22.12.2024

იოლი ცხოვრების მოპოვებისკენ სწრაფვა

დიდი სამამულო ომი ის თემაა, რომელიც ხოტბას ასხამს მასში მონაწილე საბჭოელ მეომართა, მათ შორის ქართველთა გმირობას, შემართებას, პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს.

ყოველივე ჩამოთვლილი შორსაა თანამედროვე ქართველთა ფილოსოფიიდან ან რა ფილოსოფიაზე ვლაპარაკობ, ადამიანებზე, რომლებიც მომხმარებლობამ გადააგვარა და ისეთ დონეზე დაიყვანა, დონეც რომ არ დაერქმევა.

არაერთხელ დამიწერია, საჯაროდ მითქვამს თანამედროვე ქართველთა ოცნების შესახებ, რომელიც მომხმარებლობას ვერ სცდება და მასთან ერთად პრიმიტივიზმით შემოიფარგლება — შავი დიდი „ჯიპით“, 10000-ლარიანი სანომრე ნიშნით, სასახლეების მშენებლობით, იმ მოსამართლის მსგავსად, 1500კვ. მეტრის სასახლე რომ აქვს, უზარმაზარი ეზოთი, კალათბურთის მოედნით, საცურაო აუზით.

უცხოეთში ბინა, სახლი, შვილები საზღვარგარეთის სასწავლებლებში, მეუღლე, საყვარლები, …  და დამთავრდა ქართველთა ოცნება.

არა ქვეყანა, სამშობლო რომ ჰქვია, არა ამ ქვეყნისთვის რაღაც დადებითის, თუნდაც მცირედის კეთება, მონური მორჩილება უცხოეთისადმი, განსაკუთრებით ამერიკისადმი. ასეთი ადამიანებისგან შემდგარ ქვეყანას რომ პერსპექტივა გაურკვეველი აქვს, საეჭვოა?

არის რამე საეჭვო დემოგრაფიაში, დამოკლეს მახვილივით რომ ჰკიდია საქართველოს თავს?

ქვეყანა იცლება შრომისუნარიანი მოსახლეობისგან. მის ადგილს უცხო ქვეყნისანი იკავებენ. არის რამე გასაკვირი დემოგრაფიული ვითარების კატასტროფულ გაუარესებაში?

ადამიანები მიდიან უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნად, მაგრამ არც ეს არის მათი გახიზნვის მიზეზი. მათი გახიზვნის მიზეზი სიღრმისეულია და მძიმე სოციალურ დაყოფას უკავშირდება — საზოგადოების სოციალურ ფენებად დაყოფას — ძალიან მდიდრებად, ძალიან ღარიბებად.

უყურებს ღარიბთა არმია ერთი მუჭა მდიდრების ჟივილ-ხივილიან ცხოვრებას, მათ დამცინავ მზერას — ზემოდან ქვემოთ, 500-ლარიანი პასკის მირთმევას, როდესაც 10-ლარიანიც ვერ შეუძენია და ფიქრობს, რომ ვერც თვითონ, ვერც მისი შვილი, ვერც შვილის შვილი ვერ აიწყობს მდიდრის მსგავს ცხოვრებას და ვერ აიწყობს მარტივი მიზეზის გამო — სინდის-ნამუსის დაკარგვის გარეშე.

ღარიბმა იცის — ფული, სიმდიდრე, რომელიც მდიდარმა მოიპოვა შავი ქმედების შედეგია, ისეთის, რომ არ იკადრებს ის.

30-წლიანმა ე.წ. დასავლურმა ცხოვრებამ გვარგუნა ის, რაც გვაქვს და რაც ზემოთ მოგახსენეთ. 30 წელია, დასავლეთის მონად ქცეული საქართველო, აკეთებს იმას, რასაც დასავლეთი უბრძანებს. დასავლეთმა დაჰყო საქართველო მდიდრებად და ღარიბებად. დასავლეთმა წაართვა მას თვითშეგნება, პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული. დასავლეთი ცდილობს სქესიც წაართვას — ქალს, ქალობა, კაცს, კაცობა.

დასავლეთი ცდილობს შეგვაყვაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ასეთი „ოჯახის“ პატივისცემა, ტოლერანტობა, ცრუ დემოკრატიულობა. დასავლეთს ახალი ადამიანის გამოყვანისკენ აქვს აღებული გეზი და წარმატებასაც აღწევს საკუთარ ოჯახში, თუმცა არასაკმარისად მიაჩნია, ვინაიდან საკუთარი ოჯახი ვიწრო არეალია. მისი მიზანი, არეალის გაფართოებაა — ყველას ჩართვა გლობალიზაციის პროცესში, სქესობრივი გლობალიზაციის, რომელშიც გაურკვეველი სქესის ადამიანი იქნება, გაურკვეველი ეროვნებით, არაეროვნული ცხოვრების წესით, არაეროვნული კულტურით, ახალი აზროვნებით, რომელსაც წარსულთან კავშირი არ აქვს.

ე.წ. ერთიანი ადამიანის გამოყვანის თეორიას, პრაქტიკული ფრთები შეასხა პასპორტში ეროვნების გრაფის გაქრობამ. გააქრეს ყველგან და საქართველოშიც. რატომო — რომ ვიკითხეთ, გვიპასუხეს — ყველა ერის წარმომადგენელმა ხომ იცის რომელი ერის შვილია, ამდენად პასპორტში ჩაწერა საჭირო არ არისო. შედეგი?

სავალალო. სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი, საქართველოში 3,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან არვინ იცის რამდენია ქართველი. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები რაოდენობით ტოლს არ უდებენ ქართველებს, ვინაიდან მათში შობადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ქართველებში.

მილიონამდე არიან ისინი, მეზობელი ქვეყნების ნათესავები. ხომ არ შეუქმნის ლამის გადაშენების პირას მისულ ქართველს ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეს არსებული დემოგრაფიული პრობლება?

ეკონომიკური ჩამორჩენილობა, სოციალური პრობლემები, დაბალი ხელფასები, საცხოვრებელი ბინების სიძვირე, მიუწვდომლობა ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც ხელმოკლე ჰქვია, დემოგრაფიის გაუარესების საწინდარია. აწუხებს ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემები?

ვითომ აწუხებს. სინამდვილეში არა! ძნელად მახსენდება თუნდაც ერთი თათბირი, ხელისუფლების მიერ გამართული ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობისადმი მიძღვნილი — დასაქმების საკითხთან ერთად. იკითხავთ — დასაქმება სად? დასაქმება არა სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებში, აფთიაქებში, …, არამედ საწარმოებში, ფაბრიკა-ქარხნებში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში — იქ, სადაც სამეცნიერო-ტექნიკური კადრები იჭედება — ერის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის განმსაზღვრელი.

დასავლეთმა, საითკენაც დაუფიქრებლად მივექანებით, არ ისურვა საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ეკონომიკური განვითარება. პირიქით, მან ხელი გვკრა მომსახურე პერსონალის ქვეყნობისკენ — ოფიციანტობის, მძღოლობის, მეძავეობისკენ — უცხოელი ტურისტების კომპლექსური მომსახურებისკენ. და ჩვენც, იოლი სამსახურის მსურველთ, წამითაც არ გვიფიქრია იმ სავალალო შედეგისთვის, დღეს რომ გვაწუხებს და გამოუვალ მდგომარეობაში გვაყენებს.

უფრო მეტიც, ნაცვლად დაფიქრებისა, არსებული ვითარების გაანალიზებისა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისა, იმისკენ მივექანებით, ვინც არსებულ გაუსაძლისობაში ჩაგვაყენა. არის თუ არა გადაგვარებული ევროპისკენ სპრინტერული სირბილი ერის გადაქანების ნიშანი?

მირბოდე დამანგრევლისკენ, ავის მომასწავებელია. რამ გადარია, რამ გადააქანა, როგორც ჩვენ ვამბობთ საკუთარ თავზე, დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ხალხი?

ბევრმა რამემ, მათ შორის საღეჭმა რეზინებმა, გაცრეცილმა ჯინსებმა და კიდევ ერთმა წვრილმანმა, თავისუფლება რომ ჰქვია ქართულად — დაავადება აბაშიძეების ოჯახს, თუ ამას ოჯახი ჰქვია, რომ შეეყარა და შანტაჟის გზით ფულის კეთება, მაგრამ რა გზით?

თავსლაფდასხული გზით, ცოლის გაქირავებით კლიენტებზე, მათ შორის ცნობილ ადამიანებზე, სექსუალური აქტის ვიდეო ფირზე აღბეჭდვით.

თავისუფლება, გაიგივდა აღვირახსნილობასთან და მას დემოკრატია დაარქვეს ქართველმა „პოლიტიკოსებმა“, დასავლეთისკენ ყელმოღერებულებმა, დასავლელთა ნასუფრალზე აღზრდილებმა, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვენ პარლამენტისგან ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გაწვევას, ვინაიდან პროექტის დაკანონება წინ აღუდგება ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრებლად.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში შესვლას? რიგითი კანონი?

დიახ! გაჰყვირიან დასავლელი პოლიტიკოსები და იმასაც ამტკიცებენ, კანონის მიღებით, საქართველო პოლიტიკურ კურსს შეცვლისო. ნეტავ ასე იყოს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ინიციატორია ამ კანონის მიღების, ის არ არის, ვინც კონსტიტუციაში ჩაწერა — საქართველოს მიზანი ევროკავშირში, ნატოში შესვლააო?!

მაშ, რაშია საქმე, რას ედავება ოპოზიცია და მის მიერ ფულით, პროპაგანდით დამუხტული ახალგაზრდები ხელისუფლებას?!

სრულ უკონტროლობას, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების მიღებაში. უცხოეთი რატომ დუღს?

იგივე მიზეზის გამო. მას უნდა, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დასავლელთა მიერ შექმნილებმა, უკონტროლოდ მიიღონ ფული; რომ ხელისუფლებამ არ იცოდეს რამდენი გამოუგზავნეს ქვეშევრდომებს და რაში დახარჯეს ამ უკანასკნელებმა გამოგზავნილი თანხები.

დასავლეთს არ სურს, ხელისუფლებამ რომ იცოდეს ის შავბნელი გარიგება იქაურებსა და აქაურებს შორის არსებული; გამოყოფილი თანხიდან რამდენი უბრუნდება გამომყოფს.

მარტივ მაგალითს მოვიყვან. თითქმის ნახევარი წელი მიმდინარეობდა აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხი და ბოლოს გამოყვეს 61 მილიარდი დოლარი. სოლიდური თანხაა უკრაინისთვის, მაგრამ მიიღებს ის ამ თანხას?

ვერ მიიღებს, ვინაიდან თანხის დიდი ნაწილი აშშ-ი დარჩება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, რომელიც უკრაინისთვის იარაღს დაამზადებს, მაგრამ როდის?

იარაღის დამზადებას დრო სჭირდება, უკრაინა კი ახლა ითხოვს იარაღს. უკრაინელთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება აშშ-ს შეიარაღებაში არსებული ძველი იარაღით. 61 მილიარდი დოლარი ვალია უკრაინის და არა ნაჩუქარი ფული. გადაუხდელობის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება გადაიხადოს ნატურით.

სულ ახლახანს, ჩინეთის მეთაური სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სერბეთს, უნგრეთსა და საფრანგეთში. ჩინეთი აშენებს სწრაფმავალ სარკინიგზო გზას სერბეთსა და უნგრეთს შორის, თუმცა პროექტისადმი ევროკავშირის ნეგატიური დამოკიდებულების გამო, დაწყებული მშენებლობის დამთავრებას ბოლო არ უჩანს.

უნგრეთი ევროკავშირის წევრია, სერბეთი — წევრობის კანდიდატი. ჩინეთი, ისაა, ვისთანაც ევროკავშირს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს, თუმცა ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბრიუსელი უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩინეთის მიმართ.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრება შორეულ პერსპექტივაშიც კი არ წაადგება ქვეყანას. ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, სოფლის მეურნეობით ცნობილი მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ბულგარული წიწაკით, იძულებულია ეს პროდუქტი ნიდერლანდებიდან იყიდოს, ისე, როგორც ბოსტნეული, რძის პროდუქტები. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან რუმინელები, ბალტიისპირა ქვეყნები.

დიახ! მათ, ევროკავშირში შესვლისთანავე მისცეს ფულადი კომპენსაცია საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების შეწყვეტისთვის, ისე, როგორც მსხვილფეხა და წვრილფეხა მესაქონლეობის შეჩერებისთვის.

ადგილობრივ მრეწველობა—სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები უმალ აღმოჩდნენ დაუსაქმებლები და იძულებული გახდნენ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში წასულიყვნენ სამუშაოს საძებნად.

ძველ ევროკავშირს არ დასჭირდა ახალი წევრი ქვეყნების არც სამრეწველო და არც სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი.

დავუშვათ, საქართველო გაწევრიანდა ევროკავშირში, რა მოელის ჩვენს ეკონომიკას?

შევარდნაძის ხელისუფლების წყალობით, თეთრებში გავყიდეთ მძიმე და მსუბუქი მრეწველობის ჩარხთმშენებელი, ელმავალმშენებელი ქარხნები, ქუთაისის ავტომშენებელი და რაც ვერ გავყიდეთ, ჯართად ჩავაბარეთ დასავლეთს ასევე თეთრებში.

ეს ტენდენცია, აშკარად ავის მომასწავებელი, სააკაშვილის მმართველობის დროსაც გაგრძელდა და საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში ჯართმა ლამის პირველი ადგილი დაიკავა.

შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ მის მრჩეველთან ლაპარაკის დროს გავიგე, როგორ გაუშაყირებია (ბოდიში ქუჩური ჟარგონისთვის) ჩვენს „ბრძენ“ ხელმძღვანელს ბელორუსის ლიდერი, ლუკაშენკო — აბა, რა ეგონა „კოლხოზნიკ“ ლუკაშენკოს, რა პასუხს ელოდა ბატონი ედუარდისგანო?! — ნიშნისმოგებით, სიამაყით ბრძანა მრჩეველმა.

ლუკაშენკო ადრე კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, შევარდნაძე — საფერშლო ტექნიკუმდამთავრებული, კომკავშირელი ფუნქციონერი. არც ერთს ჰქონდა მიღებული ოქსფორდის განათლება, თუმცა მიუხედავად ამისა, შევარდნაძე გახდა სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუკაშენკო კი ბელორუსიის მოკძალებული ხელმძღვანელი.

შევარდნაძე, ეროვნული ხელისუფლების მიერ გავერანებულ საქართველოს ჩაუდგა სათავეში და რაღაც გააკეთა, თუმცა არა ბევრი რამ, რასაც ხალხი ელოდა.

შევარდნაძე ორ სკამზე ჯდომამ გადაიყოლა — დასავლეთ-აღმოსავლეთის. ლუკაშენკოც შეეცადა ორ სკამზე ჯდომას, მაგრამ, როდესაც დაინახა კოლექტიური დასავლეთის ცბიერი, ტყუილებით გაბერილი ფიზიონომია, ორი სკამი, ერთით შეცვლა — ჩაეხუტა რა რუსეთს. ლუკაშენკომ, თუნდაც 2 სკამზე მჯდომმა, არათუ გაწყვიტა რუსეთთან სამრეწველო-ეკონომიკური კავშირები, პირიქით განავითარა.

შევარდნაძემ, არათუ განავითარა, პირიქით გაწყვიტა, თუმცა რას განავითარებდა უქარხნებოდ დარჩენილი ქვეყნის შემყურე?!

ლუკაშენკოს ბელორუსია ეკონომიკურად, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო განვითარების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და არა მარტო.

საქართველო, რაც არის, თქვენც კარგად იცით, პატივცემულო მკითხველო და მიუხედავად ამისა, გეტყვით — საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელსაც არაფერი სამრეწველო პოტენციალი არ გააჩნია, აღარც სამეცნიერო-ტექნიკური კადრები ჰყავს და აღარც მუშახელი.

სამუშაოს დეფიციტის გამო ქართველმა დასავლეთს გასწია — მომვლელად, მუშად, დამლაგებლად, … დავუშვათ, საქართველოში გაიხსნა საწარმოები, ვინ იმუშავებს იქ? შევძლებთ მუშახელით, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით საწარმოების შევსებას?

დროებითი სამუშაოებით ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ქვეყანაში დაკავება შეუძლებელია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მედია, განსაკუთრებით ელექტრონული, პერმანენტულ რეჟიმში, ხოტბას ასხამს დასავლურ ცხოვრებას, იქაურ ყოფას და მას უდიდეს ფასეულობად მიიჩნევს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსმა, მასში მონაწილეთა ნიუდიზმისა და სატანიზმისკენ მიდრეკილებამ, ნათლად დაგვანახა საით მიდის ევროპა. არის ასეთი ევროპა ის ადგილი, სადაც საქართველო უნდა იყოს?

ახალ აღმოჩენებს გვპირდება პარიზის ოლიმპიური თამაშებიც ტრანსვესტიტ სპორტსმენთა მონაწილეობით. წარმოიდგინეთ ერთი რამ, კაცად დაბადებულის, ქალთან პაექრობა. ბიოლოგიურად ძლიერი მამაკაცის, ქალთან, ანუ ბიოლოგიურად სუსტი სქესის ადამიანთან დაპირისპირება, რა შედეგს მოიტანს?

და ეს ყველაფერი „ევროპული ფასეულობებით დაძეძგილ“ ქვეყნებში, საითკენაც მივიწევთ, იქაურობის არმცოდნენი.

დავუშვათ, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრი, შევინარჩუნებთ ღვინის წარმოებას, თუნდაც დღევანდელ დონეზე ან მინერალური წყლების ჩამოსხმას?

ვეჭვობ, რომ შევინარჩუნოთ. ჩვენც, ისე გვეტყვიან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, თქვენი პროდუქცია საჭირო არ არის, ევროპას თავისიც აქვს თავზე საყრელადო. საქართველო, ასოცირებული წევრობის შემდეგ, ევროპაში საკუთარი ღვინის, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტიორი ქვეყანა გახდა, ქაღალდზე. სინამდვილეში, უაღრესად მცირე რაოდენობის.

ექსპორტის თვალსაზრისით, საქართველოს უცვლელი პარტნიორი რუსეთია. მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს, ჩენი ეკონომიკისთვის ნამდვილი ხსნაა. საქართველოს ეკონომიკა 73%-ით რუსეთზეა ჩამოკიდებული.

საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საფიქრალი ის კი არ უნდა იყოს, რა ზომის ახალი საფეხბურთო სტადიონი ააშენოს ქალაქგარეთ ან ახალი აეროპორტი ააგოს, ასევე ქალაქგარეთ, ვაზიანში, არამედ დემოგრაფიული უმწვავესი პრობლემების მოგვარება.

დემოგრაფია ნიშნავს ახალგაზრდა ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას, დასაქმებას, სამედიცინო მომსახურებას, საბავშვო ბაგებისა და ბაღების მრავლობით რიცხვში ქონას, იქ მომუშავე პერსონალის აღზრდას, შესაბამისი კვალიფიკაციის მიცემას და სხვა მრავალს, მათ შორის ფინანსურ დახმარებას, დეკრეტული შვებულების ხანგრძლიობას, მრავალშვილიანი ოჯახების პრიორიტეტულობას და ა.შ.

აქაოდა, საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებსო და ამ ეიფორიულ ტალღაზე ლამის 80000 სტადიონის აშენებაა საჭიროო, არასერიოზული გადაწყვეტილებაა ქვეყნისთვის, მაგრამ ვიღაცისთვის დიდი ფულადი შემოსავლის მომტანი.

თბილისში 2 დიდი სტადიონია, რომლებიც თითქმის ცარიელია საქართველოს საფეხბურთო მატჩების დროს. რაც შეეხება საერთაშორისო მატჩებს, რომლებიც იშვიათად იმართება თბილისში, „დინამოს“ სტადიონი სრულიად საკმარისია, ისე, როგორც „ლოკომოტივის“.

არაო, — გვეუბნებიან. — ახალია საჭიროო! ვისთვის, რისთვის?

ვიღაცისთვის, ვინც დიდი ფულით ხელის, ჯიბის მოთბობას აპირებს. სადამდე უნდა უგოროს კოჭები ამ ვიღაცაებს ხელისუფლებამ?!

ხელისუფლებას უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ ვერ აგვარებს არაპროფესიონალური, არასახელმწიფოებრივი აზროვნების გამო.

არასახელმწიფოებრივია ახალი აეროპორტის აშენების თემაც. არადა თუ სიზმარში ნანახი ტურისტული მოზღვავების ზღაპარი აფიქრებს ხელისუფალთ, დღევანდელ აეროპორტს მიუმატოს ახალი ტერმინალი, რისი საშუალებაც, ტერიტორიის სახით, უდავოდ აქვს.

არსებული მონაცემებით, მსოფლიოში, სოციალური ვითარების მკვეთრი გაუარესება, ტურიზმის აღმავლობაზე არ  მეტყველებს, პირიქით. მაშ, რა თავში ვიხლით ახალ აეროპორტს? ალბათ, იმ ვიღაც ბიზნესმენის „ხოშის“ დასაკმაყოფილებლად?

დაიწყება მშენებლობა, ჩაიყრება დიდი ფული, მაგრამ განსაზღვრულ ვადებში არ დასრულდება. შემდეგ, იქნება თხოვნა სახელმწიფო ბიუჯედისადმი დამატებითი ხარჯების გამოყოფის თაობაზე. განა, ასეთს არ ჰქონდა ადგილი წერეთლის პროსპექტის რეკონსტრუქციის დროს, როდესაც გამოყოფილი მილიონები არ ეყოთ და ახალი, 19 მილიონი მოითხოვეს? ვინმემ იკითხა, რატომ ამდენიო ან რაში დაიხარჯა ადრე გამოყოფილიო?

არც, არვინ! საკუთარ თავს ხომ არ დაუსვამდნენ შეკითხვას — კალაძის სახით? კალაძე ხელისუფლებაა, მისთვის შეიძლება. ამას და სხვა თავგასულობას უყურებს  ხალხი და გამოსავალს პარლამენტის წინ მიტინგის მოწყობაში ხედავს.

მას სულაც არ აღელვებს „აგენტების“ კანონი. მას, ის ვითარება აღელვებს, რაც „ოცნებამ“ მოუტანა. მას, ისიც აწუხებს, ხელისუფლების შემცვლელსაც რომ ვერ ხედავს, მაგრამ რა ქნას, იქნებ ახალმა ივარგოსო, ფიქრობს.

აი, ამ ფიქრში გავლიეთ 30 წელი უკეთესის მოლოდინში, მაგრამ უკეთესის ნაცვლად, არსებულზე უარესს ვღებულობთ. და მივიღებთ, ვინაიდან ცუდი სტარტი გვქონდა, დამოუკიდებლობის ცუდი სტარტი, აბსტრაქტული „კარგი“ ევროპული ცხოვრების მოლოდინი. ასე იცის იოლი ცხოვრების, იოლად მოპოვების სურვილისკენ გაუაზრებელმა ლტოლვამ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

14/05/2024