დამოუკიდებლობის სტატუსის შეცვლა, დამოკიდებულზე, თუნდაც საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიაზე, აბსურდია

15 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა ქ.ცხინვალზე — ომში გადაზრდილი, რომელსაც ხშირად უწოდებენ ხუთდღიან ომს და რომელიც 12 აგვისტოს დასრულდა.

2008 წლის 5-დღიან ომთან დაკავშირებით უამრავი სტატია, ანალიტიკური ცხადია, დაიბეჭდა, როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში, ისე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრესაში.

როდესაც „უცხოურს“ ვახსენებ, რუსეთიც მყავს მხედველობაში — აგვისტოს ომის აქტიური მონაწილე და საქართველოს, ისე, როგორც ამიერკავკასიის ბედის განმსაზღვრელი.

„უცხოურში“ — შორეულ საზღვარგარეთსაც ვგულისხმობ, კოლექტიური დასავლეთის  და კონფლიქტის წამახალისებლის, ინიციატორის სახით.

კოლექტიური დასავლეთი ფიზიკურად არ იყო ჩართული სამხრეთ ოსეთის ომში, მაგრამ ქართული მხარის იდეოლოგიური მხარდამჭერი უდავოდ იყო. და არა მარტო იდეოლოგიური, ფინანსური, სამხედროც. რომ არა ასეთი, საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი, მიუხედავად მისი მჩატე აზროვნებისა, არ დაიწყებდა ომს.

დიახ! მას, როგორც ქვეყნის „გამთლიანებელს“, მთელს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის აღდგენის მსურველს, ჰქონდა ცენტრის მიერ რეგიონებსა და ავტონომიებზე დესპოტური მმართველობის დამყარების გეგმა, მაგრამ აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის მფარველი რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, სამხედრო ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებდა, ცხადია დროებით, თუმცა ნარკოტიკების ზემოქმედებით, უდავოდ გადადგამდა, და კიდევ ნარკოტიკებზე ძლიერი ზემოქმედებით — პოლიტიკური რომ ჰქვია.

პოლიტიკური ზემოქმედება კი დასავლეთიდან, კერძოდ აშშ-ნ მოდიოდა.

კოლექტიურმა დასავლეთმა გადაადგმევინა სააკაშვილს, უფრო სწორად დააჩქარებინა მილიტარისტული ნაბიჯის გადადგმა ერთი მიზნის გამო — რუსეთის საპასუხო რეაქციის გამოსამჟღავნებლად.

დასავლეთს, რომელსაც რუსეთთან ე.წ. პოლიტიკური „თბობის“ გეგმა ჰქონდა დაწყებული, თან ახალ პრეზიდენტ, მედვედევს ლიბერალად მიიჩნევდა, დიდი სურვილი ჰქონდა საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით, კრემლის რეაქციის ზომის, ხარისხის, ფორმის გაგება.

ე.წ. დათბობის პერიოდის პარალელურად, აშშ-ი და მისი ნატოელი მოკავშირეები აგრძელებდნენ რუსეთის ძალისმიერი გზით მოთოკვის პროექტზე მუშაობას. „დათბობა“ სულაც არ ნიშნავდა დასავლეთსა და რუსეთს შორის პარიტეტულ საფუძვლებზე ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ასეთი, მიუღებელია ქვეყნისთვის, რომლის ლოზუნგი — „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა!“, გამეორებაა ფაშისტური ლოზუნგისა — „დოიჩლანდ, დოიჩლანდ იუბერალეს“ („Deutschland, Deutschland überales!“).

ქვეყანას, რომელსაც თავი მოაქვს ყველაზე გამორჩეულად მსოფლიოში, არასდროს ექნება სურვილი სხვასთან ჰქონდეს ურთიერთობა თანაბრობის საფუძვლებზე. ასე რომ, რუსეთთან „დათბობა“ მისთვის, ნიშნავდა რუსეთის იმ პოზიციაში დაბრუნებას, როგორშიც ელცინის მმართველობის პერიოდში იყო.

დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკური ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს აგვისტოს ომის დროს, რამაც 5-დღიანი ომი, რომელსაც ფართომასშტაბიანს ვერ დავარქმევთ, ლამის მსოფლიო ომად აქცია.

ინტერესი მის მიმართ არ ცხრება, პირიქით ძლიერდება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

ქართულ-უკრაინული ომების ერთმანეთთან შედარება სრული შესაძლებელია, ცხადია არა მასშტაბებისა და საომარი პერიოდის ხანგრძლივობით, მსხვერპლით, სამხედრო ტექნიკის გამოყენებით და ა.შ., არამედ ომის დაწყებისთვის შეთხზული დასავლური პროექტებით.

ის, რაც დასავლეთმა, მიზეზთა გამო ვერ მოახერხა საქართველოში, გადაწყვიტა მისი განხორციელება უკრაინაში.

ქართულ-უკრაინული პროექტები იდენტურია — რუსეთის სიძულვილი, საზოგადოების ანტირუსულად გადაკეთება, რუსეთის საზღვრებთან სერიოზული ანტირუსული თავსატკივარის გაჩენა, თვით რუსული საზოგადოების განწყობა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ, ხელისუფლების დამხობა და დასავლეთისთვის მისაღები ხელისუფლების მიყვანა ქვეყნის სათავეში.

დავსვათ კითხვა — შეძლო თუ არა დასავლეთმა ჩანაფიქრის განხორციელება?

შეძლო, თუმცა სრულად ვერა, მაგრამ ის, რაც შეძლო — ანტირუსული საქართველო-უკრაინის შექმნა, ფრიადზე განახორციელა, თანაც ისეთ დონეზე, თაობები დასჭირდება საქართველო-უკრაინის მოსახლეობას იმ ფარგლებში დასაბრუნებლად, რაც დამოუკიდებლობაბდე იყო და რასაც ერთა შორის მტრობის ელფერი არ დაჰკრავდა.

დამოუკიდებლობამ თუ რამ გვარგუნა — ფულისადმი უზომო სიყვარული, თაყვანისცემა, მონობა და ფულის გამო ერთმანეთის ხოცვა-ჟღლეტვა, პლუს ერთა შორის სიძულვილია.

ამდენად, როდესაც ზოგ-ზოგები აცხადებენ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობა არ არის, სინამდვილეს არ შეეფერება. თუ ვიღაც ბიზნესმენი, გლეხი ან საკუთარი მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პატრონი იჩემებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალურობას, რუსეთის ბაზარზე გაყიდვა-გასაღების დონეზეა, ანუ იმაზე, რაც მას აინტერესებს, მერკანტილური თვალსაზრისით.

საქართველოს მოსახლეობა, დასავლური პროპაგანდით ტვინგაბურღული რუსს და რუსეთს მტრად მიიჩნევს, მაგრამ თავს იკავებს ხმამაღლა ამის განცხადებისგან, ცხადია ყველა არა, მაგრამ საზოგადოების საკმაო ნაწილი, რაც გვაიძულებს ვთქვათ, რომ იდეოლოგიური ომი დასავლეთმა მოიგო.

როდესაც ტურიზმის დარგში მომუშავე ე.წ. ბიზნესმენი საჯაროდ იტყვის რადიო-ეთერში — უცხოელი ტურისტების სიმცირე საქართველოში იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოში ბევრი რუსი ტურისტია და სხვა ქვეყნის ტურისტებს არ სურთ აქ ჩამოსვლა, რათა არ ნახონ რუსები, რუსეთის მიმართ სიყვარულზე არ მიგვანიშნებს.

სხვათაშორის, ეს „ბიზნესმენი“ მიმართავს ხელისუფლებას, რათა მან მოაწესრიგოს შექმნილი მდგომარეობა. მას არ უთქვამს — რუსებს ნუ შემოუშვებთ საქართველოში, მაგრამ იგულისხმა.

მეორე, უფრო შორს წავიდა და საკუთარი რესტორნის შესასვლელს გაუკეთა წარწერა — რუს ტურისტებს არ ვემსახურებით.

არცთუ იშვიათად ხდება, როდესაც მგზავრები, რუსებს აიძულებენ ჩავიდნენ ავტობუსიდან.

ბათუმში ჩამომდგარი გემის ამბავი ყველამ იცის. „ამაყი“ ქართველები, დღესაც გახარებული გაიძახიან — რუსებს დედა ვუტირეთ, გემიდან არ ჩამოვუშვითო. სხვა მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მათ შორის საქართველოს ნებისმიერი ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვითი ორგანოს მიერ რუსეთის ყოველდღიური ლანძღვა-გინება.

კაციჭამიობის გამოვლინება იყო „ბლეკ სი არენაზე“ გამართულ კონცერტში მონაწილე რუსი დრამერის მიმართ — მოწყობილი საპროტესტო აქცია.

რუსეთის ირიბ ლანძღვას ნიშნავს უკრაინული დროშის ფრიალი, უკრაინული ლოზუნგების შენობის ფასადზე მიწერა და ა.შ. თუ მსგავსი, დასავლეთის გამარჯვება არ არის, მაშ რას ნიშნავს გამარჯვება?

მიკვირს ხელისუფლების, რომელიც რუსთა გასაგონად ამბობს, რომ საქართველოში რუსოფობია არ არისო და ამ დროს მოსახლეობას უთიშავს რუსულ ტელეარხებს, რომლებსაც აქვს პოლიტიკური თოქ-შოუები; არ უშვებს საქართველოში რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ აფხაზეთში.

ცნობისთვის, იმასაც მოგახსენებთ, რომ მალე ვერც ერთი რუსი ვერ ჩამოვა საქართველოში, ვინაიდან რუსი ტურისტების აფხაზეთის კურორტებზე დასვენება სულ უფრო პოპულარული ხდება. აფხაზეთში ერთხელ მაინც ჩასული ტურისტი, აქ ხომ ვეღარ ჩამოვა?

აი, ეს  ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ საყვარელმა დასავლეთმა გვიბოძა საჩუქრად — საჩუქრად, რომელსაც ერთა შორის მტრობის, ქიშპის სურნელი დაჰკრავს. ჩვენ კი ამერიკით დაბრმავებულნი და დაყრუებულნი საღ აზრს, სინამდვილეს არაფრად მივიჩნევთ და დაბეჯითებით მივერეკებით უფსკრულისკენ, რომელსაც ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია.

ჩვენ, ის ხალხი ვართ, რომელსაც ჰგონია, რომ სხვას მოატყუებს და ამ ტყუილით თავს გაიტანს. ჩვენ ისიც ვერ შევიგნეთ, რომ ერთმანეთის მოტყუება, ანუ თანამედროვე საქართველოს ენით „გადაგდება“, მითუმეტეს მასობრივი, დანაშაულია, მაგრამ სახელმწიფოებრივ დონეზე, ასჯერ და ათასჯერ დანაშაული.

ამასწინათ ერთი საკმაოდ განსწავლული პიროვნება მეუბნებოდა — საქართველო უნდა დათანხმდეს ყველაფერზე, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს ამ კავშირში შესასვლელად, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუნდაც ლგბტ-ს, ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ტრანსვესისტობის აღიარებას. ამით არაფერი დაშავდება. ვაღიარებთ და როდესაც კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, აღარ შევასრულებთო.

და ამ სიბრიყვეს ამბობს მეტნაკლებად განათლებული ადამიანი, თითქოს საერთაშორისო ცხოვრებაში ჩახედული. მას ჰგონია, რომ ათას პოლიტიკურ ბარიერზე გადამხტარ ევროპელ პოლიტიკოსებს, პოლიტიკური ჩვილი საქართველო გააცურებს.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — საქართველოს მოსახლეობა ჭურში ცხოვრობს. მან არათუ არ იცის რა ხდება ჭურის მიღმა, არც აინტერესებს. მისთვის ცხოვრება გამსახურდიას სიგიჟემდე მისული პოლიტიკით იწყება და ასათიანის სახელობის ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტთა კლინიკაში აღრიცხვაზე მყოფი მესამე პრეზიდენტ სააკაშვილით თავდება.

30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ ორი უხეში შეცდომა დაუშვა ზემოთნახსენები 2 პიროვნების პრეზიდენტად არჩევით. არც მეოთხე მმართველის (ივანიშვილი მყავს მხედველობაში) არჩევით გამოასწორა დაშვებული შეცდომა.

არჩეულები არიან გადაქანებულები თუ ჩვენ, ყველანი ერთად, ანუ ამომრჩევლები?! — ეს კითხვა ტვინს მიღრნის, ისე, როგორც თქვენ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, მე საჯაროდ ვამბობ ამას, თქვენ არა!!!

გადაქანების ნათელი მაგალითი იყო ერთ ქალბატონთან, როგორც თვითონ ამბობს უმაღლესდამთავრებულთან, საშუალო ასაკის მატარებელთან ჩემი საუბარი. ლაპარაკიდან შევიტყვე, რომ ის გონდაბინდული მიშისტია. მან მესამე პრეზიდენტის გონებრივი აშლილობა იმით გაამართლა, რომ ისტორიულად ყველა ბუმბერაზი მმართველი, მათ შორის იმპერატორი პეტრე I-იც გიჟი იყო, ვინაიდან მხოლოდ გიჟებს შეუძლიათ ხალხისთვის საჭირო რეფორმების გატარება.

სააკაშვილმა სწორედ ხალხისთვის და ქვეყნისთვის საჭირო რეფორმები გაატარა, რომელსაც უნდა მოეტანა სახალხო დოვლათი, კორუფციის გარეშე ცხოვრება, სიკეთე და წინსვლა, მაგრამ არ დააცალეს.

ამ ქალბატონის ნათქვამიდან ჩანს, რომ ნაცთა ბანაკში ლაპარაკობენ სააკაშვილის გონებრივ გადაქანებაზე და მას მოუძებნეს მარტივი ახსნა — ყველა გენიოსი გადაქანებულია!

აი, ამ გადაქანებულმა მოუტანა საქართველოს უდიდესი უბედურება, იმაზე მეტი, ვიდრე მომხდურმა. დაკარგული ტერიტორიები მისი გონებრივი აშლილობის შედეგია. სწორედ გონებრივმა აშლილობამ, ნარკოტიკებთან შეზავებულმა თანხმობა განუცხადა ოკეანისგადაღმელ ბოროტ სულებს, რუსთა წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად.

2008 წლის აგვისტოს ომს არ გავიხსენებდი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სტატია მიუძღვენი მას უკვე, რომ არა სამხრეთ ოსეთის გაზეთ „რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული სტატია, სადაც წერია, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს დამთავრებული ომი არ შეიძლება ჩაითვალოს სამხრეთ ოსეთის გამარჯვების დღედ.

„სამამულო ომში ჩვენ ჯერჯერობით გამარჯვებულები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ბრძოლაში მოვიპოვეთ წარმატება. თუ გამარჯვებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ გამარჯვების დღედ უნდა ვაღიაროთ 1991 წლის 29 იანვარი — ქართული ჯარის ცხინვალიდან განდევნის დღე და 2004 წლის 19 აგვისტო, როდესაც სამშვიდობო ძალები ჩადგნენ ჩვენსა და საქართველოს შორის. ჩვენ ჯერ-ჯერობით ისევ კონფლიქტში ვართ საქართველოსთან.

საქართველომ რა ოფიციალურად აღიარა თავისი დამარცხება ან ჩვენი დამოუკიდებლობა?

ჟენევის მოლაპარაკებებზე ის ჯერაც უარს ამბობს თავდაუსხმელობის აქტზე ხელმოწერაზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ომი დასრულებული არ არის. მოწინააღმდეგემ არ აღიარა დამარცხება და რევანშისთვის ემზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ ვხსნით ტრანზიტს, საზღვრები გვაქვს ჩაკეტილი, ვერ მოვილაპარაკეთ საზღვრების თაობაზე“.

სტატიაში დასმულია კონტრიბუციის საკითხიც. „სად არის მიყენებული ზარალისთვის ფული? აბა მიმართეთ თბილისს  ამ კითხვით — ასეთ დროს რა გამარჯვების დღეზე ვლაპარაკობთ?“

„არც აფხაზეთშია გამარჯვების დღე. 1993 წლის 30 სექტემბერი მოიხსენიება როგორც აფხაზეთის მთელი ტერიტორიის საქართველოს ჯარისგან გათავისუფლების დღე.“ — აღნიშნულია სტატიაში.

„სააკაშვილის საქართველომ არ აღიარა დამარცხება, ისე, როგორც დღევანდელმა ხელისუფლებამ. უფრო მეტიც, მეზობელ სახელმწიფოში არც ერთი დღე არ ყოფილა ისეთი, რევანშზე რომ უარი ეთქვათ. თავდაუსხმელობის აქტზე ხელის არ მოწერა, ძალის გამოყენებაზე უარის არ თქმა, სამხედრო პოტენციალის ზრდა, სისტემატური სამხედრო წვრთნები მანიშნებელია იმისა, რომ მტრის საბოლოო დამარცხება მიღებული არ არის. მტერი ისევ არის ჩვენი საზღვრების კართან. ის ელოდება შესაფერის მომენტს, მათ შორის რუსეთის დასუსტებას უკრაინის ფრონტზე.

საფრთხე არ გამქრალა. მტერი გაყუჩდა და ელოდება ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რათა განახორციელოს შეტევა. დასავლეთი სამხედრო იარაღით ამარაგებს მოწინააღმდეგეს. თბილისში არ ცხრება საომარი რიტორიკა.“, — წერს გაზეთი „რესპუბლიკა“.

ამ სტატიის მკითხველს წამითაც არ შეიძლება შეექმნას ილუზია დაკარგული ყოფილი ავტონომიების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ვინ წაიკითხავს ამ გაზეთის მოწინავეს?

არც არავინ. ეს სტატია გამონაკლისი არ არის. ის სრულად ასახავს, როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში არსებულ ვითარებას, საქართველოსადმი ეჭვის თვალით და შიშით ყურებას.

მათ არ სურთ „მეზობელ ქვეყანასთან“ რაიმე ურთიერთობის ქონა, ვინაიდან ურთიერთობის თვალსაზრისით არეალი დიდი აქვთ — დსთ-ს სახით. რაც შეეხება უსაფრთხოებას — ესეც აქვთ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს, რომლებმაც ბევრი სიმწარე ნახეს (როგორც თვითონ ამტიკიცებენ) საქართველოსთან ერთად ცხოვრებით, ჩვენსკენ გამოხედვაც არ სურთ, არათუ ურთიერთობა, მითუმეტეს შემობრუნება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დამოუკიდებლობის სტატუსის შეცვლა, დამოკიდებულზე, თუნდაც საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიაზე, აბსურდია, შეცდომაა, რასაც დღევანდელებს არ აპატიებს მათი ახალი თაობა.

რაც შეეხება ჩვენგან წასულთა დამოუკიდებლობის გარანტიას, ყველაფერი რიგზეა, ვიდრე რუსეთი, რუსეთია. რუსეთი კი სიკვდილს არ აპირებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

18/08/2023