ჭაობში დიდხანს ყოფნა სახიფათოა

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი კითხვა გააჩინა — ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელი; ვარაუდები კი — უამრავი, რომელთა შორის უკრაინის მომავალზე მსჯელობა უმთავრესია.

გაკეთებული დასკვნები გვაუწყებენ, როგორც პოზიტიურ შედეგს უკრაინისთვის, ისე ნეგატიურს, ასევე უკრაინისთვის.

ორივე შემთხვევაში უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის მომავალი, საეჭვოა. პოზიტიური შედეგის მომლოდინე უკრაინელი, ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურების მუშაკები და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი მოსახლეობა, იმედს ამერიკულ იარაღზე ამყარებს და რაღაც უხილავ ძალაზე, რომელიც უკრაინის არმიას დაამარცხებინებს რუსეთისას და განადევნინებს დაპყრობილი ტერიტორიებიდან.

საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვინც თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, ზემომოყვანილი ოპტიმიზმი, აბსტრაქციის სადარია.

ოპტიმისთა სამწუხაროდ, რუსეთის არმიის წინსვლას — აუჩქარებელს და საფუძვლიანს, ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც ამერიკული „ჯაველინები“, „სტინგერები“, „ჰაიმარსები“ და ვერც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები, რომელთა ძალისხმევა უკრაინელი სამხედროების მიერ ამერიკული იარაღის ათვისებაში, თვალში საცემია.

ფრონტზე გარდატეხის მომტანი ვერც ამერიკელი, პოლონელი, ინგლისელი, ბალტიისპირელი, ქართველი, სხვა ქვეყნების „ბოევიკები“ იქნებიან. მათ უმრავლესობას დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული ერაყში, სირიაში, ლიბიაში, ავღანეთში, სხვა ქვეყნების „ცხელ წერტილებში“ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში, მაგრამ ნაკლები, ისეთ ომში, როგორიც უკრაინისაა.

უკრაინის ომში მსოფლიოს ორი უძლიერესი რეგულარული არმიაა წარმოდგენილი. ერთი — გაწვრთნილი ნატოს სამხედრო სპეციალისტების მიერ, ნატოს სტანდარტების მიხედვით და მეორე — საბჭოთა სამხედრო-საბრძოლო ტრადიციებსა და წესებზე დაფუძნებული.

უკრაინის არმიას, გარდა ნატოს სტანდარტებისა, მანამდე არსებული საბჭოთა სტანდარტებიც კარგად აქვს ათვისებული, მაგრამ … მაგრამ მოიკოჭლებს მოტივაცია. არადა, სწორედ მოტივაცია უნდა ყოფილიყო მთავარი მამოძრავებელი, სამშობლოს დასაცავ ომში.

უკრაინის არმიის სამწუხარდ, დონეცკისა და ლუგანსკის მილიციას უფრო მეტი მოტივაცია აქვს, ვიდრე მათ მოწინააღმდეგე უკრაინის არმიას. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით დონბასელები შორს არიან პროფესიონალური არმიისგან. ისინი, ასეც არ იწოდებენ. მათ მილიცია ჰქვიათ — მილიციელებად ქცეული მაღაროელები, სხვადასხვა დარგის მუშაკები, სპეციალისტები, მაგრამ არა სამხედროები.

თავანთი კუთხის, ოჯახის, ენის დაცვამ აქცია ისინი მოტივირებულ მეომრებად, უკვე პროფესიონალ სამხედროებად, რაც უკრაინულ მხარეს არ ჩანს. რაც ჩანს — კორუფციაა, ყველგან და ყველაფერში.

უკრაინის არმიის ხრწნა დამოუკიდებლობის მიღებისთანავე დაიწყო — დასავლეთთან კავშირების დამყარებისთანავე. დასავლეთი, ყოველთვის ხარბი თვალით უყურებდა საბჭოთა კავშირში შემავალ საბჭოთა უკრაინას — მოწინავეს საბჭოეთში. დასავლეთს ხიბლავდა უკრაინის, უფრო სწორად საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები, განთავსებული უკრაინაში. ამ დარგებისთვის აუცილებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, შავ ზღვაზე არსებული საზღვაო ბაზები და ა.შ.

უკრაინის დამოუკიდებლობამ გზა გაუხსნა დასავლეთს სანატრელი ნაყოფის ხელში ჩასაგდებად. დასავლეთმა იოლად და იაფად გამოძებნა გზები უკრაინელი სამხედროებისა და სახელმწიფო მოხელეების ჯიბეებისკენ.

ერთობლივი მეცადინეობით საბჭოთა სამხედრო იარაღი, კონტრაბანდული გზით მოეფინა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის ქვეყნებს, ყველას, ვისაც შიდა კონფლიქტი ჰქონდა. უკრაინამ, როგორც იარაღით არალეგალურად მოვაჭრემ, მალე გაითქვა სახელი მსოფლიოში, ისე, რომ ჰოლივუდის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ჰოლივუდმა ამ თემაზე ფილმიც გადაიღო — კინოვარსკვლავ ნიკოლას კეიჯის (მთავარი გმირი) მონაწილეობით.

იარაღით ვაჭრობა ისე გაუჯდათ გონებაში უკრაინელ სამხედროებსა და პოლიტიკოსებს, რომ ამ მანკიერებას დღესაც მისდევენ. რუსულ—დასავლური წყაროების მიხედვით, ევროპა—ამერიკიდან გაგზავნილი იარაღი პოლონეთ—მოლდოვის საზღვრებიდანვე, იარაღით მოვაჭრე დასავლელი „სპეციალისტების“ ხელშეწყობით, უკრაინის გვერდის ავლით, იყიდება სხვაგან, თანაც თვითღირებულებაზე გაცილებით იაფად.

უკრაინის არმია კი წუწუნებს, ვიდეოს, ვიდეოზე აქვეყნებს პრეზიდენტ ზელენსკიზე მიმართვით, რომ რუსეთის არმიასთან ბრძოლა შიშველი ხელებითა და „ფილთა—თოფებით“ უხდებათ.

შეწუხდნენ ამერიკელი კონგრესმენებიც, რომლებიც მოითხოვენ მკაცრი კონტროლის დაწესებას უკრაინისთვის გადაცემული იარაღის ტრანსპორტირებასა და დანიშნულების ადგილამდე მიტანაზე, მის გამოყენებაზე ბრძოლებში.

ამერიკის ადმინისტრაციის მკაცრი კრიტიკით გამოდიან რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც უკრაინის იარაღით ვაჭრობას, დემოკრატებს აბრალებენ და კორუფციულ გარიგებას, რომლითაც ორივე ხელს ითბობს, როგორც ამერიკელი მიმწოდებელი, ისე უკრაინელი მიმღები.

ამ ვითარების შემყურე უკრაინელ ჯარისკაცს, რომ რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომის მოტივაცია არ ჰქონდეს, სულაც არ არის გასაკვირი.

გარდა ამისა, უკრაინის არმიის შემადგენლობა დღითიდღე თხელდება, ხოლო შევსება სამხედრო საქმეში გაუთვითცნობიერებული მოქალაქეებით ხდება, რომლებსაც ძალით მიერეკებიან ფრონტის ხაზზე.

დეზერტირობა, ტყვედ ჩაბარდება ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული. ჯარში წასვლაზე უარის თქმა — ნიშნავს ციხეს. ამ ერთობ გამოუვალ მდგომარეობაში, ერთადერთი ხსნა ტყვედ ჩაბარებაა და არა სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლა. უკრაინის არმიას ე.წ. ზედამხედველების „აზოვის“, „აიდარის“, „მარჯვენა სექტორის“, სხვათა სისასტიკის და სადამსჯელო ქმედების წყალობით, ჯერ-ჯერობით, ასე თუ ისე გააქვს თავი, მაგრამ შორსაა იმ „პატრიოტული“ სულისკვეთებისგან, უკრაინული და დასავლური, მათ შორის ქართული მედიის საშუალებით რომ თავს ახვევენ მსმენელს, მკითხველს, მაყურებელს.

პროპაგანდის მიხედვით, უკრაინის არმია ათავისუფლებს რუსთა მიერ დაკავებულ ტერიტორიებს და მალე განდევნის აგრესორსა და ოკუპანტს საკუთარი ტერიტორიიდან. და არა მარტო. უკრაინელი პოლიტიკოსები, პრეზიდენტი ზელენსკის გუნდის წევრები, კოლექტიური არისტოვიჩების სახით ქადაგებენ, რომ უკრაინელები არათუ განდევნიან რუსეთის არმიას უკრაინიდან, არამედ რუსეთში არსებულ „ისტორიულ“ უკრაინულ ტერიტორიებსაც შეიერთებენ, დააჩაჩანაკებენ რუსეთის ხელისუფლებას, დააქუცმაცებენ რუსეთს და იქნება საამური ცხოვრება — დიდი უკრაინისა, „მსოფლიო ცივილიზაციის აკვნისა“.

უკრაინელთა ფანტაზიებს, უფრო სწორად ბოდვას საზღვარი არ აქვს, მაგრამ არც მისი მოკავშირე დასავლელები აკლებენ ხელს, განსაკუთრებით პოლონელები, რომლებსაც უკრაინის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო ისე უნდათ, როგორც მავანს გუშინდელი თოვლი.

რაც პოლონეთს სურს, ისაა — დასავლეთ უკრაინის, განსაკუთრებით ქ.ლვოვის შემოერთება რომ ჰქვია. ასე რომ, ქვეცნობიერად ის რუსეთის გულშემატკივარია და იმის მოიმედე, როდესაც რუსეთი დაიპყრობს აღმოსავლეთ უკრაინას და დასავლეთი დაიწყებს რუსეთთან მოლაპარაკებას, პოლონეთს — გაყოფილი უკრაინიდან დასავლეთ უკრაინის ნაწილი ერგება.

დაშლილ უკრაინაზე თვალი აქვთ დამდგარი უნგრეთს, რუმინეთს, … ახლახანს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიიარტომ საჯაროდ განაცხადა, რომ უნგრეთის არმია მზადაა დაიცვას დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები 150000 უნგრელი, უკრაინის ექსტრემისტული ძალებისგან.

რა შეიძლება ვუწოდოთ ყოველივე აღნიშნულს, თუ არა დაშლილ—გაპარტახებული ქვეყნის ძიძგნა? კოლექტიური დასავლეთი „ვაჟკაცურად“ აცხადებს რუსეთის მოსალოდნელ დამარცხებას. რაც მთავარია არათუ აცხადებს, როგორც გარდაუვალ ფაქტს, არამედ ბრძანებს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს. კეთილი, მაგრამ როგორ? პასუხიც მარტივია — დავეხმარებით უკრაინას და რუსეთი დამარცხდებაო.

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა უფრო შორს მიდის — რუსეთი უნდა დაიშალოს, ხოლო მისი მოსახლეობა 50 მილიონზე უნდა დავიდესო. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს რომ სხვა ერის გენოციდის მოთხოვნილება გაუჩნდება, მის ავადმყოფურ მოსაზრებაზე კი არ მიანიშნებს, არამედ კოლექტიური დასავლეთისაზე, რომელიც ვალენსასავით რუსთა გადაშენებაზე ოცნებობს და გეგმებსაც ადგენს, ისე, როგორც ფაშისტური გერმანია გასული საუკუნის 30-40 წლებში.

ახალმა დასავლურმა გეგმამ ფრთები უკრაინის ფრონტზე გაშალა, უფრო სწორად უკრაინის ფრონტიც გამოიგონა და უკრაინული ნეოფაშიზმიც, ბანდერიზმიც ააღორძინა და ათასი სხვა „-იზმიც“, ერთი მიზნის მისაღწევად, რუსეთის დასამარცხებლად, მის დასაქუცმაცებლად. დევიზი — დაჰყავი და იბატონე — დღესაც ძალაშია. განა ამის მაგალითი არ არის დაშლილი იუგოსლავია?

ამ ისტორიის შემყურე რუსეთს დამშვიდებით უნდა ემზირა კოლექტიური დასავლეთის ფლიდი პოლიტიკური თამაშებისთვის? პასუხი მკითხველისთვის მიმინდვია — ობიექტურისთვის და არა რუსეთის სიძულვილით გაჟღენთილთათვის. მათ დღესაც ვერ გაურკვევიათ, რატომ არის უკრაინელად წოდებული რუსი მართალი, ხოლო არაუკრაინელი რუსი მტყუანი.

დასავლეთთან ცრუ პარტნიორობის ბადეში გახვეული რუსი მიხვდა, რომ მასთან, ანუ დასავლეთთან არავითარ პარტნიორობას ადგილი არ ექნება. პირიქით, ფსევდო პარტნიორობის საფარით, კოლექტიური დასავლეთი ისე მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს, რომ მისი უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ დადგა.

გამოსავალი? 4 თვეზე მეტია ის აწარმოებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, აღმოსავლეთ უკრაინის ფაშისტი უკრაინელებისგან განთავისუფლებისთვის. ტერიტორიები, რომლებიც მან დაიკავა, ახალ ცხოვრებას შეუდგნენ, ისეთს, როგორიც ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ისტორიულ სამშობლო რუსეთშია — გაცილებით უკეთესი, ვიდრე დედინაცვალ უკრაინაში. როგორც ჩანს რუსეთი მარტო დონბასის განთავისუფლებით არ დაკმაყოფილდება და გააგრძელებს სპეცოპერაციას უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციისთვის.

რა მოელის უკრაინას? — ამ კითხვას არც უკრაინის ხელისუფლებაში სვამენ, არც ევროატლანტიკური სივრცის მაღალმოხელეთა კაბინეტებში. ყველა ისინი, როგორც მონუსხულები, აცხადებენ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. არ აქცევენ რა ყურადღებას იმპერატიულ სურვილსა (უნდა გაიმარჯვოს) და რეალობას შორის არსებულ უფსკრულს, რომლის ამოვსებას ზეციური ძალა სჭირდება, ანუ ისეთი, რომელიც მავან დასავლელთა ძალას აღემატება.

ძალა, სიმძიმეების აწევასა და მთების გადადგმაში არ გამოიხატება. ის პოლიტიკოსთა ტვინით, გონების გამჭრიახობით, შორსმჭვრეტელობით ფასდება. სამწუხაროდ, ასეთ ფენომენს არც დამოუკიდებელ უკრაინაში ჰქონდა ადგილი და არც მის „მეგობარ“ საქართველოში.

უჭკუობის  გამოვლინებაში ჩვენ პირველი ვიყავით, რითაც „გავახარეთ“ ჩვენი ქვეყანა, ვერ ვიტყვით. დავაკნინეთო — უდავოდ. 2008 წლის ომი მაქვს მხედველობაში, რომელსაც, მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშივილის განმარტებით, რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფლის დაკარგვა მოჰყვა. იმ ომში დაკარგული ტერიტორიების 20% ქვა-ღორღსაც შეიცავდა და ნაყოფიერ მიწებს, რომელთა სიგრძე-სიგანე გაცილებით აჭარბებს უსარგებლო ქვა-ღორღიანს.

20%-ი მთლიანად რომ ქვა-ღორღიანი იყოს, მაინც შენია, საქართველოს ნაწილია, რომლის დაკარგვა ქარაფშუტულად, უჭკუო პოლიტიკით, ავანტიურით — სახელმწიფო ღალატია, რომლის ჩამდენს უვადო პატიმრობა ეკუთვნის და არა ისეთი, როგორიც დღეს.

მოდით გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტეტჩერის დროინდელი ისტორია, დაკავშირებული ტერიტორიასთან. სად დიდი ბრიტანეთი და სად ლათინურ ამერიკასთან, ოკეანეში მდებარე ერთიციცქნა ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები?

ამ კუნძულებს არგენტინა და დიდი ბრიტანეთი იჩემებდნენ. არგენტინამ ჯარიც გადასხა კუნძულზე, რასაც მოჰყვა დიდი ბრიტანეთის საზღვაო-სამხედრო ფლოტის იქ გადასროლა. ლონდონს თავში აზრადაც არ მოსვლია მისგან ათეულ-ათასობით კილომეტრზე დაშორებული კუნძულების მიტაცება ან სააკაშვილის მსგავსი განცხადების გაკეთება. მან, სააკაშვილის გაგებით, იმ „არარაობისთვის“ სისხლი დაღვარა.

სააკაშვილი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყოფილიყო, იაპონური ინვესტიციების მიღების  მიზნით, კურილის კუნძულებს გადასცემდა იაპონიას.

ძნელია დაიჯერო სააკაშვილის განმარტება, 2008 წლის ომის შემდეგ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების იმ პუნქტზე უარის თქმისთვის, რომლის მიხედვით, თბილისს მოლაპარაკებები უნდა დაეწყო სოხუმსა და ცხინვალთან საქართველოს ტერიტორიული სტატუსის განსასაზღვრად. თქმა იმისა, რომ მოლაპარაკება ძნელი იქნებოდა რუსეთის გამოისობით, ფუჭი თავის მართლებაა.

საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ დაადგა თავი განდეგილ ავტონომიებთან დიალოგის დაწყებას, მათ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა—მოგვარებას, რისთვისაც ისინი მზად იყვნენ. შედეგი ისაა, რაც გვაქვს — დაკარგული ტერიტორიები.

სააკაშვილისთვის 2008 წლის ომის და ომამდელი ავანტიურიზმის მარტო მასზე აკიდება არაფრის მომცემია. სააკაშვილი ასრულებდა კოლექტიური დასავლეთის დავალებას, რომლის მიზანი რუსეთის გამოწვევა იყო და მის სამხრეთ საზღვრებთან მუდმივი ცეცხლის აგორება. სააკაშვილის დანაშაული იმაშია, რომ ის იოლად დაეთანხმა დასავლეთს და რუსეთს თოფი მიუშვირა.

კოლექტიური დასავლეთის მზაკვრული გეგმები დაემთხვა სააკაშვილის ფსევდოპატრიოტობას, რამაც საქართველოს, ისედაც მცირე ტერიტორიის 20% დააკარგვინა.

შევარდნაძე-სააკაშვილის საღი პოლიტიკური მოსაზრების შემთხვევაში აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდნენ — ფართო ავტონომიის სტატუსით.

ანალოგიური ისტორია გადახდა მაიდნის 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემოქმედთ, ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ. მათაც დაიჩემეს, რომ უკრაინის ფედერაცია მიუღებელია. ის უნტარული უნდა ყოფილიყო. მათაც წიხლი ჰკრეს მინსკის ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფდა უკრაინის ტერიორიულ მთლიანობას — დონბასის ავტონომიის გათვალისწინებით.

შედეგად მიიღეს ომი, დაკარგული ტერიტორიები და ვინ იცის იქნებ სახელმწიფოებრიობაც.

საქართველოს მსგავსად, უკრაინის ზურგს უკან კოლექტიური დასავლეთი, კერძოდ აშშ იდგა და დგას, რომლის მიზანი იყო და არის, რომ უკრაინამ იომოს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის დასასუსტებლად და არა უკრაინის სასარგებლოდ.

უკრაინა ბრძოლის ველად არის ქცეული — დანგრეული ქალაქებითა და სოფლებით, დახოცილი მოსახლეობით, გაჩანაგებული ეკონომიკით, უმძიმესი სოციალური პირობებით.

უკრანის ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა და ასრულებს კოლექტიური დასავლეთის დავალებას, რისთვისაც მილიონებს იღებს გაწეული სამსახურისთვის. მაგრამ ქვეყანა, ხალხი?

დასავლეთს, ისე, როგორც უკრაინის ხელისუფალთ ხალხი არ აინტერესებთ. რომ აინტერესებდეთ, დასავლეთი იარაღს კი არ მიაწოდებდა მას და ისიც გამუდმებით არ მოითხოვდა იარაღის მიწოდებას, არამედ დათანხმდებოდა რუსეთს მოლაპარაკების დაწყებაში.

ვერც თბილისმა და ვერც კიევმა ვერ გააცნობიერეს, რომ მათი მტერი რუსეთი კი არა, კოლექტიური დასავლეთია. ორივე ქვეყნის ხელისუფლება შესაძლოა ხვდება სინამდვილეს, მაგრამ ისე ღრმად არიან ჩაფლულნი დასავლურ ჭაობში, ამოსვლა უჭირთ. ჭაობში დიდხანს ყოფნა კი რას ნიშნავს — ყველას კარგად მოეხსენება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

18/07/2022