13.10.2024

მყარად დაჰკარით ფეხი ტრამპლინს ევროპაში ჩასახტომად

გასული კვირის ყველაზე მეტად სალაპარაკო თემა პრემიერ-მინისტრის პარლამენტის სხდომაზე დასწრება იყო, შესაბამისი სიტყვით და პარლამენტართა კითხვებზე პასუხის გაცემით.

ოპოზიციონერი პარლამენტარები, მედია და ექსპერტობა პრემიერის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით სავარაუდო მოსაზრებებს გვთავაზობდნენ, რომელთა შორის არმისვლის შესაძლებლობა, საწინააღმდეგოს აჭარბებდა.

ოპოზიციონერთა ნათქვამიდან გამომდინარე ჩანდა, რომ დიდი სიამოვნებით შეხვდებოდნენ პრემიერის უარს, რაც კანონმდებლობით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საბაბი შეიძლება გამხდარიყო.

პრემიერი მივიდა, რითაც წყალი გადაასხა ოპოზიციას და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს მას უფრო მეტად სურდა პარლამენტში მისვლა, ვიდრე ოპოზიციას.

რატომ უნდოდა პრემიერს პარლამენტში მისვლა და რატომ არ უნდოდა (გულის კუნჭულში) ოპოზიციას არ მისვლა?

პრემიერის სურვილი იყო პარლამენტარებისთვის ეთქვა ის, რაც თქვა, რომ ოპოზიციონერები ევროკავშირის დერეფნებს ტკეპნიან ერთადერთი მიზნის მისაღწევად — საქართველოს არ მისცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

პრემიერმა, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი დაასახელა იმ მოღალატედ, რომელიც ევროკავშირის კულისებში იღვწის „ოცნების“ საქართველოს ევროკავშირში შეშვების წინააღმდეგ.

სამადაშვილს, ისე, როგორც დანარჩენ ოპოზიციას ერთი სული აქვთ იხილონ საქართველო ევროკავშირში, მაგრამ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. აი, ოპოზიცია რომ იყოს ხელისუფლებაში, მაშინ კანდიდატობის სტატუსის მინიჭების ცერემონიალზე, თუკი ასეთს ექნება ადგილი, მეორედ ჩაბუქნავენ „შალახოს“.

„ქართული ოცნების“ პოზიცია კანდიდატობასთან დაკავშირებით ოპოზიციის იდენტურია, თუმცა თავშეკავებული, ვინაიდან მმართველმა პარტიამ იცის რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ბრიუსელის თანხმობა.

ის, ისეთივე სიხარულით ჩაბუქნავდა „შალახოს“, როგორც პირველჯერ — ასოცირებული წევრობის სტატუსის მიღებისას. ამ შემთხვევაში „ოცნებას“ მუდამ საამაყოდ ექნებოდა „კანდიდატობა“.

ოპოზიცია დაბეჯითებით აცხადებს, რომ საქართველოს, რომელსაც უხილავი მმართველი ივანიშვილი ჰყავს, შორს არის დემოკრატიისგან, ისე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისგან, თან პრორუსული პოლიტიკის გამტარებელია, ამიტომ არვინ მისცემს მას კანდიდატობას.

ოპოზიცია თვლის, რომ ე.წ. ტრიოდან — უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, საქართველოს გამოტოვება ქვეყნის შეურაცხყოფა იქნება, რომელსაც ევროკავშირი კი არ მიაყენებს მას, არამედ „ოცნება“ და ივანიშვილი.

ოპოზიცია, წინასწარ, სიხარულით იფშვნეტს ხელს, რომ საქართველოს არ მისცემენ კანდიდატობას და ახალი ომისთვის ემზადება „ოცნება“—ივანიშვილის წინააღმდეგ — ქუჩაში ხალხის გამოყვანით, მიტინგებით, მთავრობის დამხობით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნით და რაც მთავარია ხელისუფლებაში მოსვლით.

როგორც გარედან, ამ სეირის მაყურებელს, ისეთი აზრი მიჩნდება, რომ „ოცნება“ ასე პრიმიტიულად არ დათმობს. არც ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს, რის შესახებაც არაერთხელ თქვა და არც სხვა ოცნებას შეუსრულებს ოპოზიციას, მორიგ არჩევნებსაც მოიგებს და ა.შ.

ხელისუფლება-ოპოზიციის ძიძგილაობაში ქვეყანა იკარგება. ქვეყანა, რომელიც უკიდეგანო ოკეანეში, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნავს ჰგავს — უკომპასოდ დარჩენილს, განწირული მგზავრებით.

30 წელია ღონგამოცლილი დავფარფატებთ საერთაშორისო არენაზე — უკეთესი ცხოვრების, მდიდარი, კეთილი ღმერთი-ქვეყნის დახმარების მოლოდინში და ვერ გაგვიგია, რომ ასეთი „ღმერთები“ მხოლოდ ზღაპრებშია. სინამდვილეში კი სხვაა, ანუ სათაგურისა და უფასო ყველის მსგავსი.

უფასო ყველი, განათლება, სამედიცინო მომსახურება, იაფი კვების პროდუქტები, იაფი საწვავი, იაფი კომუნალური გადასახადები, იაფი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ ვერ შევიშნოვეთ, უარი ვთქვით, წიხლი ვკარით და დღესაც, 30 წლის გავლის შემდეგ ვაფურთხებთ და ვაგინებთ.

ის ცხოვრება, რომელიც საბჭოეთში გვქონდა არ დაბრუნდება, ვინაიდან იქ, სადაც ის საბჭოეთი იყო — სხვა ცხოვრებაა, ჩვენნაირი სისტემით, მაგრამ გაცილებით უკეთესი შინაარსით — მასშტაბურით, შემოქმედებითით.

ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში ჩვენზე უკეთესი ცხოვრება აქვთ, მაგრამ მათგან გამორჩეული და უკეთესი იქ არის. თან იქაურნი, იმ კეთილი ღმერთი-ქვეყნის ბინადარნი, გაცილებით გულისხმიერნი არიან, ვიდრე ისინი, ვისზეც მზე და მთვარე ამოგვდის, ვისგანაც სიკეთესა და დახმარებას ველით, მაგრამ იქით არ ვიყურებით.

ვინ აგვიკრძალა გახედვა? — ჩვენმა უმეცრებამ! ბუნებაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ძალა, რომელსაც ძალუძს ვინმეს აქეთ-იქით გახედვის აკრძალვა.

აი, ის დასავლეთი არ გვახედებს ჩრდილოეთისკენ, ვამბობთ ხშირად, თავის გასამართლებლად, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც თითო-ოროლა მისახვედრ სიტყვას ვისვრით — რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება, წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნებოდითო.

დაახლოებით ასეთი შინაარსისა იყო პრემიერ ღარიბაშვილის სიტყვის ერთი მონაკვეთი, წარმოთქბული პარლამენტში.

გავშიფროთ მონაკვეთი, საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ ეხებოდა. როგორც ცნობილია, „ოცნების“ ხელისუფლებამ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, რითაც გადაიმდურა ე.წ. კოლექტიური დასავლეთი — გარეთ, შინ კი ოპოზიცია.

„ოცნების“ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება პრაგმატული პოლიტიკით ახსნა. ანუ სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველო დაკარგავდა რუსეთის ბაზარს, გაიუარესებდა ამ ქვეყანასთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, რასაც მოჰყვებოდა მოსახლეობის სოციალური პირობების გაუსაძლისობა და ა.შ.

„ოცნების“ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იყო გონივრული და ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც მას გადაუდგამს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას მას ვერვინ შეაცვლევინებს. შემდეგ მან ჩამოთვალა ოპოზიციისა და დასავლეთის წინაშე თავისგასამართლებელი ის ანტირუსული გადაწყვეტილებები, რაც „ოცნებამ“ მიიღო უკრაინაში, რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ.

ჩამოთვალა, მაგრამ რა ჩამოთვალა — უამრავი ნეგატიური, რაც ამ ხელისუფლებას გაუკეთებია საერთაშორისო არენაზე რუსეთის გასაშავებლად.

შეხედეთ, რა მაგრები ვართ — სიამაყით გადახედა დარბაზს ღარიბაშვილმა. ამის მომსმენ რუსეთს უდავოდ გაუჩენდა საქართველოს მიმართ ნეგატიურ განწყობას, მაგრამ ის მიმტევებელია — მიმტევებელი ბირთვული სუპერსახელმწიფო, განსხვავებული იმ სუპერისგან, რომელიც ჰეგემონობაზე დებს თავს.

წარმოიდგინეთ ღაირბაშვილის ჩამონათვალი აშშ-ნ მიმართებაში რომ ყოფილიყო, ვიარსებებდით?! რუსეთს ვუბედავთ და არა მარტო ჩვენ, არამედ თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. ვუბედავთ იმიტომ, რომ ვიცით მისი დიდსულოვნება, მიმტევებლობა, შენდობა. მაგრამ გაბედვაც არის და გაბედვაც, ისე, როგორც მიმტევებლობა და შენდობა.

მიმტევებლობას მიჩვეულნი ხშირად გადავდივართ ზღვარს, როგორც ზეპირი, ისე უსაფრთხოების რეალური დარღვევის თვალსაზრისით.

მოდით გულწრფელად გადავხედოთ 30 წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს მიერ ნათქვამ სიბილწეებს და ვაღიაროთ — მსგავსი რომ გვეკადრებინა აშშ-ს ან ევროკავშირ-ნატოსთვის, ვიარსებებდით თუ არა?

ეს, რაც სიტყვას შეეხება, რაც საქმეს შეეხება? აი, რაც საქმეს შეეხება, 1992-2008 წლების ომების ისტორიის გაუხსენებლად შეუძლებელია.

პირველი, შევარდნაძემ წამოიწყო — 1992 წელს, რითაც საქართველომ, და არა შევარდნაძემ, დაკარგა აფხაზეთი. შევარდნაძე სამარადისო სასუფეველშია, ისე, როგორც საქართველოსთვის აფხაზეთი.

თავის მართლების მიზნით შევარდნაძემ და საქართველომ აფხაზეთის ამბვებში რუსეთი დაადანაშაულა, როგორც აგრესორი, აფხაზთა მხარეზე მეომარი, რაც სრული აბსურდი და ტყუილია. აფხაზეთის ომში რუსეთის არმიას არ მიუღია მონაწილეობა.

მაშ, რატომ  ვადანაშაულებთ რუსეთს? მარტივი მიზეზის გამო — ის მიმტევებელია და აგრესორობის იარლიყის მიკერებასაც გვაპატიებს.

რომ გვაპატია, იმიტომ არ შევჩერდით 2008 წელს. იმ წელს, პატიების ფაქტორთან ერთად დასავლეთის მოიმედეობაც იყო — ფსევდო-პატრიოტული აღმაფრენის წამახალისებელი და არა მარტო. 2008 წელს დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი იყო სწორედ ის, ვინც შეგვიკვეთა რუსეთთან ომი და ჩვენც, მორჩილი ნახირივით, გავყევით მის ბრძანებას.

მან იცოდა, რომ წავაგებდით, ჩვენ ვიცოდით, რომ აშშ-ს დახმარებით მოვიგებდით. შედეგი? — დაკარგული ტერიტორიები და რუსული აგრესია, ანუ რუსეთისთვის აგრესორის სახელის მეორედ მიკერება.

რუსეთმა აიტანა. დღემდე იტანს. აიტანდა აშშ? ვგონებ, შეკითხვა უადგილოა. არის ძველი ანეკდოტი — ცოლს სცემს ქმარი. გამწარებული ცოლი ეკითხება, მიზეზი რა არისო. აი, მიზეზი რომ იყოს, დედას მოგიტ…დიო.

უმიზეზოდ გალახა აშშ-ა სირია, ერაყი, ავღანეთი, ლიბია, იუგოსლავია, ვიეტნამი — გამოგონილი საბაბით. მისთვის, რომ საქართველოს ისეთი რამ გაეკეთებინა, როგორიც რუსეთს — სამშვიდობოების დახოცვის სახით, მიწასთან გაგვასწორებდა. რუსეთმა შეგვინდო, მერამდენედ, რითაც სტიმული მოგვცა მისი ლანძღვა-გინების.

ანალოგიური სტიმული მისცა რუსეთმა უკრაინას, რითაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. უკრაინელებმაც, ისე იფიქრეს, როგორც ქართველებმა და 30 წლის განმავლობაში მისი  მოსახლეობის უმრავლესობა ფაშისტებად აქციეს.

როდესაც სკოლის პირველი კლასიდან ბავშვს ასწავლი, რომ მისი მაგალითი ჰიტლერი, ბანდერა და შუხევიჩია; მისალმებისას ხელის ისეთ აქნევას დააუფლებ, ფაშისტური რომ იყო; შეიძულებ რუსს და ჩათვლი, რომ შენ, უკრაინელი რუსი, მაღალი რასისა ხარ, ხოლო არაუკრაინელი რუსი — დაბალის, მონღოლთა მოდგმის, რომელიც არც უკრაინაში უნდა ცხოვრობდეს და არც უკრაინის მეზობლად, და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას იწყებ, მასობრივი განადგურების ბიოლოგიურ იარაღთან ერთად, რუსეთმა უნდა აიტანოს? თავი შეუშვიროს ამერიკულ-ევროპულ ჭურვებს — უკრაინელთა მიერ ნასროლს?!

8 წლის განმავლობაში ბომბავდა უკრაინის არმია დონეცკსა და ლუგანსკს, რომელმაც 14000 მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და როდესაც გადაწყვიტა ამ რეგიონის მიწასთან გასწორება, რუსეთმა დაასწრო.

 რაშია რუსეთი დამნაშავე? იმაში, რომ თავი დაიცვა? რუსეთი დამნაშავეა, აგრესორია და საზარელი ქვეყანაა, რომელსაც კაცობრიობისთვის მხოლოდ ცუდი მოაქვს — დაახლოებით ასეთი შინაარსისა იყო სოროსის დავოსში გამოსვლა. გადავარჩინოთ მსოფლიო დემოკრატია და ცივილიზაცია პუტინისგან — იყო მისი მოწოდება, რომელსაც ფორუმის მონაწილენი ტაშით შეხვდნენ.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი მისმა ორგანიზატორებმა პოლიტიკურ ფორუმად აქციეს — უკრაინული ელფერით, რაც აშკარა მანიშნებელია უკრაინელთა ხელით, რუსეთის წინააღმდეგ, დასავლური ომის წარმოების.

უკრაინა აგებს ომს. კოლექტიური დასავლეთი კი აქეზებს — იომოს. იარაღსაც მოგცემ, უკრაინის პოლიტელიტასაც ჯიბეში მსუყე თანხებს ჩავუცურებ, ოღონდ იომეთო.

 უკრაინელი, ისე, როგორც ამერიკული „ჯაველინი“, იარაღია ამერიკელის ხელში. მისი მიზანი რუსეთის დასუსტებაა — ეკონომიკურად, ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით. რატომო — მკითხავთ. — მარტივი მიზეზის გამო. აშშ-ი თვლის, რომ ჰეგემონობის პიედესტალზე მხოლოდ ერთი ადგილია და ისიც მას აქვს დაკავებული.

რუსეთის გაძლიერების შემთხვევაში მას ჩაჩოჩება მოუწევს. ჩაიჩოჩებს, გადმოვარდნა მოჰყვება. ქვეყანა, რომელიც 30 წლის განმავლობაში პიედესტალზეა, ვერ შეეგუება მის დატოვებას. ამერიკელთა პიედესტალზე ყოფნას ემსახურება უკრაინის ომი, სააკაშვილის მიერ დაწყებული 2008 წლის ცხინვალის ომი, ანტირუსული სანქციების მიღება — 10000-ზე მეტის, მთელი რიგი ქვეყნების წაქეზება და მათი ანტირუსულად აყეფება. ისეთი ფოჩიანი კამფეტების შემოთავაზება, როგორებიცაა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება და ა.შ.

პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილმა ჩამოთვალა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ გატარებული ღონისძიებების გრძელი ნუსხა — თავმოწონებით. ჩვენზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინისთვის არავის გაუგზავნიაო.

ღარიბაშივილი მართალია, მაგრამ ეს ტვირთი მან ქორვაჭრებს და ფაშისტ უკრაინელ მეომრებს გაუგზავნა?

რიგით უკრაინელამდე ტვირთი არ მისულა, ნაწილი „აზოვმა“ და მსგავსმა სამხედრო ბრიგადებმა დაითრიეს, ნაწილი ქორვაჭრებმა, რომლებმაც გაყიდეს.

ღარიბაშვილმა ისიც ახსენა, თუ როგორ სასათბურე პირობებს უქმნიან უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში — უფასო ტრანსპორტი, შეღავათიანი კვება, უფასო საცხოვრებელი და ა.შ. ახლა ვნახოთ როგორ ხვდებიან უკრაინელ ლტოლვილებს ქვეყნის იმ მხარეებში, სადაც ომი არ არის.

გაათმაგებულ ფასებში საცხოვრებლის მიქირავებით, საზღვარგარეთ გასასვლელად ქრთამის სახით 5000 დოლარის გამოძალვით და ა.შ. ამის შემხედვარე ხელისუფლება რატომ იმართლებს თავს ოპოზიციის წინაშე, გაურკვეველია.

ოპოზიცია გამუდმებით გაჰყვირის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია უკრაინისთვის მხარის დასაჭერად, დასახმარებლად. რას ნიშნავს ასეთი უსაფუძვლო განცხადება, თუ არა უსაფუძვლო დადანაშაულებას?! ხელისუფლებამ იმაზე მეტი გააკეტა, ვიდრე უკრაინელმა, უკრაინელს გაუკეთა. ფაქტი ასეთია.

ხელისუფლებამ, უკრაინის ხელისუფლებას არ აუსრულა ოცნება — რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა. ოპოზიცია ურცხვად აცხადებს, რომ უკრაინას მსგავსი არ უთქვიაო. ტყუით, ბატონებო, განსაკუთრებით ქალბატონებო! ყურები ჩვენც გვაქვს. არ დარჩენილა ზელენსკის არც ერთი თანაგუნდელი, რომელსაც არ ეთქვას, მაგრამ როდესაც ასე გწადია ხელისუფლების დადანაშაულება, მამალ ტყუილსაც იტყვი.

ახლა, რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. დავუშვათ, მივიღეთ, მერე რა? ამით ამოისუნთქებს ქვეყანა, ეშველება მას და მის ხალხს, გამოუსწორდება გაძაღლებული სოციალური ვითარება? ასოცირებულმა წევრობამ რაც მოგვცა, იმას მოგვცემს კანდიდატობა. მაგრამ ვეჭვობ, რომ მოგვცემენ — თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურების განცხადებებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება წევრობას — ისე შორს არის ჩვენგან, როგორც პლანეტა იუპიტერი. 20-25 წელს ვერ მიიღებს უკრაინა ევროკავშირის წევრობასო — აცხადებენ ევროკავშირელები. უკრაინაზე ნათქვამი, ჩვენთვის ნათქვამიცაა.

ეცროკავშირში გაწევრებამდე საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს. სიტყვა „ჰარმონიზაცია“ სასიამოვნოდ ხვდება ყურს, მაგრამ არა მაშინ, როდესაც კანონთა ერთნაირობასთან გვაქვს საქმე. კანონთა ერთნაირობა სულაც არ ნიშნავს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. პირიქით, დამოკიდებულებაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც გვქონდა საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს.

მაშინ უცხოელები ხშირად გვისვამდნენ კითხვას — რა განსხვავებაა თქვენსა და სსრკ-ს კონსტიტუციებს შორისო და ჩვენც ტვინის ჭყლეტვით ვუხსნიდით, რომ ჩვენი კონსტიტუციით ერთი წლით ადრე შეიძლება გათხოვება ან ცოლის მოყვანა.

მაგრამ ის საბჭოეთი, ევროკავშირისგან განსხვავებით, მთელ პასუხისმგებლობას ეკონომიკურ-სოციალური ყოფისა თავის თავზე იღებდა.

ევროკავშირის წევრობა ჩვენისთანა ქვეყნისთვის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის სრულ დაკარგვას ნიშნავს და ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებების უყოყმანო შესრულებას.

დავუშვათ, მიგვიღეს — ამიერკავკასიაში, მეზობლებთან სრულ განსხვავებაში არსებულ საქართველოს, როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდება მათთან? იქნება თუ არა ის, სამეზობლოში მურმანის ეკალივით ამოწვერილი? უდავოდ, იქნება.

დიახ! ჩვენს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს მეზობლობა არ ადარდებთ. შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ,  საქართველოს ევროპაში გადადგამდნენ, მაგრამ ფიზიკურად ეს შეუძლებელია. რაც შესაძლებელია — პოლიტიკურად, ძალას არ იშურებენ საკუთარი ბედნიერებისთვის და არა ქვეყნისთვის, რომელიც მათთვის სამშობლო კი არა, პოლიტიკური ტრამპლინია სულიერ სამშობლოში გადასახტომად, ევროპულ „ღირებულებებთან“ დასაახლოებლად.

შორიდან გამოქანდით, მყარად დაჰკარით ფეხი ტრამპლინს ევროპაში ჩასახტომად. რაც უფრო სწრაფად გააკეთებთ ამას და გაათავისუფლებთ „თქვენს ქვეყანას“, მით უფრო მალე ეშველება მას. იჩქარეთ, თქვენი კეთილდღეობისთვის, თქვენგან მიტოვებული ქვეყანა თვითონ მიხედავს თავის თავს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

30/05/2022