31.10.2024

ერთ მშვენიერ დღეს თბილისელები თავს აღარ შეიკავებენ და „ოცნების“ ოპოზიციას შეუერთდებიან

თბილისის მერი კორიდაზე გამოვარდნილ ხარს მაგონებს, რომელიც წალეკვას უქადის ყველას, ვინც მის მოთოკვას შეეცდება.

კორიდაზე აგრესიულად მონავარდე ხარს მაინც ჰყავს მომთვინიერებელი, ტორეადორის სახით. რაც შეეხება მერს, ასეთი არ ჰყავს. არვინ აქცევს ყურადღებას მის „შემოქმედებას“ — არც ხელისუფლება, არც პარტია, თუმცა პარტია რას მიაქცევს ყურადღებას, როდესაც მერი პარტიის გენერალური მდივანიც არის და როგორც ამბობენ პარტიის დამაარსებლის, ივანიშვილის ფავორიტიც.

მერის საქმიანობას უპირველეს ყოვლისა ამომრჩეველი ანუ ხალხი უნდა აქცევდეს ყურადღებას, მაგრამ ამომრჩეველმა არ იცის, რომ არჩეულის მუშაობა სისტემატურად უნდა აკონტროლოს და არა მარტო ის, არამედ მისივე არჩეული ქალაქის საკრებულო. საკრებულო კი ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს ქალაქის მერისა და მერიის მუშაობას, მიუხედავად იმისა, საკრებულო სრულად რომ „ოცნების“ დეპუტატებით იყოს დაკომპლექტებული.

ქალაქის მერი არჩეულია და კაცი თუ არ მოკლა, საარჩევნო ვადის დასრულებამდე მერი იქნება. „ოცნების“ ხელისუფლება, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ გაათავისუფლებს მერს. რჩება ერთი გზა — სხვა, უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა, მაგრამ ეს აზრი არც ერთ პრემიერ-მინისტრს თავში არ მოუვა, ვინაიდან მერი იმ პარტიის გენერალური მდივანია, რომელიც პარტიული თვალსაზრისით აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელია.

რჩება ერთი ვარიანტი — ქვეყნის უგვირგვინო მმართველი, ივანიშვილი. მხოლოდ მას შეუძლია კალაძის მოშორება — საბაბით თუ უსაბაბოდ, მაგრამ გააკეთებს ის ამას?

არ გააკეთებს, ვინაიდან კალაძის მუშაობა მას არ აწუხებს.

თბილისელებს თუ აწუხებთ მერის ცუდი მუშაობა, თვით თბილისელებმა უნდა გამოთქვან პროტესტი არა სამზარეულოში წუწუნით, არამედ პარლამენტის შენობასთან — დიდი მიტინგის სახით.

თბილისელები კი ამის გამკეთებლები არ არიან, მარტივი მიზეზის გამო — ფეხებზე კიდიათ ქალაქის პრობლემები, მერის თავნებობაც, მერის მუშაობით გამოწვეული დისკომფორტიც და ა.შ.

თბილისელები მაგრები სუფრაზე არიან, თბილისის სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს.

ასედაამრიგად შეიკრა წრე, რომლიდან გამოსვლა არათუ დღეს, არამედ ხვალაც გაჭირდება — თუ არჩევნებში ისევ „ოცნება“ გაიმარჯვებს და გამარჯვებული, ადგილობრივ არჩევნებში ისევ კალაძეს წარადგენს თბილისის მერობის კანდიდატად.

იცის ეს ყველაფერი კალაძემ და ისე ექცევა, როგორც დამპყრობელი მშობლიურ ქალაქს. მაპატიეთ, თბილისი კალაძის მშობლიური ქალაქი არ არის. მისი მშობლიური ქალაქი სამტრედიაა.

აქვს თუ არა მნიშვნელობა თბილისის მერის თბილისელობას? არასდროს ვიჩემებდი, რომ თბილისის მერი თბილისელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი, ვინაიდან ვთვლიდი, რომ მერობას, ამ პატარა ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეძლებდა — ცხადია საქმის მცოდნე, განათლებული, ზდილობიანი, პროფესიონალი მეურნე ანუ ადამიანი აი ამ თვისებების მატარებელი, ერთობ მიუსადაგებელის დღევანდელი მერის პიროვნებასთან.

კალაძე, თბილისელი რომ ყოფილიყო, ასე უდიერად არ მოექცეოდა მისსავე ქალაქს, ვიღაცის ან რაღაცის მაინც მოერიდებოდა. ახლა მას მოსარიდებელი არაფერი აქვს, არც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია. ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნადო — მერზეა ნათქვამი.

კალაძე არა მარტო მერობს, არამედ პოლიტიკოსობს, რაც კიდევ უფრო სავალალო სურათს ქმნის მმართველი პარტია „ოცნების“ მიმართ.

როგორც ჩანს ჩვენ, იშვიათი გამონაკლისები ამ საზოგადოებისა, კალაძეში ვერ ვხედავთ ისეთ ნიჭს, როგორსაც ივანიშვილი ხედავს, მაგრამ მოდით დავსვათ კითხვა — ივანიშვილის მიერ შერჩეული კადრები შეეფერებიან თუ არა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობას?

ვგონებ შეკითხვაც უადგილოა, ვინაიდან პასუხი აქ და ახლა ნეგატიური იქნება. მაშ რა კრიტერიუმით შეარჩია ეს ბედოვლათი კადრები უგვირგვინო გვირგვინოსანმა?

როგორც ჩანს ჭკუა-გონების ნაკლებობით, არაპროფესიონალიზმით, უცოდინრობით. ასეთი, მონური ფსიქოლოგიის მატარებელია და მუდამ ერთგულია მამა-მარჩენლის მიმართ. მაგრამ გვაქვს თუ არა საქმე ასეთთან, ანუ ერთგულებთან?

განვლილი 10 წელი „ოცნების“ მმართველობისა გვკარნახობს, რომ ერთგულებით შერჩეულნი, თანამდებობიდან დათხოვნის შემდეგ, ისეთ კვანტს უდებენ ივანიშვილს, რომ მტერიც ვერ მოიფიქრებდა.

ივანიშვილის მიმართ გათავისუფლებულთა კრიტიკულ გამონათქვამებს ვინ მოითვლის? ვინც თანამდებობაზეა, მაგალითად ქვეყნის პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თავისი მოქმედებით, ოფიციალური განცხადებებით აშკარად ანტიივანიშვილურია.

მაინც რამ მოხიბლა ივანიშვილი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობა უბოძა? სიყვა-პასუხი მოეწენა, დახვეწილი ქართული თუ განათლება, რითიც ზურაბიშვილი ვერ დაიკვეხნის?

ფრანგობა! მეტიჩარა, პროვინციელი ქართველისთვის ზურაბიშვილი სათაყვანებელი  პიროვნებაა მარტო იმიტომ, რომ საფრანგეთში დაიბადა.

როგორც ჩანს ივანიშვილიც ზურაბიშვილის ფრანგობის მოტრფიალე ქართველთა რიგებშია.

ზურაბიშვილი ვარდის ისთი კოკორია, რომელიც ესესაა გაიფურჩქნება და ისეთ პოლიტიკურ „სურნელს“ მოაფრქვევს  არემარეს, ხალხს, ივანიშვილს და „ოცნებას“, ყველას ერთად აირწინაღის გაკეთება მოუწევთ.

ივანიშვილსა და „ოცნებას“ თავში ქვა უხლიათ, მაგრამ ქვეყანამ და ხალხმა რა დააშავა?!

დააშავა ალბათ, როდესაც აჰყვა ივანიშვილს — მრავალჯერ მის მომტყუებელს და ბრმად დაუჭირა მხარი მისი კანდიდატის „სალომეას“ არჩევანს, ისე, როგორც კალაძის. ახლა კი ორივე არჩეული, ხალხის ზემოდან დამყურე, ფარშავანგივით კუდგაშლილნი ისე მედიდურად დაიარებიან, თითქოს არა ივანიშვილმა, არამედ პირადად მათმა ავტორიტეტმა მოუტანა გამარჯვება.

წინა სტატიაში შევეხე ქალაქის მერის თავნებობას ქუჩების ჭრა-კერვის საკითხში. ავტომანქანის სავალი ნაწილის შევიწროება — ხაზვა-ხატვის თემას, რაც მძღოლს გამოუვალ პრობლემებს უქმნის და იძულებულს ხდის ძალაუნებურად გადაკვეთოს კალაძეების მიერ შემოღებული წითელი ხაზები. კალაძეებსაც ეს უნდათ და ვიდეო-თვალის შემხედვარენი ხელს სიხარულით იფშვნეტენ — ესეც თქვენ, ხომ გაგაბით მახეშიო.

საწყალი ჩიტი, მძღოლის სახით, მართლაც გაება მახეში. საიდანაც 50-ლარიანი და მეტი ჯარიმის გადაუხდელად თავს ვერ დაიხსნის.

ახლა მოდით დავთვალოთ დღეში რამდენი ჩიტი გაებმება მახეში? რამდენი ფული შევა მერიის უფსკერო ჯიბეში? რამდენ ჩიტს გაუმწარებს გუნება-განწყობას საკუთარი ბარტყებისთვის საკვების საშოვნელად ქუჩაში გასულს მერია?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მერია თბილისის ქუჩებს წესრიგის დასამყარებლად კი არ ხაზავს, პირიქით წესის დასარღვევად. დარღვევას კი დიდი ფული მოაქვს, ისე, როგორც ხელოვნური უცხოური ხე-ბუჩქებით ლამის ავტომანქანის სავალი ნაწილის „გამშვენიერებას“.

და ამ დროს მერიის ყურადღების მიღმა რჩება უამრავი მოსაწესრიგებელი საკითხი, როგორც ქალაქის ძველ, ისტორიულ უბანში, ისე ახალში. თბილისი, თავისი ლანდშაფტით და ისტორიით უნიკალური ქალაქია, რასაც განუმეორებელ იერსახეს მატებს არქიტექტურა. ამ თვალსაზრისით უდავოდ გამოსაყოფია მე-19 საუკუნეში აშენებული უნიკალური შენობები — მოხატული სადარბაზოებით, ჩუქურთმიანი კარებით, ხის აივნებიანი შიდა ეზოებით; სოლოლაკში, პლეხანოვზე, რუსთაველზე და ამ პროსპექტების მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებული შენობა-ნაგებობები — შესანიშნავი ექსტერიერებით, უმალ იპყრობს ადამიანის ყურადღებას, კარგ განწყობაზე აყენებს მას.

ჟამთა სვლამ გავლენა იქონია მათზე. დააზიანა ისინი და მათხოვრის როლში ჩააყენა. ბევრი მათგანი შველას ითხოვს, უპირველესად მერიისგან, მაგრამ მერია დუმს. ქალაქის გულშემატკივარი მერი უდავოდ დაინტერესდებოდა მათი ბედით და რაღაცას მაინც იღონებდა, თუნდაც ქუჩების დავიწროებასა და პლასტმასის ხე-ბუჩქის დარგვაში გადასახდელ ფულს, ამ სახლების ფასადების აღდგენას მოახმარდა. მაგრამ არა, რომ იტყვიან — არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი — ისეა კალაძის საქმე.

უკვე რამდენი წელია პლეხანოვის გამზირზე მდებარე ორი უნიკალური სახლი სასტუმრო „რუსთავი“ და კინოთეატრი „ოქტომბერი“ დაყრუებულია. არვინ იცის შიგნით რა ხდება. არვინ იცის რა ბედი ელის მათ. უპატრონოდ მიტოვებულები ალბათ სულს განუტევებენ და თბილისი დაკარგავს ორ შესანიშნავ ნაგებობას, თბილისს რომ უნიკალურობის სახელს აკუთვნებს.

არანანაკლებ ყურადღებას მოითხოვს ყოფილი კინოსტუდია, მის ჩაყოლებაზე არსებული ძველი, უნიკალური, მაგრამ უკვე ამორტიზებული სახლები, მათ შორის სახლი, რომელშიც გერმანიის საელჩო იყო განთავსებული, ისე, როგორც მუშტაიდის ბაღის შესასვლელში არსებული სახლი, რომლის აღდგენა-გარემონტება გაანათებდა იმ უბანს.

ყურადღებას ითხოვენ საბჭოთა პერიოდში აშენებული ფუნდამენტური შენობებიც. არვინ იცის, რატომ დაიხურა ერთადერთი კინოთეატრი რუსთაველი და რა ბედი ელის მას. მავანთა განმარტებით იქ სასტუმრო იქნება.

ვინმემ გათვალა, რაში სჭირდება უამრავი სასტუმრო თბილისს? დაინგრა კულტურის ცენტრი — კინოთეატრი და რა იქნება იქ, არვინ იცის.

ქალაქის არქიტექტურაში ისეთ არაპროფესიონალურ ხელისფათურს, რასაც თბილისში აქვს ადგილი, ვერსად ნახავთ. დავანგრიეთ „იმელის“ მართლაც უნიკალური შენობა, ფასადის გარდა და ავაშენეთ რუსთაველის გამზირისთვის სრულიად შეუფერებელი სასტუმროს მინის შენობა — ერთობ უსახური. მელიქ აზარიანცის ასევე უნიკალურ შენობას მივუშენეთ მინის საშინელება, რომელიც „ალამაზებს“ ე.წ. რესპუბლიკის მოედანს. დავით აღმაშენებლის ძეგლი გავაძევეთ მოედნიდან და იქვე ველოსიპედის ძეგლი დავდგით — სააკაშვილის შემოქმედება.

სააკაშვილმა, თავისი ვოლუნტარისტული, ხუროთმოძღვრული „ნიჭით“, ისე „გაალამაზა“ ქალაქი, როგორც ივანიშვილმა პუშკინის ბაღი — უზარმაზარი და რუსთაველის გამზირისთვის შეუფერებელი მინის სასტუმროთი.

სააკაშვილმა ქალაქის ძველ უბანში ორი გაუგებარი არქიტექტურის მატარებელი, ხორთუმის მსგავსი ნაგებობის აშენებით, წიხლი ჩააზილა ქართულ ისტორიას, ძველ უბანს, უნიკალური ნაგებობებით დამშვენებულს. 10 წლის განმავლობაში ვერადავერ მოახერხა მერიამ ამ ნაგებობების დემონტაჟი და სხვაგან, თუნდაც ქალაქგარეთ გადატანა, ისე, როგორც ქვეითად მოსიარულეთა ხიდის, რომლის გადება ისტორიული ხიდის გვერდით დაავადებული ტვინის შემოქმედების ნაყოფია.

სააკაშვილმა გაყიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნიკალური შენობა, რომელიც მყიდველმა დაანგრია და სასტუმრო „ჰილტონის“ აშენება დაიწყო. დაიწყო, მაგრამ მერამდენე წელია მის დასრულებას ბოლო არ უჩანს. მერიას კი სძინავს. არ ინტერესდება, როდის დაასრულებს მეპატრონე მშენებლობას, რომელსაც საბჭოური არქიტექტურის უნიკალური ეკზემპლარი შეეწირა.

ანალოგიურ ბედს გაიზიარებდა ამჟამინდელი პარლამენტის შენობაც, თქვენს მონამორჩილს რომ თავდავიწყებით არ დაეცვა მისი, როგორც პარლამენტის სასახლის სასახლედ შენარჩუნება.

ისტორიას, რომელსაც ქვემოთ მოგიყვებით, ზღაპართან არვითარი კავშირი არ აქვს. მას უფრო ქართველთა დაავადებულ ტვინთან აქვს კავშირი, რომელიც მხოლოდ საკუთარი კუჭის ზეიმისკენ არის მიმართული და არა საერთო, საქვეყნო საქმისკენ.

1991 წლის თბილისის ომმა შენობა ნახევრად დაწვა და დაანგრია. კიტოვან-იოსელიან-სიგუას „არმია“ გახელებით აწარმოებდა შეტევას უზენაესი საბჭოს შენობაზე, სადაც გამაგრებული იყო საქართველოს პრეზიდენტი გამსახურდია თავის მოკავშირეებთან ერთად.

დიდი ზიანი მიადგა რუსთაველის პროსპექტზე მდებარე მთავრობის სახლს, რომლის ერთ ნაწილში მინისტრთა საბჭო იყო განთავსებული, ხოლო მეორე ნაწილში — უზენაესი საბჭო.

ეს შენობა დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ აშენდა, რუსეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორის ლეჟავას ხელმძღვანელობით. მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი ტყვეები. შენობამ, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში შევიდა ექსპლუატაციაში, საბჭოთა კავშირში აშენებული 13 საუკეთესო ადმინისტრაციულ შენობათა შორის დაიმკვიდრა ადგილი.

შენობის ინტერიერში გამოყენებულია ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები. რაც შეეხება შენობის უკანა ნაწილს — სამამულო ომის დაწყებამდე აშენდა და მასში სამინისტროები იყო განთავსებული.

უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, რომელმაც შეცვალა საქართველოს პოლიტიკური სისტემა, შეიცვალა უზენაესი საბჭოს მუშაობის განრიგიც. საბჭოური პერიოდის მუშაობისგან განსხვავებით — წლის განმავლობაში უზენაესი საბჭოს სესიის სხდომების გამართვა — საგაზაფხულოს და საშემოდგომოს ნაცვლად, სხდომები ყოველდღიურად იმართებოდა.

ახალი უზენაესი საბჭო გახდა დეპუტატების ყოველდღიური მუშაობის ადგილი, რაც თავისთავად მოითხოვდა შესაბამიში პირობების შექმნას. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, გამსახურდიას ავუხსენი აღნიშნულის თაობაზე და ვთხოვე მინისტრთა საბჭოს მიერ დაკავებული შენობის მეორე ნაწილის გასათავისუფლებად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სიგუასთან მოლაპარაკება, ამასთანავე შენობის უკანა ნაწილში განლაგებული სამინისტროების მიერ შენობის დაცლა.

მოლაპარაკება გამსახურდია-სიგუას შორის, რომელიც გამსახურდიას კაბინეტში გაიმართა, მეც ვესწრებოდი. სიგუა დაეთანხმა ჩვენს ვარიანტს და მინისტრთა საბჭო გადავიდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში. სამინისტროებისთვის გამოიყო სხვა შენობები.

შენობათა კომპლექსის დაცლის შემდეგ დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები, მათ შორის უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ვახტანგ ცუხიშვილი. სარემონტო სამუშაოები დამთავრდა 1991 წლის ნოემბერში, თუმცა უზენაესი საბჭოს მუშაობისთვის რემონტს ხელი არ შეუშლია. მას ხელს უშლიდა გამსახურდია—ოპოზიციის დაპირისპირება, პერმანენტული მიტინგები, რომლებიც შენობის წინ იმართებოდა, გაშლილი კარვები და ბოლოს სისხლიანი დაპირისპირება — რამაც გამოიწვია ახალგარემონტებული შენობის დაწვა-დანგრევა.

გამსახურდიას ქალაქიდან და ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, შენობაში შევარდნილმა მოსახლეობამ, დაიწყო ძარცვა. გამარჯვებულებში ფეხი მოიკიდა მოსაზრებამ შენობის დანგრევის თაობაზე, ვინაიდან იქ იმყოფებოდა „სატანა“ გამსახურდია. მოსაზრებას ავტორიც გამოუჩნდა გენერლად ქცეული ყარყარაშვილის სახით, რომელიც გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო.

ყარყარაშვილს სხვებმაც აუბეს მხარი და მოწოდებას — „სატანის ბუდე უნდა დაინგრეს“, საზოგადოების მხარდაჭერაც მოჰყვა.

მოწოდებები და საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებები იბეჭდებოდა მაშინდელ პრესაში. მთავრობის სახლის გადარჩენის მსურველი თითო-ოროლა კაცი აღმოჩნდა, მათ შორის თქვენი მონამორჩილიც.

უზენაესი საბჭოს არც ერთ დეპუტატს საპროტესტო განცხადება არ გაუკეთებია, ვინაიდან უზენაესი საბჭო აღარ მოქმედებდა. შეშინებული დეპუტატები კი დამალული იყვნენ სახლებში და გამოჩენას არ აპირებდნენ. ერთადერთი გულშემატკივარი და პატრონი შენობისა მე აღმოვჩნდი, გაუქმებული უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი, რომელიც დროებითი მთავრობის თავმჯდომარის სიგუას განკარგულებით დავინიშნე საქართველოს პრეზიდენტის სამსახურის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ.

მაშინ ვთხოვე სიგუას უზენაესი საბჭოს შენობის ყოფნა-არყოფნის საკითხის განხილვა. სიგუამ ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და გამართა მთავრობის სხდომა 1992 წლის თებერვალში. სხდომაზე მიმიწვიეს მეც და ჩემი თხოვნით არქიტექტორი ცუხიშვილი, „ქალაქპროექტის“ ხელმძღვანელი ანდრონიკაშვილი. მინისტრთა საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სხვა არქიტექტორებიც, რომლებსაც თან ჰქონდათ წამოღებული ომით დანგრეული თბილისის ცენტრის აღდგენითი სამუშაოების შესაბამისი ნახაზები, პლანშეტები და ა.შ. აქვე იყო უზენაესი საბჭოს შენობის გადაკეთების ნახაზებიც.

სხდომაზე დამსწრე ქალაქის დროებითმა მერმა, ლითანიშვილმა ჩემს შეკითხვას — რა ბედი ეწეოდა უზენაესი საბჭოს შენობას, მიპასუხა, რომ შენობას არ დაანგრევდნენ, მაგრამ პროფილს შეუცვლიდნენ. პროფილის შეცვლა კი ნიშნავდა იმას, რომ შენობაში მოეწყობოდა ბიზნეს ცენტრი — მაღაზიებით, კაფეებით, გასართობი ადგილებით.

ლითანიშვილის ინიციატივას მხარს მინისტრთა საბჭოს სხდომის ყველა მონაწილე უჭერდა, რაც ერთობ ამძიმებდა ჩემი, ანდრონიკაშვილისა და ცუხიშვილის  წინადადებას შენობის უზენაესი საბჭოეთისთვის დატოვების თაობაზე.

უთანასწორი კამათი ცხარე და ხანგრძლივი გამოდგა და ჩვენი მარცხით დამთავრდებოდა, რომ არა ჩემი შეკითხვა — აპირებდნენ თუ არა უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას, რაზეც სიგუამ მიპასუხა, რომ მაისში აპირებენ (მოგვიანებით გადაწყდა არჩევნების შემოდგომით ჩატარება).

სიგუას და დამსწრეებს მეორე კითხვა დავუსვი — არჩევნების შემდეგ სად, რომელ შენობაში იმუშავებს უზენაესი საბჭო, რაზეც მიპასუხეს, რომ დროებით, დეპუტატები იმუშავებენ „იმელის“ და კავშირგაბმულობის შენობებში, ვიდრე უზენაესი საბჭოს ახალი შენობა აშენდება.

მესამე კითხვა, რომლითაც მე მათ მივმართე იყო ასეთი — სად აპირებდნენ უზენაესი საბჭოს შენობის აშენებას. ლითანიშვილმა მიპასუხა, რომ დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა შენობის თბილისის ზღვაზე აშენება. რატომო? — სამივემ ერთად რომ ვიკითხეთ, — იმიტომ, რომ თბილისის ცენტრში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს მიტინგებს, მითუმეტეს სისხლიან დაპირისპირებას, — ერთხმად გვიპასუხეს. და ისიც დაამატეს, რომ რუსთაველის პროსპექტი ქვეითად მოსიარულებს უნდა დაეთმოს და ის უნდა გადაიქცეს სალაღობო, სასეირნო ადგილად, ადმინისტრაციული შენობებისგან გათავისუფლებულად.

სამივემ შევატყვეთ, რომ მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შევაცვლევინებდით და რახან ასე ჩანდა, ერთადერთი რამ ვთხოვე სიგუას — დანგრეულ უზენაეს შენობაში აღდგენითი სამუშაოების დაწყება და შენობაში უზენაესი საბჭოს განთავსების საკითხის არჩევნების შემდეგ გადაწყვეტა.

ჩემი თხოვნა იყო ასეთი — მომავალ დეპუტატებს შეერჩიათ სამუშაო ადგილი.

თხოვნა სიგუამ დააკმაყოფილა და დაავალა მინისტრებს მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ ჩვენს მიერ დასმული საკითხებისადმი, დაკავშირებულის შენობის აღდგენითი სამუშაოების დროულ შესრულებასთან.

მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაევალა ფინანსთა სამინისტროს, უზენაესი საბჭოს მცირერიცხოვანი აპარატისთვის ხელფასების დანიშვნა და წვრილმანი საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი თანხების გამოყოფა.

ასედაამრიგად საბჭოური პერიოდის უნიკალური, ფუნდამენტური შენობა არა მარტო დანგრევას გადაურჩა, არამედ პროფილის შეცვლასაც, ანუ ბიზნეს ცენტრად გადაკეთებას. თუმცა ამ გონგამოცლილ იდეას ქვეყანა მაინც ვერ გადაურჩა.

სააკაშვილის ბრძანებით, პარლამენტი ქ.ქუთაისში გადავიდა, სადაც პარლამენტისთვის ახალი შენობა აშენდა. ძველ შენობაში კი დაიწყო სარემონტო სამუსაოები ბიზნეს-ცენტრად გადასაკეთებლად.

იკითხავთ — რამ გამოიწვია თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანაო? გიპასუხებთ, — თბილისელები მიტინგების მოსაწყობად ქუთაისში არ წავიდოდნენ. არც რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტებოდა ანტისამთავრობო დემონსტრაციებით და სახალხო გამოსვლებით. უზენაესი საბჭოს შენობის წინ არც კარვები გაიშლებოდა და ა.შ.

ასე რომ „მამათა“ უგონო მოსაზრება „შვილებმა“ გაატარეს ცხოვრებაში, რამაც მძიმე დაღი დაასვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას და არა მარტო პოლიტიკურს.

ცნობისთვის, იმასაც გეტყვით, რომ 1992 წლის შემოდგომით ჩატარებულმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებულმა დეპუტატებმა კენჭი უყარეს უზენაესი საბჭოს შენობაში მუშაობის გაგრძელებას, სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე. მანამდე, დროებით, უზენაესმა საბჭომ, რომელსაც პირველსავე სხდომაზე, სახელი გადაერქვა და პარლამენტი ეწოდა, მუშაობა „იმელის“ შენობაში დაიწყო.

რახან ამ უნიკალური შენობის გადარჩენის ისტორია მოგიყევით, იმასაც გეტყვით, რას დაამსგავსეს ის ერთმანეთთან დაპირისპირებულმა პარტიებმა, სისხლს მოწყურებულმა ქართველობამ, ძარცვა-გლეჯვით გატაცებულმა თბილისელებმა.

ზვიადიზმის მოწინააღმდეგენი მოსისხლე მტრებად აღიქვამდნენ მათ და ცდილობდნენ ყველაფერი რაც ზვიადსა და მის მომხრეებს უკავშირდებოდა ფეხქვეშ გაეთელათ, დაენგრიათ, დაეწვათ. დაგროვილი ბოღმის სამიზნე კი „სატანის“ ბუდე, ანუ უზენაესი საბჭოს შენობა გამოდგა.

მე და ჩემი აპარატის მცირერიცხოვან გუნდს, ომამდელი დიდი აპარატის უმცირეს ნაწილს, დაგვხვდა სრულიად განადგურებული, ნახევრად დამწვარი შენობა, რომელსაც არც ერთი ფანჯარა, კარი, თუნდაც ფანჯრის ჩარჩო აღარ ჰქონდა. შენობის დერეფნებში არსებული უცხოური ჭაღები აღარსად იყო, ისე როგორც ავეჯი. შენობა სავსე იყო სილის ტომრებით, ხოლო შენობის შიდა ეზო რკინის სეიფებით, დერეფნებში მიმოფანტული იყო უზენაესი საბჭოს სესიებზე მიღებული დადგენილებებისა და კანონების ორიგინალების ფურცლები და მასთან ერთად ხელყუმბარები.

გულის შემაღონებელი სურათის მოწმენი ვიყავით ჩვენ, პასუხისმგებელი მუშაკები — წესრიგით, სისუფთავით, კომფორტული ავეჯით გაწყობილ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობას მიჩვეულები.

მცირერიცხოვანი, 7-8-კაციანი ახალი აპარატის წინაშე აზვირთებული ოკეანის უკიდეგანო საქმე იდო — დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანის, აღდგენის, სტამბურად გამოცემის სახით. პარალელურად შენობის აღდგენითი სამუშაოების ზედამხედველობის გაწევით.

სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ყოველივე აღნიშნულს თავი გავართვით და წლის ბოლომდე შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დავასრულეთ, აღვადგინეთ შენობის დანგრეული კოლონები, ამოვავსეთ ნატყვიარებით დაზიანებული ფასადი და ა.შ.

პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ჩემი, როგორც ახალი პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივით მომზადდა დადგენილების პროექტი მთავრობის ყოფილი სასახლის, შემდგომში უზენაესი საბჭოს შენობის, მინისტრთა საბჭოს ბალანსიდან პარლამენტის ბალანსზე გადმოტანის და მასთან ერთად პარლამენტის სამეურნეო სამსახურის შექმნის თაობაზე.

ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით მინისტრთა საბჭოსა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახით, რომელსაც ირაკლი ანდრიაძე ხელმძღვანელობდა — მანამდე ქ.თბილისის მერი, მაგრამ პარლამენტის წევრების დამოკიდებულება დაემთხვა ჩემს მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს, რაც კენჭისყრამაც დაადასტურა. ასე გადაურჩა შენობა დანგრევას, ხოლო პარლამენტმა დაიწყო მინისტრთა საბჭოსგან დამოუკიდებლად ცხოვრება.

იმ დღიდან დაწყებული პარლამენტს, მინისტრთა საბჭოსთან სამათხოვრო არაფერი აქვს. მას აქვს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელსაც თვით განკარგავს.

არასახარბიელო, სავალალო ისტორიის გახსენებასთან ერთად გავიხსენებ აპარატის იმ მუშაკებსაც, რომლებიც ჩემთან ერთად შეეჭიდნენ ურთულეს პრობლემებს და წარმატებით გადაჭრეს უდავოდ საშვილიშვილო საქმე. ზოგი მათგანი, მაგალითად ირაკლი ჩიქოვანი — შესანიშნავი იურისტი, ცოცხალი აღარ არის, ისე, როგორც ქართული ენის ბრწყინვალე მცოდნე და რედაქტორი ნუნუ კაკულია; საფინანსო საქმის და ბუღალტერიის ზედმიწევნით კარგი მცოდნე გივი მურჯიკნელი; პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი ოტია სოხაძე. ნათელში იყოს მათი სული.    

ყველა ისინი უდავოდ იმსახურებენ ყურადღებას. უდიდესი მადლობა მათ. მადლობა იმათაც, ვინც დღემდე აგრძელებს პარლამენტში მუშაობას. ბარაქალა მათ თავდადებას, პროფესიონალიზმს. მათ სახელებს კარგად იცნობენ პარლამენტარები, მაგრამ არა ფართო საზოგადოება, არადა ისინი უდავოდ იმსახურებენ შექებას. ესენია ეთერ სვიანაიძე, ნანა გურასპაშვილი, რამაზ ისრაელიანი, რევეკა ოსტროვა, სხვები. ცალკე გამოვყოფ გულიკო მამინაშვილს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პარლამენტის შენობის შენარჩუნების საქმეში.

დავუბრუნდეთ თბილისის დღევანდელი მერის ზერელე დამოკიდებულებას საქმისადმი. ერთ-ერთი მაგალითი ამისა არის დაუმთავრებელი შენობები, რომლებიც რახანია გუნება-განწყობილებას უფუჭებს ნებისმიერ თბილისელს და ნეგატიურ შთაბეჭდილებას ახდენს უცხოელზე. ასეთი ჩონჩხები ბევრია ქალაქში, მაგრამ მათ შორის გამოვყოფდი საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსებს. სადამდე უნდა ვუყუროთ ამ „საოცრებას“? სადამდე უნდა ვუყუროთ ვაკეში, ჩეხეთის საელჩოს გვერდით შემორჩენილ, ორსართულიან „საოცრებას“, რომელსაც წინათ სტუდქალაქი ერქვა, ახლა კი ლტოლვილთა თავშესაფარია?

თავმოყვარე და საქმის მოყვარე მერი ამ დაფეხვილი შენობების საკითხს უმალ გადაწყვეტდა, მაგრამ მერი არ ჩქარობს. მისთვის ეს მართლაცდა საშინელება, არაფერია, ისე, როგორც ვაკე-საბურთალოს ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლი, უპატრონოდ მიტოვებული ფიზიკის ინსტიტუტის ფუნდამენტური შენობა, სასტუმრო „საქართველო“ ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი — რახანია გამოკეტილი, უფუნქციოდ დარჩენილი რესპუბლიკური საავადმყოფო, უპატრონოდ რომ კვდება.

რომელი ერთი ჩამოვთვალო?! იქნებ მერია ინვესტორის მოლოდინშია, რომელიც ამ შენობას შეისყიდის და დაშლის საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად? მაგალითიც გვაქვს — „ზაკვოს“ ფუნდამენტური შენობის დანგრევა.

რამდენად გულცივი უნდა იყოს მერი და მერია, რომ ამ ბოროტებას ყურადღება არ მიაქციოს. ინვესტორზე აღარ ვლაპარაკობ, ვინაიდან მათ თავხედობას საზღვარი არ აქვს. აშენებული შენობის დანგრევა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამორტიზებულ შენობაში გყავს, დანაშაულია.

მერისა და მერიის ზერელე, არაპროფესიონალური მუშაობა — დანაშაულში გადასული, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება ხალხის ჯიბეში ხელის ფათურია — ჯარიმების სახით, გრძელი ჩამონათვალის რამდენიმე მაგალითია. ყველას ჩამოწერას ტომები არ ეყოფა. თბილისელებს ტვინში აქვთ აღრიცხული ეს მანკიერებები, მათ ჩაყლაპვას ისინი არ აპირებენ და თუ ისინი საპროტესტო მიტინგებს არ აწყობენ მერიასთან, არც „ოცნების“ დასაცავად შეავსებენ პარლამენტის წინამდებარე მოედანს — ესოდენ საოცნებოს „ოცნების“ წევრებისთვის.

ერთ მშვენიერ დღეს ისინი თავს აღარ შეიკავებენ და „ოცნების“ ოპოზიციას შეუერთდებიან — „ოცნებელთა“ ბრიყვული მოღვაწეობით გახელებულები.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

20/03/2023