09.11.2024

უპურო თავისუფლებას რა თავში იხლის?!

სტატიას, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ზოგიერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი იწვევს და მაიძულებს ჩემი აზრი გამოვთქვა, ვინაიდან გაღიზიანებას არა მარტო მე განვიცდი, არამედ სხვებიც, მაგრამ ისინი სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო საჯაროდ აზრის გამოთქმას ერიდებიან — ვიღაც-ვიღაცაების ხათრით (საქართველოში ყველა ერთმანეთის ნათესავი ან ახლობელია) ან წინა ხელისუფლების დროს „შეძენილი“ შიშით.

საჯაროდ აზრის გამოთქმას, ტრიბუნის არ არსებობაც აფერხებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, საზოგადოების აზრით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როდესაც მეპატრონისგან იღებენ დავალებას. სხვა შემთხვევაში ისინიც, ისეთივე ინდიფერენტულები არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, როგორც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ინდიფერენტულობასაც აქვს ახსნა ასეთი — ღვთის და გენეტიკის წყალობით ინდიფერეტული ადამიანის სახით და საყოველთაო ინდიფერენტიზმის მიერ შექმნილი ადამიანის. ამ უკანასკნელს ფართო გასაქანი ე.წ. თავისუფალი ცხოვრების დროს მიეცა, ანუ სუვერენული ცხოვრების 30 წლის განმავლობაში, როდესაც ადამიანის აზრს თითქოს ყურადღება ექცევა, მაგალითად არჩევნების დროს, მაგრამ არჩევნების შემდეგ — არ!

30 წლის განმავლობაში არაერთ არჩევნებს ჰქონდა ადგილი — პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი მმართველობის, მაგრამ ხალხის აზრს, არჩეულთა მხრიდან ყურადღება არ მოჰყოლია. და რომ არ მოჰყოლია, ინდიფერენტიზმმაც იძალა — საკუთარ თავში, ნაჭუჭში ჩაკეტა ადამიანი — თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაში. არადა რა იმედი ჰქონდა საზოგადოებას თავისუფალი ცხოვრების სიკეთეების, ისეთის, როგორიც ნანატრ ამერიკა—ევროპაში იყო. ასე ეგონა მას — საბჭოთა სინამდვილეში მცხოვრებს — თავისუფალი, სულისმხუთავად რომ წარმოედგინა.

მაშინ ვერვინ იფიქრებდა — იმჟამინდელი ხელისუფლების, ანუ „საზარელი“ კომუნისტების სისტემატურ მოწოდებას მშრომელი მასებისადმი, საწარმოებსა და ორგანიზაციებში, სამეცნიერო-საგანმანათლებო ცენტრებში, ყველგან, ყველგან დასაქმებულთა მიმართ კრიტიკითა და თვითკრიტიკით გამოსვლას პარტიულ თუ საწარმო, პროფკავშირულ კრებებზე, კონფერენციებზე, ყრილობებზე — საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად წერტილი დაესმებოდა.

მაშინ ვერვინ იფიქრებდა, რომ თავისუფალ,  დემოკრატიულ ცხოვრებაში ხალხის მიერ არჩეული ისე დაშორდებოდა ხალხს, როგორც ცა და დედამიწა. მაშინ ვერვინ წარმოიდგენდა, რომ არჩეული, ამომრჩევლის მიერ გაგზავნილ წერილს ნაგვის ყუთში მოისვროდა ან ტრაფარეტულ, არაფრის მთქმელ პასუხს გასცემდა.

როგორ არ გვანან დღევანდელი არჩეულ—დანიშნულები თუნდაც ამერიკელ სენატორებს, ვისაც ეთაყვანებიან. ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა საუბარში მითხრა, რომ მისი და მისი 7-კაციანი აპარატის სამუშაო დროის დიდი ნაწილი ხალხის წერილების განხილვას და პასუხების გაცემას ხმარდება, ისე, როგორც პირად მიღებას.

დავუბრუნდეთ იმ გამაღიზიანებელ ფაქტორს, უფრო სწორად ორს, რომელმაც გადამაწყვეტინა თქვენი შეწუხება.

პირველი გამაღიზიანებელი — პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ატეხილი დავიდარაბაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი დამოკლეს მახვილივით მუდამ იტრიალებს ბედკრული საქართველოს თავს და რით დასრულდება ეს ტრიალი, მოკვეთილი თავის გაგორებით თუ სხვა უბედურებით, არვინ იცის.

დამოუკიდებლობამ, რომ სიკეთის და ბედნიერების ნატამალი ვერ არგუნა ხალხს, მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ სოციალურ კეთილდღეობას ვინ ფიქრობს, როდესაც გონიერების დახუთვასთან გვაქვს საქმე — ყოველდღიურად, პერმანენტულად — ქართული მედიის წყალობით, ვინაიდან ის აჟღერებს სააკაშვილისა და სააკაშვილების განცხადებებს, სააკაშვილის „გაუარესებული“ ჯანმრთელობის ცნობებს, სააკაშვილის დედის, ახლობლების „გულისშემაღონებელ“, აფორიაქებულ გამონათქვამებს, სამედიცინო დაწესებულების ექიმების კატეგორიულ განცხადებებს პაციენტის ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესების შესახებ, მის თმასა და ფრჩხილში საწამლავით მოწამვლის კვალის თაობაზე და იმაზე, რომ ეს საწამლავი რუსეთის სპეცსამსახურების ძალისხმევით, პირადად რუსეთის პრეზიდენტის პუტინის დავალებით აღმოჩნდა სააკაშვილის ორგანზმში.

მოკლედ და კონკრეტულად, სააკაშვილი რუსებმა მოწამლეს! ან რუსების დავალებით, ივანიშვილმა. და ამას ამბობენ ელექტრონულ მედიაში სისტემატურად. და ამას ამბობენ იმისთვის, ხალხს გააგონონ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჯალათი პუტინისა და საქართველოს ხელისუფალთა მეცადინეობით სიკვდილის პირსაა მიყვანილი.

საქართველოს მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ პრეზიდენტის მოკვლა არ შეიძლება, რომ მოკვლა მძიმე დარტყმა იქნება საქართველოსთვის, რომ პრეზიდენტის მკვლელ ქვეყანას არვინ მიიღებს ევროკავშირში, ნატოში და ა.შ.

„ნაციონალურმა“ პარტიამ საპროტესტო მიტინგები გამართა საქართველოს ქალაქებში, მოთხოვნით — სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა, პატიმრობიდან განთავისუფლება.

თვით სააკაშვილი, მიმართვებით იკლებს თავის უცხოელ დამრიგებლებს, მოკავშირეებს, გულშემატკივრებს.

სააკაშვილებმა თავიანთი „ბელადი“ საქართველოსთან გაათანაბრეს. მათი განცხადებით, არ იქნება სააკაშვილი და არ იქნება საქართველო.

რა დავაშავეთ?! და დავაშავეთ რამე?

დავაშავეთ, როდესაც ავიტანეთ სააკაშვილის ქარაფშუტული პარლამენტარობა, მინისტრობა, საკრებულოს თავმჯდომარეობა, პრეზიდენტობა. დავაშავეთ, როდესაც არასერიოზულად ვუმზერდით მის არასერიოზულ საქციელს — აღვირახსნილობაში გადასულს.

დავაშავეთ, როდესაც ხმაჩაკმენდილი ვიყავით მისი და ნაცმოძრაობის სადამსჯელო ოპერაციების დროს. ავიტანეთ ქუჩებში ხალხის ხოცვა, ციხეებში ხალხის გამომწყვდევა; ავიტანეთ ენით აუწერელი მანკიერება, რაც მან და ნაცებმა მოუტანეს საქართველოს; ავიტანეთ მის მიერ დანერგილი გარყნილება;  ავიტანეთ მის ლოგინგამოვლილ ქალთა სქესის მინისტრობა; ავიტანეთ მისი ხელისუფლების უცოდინრობა, სიხარბე, ხელმრუდობა.

ავიტანეთ უამრავი რამ, რასაც დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში არვინ აიტანდა. ჩვენ ავიტანეთ და ვიტანთ დღესაც, როდესაც სააკაშვილს — დამნაშავეს, ცხვირწინ გვიტრიალებენ, როგორც წმინდანს — საქართველოსთვის თავდადებულ გმირს.

სააკაშვილის სიკვდილი სააქართველოს დააქცევსო — ამბობენ სააკაშვილები. დაანგრია აშშ, პრეზიდენტების მკვლელობამ? არადა რამდენი მათგანი გაისტუმრა საიქიოს ამერიკული დემოკრატიის ნაკრძალმა?!

სააკაშვილს არვინ კლავს. მას, მსჯავრდებულს, ისეთ პირობებში ამყოფენ, ბევრი თავისუფლებაზე მყოფი რომ ინატრებდა. სააკაშვილების განცხადებით, პრეზიდენტყოფილი სააკაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთა დაუშვებელია. ის პრეზიდენტი იყო. მსოფლიო პრაქტიკა საწინააღმდეგოს რომ გვეუბნება?

წინამდებარე სტატია ვერ დაიტევს ციხეში მყოფი პრეზიდენტების ჩამონათვალს. არც ერთ მათგანს ისეთი წივილ-კივილი არ აუტეხია, როგორიც დამნაშავე სააკაშვილმა ატეხა.

ტყუილად ცდილობენ სააკაშვილები ხალხის დარწმუნებას , რომ პრეზიდენტები — ყოფილები თუ თანამდებობაზე მყოფნი არ ექვედებარებიან თავისუფლების აღკვეთას, მაშინაც კი თუ მათ დანაშაული ჩაიდინეს.

სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული უამრავია, მათ შორის ერთი — ღალატის ტოლფასი. მას, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის დაწყება ჰქვია, რასაც მოჰყვა ტერიტორიების დაკარგვა.

ტყუილია მტკიცება იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი, საქართველო იყო და საქართველოს ხელისუფლებას უფლება ჰქონდა მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა. და ამას ამბობენ საერთაშორისო სამართალში ვითომ გათვითცნობიერებული ნაცები. თუ ასე იყო, მაშინ რას ემსახურებოდა სამხრეთ ოსეთ—საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩამდგარი სამშვიდობოები ან ეუთოს დამკვირვებლები?

ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის ურთიერთობები რომ საერთაშორისო განსჯის საგნად იყო ქცეული, სააკაშვილებს ავიწყდებათ — შესაძლოა შეგნებულად, მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც რომ „ავიწყდება“ — უვიცობის შედეგია, ისე, როგორც მტკიცება იმისა, რომ პრეზიდენტისთვის თავისუფლების აღკვეთა დანაშაულია.

სააკაშვილის დაცვის მიზნით, საზოგადოების ნაწილის თავდადებული ქცევა სხვა არაფერია, თუ არა უვიცობა, დანაშაულის შენდობის გაუმართლებელი მცდელობა, რაც ერთობ სავალალო მოსაზრების მიმანიშნებელია — სახელმწიფოებრიობის პასუხისმგებლობის არ არსებობის.

ხალხს, რომელსაც სახელმწიფოებრიობის განცდა არ აქვს,  ხალხმა, რომელმაც არ იცის, რომ ქვეყანა მისია და არა დამნაშავე სააკაშვილის ან სააკაშვილების, ის ქვეყანას ვერ ააშენებს. რომ ვერ აშენებს — სახეზეა.

საკუთარ ჭაობში პირამდე ჩაძირული საზოგადოება, ნაცვლად იმისა იქიდან ამოსვლას ლამობდეს, პირიქით იქცევა, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლებაც, რომელიც ნაცვლად ქმედითი ზომების  გატარებისა, კოჭს უგორებს ოპოზიციას და აიძულებს მოსახლეობას სისტემატურად მოისმინოს სააკაშვილის ზღაპრები.

დავიღალეთ!!!

მეორე გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომელმაც კალმის ხელში აღება გადამაწყვეტინა, რუსი ჟურნალისტის ინა მარინინას სტატიაა, რომლის შინაარსს მთლიანობაში ვეთანხმები და საპროტესტო არაფერი მაქვს, თუმცა მასა და პოლიტოლოგ ანჯაფარიძის საუბარში (ინტერვიუ) შევნიშნე ისეთიც, რაც იწვევს ჩემს გონებაში სხვა მოსაზრების გააქტიურებას, ისეთის, პოლიტოლოგის ნათქვამს რომ ეწინააღმდეგება.

პირადად ანჯაფარიძის მიმართ ნეგატიური გრძნობები არ გამაჩნია. პირიქით, პერიოდულად ვეცნობი რა მის ნამოღვაწარს — პოზიტიურის გარდა ვერაფერს ვიტყვი. ანალოგიური შეგრძნება მაქვს ამჟამადაც, თუმცა ზოგიერთ საკითხში დიამეტრალურად განსხვავებული.

რაც შეეხება ჟურნალისტს — ვიზიარებ საქართველოს მოკლე ისტორიულ სიუჟეტს, რომელსაც ის მოგვითხრობს და თან აღვნიშნავ, რომ „პატრიოტი“ ქართველებიდან ნაკლები თუ გააკეთებდა ამას.

„ისტორიის გარკვეულ ეტაპზე საქართველოს შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო არენაზე დახმარების საქმეში რუსეთმა შეიტანა წვლილი. დასტურად ამისა იყო 1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი. მე-20 საუკუნის დასაწყისის მოვლენებთან დაკავშირებით დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, უფრო სწორად უარყოფითი, ვიდრე დადებითი.

საქართველოს პოლიტელიტა და 90-იანი წლების შემდეგ დაბადებულ— გაზრდილი თაობა, ამ პერიოდს „ოკუპაციის“ პერიოდს არქმევს, ხოლო საბჭოთა კავშირში ყოფნას — „საბჭოთა ოკუპაციის“ პერიოდს.

თბილისში არის ასეთი სახელწოდების მუზეუმიც, სადაც შეკრებილია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მასალები. და ეს იმ დროს, როდესაც 70-80 წლებში საქართველო ითვლებოდა საკმაოდ განვითარებულ, ცხოვრების დონით უზრუნველყოფილ რესპუბლიკად.

არ იყო კვების პროდუქტების დეფიციტი, არ იყო უმუშევრობა — მოსახლეობის ეს კატეგორია, ისე, როგორც დანარჩენ საბჭოთა კავშირში, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გაჩნდა  — როდესაც მასიურად დაიკეტა საწარმოები“.

ჟურნალისტი აღწერს „პერესტროიკით“ გამოწვეულ პოლიტიკურ პროცესებს, 9 აპრილის მოვლენებს, უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამსახურდიას გამარჯვებას, სამოქალაქო ომებს, უშუქობას, ნავთქურებისა და ნავთის სანათებლების პერიოდს, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას, რეპრესიებს, არჩევნებში სააკაშვილის პარტიის დამარცხებას და სააკაშვილის ქვეყნიდან გაქცევას. ყველა იმ „სიკეთეს“, ქართველობამ რომ საკუთარ თავს არგუნა.

ასე მოკლედ, ლაკონურად, მკითხველისთვის იოლად აღსაქმელად უცხოელ ჟურნალისტს ნაკლებად თუ უღვაწია, თუმცა რუსს, უცხოელად ვერ აღვიქვამ, ვინაიდან მან ზედმიწევნით კარგად იცის საბჭოეთის ცხოვრების შესახებ, ვიდრე „ნამდვილმა“ უცხოელმა.

წინა სტატიაში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაარსების 100-წლისთავს მივუძღვენი, არაფერი მითქვამს საბჭოთა რესპუბლიკებზე, მათ შორის საქართველოზე. არ მითქვამს იმ 75-წლიან საბჭოურ ცხოვრებაზე, რამაც გაპარტახებული ქვეყანა, სახელმწიფოდ აქცია.

არ მითქვამს იმაზეც, რომ რუსეთთან კავშირმა, გეორგიევსკის ტრაქტატმა მოუტანა მოსახლეობიდან დაცლილ საქართველოს მშვიდობიანი ცხოვრება.

საქართველო გადაურჩა ხახადაღებული მუსლიმი მეზობლების ჩაყლაპვას — პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით. 1555 წელს ამასიის ხელშეკრულებით სპარსეთ—თურქეთს შორის გაყოფილი საქართველოს მოსახლეობა, რომ ერთ მილიონს ჩამოსცდა, ერის გადაშენების მომასწავებელი იყო. ცოტაც და მათ რიგებს შეუერთდებოდა ამ რეგიონში რომ ცხოვრობდნენ, დიდი ისტორიაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაძლეს, ვერ გადაირჩინეს თავი. აღარც ხმლის ქნევამ უშველა, აღარც ქვეყნისთვის თავდადებამ — აღიგავნენ პირისაგან მიწისა.

ძლიერი მოკავშირის პირობებში მათ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

მათი სახელები ისტორიას თუ შემორჩა და ამ საგნის შესწავლით დაინტერესებულ პირებს. საქართველოც მათ ბედს გაიზიარებდა, რომ არა ქართველი მეფეები, განსაკუთრებით ერეკლე II, რომელმაც დაუღალავი შრომით შეძლო მეზობელ დიდ რუსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და ხელშეკრულების დადება, ფიზიკური განადგურებისგან რომ იხსნა საქართველო.

გეორგიევსკის ტრაკტათან დაკავშირებით აუარება უარყოფითით აბრუებენ მოსახლეობას ე.წ. ისტორიკოსები, „განათლებული“ საზოგადო მოღვაწეები — დამოუკიდებლობა წაგვართვა, ანექსია და ოკუპაცია მოახდინა ჩვენი ქვეყნისაო.

„დამოუკიდებლობის“, „ანექსია—ოკუპაციის“ ყბადაღებული ტრიალი ე.წ. ეროვნული მოძრაობის დროს გაძლიერდა და ისეთ კულმინაციას მიაღწია — დამოუკიდებლობის აღდგენის აქტშიც რომ ჰპოვა გამოკვეთილი ადგილი.

ეს სამი სიტყვა არა მარტო მეფის რუსეთის მმართველობას ეხება, არამედ საბჭოთა კავშირსაც, იმ კავშირს, სადაც ამიერკავკასიის ფედერაციის დაარსებისთანავე შევიდა საქართველო.

სამწუხაროდ, უმადურობამ დაბინდა საქართველოს მოსახლეობის გონება; უმადურობაა, როდესაც შენ მხსნელს გამუდმებით აგინებ, ლანძღავ; უმადურობაა, როდესაც საბჭოთა პერიოდს დეგრადაციად მიიჩნევ, სახელმწიფოებრიობის არმქონე ქვეყნის მიერ სახელმწიფოებრიობის შეძენას არაფრად აგდებ და მას ოკუპაციის პერიოდს არქმევ, რითაც საკუთარ თავს, საკუთარ ისტორიას ცხებ ჩირქს, აცამტვერებ.

საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა ისეთი აღმავლობის პერიოდი, როგორიც საბჭოთა კავშირის ხანმოკლე არსებობის ჟამს. საქართველო გადაიქცა ინდუსტრიულ-აგრარულ ქვეყნად, განათლების დონით მოწინავედ მსოფლიოში. საქართველოში წარმოებული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქცია არა მარტო საბჭოთა რესპუბლიკებში გადიოდა, არამედ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, კაპიტალისტურ სახელმწიფოებში.

განვითარების მწვერვალებს მიაღწია კულტურამ, მეცნიერებამ, სპორტმა, მედიცინამ. არ დარჩა დარგი, სადაც საქართველოს მკვიდრს თავისი ავტორიტეტული სიტყვა არ ეთქვა.

ერთ დროს მოსახლეობისგან დაცლილ ქვეყანაში, დემოგრაფიულმა მაჩვენებლებმა მნიშვნელოვანი წინსვლა დააფიქსირა. რუსეთთან შეერთების დროს 0,5-მილიონიანი საქართველო თავის დამოუკიდებლობას (1991 წ.) 5,5 მილიონით შეხვდა.

ძნელია, უფრო სწორად შეუძლებელი მსოფლიო ისტორიაში მოძებნო პატარა ქვეყნის ისეთი გრანდიოზული წარმატებები, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

ძნელია მსოფლიო ისტორიაში მოძებნო ისეთი უმადური ხალხი, როგორიც საქართველოში.

გირჩევთ აიღოთ ძველი სტატისტიკური მონაცემები, თვალი გადაავლოთ საბჭოთა საქართველოს ცხოვრებას — ობიექტურად, მიუკერძოებლად დასავლური, განსაკუთრებით ამერიკული პროპაგანდისგან დროებით მაინც თავდახწეულმა და შემდეგ გააკეთოთ დასკვნები.

ვეჭვობ, რომ საქართველოს საბჭოური ცხოვრების სიკეთეებმა და წარმატებებმა სხვაგვარად, კრიტიკულად არ შეგახედოთ „საბჭოთა რეპრესიების“ მუზეუმისთვის — ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნით და სააკაშვილის მონური მორჩილებით გახსნილისთვის რუსთაველის პროსპექტზე — სახელმწიფო ისტორიის მუზეუმში.

„პოლიტიკური თვალსაზრისით სსრკს შემადგენლობაში საქართველო არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა ფორმალურად იყო. ის, სხვა სახელმწიფოს ნაწილი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა სუვერენიტეტი და ეს უკვე არის დიდი პლიუსი, მიუხედავად თვით სუვერენიტეტის არსის, რომელიც ჩემის აზრით, დღეს არ არის ისეთი, როგორიც 90-იან წლებში გვესახებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველო ასეათუისე დამოიკიდებელი ქვეყანაა, დამოუკიდებლობის მატარებელი ყველა ატრიბუტით — თავისი ვალუტით, არმიით, საზღვარგარეთ წარმომადგენლობით. და ეს უკვე გვაძლევს შანსს განვითარების, საერთაშორისო არენაზე თვითდამკვიდრების“, — აცხადებს ანჯაფარიძე ჟურნალისთან საუბარში.

ვერაფერს იტყვის ამ სიტყვების მკითხველი, ცუდი მაქვს მხედველობაში, ისე, როგორც ტყუილი. ყველაფერი მართალია, ოღონდ ზედაპირული, ზერელე აღქმით ნათქვამი.

მოდით ახლა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ვკითხოთ, როგორ გრძნობს თავს დამოუკიდებლად ცხოვრების 30 წლის განმავლობაში? რატომ იხსენებს სისტემატურად საბჭოურ ცხოვრებას, მიუხედავად იმ ცხოვრების გამუდმებული ლანძღვა—გინებისა? რა მისცა მას დამოუკიდებლად ცხოვრებამ? და რატომ ამბობს, რომ დამოუკიდებელი არ არის?

საქართველოს აქვს დამოუკიდებლობის გამომხატველი ატრიბუტები — ვალუტა, რომელიც დოლარზეა ჩამოკიდებული და მისი დახველების დროს, ფილტვების ანთებით იწვება; არმიით, რომელმაც 3-დღიან და არა 5-დღიან ომს ვერ გაუძლო და კისრისტეხვით გამოქუსლა თბილისისკენ. არმიას ვერაფრით ვუწოდებთ ჯარს, რომელსაც არც მძიმე შეიარაღება აქვს, არც თანამედროვე სარაკეტო სისტემა, არც საზღვაო ფლოტი გააჩნია და არც საჰაერო ძალები, თვითმფრინავების სახით, არც თანამედროვე არმიისთვის შესაფერისი განათლება.

უცხოეთში, განსაკუთრებით ავღანეთში გავლილი „პრაქტიკა“ არ იძლევა საბრძოლო საქმეში განსწავლული სამხედროების ჩამოყალიბებას.

საქართველოს საზღვარგარეთის წარმომადგენლობების არსებობა ქვეყნის სუვერენიტეტის მოჩვენებითი გამომხატველია და მეტი არაფერი. ამ ორგანიზაციაში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შეიძლება ვთქვა, რომ ის საქართველოს ბიუჯეტის უაზრო ფანტვის ორგანო უფროა, ვიდრე საქართველოს პოლიტიკის გამტარებელი. ან რა პოლიტიკა აქვს საქართველოს, რას აშენებს, რა იდეებს ემსახურება? იქნებ ვინმემ, ცხადია არა დილეტანტმა, ამიხსნას რაში სჭირდება ღარიბ, უსუსურ ქვეყანას, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობები ან რა პოლიტიკურ—დიპლომატიურ საქმიანობას ეწევიან ისინი მასპინძელ სახელმწიფოში?

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მხოლოდ იმ ქვეყნებთან უნდა ჰქონდეს, ვისთანაც პოლიტიკურ—ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. ასეთთა რიცხვი თითზე ჩამოსათვლელია.

მოდით დავსვათ მარტივი კითხვა — ამ პატარა ქვეყანას საიდან ჰყავს იმდენი დიპლომატი, საზღვარგარეთ გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების (აქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ვგულისხმობ), შტატები რომ შეავსოს?

დიპლომატიური სამსახური რომ მაღალჩინოსანთა ახლობლების, ნათესავების საკურორტო ზონადაა ქცეული — ფაქტია, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არსებულ კურორტად. არამგონია ასეთი პოლიტიკა ქვეყანას, საზღვარგარეთის არენაზე დამკვიდრების შანსს აძლევდეს.

ანჯაფარიძეს ვეთანხმები შემდეგ მოსაზრებაში, რომ მიუხედავად თავისი სუვერენიტეტისა საქართველო  სრულად არ არის დამოუკიდებელი, თვითმმართველი ქვეყანა, რომ თუ წინათ ხელისუფლება სამოქმედო დირექტივებს მოსკოვიდან იღებდა, ამჯერად ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ანკარიდან იღებს. თუმცა აქაც მაქცს შენიშვნა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო დაწესებულებებში გატარებული არაერთი წლის პრაქტიკით მიღებული.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ვაშინგტონიდან იღებდეს დირექტივებს, უფრო სწორად ვაშინგტონელი მაღალჩინოსნებისგან, თავს ბედნიერად ჩათვლიდა. დირექტივების უშუალო „მბოძებელი“, შესაძლოა გამომგონებელიც საშუალო დონის მოხელეა ან საქართველოში აკრედიტებული აშშ-ს საელჩოს დიპლომატი ან ელჩი. პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველო—აშშ-ს შორის და რომლის გაცნობის შესაძლებლობა მქონდა აშშ-ი ვიზიტებისას, მიმტკიცებს შემდეგ მოსაზრებას — აშშ-ს შემუშავებული დირექტივის ადრესატთან განხილვას საერთოდ არ აქვს ადგილი.

დირექტივა დემოკრატიისა და ძალაუფლების „მექაში“ იქმნება და ის არც განხილვას, და არც აზრის გამოთქმის შანსს არ იძლევა.

ის კანონია — ადრესატის მიერ შესასრულებელი. სხვაგვარად ვერც იქნება. რომ იყოს, წარმოიდგინეთ რა აურზაურს ექნება ადგილი ვაშინგტონის კარს?! მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩასულთა ცალ-ცალკე მიღებას, საუბარს, მათ დარწმუნებას რა დრო დასჭირდება?!

გარდა ამისა, ვაშინგტონი, ზეცაში მყოფი, ზემოდან დამყურე პოლიტიკური ცენტრია — ღმერთთან გათანაბრებული. ასეთი, მდაბიოებთან საუბარში დროს დაკარგავს?! არათუ ვაშინგტონი, მისი წარმომადგენლობაც ხომ ასეთად თვლის თავის თავს მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ხელის უხეში ფათურით, წვრილმან საკითხებში ჩარევით და ისეთი ქცევით, მსგავსს რომ ვერ ვიხსენებ საბჭოთა კავშირის დროს?!

დირექტივებთან დაკავშირებით მოსკოვ—ვაშინგტონის შედარება  უსაფუძვლოა — განსხვავებული სისტემისა და სტრუქტურის გამო. საბჭოთა კავშირი სწორედაც რომ კავშირზე იყო აწყობილი — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირზე. ყველა საბჭოთა რესპუბლიკას ჰყავდა თავისი წარმომადგენლები, როგორც ხელმძღვანელ პარტიულ ორგანოებში — სსკპ ცენტრალურ კომიტეტში, სამდივნოში, სარევიზიო კომისიაში, ისე პოლიტბიუროში, პარლამენტში, ანუ უმაღლეს საბჭოში.

რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო და წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ, ერთი თვით ასრულებდა თავმჯდომარის ფუნქციას მოსკოვში, კრემლში — მუდმივმოქმედი თავმჯდომარის საქმიანობაში დახმარების გასაწევად.

თავმჯდომარის მოადგილეს, წლის  განმავლობაში არაერთხელ უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს, ანუ პარლამენტის დელეგაციის მეთაურობა, მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, როგორც საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენელს და არა როგორც რესპუბლკის.

საბჭოთა კავშირი იყო ერთიანი მმართველობითი ორგანიზმი და ეს იყო არა მარტო სახელმწიფო სისტემაში, არამედ ყველა სფეროში, მაგალითად მწერალთა კავშირში, სადაც საქართველოს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა.

ცენტრმა და რესპუბლიკების ურთიერთობათა ოპერატიულ წარმართვას მოსკოვში არსებული საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლობები ახორციელებდნენ. არც ერთი საკითხი, საბჭოთა რესპუბლიკასთან დაკავშირებული, თვით რესპუბლიკის წარმომადგენლებთან განსჯა-განხილვის გარეშე არ შევიდოდა ძალაში.

დირექტივას, რომელსაც მოსკოვი საქართველოს უგზავნიდა, საქართველოს მთავრობასთან ერთად მიღებული დოკუმენტი იყო. ყველა ნიუანსის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

დასკვნისთვის მინდა ვთქვა, რომ მოსკოვიდან გამოგზავნილი დოკუმენტი კრემლის სუბიექტური ან თუნდაც ობიექტური შემოქმედების ნაყოფი კი არა, საბჭოთა კავშირის კოლექტიური შრომის ნაყოფი იყო.

საბჭოთა კავშირის მმართველობითი სისტემა — ერთობ დახვეწილი და დემოკრატიული, ღრმა შესწავლის საგანი უნდა იყოს და არა ქილიკის, მითუმეტეს აშშ-ს მოუქნელ სისტემასთან შედარების, მაგრამ ამის თავი და სურვილი დღეს არვის აქვს. ძალას და ენერგიას მოითხოვს. უფრო იოლი, ქილიკი და ლანძღვა—გინებაა, რასაც 30 წელია ვაკეთებთ, თუმცა წარსულზე უკეთესს, ვერაფერს!

კარგს და მისაღებს რომ ვაკეთებდეთ, 30 წლის წინანდელს, სინანულით არ გავიხსენებდით და ამ გახსენების დროს ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თვალი შევავლოთ რუსეთის სტატისტიკას, რომლის მიხედვით, საბჭოეთის ნოსტალგია არა მარტო ასაკოვან მოსახლეობაშია გამჯდარი, არამედ ახალგაზრდებშიც, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით ბევრი წაიკითხეს და ისწავლეს იმ უნიკალური სისტემის შესახებ, საბჭოთა კავშირი რომ ერქვა.

მკითხველი მომიტევებს გრძელი სტატიისთვის, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას და არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, რათა ვიცოდეთ რანი ვიყავით და რანი ვართ — გაპარტახებული ქვეყნის ბინადარნი, მუდმივად ჩემოდანზე მსხდომნი, საზღვარგარეთ გაქცევის მოლოდინში.

მოდით ვკითხოთ სამშობლოდან ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილ ქართველობას — ააშენებს თუ არა ნამდვილ სუვერენულ სახელმწიფოს? ისინი შინ დაბრუნებას არ აპირებენ — დისტანციურად კი ქვეყანა არ აშენდება.

სსრკ, მიუხედავად დამანგრეველი ომის უმძიმესი შედეგებისა, წლის განმავლობაში 2-ჯერ ახორციელებდა სხვადასხვა საქონელზე, კვების პროდუქტებზე ფასების დაკლებას. წელებზე ფეხს იდგამდა ხალხის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად და ხალხიც თავდადებული შრომით პასუხობდა — პატრიოტული სულისკვეთებით აღვსილი.

მაგრამ ასეთი 1953 წლის შემდეგ აღარ იყო, ვინაიდან მოღალატე, გამყიდველმა ადამიანებმა გამოხრეს პარტია, ქვეყანა, რომელმაც, გაუკუღმართებულმა 1991 წლის დეკემბრამდე იარსება. მაგრამ ის გაუკუღმართებულიც სანატრელია „თავისუფალ“ საქართველოში. მოდით ვკითხოთ მავანს — თავისუფლება სურს თუ პური?

უპურო თავისუფლებას რა თავში იხლის?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

08/01/2023