ხელისუფლებას ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს!

რუსეთი დემოტრაკიულ დასავლეთში არავის შეეშალოს!

“კაცი ის არის, ვინც მამულს

ეტრფის და ეთაყვანება,

ვისაც ვერ დასძლევს მტრის ოქრო,

ვერც მისი მკაცრი ბრძანება”!

რაფიელ ერისთავი

ერთ – ერთ თავყრილობაზე პოეზიაზე საუბრისას დამსწრეთ სერგეი ესენინის ლექსის წაკითხვა შევთავაზე.

_ ეგ ხომ იმ ჯიშისაა, რომელიც ლამის გორამდე მოვიდა? მაგათი დედაც!… _ შემომესმა გულით ქართველისა და სულით მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურის         წარმომად­გენლის გაღიზიანებული პროტესტი.

წარმოუდგენელია, რომ მსოფლიოში ფაშიზმის აღზევების გამო, რომელთან ბრძოლასაც მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა, შევიძულოთ გერმანელი პოეტი ჰაინრიხ ჰაინე; ან ბუმბერაზი გოეთე, რომელიც თავისი “ფაუსტით” ბაირონის “მანფრედთან” ერთად იდეურად და სულიერად ეხმაურება ქართველებისთვის სათაყვანებელი ნიკოლოზ ბარათაშვილის “სულო ბოროტოს” ისე, რომ ეს პოეტები არც ერთმანეთს იცნობდნენ, არც ერთმანეთის ნაწარმოებებს. მოაზროვნე მდიდარ ადამიანებს შორის არსებობს სულიერი ნათესაობა და ერთობა.

გერმანელმა ერმა მსოფლიოს გეოპოლიტიკაში თავისი ადგილი კვლავ დაიმკვიდრა, რადგან შეძლო ფაშისტური რეჟიმის შეფასება და დასჯა. ქართველმა ერმა ეს ვერ მოახერხა, რაც პრეცენდენტად იქცა უკრაინისთვის და იგი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ფაშიზმის აღზევების მხრივ, რასაც სწორედ დასავლეთმა შეუწყო ხელი. მრავალჯერ გვითქვამს: რომ არა რუსეთი და რუსი ერი, ჩვენ დღეს სპარსულად ან თურქულად მოლაპარაკე ბიოლოგიური მასა ვიქნებოდით ან საერთოდ არ ვიქნებოდით. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში _ 1921 წელს, როცა მთავრობა გაქცეული იყო, თურქეთი რომ შემოიჭრა და ბათუმი, ფოთი და ოზურგეთი დაიკავა, ვინ გაათავისუფლა?  ლენინს თურქეთთან ომი არ უნდოდა და, რომ არა სტალინის მოხერხება და ნიჭი, რანი  ვიქნებოდით დღეს?

რუსეთმოძულე ჩემი ოპონენტი მეტყვის: ამერიკასა და ევროკავშირს ჩვენი ტერიტორიები არ მიუთვისებიაო(?!). რად უნდა ტერიტორია, როცა 25 წლის განმავლობაში იდეოლოგიურად ისე დაგვანგრია, რომ 5,5 მილიონი მოსახლეობიდან 3 მილიონიღა დავრჩით. ამერიკა შავ ზღვაზე    სამხედრო ბაზის განთავსებას ლამობს, ევროპა _ ეკონომიკურ ექსპანსიას აწარმოებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც მიიღეს ამერიკა და ევროკავშირი, ჩვენც მივიღეთ ეს ქვეყნები და შედეგიც ჩანს.

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი აღნიშნავს, რომ, როცა ამერიკა თავის მმართველობის სისტემას თავს ახვევს სხვა ტრადიციების მქონე ქვეყანას და ეს ქვეყანა მას არ მიიღებს, ამერიკა მისი  მტერი  ხდება; მაგრამ, თუ მიიღებს, ხელისუფლება გახდება თავისი ქვეყნის მტერი.

რუსეთი უდიდესი და უძლიერესი იმპერიაა სხვა იმპერიების მსგავსი მტაცებლური ბუნებით, მაგრამ თვითონ ქართველი როგორ ექცევა თავის ქვეყანას? რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მითვისება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების არაქართული, მავნებლური პოლიტიკის შედეგია, მაგრამ    შენ, “ქართულო ოცნებავ”, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად რომ გქვია მხოლოდ “ქართული”, რატომ უყიდი ქართველ გლეხს მიწას უცხოელზე? ასეთი ხელისუფლება ხალხის  პატივისცემას  არ იმსახურებს!

დაპირისპირებული მხარის ღირსებებისა და ღირებულებების დანახვისა და დაფასების უნარი ადამიანური ღირსებაა. ისტორიიდან ცნობილია, როგორ დააფასა ველურმა დამპყრობელმა ცოტნე დადიანის თავგანწირვა, ხოლო მე-20 საუკუნის 70-იან წლებში უშიშროების კომიტეტის გენერალ-მაიორი და სამხედრო მეცნიერი თენგიზ ეპიტაშვილი, რომელიც ავღანეთში აქტიურად იბრძოდა,   მოწმე შეიქნა, როგორ მიაგებდნენ პატივს ავღანელები ღირსეული მტრის საფლავებს, რომელთა შორის გახლდათ გიორგი XI _ ქართლის მეფე, რომელიც სპარსეთის ინტერესებს იძულებით ახორციელებდა ავღანეთში და ისე აღესრულა, სამშობლოს მიწის ხილვა ვერ შეძლო. ავღანელებმა ქართველ გენერალს საფლავზე მისვლისა და დიდი წინაპრის წინაშე მუხლის მოდრეკის საშუალება მისცეს.

თუ თურქეთი ჩვენი მეგობარია, რომელმაც უფრო დიდი ტერიტორია წაგვართვა, რატომ გვავიწყდება რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის დადებითი შედეგები, ის, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა?! ძალიან მოკლედ შევეხები სტალინის ეპოქას, რათა დიდი ქართველისა და პატარა ადამიანების მოღვაწეობა სათანადოდ შევაფასოთ:

* პატარა ერის შვილი და დიდი ქართველი იოსებ სტალინი მოსახლეობას გადასახადებს არ უზრდიდა,  პირიქით _ ყოველი წლის მარტიდან პროდუქტები იაფდებოდა, ეს ხალხს ცხოვრებასა და  შრომას  უხალისებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველივე სამამულო ომის, დიდი ნგრევისა და  კატაკლიზმების  შემდეგ ხდებოდა, რაც სტალინის განსაკუთრებული გონიერებისა და მოსახლეობისადმი დიდი  თანაგრძნობის მაჩვენებელია.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოსვლიდან 3 წლის თავზე ლამის ყაჩაღად იქცა: დენის ტარიფს ზრდის, რომელიც პროდუქტზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს. ხელისუფლების წარმომადგენელთა შენახვა, მათი საზღვარგარეთული ვიზიტებითურთ, მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას.

* სტალინს ქართველებისთვის ეროვნება და მამის სახელი არ წაურთმევია. დამოუკიდებელ  საქართველოში ეს მონური ფსიქოლოგიის მქონე პატარა ადამიანებმა მოახერხეს ევროპა–ამერიკის საამებლად.

* სტალინის მმართველობის პერიოდში სსრკ–ის ტერიტორიაზე ნარკოტიკის მოხმარება აკრძალული იყო. წარმოუდგენელი და ღირსების შემლახველი იქნებოდა, ამ საკითხზე სტალინს აზრი    ევროპისთვის რომ ეკითხა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, მაგალითი ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისგან უნდა ავიღოთ. ეს კი ქვეყნის მომავლის დასასრულის დასაწყისია.

* სტალინს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა კანონის ჩარჩოებში არ მოუქცევია და  ქართველი ერის ღირსების შემლახველი ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მიუღია. მართალია,  რუსეთის რევოლუციის შემდეგ გააუქმეს ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო ყველა კანონი, როგორც  ბურჟუაზიული გადმონაშთი, მაგრამ 1934 წლის მარტში კალინინმა, სტალინის ბრძანებით, ხელი  მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ჰომოსექსუალობა სოციალური დამნაშავეობის  რიგში დააბრუნა.

ივანიშვილის ხელისუფლებამ მართლმადიდებლობას, მორალსა და ზნეობას ზურგი აქცია და ამერიკის დირექტივებს დაემორჩილა.

* დიდ ქართველს _ სისადავითა და უბრალოებით განუმეორებელ სტალინსა და პოლიტბიუროს  წევრებს ხელფასი 10.000 მანეთი ჰქონდათ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  პრეზიდენტს – 20.000 მანეთი, ხოლო პრეზიდიუმის წევრებს – 10.000 მანეთი. ფრიადოსანი სტუდენტი 500 მანეთს იღებდა, სტალინური სტიპენდიანტები – 1000 მანეთს.

ივანიშვილის ხელისუფლებამ მოსახლეობა შიმშილისთვის გაწირა და მინისტრს საარსებო მინიმუმზე 33-ჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნა.

დღეს მსოფლიო სტალინის მადლიერია, მისი ბიუსტი ამერიკაშიც კი დადგეს და სასაცილოა, როცა  პატარა ადამიანები მისი ღვაწლის დამცირებას ლამობენ. ეს თემაც ხელისუფლებისთვის  პოლიტიკური დივიდენდების მიღების წყაროდ იქცა.

დღეს სტალინის იდეოლოგიური და იურიდიული სამართალმემკვიდრეა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც დასავლეთის მოაზროვნე საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს. მან საჯაროდ განაცხადა: “საუკუნეების განმავლობაში რუსეთი კავკასიაში პოზიტიურ როლს თამაშობდა. ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც, ეჭვი არავის შეეპაროს!”

_ ეს არის გზავნილი დასავლეთისა და კავკასიის ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ,  როგორც ჩანს, რუსეთი სათანადოდ ვერ შეაფასა და კვლავ შეუერთდა ევროკავშირის მიერ განხორციელებულ ანტირუსულ სანქციებს ჩვენივე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. შედეგად    მივიღეთ ემბარგო ქართულ პროდუქციაზე! რუსეთი არავის შეეშალოს დემოტრაკიულ დასავლეთში! ჩვენი ხელისუფლება, ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრის ნაცვლად, რუსეთს უპირისპირდება   ქვეყანაში  ამერიკის ინტერესების ლობირებით. მათი აზრით, რუსეთი დამარცხდება და ამერიკა გაიმარჯვებს,  მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ამერიკა–ევროკავშირმა ვერაფერი მოიმოქმედა, რუსეთს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა რომ არ ეღიარებინა.

ამას წინათ ლიტვის ხელისუფლების წარმომადგენელმა სიამაყით აღნიშნა, დახმარების მსურველი ხალხი შემცირდა ქვეყანაშიო. ეს კი, ფაქტობრივად, მოსახლეობის 1.700.000-მდე შემცირებამ გამოიწვია. ჩვენი ხელისუფლებაც ამიტომ ესწრაფვის ვიზალიბერალიზაციას: ქვეყანა დაიცლება   ქართველებისაგან; არ არის ხალხი _ არ არის პრობლემაც.

ამერიკელთა დამპყრობლური მიზნები არ იცვლება, ამიტომ ჩვენ უნდა  შევცვალოთ საგარეო პოლიტიკა. საჭიროა, შეიქმნას ერთიანი ეროვნული სტრატეგია  და პარტიებს შორის  შედგეს კონსესუსი. ვინმეს  სჯერა, რომ ვინც დღეს ევროკავშირსა და ნატოს ეტრფის, ეს იდეოლოგიურად ხდება? საკმარისია,  რუსეთმა დააფინანსოს რომელიმე პარტია თუ ორგანიზაცია, თავპირისმტვრევით გადაბარგდებიან  დაპირისპირებულ ბანაკში! სამწუხაროდ, რუსეთი ამას არ აკეთებს, რადგან არ სჭირდება საქართველო,  რუსეთი ჩვენ გვჭირდება ჩვენი სამომავალო მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

ივანიშვილის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ფულის შოვნის მექანიზმთან, მის მიერ დანიშნული კადრებითაც ჩანს. მას ხელისუფლებაში მოკალათებულ მაღალჩინოსნებთან ერთად კარგად აქვს გაანალიზებული დიაგნოზი, რომელიც ქართველ ერს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაუსვა _ “დაავადებულია დებილობის მცირე ფორმით”.

ისიც იციან, რომ, თუ ქართველი საზოგადოება ტარიფის მომატების ან პროდუქტების გაძვირების გამო აქციებს გამართავს, ეს სპონტანურად მოხდება, აქტივობა მალე ჩაქრება და მონური მორჩილებით შეეგუებიან რეალობას. ქართველი საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოებად.

_ რა დონემდე უნდა გაუბედურდეს ქვეყანა, რომ ხელისუფლება ამას მიხვდეს? _ იკითხავს მავანი. ამერიკელთა ნარჩენებით ნაკვებმა ხელისუფლებამ ყველაფერი მშვენივრად იცის, მაგრამ პოლიტიკურ დივიდენდებს არ დათმობს. ივანიშვილმა პარლამენტი და მთავრობის ნაწილი დაიწუნა და ბრძანა:      “მე არ მაქვს ბერკეტი გარდა იმისა, რომ არჩევნებზე მხარი არ დავუჭირო და საჯაროდ წავიდე მის წინააღმდეგ”. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ზემოაღნიშნული დიაგნოზის გათვალისწინებით, კვლავ შეეცდება ქართველების ნდობის მოპოვებას და ახალი სახეების შექმნით კულუარებიდან ხელისუფლების კვლავაც მართვას.

გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს მადლობა, ასეთი პრეზიდენტი რომ აირჩია. მადლობა იმისთვისაც, რომ მისი არჩეული ხელისუფლება არ გვკლავს და არ გვაუპატიურებს. ამისთვის ხომ უნდა    ვაცხოვროთ ფუფუნებაში?! ჩვენ კი ბალახსაც მოვძოვთ!

 რომ არა წინა ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკა, “ოცნებისტები” არანაირი ნიშნით დადებითად არ წარმოჩნდებოდნენ. სწორედ ამ ფონზე მოირგო ივანიშვილმა გმირის მანტია.      ქვეყანაში ეროვნული საქმე არ გაკეთებულა და არც გაკეთდება. მიზეზი მარტივია: ამით პოლიტიკურ ქულებს ვერ ჩაიწერენ, რადგან, დასავლეთის დირექტივების თანახმად, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას ყურადღება არ სჭირდება. სწორედ ამიტომ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”, სწორედ ამიტომ უგულებელყოფენ ყოველივე ეროვნულს: ეროვნული  გამოცდების პროგრამაში შეზღუდულია “ვეფხისტყაოსანი”; სიმონ ჯანაშიას, ნიკო  ბერძენიშვილის,  ივანე ჯავახიშვილის მიერ დაწერილი საქართველოს ისტორია არ  უნდა ვასწავლოთ ბავშვებს სკოლაში. ეროვნული საქმის კეთების შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ დივიდენდებს, გრანტებსა თუ სხვა დაფინანსებას აღარ მიიღებენ. ეს არის “ქართული ოცნება”?! ლიბერალური ეკონომიკა და პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში ატარებს, მხოლოდ ერთეულების გამდიდრებას ემსახურება. საზოგადოდ, ლიბერალიზმი ეროვნული  ტრადიციების    მქონე  ქვეყნისთვის დამღუპველია. დოსტოევსკი მე-19 საუკუნის 80-იან წლებში წერდა: “თუ ვინმე დაღუპავს ქვეყანას, ისინი ანარქისტები ან კომუნისტები კი არ იქნებიან, არამედ დაწყევლილი ლიბერალები”.

ეს ხელისუფლება იდეოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა ჭეშმარიტად დიდი, პატრიოტული საქმეების კეთებისთვის და პირად კეთილდღეობას გადააყოლა ქვეყნის მომავალი ისე, რომ წლების განმავლობაში მცდელობაც არ ყოფილა რუსეთთან მოლაპარაკებისა, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქედან დასკვნა: ხელისუფლებას ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს!

ვაცნობიერებ რა ევროპული “ღირებულებების” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, დემოტრაკიით მონიჭებულ გამოხატვის თავისუფლებას, საქართველოს კეთილმოდელირებულ ხელისუფლებას    ჩვენი სულმნათი აკაკის ლექსის ერთი ბწკარედით მივმართავ: “თქვენსავით ვერ წაიკუზა იარანალ _ ხარაბუზა”.

როგორც წინა, ეს ხელისუფლებაც შენი არჩევანი იყო, ქართველო!

იზა თამაზაშვილი

19.04.2024 წ.

ტელ: 593 90 55 07

P.S. უარს ვამბობ არჩევნებში მონაწილეობაზე, ვიდრე:

1. პირადობის მოწმობაში არ აღდგება ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა;

2. პარლამენტი არ მიიღებს კანონს დეპუტატის გამოწვევის შესახებ;

3. არ დარეგულირდება სახელფასო სისტემა და მინისტრის ხელფასი არ გაუთანაბრდება          საარსებო  მინიმუმზე არაუმეტეს ხუთმაგ ოდენობას.