22.12.2024

ისევ სტრესის შესახებ

(გაგრძელება)

„12-წლიანი სტრესი“ დავარქვი წინა სტატიას, რომელშიც შეძლებისდაგვარად აღვწერე სტრესის გამომწვევი მიზეზები, ცხადია არა ყველა, არამედ ზოგიერთი, რაც საქართველოს მოსახლეობამ განიცადა „ოცნების“ მმართველობის 12 წლის განმავლობაში.

რა სტრესზე იყო ლაპარაკი, რომ იკითხავთ, გიპასუხებთ — ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში სავარაუდო დაბრუნებით გამოწვეულზე. მომავალ წელს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ნაცმოძრაობაც მიიღებს მონაწილეობას — გამარჯვების სურვილით. რამდენად მოახერხებს ის ამ მიზნის მიღწევას, ძნელი სავარაუდოა, მაგრამ კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერით და საქართველოს პრეზიდენტის, ზურაბიშვილის გვერდით დგომით, პარლამენტში შესასვლელად რომ საკმაო ხმებს დააგროვებს — ეჭვი არ მეპარება.

გამარჯვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დიდი რაოდენობით მანდატების მოგროვება, გამორიცხავს მმართველი პარტიის ერთმმართველობას, რაც აფრთხობს საქართველოს მოსახლეობას, თან სტრესულ მდგომარეობაში აყენებს.

ვისაუბრე იმაზეც, რომ „ოცნების“ შემქმნელ ივანიშვილს მტკიცე ნაბიჯი რომ გადაედგა და ნაცმოძრაობა კანონგარეშედ გამოეცხადებინა, რაც 2012 წელს სრულიად შესაძლებელი იყო, ხალხი გათავისუფლდებოდა სტრესისგან.

სამწუხაროდ, მან არ გადადგა ასეთი ნაბიჯი, პირიქით დამფრთხალ-შეშინებული ნაცები შეიფარა, მეორე პარტიად აღიარა და ნაცვლად პოლიტიკური ველიდან განდევნისა, კოჰაბიტაცია გამოაცხადა, ანუ „ნაცებთან“ ერთად პოლიტიკური პროცესების მართვა. შედეგი?

სავალალო! გუშინდელი კრიმინალური დაჯგუფება, ემუქრება არა მარტო „ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ ხალხს.

წინა სტატიაში მოგახსენეთ ივანიშვილისეულ სავალალო საკადრო პოლიტიკაზეც, რომელიც არ უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას, პირიქით ამუხრუჭებს და უკან მიაქანებს მას. მოკლედ და კონკრეტულად შევეხე ივანიშვილის დაპირებებს, რომელთაგან არც ერთი არ შესრულებულა.

ამჯერად მინდა შევეხო ერთ-ერთ მთავარს — რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებას“, როგორც ივანიშვილი ამბობდა.

2012 წელს, თავისი მმართველობის დასაწყისში, ივანიშვილმა გადადგა პოზიტიური ნაბიჯი — დანიშნა რა აბაშიძე რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის მთავარ წარმმართველად, ანუ გაჩნდა რუსეთთან მოლაპარაკების ინსტიტუტი — მუდმივმოქმედი, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი.

მოსახლეობამ იფიქრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმემდე მიგვიყვანდა, მაგრამ ამაოდ. გავიდა 12 წელი, ერთ ადგილას დგომის წლები, ერთი ადგილის ტკეპნის წლები. აბაშიძე-კარასინის პრაღის შეხვედრებმა, საქართველო-რუსეთის  დაახლოების საქმეში, რაღაც შედეგი მოიტანა, თუმცა „რაღაც“, მთავარის მოლოდინში. მთავარი კი ნამდვილი დალაგებაა, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარეშე შეუძლებელია.

ის, რაც დღეს გვაქვს, დიდი მონაპოვარია, მაშინ, როდესაც საქართველო-რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. თქვენ იკითხავთ — რაც დღეს გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სახით, ცოტააო?

ცოტა არ არის, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობები ყველა სახის ურთიერთობების მოსაზრდოებელი წყაროა.

რა გვაქვს დღეს?

საქსტატის მონაცემებით, რომელიც მოიცავს მიმდინარე წლის იანვარ-ივლისს, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ: სომხეთი —495,0 მილიონი დოლარი; აზერბაიჯანი — 485,3 მილიონი; რუსეთი — 416,2 მილიონი; ყაზახეთი — 354,5 მილიონი; ყირგიზეთი — 350,7 მილიონი.

საექსპორტოდ საქართველოს გაჰქონდა: მსუბუქი ავტომანქანები — 1,177 მილიარდი დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები — 380, 6 მილიონი; ღვინო — 150,3 მილიონი.

ადგილობრივმა ექსპორტმა შეადგინა: რუსეთი — 323,6 მილიონი; თურქეთი — 236,7 მილიონი; ჩინეთი — 217,5 მილიონი; ბულგარეთი — 153,2 მილიონი; სომხეთი — 93,5 მილიონი.

იმპორტის მიხედვით: თურქეთი — 1,42 მილიარდი; რუსეთი — 1,087 მილიარდი, აშშ — 975,3 მილიონი; ჩინეთი — 701,5 მილიონი; გერმანია — 520,7 მილიონი.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ქართულ ეკონომიკაში რუსეთის წვლილი მნიშვნელოვანია — გაცილებით მეტი, ზოგიერთთათვის სათაყვანებელი დასავლეთის, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბიზნესი იყო, არის და იქნება ფულის კეთების იოლი და მოკლე გზის მაძებარი.

გარდა ამისა საქართველოს, თავისი მოკრძალებული მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებთან და ახლო მდებარე დსთ-ს სახელმწიფოებთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები სრულიად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

საქართველოს არ სჭირდება ოკეანის გადაღმიდან იმპორტის განხორციელება, ისე, როგორც ექსპორტის. ასეთს, მხოლოდ ეგზოტიკის და არა სტრატეგიის სახე უნდა ჰქონდეს.

ზემომოყვანილი სტატისტიკა გაცილებით მრავალფეროვანი იქნებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზრიანი, შორს მიმავალი და რაც მთავარია პატრიოტული მუშაობის შემთხვევაში.

სოფლის მეურნეობა და პატრიოტიზმიო? — იკითხავთ გაკვირვებული.

დიახ! სოფლის მეურნეობა და პატრიოტიზმი. რას ვგულისხმობ პატრიოტიზმში?

იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, რითაც საბჭოთა საქართველო იყო ცნობილი. მეჩაიეობა, მეფუტკრეობა, მეთამბაქოეობა, მეციტრუსეობა, მეაბრეშუმეობა; ბრინჯისა და სხვა მარცვლეული კულტურების ჯეროვანი წარმოება — ეს ის ჩამონათვალია, რაც სპონტანურად გამახსენდა. ამ ჩამონათვალში არსად ჩანს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მზრუნველი ხელი. და არა მარტო ამაში — ბუნების მიერ ნაჩუქარი ხილის, ბოსტნეულის, ციტრუსების დროულ დაკრეფა-გაყიდვაში.

ცოტაც და დაიწყება ციტრუსების სეზონი. დარწმუნებული ვარ, ის, ისეთივე ბარაქიანი იქნება, როგორც წინა წლებში და ისევე დარჩება ხეებზე, როგორც წინათ — ხელისუფალთა უნიათო მუშაობის შედეგად. წლებია თბილისის სუპერ-მარკეტებში ციტრუსების ფასები წვავს მომხმარებლებს, სიძვირის გამო იქვე ლპება. არადა მეურნე, პატრიოტი სოფლის მეურნეობის სამინისროს მუშაკი იოლად დაადგამდა თავს სოფლიდან ქალაქამდე ბუნების მიერ მოცემულის ტრანსპორტირებას.

არ აინტერესებთ! და არ აინტერესებთ არა მარტო მათ, არამედ სუპერ-მარკეტების მეპატრონეებსაც.

სამინისტროს, ე.წ. ბიზნესს არც ამ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში გატანა აინტერესებთ, არც ის აინტერესებთ, შექმნან რუსეთთან, სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთობლივი საწარმოები აღნიშნულის საექსპორტოდ გასატანად; ზედმეტის — წვენის დასამზადებლად, დასაკონსერვებლად. არვინ ფიქრობს ამაზე, არვის აინტერესებს! ლოკოკინების წარმოებით დაინტერესდნენ, მაგრამ ტრადიციულით — არა! არ ინტერესდებიან, ვინაიდან აქ და ახლა მილიონერები ვერ გახდებიან.

როგორც ჩანს ქვეყნის ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წელგამართული, თუ მას გამართული სოფლის მეურნეობა ექნება.

სულ ახლახანს რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ვუყურე სასოფლო-სამეურნეო კომპლექსზე „სადი პრიდონია“ („Сады Придонья“) მიძღვნილ გადაცემას. გიგანტურ კომპლექსს, რომელმაც მეხილეობით დაიწყო თავისი საქმიანობა. ახლა, სხვა დარგებიც აითვისა. გარდა ამისა, მას აქვს საკუთარი კვლევითი ლაბორატორიები, საინფორმაციო-კომპიუტერული ცენტრი, რომელიც კომპლექსის ხელმძღვანელობას ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას მსოფლიოს სოფლის მეურნეობის მიმდინარე საკითხებზე.

ასეთი რუსეთში არაერთია და შედეგიც სახეზეა — მძლავრი სოფლის მეურნეობა. ქვეყანა, პირველი მსოფლიოში მარცვლეულის წარმოებისა და ექსპორტის თვალსაზრისით.

ნუთუ არ შეიძლება მასთან საქმიანი კავშირის დამყარება, ერთობლივი საწარმოს შექმნა? „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო“ — ნათქვამია ქართულად, მაგრამ, როგორც ჩანს, მიზეზთა გამო, რომელთა შორის სტრატეგიული ე.წ. პარტნიორის შიში არ აძლევს ხელისუფლებას „ქადის ორი ხელით“ ჭამის საშუალებას. ამას ასეთი ნათქვამიც — „ავმა ძაღლა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო“ მიესადაგება. ეს გამოთქმა კოლექტიურ დასავლეთს შეეფერება და ზედმიწევნით ასახავს მის და საქართველოს ურთიერთობას ან რა ურთიერთობასთან გვაქვს საქმე?

საქართველოს ხელისუფალთა ყოველდღიურ ჭკუის დარიგებასთან, როგორ გააღიზიანოს რუსეთი.

30 წლის განმავლობაში კოლექტიურმა დასავლეთმა ცენტიც არ გაიღო აქ რაიმე სახის საწარმოს გასახსნელად. არათუ მან, არამედ ჩვენმაც — ივანიშვილის სახით. მან ნახევარი ნაბიჯიც არ გადადგა ქვეყნის ეკონომიკის წამოსაწევად. ბაობაბის აფრიკიდან გადმოტანა არ წაადგება საქართველოს, არ უზრუნველყოფს მისი ეკონომიკის გაჯანსაღებას. თუ ვინმე მეტყვის, რომ ვცდები, ვთხოვ გულდასმით გადახედოს ზემომოყვანილ სტატისტიკას, რაც თავისთავად ასახავს იმ პრიმიტიულ ეკონომიკურ ვითარებას, აქ რომ სუფევს. იყიდე-გაყიდეს ეკონომიკაა ეს და კიდევ ბუნების მიერ მოცემულის — ხილის, ბოსტნეულის სახით ვაჭრობას და არა შენსავე საწარმოში შქმნილი პროდუქციის საექსპორტოდ გატანას.

სწორედ აქ უნდა მძლავრობდეს პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული და არა არაფრისმთქმელ სიტყვებსა და განცხადებებში, რასაც სისტემატურად ვისმენთ ხელისუფლება-ოპოზიციის მხრიდან.

ივანიშვილმა არ შეასრულა მთავარი დაპირება — რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა, რაც საზრიანი აღმასრულებელი ხელისუფლების შემთხვევაში მოგვცემდა საშუალებას გვეფიქრა რუსული საწარმოების აქ გახსნაზე, მოსახლეობის დასაქმებაზე; ამ საწარმოების მუშაკების რუსეთში სწავლა-განათლების მიღებაზე; თითო-ოროლა შემორჩენილი პროფესიონალი კადრის რუსეთში დასაქმებაზე. რუსეთს ჰაერივით სჭირდებათ ასეთი, რაც ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ შეიგნო, ჩვენს გარდა.

კოლექტიური დასავლეთის მიერ ჭურში ჩატენილი საქართველო ვერ ხვდება, რა დონეზე დავიდა მოსახლეობის საერთო განათლება. ქვეყანაში, სადაც ინჟინერ-ტექნიკური განათლების მქონე კადრების დეფიციტია, არაფერი კეთდება მძიმე რეალობის შესაცვლელად.

მოსახლეობა გადაქცეულია ბალახს მისეულ ნახირად, რომელსაც ბალახის გარდა არაფერი აინტერესებს. ასეთს, უინტერესოს, გონდაკარგულს ყველაფერს გააკეთებინებ — აძახებინებ „სლავა უკრაინასაც“ და „პუტინ ხუილოსაც“.

აი, ეს უნდოდათ და უნდათ მათ, ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს.

აი, ეს არ უნდა ნდომოდა ქართველობას, მაგრამ დაგლეჯილი ჯინსების ტრფიალმა გადააგვარა ის და ამ გადაგვარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა — შეგნებულად თუ შუგნებლად, თვითონ განსაზღვრეთ — დასავლური პროპაგანდისგან გადარჩენილმა საზოგადოებამ.

ამჟამინდელი ხელისუფლება-ოპოზიციის მთავარი საფიქრალი ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი დავალების შესრულებაა, რომლის შემდეგ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ — უღიმღამო სტატუსს, რაც გაწევრების შანსს არ იძლევა. თვით დაშლის პირას მყოფმა ევროკავშირმა თავისი შეფის, შარლ მიშელის პირით გვითხრა, რომ 2030 წელს ევროკავშირი 10 ახალი წევრით გაიზრდება.

მიშელის პირს შაქარიო, იხუვლა პოზიცია-ოპოზიციამ — საქართველოს გაწევრებას კარგი პირი უჩანსო, მაგრამ პრორუსული ხელისუფლების ხელში ასეთი პერსპექტივა მომსპარიაო.

მიშელის დაუფიქრებელ ნათქვამს, მისი თანაშემწეების ახსნა-განმარტება რომ არ მოჰყოლოდა, ხელისუფლება-ოპოზიცია ცეკვა „ხანჯლურს“ გამართავდა და სიტყვით, პოლიტიკურ სცენაზე რამდენი თავი გაგორდებოდა — ვინ იცის?!

ევროკავშირელებმა გარკვევით თქვეს გაწევრების ვადებზე ლაპარაკი ნაადრევიაო.

დაპირებებების კორიანტელს დაგვიყენებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი ჟოზეფ ბორელი (Josep Borrell Fontelles ) და მასთან ერთად ჭკუის დამრიგებლურ განცხადებებს — სხვას რას უნდა ველოდოთ „ედემის ბაღში მყოფი“ ევროპის წარმომადგენლისგან, ევროპის გარდა სხვა ქვეყნებს, ჯუნგლებს რომ უწოდებს?

ცნობილმა ნაცმა ბარამიძემ ბრძანა — თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, საქართველოაო, ვინაიდან ქართველები ამ კონტინენტზე ყველაზე ევროპელები ვართო.

ქართველები, რომ გარეგნობით — ხელებით, ფეხებით, თავით, სხეულის სხვა ნაწილებით ვგავართ ევროპელებს და არა მარტო მათ, არამედ სხვა კონტინენტებზე მცხოვრებ ხალხებს, გასაკვირა არაა, ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ მენტალურად რომ განსხვავდებით, თუნდაც ქცევით, მიხვრა-მოხვრით თვალშისაცემია და მერე როგორი.

შუაგულ ევროპაში, უამრავ ადგილობრივში, ქართველს უცბათ რომ ამოცნობთ, არ არის გასაკვირი, ვინაიდან აი, ამ მასისგან, ევროპელი რომ ჰქვია, უდავოდ გამოვირჩევით, არა მარტო ქცევით, ხმაურით, მიხრა-მოხრით, არამედ ტვინით.

ისინი, სხვანი არიან და თუ ჩვენც მათ დავემსგავსებით და ჩვენთან ერთად სხვა ერებიც — უინტერესო გახდება ცხოვრება.

ქართველმა ის უნდა დააფასოს, სადაც დაიბადა და იცხოვრა და არა ის, სადაც არც დაბადებულა და არც უცხოვრია. აი, იქ დაბადებული და ნაცხოვრები ქართველი ისეთია, როგორიც პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ეს არაფერს გვეუბნება?

ახლა წარმოვიდგინოთ გაზურაბიშვილებული ქართველობა, როგორია? აი, ამას ჩაგვჩიჩინებს ევროპა ბორელის პირით — ჯერ გაზურაბიშვილდით — მერე ევროპაო. ილფისა და პეტროვისა არ იყოს — „დილით ფული, საღამოს სკამები“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

07/09/2023