21.12.2024

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბ-ნ ზ.აზარაშვილს

იზა თამაზაშვილი (პუბლიცისტი)

მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა წერილი – „ფსიქოლოგიური წამების ჰოსპიტალი“ (საიტი isari.ge) ელექტრონულად, დამჭირდა წნევის პრეპარატის – „ამრადიპინის“ (დოზა 8/10) გამოწერა. ოჯახის ექიმი – ჟამერაშვილი შვებულებაში ბრძანდებოდა და ვერ გამომიწერა. დახმარებისთვის მივმართე ჰოსპიტლის დირექტორს – ბ-ნ ამურ რამიშვილს. მივიღე ინფორმაცია, რომ დამიკავშირდებოდნენ.

მართლაც, ექიმი ჰოსპიტალში დააბრუნეს და მაცნობეს, რომ წამალი გამოწერილია. აფთიაქში რომ მივედი, გამოწერილი დამხვდა დაბალი დოზა, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა ის დოზა გადასცა, რაც მივუთითე.

კვლავ მივმართე ბ-ნ ამურს და ვაცნობე ხარვეზის შესახებ. კლვავ მიკავშირდებიან, რომ გამოწერილია და აფთიაქში მხვდება სხვა პრეპარატი – „ამლესა“ (?!). ახლა უკვე იძულებული გავხდი ჰოსპიტალში მივსულიყავი, სადაც დირექტორის კაბინეტში შემოდის  მთავარი ექიმი და ლექციას მიკითხავს ჯენერიკების შესახებ, რომ ექიმი სწორად მოიქცა და ეს უკვე აფთიაქში უნდა შემირჩიონ. ბოლოს, როგორც იქნა, ვეღირსე წამლის გამოწერას და მის შეძენას. ამ ყოველივეს კი 5 დღე დასჭირდა.

ბ-ნი მინისტრი დამეთანხმება, რომ პაციენტისთვის სამედიცინო კლინიკა ტერიტორიულად მოსახერხებელი, სამედიცინო მომსახურება კი კომფორტული უნდა იყოს, და არა პრობლემური. სრული აბსურდია, როცა კლინიკაში მიდიხარ და ოჯახის ექიმთან რიგში დასაკლავი გოჭებივით ჩამწკრივებული 12 ვეტერანი მხვდება და მე მეცამეტე ვარ. ეს ხდება მაშინ, როცა პაციენტთა უმრავლესობას მხოლოდ მიმართვა სჭირდება.

მიმაჩნია, რომ ჯანმოს იდიოტურ მითითებებს პაციენტის ნერვები და ფსიქიკა არ უნდა გადავაყოლოთ. საქართველოში უკვე მოქმედებს მოძრაობა – „ანტილავ საქართველო“, რომელიც ჯანმოს მიუღებელ გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება. იგი უერთდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წამოწყებულ პროტესტს ჯანმოსთან მიმართებაში. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია მომსახურება სისტემისა და არა პაციენტისა. არ ვარ მოხალისე იმ სპექტაკლში მონაწილეობისა, რასაც პაციენტის მომსახურება ჰქვია. იძულებული გავხდი აღრიცხვიდან მოვხსნილიყავი. რატომ არ შეიძლება მომსახურება ისეთივე მორგებული იყოს პაციენტზე, როგორც ეს მე-3 სამკურნალო ცენტრშია? (დიღომში). მეტიც, ამ პოლიკლინიკიდან წასულები კვლავ უკან ბრუნდებიან. კონტიგენტიც დიდი ჰყავთ, რომელსაც 12 ოჯახის ექიმი ემსახურება.

სამწუხაროა, რომ ისეთ ყურადღებიან დირექტორს, როგორიც ამურ რამიშვილია, სისტემა თუ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, არ აძლევს საშუალებას სრულად გამოავლინოს თავისი მრავალმხრივი კეთილგანწყობა პაციენტებისადმი.

ბ-ნო ზურაბ! გთხოვთ, რეაგირებას. მინდა დავბრუნდე ტერიტორიულად ჩემთვის მისაღებ კლინიკაში.

იზა თამაზაშვილი, პუბლიცისტი

ტელ: 593 90 55 07