კახოვკის კაშხლის აფეთქების ისტორია

უკრაინის ფაშისტური რეჯიმის შეიარაღებული ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ უმძიმესი პრობლემების, უფრო სწორად კატასტროფის წინაშე დააყენა ჰიდროელექტროსადგურის შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლე.

ყუმბარების დაშენის შედეგად დანგრეულმა კაშხალმა, დაგუბებული წყალი დასახლებული რაიონებისკენ წარმართა და დახრჩობით დაემუქრა დასახლებულ თუ დაუსახლებელი ტერიტორიების მოსახლეობას, პირუტყვს, ყოველივე სულიერს, პრობლემა შეუქმნა ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს — ევროპაში უდიდესს და უმძლავრესს.

მასშტაბი დაგეგმილი ბოროტებისა სახეზეა. რუსეთის ხელისუფლებამ უმალ შემოჰკრა განგაშის ზარები და სახიფათო ზონებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, უკრაინის დამნაშავე ფაშისტური რეჟიმის ტერორისტული აქტიც დაგმო და ა.შ. მაგრამ გადადგამს ის საპასუხო, სადამსჯელო ნაბიჯს, როგორც ამას რუსეთის საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა მოითხოვს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არა მარტო მე, არამედ რუს პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს, საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებსაც უჭირთ. ანუ ხალხი, რომელიც შეწუხებულია უკრაინელთა თავხედობით, მოითხოვს მათ დასჯას, მაგრამ დასჯის მსგავსი ქმედება კრემლიდან არ ჩანს. რაც ჩანს, ისევ მიკიბ-მოკიბვითი განცხადებებია — არაკონკრეტული, აბსტრაქტული, თან ისეთი სიტყვებით, წინადადებებით დახუნძლული თავსადაბოლოს ყურდაცქვეტილი პროფესიონალი პოლიტიკოსიც რომ  ვერ გაუგებს.

რუსეთი ადანაშაულებს უკრაინას. კოლექტიური დასავლეთი რუსეთს, რომელიც კაშხლის აფეთქებას რუსულ მხარეს აწერს. არადა მათთვისაც დამნაშავეც ცნობილია — უკრაინის სახით და დანაშაულის მასშტაბებიც, მაგრამ ვინ უყურებს ამას? ვინ უყურებს სინამდვილეს?

ვის-ვისდა, ევროპა-ამერიკას სულაც არ სურთ უკრაინელთა მიერ ჩადენილი საზარელი დანაშაულისთვის უკრაინელთა გაროზგვა.

მოდით ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, ევროატლანტიკური სივრცე უკრაინელთა დანაშაულს, დანაშაულად აღიქვამს? იქნებ პირიქით გმირობად?!

უკრაინას, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში კოლექტიური დასავლეთი ხელს კრავს კონტრშეტევის დასაწყებად, სრული თავისუფლება აქვს მიღებული ამერიკა-ევროკავშირისგან და ისიც დგამს ნაბიჯს, რომელიც ეწერება კონტრშეტევის გეგმებში. მაგრამ ომს თავისი წესები აქვს და ამ წესებში არსადაა ნახსენები ჰიდროელექტროსადგურის ან ატომური ელექტროსადგურის აფეთქება-განადგურება, რამეთუ ესოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, თან უაღრესად სახიფათო ადამიანის, ფლორისა და ფაუნისთვის, ვერაფრით აღმოჩნდება ომის წარმოების პროგრამაში.

ომის მწარმოებელი ნებისმიერი ქვეყანა — ფაშისტური ან ნაკლებად ფაშისტური, აგრესიული და მტარვალი, ტერორისტული თუ არატერორისტული, არასდროს იფიქრებს მსგავს ობიექტებზე თავდასხმას. როგორც ჩანს, უკრაინის ფაშისტური რეჟიმის სახით სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე — ფაშისტურზე „დახვეწილთან“, ბოროტებასთან შედარებით ცაში ატყორცნილ უბოროტესობასთან. რომ იტყვიან, ასეთს სამარე თუ გაასწორებს — „კუზიანს, სამარე გაასწორებს“ გამონათქვამისა არ იყოს.

მაგრამ, რაღაც არჩანს კუზიანი ფაშისტი და ბოროტი უკრაინელი ხელისუფლების სამარით გასწორების პროცესი. არ ჩანს, მიუხედავად პოლიტიკოსთა მკაცრი რიტორიკისა. არ ჩანს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უმკაცრესი განცხადების — კიეველი ბოროტები უნდა განადგურდნენ არა რიტორიკულად, არამედ ფიზიკურად, შედეგი.

მერედა, სად არის გამანადგურებელი ღონისძიებები?!

განადგურებაა დასავლეთიდან მიღებული იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობების აფეთქება კიევის შემოგარენში?

განადგურებაა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „პეტრიოტის“ აფეთქება? ან სხვა სამხედრო ობიექტების?

ცხადია, ჩამოთვლილი და მრავალი ჩამოუთვლელი განადგურებაა, მაგრამ უდავოდ შეუდარებელი, რაც უკრაინამ რუსეთს აგემა.

ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება, რომელსაც უკვე მოჰყვა მთელი რიგი დასახლებული პუნქტებისა და ქალაქების დატბორვა, საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების განადგურება, საკანალიზაციო და ელექტროენერგიის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა, სხვა მრავალი საშინელება, რაც მომავალში, წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდება ცნობილი — ეკოლოგიური კატასტროფის მაუწყებელი იქნება.

წყლის დონე კი 12 მეტრს აჭარბებს და როგორც ჩანს გაანადგურებს არა მარტო საცხოვრებელ ფონდს, არამედ სახელმწიფო დანიშნულების ფუნდამენტურ შენობა-ნაგებობეს. ამის შემხედვარეს, როგორ უნდა მოუბრუნდეს ენა რუსეთის დასადანაშაულებლად? „რუსეთმა დაბომბა კაშხალი და ელექტროსადგურიო“, —  რომ აცხადებენ?!

მოუბრუნდათ, თანაც უმალ, კოლექტიურად. მოუბრუნდათ ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს — მუდამ რუსეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს. მოუბრუნდეათ პოლონელებს, გერმანელებს, ამერიკელებს, სხვებს და მათ შორის საქართველოსაც.

ვაშინგტონელი დირიჟორის მანიშნებელი ნიშნისთანავე ე.წ. ევროატლანტიკური ქვეყნების მედია, პოლიტიკოსები, ლიდერები ერთდროულად აჟივჟივდნენ რუსეთის მორიგი დანაშაულის თაობაზე. ევროკავშირის ლიდერმა შარლ მიშელმა უმალ განაცხადა, რომ რუსეთმა მოაწყო ტერორისტული აქტი.

დასავლურმა აჟიოტაჟმა უმალ გამახსენა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გაზსადენის აფეთქების ისტორია. მაშინ ყველა ერთხმად ბღაოდა — „რუსეთმა ააფეთქაო! ამ საკითხს ჩვენ შევისწავლით, გამოვიძიებთ და რუსეთს დავსჯითო“!!!

გამოიძიეს?

არა ბატონებო, არ გამოუძიებიათ ან რა გამოძიება სჭირდებოდა, როდესაც ყველამ კარგად იცოდა, რომ ზღვის ფსკერზე დადებულ გაზსადენის მილებამდე ჩასვლის ტექნოლოგია მხოლოდ აშშ-ს და რუსეთს ჰქონდა.

ყველაფერი ხელისგულზე დევს, ფაქტები სახეზეა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მიღებულს მილების აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე.

აშშ-ს მიერ ჩადენილი ამ ბოროტების თაობაზე მთელს მსოფლიოს აცნობა ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა და მერე რა? არც არაფერი, გარდა იმისა, რომ რუსეთს აღარ ადანაშაულებენ საკუთარი მილსადენის აეთქებაში, რომელიც მას მილიარდები დაუჯდა.

რამდენად ბოროტი უნდა იყოს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ან პოლიტოლოგი, რომ კახოვკის ელექტროსადგურის და კაშხლის აფეთქება რუსთს დააბრალოს — ჩათვალოს, რომ ის მაზოხისტია, საკუთარი ქვეყნის დამანგრეველი.

მილიარდები დაუჯდება რუსთს დაბომბილ-დანგრეული ტერიტორიების რეაბილიტაცია — სიცოცხლის ძველ კალაპოტში დაბრუნება.

კოლექტიური დასავლეთი რომ რუსეთისკენ, როგორც დამნაშავისკენ, გაიშვერდა ხელს, გასაკვირი არ იყო, ვინაიდან ფაშისტურმა უკრაინის ხელისუფლებამ შეასრულა მათი დავალება და უკრაინისკენ ხომ არ გაიშვერდა ხელს?

პირიქით, დახურულ ფორმატში უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ზელენსკი შეაქეს კიდევაც. საჯაროდ კი მიუსამძიმრეს, როგორც დაზარალებულს.

რატომ დაზარალებულს? — იკითხავთ თქვენ. იმიტომ, ბატონებო, რომ ტერიტორიას, სადაც ტერაქტი მოხდა, ანუ საჰაერო იერიში უკრაინის ჯარის მიერ, უკრაინის საკუთრებად თვლიან. არადა ეს ტერიტორია რახანია დაიბრუნა რუსეთმა და კონსიტუციურადაც გაიმყარა.

იცის ეს საქართველოს ხელისუფლებამ?

რომ იცოდეს, არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი ანტირუსულ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან გასაკვირი არაფერია. ის, ტანსაცმლიანად ანტირუსია და ანტირუსული განცხადებებით გაითქვა სახელი. ამიტომაც მას პატივს სცემენ კოლექტიურ დასავლეთში. მაგრამ გასაკვირია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება — რუსული „აგრესიის“ დამგმობი და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკურად უსუსტესმა საქართველომ, მეზობელი რუსეთის წყალობით სული მოითქვა.

რუსი ტურისტებისა და რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს ბიუჯეტში შეტანილმა თანხებმა 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. და ამ დროს პრემიერი ლანძღავს დაზარალებულ რუსეთს და კოჭს უგორებს დასავლეთს, რუსეთის მტერს და მოძულეს.

ტყუის პრემიერი, როდესაც მართალ რუსეთს, მტყუანად აცხადებს. ამ ტყუილისთვის მას უდავოდ ეკუთვნის ნობელის პრემია.

ახლა რაც შეეხება თვით რუსეთს. ჩემის აზრით, ის არის დამნაშავე და არა მარტო ჩემი აზრით — რუსი პოლიტიკოსების და ექსპერტებისაც. რაში ვადანაშაულებ რუსეთს? არა იმაში, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, არამედ ამ ოპერაციის გაჭიმვაში. რუსეთს ჰქონდა და აქვს აუარება შესაძლებლობა უკრაინის დროული დაჩოქების, დამნაშავე უკრაინული ფაშისტური რეჟიმის დასჯის, მაგრამ ასეთი ჯერ არ ჩანს.

კრემლის ლიბერალიზმმა გარკვეული კორექტივები შეატანინა არა მარტო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მასთან დამოკიდებულებაში, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებსაც. ისინი, ისეთ ძლიერად აღარ განიხილავენ რუსეთს, როგორც წინათ. მათ აღარ ეშინიათ რუსეთის. და რომ არ ეშინიათ, ყოველდღე ჩანს, მათი რუსეთთან დამოკიდებულებით.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, დსთ-ს წევრები, ჯერ-ჯერობით ესწრებიან მოსკოვში გამართულ ღონისძიებებს, მაგრამ მალე აღარ დაესწრებიან, მითუმეტეს თუ რუსეთმა უკრაინის ომიდან ისეთი შდეგი არ მიიღო, როგორიც 2022 წლის 23 თებერვალს გააჟღერა — უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაცია.

თვით რუსეთშიც ისეთი ვითარებაა, ბევრ კითხვის ნიშანს რომ აჩენს, რის შესახებაც ქვეყნდება რუსულ მედიაში. მაგალითად, ჟურნალისტი რეინსეიკინი წერს, რომ საზოგადოების მაღალ საფეხურებზე ისეთი ერთსულოვნება არ ჩანს, რასაც ტელეეკრანებზე აქვს ადგილი.

პროფესორი ევსტაფიევი აცხადებს: „ელიტას, როგორც ჩანს არ სურს გამარჯვება. მას აწყობს „ქულებით მარცხი“ და „საპატიო კაპიტულაცია“.

ელიტის მორალურ-პოლიტიკური ხრწნა სულ უფრო თვალნათელი ხდება. ვითარება  ფრონტზე მაძლევს უფრო მეტ ოპტიმიზმს, ვიდრე ზურგში“.

ექსპერტი ბაშიროვი, კრემლიდან ელოდება მკაცრ რეაქციას, მაგრამ ამას ადგილი არ აქვს:

„ჩაძირეს კრეისერი „მოსკვა“ — არ ვუპასუხეთ.

ააფეთქეს ყირიმის ხიდი — არ ვუპასუხეთ.

ტერაქტი მოუწყვეს დუგინას, ტატარსკის, პრილეპინს — არ ვუპასუხეთ.

აფეთქებენ ახალ ტერიტორიებზე მომუშავე მოხელეებს, რომლებიც გვენდნენ და დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა — არ ვუპასუხეთ.

უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს კრემლს — არ ვუპასუხეთ.

ბომბავდნენ ზაპოროჟიეს და კურსკის ატომურ ელექტროსადგურებს — არ ვუპასუხეთ.“ — წერს ის.

სამხედრო კორესპონდენტი სლადკოვი აცხადებს: „ბევრი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მოხელე სერიოზულად უდგება ომს, მაგრამ ყველა არა. სპეცოპერაციის მოწინააღმდეგენი თავს დაგიკრავენ, წყნარად იქნებიან, დაგეთანხმებიან, მაგრამ არაფერს გააკეთებენ. ვერც ერთ საგარეო მტერს ვერ მოვერევით, თუ ქვეყნის შიგნით არსებულ მტრებზე არ გავიმარჯვებთ.

ეს საზიზღრები უნდა გამოვავლინოთ და გავანადგუროთ. და არა მხოლოდ ისინი, ვინც ხმამაღლა აცხადებს, რომ მტერია, არამედ დამალული მტრებიც და მათი მფარველებიც. არიან პოლიტიკოსები, მოხელეები, ბიზნესმენები, „სახელმწიფო ხალხი“ რომლებსაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ — მათი ფული იქ არის, ბავშვები მაიამში. გამარჯვების წინააღმდეგ მოქმედებს არა გარეშე მტერი, არამედ შიდა მტრები“.

„თუ პუტინი წააგებს ომს, ის დაკარგავს პოპულარობას; დაკარგავს რეიტინგს; დაკარგავს შესაძლებლობას განაცხადოს ხალხის მხარდაჭერის თაობაზე და რაც უფრო იჭიმება ომი, მით უფრო რეალური ხდება ეს სცენარი“, — აცხადებს ხოდორკოვსკი, პუტინის მიერ შეწყალებული ოლიგარქი, ამჟამად ევროპაში მცხოვრები.

მისი აზრით, არავითარ „მაიდანს“ რუსთში ადგილი არ ექნება. პოლიტიკური ვექტორის შეცვლა შესაძლებელი იქნება ელიტის შეთქმულებით ან ხელისუფლების ზემო ეშელეონებში გადატრიალების მოწყობით იმათ მიერ, ვისაც ნებისმიერი ფასით სურთ სპეცოპერაციის დამთავრება და დასავლეთთან მოლაპარაკება.

მათი მხრიდან წაგებულის პოზიციიდან ლაპარაკი სულაც არ არის გასაკვირი ან წარმოუდგენელი.

ჩემი მოსაზრება ემთხვევა რუსი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების იმ ნაწილის მოსაზრებას, რომლებიც აცხადებენ, რომ ასეთი დამპალი ზურგით ომის მოგება გაჭირდება. არადა ,შექმნილი ვითარება მოითხოვს არა შეტევის მოგერიებას, არამედ შეტევაზე გადასვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კახოვკის ელექტროსადგური ბოლო არ იქნება.

ნარკოტიკებით გაბრუებულ ზელენსკისა და მის გუნდს შეუძლიათ დასავლელთა სხვა დავალებათა შესრულებაც — უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული არა მარტო ჰიდროელექტროსადგურების, არამედ ბირთვული ელექტროსადგურების დაბომბვის სახით, რაც არა მარტო ეკოლოგიას, არამედ ყოველივე სულიერის არსებობას დაემუქრება.

დამნაშავე კიევი, დღევანდელივით, ხელს გაიშვერს რუსეთისკენ, რასაც კოლექტიური დასავლეთი დაადასტურებს და რუსეთს მთელი მსოფლიოს მხრიდან ლანძღვა-გინების კორიანტელი დაატყდება, შესაბამისი სანქციებით, ცივილიზებული სამყაროდან გარიყვით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

11/06/2023