07.12.2024

მისი დიადი საქმეები აგრძელებენ ცხოვრებას

„5 მარტს შესრულდა იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალებიდან 70 წელი. ის წავიდა, მაგრამ მისი დიადი საქმეები აგრძელებენ ცხოვრებას — ჩვენს გულებში, გონებაში, მისწრაფებებში, ისტორიულ მეხსიერებაში“. ეს სიტყვები ეკუთვნის რუსეთის კომპარტიის ლიდერს გენადი ზიუგანოვს.

სტალინის გახსენება მისი გარდაცვალების დღეს არც სპონტანურია და არც შემთხვევითი. სპონტანურობა და მითუმეტეს შემთხვევითობა ამ მართლაცდა ბუმბერაზი, ისტორიული პიროვნების მიმართ ის სიტყვები არ არის, რომლებიც ასახავენ მის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობას.

სტალინის სახელი სისტემატურად, ყოველდღიურად ისმის, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში, ხშირად კრიტიკით, თუმცა ამასთანავე მაღალი შეფასებით, პატივისცემით.

კოლექტიური დასავლეთის კრიტიკას, ტენდენციურს და რევანშის სურვილით შეპყრობილს, აღმოსავლური დაცვა ეგებება, თუმცა არა სალი კედლის მსგავსად. აღმოსავლური, რომელშიც რუსეთიც მოიაზრება. ლიბერალიზმით დაავადებულ სოუზში დალბობილი, ის სალი კლდის მსგავს მასპინძლობას ვერ გაუწევს დასავლურ კრიტიკას, პირიქით ხელში, სულში და ტვინში ჩაიხუტებს და საზოგადოებას ნიშნისმოგებით ეტყვის — ხომ გეუბნებოდით, ვინ იყო სტალინიო.

70 წლის განმავლობაში სტალინის სახელი სისტემატურად ტრიალებდა წიგნებში, სტატიებში, სამეცნიერო შრომებში, მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებში, უბრალო და არაუბრალო ლაპარაკში.

ის ყოველთვის ჩვენთან იყო. მას ყოველთვის ვახსენებდით, მიუხედავად იმისა, გვინდოდა თუ არა მისი სახელის ხსენება, რისი დამადასტურებელია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. ერთ-ერთი სულ ახლახანს ჩატარდა რუსეთის ფედერაციაში, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყანაში. გამოკითხვით სტალინმა 17 ქულით მესამე ადგილი დაიკავა პუშკინის, პეტრე I-ის შემდეგ.

გამოკითხვის მიზანი კი იყო რუსეთის ისტორიაში 20 ყველაზე პოპულარული პიროვნების დასახელება.

მსგავს გამოკითხვებში სტალინი ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა. იქნებ, ამჯერადაც ასე იყო, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, მას მესამე ადგილი მიაკუთვნეს არა რესპონდენტებმა, არამედ ხმათა მთვლელებმა.

რუსეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანია „პირველი არხის“ გადაცემა „ბოლშაია იგრამ“, ერთ-ერთი მონაწილის პირით ისე ილაპარაკა სტალინსა და მის დამსახურებებზე, თითქოს გარეთ არა 2023 წლის 5 მარტი, არამედ 1952 წლის გაზაფხული ყოფილიყო. ექსპერტმა ისიც თქვა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობაში, სტალინის სახელის და საქმის მიმართ დაშვებულმა შეცდომებმა ზიანი მიაყენა ქვეყანას და ახლა მეცნიერ- ისტორიკოსებს დიდი შრომა უწევთ ისტორიის გასასუფთავებლად.

ქვემოთ გთავაზობთ ზიუგანოვის ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდებს:

„საბჭოთა ხალხის უდიდეს უმრავლესობას სტალინი არ ენახა. მაშინ ტელევიზია არ იყო. ზოგიერთი, გაზეთებში კითხულობდა მის შესახებ, ზოგიც რადიოში ისმენდა. მაგრამ საბჭოთა ხალხმა კარგად იცოდა, რომ ის იყო, ადამიანი, რომელიც მათზე ფიქრობდა, ზრუნავდა. ისინი გრძნობდნენ ამას ყოველდღიურად“.

***

„სამი დღე-ღამის განმავლობაში სვეტებიან დარბაზში ხალხი ეთხოვებოდა სტალინს. 7 მილიონი მოსკოველიდან ორმა მილიონმა შეძლო გამომშვიდობებოდა მას. სიჩუმემ და გლოვამ მოიცვა ყოველივე — არ მუშაობდა ფაბრიკა-ქარხნები, არ იმართებოდა კონცერტები, სპექტაკლები. ქვეყანა დასტიროდა თავის ლიდერს, ბელადს“.

***

„მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ადგილი ჰქონდა გორბაჩოვ, იაკოვლევ, ელცინის ვაკხანალიას და საბჭოთა გმირული ეპოქის ლანძღვას, კიდევ ერთხელ ჩავიხედე დოკუმენტებში, ვიფიქრე, ხომ არ ვცდები მეთქი. და აი რას ამბობენ დოკუმენტები. სტალინის სიკვდილამდე 5 თვით ადრე, 1952 წლის ოქტომბერში ჩატარდა პარტიის XIX ყრილობა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა საზღვარგარეთის 43 ქვეყნის კომპარტიის წარმომადგენელი. 20 ქვეყნის კომპარტია იძულებული იყო ყრილობისადმი მიმართვას დასჯერებოდა, ვინაიდან დაწყებულმა „ცივმა ომმა“ არ მისცა მათ საშუალება დასწრებოდნენ ყრილობას.

უნდა გითხრათ, რომ სიტყვები, რომლებიც მათ წარმოთქვეს ყრილობაზე იყო გულწრფელი. ყველა ისინი მადლობას უხდიდნენ სტალინს საბჭოთა მაგალითისთვის, მშრომელ ადამიანზე ზრუნვისთვის, ფაშიზმის დამარცხებისთვის, კოლონიალიზმის უღლისგან განთავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ის იბრძოდა ნამდვილი გამარჯვებისთვის, ნამდვილი დემოკრატიისთვის, მშრომელი ადამიანის შესაფერისი ცხოვრებისთვის“.

კითხვაზე — როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ უცხოელებს სტალინის მიმართ, — ზიუგანოვი პასუხობს: „1918 წელს ჩერჩილი მოუწოდებდა ყველას გასწორებოდნენ ლენინსა და სტალინს. მოითხოვდა საბჭოთა კავშირის მოხრჩობას, თუმცა მოგვიანებით თავის მოგონებებში ჩერჩილმა სტალინის შესახებ უმაღლესი შეფასება გააკეთა“. „თუნდაც ჩემთვის — ბრიტანეთის პარლამენტში გაზრდილისთვის, მისი ბრძნული, რკინისებური ლოგიკისა და სარკაზმის საწინააღმდეგო მოსაზრების გამონახვა ძნელი გამოდგა“.

კითხვაზე — ამზადებდა თუ არა სტალინი თავის შემცვლელს, ზიუგანოვმა ასე უპასუხა: „შემცვლელებს ამზადებდა, თანაც გულმოდგინეთ. 1952 წლის 16 ოქტომბერს მან ჩამოაყალიბა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმი 25 წევრის შემადგენლობით — ახალგაზრდა, ნიჭიერი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებით. არჩეულ იქნა პრეზიდიუმის წევრობის 11 კანდიდატიც, მათ შორის იყვნენ ბრეჟნევი და კოსიგინი.

სტალინს სჭირდებოდა 2-3 წელი იმისთვის, რომ ბოლომდე განეხორციელებინა საკადრო რეფორმა, მაგრამ არ დასცალდა. მოვიდა ხრუშჩოვი, რომელმაც 180 გრადუსით შეაბრუნა ცხოვრება უარესობისკენ — მან უღალატა ლენინ-სტალინის მოდერნიზაციის იდეალებს. შემდეგ კი ელცინებმა, გორბაჩოვებმა, იაკოვლევებმა ისე იმოქმედეს, როგორც ნამდვილმა ამერიკელმა მარიონეტებმა. მათ გაყიდეს ქვეყანა და პარტია ყოველგვარი დაფარვისა და მორიდების გარეშე.

ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ სტალინის ეპოქამ მოიტანა უდიდესი შედეგები, ხოლო გამყიდველობამ, ნგრევამ მისი დანატოვარისა, გამოიწვია ქვეყნის დაშლა“.

საინტერესოა პუბლცისტი ანდრია ვლადიმიროვის სტატია, სადაც ის წერს: „თანამედროვე რუსეთის წინაშე ორი შესაძლებლობაა. ერთი, დასავლურ სამყაროსთან შეერთება, მასზე დამოკიდებულის, ქვემდებარის როლში, მისი ყველა მოთხოვნის შესრულებით. და მეორე — სუვერენიტეტის განუხრელი დაცვით და თვითმართვის სურვილით — ირგვლივ მყოფ უცხოელთა მოსაზრების გაუზიარებლად.

მეორის გამო ძვირი გადასახადის გადახდა იქნება საჭირო, რაც სხვათა შორის უკვე გვიწევს და რაც ხელისუფლების მაღალ საფეხურებში უკმაყოფილებას იწვევს. იმათთვის სტალინი თავისი რკინისებური მეთოდებით მისწრება იქნებოდა.

არის მთელი რიგი საკითხები, რისთვისაც ჩვენ, დღევანდელებს გვმართებს გავიხსენოთ სახელოვანი მიცვალებული სადღეგრძელოთი „ზა როდინუ“, „ზა სტალინა“ და დავდოთ მის საფლავზე მიხაკი.

და ეს არა მარტო იმიტომ, რომ უკრაინასთან ვომობთ 152-მმ ჰაუბიცით, 1943 წელს გამოშვებულით, არამედ სტალინის მიერ დასავლეთისთვის გამოგლეჯილი გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლებით, ურომლისოდაც ამერიკელები და მათი მოკავშირეები ათჯერ მაინც შეგვჭამდნენ „მსოფლიო საზოგადოების სახელითა და დავალებით“.

და ბოლოს ბირთვული ბომბისთვის, რომელიც ბერიას ძალისხმევით მიიღო საბჭოთა კავშირმა. მადლობა ღმერთს, რომ წინაპრებმა დაგვიტოვეს ქვეყანა, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ვანგრევთ და ვყიდით უცხოეთში — „პერესტროიკელები“ და „პერსტროიკის“ შემდგომი თაობა, მაგრამ ჯერაც ვერაფერს გავხდით“.

სტალინის სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა ამჯერად საქართველოში, რომელიც, დასავლელთა ჩიჩინით, ქვეყნის მტრად არის შერაცხული. არადა სტალინს უნდა უმადლოდეს ქართველი ხალხი სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, მეცნიერებისა და განათლების სისტემის ჩამოყალიბებას, ხელოვნებისა და კულტურის, კინემატოგრაფიის აღმავლობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართულის ჩაწერას და მრავალ სხვას.

მაგრამ უმადურობა ჩვენი თანდაყოლილი სენია, თუმცა ყველას ეს არ ეხება და ამ ყველაში უპირველესად ისინია, ვინც ვერ გაუძლო ხრუშჩოვის მიერ სტალინის სახელის შეურაცხყოფას, მიტინგებითა და დემონსტრაციებით შეხვდა ბელადის გარდაცვალების დღეს, რომელმაც კულმინაციას 9 მარტს მიაღწია.

ახლაც, გუშინდელივით მახსოვს სანაპიროზე, ბაღში სტალინის ძეგლთან მიმდინარე მიტინგები, რომელსაც სკოლიდან „შატალოზე“ წასული ბიჭები ვესწრებოდით. მაშინ ჩვენთვის, პოლიტიკურად უმწიფარი ბავშვებისთვის უცხო იყო მიტინგზე გამოსულთა მოთხოვნები, მათ შორის დამოუკიდებლობა — 8, 9 მარტს მიტინგის მიერ მთავარ მოწოდებად ქცეული.

მახსოვს ისიც, მიტინგზე მთელი დღის დგომით დაღლილ-დაქანცულები, როგორ შევედით კინოთეატრ „რუსთაველში“, ბოლო სეანსზე (22 საათზე) და ფილმის დასრულების შემდეგ სულ სხვა რუსთაველის პროსპექტის ხილვა — შეშინებული სახეებით.

კინოთეატრში მყოფებს არაფერი გაგვიგია სროლების შესახებ. არც ის ვიცოდით, როგორ გაუსწორდა საბჭოთა არმიის მე-9 პოლკი, თბილისთან დისლოცირებული კავშირგაბმულობის შენობაში შესვლის მსურველ მომიტინგეებს.

პროტესტანტებს სურდათ მსოფლიოსთვის ეცნობებინათ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. მაშინ 1956 წლის 9 მარტი იდგა და საბჭოთა კავშირში მყარად მყოფი საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთივე აბსურდული იყო, როგორც იმჟამინდელი კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ხრუშჩოვისა და საბჭოთა ხელმძღვანელებისთვის ყურის აწევა, საქართველოს მეამბოხეთათვის მხარის დაჭერა, სოლიდარობის გამოცხადება.

სტალინის სახელის დაცვას მრავალი მომიტინგის სიცოცხლე შეეწირა. დღესაც უცნობია, რამდენი ადამიანი დახოცა მე-9 პოლკმა 1956 წლის 9 მარტის ღამეს.

1956 წლიდან, 1991 წლის დეკემბრამდე მრავალ მოვლენას, განსაკუთრებით პოლიტიკურს ჰქონდა ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა 1956 წლის მიტინგებისა და დემონსტრაციების მსგავსს არა, თუ არ ჩავთვლით „პერესტროიკის“ შედეგად მოტანილი შერბილებული ყოფით გამოწვეული მიტინგების ტალღას, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკომუნისტური განცხადებების დაშვებას მედიასა და თუნდაც საჯარო გამოსვლებში.

ეს „ზემოდან“, კრემლიდან წამოსული ახალი იდეოლოგია იყო, რომელსაც ძველი, საბჭოური უნდა დაენგრია და ნაცვლად, დასავლური უნდა შემოეტანა — ტრადიციად ქცეულ სოციალისტურ—კომუნისტურ ცხოვრებაში.

კრემლში მოკალათებულმა ახალმა თაობამ, გორბაჩოვის მეთაურობით, გადადგა ნაბიჯი, რომელმაც არა მარტო პირველი სოციალისტური ქვეყანა დაშალა, არამედ კაპიტალიზმს მისცა საშუალება გამხდარიყო მსოფლიოს უკონკურენტო გამგებელი, ჰეგემონი, რომელიც 30 წლის განმავლობაში, ნებისმიერი მიუღებელი ხერხით, ანტიჰუმანური ხრიკებით ცდილობს პირველობის შენარჩუნებას, საკუთარი ცხოვრების წესის სხვაზე თავსმოხვევას. აი, იმ სხვის გადაგვარებას და მასში ისეთი მსოფმხედველობის ჩანერგვას, რომელიც საკუთარი თავის, საკუთარი ხალხის, ქვეყნის, ტრადიციების ძირგამომთხრელია.

ნათელი მაგალითი აღნიშნულისა არის უკრაინა, ერთ დროს მოწინავე რესპუბლიკა არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაში. და რა გვაქვს დღეს?

ომით დანგრეული, ეკონომიკურად განადგურებული ქვეყანა, მოსახლეობით შემცირებული, ლტოლვილობაში მყოფი, ტერიტორიებდაკარგული; თავსლაფდასხმული ქვეყანა, რომელსაც ისეთი მოსათვინიერებელი წამალი შეუშხაპუნა აშშ-ა, რომ გეი-პარადების მოწინააღმდეგე აიძულა ერთსქესიანი ქორწინების დაშვების კანონპროექტი შეემუშავებინა და განსახილველად შეეტანა უკრაინის რადაში.

ევროკავშირ—ნატოში გაწევრების მსურველ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ისე, როგორც საზოგადოების ნაწილს, რომელსაც პატრიოტიზმის, სუვერენიტეტის არავითარი ნიშანწყალი არ მოეძებნება, დიდად აშფოთებს უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „აგენტის“ სახელის მიკუთვნება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გამოსაწვევად და გასაუქმებლად. არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიებისთვის სიტყვა „აგენტისადმი“ ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა, რომ მათთვის ერთ-ერთი მიუღებელი თემა იყოს, მისი სხვა სიტყვით ჩანაცვლებას რა დაუდგებოდა წინ?

არც არაფერი! მაგრამ მთავარი სხვაშია და ის სხვა დიდ ფინანსებს უკავშირდება — აშშ-ს მიერ გაღებულ თანხებს, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ფილიალების დაფინანსებას — საქართველოში ამა თუ იმ საკითხის, დარგის მუშაობის გადასაჭრელად, წარსამართავად.

დარგობრივი საკითხების მოგვარებისთვის გაწეული მუშაობის შედეგები არ ჩანს, მაგრამ ჩანს გალაღებული არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავეთა სახეები და თავდავიწყებული, თაყვანისცემა მათი ამერიკელი დამფინანსებლების მიმართ. ქებადაქება აშშ-ს, მისი მოკავშირე ქვეყნების, ევროკავშირის, ნატოს, ლანძღვა რუსეთის — აშშ-ს მიერ მეტოქედ გამწესებულის და მისი, როგორც ჭაობად, უსაშინლესი რეპრესიების, არადემოკრატიულ ქვეყნად მოხსენიება.

დასავლური პროპაგანდით გაბრუებულმა ქვეყანამ, რომელიც მეორე ქვეყანას ჭაობად მიიჩნევს, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ის „ჭაობი“ ასმევს და აჭმევს საქართველოს; ის „ჭაობი“ გაძლევს საშუალებას თითო-ოროლა შენი ნაწარმოები პროდუქცია გაყიდო მის ბაზარზე. ის მაინც უნდა იცოდე, რომ ფიზიკურ განადგურებას იმ „ჭაობმა“ გადაგარჩინა და არა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-ა, რომელიც მაშინ იდგამდა ფეხს, როგორც სახელმწიფო, შენ რომ ოთხში ამოღებით გემუქრებოდნენ შენივე მეზობელი მაჰმადიანი ქვეყნები.

თანამედროვე საქართველოს ამერიკულ ყაიდაზე მოქცევაში თავისი განუმეორებელი წვლილი შეიტანა „პერესტროიკულმა“ რუსეთმა და გორბაჩოვმა. „პერესტროიკა“ ისტორიას ჩაბარდა, ისე, როგორც საბჭოთა კავშირი, რომლის ნანგრევებზე აღმოცენებულმა საქართველომ 30 წლის განმავლობაში ვერაფერი მოუხერხა მისთვის უჩვეულო დამოუკიდებლობას, სუვერენულობას — უხერხულად ატრიალა ხელსა და ტვინში და ბოლოს, როგორც უცხო, მიუღებელი საგანი აშშ-ს გადასცა.

ვაი, საქართველოს — გაუნათლებელი, უმადური ხალხის ქვეყანას, მუდამ მზადმყოფს, იყოს სხვის სამსახურში, ფეხი დაუკოცნოს სხვას, ცხადია დასავლელს. ამას მოითხოვს დასავლური „დემოკრატია“, რომელიც დიქტატურას უფრო ჰგავს, ვიდრე სასაცილოდ აგდებულ სიტყვებს — „დემოკრატია“, „სუვერენიტეტი“.

დასავლური დემოკრატიის ნამდვილი გაკვეთილი ჩაგვიტარა აშშ-ა, ევროკავშირმა სულ ახლახანს ერთი რიგითი კანონის მიღების დროს —„არ უნდა მიიღოთო!“ — გვიბრძანა მან — „დემოკრატიით“ სახელგანთქმულმა დასავლეთმა, ვითომ დამოუკიდებელ, ვითომ სუვერენულ, ვითომ თავისუფალ ქვეყანას და ჩვენც მოჭარბებულად დემოკრატიულებმა, მორჩილად დავუხარეთ თავი.

„ოცნების“ ხელისუფლებამ, უცხოელთა დატუქსვით შეშინებულმა, ისე სწრაფად ალოკა თავისი გადაფურთხებული კანონპროექტის სახით, რომ ხალხმა გაანალიზებაც ვერ მოასწრო, რითაც ეჭვქვეშ დააყენა მის მიერ ქვეყნის სადღეისო მართვა. დასავლეთის მიერ წაქეზებულმა მომიტინგეებმა ერთხმად შესძახეს — გავიმარჯვეთო, რითაც აშკარად გამოავლინეს თავიანთი უვიცობა და რაც მთავარია მონური სულისკვეთება, მორჩილება დასავლეთისადმი. ასეთმა, რაც არ უნდა იყვიროს გამარჯვების თაობაზე მუდამ დამარცხებული იქნება.

მაგრამ ამ ეტაპისთვის მან მართლაც გაიმარჯვა! მან, თუ დასავლეთმა, რომელსაც „ოცნების“ მმართველობა აღარ მოსწონს და მისი ოპოზიციით ჩანაცვლება სურს?

სურვილს კი ქუჩის ამბოხი შეუსრულებს, რომელიც კანონპროექტის გამოთხოვას აღარ ჯერდება, ხელისუფლების გადადგომას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

2023 წლის 8 მარტი, როგორც არასასურველი მოგონება ისე დარჩება „ოცნების“ გონებაში და არა მარტო მის, არამედ ქვეყნის, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ვერც ერთი პროგრესული ნაბიჯი ვერ გადადგა ქვეყნის ნორმალური მართვისთვის. დასავლეთზე შეყვარებულმა „ოცნებამ“ ვერ უღალატა მას, მიუხედავად დასავლეთის ღალატისა და გააგრძელა ბურუსით მოსილ გზაზე სვლა, ნაცვლად სხვა გზის ძებნისა.

საქართველომ არც ახლა უღალატა უკუღმართ ტრადიციას — ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლას. გამსახურდია ქუჩამ გააძევა, ისე, როგორც შევარდნაძე, ისე, როგორც სააკაშვილი. ჯერი ივანიშვილზეა — ქვეყნის უგვირგვინო მმართველზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

12/03/2023