ვეჭვობ, ამ „გულისამაჩუყებელ“ აქტს ევროკავშირელობა მოჰყვეს
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, საქართველოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის უზომო ლტოლვამ, ყველა სულიერ-მორალური ზღვარი გადალახა და კახელებისა არ იყოს — დაუკრეფავში გადავიდა.
დიდი ხანია ქართულ საზოგადოებას, უფრო სწორად მის ელიტარულ ნაწილს — მწერლების, ხელოვნების მუშაკების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით ესოდენ მასშტაბური აღმაფრენა არ გამოუვლენია.
საზოგადოების მეორე ნაწილი, გაცილებით მრავალრიცხოვანი, ინდიფერენტულად უყურებს პირველი ნაწილის როკვას — ნეტავი თქვან, მოცლილებოო, გამოთქმით.
მეორე ნაწილი საზოგადოებისა, პრაქტიკული აზროვნების მატარებელია — დღევანდელი კვერცხის მოსურნე. მან იცის, რომ ხვალინდელი ქათამი — აბსტრაქციაა, დღევანდელი კვერცხი — რეალობა, თუმცა რა ფასად, სხვა საკითხია, ერთობ რთული დასადგენი, დაკავშირებული ეკონომიკასთან, სოციალურ ყოფასთან, ფასების მომატებასთან, ცხოვრების დონის დაწევასთან, სხვა ისეთ მომენტებთან, რომელთა ახსნა, მითუმეტეს გაგება მასაც უჭირს და იმათაც, ვისაც ქვეყნის მართვის სადავეები ჩააბარეს.
საზოგადოების მეორე ნაწილი ვერასდროს გაუგებს პირველს, ისე, როგორც პირველი, მეორეს, თუმცა პირველს ეს ხელს არ უშლის ხმამაღლა განაცხადოს საზოგადოების ორივე ნაწილის სახელით — ხალხის სურვილიაო.
მაინც რას იჩემებს საზოგადოების ე.წ. ელიტარული ნაწილი — ხალხის სურვილიაო, რომ აცხადებს? ევროკავშირში შესვლას — გიპასუხებს უცბათ.
ვინ გითხრათ — ხალხს სურს ევროკავშირში შესვლაო, რომ ჰკითხოთ პირველ ნაწილს, დაუფიქრებლად გეტყვით — ვკითხეთ და დავრწმუნდით, რომ უნდაო.
„პინგ-პონგის“ მსგავსი დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ვერც ერთი მხარე თავისას ვერ დაამტკიცებს, თუმცა მეორე მხარე მაინც მართალია, ვინაიდან მისთვის არავის უკითხავს — უნდა თუ არა ევროკავშირში შესვლა.
რაც მას ჰკითხეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის იყო — უნდა თუ არა ნატოში შესვლა. მაშინ ევროკავშირი არავის ჩაუწერია საარჩევნო ბიულეტენში. რაც ჩაწერეს (ნატო), იმაზე თანხმობა მიიღეს. თუმცა ხალხის ნაწილი თვლის, რომ 2008 წლის თანხმობა ყალბი იყო, რაშიც ბევრი ეთანხმება დაეჭვებულებს.
ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, არც პლებისციტი, მაშ საიდან მოიტანა საზოგადოების პირველმა ნაწილმა — ხალხს უნდაო?
პოლიტელიტას უნდა და მისი სურვილი რომ მტკიცე იყოს, ხალხს აბრალებს. თუ რატომ უნდა პოლიტელიტას — სხვა საკითხია. მაინც? მაინც ის, რომ მისთვის, ისე, როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მეტიჩრული პრესტიჟის საქმეა ევროკავშირის წევრობა.
ევროკავშირის წევრი საქართველოს „ელიტარული“ შვილები თავაწეული, ქედმაღლური, თან ბრიყვული გამომეტყველებით ივლიან მსოფლიოში. მათთვის მიუღებელია გაბრიელ მარკესის ფილოსოფია — ადამიანს ზემოდან მაშინ უნდა დახედო, როდესაც მისი წამოყენება გინდა.
ხელისუფალთ ერთი სული აქვთ ევროკაშირში შესვლისა, ვინაიდან დაოთხილი ირბენენ ბრიუსელში და ნაცვლად საქმის შინ კეთებისა, იქ ლაქლაქში დახარჯავენ დროსა და ენერგიას, რაც საქმის კეთებაზე გაცილებით იოლია.
რა სჯობს იმას, იყო ევროკავშირის ქოლგის ქვეშ წამოწოლილი და ბრიუსელი აკეთებდეს შენს საქმეს?
შესანიშნავი პერსპექტივაა ზარმაცი პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც პარლამენტის წინ შეიკრიბა და ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით კატეგორიულად მოითხოვა კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ღონისძიების მონაწილენი გვარწმუნებდნენ, რომ საქართველო ევროპაა, რომლის გარეშე მისი არსებობა შეუძლებელია. მათი განცხადებებიდან გამომდინარე საქართველო — კანდიდატობის სტატუსგარეშე დარჩენილი, შეწყვეტს არსებობას.
იქნებ, პირიქით? ევროკავშირომანია ისეა გამჯდარი ქართულ ცხოვრებაში, ამ კითხვის დასმაც დანაშაულია.
ევრომანია მანამ გაგრძელდება, ვიდრე ბრიუსელი შეგვატყობინებს — საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება—არ მინიჭებას.
და თუ არ მოგვანიჭა, ეგზალტირებული, ფანატიზმამდე მისული საზოგადოება ჰარაკირის გაიკეთებს? მუცელს არვინ გამოიფატრავს, მაგრამ ბრიუსელს რომ ლანძღვა-გინებით აავსებს, ეჭვი არ მეპარება.
გავიხსენოთ შარლ მიშელის ძალისხმევით მიღებული ხელისუფლება-ოპოზიციის შეთანხმება, შემდეგ მისი დარღვევა ხელისუფალთა მხრიდან.
მაშინ ხალხმა, აღრენილმა ბრიუსელზე, ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, ნაცთა ხელისუფლებაში მოსვლის შიშით. მაშინ ქართველმა პოეტებმაც თავისი სიტყვა თქვეს — ევროპელთა საძაგებლად.
ერთი ასეთიც იყო: „ჩამოვიდა შარლ მიშელი, თან წაიღო სამში გრძელი“.
დღეს ეს ხალხი მიტინგს აწყობს — ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით.
გაოცებს ქართველთა ზედაპირულობა, აბსტრაქტული აზროვნება (ყველას ეს არ ეხება, მაგრამ ვიღაცას ხომ ეხება?). გაოცებს იმიტომ, რომ მშიერ-მწყურვალე ქვეყანას უსერიოზულესი პრობლემები აქვს თითქმის ყველა სფეროში.
საზოგადოება არ აწყობს აქციებს გაძვირებულ საწვავზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო თუ სხვა სახის მომსახურებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, სხვა მრავალზე, რომელიც ადამიანის არსებობას ეხება, მაგრამ აწყობს მიტინგს ევროკავშირში შესვლაზე.
ხალხს ვერ გაუგია, რომ ევროკავშირში შესვლა ჩაწყობით არ ხდება, არც დროშაზე ხელისმოწერით, მუშაობითაა საჭირო, არა ისეთი, როგორსაც ოპოზიცია ქადაგებს — ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იაროს თხოვნით — მიგვიღეთო, არამედ შინ მუშაობით.
აი, აქ კი სერიოზულად მოვიკოჭლებთ. 30 წლის განმავლობაში რაც ვიცოდით, ისიც დავკარგეთ, რაც გვქონდა ფაბრიკა-ქარხნების სახით ჯართად გავყიდეთ, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი საზღვარგარეთის ან ბაზრობის გამყიდველის გზას გავუყენეთ, სოფლები და ქალაქები დავაცალიერეთ, ყველას თბილისში მოვუყარეთ თავი.
სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა 3,5 მილიონი ადამიანია, გაცილებით ნაკლები (5,5 მილიონი) დამოუკიდებლობის მიღებამდე. გლეხს სოფელი შეაძულეთ, მასაც უცხოეთში წასვლის სურვილი აღვუძარით. ფაქტიურად ქვეყანა სამრეწველო-აგრარულიდან, მომხმარებელზე გადავიყვანეთ — მდარე ევროპული კვების პროდუქტების გადამამუშავებელ ქარხანად ვაქციეთ. საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოებით ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჩამოუვარდება, ისე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
ვის უნდა ასეთი ქვეყანა? ევროკავშირს რომ არ უნდა, ფაქტია, მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ არ გვეუბნება — პოლიტიკური მოსაზრებით. მას უნდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის კარის ზღურბლთან — მუდმივ მოლოდინში.
მას არ უნდა, რომ საქართველომ კვლავ იქონიოს მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან, ამიტომ კვებავს მას დაპირებებით.
ევროკავშირი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის. ამ კავშირში ყველას შეაქვს საკუთარი წვლილი, რისთვისაც საჭიროა ყველა თვალსაზრისით იყო ისეთი, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებია.
ისეთი რომ იყო, ისთივე კანონმდებლობა უნდა გქონდეს, როგორც მათ; ისეთივე აზრისა უნდა იყო, როგორც ისინი; ლგბტ-ს წარმომადგენლებს კეტით არ უნდა დასდევდე და გეი-პარადების მოწყობას ხელს არ უნდა უშლიდე; ბრუსელიდან წამოსულ ყველა დირექტივას უყოყმანოდ უნდა ასრულებდე; უკრაინას ცალყბად კი არ უნდა უჭერდე მხარს, არამედ მთელი სიგრძე-სიგანით; რუსეთს უნდა ლანძღავდე და სანქციებსაც უნდა უწესებდე და სხვა.
ამ მოკლე ჩამონათვალიდან, რასაც ვასრულებთ — რუსეთის ლანძღვაა, ერთობ სასიამოვნო და მისაღები ბრიუსელისთვის, მაგრამ სხვაში მოვიკოჭლებთ.
ევროკავშირმა იცის, რომ ჩვენ მისი მოტყუება გვსურს, მაგრამ თავს არ იტყუებს. რა დაგვრჩენია? იმისთვის, რომ ევროკავშირში შეგვიშვან, ჩვენივე ხელით, ჩვენივე ქვეყანა უნდა ავაშენოთ. აშენებულს და აყვავებულს თვით ბრიუსელი შეეხვეწება შესვლას.
ხშირად გვესმის ევროპული „ფასეულობების“ შესახებ, რომ ეს ისეთია, მთელი მსოფლიო რომ შეჰხარის. რას ნიშნავს ევროპული „ფასეულობები“ — ვერვინ აგვიხსნა, ვერც აქ და ვერც იქ. ფასეულობებში რა იგულისხმება? სიტყვები „ფასეულობები“ ან „ღირებულებები“ — ლიტერატურას, ხელოვნებას, კულტურას, ადამიანის უფლებების დაცვას, ტოლერანტობას, განვითარებულ მეცნიერებას და თუ რას გულისხმობს, პასუხი არ ჩანს!
დიახ! ევროპა ხელოვნების, მწერლობის, კულტურის, მუსიკის სამჭედლოა, მაგრამ არც ნაკლებია სხვაგან, სხვა კონტინენტებზე. ამ კარგთან ერთად, ევროპა ორი ომის აკვანია, ისე, როგორც ფაშიზმის, რომელმაც მრავალი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
სიტყვის თავისუფლებაო — იტყვით. რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როდესაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პარლამენტარი ლამის გაროზგეს რუსეთის მიმართ პოზიტიურის თქმისთვის.
ჰაინრიხ ჰაინე — „ხალხი, რომელიც წიგნებს წვავს, ადამიანებსაც დაწვავს“. დაწვა კიდეც — ფაშისტურმა გერმანიამ, ისე, როგორც უკრაინელმა ნეოფაშისტებმა ოდესაში.
ევროკავშირში ჯერ-ჯერობით რუსი მწერლების შემოქმედებას არ წვავენ, მაგრამ კრძალავენ, ისე, როგორც მუსიკას, მხატვრობას, სპორტს. ევროკავშირი ურეაგიროდ შეხვდა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას — ბიბლიოთეკებიდან დოსტოევსკის, პუშკინის, ტოლსტოის, გოგოლის, ჩეხოვის წიგნების ამოღებასთან დაკავშირებით — უკრაინელებს ტვინს უზიანებსო — საბაბით.
„ტოლერანტი“ ბრიუსელი ურეაქციოდ ტოვებს ბალტიისპირა ქვეყნებსა და უკრაინში რუსთა შევიწროებას. მათთვის საყოფაცხოვრებო დონეზე მშობლიურ ენაზე ლაპარაკის აკრძალვას. რუსული ტელეარხების ყურების შესაძლებლობის მოსპობას. ევროპა-ამერიკის ეთერმა რახანია უარი უთხრა რუსულ ელექტრონულ მედიას. ასეთი სივრცე ვერაფრით ჩაითვლება სიტყვის თავისუფლების სავანედ.
ევროკავშირისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება წევრი ქვეყნების ალტერნატიული მოსაზრება, მითუმეტეს შელაპარაკება. ბრიუსელი ავლენს ლიბერალური დიქტატურის ნიშნებს, მოჭარბებულ აგრესიულობას.
სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული, მწვავე კამათი, როგორიც იყო რუსეთისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესების დროს. ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობზე არიან დაკავშირებული, წინააღმდეგნი წავიდნენ, რამაც აიძულა ბრიუსელი ნაცვლად ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, მიეღო რბილი ეკონომიკური — პროტესტანტთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ევროკავშირი, რახანია ეკონომიკური ორგანიზაციიდან, პოლიტიკურად გარდაიქმნა, ახლა კი სამხედრო ორგანიზაციობაზე აცხადებს პრეტენზიას. აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ გაჟღერდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის ბორელის პირით.
ფაქტიურად, ევროკავშირი გახდა ნატოს დანამატი. და როდესაც ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, თუ რუსეთი ადრე წინააღმდეგი არ იყო უკრაინა-საქართველო-მოლდოვას ევროკავშირში შესვლის, დღეს წინააღმდეგიაო.
ამას კი ამბობენ, მაგრამ საზოგადოებას არ უხსნიან რატომ არის რუსეთი წინააღმდეგი. მარტივი მიზეზის გამო — ისიც, ისეთი აგრესიული, მილიტარისტული პოლიტიკის გამტარებელია, როგორც ნატო.
ქართულ პოლიტიკას დიდი დაფიქრება მართებს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. წინა წერილში დავწერე, რომ გეოგრაფიულ, მითუმეტეს პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში, სადაც საქართველოა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რატომ? ევროკავშირელ საქართველოს გაუჭირდება მეზობლებთან ურთიერთობა, რომლებიც მას ევროატლანტიზმის აგენტად ჩათვლიან. მეზობლებთან ურთიერთობის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება.
ახლა გადავიდეთ მთავარზე — ევროკავშირის საქართველოსთან დამოკიდებულებაზე.
ევროკავშირის დამოკიდებულება ჩვენთან არ ნიშნავს მხოლობით რიცხვს, მრავლობითს ნიშნავს, ანუ უკრაინა-საქართველო-მოლდოვას. უკრაინა ომშია ჩართული. საქართველო და მოლდოვა ეკონომიკურად რუსეთზე არიან მიბმულნი, ვინაიდან არაფერს ელიან ევროკავშირიდან, გარდა დაპირებებისა.
სტრასბურგში გამართულ კონფერენციაზე — მიძღვნილს ევროპის მომავლისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას მრავალი წელი დასჭირდება, შესაძლოა ათეული წლები, თუკი ბრიუსელი არ დაწევს ევროკავშირში მიღების არსებულ თამასას.
მაკრონმა მარტო უკრაინა ახსენა. რაშია საქმე?
მაკრონმა წამოაყენა წინადადება ალტერნატიული ევროპული პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნისა, რომელშიც შევლენ ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირში.
გერმანიის კანცლერის შოლცის განცხადებით, ამ კავშირში შეიძლება შევიდნენ დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. ამ შემთხვევაშიც საქართველო-მოლდოვა გამორჩათ თუ გამოტოვეს?
ამერიკული ჟურნალის „პოლიტიკოს“ მიხედვით, ბრიუსელს პრეტენზიები აქვს საქართველო-მოლდოვასთან. ორივე იმყოფებიან კონფლიქტის ზონაში (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი), რაც მიღების შემთხვევაში თავისთავად გადავა ევროკავშირზე.
ბრიუსელი უკმაყოფილოა საქართველოთი იმიტომ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა, არ გახსნა მეორე ფრონტი.
აი, ასე ლაპარაკობენ საქართველოზე ევროპაში: „ღრმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა, რომელიც იწვევს ხელისუფლების მუშაობის პარალიზებას და მწვავე კრიტიკას ადრინდელი დემოკრატიული მიღწევებიდან უკან დახევის გამო“. აცხადებენ იმასაც, რომ შარლ მიშელის ძალისხმევა საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
დისკუსია კიევის, თბილისის, კიშინიოვის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვერ განხორციელდება. ბრიუსელმა უნდა დაარწმუნოს ისინი უარი თქვან „ევროპულ მოლოდინზე“. ევროკავშირის სამხრეთ კავკასიასთან კავშირების დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის განცხადებით ევროპარლამენტართა უმრავლესობამ არცკი იცის საქართველოს დედაქალაქის სახელი. მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა გაფართოების წინააღმდეგია. „მე არ მივუძღვნიდი ამ ქვეყნების წევრობის საკითხს ამდენ დროს, ვინაიდან უახლოეს მომავალში ეს არარეალურია“.
მახსენდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის იმჟამინდელი მოადგილის სტივენ სესტანოვიჩის სიტყვები, ნათქვამი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, რომელიც გაიმართა აშშ-ს საელჩოს შენობაში, პრეზიდენტის ამჟამინდელ რეზიდენციაში. „საქართველომ უნდა გააკეთოს თავისი საქმე. იმუშაოს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დასახვეწად, ეკონომიკის გასაძლიერებლად და როდესაც ჩვენ დავინახავთ თქვენს წარმატებებს ფართოდ გაგიღებთ ნატოსა და ევროკავშირის კარს“.
მან ისიც გვითხრა, რომ ამ ორგანიზაციების სისტემატური შეწუხება, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, რომელმაც არათუ სესტანოვიჩის, არამედ სხვა მაღალი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსის რჩევა თან წაიღო — ჩენი მხრიდან რეაგირების გარეშე დატოვებული. ვერადავერ ავაშენეთ ქვეყანა, პირიქით, აშენებულს შევუყენეთ წყალი, ვერ გავაკეთეთ ბევრი რამ — აუცილებელი და საჭირო. ჩვენ ისეთივენი დავრჩით, როგორებიც ვიყავით.
ნეტავ რამდენი ხელმოწერა დაიტია ევროკავშირის დროშამ? ვეჭვობ, ამ „გულისამაჩუყებელ“ აქტს ევროკავშირელობა მოჰყვეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
07/06/2022