08.12.2024

დიადი დღესასწაული

კიდევ რამდენიმე დღე და 9 მაისი მოვა — ფაშიზმზე გამარჯვების დღე, უფრო სწორად დღესასწაული, რომელსაც გაევროპელებული საქართველო დღესასწაულად არ აღიქვამს, ისე, როგორც ევროპაში.

9 მაისი, ისე, როგორც ყოველთვის, ამ ბოლო წლების განმავლობაში, განახლებულ დებატებს მოიტანს — გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვება 8-ში თუ 9-ში აღინიშნოს თუ არა. რამდენი დაიწერა და ითქვა 9-შიო, მაგრამ გაევროპელებული ქართველობა 8-ს მოითხოვს, ვინაიდან ევროკავშირის ასოცირებული წევრობა ითხოვს ამასო — ასე ამბობდნენ აქამდე, რასაც ახალ არგუმენტს დაუმატებენ, განსამტკიცებლად — ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართო და ა.შ.

ძალიან გაევროპელებულებს შევახსენებ, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღარ აღინიშნება, თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც ყოფილ საბჭოთა უკრაინაშიც. იქ, ამ დღეს 8 მაისს აღნიშნავენ — სხვა სახელით და გვარით. ფაშიზმზე გამარჯვებას, მიზეზთა გამო 8 მაისს ვეღარ დაარქმევდნენ — ნეოფაშიზმის ამღორძინებლები.

ევროკავშირი, აშშ-ი ახალი ფაშიზმის სულისჩამდგმელები არიან არა თავიანთი ქვეყნებისთვის, არამედ სხვისთვის, სხვის საწინააღმდეგოდ და ეს სხვა რუსეთია.

თუმცა არის რამე ახალი ევროპაში გაჩენილი ფაშიზმის წამახალისელებთა საქციელში?

არც არაფერი. მაშინ, გასული საუკუნის 30-წლებში საბჭოთა რუსეთს სხვა სახელი ერქვა — საბჭოთა კავშირი, რომელშიც, რუსეთთან ერთად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებიც შედიოდნენ. ყველა ისინი თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მათი სამშობლო იყო. ყველა ისინი დაირაზმენ სამშობლოს კარზე მომდგარი, ლამის მშობლიურ სახლში შემოჭრილი გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საქართველოც იყო ჩართული დიდი სამშობლოს გადარჩენის ომში, ვინაიდან მან იცოდა, რომ დიდი სამშობლოს წაქცევა, მისი წაქცევაა და ეს იცოდა არა მარტო საქართველოს მოსახლეობამ, არამედ ყველა საბჭოთა რესპუბლიკის მოსახლეობამ.

ის, რაც იცოდა საბჭოთა ხალხმა, არ იცოდა ევროპა-ამერიკამ. მათ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი — კომუნისტური, მტერია მათი, კერძო საკუთრების წინააღმდეგ მებრძოლი, კაპიტალიზმის მტერი, ევროპული ცივილიზაციის მტერი, ევროპული ფასეულობების გამანადგურებელი, რომლის წინააღმდეგ ომი იყო საჭირო.

ამ დევიზით დარაზმეს ევროპელები საბჭოთა საშიშროების წინააღმდეგ აღსადგომად. დამრაზმელმა დასავლურმა კაპიტალმა, განსაკუთრებით ამერიკულმა, კარგად იცოდა რისთვის რაზმავდა იტალიურ-გერმანულ ფაშიზმს, იაპონურ მილიტარიზმს.

ამერიკული კომპანიები, ფინანსური დახმარებით ხელს უწყობდნენ ჰიტლერის პოზიციების განმტკიცებას, ფაშისტური სამხედრო მანქანის გაძლიერება-გაფართოებას, მისთვის ორიენტირად აღმოსავლეთის დასახვას.

გერმანული ფაშიზმი, ფაშისტური იდეოლოგიით გაბრუებულ გერმანელს, მის მოკავშირე ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მოსახლეობას, საბჭოთა მიწების, სიმდიდრეების ჩამორიგებას ჰპირდებოდა. ამ მიწებზე მონური შრომის გამწევ ძალაზე ბატონობას რუსის, უკრაინელის, ბელორუსის, ქართველის, სომეხის, სხვათა სახით. ზედმეტი ადამიანი განადგურებას ექვემდებარებოდა. საუკეთესო შემთხვევაში გერმანიაში შავ მუშაობას.

ჰიტლერულ გერმანიას მოსახლეობის რაოდენობაც ჰქონდა გათვლილი — რუსეთში ამდენი, უკრაინაში, ბელორუსიაში, საქართველოში, სხვაგან ამდენი. მოსახლეობის ხელოვნურ წმენდაში გერმანული ფაშიზმი გაფაშისტებული რუსის, უკრაინელის, ბელორუსის, ქართველის, სომეხის, სხვათა გამოყენებას გეგმავდა. მათი აზრით და დაკვირვებით, გაფაშიტებულები, გერმანელთა მეტად ფაშისტები იყვნენ. აშკარა მაგალითი ამისა უკრაინელი ფაშისტები, ბანდერელებია.

ასე რომ, პატივცემულო ქართველო მეოცნებეებო — გერმანიას რომ ომი მოეგო, „მერსედესებით“ ვივლიდით და ბავარიულ ლუდს დავლევდითო — ტკბილი ზღაპარია, დაავადებულ ტვინში გაჩენილი.

1945 წლის 9 მაისს ფაშიზმის ბუდის, ბერლინის განადგურების შემდეგ ვერვინ იფიქრებდა, რომ ეს დაავადება ისევ გაჩნდებოდა ევროპაში, უფრო სწორად მის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინელთა გამოთქმით — უკრაინა ცე ევროპაში.

ისე, როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში, ამერიკა—დიდი ბრიტანეთი — ამჯერად ევროკავშირი ფულს, იარაღს, ყოველგვარი სახის დახმარებას არ იშურებს ფაშისტური უკრაინისთვის. მათ გეგმებში კორექტირებაც კი არ მომხდარა. 50-ზე მეტი ქვეყანა დაირაზმა რუსეთის წინააღმდეგ არა როგორც იდეოლოგიური მტრის, არამედ როგორც ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, გასული საუკუნის 30-იან წლებში დარაზმული ევროპა, საშიში საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ კი არა, რუსული მდიდარი წიაღისეულისთვის იბრძოდა.

დღევანდელ ბრძოლას, უფრო სწორად ომს, გარდა რუსული სიმდიდრეების მოპოვებისა, სხვა სარჩულიც აქვს — რუსეთის, როგორც მეტოქის დამარცხება, გზიდან ჩამოშორება, დაქუცმაცება.

ამ „კეთილშობილური“ ჩანაფიქრის შესასრულებლად უკრაინელი შეირჩა — არა ამერიკელი, ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, …, არამედ უკრაინელი — წარმოშობით, სისხლით, ხორცით რუსი, პროპაგანდით ანტირუსი, სვასტიკიანი სამკლაურით მორბენალი, ფაშისტური იდეების მატარებელი.

უკრაინელი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ამერიკული დახმარება — ფულისა და იარაღის სახით, მისი განადგურებისკენ არის მიმართული.

უკრაინელი ვერ ხვდება, რომ სამხედრო ძალა, რომელიც მას გააჩნია, ვერავითარ ძალად ვერ ჩაითვლება რუსეთის სამხედრო ძალასთან შედარებით.

უკრაინელი ვერ ხვდება, რომ ჯარი, რომელსაც საკუთარი წარმოების იარაღი, ტყვია-წამალი არ აქვს და იმპორტულზეა ჩამოკიდებული, მტერზე ვერ გაიმარჯვებს.

უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება ხვდება, რომ ეს ასეა, მაგრამ მას სხვა რამ ამოძრავებს — ფულის შოვნა.

დასავლური მედიის მიხედვით, ომის დაწყებიდან 2 წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი, ზელენსკი, მისი გუნდის წევრები არა მარტო მილიარდერები გახდნენ, არამედ უძვირფასესი ვილების, სასახლეების პატრონები ევროპის ქვეყნებში.

ზელენსკის და მისი წრის მიზანი ერთია — ომის დიდხანს გაჭიმვა. მიზანი მათი იდენტურია ამერიკელ-ევროპელთა მიზნებთან. მერე რა რომ ამ მზაკვრულ მიზნებს სიცოცხლე ეწირება?!

უკრაინელთა დანაკარგი თუ უკრაინის ხელისუფლებას არ ადარდებს, ამერიკის ადმინისტრაცია ან ბრიუსელის ბობოლა მოხელეები იდარდებენ?

საბჭოთა კავშირის დაშლას უკრაინა 52 მილიონი ადამიანით შეხვდა, ამასთანავე გამართული ეკონომიკით, მთელს სსრკ-ში სახელგანთქმული, მძლავრი მძიმე მრეწველობით, მანქანათმშენებლობით, ავიამშენებლობით, გემთმშენებლობით, ჩარხთმშენებლობით, აყვავებული სოფლის მეურნეობით და სხვა სიკეთით, რომლითაც უკრაინა წინ იყო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე.

30 წელი საკმარისი გამოდგა ყოველივე აღნიშნულის გასანადგურებლად. დღევანდელი უკრაინა ბომჟია, ამერიკელი ბომჟების მსგავსად, ქუჩაში მცხოვრები, პარალელურად ქურდი, კორუმპირებული ხელისუფლებით.

უკრაინელთა სხვადასხვა ხელისუფლებამ თუ რა იმოღვაწევა — ქურდობაა. ნაწილ-ნაწილ გაიყიდა ქარხნები, საბჭოთა კავშირის წყალობით დატოვებული შეიარაღება. უკრაინა გახდა იარაღით მოვაჭრე ქვეყანა, რომელიც ტოლს არ უდებს არვის, თუნდაც ამ საქმეში გამოცდილ ამერიკელ ვაჭრებს. გაიყიდა არა მარტო სამხედრო ტექნიკა, არამედ ნაყოფიერი შავი მიწა, რომელიც ამერიკულმა კომპანიებმა დაითრიეს. და ეს ყველაფერი ხდებოდა და ხდება ამერიკელთა თვალწინ, როგორც ამბობენ მათი დახმარებით.

სულ ახლახანს, აშშ-ს კონგრესმა 60 მილიარდი დოლარი გამოჰყო უკრაინის დახმარებისთვის, რამაც არა მარტო ამერიკელი მაღალჩინოსნები გაახარა, არამედ უპირველესად უკრაინელი ხელისუფალნი. აღნიშნული თანხის 60% აშშ-ი დარჩება და მოხმარდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ იარაღის დამზადებას უკრაინისთვის. თვით უკრაინა 14 მილიარდამდე მიიღებს, რასაც მშვენივრად მოირგებენ უკრაინელი ხელისუფალნი. ასე რომ, მათთვის, ისე, როგორც ამერიკელებისთვის, კონგრესის გადაწყვეტილება არათუ სასიხარულოა, არამედ აღმაფრთოვანებელია. შედეგი?

უკრაინის ფრონტზე ინტენსიფიკაცია, მსხვერპლის ზრდა და ტერიტორიების დაკარგვა.

მიზანი აშშ-ისა მარტივია — ომით, რუსეთის დაღლა, მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, ისე, როგორც ხალხის სოციალური მდგომარეობის, უკმაყოფილო რუსეთის, პუტინის საწინააღმდეგოდ აზვირთება.

2 წელი გავიდა ომის დაწყებიდან, მაგრამ მიზანი ამერიკელთა არ სრულდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მცდელობას ჯიუტად აგრძელებს — სხვისი ხელით ომს. სხვათაშორის, იგივე ბედი გველოდა ჩვენც, როდესაც სააკაშვილმა ომი წამოიწყო სამხრეთ ოსეთში. მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის, ბაქრაძისა არ იყოს — საქართველოს მოსახლეობას დანებით-ჩანგლებით უნდა ეომა რუსის ჯარის წინააღმდეგ, მაგრამ ხალხი ბაქრაძეზე ჭკვიანი გამოდგა — რუსეთის ჯარს ცხელ-ცხელი ხაჭაპურებით დახვდა და განადგურებისგან თავიც გადაირჩინა, თუმცა ტერიტორიები დაკარგა.

ეს, არცთუ ლირიკული და სასიამოვნო გადახვევა მთავარი თემიდან — 9 მაისის დღესასწაულიდან აუცილებლად მივიჩნიე, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა მკითხველისთვის იმ დასავლურ „ბედნიერებაზე“, რომელიც ევროატლანტიკურმა სივრცემ უკრაინას აჩუქა.

„ბედნიერება“, მითუმეტეს ამერიკა-ევროპის ნაჩუქარი, არავინ იცის და თუ იცის, უბედურებაა, რომელიც ლათინურმა ამერიკამ, აფრიკის ქვეყნებმა, სხვებმა საკუთარ თავზე იწვინეს. ჭკუით, ქართველებო!

დავუბრუნდეთ 9 მაისის დღესასწაულს. გამარჯვების დღე, როგორც დღესასწაული საბჭოთა ხალხმა 1945 წლის 9 მაისს აღნიშნა, რომელიც დასრულდა სალუტით. იმავე დღეს გამოქვეყნდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად“ მედლის დაწესების თაობაზე. გამარჯვების პარადი გაიმართა 1945 წლის 24 ივნისს. 1945-1947 წლებში გამარჯვების დღე იყო უქმე დღე.

1947 წლის დეკემბერში სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, დასვენების დღე გაუქმდა. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ომით დანგრეული საბჭოთა ქალაქების, სოფლების, დასახლებული პუნქტების, ფაბრიკების, ქარხნების აღდგენა, რაც სამუშაო დროს მოითხოვდა და არა დასვენებას.

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გამარჯვების პარადი წითელ მოედანზე გაიმართა 1965, 1975, 1985 წლებში. ინიციატორი პარადის გამართვისა იყო სსრკ კპ ცკ-ს გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი.

1965 წლის 9 მაისი საიუბილეო თარიღი იყო — გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვების 20 წლისთავი. საბჭოთა ხელისუფლებამ 9 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა. სამხედრო პარადის შემდეგ, კრემლის ყრილობათა სასახლეში გაიმართა გრანდიოზული წვეულება. 1967 წელს გამარჯვების დღეს ბრეჟნევმა გახსნა უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ეს ცერემონიალი 1975 წლის 9 მაისის საიუბლილეო ღონისძიებებში შეიტანეს — ლენინის მაუზოლეუმის და უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინებით შემკობა,  მოსკოველი ახალგაზრდების მანიფესტაცია წითელ მოედანზე, კრემლის ყრილობათა სასახლეში წვეულების გამართვა, წუთიერი დუმილი და გამარჯვების აღსანიშნავი სალუტი.

1985 წელს ჩატარდა მესამე სამხედრო პარადი — ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავის აღსანიშნავად. 1990 წლის 9 მაისს გაიმართა მე-4 სამხედრო პარადი. ეს იყო საბჭოთა კავშირის ბოლო სამხედრო პარადი.

ბრეჟნევის მიერ აღორძინებული გამარჯვების დღის დღესასწაულის ესტაფეტა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციამ ჩაიბარა და მეტიც, მან 9 მაისს დიდი დღესასწაულის სახელი მიაკუთვნა.

მოდით დავსვათ კითხვა — 9 მაისი მარტო გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვება იყო, თუ ე.წ. დემოკრატიულ დასავლეთზე, რომელმაც გამოზარდა ფაშიზმი?

მავანი მკითხავს — თუ დასავლეთმა გამოზარდა ფაშიზმი საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად, მაშინ რატომღა შექმნა ანტიჰიტლერული „სამეული“ საბჭოთა კავშირის შემადგენლობით?

ვერ გათვალა. დასავლეთის გამოზრდილი ფაშიზმი, გაძლიერებული და ფრთებგაშლილი გამზრდელს, ანუ „დემოკრატიულ“ დასავლეთს დაუპირისპირდა.

გადმოვინაცვლოდ თანამედროვეობაში — აშშ-ს მიერ გამოზრდილი „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“, საბჭოეთის წინააღმდეგ დაქოქილი, გამზრდელს არ დაუპირისპირდა?

აღარაფერს ვამბობ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოზე“, ასევე აშშ-ს მიერ შექმნილზე.

„ისინი არასდროს შეეგუებიან იმას, რომ ასეთი სივრცე წითელი იყოს — არასდროს, არასდროს“ — იხსენებდა იუგოსლავიის სახელმწიფო მოღვაწე მ.ჯილასი, სტალინის სიტყვებს, რომელიც მან თქვა მსოფლიო რუკასთან მდგომმა ამერიკა-ინგლისის მისამართით. წითლად შეღებილი მსოფლიოს ერთი მეექვსედი ომის დამთავრებიდან დაწყებული, დღემდე აღიზიანებს დასავლეთს.

79 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე და ისევ ფაშიზმი? ისევ ფაშიზმით ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ? ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს? გამეორება ცოდნის დედააო — აცხადებენ ვაშინგტონში და მათ მიერ აღორძინებულ უკრაინულ ფაშიზმს 60 მილიარდ დოლარს უყოფენ რუსეთთან საომრად.

ამერიკელი კონგრესმენი კი კონგრესში გამოსვლის დროს აცხადებს, რომ ამერიკამ უნდა დაიცვას თავისი საზღვარი რუსეთთან უკრაინაში. რას ნიშნავს ეს, თუ არა უკრაინის მისაკუთრებას?

ოღონდ მისაკუთრებას მანამდე, ვიდრე უკრაინაში არის სახრავი, რომლის ამოწურვის შემდეგ, უფრო სწორად მონელების, „დემოკრატი“ ვაშინგტონი გემოგამოცლილ საღეჭ რეზინასავით, გადააფურთხებს უკრაინას.

განა უკრაინის ისტორია სამაგალითო არ უნდა იყოს ჩვენთვის?

დავუბრუნდეთ 9 მაისის აღსანიშნავ 20-წლისთავს და 1945 წლის შემდეგ, მეორედ გამართულ სამხედრო პარადს, რომელსაც მოსკოვში შევხვდით აწ გარდაცვლილ გელა ჩარკვიანთან ერთად. 1965 წელს ორივე ჩვენგანი საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტის“ თბილისის განყოფილებაში ვმუშაობდით გიდ-თარჯიმნებად.

გასული საუკუნის 1964-65 წლები, უცხოური ტურიზმი ყველაზე უხვმოსახლიანი იყო საბჭოთა ტურიზმის ისტორიაში. მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა კარჩაკეტილი საბჭოეთის კარი გახსნა, რასაც მოჰყვა უცხოელი ტურისტების მოგზაურობა საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში.

კვირა არ ჩაივლიდა, რომ თბილისს არ წვეოდა ამერიკელ ფერმერთა, სხვა სპეციოალობის ადამიანთა 60-80-კაციანი ჯგუფი.

უცხოური ტურისტების თვალსაზრისით „ინტურისტის“ თბილისის განყოფილება, მოსკოვისა და ლენინგრადის შემდეგ, ყველაზე დატვირთული იყო, ამდენად ჩვეულებრივ ამბვად მივიღეთ მოსკოვის შემოთავაზება მონაწილეობა მიგვეღო ახალი ტურისტული მარშრუტის შემუშავებაში. მას „კავკასსკოე კოლცო“ დაერქვა.

უცხოეთიდან მოსკოვში ჩაფრენილი ტურისტების ჯგუფს ხვდებოდა „ინტურისტის“ გიდ-თარჯიმანი, ანთავსებდა მათ სასტუმროში, უტარებდა ექსკურსიას მოსკოვის ღირსშესანიშნაობების შესახებ, აცნობდა მუზეუმებს, საწარმოებს და ა.შ.

მოსკოვის 3-დღიანი ვიზიტის შემდეგ გიდ-თარჯიმანს ტურისტები, ავტობუსით მიჰყავდა ლენინგრადში, ლენინგრადიდან ტულაში, ხარკოვში, მინერალურ წყლებში, ორჯონიკიძეში, საქართველოს სამხედრო გზით თბილისში, სოხუმში, სოჭში, გელენჯიკში, როსტოვში და ბოლოს ისევ მოსკოვში, აღნიშნულ მარშრუტზე, ყველა ქალაქში 2-3-დღიანი ყოფნით — ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებით, ტურისტებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზებით.

გიდ-თარჯიმანი იყო მთავარი მასპინძელი ტურისტებისა, რომელიც ვალდებული იყო მოეგვარებინა ტურისტთა მიერ დასმული ყველა საკითხი — სასტუმროში განთავსებიდან დაწყებული, კვების საკითხებით დამთავრებული, ისე, როგორც ინდივიდუალური თხოვნები და ა.შ.

„ინტურისტის“ თბილისის განყოფილების ხელმძღვანელობამ ახალი მარშრუტის შემუშავების ღონისძიებებში გელა ჩარკვიანი და თქვენი მონა-მორჩილი მიგვავლინა მოსკოვში, სადაც შეიკრიბა სხვა ქალაქების „ინტურისტის“ გიდ-თარჯიმნები. და დაიწყო ჩვენი მოგზაურობა მომავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელმაც ერთი თვე გასტანა. მაშინ მე 21 წლის გახლდით, ჩარკვიანი 25-ს, თუმცა ორივენი საკმაოდ გამოცდილნი ტურისტებთან მუშაობაში, მაგრამ ერთია საქართველოს მასშტაბები და მეორეა საბჭოთა კავშირის, მისი ქალაქების ისტორიის, ღირსშესანიშნაობების ცოდნა.

მხედველობაშია მისაღები უდიდესი პასუხისმგებლობა ამერიკელი ან სხვა ქვეყნის ტურისტის წინაშე, რომელთათვის გიდ-თარჯიმანი არის ყველაფერი, ანუ მასპინძელი, რომელმაც მას უნდა გაუწიოს დახმარება.

მოგზაურობის მოსკოვში დამთავრება დაემთხვა 9 მაისის დღესასწაულს. მოსკოველმა კოლეგებმა მიგვიწვიეს სასტუმრო „ნაციონალში“, რომლის ბოლო სართულის ფართო აივნიდან ხელის გულივით ჩანდა წითელი მოედანი და სამხედრო პარადი. ასედაამრიგად, შორიდან ვნახეთ გრანდიოზული ღონისძიება — გერმანიის ფაშიზმის დამარცხების მე-20 წლისთავს მიძღვნილი, რაც დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას.

9 მაისი უდიდესი დღესასწაულია არა მარტო რუსეთის, არამედ საქართველოსთვის, რომლის 350000 ახალგაზრდამ თავი შესწირა ფაშიზმთან ომს. ჩვენ, დაღუპულთა რაოდენობით თითქმის ვუტოლდებით აშშ-ს და ვასწრებთ დიდ ბრიტანეთს — რაც ყველას უნდა ახსოვდეს.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ „ყავისფერი ჭირი“ — ფაშიზმი მტერია კაცობრიობის. მასთან კეკლუცი, მითუმეტეს ლაქუცი, ცუდის მომასწავებელია.

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ დღევანდელი უკრაინა — გაყავისფერებულ-გაფაშისტებული მტერია აწმყოსა და მომავლის, მაგრამ შეიგნებს?!

ვეჭვობ და ეჭვს მიღვივებს ვითომ „უმნიშვნელო“ მაგალითი „კვირის პალიტრის“ მიერ დაბეჭდილ-გავრცელებული კედლის კალენდარი, სადაც ასო 9 (ანუ 9 მაისი) წითლად არის შეღებილი და მეტი არაფერი.

არც ერთი სიტყვა 9 მაისთან დაკავშირებით. არც ერთი სიტყვა, რატომ არის ასო 9 წითელი. გეუხერხულებათ, პალიტრელებო?!

ამ მიდგომით სულ მალე ასო 9 გაშავდება, ისე, როგორც კალენდრის სხვა ციფრები და მარადისობას ჩაბარდება ფასიზმზე გამარჯვება.

აფსუს!!!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

25/04/2024