვიდგანან აგრესორი რუსეთის მოსალოდნელ, ახალ პროვოკაციასთან გასამკლავებლად.
მოდით და ნუ დაიჯერეთ, საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის ნათქვამს — საქართველოს 6 მილიარდი დოლარი მივეცითო. საინტერესოა, რისთვის, რა საქმისთვის მოგვცა ფული აშშ-ა?
ალბათ, მართლაც მოგვცა, მაგრამ ხალხმა არ იცის. და რახან არ იცის, მან უნდა ჰკითხოს ხელისუფლებას — რაში დახარჯა ეს ფული? გარდა ამისა, ხალხმა უნდა ჰკითხოს ხელისუფლებას — ამერიკამ რომ ფული მოგვცა, სესხია თუ ნაჩუქარი თანხები?
სამწუხაროდ, ხალხის განათლების დონე ისეთია, მითუმეტეს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, პასუხისმგებლობა, მსგავს შეკითხვას საჯაროდ ვერ დაუსვამს ხელისუფლებას და რომ ვერ დაუსვამს, ისიც, ამერიკელთა, კოლექტიურ დასავლელთა წყალობით, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის განათლების დონე, ეროვნულობის, სუვერენულობის შეგნება გაანულეს.
დასავლეთმა, ქართველთაგან ისეთი ხალხი გამოიყვანა, ქართულად ლაპარაკის დროს, ინგლისურ სიტყვებს რომ იშველიებს; მაღაზიების წარწერებზე ქართული ასოებით, ბევრისთვის გაუგებარ, ინგლისურ დასახელებას რომ წერს; სუპერმარკეტებში, მხოლოდ ამერიკულ სიმღერებს რომ აგუგუნებს, ისე, როგორც სხვადასხვა რადიოკომპანიების ეთერში.
ამერიკანიზაცია — სიგრძე-სიგანით გაშლილი საქართველოს ცხოვრებაში, ისეთი რამაა, რაც სერიოზულად ემუქრება დამოუკიდებლობის, სუვერენულობის მცნებას, მაგრამ ფიქრობს ამაზე საექსპერიმენტოდ შერჩეული ქართველი?!
30-წლიანმა დასავლურმა ექსპერიმენტმა — ერის გადაკეთებისამ, მიზანს მიაღწია, თუმცა ვინ იცის, იქნებ სხვა ექსპერიმენტიც აქვს დასავლეთს ჩაფიქრებული, მაგალითად დემოგრაფიული კატასტროფის სახით?
ამ თემაზე დღეს იშვიათად ლაპარაკობენ, მსჯელობას კი საერთოდ არ აქვს ადგილი. მსჯელობა საზოგადოებაში — მრგვალი ან გრძელი მაგიდის სახით უნაყოფო იქნება, თუ მასში ხელისუფლება არ მიიღებს მონაწილეობას. ხელისუფლება თავს აარიდებს მსგავს შეკრებას, ვინაიდან მას ეს საკითხი მხოლოდ სალაპარაკო აპარატის, ანუ პირის ღრუს დონეზე აქვს დაყვანილი და არა გულის.
ხელისუფლებას თავი მოაქვს იმ მონაპოვრით, რასაც ევროპაში უვიზო გამგზავრება ჰქვია. „აგენტების“ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დროს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, თალაკვაძემ, თავის გამოსვლაში, ხაზგასმით უთხრა დარბაზში მოყაყანე ოპოზიციას იმ დამსახურებათა შესახებ, „ოცნება“ რომ იმსახურებს, მათ შორის უვიზო გამგზავრებაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
შედეგი როგორია, — იკითხავთ ალბათ. სახელმწიფოს მდგრადობისთვის არცთუ სახარბიელო. სახელმწიფო, ქვეყანა მარტო მთა და ბარი არ არის, სახელმწიფო — მთასა და ბარში მცხოვრები ადამიანებია. ცარიელი მთა, ბარი, სოფელი, ქალაქი — ნასახლარია. საქართველოს მრავალი სოფელი ნასოფლარს ჰგავს, რის შესახებაც გვეუბნება დემოგრაფი ანზორ თოთაძე.
21-ე საუკუნის 20-იან წლებში, მსოფლიო კომუნიკაციის თავბრუდამხვევი განვითარების ჟამს, შეუძლებელია ქვეყნის მოსახლეობის სახლში ჩაკეტვა, მითუმეტეს, როდესაც შინ დარჩენისთვის ნორმალური პირობების დეფიციტია, უპირველეს ყოვლისა სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლება, „ოცნების“ სახით, მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის ევროპაში გადინების თაობაზე ინფორმირებული, როდესაც „შალახოს“ ჰანგებზე ხელს აწერდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლასთან ერთად?
ვეჭვობ, რომ ლეგალურ-არალეგალური მიგრაციის თემა, უვიზო გამგზავრების ხელშეკრულების გაფორმებისას ვინმე აქაურს, ცხადია ხელისუფლებიდან, სიღრმისეულად განეხილა.
ხელისუფლება საკუთარ თავზე და ოჯახის წევრებზე ფიქრობდა და იმაზე, რომ თავისუფლად გაემგზავრებოდა ევროპაში „საშოპინგოდ“. რატომ მარტო „საშოპინგოდ“, — იკითხავთ. მარტივი მიზეზის გამო, ხელისუფალთ და ყველა იმათ, ვისაც ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობა აქვს (ეკონომიკური ცხადია), ნაკლებად იწუხებს თავს მუზეუმების, ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებით, კონცერტებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრებით. სუპერმარკეტები და კაფე-რესტორნებია მათი ვიზიტების მიზანი.
მიუხედავად ამისა, ანუ ევროკავშირის ქვეყნებში სისტემატური ვიზიტებისა და ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაფერი ან ძალიან ცოტა იციან იქაურთა პოლიტიკურ-სოციალური ყოფისა, რაც გამოაშკარავდა პარლამენტში „აგენტების“ კანონზე დებატების დროს.
პარლამენტის თამჯდომარემ, პაპუაშვილმა, სხვა დეპუტატებმა მმართველი „ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ მათ სხვაგვარად წარმოედგინათ ევროკავშირის წევრობა — სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების კავშირად, სადაც დაცულია ყველას სუვერენულობა, თანაფარდობა, დამოუკიდებლობა, მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიის და მოსახლეობის ზომისა.
მათ არ ეგონათ, ბრიუსელის მიერ შემუშავებული იურიდიული აქტის უყოყმანოდ, სავალდებულოდ მიღება და მისი საკუთარ ქვეყანაში გატარება, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ხალხი ამას.
მათი ნათქვამიდან ჩანდა, რომ არ მოელოდნენ ისეთ ცენტრალიზებულ, ვერტიკალურ სისტემას, რასაც ადგილი აქვს „დემოკრატიულ“ ევროკავშირში.
„ოცნების“ წევრებს ეგონათ, რომ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში, საქართველოს ექნებოდა შანსი იმისა, გამოეთქვა საკუთარი აზრი და წვლილი შეეტანა კანონმდებლობის მიღებაში.
აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ყველა ქვეყანას აქვს, მაგრამ გაიზიარებენ თუ არა „ძველი“ ევროკავშირელები, საკითხავიც არ არის.
დღევანდელ ევროკავშირში საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, სხვა ქვეყნებს დიდი ავტორიტეტი აქვთ და მათ გაცილებით ყურადღებით უსმენენ ბრიუსელელი მაღალჩინოსნები, ვიდრე ახალ წევრებს, აღმოსავლეთ ევროპიდან, თუმცა არც მათ აქვთ ისეთი პრიორიტეტული პოზიცია, როგორც ჩვენ გვეგონა, ვინაიდან ყველა ისინი პირში შესციცინებენ აშშ-ს — ჰეგემონს, რომელიც ზემოდან, დაცინვით დაჰყურებს ევროკავშირს და აკეთებინებს იმას, რაც მას მოესურვება.
აშშ-ა გერმანიის, საფანგეთის, სხვა „ძველი“ ევროწევრების მოსარჯულებლად პოლონეთს, ბალტიისპირა ქვეყნებს ჰკრეს ხელი მათთან დასაპირისპირებლად, საპაექროდ და ისინიც შანსს არ უშვებენ ხელიდან.
მაგალითად, პოლონეთი კატეგორიულად მოითხოვს გერმანიისგან, მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზარალის კომპენსაციას. არადა, გერმანიამ რახანია დიდი სახსრები გაიღო პოლონეთის დასაკმაყოფილებლად.
ევროკავშირის „ხულიგნებად“ წოდებული ბალტიისპირა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, აშშ-ს ფინიებად ჩამოყალიბებულნი, ისეთი ღრენა-ყეფით აყრუებენ ევროკავშირს, ვითომ რაღაცის შემძლენი იყვნენ. დავუმატოთ ამას თვით ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ფაქტიურად აშშ-თან შეთანხმებით დანიშნული თანამდებობებზე და არა არჩეულები, და მივიღებთ კავშირს, რომლის მონოლითურობა საეჭვოა, დაპირისპირება კი თვალშისაცემი.
ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ამასწინანდელ ოფიციალურ მოლაპარაკებას საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, მურმანის ეკალივით, ევროკავშირის ლიდერი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა. მაკრონს არ მისცეს შესაძლებლობა მესამე დამსწრის გარეშე დალაპარაკებოდა სი ძინპინს.
ოპოზიციონერმა სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას, რომელსაც სურდა ევროკავშირში გაწევრება, ისიც უნდა სცოდნოდა, რომ ევროკავშირული კანონები ექნებოდა, ანუ ევროკავშირის კანონი მისი მშობლიური იქნებოდა, მაგრამ საკუთარი, მშობლიური?
საკუთარი — ევროკავშირს არ სჭირდება!
გაწევრების შემთხვევაში, საქართველოს საზღვარი, ევროკავშირისა იქნება. საგარეო პოლიტიკაც მხოლოდ ბრიუსელთან შეთანხმებული, ლგბტ-ს დაცვა, პატივისცემა და აქედან გამომდინარე სხვა მოთხოვნები — ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის გადაკეთება და ა.შ. სავალდებულო გახდება.
გულუბრყვილობაა იმის განცხადება, რომ „ჩვენ, ჩვენი ქუდით“ შევალთ ევროკავშირში, ჩვენი კულტურით, ჩვენი შალახოთ, ხაჭაპურით, ჩახოხბილით, …
ჩვენ ისეთები უნდა გავხდეთ, როგორიც ისინი, თანმიმდევრულად, მორჩილად, მათ რომ მოაწყობთ. სამადაშვილმა ისიც ბრძანა, თუ არ გინდათ ევროკავშირის წევრობა, განაცხადი გამოიტანეთო. იქნებ ამ შემთხვევაში დაუჯეროს „ოცნებამ“ სამადაშვილს?
ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს ჟურნალისტის კითხვას ივანიშვილმა ასე უპასუხა — ეს არის ყველაზე კარგი კავშირი, რაც მსოფლიოში არსებობსო. როგორც ჩანს, არც მას ცოდნია ევროკავშირი.
საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისი პოტენციალით, ცხადია არა ისეთით, როგორსაც ვინატრებდით, მაგრამ დიდი გულით, სიამაყით, რომელიც ხშირად სიბრიყვეში გადადის. ჯერაც ვერ განვსაზღვრეთ რა გვინდა, ნებისმიერი ჩვენგანი საკუთარს მივერეკებით, ხშირად მცდარს და როდესაც დავფირდებით (ხანდახან, იშვიათად ამასაც აქვს ადგილი), ვნანობთ არჩევანზე.
ევროკავშირში არვინ გვექაჩება. ევროკავშირს სურს საქართველოს ამ ორგანიზაციის კართან მიბმა, უპირველესად იმიტომ, რომ რუსეთისკენ არ გავიხედოთ და ბრიუსელის ანტირუსული დავალებები შევასრულოთ, გარდაგვიქმნათ ისეთად, როგორიც მას სურს, ჩვენი თავიც რომ ვეღარ ვიცნოთ. აი, თუნდაც ასეთად, ირაკლი ვაშაყმაძე რომ წერს:
„ ერთ დროს ქართველი ვიყავი,
ახლა არ ვიცი, ვინ ვარ …
ზეცით ჩამესმა წინაპრის, ქვითინი, მოთქმა, გმინვა.
დღეს თურმე მოქალაქე ვარ, ნამდვილი დემოკრატი და
თვალწინ სასწაულების კვლავ გამიშალეს კარტი.
იავარქმნილი სახლ-კარი, მამული სათაყვანო,
ნამდვილი მოქალაქე ვარ, დემოკრატიას ვყვარობ.
სად წინაპარი ქვითინებს, მაცხოვრის მესმის გმინვა,
ერთ დროს ქართველი ვიყავი, ახლა არ ვიცი ვინ ვარ …“
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
18/05/2024