31.10.2024

საკამათო სიტყვა „პროფესიონალი“

საქართველოს პრეზიდენტის ზურაბიშვილის განცხადებები რომ მწვავე რეაქციას იწვევს, როგორც შინ, ისე გარეთ — გასაკვირი არ არის. სიტყვა „შინში“ „ოცნებას“ ვგულისხმობ და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც ზურაბიშვილის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას იმთავითვე სკეპტიკურად უყურებდა.

მეც გახლდით იმ სკეპტიკოსთა რიცხვში, მაშინ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში — საქართველოს პოლიტიკაში ზურაბიშვილის ხანჯალივით შემოჭრის ჟამს.

დღეს, ჩემი სკეპტიკოსობა, ნეგატიურმა განწყობამ შეცვალა, რაც განპირობებული იყო და არის ზურაბიშვილის, როგორც დიპლომატის, პოლიტიკოსის, პრეზიდენტის უსაზღვრო ნეგატიური, არაპროფესიონალური „მოღვაწეობით“.

ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ ქალბატონის მიმართ პრესის ფურცლებიდან ვუზიარებდი მკითხველს, საზოგადოებას, რისთვისაც სისტემატურად ვიღებდი მათი მხრიდან კრიტიკას, გაკიცხვას — როგორ ბედავთ საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი ქალბატონის მიმართ კრიტიკასო. მას საფრანგეთში აქვს მიღებული განათლება და იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდაო.

მეტიჩარა საზოგადოება ზურაბიშვილს არა პროფესიონალური თვალსაზრისით აფასებდა და აფასებს, არამედ იმით, რომ ის საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილია და რახან ასეა — განათლებულიც არის, პროფესიონალი დიპლომატიც და შესანიშნავი პოლიტიკოსიც; თითქოს საფრანგეთში დაბადება და განათლების მიღება, პროფესიონალი დიპლომატობის და მაღალი დონის პოლიტიკოსობის გარანტია ყოფილიყოს.

საფრანგეთში დაბადება და ცხოვრება, რაღაცას იძლევა, მაგრამ ბევრს არაფერს. საფრანგეთის პოლიტიკოსებისა და დიპლომატების უდიდესი უმრავლესობა იქ არის დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ცოტას თუ შეიძლება „დასწამო“ პროფესიონალური დიპლომატობა და პოლიტიკოსობა.

თუ ჩემი არ გჯერათ, შეხედეთ თანამედროვე ფრანგულ პოლიტიკას, დიპლომატიაზე აღარაფერს ვამბობ, პოლიტიკურ სარბიელზე მის მოუქნელ დრეიფს, პოლიტიკურ სიმჩატეს და მრავალ სხვა უგერგილო მოქმედებას, გაოცებას რომ იწვევს არა მარტო ჩემში, არამედ უცხოელ ექსპერტებშიც.

მაგალითების მოყვანა არ გამიჭირდება — იმდენია ფრანგულ პოლიტიკურ მინდორზე უწესრიგოდ მიმოფანტული.

ერთ-ერთი, რუსეთ-საფრანგეთის პრეზიდენტების პუტინისა და მაკრონის სატელეფონო მოლაპარაკებას ეხება. შეთანხმებისდა თანახმად მხარეები, დიალოგის დაწყებამდე, აცხადებენ ამ პროცედურაზე დამსწრეთა ვინაობას (თარჯიმნებს ეს არ ეხებათ).

როგორც წესი, დიალოგი დამსწრეთა გარეშე იმართება. ასეც უნდა ყოფილიყო გასული წლის ერთ-ერთი მოლაპარაკების დროს, თუმცა მაკრონმა პროცედურა დაარღვია და საუბარს ფრანგი ჟურნალისტები დაასწრო, რომლებმაც უმალ გამოაქვეყნეს კონფიდენციალური მოლაპარაკების დეტალები.

წინა პრეზიდენტმა ოლანდმა, რომელმაც მრავალსაათიანი მოლაპარაკება გამართა პუტინთან და შეთანხმებასაც მიაღწიეს, ვაშინგტონში ყოფნის დროს ყველაფერი შეცვალა, მოსკოვის შეთანხმება ფეხებზე დაიკიდა და არაფერი შეატყობინა პუტინს.

შარლ დე გოლის, ჟორჟ პომპიდუს, ვალერი ჟისკარ დ’ესტენის, ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკის შემდეგ წვრილფეხა ფრანგი პრეზიდენტები რა მოსატანია, მაგრამ ჩემი სურვილია გაგაცნოთ დღევანდელ და გუშინდელ ფრანგ პოლიტიკოსთა შორის განსხვავება.

დავუბრუნდეთ ზურაბიშვილს და მის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას, რომელმაც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში. ეს უკანასკნელი უმალ მიემხრო პრეზიდენტის ნათქვამს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ანტისამთავრობო პოზიცია და ანტირუსული განწყობა, რაც არახალია.

შეგახსენებთ ზურაბიშვილის განცხადებას: „რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ მივესალმები“. მან მოითხოვა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის პროცედურების გამკაცრება. „მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნები სიტყვით და საქმით სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას თავგანწირულ ბრძოლაში, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია.“

პრეზიდენტის აზრით, „ფრენების აღდგენის ნაცვლად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, უნდა პასუხობდეს სანქციების გვერდის ავლით გამოწვეულ ბრალდებას. ყველაფერი ეს მოითხოვს სახელმწიფოს სერიოზულ მიდგომას და ბრალის გაბათილებას, კატეგორიული და ფაქტებით გამაგრებული პასუხით“.

იკითხავთ ალბათ — რით იყო გამოწვეული ზურაბიშვილის განცხადება?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის მოსაზრებით, რომელიც მან გააჟღერა რუსეთის საგარეო უწყების მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ტელეკომპანია „ალტ-ინფო“—ს ჟურნალისტის ახვლედიანის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის დროს.

„ჩვენ ვხედავთ, საქართველო და სხვა ქვეყნები როგორ განიცდიან დასავლეთის ზეგავლენას, რომელიც ღიად მოითხოვს შეუერთდნენ ანტირუსულ სანქციებს. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას ჰყოფნის გამბედაობა იმის თქმისა, რომ იმოქმედებენ საკუთარი ინტერესების მიხედვით, იმსახურებს პატივისცემას“.

რა არის ამაში ცუდი? ასეთ კითხვას დასვამს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ არა ზურაბიშვილი — დასავლურად მოაზროვნე და ანტირუსულად განწყობილი — დაბადებიდან დღემდე.

ზურაბიშვილი, იმ მენშევიკთა ოჯახში დაიბადა, რომელმაც საქართველოს გასაბჭოებისთანავე სამშობლოდან გაქცევა არჩია, შინ დარჩენას.

ის აღიზარდა ოჯახში, სადაც სისტემატურად ლანძღავდნენ საბჭოთა კავშირს. ასე რომ, მისი ანტირუსული განწყობა სულაც არ არის გასაკვირი — მენშევიკთა ოჯახში დაბადებულ-გაზრდილისთვის, მაგრამ გასაკვირია იმ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ჩამოკიდებულია რუსეთზე და რომ არა მასთან საქმიანი თანამშრომლობა, განსაკუთრებით სავაჭრო—ეკონომიკური ურთიერთობები, ადვილად წარმოსადგენია რა დონეზე იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, სოციალური ყოფა.

ზურაბიშვილმა რომ ბრძანა: „მთავრობა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ნაცვლად, ქვეყნის რეპუტაციაზე უნდა ზრუნავდესო“, რა რეპუტაციაზე? ალბათ ისეთზე, დასავლეთს რომ მოეწონება!

ბოლო 30 წელია თავს ვაწონებთ დასავლეთს, მაგრამ არაფერი გამოდის. არ გვიღებს საკუთარი ოჯახის (ნატო, ევროკავშირი) კარს. არ გვაძლევს იმის უფლებას მეზობელთან ვიქონიოთ ურთიერთობა. ქართული ანდაზისა არ იყოს — „ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო“, ისეა საქმე. ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ ეს ასეა, მაგრამ მან უნდა შეასრულოს დასავლელთა დავალება და სულაც არ აინტერესებს მოსახლეობა. მისი ცხოვრების დონე, სოციალური მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით ის და მმართველი პარტია, რომელმაც ზურაბიშვილი პრეზიდენტად აქცია, ტყუპის ცალებივით გვანან ერთმანეთს.

ორივეს, ხალხის სოციალური მდგომარეობა ფეხებზე ჰკიდიათ, თუმცა ოდნავი განსხვავება მათ შორის მაინც არის. თუ ზურაბიშვილი — დასავლეთის შემოგზავნილი და მისი დავალების შემსრულებელი, შორს არის ქვეყნის ეკონომიკურ—ფინანსური პრობლემებისგან, ხელისუფლება იძულებულია ყურადღება მიაქციოს მათ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმესი შედეგის წინაშე დადგება, რაც მისი გადადგომით დასრულდება.

ანალოგიური რთული ამოცანაა ხელისუფლების წინაშე ისეთ საკითხებში, როგორებიცაა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა და სანქციების დაწესება. პრეზიდენტს აღნიშნული საკითხები არა ტვინის და გულის დონეზე აქვს დაყვანილი, არამედ პირის. პასუხისმგებლობის არ არსებობა მას აძლევს ყველაფრის როშვის საშუალებას, მათ შორის ანტისახელმწიფოებრივის.

ხელისუფლებამ იცის რას  გამოიწვევს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა. თუ მკითხავთ, პატივცემულო მკითხველო, გიპასუხებთ — ერთ მშვენიერ დღეს თბილისის გარეუბანში ან სამხედრო ბაზაზე რუსული ბომბის ჩამოგდებას, რაც უდავოდ გახდება თბილისელებისა და არა მარტო მათი შიშის, პანიკის და რაც მთავარია არეულობის საფუძველი.

მაგალითისთვის გავიხსენოთ 2008 წლის ცხინვალის ომი — სააკაშვილის ავანტიურისტული, პროვოკაციული შემოქმედება, წითელ ხიდთან შავ-შავი სამთავრობო „ჯიპების“ გრძელი რიგი, რომლის შემსწრე პირადად გახლდით, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძესთან ერთად.

რას მოიმოქმედებს ქვეყნის „მთავარსარდალი“, საფრანგეთის მოქალაქე ზურაბიშვილი? —თავქუდმოგლეჯილი დაჰქუსლავს სამშობლოსკენ.

რაც შეეხება სანქციებს — მოგახსენებთ. საქართველო გამოემშვიდობება რუსულ ბაზარს, შეღავათიან ფასებში ხორბალს, სხვა სახის მარცვლეულს, ელექტროენერგიას (ზამთრის სეზონზე), ბუნებრივი აირის გარკვეულ რაოდენობას, რუსი ტურისტების ვიზიტს, შეფერხდება რუსეთში მცხოვრები ქართველების მიერ ფულის გამოგზავნა და ა.შ.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა 112 733 რუსეთის მოქალაქე. აქედან 2,5 ათასმა შეიძინა 2964 ბინა, რამაც საქართველოს ბიუჯეტს საგრძნობი თანხები შესძინა.

თუ საქართველოს ხელისუფლება აჰყვება ზურაბიშვილის მოთხოვნას — რუსთათვის საქართველოში შემოსასვლელი პროცედურების გამკაცრების თაობაზე, ტურიზმიც ჩავარდება და მასთან ერთად ბიუჯეტის „გასუქება“.

საქართველო—რუსეთს შორის ურთიერთობას კეთილგანწყობილს ვერ დავარქმევთ. ანდა რა კეთილდღეობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. მიუხედავად ამისა 2013 წლიდან არსებობს სავაჭრო—ეკონომიკური კავშირები. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ 2,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 52%-ით მეტია წინა 2021 წელთან შედარებით.

საქართველოს, რუსეთის ბაზარზე შეაქვს ღვინოები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი), სპირტიანი სასმელები, მინერალური და სასმელი წყლები. საქართველოსთვის რუსეთი, თურქეთის შემდეგ, მეორე სავაჭრო პარტნიორია. „როდესაც ლაპარაკია აღკვეთაზე, ეს შეეხება ათასობით მეღვინეს, ფერმერს, ექსპორტიორს. რას მოითხოვენ ჩვენგან? რომ საკუთარ ქვეყანას დავუწესოთ სანქციები? ეს აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.

ზურაბიშვილი კატეგორიული იყო სარაკეტო სისტემა „ბუკის“ უკრაინისთვის დაბრუნების საკითხშიც. „უკრაინას „ბუკები“ არ უჩუქებია, მოგვყიდაო“, — განაცხადეს ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებმა. „ბუკების“ უკრაინისთვის დაბრუნებას რუსეთი რომ ნეგატიურად შეაფასებდა, მტკიცება არ სჭირდება. საქართველო აღმოჩნდებოდა იმ ქვეყნების შემადგენლობაში, ვინც იარაღით ამარაგებს უკრაინას.

ის, რომ უკრაინის ფრონტზე საკმაო რაოდენობის ქართველი ომობს რუსეთის წინააღმდეგ, მთავრობის მხრიდან არცთუ იოლად შესაფასებელი საკითხია და ახლა ბუკების დაბრუნება?

რუსეთი მწვავედ აღიქვამს ქართველი „ბოევიკების“ ფრონტზე არსებობას, თუმცა ამაში ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვინაიდან იცის, რომ „პატრიოტი“ ქართველობა ფულის გულისთვის წირავს თავს და არა უკრაინის ფაშისტური რეჟიმისთვის.

ისე, კაცმა რომ თქვას არაფერი დაუშავდებოდა ხელისუფლებას ოფიციალურად განეცხადებინა, რომ საქართველო დასჯის ყველას, ვინც უკრაინის ომში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობას მივმართავ! აიღეთ მაგალითი ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან, რომლებიც ანალოგიურ სახელმწიფო პოზიციას აფიქსირებენ! მაგრამ არა! აქ, მთავრობა მობილიზაციას არ უკეთებს, თვითმფრინავით არ აგზავნის ქართველ „ბოევიკებს“ უკრაინაში, მაგრამ იქ დაღუპულთა ცხედრებს პატივით ხვდება და სამხედრო რიტუალის შესრულებით, გმირებივით კრძალავს.

და ბოლოს ზურაბიშვილის პროფესიონალი დიპლომატობის თაობაზე, რის შესახებაც ხაზგასმით აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა ტარასოვმა. ნიშნავს თუ არა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში ხანგრძლივად მუშაობა „პროფესიონალ დიპლომატობას“ — საკამათო საკითხია.

ბევრი ვიცი ისეთი მუშაკი, ვინც ხანგრძლივად მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის საგარეო უწყებაში, მაგრამ მათთვის „პროფესიონალის“ მიკერება შეუფერებელია, მათთვისაც და რაც მთავარია ორგანიზაციისთვის.

დიპლომატიაში „პროფესიონალობის“ განსაზღვრებას იძლევა დიპლომატიური რანგები — ქვემოდან ზემოთ, საფეხურების გავლით. რანგიდან, რანგამდე. მინიმუმ 3 წელი.

ზურაბიშვილმა თავისი დიპლომატიური მოღვაწეობა მესამე მდივნის რანგში დაასრულა, აფრიკის სახელმწიფო ჩადში მუშაობით. შემდეგ იყო დროებითი დიპლომატიური დავალებები და 1994 წელს პარიზში, იუნესკოს საიუბილეო ღონისძიებაზე დამსწრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძეზე „იერიშის მიტანა“ — თხოვნით (უფრო სწორად მოთხოვნით) დაენიშნა ზურაბიშვილი თავის მოადგილეთ, რაზეც ბატონმა ალექსანდრემ უპასუხა, რომ მინისტრის მოადგილის დანიშვნის პრეროგატივა ქვეყნის პრეზიდენტისაა და არა საგარეო მინისტრის.

მინისტრის უარს არ მოჰყოლია ზურაბიშვილის ამბიციების დაოკება. მან გააგრძელა აქტიური მცდელობა და საწადელსაც მიაღწია. სააკაშვილის წყალობით — ჯერ საქართველოში საფრანგეთის ელჩად (მოკლე ვადით), შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად.

„პროფესიონალმა“ დიპლომატმა მინისტრად დანიშვნისთანავე — ერთის ხელის მოსმით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაანთავისუფლა უცხოეთში მომუშავე საქართველოს ყველა ელჩი, მათ შორის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც იყვნენ ირანში მომუშავე შესანიშნავი სპარსოლოგი, პროფესორი ჯემშიდ გიუნაშვილი; შვეიცარიაში მომუშავე პროფესიონალი დიპლომატი ალექსანდრე ჩიკვაიძე, მანამდე სსრკ-ს ელჩი კენიასა და ნიდერლანდებში, გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში; პეტრე ჩხეიძე — პროფესიონალი დიპლომატი, გაეროში სსრკ-ს წარმომადგენლობაში მომუშავე. საქართველოს ელჩი რუსეთში, აშშ-ი, გაეროში, თურქმენეთსა და ავღანეთში, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ავსტრიაში საქართველოს ელჩის გია არსენიშვილის საკითხი მარტივად გადაწყვიტა — საელჩოს გაუქმებით, რამაც არა მარტო გაოცება, არამედ აღშფოთება გამოიწვია ავსტრიის მთავრობაში. ანალოგიური რამ მხოლოდ ქვეყნებს შორის ომის დაწყების დროს ხდება.

მინისტრის განმარტება იყო პრიმიტიული — ყველანი საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდნენო.

მინისტრი არა მარტო საზღვარგარეთ მომუშავე კადრებს დაერია, არამედ სამინისტროს აპარატში მომუშავე დიპლომატებსაც. მინისტრის ინიციატივით ჩატარდა არაერთი კონკურსი სამინისტროს კადრების შესავსებად. მაგალითად, მესამე მდივნის საშტატო ერთეულზე, რაც მიუღებელია დიპლომატიური სამსახურისთვის.

კონკურსში გამარჯვებული, „ქუჩიდან“ მოსულის მეორე მდივნად დანიშვნა იწვევს მესამე მდივნის წინსვლის შეფერხებას, ანუ ვაკანსიის შემთხვევაში მესამე მდივნობიდან,  მეორე მდივნის თანამდებობის დაკავებას.

ეს, ის მინისტრია, რომლის ბრძანებით საქართველოს ელჩებს ჩოხები ჩააცვეს, რამაც არათუ გაოცება, არამედ დიდი უხერხულებაც შექმნა მასპინძელ ქვეყნებში. რუსეთში ელჩად დანიშნულ ვალერი ჩეჩელაშვილს რწმუნებათა სიგელის პრეზიდენტისთვის გადასაცემად დიდი თავსატკივარი შეხვდა, რუსეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მხრიდან. ჩოხაში გამოწყობილ ტანმორჩილ ელჩს ხანჯალი ლამის კოჭებამდე დასთრევდა და ერთობ კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ამასთანავე სახიფათოს. ის ხანჯალშეხსნილი შეუშვეს ცერემონიალის დარბაზში.

როგორც ჩანს ფრანგმა ზურაბიშვილმა ქართველი ტანსრული, ასაკოვანი დიპლომატები სუხიშვილის ცეკვის ანსამბლის ქორფა მოცეკვავეებს შეადარა — შესაბამისად სპორტულებს, წელში გამოყვანილებს და ყველას დაავალა ჩოხის ჩაცმა. ამ „პატრიოტულ“ შემართებას მინისტრის გათავისუფლებისთანავე დაესვა წერტილი.

ზურაბიშვილმა ქართული დიპლომატია თავისი და მეუღლე კაშიას ნათესავების, ახლობლების სავანედ აქცია, „დიპლომატების“, რომლებსაც არაფერი აკავშირებდათ უძველეს და საპასუხისმგებლო პროფესიასთან.

ზურაბიშვილმა — საკუთარი ძალაუფლებით მოხიბლულმა, კატეგორიულად მოითხოვა ყველა სამინისტროსა და უწყებისგან დამორჩილებოდნენ მას. საგარეო კონტაქტების განხორციელებისთვის, საგარეო უწყების თანხმობის გარეშე ფეხი არ გაედგათ უცხოეთში.

მან ისე შეტოპა განუკითხაობის მორევში, რომ პრემიერ-მინისტრ ჟვანიას შავი დღე აყარა პრეზიდენტთან მთავრობის სხდომის დროს — მასთან შეუთანხმებლად საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის, რამაც არა მარტო ჟვანიაში, არამედ მთავრობის წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია.

„პროფესიონალი“ დიპლომატის ზურაბიშვილის სამსახურეობრივმა აღვირახსნილობამ არანაკლებ აღვირახსნილი პრეზიდენტი სააკაშვილიც კი გამოიყვანა მოთმინებიდან და ის აიძულეს დამშვიდობებოდა მინისტრობას.

განაწყენებული სალომე უმალ გახდა ოპოზიციონერი, რის შესახებაც მან აუწყა იპოდრომზე შეკრებილ მრავალრიცხოვან ხალხს — სააკაშვილის რეჟიმის „მოღვაწეობით“ შეწუხებულს. შეკრებილ თბილისელთა გულისწყრომა არა მარტო სააკაშვილის ბედოვლათობას უკავშირდებოდა, არამედ საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი ზურაბიშვილის თაყვანისცემას — ბრმა,  უსაფუძვლო თაყვანისცემას.

ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაშინ და დღესაც თავს ხრიდა და ხრის უცხოელის წინაშე, მითუმეტეს თუ ის ქართული წარმოშობისაა. ასეთს, აქაურთან შედარებით ყოველთვის წინ აყენებს.

სააკაშვილი მოსწონთ იმისთვის, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის მოკლე კურსი გაიარა. ღარიბაშვილი იმიტომ, რომ საფრანგეთში სწავლობდა, სხვებიც, უცხოეთში სწავლის ან ცხოვრების გამო. ხელისუფლებაც თანამდებობაზე მავანის დანიშვნის დროს პირველ რიგში უცხოეთთან კავშირს ასახელებს, რაც ღრმა  პროვინციალიზმია და მეტი არაფერი.

ივანიშვილი, ისიც საფრანგეთის მოქალაქე, ფრანგი ზურაბიშვილით მოიხიბლა და ჯერ გააპარლამენტარა, შემდეგ გააპრეზიდენტა. შედეგი — სავალალო. დარწმუნებული ვარ ზურაბიშვილი „ტრადიციას“ არ უღალატებს და ისე ჩაუდგება „ოცნებას“ და ივანიშვილს ოპოზიციაში, როგორც სააკაშვილს და ნაცებს ჩაუდგა, რაც არ იქნება გასაკვირი, უკვე ოპოზიციაში თავით გადაშვებული ზურაბიშვილის მხრიდან.

და ბოლოს, ზურაბიშვილის კოზირის შესახებ — წინ რომ უფრიალებს საზოგადოებას. ამ „კოზირს“ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა ჰქვია.

საერთაშორისო ცხოვრებაში ჩახედულთათვის, მათ შორის ჩემთვის, ზურაბიშვილის კოზირი ისეთია, ვერც ერთ კარტს რომ ვერ გაჭრის. დილეტანტებისთვის კი ის გმირია — რუსის ჯარის გამყვანი.

სამწუხაროდ, საქართველოში დილეტანტები აღემატებიან პროფესიონალებს და არა მარტო დიპლომატიურ საკითხებში, არამედ ნებისმიერ დარგში, რაც არ არის გასაკვირი საზოგადოების დაბალი განათლების გამო, მაგრამ გასაკვირია დღევანდელთა ზომაზე მეტად თავდაჯერება, პროფესიონალის მოსაზრების უგულებელყოფა, რაც ზურაბიშვილისა და მისთანების წისქვილზე ასხამს წყალს.

ერთი წუთით დაფიქრდით და შემდეგ მიპასუხეთ — პატარა საქართველოს რა ძალა ჰქონდა ისეთი, რუსეთი აეძულებინა საკუთარი ბაზების საქართველოდან გაყვანაში?

ეს, ის საკითხი არ არის, საგარეო საქმეთა მინისტრის პროფესიონალიზმმა, მოხერხებულობამ, დიპლომატიურმა ქცევამ რომ გაჭრას.

ეს, ის საკითხია, რომელიც ქვეყნის მეთაურის პრეროგატივაა, ხოლო მინისტრი მისი დავალების შემსრულებელი.

ეს, ის საკითხია, რომელიც პრეზიდენტის დონეცეზ არ წყდება — ქვეყნის ზომა-წონიდან გამომდინარე, რასაც საერთაშორისო პოლიტიკაში დიდი ყურადღება ექცევა.

ძალა არის ის მთავარი არგუმენტი, რომელიც ჭრის საერთაშორისო არენაზე არსებულ საკამათო საკითხებს. ასე რომ, მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილიც ვერაფერს გახდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ელცინთან, აშშ-ს პრეზიდენტს, დასავლეთის ქვეყნებს რომ არ ეძალათ და სტამბოლის ხელშეკრულება არ გაეფორმებინათ, რამაც ელცინი აიძულა სამხედრო ბაზები გაეყვანა საქართველოდან.

შეძლებდა თუ არა დასავლეთი დღეს აეძულებინა რუსეთი ბაზების გაყვანაში?

კითხვაც არ არის საჭირო, ვინაიდან დღევანდელი რუსეთი და პრეზიდენტი არ გაიყვანდა ბაზებს.

მაშინ, აშშ—რუსეთს შორის ისეთი ურთიერთობა იყო, პრიორიტეტულობა რომ ხელთ ეპყრო აშშ-ს, რამაც აიძულა რუსეთი დათანხმებოდა ვაშინგტონს.

საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ უპირველესად დასავლეთის დავალებას ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს, ეჭვს არ იწვევს. საკმარისია ანტიდასავლური განცხადება ან ქმედება ხელისუფლების მხრიდან, ის უმალ აფიქსირებს დასავლურ პოზიციას. ასე იყო ახლაც — საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. მისი დამოკიდებულება იყო ნეგატიური და ისეთი, როგორიც საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის:

„მე, ვიცი საქართველოს ისტორიიდან, რომ რუსეთი საუკუნეებით არ ასრულებს დაპირებას. რუსეთი ცდილობს საქართველოს წაართვას იდენტურობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ვფიქრობ, ქართველთა უმრავლესობა ამჯობინებდა რუსეთს თავისი ჯარი გაეყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ“, — განაცხადა დეგნანმა.

შეადარეთ ზურაბიშვილისა და დეგნანის განცხადებების შინაარსი, განა ორივე (განცხადება) ერთ ცენტრში არ არის გამოჩეკილი?

რაც შეეხება დეგნანის მიერ საქართველოს ისტორიის ცოდნას, ვეჭვობ თავი შეეწუხებინა კითხვით. მეტიჩარა ქართველებმა ჩასძახეს — მტარვალმა რუსეთმა შეგვჭამა და გადაგვარჩინეთო — სააკაშვილის მსგავსებმა, პრეზიდენტ ბუშს, რომ შესჩივლა — საქართველოს, მეზობელი მუსლიმანური ქვეყნები ავიწროვებდნენ, მაგრამ მათზე მეტად რუსეთიო.

ზურაბიშვილ—დეგნანის ტანდემი, რომ საქართველოს კარგს არ უქადის, ჩემთვის და ზოგიერთათვის ცნობილია, თუმცა არა უმრავლესობისთვის — დასავლეთზე შეყვარებულებისთვის!

თქვენთვის, პატივცემულო მკითხველო?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

29/01/2023