24.07.2024

ხელისუფლებავ, გაითვალისწინე ხალხის გულისტკივილი, თორემ პოლიტიკური სამარე არ აგცდება!

ქართულ პოლიტიკაზე და ქვეყნის ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენდა და ახდენს ქუჩის აქციები — მიტინგების, დემონსტრაციების სახით, პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანით, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ამ შენობის ნგრევით, დაწვით, მოგვიანებით პარლამენტში შევარდნით, სხდომათა დარბაზში განლაგებულ მერხებზე სირბილით, ლამის „დავლურის“ ცეკვით, სახელმწიფო ქონების დაზიანებით, რბევით, ისევ შენობაში შევარდნის სურვილით ანთებული მომიტინგეების მიერ პოლიციასთან შეჯახებით, ხელჩართული ბრძოლით, შენობისთვის მიყენებული ზარალით.

ასე იყო და არის ბოლო 30 წლის განმავლობაში, ე.წ. დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს. თვალით ნანახი, განცდილი, ემოციებით აღსავსე (ცხადია ნეგატიურით) 90-იანი წლების დასაწყისი უფლებას არ მაძლევს ოდნავ მაინც არ გავიხსენო ბობოქარი რევოლუციური წარსული — ახალი ცხოვრების სტარტი.

მაშინ კომუნისტებს, უფრო სწორად კომუნისტურ სისტემას დისიდენტური, ანტიკომუნისტური ძალა ებრძოდა. შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვა „იდეოლოგიას“ ნაცვლად „ძალისა“, ვინაიდან მაშინდელს არც იდეოლოგია ჰქონდა — კლასიკური გაგებით და არც ბევრი რამ, რითიც რევოლუცია არის ცნობილი.

ის უფრო გადატრიალება იყო, დამხობა სიხელმწიფო ხელისუფლებისა. ქუჩას, ანუ ფსევდო-რევოლუციას, არსებულის განადგურება სურდა. მან არ იცოდა რას მიიღებდა ის და ქვეყანა.

მან იცოდა, რომ მიიღებდა ძალაუფლებას, მაგრამ არ იცოდა რაში და როგორ გამოიყენებდა მას.

საბჭოთა კავშირში დაბადებულებს და გაზრდილებს კარგად მოეხსენებათ დიდი ოქტომბრის რევოლუციის ისტორია. რევოლუციამდე არსებული პერიოდი, რევოლუციონერთა ხანგრძლივი ბრძოლა ცარისტული რუსეთის შესაცვლელად და ამისთვის მრავალი ტანჯვა-წამების, გადასახლების ატანა, ქაღალდზე გადატანილი და შემდეგ პროკლამაციის სახით ხალხში გავრცელებული იდეების, მოსაზრებების, სამომავლო გეგმების, სახელმწიფო მოწყობის ახალი სისტემის ქვეყნისთვის გაცნობა და სხვა მრავალი.

საზოგადოების წინ იდო ლენინ-სტალინის, სხვა რევოლუციონერების ნაშრომები — ახალი ცხოვრების კომპასად ქცეული. მოკლედ და კონკრეტულად ხალხმა იცოდა რას უპირებდნენ მას რევოლუციონერები გამარჯვების შემთხვევაში.

დღეს? არც დღეს და არც გასული საუკუნის 90-იან წლებში ხალხმა არ იცოდა და არ იცის რა სურდა და სურს მაშინდელ და დღევანდელ „რევოლუციონერებს“.

მარტივი, პრიმიტიული სახე მიიღო ე.წ. რევოლუციებმა. არც ხალხია სერიოზულად განწყობილი „რევოლუციების“ მიმართ, ვინაიდან იცის, რომ ამ „რევოლუციონერებიდან“ აზრიანს ვერაფერს მოისმენს, ვერაფერს წაიკითხავს მარტივი მიზეზის გამო. ხალხმა იცის, რომ დაბალი განათლება დღევანდელ რევოლუციონერებს არ აძლევს საშუალებას ღრმა აზროვნების, მითუმეტეს ანალიტიკურის გამოვლინების, სადღეისო და სამომავლო გეგმების გონივრული ჩამოყალიბების.

ხალხს ხელში შერჩა ქარაფშუტა, მოტლიკინე „რევოლუციონერები“, ვითომ პოლიტიკოსები, ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით ანთებულები, რომელთაგან ის არაფერს მოელის.

ხალხი ცალკეა, ხელისუფლება ცალკე, ხელისუფლების დაპყრობის მსურველი „რევოლუციონერები“ ცალკე.

პირველ „რევოლუციონერებს“, შემდგომში რატომღაც საზოგადოების მიერ „ეროვნულ ხელისუფლებად“ მონათლულებს, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილის გარდა გონივრული გადაწყვეტილებები მიეღოთ და ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ ცოტა რამ მაინც გაეკეთებინათ ქვეყნისა და ხალხისთვის, შემდგომი 30-წლიან ცხოვრებას სხვა იერსახე, შინაარსი ექნებოდა.

განათლების უქონლობამ, როგორც საერთო განათლების, ისე სახელმწიფო მართვის (თითო-ოროლა, ერთი მერცხალივით გაზაფხულს ვერ მოიყვანდა) შესაძლებლობა არ მისცა გამარჯვებულებს საშუალო დონეზე მაინც გაძღოლოდნენ ქვეყანას.

მაშინ, გამარჯვებულებში სისტემატურად ტრიალდება რუსთაველის თეატრის მსახიობის იზა გიგიშვილის გამონათქვამი რევოლუციის „ბელადის“ გამსახურდიას მიმართ — რას ამბობთ, ზვიადი განათლებული კაცია, ბოდლერი თარგმნაო.

დიახ! ბოდლერი თარგმნა, მაგრამ ქვეყანა ვერ მართა და მწარე შედეგიც მიიღო — სამწუხაროდ არა მარტო მან, არამედ ქვეყანამ.

ქვეყნის მართვას სხვა ხელოვნება სჭირდება. მას ისე, როგორც თარგმნას, ნიჭი განაპირობებს, მართვის ნიჭი. იშვიათია, როდესაც კარგი მთარგმნელი, კარგი ან თუნდაც საშუალოზე დაბალი მმართველია. ნათელი მაგალითი ამისა „ეროვნული ხელისუფლების“ მოკლევადიანი, ძალით შეწყვეტილი მართვა იყო და მასთან ერთად ქვეყნის მართვის ანბანის უცოდინრობა, რომელიც, როგორც გადაშლილი წიგნი, ისე იდო ჩვმს წინ — იმ შენობაში „ეროვნულ ხელისუფლებამდე“ და „ეროვნული ხელისუფლების“ დროს მომუშავე პასუხისმგებელი მუშაკის წინ.

ქვეყნის მართვის არმცოდნე ეროვნულმა ხელისუფლებამ, თავი რომ ვერ მოაბა საქმეს — ცნობილი ფაქტია, რამაც სახელმწიფო შეიყვანა ისეთ ჩიხში, რომლიდან გამოსვლას აღარც კანონი და აღარც კონსტიტუცია აღარ უშველიდა. ახალი რევოლუცია იყო საჭირო და მოხდა კიდევაც.

აი, იმ ინერციით — არაკანონიერით, არაკონსტიტუციურით მოვდივართ და „მოგვიხარია“ 30 წლის განმავლობაში.

ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლა, კონსტიტუციური ნორმების მსგავსად არის ჩაწერილი საქართველოს მოსახლეობის გონებაში და რახან ასეა, ამჯერადაც შევეცადეთ ქუჩის მეთოდის გამოყენებას,თუმცა წინა მცდელობებიდან განსხვავებით, ბოლომდე არ გამოგვივიდა. მაგრამ შექმნილი ვითარება გვკარნახობს, რომ გამოგვივა. ტრადიციას არ ვუღალატებთ  და გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ — „რევოლუციებით“ ხელისუფლების დამხობას.

აბა, მითხარით, რომელ ქვეყანას შეეძლო, 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლების დამხობა? ჩვენ შევძელით. გავიხსენოთ ისტორია. „ეროვნულმა ხელისუფლებამ“ ხალხის ამბოხის დახმარებით გააძევა კომუნისტური ხელისუფლება. მავანი შემედავება — ამბოხით კი არა, უზენაესი საბჭოს არჩევნებითო.

არა, პატივცემულო მკითხელო. უზენაესი საბჭოს არჩევნების ბედი გადაწყდა არჩევნებამდე, უზენაესი საბჭოს (კომუნისტურის) მიერ საარჩევნო ორი კანონპროექტის განხილვით. ერთის — კომუნისტების მიერ ინიცირებულის და მეორის — ოპოზიციის, ანუ „მრგვალი მაგიდის“ მიერ შექმნილის. და ვიდრე კენჭისყრამდე მივიდოდა საქმე მთელი შენობა „ანთებული“ თბილისელების ალყაში აღმოჩნდა.

 ისინი დედ-მამის გინებით, მუქარით მოუწოდებდნენ დეპუტატებს მხარი გამსახურდიას კანონპროექტისთვის დაეჭირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხალს არავის დატოვებდნენ. და მათაც შეასრულეს ხალხის „თხოვნა“.

არჩევნებზე ძალის გამოყენება და გაყალბებაც არ ყოფილა უცხო. ძალაგამოცლილმა და შეშინებულმა ხელისუფლებამ პოზიციები დათმო და ქვეყნის მართვის სადავეები „კანონიერად“ გადასცა არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციას.

ქვეყნის მაშინდელმა ლიდერმა გუმბარიძემ ხალხის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩემთან საუბარში თქვა — ინანებენ, მაგრამ გვიან იქნებაო.

ვინანეთ თუ არა ძნელი დასადგენია. თითქოს ვინანეთ, მაგრამ გავიდა დრო და იგივე გავაკეთეთ — გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით. შემდეგ შევარდნაძის, სააკაშვილის, ახლა „ოცნების“ და მისი დამფუძნებლის, ქვეყნის რეალური მმართველის ივანიშვილის, თუმცა ბოლო „რევოლუცია“ არ გამოდგა ისეთი, „რევოლუციონერები“ და მათი დასავლელი წამქეზებლები რომ ინატრებდნენ. რომ იტყვიან „წაიფორხილა“.

8-9 მარტის „რევოლუცია“ მარტო კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევას დასჯერდა, თუმცა იყო კატეგორიული მოთხოვნებიც — ხელისუფლების გადადგომის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების, დამნაშავე რუსოფილ ხელისუფალთა პასუხისმგებაში მიცემის და სხვა. მაგრამ ჯერ-ჯერობით „რევოლუციას“ რადიკალური მოწოდებების შესრულების მუხტი განელებული აქვს და ის ნაკლებად წააგავს „გავრილოვის“ რევოლუციას, რომელსაც სერიოზული საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა — პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეცვლის სახით, ხანგრძლივი მოლაპარაკებათა სერიების გამართვით ხელისუფლება-ოპოზიციას შორის — ევროკავშირისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს შუამავლობით.

დასჯერდება თუ არა ოპოზიცია მისთვის მიუღებელი კანონპროექტის გამოწვევას, ძნელი სათქმელია, ისე, როგორც შეძლებს თუ არა ხელისუფლება, უდავოდ მცირე დანაკარგით, მისთვის ხელსაყრელი მშვიდობის მოპოვებას.

ხელისუფლების მდგომარეობა რომ არასახარბიელოა და ბობოქრობით აღვსილი, ფაქტია. ოპოზიციისთვის მიუღებელი ხელისუფლების პატარა ნაბიჯიც კი გამოიწვევს ხანძარს, რომელსაც უმალ აიტაცებს ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო დასავლეთი, რომელიც ნავთით შეეცდება ხანძრის ჩაქრობას.

ამჯერად არ შევუდგები დასავლეთის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მტრული თვალით ყურების ახსნა-განმარტებებს, რაც ისედაც ცნობილია, ვიტყვი მთავარს — დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულად აღიქვამს არა მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლება ომს არ უწყებს რუსეთს ან სანქციებს არ უწერსებს მას, არამედ იმიტომ, რომ ის სიმპათიებით არის გამსჭვალული რუსეთის მიმართ მთელ რიგ საკითხებში, ისეთებში, როგორებიცაა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღმავლობა, საქართველოში რუსი ტურისტების მოზღვავება, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში საცხოვრებელი ბინების და სახლების, აგრეთვე მიწის ნაკვეთების შეძენა, საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

დასავლეთს არ მოსწონს, როდესაც რუსეთი, საქართველოს სატრანზიტო გზის გამოყენებით, იღებს სანქცირებულ ევროპულ და ამერიკულ ნაწარმს. დასავლეთს არ სურს საქართველოში რუსეთის გავლენის აღდგენა. ის თვლის, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის მიმართ თავისი შერბილებული პოლიტიკით, დაექვემდებარება რუსულ პოლიტიკას. არის სხვა პრეტენზიებიც, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

კოლექტიური დასავლეთის, განსაკუთრებით მისი ლიდერის აშშ-ს პოზიცია სულაც არ არის გასაკვირი. ის იბრძვის მსოფლიოში მოპოვებული პირველობის შესანარჩუნებლად და ამისთვის მიღებულ თუ მიუღებელ ხერხს იყენებს, მათ შორის შანტაჟის, დაშინების, ეკონომიკური სანქციების დაწესების და ა.შ.

ეს მისი პოლიტიკაა, რასაც ვერაფერი შეცვლის. ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებისთვის მას დემოკრატია, სუვერენიტეტი, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა მოაქვს. დასტურად ამისა ერთ-ერთი ამერიკული ტელეკომპანიისთვის ყოფილი უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირის, გენერალი პეტრეუსის (David Howell Petraeus) ინტერვიუც კმარა.

გენერალმა ტელეჟურნალისტს ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი სიტყვებით „აუხსნა“ — თუ რა მოაქვს აშშ-ს სხვა ქვეყნებისა და ხალხებისთვის.

აშშ-ს ასეთი პოლიტიკა აქვს ყველას მიმართ, მათ შორის მოკავშირეების, მაგრამ რას ფიქრომენ ამასთან დაკავშირებით ვითომ მოკავშირე ქვეყნები ან ისინი, ვინც აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევენ?

რას ფიქრობენ? ძნელია მათ ტვინებში ჩახედვა, მაგრამ მათი გამონათქვამიდან, მითუმეტეს ქმედებიდან გამომდინარე მოსწონთ ბატონის ზემოდან ყურება. არც ერთი და არც მეორე არ ფიქრობს ისე, როგორც სახელოვანი მწერალი გაბრიელ მარკესი — ადამიანს ზემოდან მაშინ უნდა დახედო, როდესაც წაქცეულს ადგომაში ეხმარებიო.

მაზოხიზმის გამოვლინებას ჰგავს ევროკავშირის შეფის ურსულა ფონ დერ ლაიენის აშშ-ს პრეზიდენტისადმი ნათქვამი სიტყვები. თეთრი სახლის შეხვედრის დროს ურსულამ მადლობა გადაუხადა ბაიდენს რუსული გაზის ევროპისთვის გადაკეტვისთვის.

დავუკვირდით, პატივცემულო მკითხველო, ურსულამ მადლობა უთხრა ბოსს, რომ ევროკავშირის ქვეყნები აღარ იღებენ იაფ რუსულ გაზს. ნაცვლად — ევროკავშირს აშშ-ი აწვდის თავის თხევად გაზს 3-ჯერ ძვირად, რამაც გამოიწვია ევროპელი მომხმარებლისთვის გაზზე, ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდა, კრიზისულ ვითარებაში მოაქცია ევროპული, განსაკუთრებით გერმანული მრეწველობა, გაზარდა ფასები კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე.

ურსულასა და მისი კოლეგების სასიხარულოდ წლევანდელი ზამთარი ევროპელთათვის იყო რბილი, ნაკლები ცივი, ყინვიანი დღეებით, რამაც მოსახლეობას შედარებით იოლად გადაატანინა ზამთარი. მაგრამ ზამთარი ხომ ამით არ თავდება, ეს ხომ ბუნების ერთჯერადი მოვლენა არ არის? წინ წლევანდელი ნოემბერ-დეკემბრის ზამთარიც არის და ვინ იცის, როგორი იქნება ის? როგორიც არ უნდა იყოს, ურსულა კმაყოფილია, რომ ევროპა აღარ იღებს იაფ რუსულ გაზს.

კმაყოფილები არიან თუ არა ევროპელები, არვის აინტერესებს.

ასეთი ევროპისგან კარგს არ უნდა მოელოდეს საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკა, მაგრამ საღი აზრის დეფიციტის გამო ამ უკანასკნელს, ანუ პოლიტიკას არც გაზის პრობლემები აწუხებს, არც ინფლანციის, არც ფასების ზრდის. მას ის აწუხებს, რომ ხელისუფლება ისეთივე მორჩილი არ არის, როგორც ურსულა — არ ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების და მეორე ფრონტის გახსნის დასავლეთის დავალებას.

პოლიტიკას, რომელსაც დასაწყისში რევოლუციური ვუწოდე, არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლად ქვეყნის მართვასთან. მისი ინტერესი ისაა, განუხრელად შეასრულებინოს ხელისუფლებას დასავლური დავალებები უბრალო მიზეზის გამო — ის ხომ  მსუყე თანხებს იღებს დასავლეთისგან მორჩილი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის?! მან ხომ უნდა უპატაკოს — თქვენი დავალება შევასრულეო!

ოპოზიციის რადიკალიზმის გამოვლინებას ჰქონდა ადგილი 8-9 მარტის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში არც ციხეში ყოფნის „საამური დღეები“ გაიხსენა და არც 2008 წლის ცხინვალის ომის შედეგად მოტანილი „სიკეთეები“ და ყოველგვარი უხერხულების გარეშე ჟურნალისტსა და საქართველოს ბედკრულ მოსახლეობას აჯახა — მიზანი ჩვენი ხელისუფლების შეცვლა, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობიდან გამოხსნა, უკრაინის გვერდში დგომა, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებააო.

როგორც ჩანს, ჩვენში ომის პროპაგანდა არ ისჯება, არც მთავრობის დამხობის მოწოდება, არც პარლამენტის შენობის შტურმით აღება, არც „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების შენობისთვის და პოლიციელებისთვის დაშენა, არც პოლიციის ავტომანქანების დაწვა და ა.შ.

ხელისუფლებამ — მომიტინგეთა რადიკალიზმით შეშინებულმა, უკან დაიხია. კანონპროექტი — პირველი მოსმენით მიღებული, უკან გაიწვია, დაკავებული „რევოლუციონერებიც“ გაათავისუფლა. ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი საკუთარი ავტორიტეტის დასასამარებლად.

 „ამ ხელისუფლების იმედი უნდა ჰქონდეს ხალხსო“ — იყო ბევრი თბილისელის და არა მარტო გულწრფელი გამონათქვამი.

ხალხს არ მოეწონა ხელისუფლების უკან დახევა იმ ძალასთან, რომელსაც ის ხელისუფლებაზე მეტად არ სცემს პატივს. ამ დღეებში ხშირად ვისმენდი საზოგადოების არათუ უმნიშვნელო ნაწილის ნათქვამს — ოპოზიცია რომ ოდნავ მაინც ანგარიშგასაწევი იყოს, მაშინ ხელისუფლებას არვინ არაფრად ჩათვლიდაო.

რაღა დაგიმალოთდა სინამდვილე ასეთია. 30 ბობოქარი წლის შემდეგ, ვითომ დამოუკიდებელმა და სუვერენულმა, მარტივი არჩევანის შანსიც დავკარგეთ და მასთან ერთად პოლიტიკური თავმოყვარეობაც, თორემ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება — ყურების აწევის მიზნით — ვინ მოგცათ ასეთი კანონის მიღების და მომიტინგეთა მშვიდობიანი აქციისთვის ხელის შეშლის უფლებაო, სხვაგვარად იქნებოდა აღქმული ხელისუფლების მიერ.

როგორო, — მკითხავთ. გიპასუხებთ — კონსულტაციებისთვის საქართველოს ელჩის გამოწვევით ესტონეთიდან. ესტონეთის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებით და მისთვის საპროტესტო ნოტის გადაცემით — ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო.

საქართველოს ხელისუფალთა განცხადებით უკანდახევა პოლიტიკური თამაშის წაგებას არ ნიშნავს. უკანდახევით მთავრობამ შექმნილი დაძაბულობა განმუხტა, თუ რა ხნით არვინ იცის.

გამარჯვებულ ოპოზიციას, რომელმაც ხელისუფლების უსუსურობა დაინახა, აწი რაღა დააკავებს?! პატარა ნაპერწკალიც საკმარისი იქნება დიდი ხანძრის გასაჩენად. მიტინგზე მისული ეკზალტირებული სტუდენტების „პატრიოტული“ მოწოდებები „აფხაზეთი“, „სოხუმი“, „აფხაზეთი“, ომისკენაა მიმართული, რომელიც 2008 წლის ომის მსგავსად საქართველოსთვის ტერიტორიების ჩამოჭრით არ დამთავრდება, საქართველოს არსებობას დაუსვამს წერტილს.

8-9 მარტის მოვლენებმა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის ბევრი არასასიამოვნო მომენტი გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტის აშკარა ანტისახელისუფლებო განწყობა, რაც არაერთხელ გამოჩნდა უცხოეთში მყოფი ზურაბიშვილის ამერიკელ-ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრების დროს.

ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას და თქვა, რომ პრორუსულ კანონს ვეტოს დაადებს. მან ისიც თქვა, რომ კანონპროექტი არ წაუკითხავს, მაგრამ რახან ის პრორუსულია, წინააღმდეგია ამ კანონის მიღების.

პრეზიდენტი, რომელიც არ იცნობს კანონპროექტს, ეწინააღმდეგება მის დაკანონებას. ქალბატონო სალომე, იქნებ წაგეკითხათ და შემდეგ გამოგეთქვათ თქვენი „ბრძნული“ აზრები?!

ზურაბიშვილი, ივანიშვილისა და „ოცნების“ შეცდომაა, რომელიც არაერთხელ შეახსენებს მათ თავს უახლოეს მომავალში.

8-9 მარტმა საქართველოს მოსახლეობას დაანახა, რომ ხალხს არც „ოცნების“ და არც ივანიშვილის იოტისოდენა პატივისცემა არ აქვს, რომ ხალხი მათ მხარს არ უჭერს და თუ „ოცნება“ არჩევნებში ადმინისტრაციული ხრიკებით იღებს ამომრჩეველთა ხმებს, სიყვარულით არ არის გამოწვეული — ალტერნატივის უქონლობის ნაყოფია.

ხალხი არ გამოვიდა ხელისუფლების დასაცავად. არც საჯარო განცხადებები გაუკეთებია — მსგავსი სურვილის შემცველი. ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლებით. ის ამბობს, რომ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნისა და სანქციების დაწესებისგან თავის შეკავება დადებითი მოვლენაა, მაგრამ არა ის, რასაც „ოცნება“ დაპირდა მას 10 წლის წინათ — რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.

დაპირებები კი ბევრი იყო — ჯერაც შეუსრულებელი. ხალხი ხედავს, რომ გათავხედებული ხელისუფლება ყაჩაღურად აფათურებს მის ჯიბეში ხელს და უკანასკნელ თეთრებსაც აცლის ფართო „იდეალების, წესრიგის, კანონიერების“ აღსასრულებლად.

აღსრულება კი ხალხის ვალდებულებაა და არა ხელისუფლების. ეს უკანასკნელი მბრძანებელია და არა შემსრულებელი. კანონი მბრძანებლისთვის არ იწერება. ის შემსრულებლისთვის მზადდება.

ზემდგომის, ხალხისადმი ცინიკური დამოკიდებულების ათასობით მაგალითს წააწყდებით სახლიდან გამოსვლისთანავე, მითუმეტეს თუ ავტომანქანის საჭესთან ხართ.

ქალაქის მერიის გულმოდგინე შრომის ნაყოფია ავტომანქანის სავალი ნაწილის დავიწროვება და ტროტუარების გაფართოება, სავალ ნაწილში ხელოვნური ბუჩქებისა და ჯუჯა ხეების ჩარგვა, რომლებიც ისეთივე ზედაპირული შინაარსის მატარებელია, როგორც მაკიაჟით გათხუპნული ტანდაუბანელი მეძავი.

იმპორტული ხის და ბუჩქის მთავარი „მომხიბლველობა“ სიძვირე კი არ უნდა იყოს, არამედ ავტომანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვა, რაც გამოყვანილი ხე-ბუჩქით არ მიიღწევა.

ვიმეორებ — თბილისის ხელოვნური ხე-ბუჩქით კეკლუცი მიუღებელია საზოგადოებისთვის, მითუმეტეს, როდესაც მათი დარგვისთვის ავტომანქანის სავალი ნაწილი ვიწროვდება, რაც იწვევს საცობებს, ავტომანქანების დაბალ სიჩქარეზე მოძრაობას. დაბალი სიჩქარე კი უფრო მეტ გამონაბოლქვს ბადებს — ეკოლოგიისთვის მიუღებელს, მოსახლეობისთვის ფილტვების დამაზიანებელს, მაგრამ ქალაქის მერიას ეს არ ანაღვლებს. მან ძვირადღირებული ხე-ბუჩქი შემოგვტენა — საკუთარი ჯიბის გასქელების მიზნით, თან გეუბნება — ნახეთ, როგორ გაგილამაზეთ ცხოვრებაო.

და ამას ეუბნება მოსახლეობის უმრავლესობას, რომლისთვის მთავარი საზრუნავი ლუკმა-პურის შოვნაა და არა მერიის მიერ ხელოვნურად შექმნილ საცობებში დგომა, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა.

მერიამ, სპეციალურად ისე დახაზა ქუჩები, რომ მძღოლმა შეცდომით გადაკვეთოს. შეცდომა კი ძვირი უჯდება მძღოლს — ჯარიმის სახით.

მართლაც რა ყაჩაღი და მასთან ერთად არაკაცი უნდა იყოს ქალაქის მერი, რომ ვიდეო-თვალი დაამონტაჟოს საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმავალი გზის იმ მონაკვეთში, სადაც ჭირისუფალი ყვავილებს ყიდულობს საფლავზე მისატანად. წამით შეაჩერებთ ავტომანქანას და 50-ლარიან ჯარიმას მიიღებთ თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანზე.

თბილისის მერიის და მერის მავნებობას საზღვარი არ აქვს, რაც არა მარტო ჯარიმებში ისახება, არამედ უამრავ სხვაშიც, მაგრამ ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევს. ისიც მიეჩვია თავხედობას, ხალხის ჯიბეში ხელის ფათურს. ასეთ ხელისუფლებას ვინმე დაიცავს?

ხელისუფლების უწესობით დაოსებული ხალხი, მხარს დაუჭერს ხელისუფლებას?

პირველსავე შემთხვევაში იმათ გვერდზე დადგება, ვინც ხელისუფლების დამხობის მოწოდებით გამოვა. ასე რომ ხელისუფლებავ, გაითვალისწინე ხალხის სურვილები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სამარე არ აგცდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

17/03/2023