რა ჰქვია ქვეყანას, რომელზეც მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არ მოქმედებს?
რა ჰქვია ქვეყანას, რომელზეც მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არ მოქმედებს?
არადა მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, თითქმის საუკუნის განმავლობაში ყველაზე „ცხელ“ წერტილად აღიარებულში, ისეთ სისხლიან დაპირისპირებას აქვს ადგილი ისრაელსა და პალესტინას შორის, ბოლო 75 წლის განმავლობაში ადგილი რომ არ ჰქონია.
რა ჰქვია ქვეყანას, რომლის პოლიტიკა, მედია, ექსპერტობა ყურადღებასაც არ აქცევს პეკინში მიმდინარე ფართომასშტაბიან ღონისძიებას 147 ქვეყნის დელეგაციის და 23 ქვეყნის მეთაურის მონაწილეობით?
„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ დაარქვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ახალ პროექტს, თავმჯდომარედ არჩევის პირველსავე დღიდან. პროექტი მოიცავს ყველა იმ ქვეყანას, სადაც ჩინური გზა გაივლის. გზა — რომელიც განავითარებს ამ ქვეყნების ეკონომიკას, სოციალურ ყოფას, ურთიერთკავშირებს ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, … დარგებში.
სხვათაშორის საქართველოც არის ჩართული პროექტში. უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტის დროს ხელი მოაწერა მემორანდუმს ჩინეთ-საქართველოს შორის აღნიშნულთან დაკავშირებით. ამას ცნობისთვის მოგახსენებთ.
რა ჰქვია ქვეყანას, რომელიც აშშ-თ მოხიბლულ-დაბრმავებული ვეღარ ხედავს, როგორ ეცლება ამ ქვეყანას მსოფლიო ბატონობის ტახტი საჯდომიდან, როგორ ეშვება საქართველოს კერპი ამერიკა კორუფციის, ქაოსის ჭაობში.
რა ჰქვია ქვეყანას, რომლის პრეზიდენტი, მისი პოლიტიკური კარიერის სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში, პარლამენტართა წინაშე გამოსვლის დროს, ურცხვად აცხადებს ტყუილს, რომ რუსეთი, უკრაინაში აგებს ომს.
რა ჰქვია ქვეყანას, რომლის აღმასრულებელი ხელისუფლება ისე ექცევა სახელმწიფო ქონებას, როგორც საკუთარს?
რა ჰქვია ქვეყანას, რომელსაც ხელისუფლების სამი შტო ჰყავს — საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პრეზიდენტის სამსახური, სასამართლო სისტემა, მაგრამ არც ერთი მათგანი დამოუკიდებელი. ვერც ერთი მათგანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ერთ მდიდარ კაცთან შეთანხმების გარეშე.
რა ჰქვია ქვეყანას, სადაც ერთი კაცი — მდიდარი, გავლენიანი, მაგრამ არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის მქონე მართავს ქვეყანას?
პასუხიც არ არის საჭირო, ვინაიდან ყველაფერი ნათელია და გაცილებით ნათელი, ვიდრე ლეიბორისტთა ლიდერის შალვა ნათელაშვილის გვარი და „პოლიტიკური მოღვაწეობა“.
სამწუხაროდ ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია, ხოლო მის ხალხს ქართველი, რომლის ინდიფერენტიზმი ზემოთ ჩამოთვლილი და ჩამოუთვლელი საკითხებისადმი აშკარა მანიშნებელია გამოთაყვანებისა.
როდესაც მსოფლიო დუღს, თუნდაც ისრაელ-პალესტინის სისხლიანი დაპირისპირების გამო და ანტიისრაელურ მიტინგებს, დემონსტრაციებს აწყობენ არა მარტო მუსლიმურ ქვეყნებში, არამედ ევროპა-ამერიკაში და საქართველოს პოლიტიკა, საზოგადოება გაყუჩებულია ვითომც არაფერი, ნიშნავს იმას, რომ ის გასულია დედამიწის პოლიტიკური ორბიტიდან და სადღაც უკიდეგანო გალაქტიკაში დაფარფატებს.
საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს დედამიწის პრობლემები, ამ პლანეტაზე მიმდინარე პროცესები. მაშ რა აინტერესებს?
რაც აინტერესებს, იმაზე წინა სტატიაში მოგახსენეთ. ზოგიერთს გავიმეორებ.
საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს „კარგი“ ცხოვრება. რა არის მისი გაგებით „კარგი“ ცხოვრება?
კარგი ცხოვრება, მისი გაგებით დახუნძლული სუფრაა, უხვი საჭმელ-სასმელით, უაზრო, გრძელი სადღეგრძელოებით, ერთმანეთის ქება-დიდებით, არცთუ იშვიათად გაწევ-გამოწევით დამთავრებული — უკეთეს შემთხვევაში.
მას აინტერესებს ბევრი საკუთარი სახლის მშენებლობა, ბევრი ბინის შეძენა (ვინ იცის, როდის დასჭირდება?), მოძრავი, ძვირადღირებული ქონება, ავტომანქანების სახით და ამ მანქანებზე ეკზოტიკური, ძვირადღირებული ნომრების მიკვრა. შვილებისთვის უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ადგილების ყიდვა, მათთვის იქვე საცხოვრებელი ბინების, ვილების შეძენა. ევროპა-ამერიკაში საშოპინგოდ გამგზავრება და მისი ოცნება, სურვილი, სააქაო ცხოვრების გეგმა ამოიწურა.
თანამედროვე ქართველს, უწინდელთან, საბჭოთა ეპოქის ქართველთან შედარებით წიგნი არ აწუხებს — პროზა-პოეზია შორსაა მისგან, ისე, როგორც კინოხელოვნება, საოპერო, საბალეტო, თეატრალური სპექტაკლები. თანამედროვე ქართველი, თავით გადაყუდებული ტელეფონში — ტელეფონური ცხოვრებით ცხოვრობს სახლში, საწოლში თუნდაც ქუჩაში სიარულს დროს, სუპერ-მარკეტში, ერთმანეთთან შეხვედრის ჟამს, თითქოს უსმენენ ერთმანეთს, მაგრამ გონებით ტელეფონში არიან — ტელეფონით ცხოვრობენ — მთავარი საინფორმაციო წყაროთი მათთვის.
ეს კატეგორია განსხვავდება მეორისგან — ჭამა-სმაზე შეყვარებულისგან. ის მოჭარბებული დასავლელია, მეორისგან — ჭეშმარიტი ქართველი „ვაჟკაცისგან“ განსხვავებული — აი, ისეთისგან, ამ ზაფხულს ლგბტ-ს რომ დაერია ლისის ტბაზე.
„კარგი“ ცხოვრების მოყვარულები დასავლეთშიც არიან, მაგრამ ამ სანუკვარ მიზანს იქ ერთეულები აღწევენ დაძაბული შრომით მთელი ცხოვრების განმავლობაში. აქ? აქ, უმოკლეს დროში, მაქინაციებისა და სახელმწიფო ქონების დატაცებით.
გზა კი ასეთია — პარლამენტში შემსვლელ პარტიაში შეძრომა, გადეპუტატება ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეღწევა. შემდეგ ყველაფერი გამდიდრების მსურველის კვაჭობაზეა დამოკიდებული. როგორც ქართველები იტყვიან — „მიდგომა-მოდგომაზე“ და არა ცოდნა-გამოცდილებაზე, წიგნიერებაზე, პატიოსნობაზე, პატრიოტობაზე, მუყაითობაზე და სხვა დადებით თვისებებზე ერთობ მიუღებელზე ზემდგომთათვის.
უწიგნური ზემდგომი, წიგნიერს ვერ აიტანს, გვერდში არ დაიყენებს. მას სძულს ასეთი, ვინაიდან ასეთი მოდრეკვას ნაკლებად ექვემდებარება.
ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს მე ვთქვი, რომ საქართველოში საზოგადოება აღარ არის და რატომ, ისიც ვთქვი. ვისაც ჩემი გამოსვლა არ მოუსმენია გავიმეორებ მიზეზს, თუ რატომ აღარ არის საზოგადოება საქართველოში.
საზოგადოება გარდაიცვალა საბჭოთა კავშირთან ერთად, ქვეყანასთან, რომლის იდეოლოგია სულიერებაზე იყო მომართული და არა ფულის შოვნაზე. ფულიანი „არტელშიკი“, იატაკქვეშელი საქმოსანი დაგმობილი იყო საზოგადოების 99%-ს მიერ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ძებნილი, კრიმინალი, საციხოდ გამზადებული.
მაშინ ცოდნას, გამოცდილებას ყურადღებას აქცევდნენ. მეცნიერი, მწერალი, ხელოვანი, ინჟინერი, მაღაროელი, მეჩაიე, მუშა დაფასებული იყო. დღეს, ასეთები აღარ არიან. თუ არიან ისეთები, როგორებიც მწერლები: დეისაძე, ბუღაძე, ტურაშვილი, „ისტორიკოსი“ მასხარაშვილი და მისთანები, მაგრამ მათ „საზოგადოებას“ ვერ დაარქმევთ ხალხში უავტორიტეტობის გამო. მათ სიტყვას ფასი არ აქვს.
ე.წ. საზოგადოება მომხმარებლადაა ქცეული — უცხოური უხარისხო კვების პროდუქტების გადამამუშავებელ ქარხნად. საქართველოში გადაშენების პირასაა სიტყვა „ქარხანა“ — ასეთის არ არსებობის გამო. მალე დადგება დრო, როდესაც ახალი თაობა ძველს ჰკითხავს ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნას.
ვინ გადააშენა საქართველოს საზოგადოება?
30 წლის წინ მოპოვებულმა, უფრო სწორად რუსეთის მიერ ნაჩუქარმა დამოუკიდებლობამ, რომლის ასავალ-დასავალს, თავ-ბოლო ვერ მოვუძებნეთ, ვერ ჩავწვდით მის არსს და უმალ მოვიშორეთ, როგორც უცხო სახიფათო სხეული, რადიაციის გამომყოფი და ევროატლანტიკურ სივრცეს გადავულოცეთ.
იმ სივრცემ იცოდა და იცის ასეთთან ურთიერთობა — საღეჭი რეზინების, დაგლეჯილი ჯინსების ჩუქებით, „მაკდონალდი“-სა და „კოკა-კოლის“ გამოყენებით, შემდეგ „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, მათთვის ლოიალური პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანით, გაპრეზიდენტებით, გაპრემიერებით, …
ასეთთნი ევროატლანტიკურ სივრცეს აღმერთებენ. ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად პატიმარი — შესანიშნავ პირობებში რომ იხდის პატიმრობის ვადას, ხმამაღლა აცხადებს, რომ, როდესაც მოკვდება მისი გული უკრაინის მიწას მიაბარონ — აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირის, მოჯამაგირის მიწას.
მეორე, ამჟამინდელი პრემიერი საჯაროდ აცხადებს, რომ მას უყვარს ამერიკა და რომ უყვარს, ამიტომ მიაბარა შვილი ამერიკულ უმაღლეს სასწავლებელს.
მისმა სულიერმა „მამამ“, ქვეყნის უგვირგვინო იმპერატორმა ივანიშვილმა, ქალიშვილს სახლიც უყიდა აშშ-ი და იქაურ სასწავლებელში სწავლა-განათლების გზაც დაულოცა.
ასეთნი, შეეწინააღმდეგებიან ამერიკას?
ასეთნი, მუდამ მზად იქნებიან ნებისმიერი დავალების შესრულებისთვის, თუკი ის დავალება მათ პირად ცხოვრებას არ დააზიანებს.
პირველმა, აი იმან, ვინც სასჯელს იხდის, პირნათლად შეასრულა აშშ-ს ადმინისტრაციის დავალება და ომი დაიწყო სამხრეთ ოსეთში, ანუ რუსეთს დაუწყო ომი სამშვიდობო რუსი სამხედროების განადგურებით.
სააკაშვილს პირადად არაფერი ემუქრებოდა. ამერიკელმა წამქეზებლებმა ითავეს მისი უსაფრთხოების დაცვა და შემდგომი 4-წლიანი მმართველობის უზრუნველყოფა.
რაც შეეხება პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც ოკეანისგადაღმელები სთხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას, რაზეც ღარიბაშვილი არ დაეთანხმა და ქართველთა თვალში სიმპათიები დაიმსახურა, ისეთი არ არის ცალსახად გმირობას რომ ეთამაშება.
ღარიბაშვილი ვერ დაიწყებდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საბაბით რუსეთთან ომს მარტივი მიზეზის გამო — საქართველოს „არმიას“ არათუ რუსეთთან, არამედ მეზობელ სხვა ქვეყნებთან ომიც გაუჭირდება. საქართველოს „არმიას“ არ ჰყავს საზღვაო-სამხედრო ფლოტი, ავიაცია. არ აქვს შესაბამისი შეიარაღება და ა.შ. საქართველოს „არმია“ გაცილებით სუსტია, ვიდრე აზერბაიჯანის ან სომხეთის, მითუმეტეს რუსეთის. ასეთი არმიით დაკარგულს ვერ დავიბრუნებთ.
ღარიბაშვილის არგუმენტები მისაღები აღმოჩნდა დასავლეთისთვის, ისე, როგორც რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების არ დაწესება. აქვე ვიტყვი, რომ ვაშინგტონის მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, ვერც ივანიშვილი და ვერც ღარიბაშვილი ვერ გაუძლებდა ასეთს.
დაიწყებდა თუ არა, მაგალითად ნაციონალური ხელისუფლება ომს? დააწესებდა თუ არა სანქციებს? ვგონებ კითხვაც არ არის საჭირო. დაიწყებდა! დააწესებდა! რა შედეგი მოჰყვებოდა ასეთ პოლიტიკას და დაკარგავდა თუ არა საქართველო ტერიტორიებს — თვით გაეცით პასუხი პატივცემულო მკითხველო.
სამწუხაროდ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებას უნდა გადაედგა ხალხის სასურველი ნაბიჯი და „ნაციონალური მოძრაობა“ კანონგარეშედ გამოეცხადებინა! ივანიშვილმა კოჰაბიტაციის გზა აირჩია, ანუ ნაცთა პოლიტიკაში შენარჩუნების და მასთან, როგორც ოპოზიციასთან ურთიერთობის გზა, რაც დამღუპველი აღმოჩნდა ქვეყნისთვის, მაგრამ არა „ოცნებისთვის“.
ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული პარტია, რომელიც წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, სულ მუდამ გაიძახის — არ მოგწონვართ, წავალთ, მაგრამ იცოდეთ ნაცები მოვლენ ხელისუფლებაშიო. რას ნიშნავს ეს, თუ არა შანტაჟს, ხალხის დაშინებას და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნას?!
ხელისუფლებაში მუდამ ყოფნის მიზნით ივანიშვილმა დაადუმა ე.წ. ინტელიგენცია, ე.წ. საზოგადოება, რომელიც გაყუჩებულა ივანიშვილის მიერ ნაბოძები ე.წ. სტიპენდიებით და არაფერს ლაპარაკობს, თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს, თითქოს სადაც ის ცხოვრობს საკრიტიკო არაფერია. და თუ რამეს წამოისვრის საღათას ძილიდან გამოფხიზლებული, ივანიშვილის ხოტბაა.
დიდი ძალა ჰქონია სტიპენდიას, რომელიც პატრიოტიზმსაც ჩაგრავს, ქვეყნის სიყვარულსაც და სიტყვის თავისუფლებასაც.
ე.წ. საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს აშშ-ი და მის მიერ საქართველოში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოების დათრგუნვის საკითხში არათუ ჩამოუვარდება ივანიშვილის პოლიტიკას, პირიქით აჭარბებს კიდევაც.
დათრგუნული საზოგადოება ინდიფერენტულად განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ — უფრო მეტიც, მასზე არც პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოქმედებს და არც სხვა რამ, საშინაო რომ ჰქვია.
ხალხის მიერ „არჩეულ“ პრეზიდენტს ათავისუფლებენ, მაგრამ ხალხი დუმს. იბადება კითხვა — ის დუმს იმიტომ, რომ ზურაბიშვილი არ აურჩევია, თავს მოახვიეს მას, თუ იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არაფრად მიაჩნია, ვინაიდან კონსტიტუციით პრეზიდენტი უუფლებოა?
ალბათ ერთიც და მეორეც. ზურაბიშვილი რომ ამომრჩეველს თავს მოახვია ივანიშვილმა და მისი ბრძანებით „ოცნებამ“, თვით „ოცნების“ ამჟამინდელმა ლიდერმა კობახიძემაც დაადასტურა — ერთპროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა ზურაბიშვილს არჩევნების დროს, მაგრამ ჩვენი დახმარებით ერთი პროცენტი გამრავლდა ბევრ პროცენტად და ზურაბიშვილმა „მოიგოო“.
კობახიძე არც დაფიქრებულა ისეთი რამ თქვა, ცხადია მან სინამდვილე აღიარა, მაგრამ ერთობ არასასიამოვნო სინამდვილე, რომელსაც თუ გავყვებით ივანიშვილ-„ოცნების“ სისხლის სამართლის დანაშაულამდეც მივალთ, მაგრამ არის ვინმე სულიერი ე.წ. საზოგადოებაში, ვინც სამართლებრივად შეაფასებს კობახიძის ნათქვამს?
რომ იყოს ასეთი, კობახიძე მსგავს სისულელეს არ იტყოდა, მაგრამ მან იცის, რომ ეს საზოგადოება, ეს ხალხი არაფრის შემფასებელი არ არის უწიგნურობის გამო.
პარტიის ლიდერმა უთხრა ხალხს შემდეგი: „თქვენ არ ემხრობოდით ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას, მაგრამ ჩვენ ვემხრობოდით და 1% — მრავალ პროცენტად ვაქციეთ, მეორე ტურშიო. რა გზით?
ცხადია გაყალბებით, ადმინისტრაციული ბერკეტების ამოქმედებით, მოსყიდვით და ა.შ.
მიკვირს ამის შემდეგ ის დემოკრატი დასავლეთი, როგორ ელაპარაკება საქართველოს ხელისუფლებას. ელაპარაკება იმიტომ, რომ ისიც ისეთივე „დემოკრატია“, როგორც „ოცნება“.
30-წლიანმა დამოუკიდებლობამ აი ასეთი საქართველო შექმნა — უტყვი საზოგადოებით, უტყვი „ინტელიგენციით“, მოლაქლაქე პოლიტიკოსებით, უპასუხისმგებლო მოხელეებით და კიდევ მრავალი უარყოფითი თვისებით შემკული — ჩამოთვლა რომ შორს წაგვიყვანს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
26/10/2023