21.12.2024

საქართველოში გაფურჩქნული „ჰიბრიდული“ ომი

„ის მიყვება პროვოკატორების ლოგიკას, რომლებიც კალიებივით მომრავლდნენ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. ოღონდ საქართველომ უკრაინას გადასცეს თუნდაც ერთი ტანკი, თუნდაც ჟანგიანი, მიუხედავად იმისა, გერმანია ან ინგლისი ნაცვლად ახალს მისცემს თუ არა საქართველოს, მნიშვნელობა არ აქვს. საქმე ისაა, რომ ანტირუსული მეორე ფრონტის გახსნის ქართველ ომის გამჩაღებლებს ჰაერივით სჭირდებათ თბილისიდან კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, ანუ რუსეთის საზოგადოების გაღიზიანების საბაბი“. ეს ამონარიდი არის რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან, რომელიც პარლამენტარ ელისაშვილს ეძღვნება.

აქვეა მისი განცხადებაც: „ამჟამად უკრაინელები გასაჭირში არიან. მე კი არასდროს ვყოფილვარ გულგრილი და შორიდან მაყურებელი, ამიტომაც ვარ უკრაინაში, ინტერნაციონალურ ლეგიონში მოხალისედ. მტერი უნდა განადგურდეს. „სლავა, უკრაინე! სლავა, გრუზიი!“ ეს „გულისამაჩუყებელი“ სიტყვები ბანდერული უკრაინის დამცველ ელისაშვილს ეკუთვნის.

მკითხველს ემახსოვრება „ქართველი გმირების“ კოლექტიური აღმაფრენა და უკრაინაში „გაფრენა“ ძმა უკრაინელების მხარდასაჭერად. მკითხველს ემახსოვრება ელისაშვილისა და სხვა „გმირთა“ ვიდეო-ჩართვები ფრონტის ხაზიდან — ამაყი განცხადებებით — რამდენი რუსი ოკუპანტი დახოცეს იქ მიმდინარე ბრძოლებში.

ყველას დაგვამახსოვრდა ბუჩაში გადაღებული ვიდეო-კადრები პროფესიონალი „ბოევიკების“ ხიზანიშვილისა და მამულაშვილის საზარელი საქციელით, ისე, როგორც განცხადებებით. პირველი — დატყვევებული რუსი ჯარისკაცისთვის ყელის გამოჭრა და მეორე — ასეთი სახის ნათქვამი — ჩვენ ტყვეებს არ ვიყვანთ, ადგილზე ვანადგურებთ.

ომს თავისი წესები აქვს და მისი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია. რუსეთის საგამოძიებო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ სამხედრო დანაშაულის ჩამდენთა გამოსავლენად, შემდგომში ტრიბუნალისთვის გადასაცემად, ამასთანავე იმის დასადგენად, რომელი ქვეყნის მოხალისე ხოცავდა რუს სამხედროეებს ფრონტზე. ასეთნი ტრიბუნალს ვერ აცდებიან, ელისაშვილის გასაგონად.

შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ინფორმაციას, უფრო სწორად ისრაელის სპეცსამსახურ „ნატივის“ ყოფილი ხელმძღვანელის იაკოვ კედმის განცხადებას:

„ძნელია ეჭვი მიიტანო რუსეთისადმი საქართველოს ხელისუფალთა სიმპათიებში. პოლიტიკოსებმა თბილისში დიდი ხანია კურსი დასავლეთზე აიღეს და ოცნებობენ ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე. ამდენად გულმოდგინედ მხარს უჭერენ ანტირუსულ სანქციებს. მიუხედავად ამისა კიევი და დასავლელი პარტნიორები თვლიან, რომ საქართველო არცთუ აქტიურად მონაწილეობს კოლექტიურ ძალისხმევაში, რუსეთის შესაკავებლად და მოკრძალებული არის უკრაინისთვის დახმარების გაწევაში. საქართველოს პრემიერი ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, ხსნის რა მას საქართველოს ეროვნული ინტერესებით, კრემლთან ურთიერთობის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ ვითარება შეიძლება შეიცვალოს.

საქართველო კლასიკური მაგალითია იმისა, რა ემართებათ იმათ, ვინც მზადაა საკუთარი სახელმწიფოებრიობა 30 ვერცხლად გაყიდოს.

ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ქვეყანაში წამოვიდა ფინანსების წვიმა, სამხედრო და ტექნიკური დახმარება. 2000-იანი წლებიდან თბილისში აქტიურად დაიწყეს ფუნქციონირება „დემოკრატიის მომწოდებელმა“ ამერიკელებმა. საერთაშორისო განვითარების აშშ-ს სააგენტომ, სოროსის ფონდმა „Freedom House“-მა, სხვებმა. 2009 წელს ხელი მოეწერა ამერიკულ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელმაც ფაქტიურად დააკანონა საქართველოში ამერიკელთა ყოფნა და განამტკიცა თანამშრომლობის პარამეტრები ყველა სფეროში — თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ვაჭრობის. ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებით, ვაშინგტონი მოხსენიებულია უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, ისე კი უმჯობესია ეთქვათ პატრონად.

ამიტომ ღარიბაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ამას დასავლეთში არავინ მიაქცევს ყურადღებას.

თუ აშშ-ი უბრძანებს საქართველოს, უფრო აქტიურად გამოავლინოს თავი ანტირუსულ საქმეში და გააძლიეროს კიევის მიმართ მხარდაჭრა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისი დათანხმდება“.

დათანხმდება თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შავი ღრუბლები მოდის დასავლეთიდან — წარღვნის მომასწავლებელი, ფაქტია.

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია? ურთიერთგამომრიცხვავ ქმედებას, ხშირ შემთხვევაშ ავლენს არაპრინციპულობას, არამდგრადობას, რაც ოპოზიციას აგულიანებს და პროვოკაციებისკენ მიმართავს. მაგალითები ამისა მრავალია. მარტო ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული დათმობები რად ღირს?

ან უკრაინასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა შორის მეორე ფრონტის გახსნა და სანქციების არდაწესება იშვიათი პოზიტიური გადაწყვეტილებებია.

ხალხმა დადებითად შეაფასა ხელისუფლების მოქმედება და ჩათვალა, რომ მთავრობა არც ისეთი „დედალი“ და მონაა დასავლეთისა, როგორიც ეგონა.

ღარიბაშვილმა, გარდა იმისა, რომ ამ ქმედებით ქულები ჩაიწერა საზოგადოების თვალში, ოპოზიციის გამოკლებით, პოზიტიური განწყობა შექმნა საქართველოს და პირადად პრემიერის მიმართ კრემლისა და რუსეთის პოლიტიკურ წრეებში.

მიმტევებელმა რუსმა უმალ გვერდზე გადადო წყენა, გამოწვეული მძიმე ქართული რიტორიკით, არანაკლები მძიმე მოქმედებით და დადებით კონტექსტში მოიხსენია საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ანტირუსული რიტორიკა დღესაც გრძელდება.

რუსეთის პოლიტიკა მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისთვის თუნდაც მცირედი დადებითობა, შეუფასებელი არ დარჩება. და აი შედეგიც — სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარება, რუსეთთან მიერთების თემით. კრემლმა განაცხადა, რომ ხალხის სურვილს ის პატივს სცემს, მაგრამ მიერთების საკითხი მის, ანუ რუსეთის დღის წესრიგში არ დგას.

ნახეთ რა მოიტანა ანტირუსული სანქციების არდაწესებამ? სანქციებისა, რომელიც რეალურად რუსეთს ვერაფრებს დააკლებდა. მსოფლიომ რუსეთს 10000-ზე მეტი სანქცია დაუწესა, რასაც რუსეთი მედგრად იტანს და საქართველოს მიერ დაწესებული სანქციები რას დააკლებდა?

ვერ დავეთანხმები ოპოზიციონერთა განცხადებებს, რომ რუსეთისგან რაიმე პოზიტიური ნიშნის მსგავსი გაუგონარ-უხილავია.

სცდებით, პოლიტიკოსებო! თან აცდენთ და ატყუებთ საზოგადოებას. ჯერ ერთი, საქართველოს, როგორც აგრესორს და ცხინვალში ომის გამჩაღებელს, რუსი მშვიდობისმყოფელების დამხოცაცს, თვით უნდა მიემართა რუსეთისთვის — ბოდიშის მოხდით. მეორე, ის უნდა ყოფილიყო ინიციატორი რუსეთთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების და ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარაკა — არ შევხდები, ვიდრე ოკუპირებულს არ დამიბრუნებს, ჯარებს არ გაიყვანს და უკან არ წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

ამ ულტიმატუმის გამჟღერებელი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის (საკუთარი თავისთვის), თითქოს მან მოიგო ომი, თითქოს მას არ დაუკარგავს ტერიტორიები.

რომელი საერთაშორისო ნორმებით არის განსაზღვრული ომში გამარჯვებული ქვეყნის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება?! საქართველომ დაიწყო ომი და დამარცხდა. გამარჯვებულმა დაიკავა დამარცხებულის ტერიტორიები. სადავოც არაფერია.

საქართველოს, ფინეთის მაგალითი უნდა გაეზიარებინა. სსრკ-ფინეთის ომში, ფინეთმა დიდი ტერიტორიული დანაკარგი განიცადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, საერთო ენა გამონახა კრემლთან, რომელმაც ფინეთს დიდი ეკონომიკურ-სოციალური პროგრესი არგუნა. რა იქნება ფინეთის ნატოში შესვლის შემდეგ, მომავალი გვიჩვენებს.

საქართველო გაიბუტა, დსთ-დანაც გამოვიდა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვიტა, რითაც თუ ვინმეს ავნო — მხოლოდ საკუთარ თავს. და მიუხედავად ამისა რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ, არაერთხელ გამოთქვა სურვილი შეხვედროდა საქართველოს ხელისუფალს. არც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ლავროვს დაუკლია მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ხომ არაფერი გვეთქმის.

რუსი ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული ფულით ივსება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება უკრაინაში სპეცსამხედრო ოპერაციის შემდეგ — საქართველოში შემოსული რუსი „ლტოლვილების“ წყალობით.

24 თებერვალმა ბევრი ნეგატიური რამ გამოიწვია, მაგრამ არის პოზიტიურიც, რომელსაც მშვენივრად იყენებენ ჩვენი მეზობლები — ხსნიან რა თავიანთ ქვეყნებში რუსული ბიზნესის ფილიალებს, შერეულ საწარმოებს. საქართველოს, ნაცვლად იმისა, რომ პრაგმატულად ეაზროვნა, უკრაინასა და ქართულ ოპოზიციას მისცა საშუალება გაუთავებელი ლაქლაქის — სანქციების გვერდის ავლით უცხოეთთან რუსული ბიზნესკავშირების გაგრძელებაზე.

საქართველოს ხელისუფალთ კატეგორიულად უნდა ეთქვათ, რომ არც ოპოზიციის და მითუმეტეს არც უკრაინის საქმე არ არის, ვისთან რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს. ნაცვლად ამისა საქართველოს ხელისუფლებამ თავისმართლება დაიწყო, რითაც უკრაინას აგრძნობინა სისუსტე, რაც თავისთავად ახალი პრეტენზიების წყარო გახდება.

რაღაც არ მახსენდება უკრაინის პრეტენზიები აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის მიმართ, სადაც ჩქეფს რუსული სანქცირებული ბიზნესი.

საქართველოს ხელისუფალთ არაფერი უღონიათ უპასუხისმგებლო ტელე-ოპერატორების ვოლუნტარისტული გადაწყვეტილების შესაცვლელად. როგორც იცით, „სილქნეტმა“, „TV-სარფმა“, სხვებმა მოსახლეობას გაუთიშეს რუსული არხები, ვითომდა თვით მოსახლეობის თხოვნით, რაც ტყუილია.

ნამდვილ, მართალ ინფორმაციას მოკლებული მოსახლეობა სწორედ ის პლასტელინია (ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილის ტერმინი), რომლისგანაც ისეთს გამოძერწავ, როგორიც კოლექტიურ დასავლეთს სურს.

თანამედროვე ლექსიკასა და ადამიანთა ტვინში ჩაჯდა ტერმინი „ჰიბრიდული ომი“, რომელიც აგიტაციას, PR-კამპანიას და სხვა მრავალ დასავლურ სიბილწეებს ეხება — ასე უხვად დაბერტყილს საქართველოს მოსახლეობის თავზე და არა მარტო საქართველოს.

ნათქვამია, ვინც ფლობს ინფორმაციას, ის იმარჯვებს. მე კი დავამატებდი, ვინც PR-კამპანიით ცრუობს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, ისიც იმარჯვებს. შედეგიც სახეზეა — საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს „საწყალ“ უკრაინას უჭერს, ვინაიდან მართალ ინფორმაციას მოკლებულმა, არც უკრაინის ნეოფაშიზმი იცის, არც ფაშისტური ორგანიზაცია“ აზოვის“ ან „პრავი სექტორის“, სხვების შესახებ; არც ის იცის უკრაინის დასავლეთში, აღმოსავლეთიდან ჩასულ უკრაინელებს ტყავს რომ აძრობენ ბინის ქირაში და ყოველდღიურად უძვირებენ; არც ის იცის, აქ შეგროვებულ ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორ ყიდიან უკრაინელი ქორვაჭრები და ა.შ.

ჩვენ კი თავი მოგვაქვს — უკრაინელ ლტოლვილებს ბინას უფასოდ ვუთმობთო, ჰუმანიტარულ ტვირთს სისტემატურად ვუგზავნითო, … ჩვენც გვქონდა ომი 2008 წელს, მაგრამ, რაღაც არ მახსოვს უკრაინელებს ისე შემოეხიათ ტანზე, როგორც ჩვენ. რის ბრალია ეს, „ძვირფასო“ ხელისუფლებავ? — თქვენი არათანმიმდევრული პოლიტიკის.

ვის მოვთხოვოთ პასუხი, თუ არა თქვენ, როდესაც ტუტუცი ქართველი მძღოლები „პუტინ ხუილოს“ სტიკერებს აწეპებენ საკუთარ ავტომობილებზე, სხვა უწმაწურ, ანტირუსულ გამონათქვამებთან ერთად?! ანდა რას ნიშნავს ყველა სარეკლამო დაფაზე უკრაინის დროშის ფრიალი? არ გვეყო ევროკავშირის დროშის — ორგანიზაციის, რომლის წევრიც არ ვართ? უკრაინამ რა, დაიპყრო საქართველო და ჩვენზე გამარჯვებულმა აგვიფრიალა დროშა?

თითოეულ სიტყვას, მითუმეტეს ქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს დღეს, ესოდენ მძიმე, გაურკვეველ მსოფლიო ვითაებაში. 24 თებერვალმა ბევრი რამ შეცვალა კაცობრიობის ცხოვრებაში და ბევრსაც შეცვლის. მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც 23 თებერვალს იყო. რუსეთმა ამოატრიალა მსოფლიო შესაბამისი მიზნით, რომელსაც მრავალპოლუსიანობა ჰქვია.

უკრაინაში, დღესაც რომ შეწყდეს ომი, რუსეთს 140000 კვ. კმ ტერიტორია დარჩება, მაგრამ რუსეთი აგრძელებს დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციის პროცედურას — თანმიმდევრულად. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოს გვერდით ეყოლება ომში გამარჯვებული, წელგამართული რუსეთი, ფაქტია, ისე, როგორც ქედმოხრილი კოლექტიური დასავლეთი, მარცხით ერთობ გამწარებული.

ასეთი, ვიღაცაზე, ცხადია სუსტზე უდავოდ გადმოანთხევს ცოფს. მისთვის სულ ერთი იქნება მოკავშირეა ის თუ არა. ის, უმალ გაიხსენებს ამ „სუსტის“ ყველა შელაპარაკებას, დავალების შესრულებაზე თავის არიდებას და საკუთარი პრესტიჟის ასამაღლებლად შემოულაწუნებს.

„სუსტი“ ჩვენ ვართ. გაგვიხსენებენ სანქციების არდაწესებას, მეორე ფრონტის არგახსნას, სხვას და გვცემენ. კარგა ხანია იმ „სამოთხეში“ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, მათთვის სასურველით ჩანაცვლებაზე ფიქრობენ. მცდელობაც ჰქონდათ — ისტორიაში გავრილოვის სახელით შესულით. მაშინ ვერ მოახერხეს, თუმცა პარლამენტზე შტურმიც განახორციელეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ გული აუცრუვდათ და საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე არ ფიქრობენ, ცდებიან.

კიდევ ერთხელ გულდასმით წაიკითხეთ კედმის განცხადება, სადაც ის ამბობს — საქართველოს ხელისუფლებას მაინც დაიყოლიებენო. ჩემის აზრით, თუ ვერ, მაშინ გააგრძელებენ შეცვლისთვის კარდინალური ნაბიჯების გადადგმას. ნიადაგი მზადაა — „ჰიბრიდული ომის“ შედეგად განოყიერებული.

რა მაქვს მხედველობაში? ანტირუსული პროპაგანდით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციები — შექმნილი რუსეთის ყოფილი მოქალაქეების ან მოქალაქეების, რომლებსაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვთ მიღებული. ეს ანტირუსული ორგანიზაციები რუსეთის ლანძღვის გარდა საქართველოს ხელისუფლებასაც ლანძღავენ, როგორც პრორუსულს, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მიერ დასმულს.

ამ ორგანიზაციებს შორის გამოირჩევა „თავისუფალი რუსეთი“, რომელიც 2019 წელს არის დარეგისტრირებული საქართველოში. ორგანიზაცია დააარსა ეგორ კუროპტევმა. ეს ადამიანი რუსეთიდან გამოიქცა და ჩვენი „გულუბრყვილო“ მასპინძლობის წყალობით, აქედან ლანძღავს რუსეთს, მის ხელისუფლებას.

ცნობისთვის, „თავისუფალი რუსეთი“ 2014 წელს დაარსდა ვაშინგტონში. მას ფილიალები აქვს ყოფილ საბჭოთა სივრცეში. კუროპტევის არასამთავრობო ორგანიზაცია ფილიალია ვაშინგტონის ორგანიზაციისა, რომელსაც სათავეში უდგას ჩვენთვის ცნობილი დევიდ კრამერი — საქართველოს ხელისუფლების პირწავარდნილი კრიტიკოსი.

კრამერი, ქართულ ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირში მყოფი, მოუწოდებს ვაშინგტონს სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს.

ხშირად აქვს ადგილი „თავისუფალი რუსეთის“ მიერ მოწყობილ ანტირუსულ მიტინგებს. ერთ-ერთი ასეთი ამ ორგანიზაციამ საქართველოს პარტია „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან გამართა. ეს, მიტინგი უფრო მეტად ანტიქართული, ანტისახელისუფლებო იყო, ვიდრე ანტირუსული.

ა.წ. 15 მაისს კუროპტევმა მიტინგი მოაწყო საქართველოს პარლამეტთან ასეთი ლოზუნგით: „პუტინი მკვლელია“. ინტერნეტის საშუალებით, ისე, როგორც თბილისში აკრედიტებული დიპლომატებისა და ჟურნალისტების ძალისხმევით, კუროპტევის მიტინგის თაობაზე მთელმა მსოფლიომ გაიგო. გაიგო ისიც, რომ „მკვლელ პუტინს“ სიმპათია აქვს მოპოვებული საქართველოს ხელისუფლებაში.

კუროპტევი თავისი აქტიური ძალისხმევით ორ  კურდღელს კლავს — რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება კი რასა იქმს? არც არაფერს. დუმს. არადა, როდესაც დასჭირდა აზერბაიჯანელი ჟუნალისტი მუხტარლი თხოვნისამებრ აზერბაიჯანს გადასცა. მართალია საქართველოს, რუსეთიდან ასეთი თხოვნა არ მიუღია, მაგრამ როდესაც გადამთიელი, შენი მასპინძლობით გაზულუქებული, გებრძვის, სხვაგვარად უნდა მოიქცე.

კუროპტევის ორგანიზაციის გარდა, აქტიურობით გამოირჩევა Conflict Intelligence Team — საჯაშუშო ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში უდგას რუსეთის მოქალაქე რუსლან ლევიევი. ეს, ის ორგანიზაციაა, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს ტყუილებს რუსეთის და უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ. ისიც ისე, როგორც კუროპტევი და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ორ კურდღელს კლავს — საქართველო-რუსეთის ხელისუფალთა სახით, რასაც საქართველოს ხელისუფლება რეაგირების გარეშე ტოვებს — აქაოდა სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია გვაქვსო. აღარაფერს ვამბობ ანტირუსულ ტელეკომპანია „დოჟდზე“, რომელიც ისე გრძნობს თავს აქ, როგორც თევზი წყალში.

დიახ! ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ გვქონდეს სიტყვის თავისუფლება, უცენზურო მედია, მაგრამ ჩავიხედოთ ჩვენს თავში და გულწრფელად ვთქვათ, ვასრულებთ ამ სურვილს.

თუ ვასრულებთ, მაშინ ელექტრონულ მედიას რატომ სტუმრობენ მარტო ანტირუსი, პროდასავლელი რესპონდენტები?

„რადიო თავისუფლება“, „მაესტრო“, სხვები რატომ უთმობენ ეთერს მარტო ისეთ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, რომელთაც მზე და მთვარე დასავლეთზე ამოსდით; რომლებიც რუსეთის ლანძღვით იკმაყოფილებენ ბოღმამორეულ გრძნობებს, ამასთანავე შეცდომაში შეჰყავთ მსმენელი? ნუთუ, ასე ძნელია ალტერნატიული მოსაზრების რესპონდენტის მიწვევა ეთერში?

მედიამ, აღარაფერს ვამბობ ოპოზიციაზე, საზოგადოება ორ მტრულ ბანაკად დაჰყო, რაც პატარა ქვეყნისთვის არათუ მიუღებელი, დამღუპველია. ხელისუფლება კი დუმს.

მმართველი პარტია, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ დამფუძნებელს ივანიშვილს მაინც იცავდეს თუნდაც კუროპტევ-ლევიევებისგან და ათასი ჯურის გადამთიელებისგან — სიტყვის თავისუფლებას ვიცავთო, გაიძახის.

ზემოთ აღვნიშნე რუსეთის ხელისუფალთა მხრიდან დადებითი იმპულსების ნიშნები, საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით გამოწვეული. ისე ნუ ვიზამთ, რომ ეს დადებითობა, უარყოფითში გადავზარდოთ რუსეთისთვის მიუღებელ რუსთა, ანუ ანტირუსთა გამო.

P.S. აღნიშნულ თემაზე საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ. სტატია იხილეთ ჩვენს საიტზე https://isari.ge/ .

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/06/2022