30.12.2024

PR, ომი და ფული

კოლექტიური დასავლეთის მიერ ზომაგადასულმა უკრაინულმა თემამ არა მარტო ევროპა-ამერიკის მოსახლეობის ტვინი დაიპყრო, არამედ აფრიკის, ლათინური ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და მრავალი სხვა ქვეყნის, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

დასავლურმა PR-მანქანამ ყველა რეკორდი მოხსნა უკრაინის ომთან დაკავშირებით და შექმნა სურათი უმწეო კრავისა, რომელიც ეს-ესაა რუსული დათვის ხახაში აღმოჩნდება.

უკრაინის განდიდებასთან ერთად მიმდინარეობს რუსეთის დამცირება, ამ ქვეყანაში საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი ყოველივე საინტერესოსა და საგულისხმოს მიწასთან გასწორება.

კოლექტიური დასავლეთის მიერ  „გმირად“ შეფასებულ უკრაინას, გმირი მეთაურიც ჰყავს, რომელიც „თავდადებით“ იღვწის უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის.

ამ მეთაურის გვარი, ზელენსკი, უკრაინაზე მეტად არის პოპულარული მთელს მსოფლიოში. ეს პოპულარობა მას არა მისმა საქმენმან მოუტანეს, არამედ კოლექტიური დასავლეთის რეკლამამ.

სწორედ მან გადაწყვიტა ტანმორჩილი, დაბალი დონის მსახიობისა და კომიკოსისგან, ბუმბერაზის გამოძერწვა, რასაც მიაღწია კიდეც.

დამისახელეთ თუნდაც ერთი პოლიტიკოსი, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, მეცნიერი, სპორტსმენი, რომელიც ზელენსკისნაირი პოპულარობით სარგებლობს.

სამხედრო მაისურში „გამოწყობილი“ ზელენსკი, მსოფლიო ლიდერებს ისე ხვდება, თითქოს მისთვის ჩვეული ყოველდღიურობა იყო ა.წ. 24 თებერვლამდე.

მაშინ, მათთან საუბარი კი არა, ერთ დარბაზშიც ყოფნა, ზელენსკისთვის აუხდენელი ოცნება იყო. დღეს, ყველა ქედს იხრის მის წინაშე. ერთმანეთს ეცილებიან, ვინ ჩაასწრებს კიევში „გმირთან“ შესახვედრად.

დასავლურმა PR-მანქანამ მსოფლიოში ჯერ არნახული ინოვაცია შემოგვთავაზა — სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტისთვის წვერმოშვებული, მაისურიანი ზელენსკის მიმართვა.

აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტის გამოკლებით, რომელი ქვეყნისას არ მიმართა „გმირმა“? მასპინძლები, ფეხზედამდგარნი უკრავენ ტაშს, „გულდათუთქულნი“ იზიარებენ მის ყოველ სიტყვას — რუსოფობიით გაჟღენთილს, შედიან მის და მისი ქვეყნის მდგომარეობაში, რომლის შესახებ ზელენსკის დიდ ეკრანზე გამოჩენისას გაიგეს.

ზელენსკი არა მარტო პარლამენტებს მიმართავს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებათა დამსწრეებსაც — კანის ფესტივალის, დავოსის ეკონომიკური ფორუმის, გაეროს უშიშროების საბჭოს.

ზელენკი გმირია, იმაზე მეტი ვიდრე თინეიჯერი ტუნბერგი იყო. გახსოვთ ალბათ, მეტიჩარა არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც „ხმალამოღებული“ იბრძოდა მსოფლიოს ეკოლოგიური სისუფთავისთვის.

ტუნბერგი სრულწლოვანია, მაგრამ მისმა ეკოლოგიურმა მოწოდებამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. არათუ დიდს, მცირედსაც ვერ, რაც არსებული რეალობის შედეგია — ფანტაზიისგან დაშორებულის.

ისე კი „მწვანე ენერგეტიკამ“ იმედი გააჩინა ხალხში, ცხადია აბსტრაქტულად მოაზროვნეებში და მრავალი ქვეყნის ტერიტორია დაფარა მზისა და ქარის ენერგიის გამოსამუშავებელი ძვირადღირებული დანადგარებით.

შედეგი?  — სავალალო, ამერიკა-ევროპის გაყინული მოსახლეობა ცივ ზამთარში.

ბუნებრივ აირზე, ქვანახშირსა და ბენზინზე, ისე, როგორც ბირთვულ ელექტროსადგურებზე უარის თქმამ, ლანძღვა-გინება არ მოაკლო ევროპა-ამერიკის ფანტაზიორ პოლიტიკოსებს, მთავრობებს.

ვიღას ახსოვს ტუნბერგი. ის ისტორიას ჩაბარდა, როგორც PR-ს წამიერი გაელვება, მაგრამ ამბობენ, ჩაბარდა ჯიბეგასქელებული. ტუნბერგს საკუთარი თავისთვის ტყუილად არ „უღვაწია“.

აი, ამ ტუნბერგს პოპულარობით ზელენსკიმ გადაასწრო, მაგრამ დიდხანს? ექსპერტთა აზრით, რამდენიმე თვეც და მისი პოპულარობა დასრულდება — რუსეთის მიერ უკრაინაში ფეხისმოკიდებასთან ერთად.

ზელენსკი და მისი გუნდი სამშვიდობოს გააღწევს და იქ იღვაწებენ, როგორც დევნილობაში მყოფი ხელისუფლება. მას მაშინაც მიაქცევს დასავლეთი ყურადღებას, მაგრამ ნაკლები დოზით და აღმაფრენით, ისე, როგორც ამას აკეთებს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ვითომ გამარჯვებული ტიხანოვსკაიას ან თუნდაც ვენესუელის „პრეზიდენტ“ გუაიდოს მიმართ.

გუაიდოს შემთხვევა ხომ საარაკოა თანამედროვე მსოფლიოში?! აქ PR-თან ერთად ამერიკა-ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლება იყო ჩართული. სწორედ მათ აღიარეს ოპოზიციონერი გუაიდო პრეზიდენტად, არჩეული პრეზიდენტის მადუროს სანაცვლოდ. დემოკრაიაც ამას ჰქვია!!! დასავლური ჭეშმარიტი დემოკრატია, რომელსაც ასე ეტრფის საქართველო.

აი, ეს არის ის დასავლური ფასეულობები, რომელსაც სისტემატურად ჩაგვჩიჩინებენ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება.

დღეს, გუაიდო არსად ჩანს. პრეზიდენტ მადუროს კი საჯდომს ულოკავს ბაიდენის ადმინისტრაცია — ამერიკისთვის ნავთობის მისაწოდებლად. მადუროს ახსოვს ბაიდენის წინამორბედის ოინები, ამდენად უჭირს ბაიდენს მისი დაყოლიება. მადურომ იცის, რომ მთხოვნელის როლში მყოფი ამერიკისგან კარგს არაფერს უნდა ელოდეს, ამიტომაც არ თანხმდება გარიგებას.

ზელენსკი წავა და თან წაიღებს PR-ით დაგროვილ პოპულარობას, მაგრამ მარტო ამას? დასავლური მედიის მიხედვით, ზელენსკი თან წაიღებს, უფრო სწორედ მიაკითხავს ევროპაში მის სახელზე არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, ევროპის ბანკებში ჩადებულ მილიარდებს.

უკრაინის 30-წლიან „დამოუკიდებელ“ ცხოვრებაში ხელისუფლებაში მყოფთა გამდიდრება ისეთივე ჩვეულებრივი რამაა, როგორიც ჰაერით სუნთქვა. უკლებლივ ყველა პრეზიდენტმა ჰაერის ჩასუნთქვას, მილიარდებიც მიაყოლეს. პრეზიდენტებს, თავი რომ ობლად არ ეგრძნოთ, მხარი ყველა დონის მოხელემ აუბა და შეიქმნა სახელი „უმწიკვლო“ ქვეყნისა, რომელსაც კორუფციაში გაწაფული ამერიკელებიც მექრთამეობის გაფურჩქვნაში ადანაშაულებენ.

ზელენსკი, დასავლელ მავანთა საფუძვლიანი მტკიცებით, 4 მილიარდი დოლარის პატრონია. მართალია, ის, ჯერ-ჯერობით ვერ უსწრებს ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს, თუნდაც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვს, ანდა თავდაცვის დღევანდელ მინისტრ რეზნიკოვს, მაგრამ მას აქვს დრო.

თითო დღეს მისთვის მსუყე თანხები მოაქვს, ისე, როგორც მისი გუნდის წევრებისთვის. ომი, გამდიდრების ნაცადი გზაა, ისეთი ავაზაკებისთვის, როგორიც ზელენსკია.

პარლამენტის წინაშე გამოსული ზელენსკი, შესანიშნავად ასრულებს სიკვდილის წინაშე მდგომი გმირის როლს, რითაც მილიონობით გულუბრყვილო ადამიანის სიმპათიას იმკის, მაგრამ ვკითხოთ დასავლურ PR-მანქანას — რას ემსახურება ზელენსკის თამაში? ფულის შოვნას! დიდი ფულის!

ომს დიდი ფული მოაქვს, როგორც მისთვის, ისე მისი გუნდისთვის, რისი დასტურიც 4 მაისის ღამეა — ზელენსკის ბუნკერში გამართული წვეულება-ღრეობით, მიძღვნილი არახამია-ერმაკის გამილიარდერებასთან.

ღრეობის დამსწრეებმა, ფრანგული შამპანიურით მიულოცეს მათ უკრაინელ მილიარდერთა კლუბში გაწევრება არახამიას — 1,6 მილიარდი დოლარით, ერმაკს — 1,12 მილიარდით.

ზოგიერთისთვის, ამ კლუბის უხუცესი წევრისთვის, თანხა მზესუმზირის ფასის ტოლფასია, მაგრამ ორივეს აქვს დრო, მეტის მოსახვეჭად, ამისთვის კი ომის გაჭიმვაა საჭირო, რასაც ისინი ახერხებენ, თან კოლექტიური დასავლეთისთვის მუდმივი თხოვნა სამხედრო-ფინანსური დახმარების გასაწევად.

დავოსის მიმართვაში ზელენსკიმ ტრილიონი ახსენა, სხვებს სხვას სთხოვს. დავოსის დამსწრე 20000 ბობოლისთვის ტრილიონი რა არის? ფეხზემდგარი დავოსის სტუმრობა უკრავდა ტაშს ზელენსკის. მათგან ნახევარმა მაინც რომ შეუსრულოს სურვილი უკრაინელ „გმირს“, ხომ გაასუქებს ზელენსკის ჯიბეს?

მარტო დავოსია ესოდენ გულუხვი? არც ამერიკის ადმინისტრაცია და კონგრესი, არც ინგლისის მთავრობა და პარლამენტი, არც ევროკავშირის ხელმძღვანელობა არ ჩამორჩებიან უკრაინისთვის ხელგაშლილობას.

იკითხავთ — სად მიდის ამდენი ფული? ის, რომ ჯარს კვება და შეიარაღება არ აქვს, არახალია, უკრაინელი სამხედროების კოლექტიური ვიდეო-მიმართვა ზელენსკისადმი დასტურია ამისა. ის, რომ კოლექტიური დასავლეთის შეიარაღება ფრონტამდე აღწევს, ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკანდახეული უკრაინული არმია ტოვებს ამ იარაღს, რითაც მოწინააღმდეგის სამხედრო აღჭურვილობას აფართოვებს.

რუსეთის ჯარი დონეცკისა და ლუგანსკის მილიციასთან ერთად ნელ-ნელა ნაციონალისტებისგან ათავისუფლებს უკრაინის ტერიტორიას. 600000 კვ. კმ-ზე მეტი უკრაინული ტერიტორიიდან 124000 კვ. კმ რუსეთის ხელშია.

და თუ დღეს დამთავრდება ომი, რუსეთი მოგებული დარჩება. და არა პირიქით, რაზეც უკრაინელი და ქართველი, მათთან ერთად ამერიკელ-ევროპელი აცხადებენ.

უკრაინელზე მეტად, უკრაინელი ქართველი ატყუებს რა საკუთარ ქვეყანას, ურცხვად აცხადებს ფრონტზე უკრაინის არმიის წარმატებაზე. ქართულ მედიაში გრძელდება უკრაინისა და მისი ხელისუფლების ქებათა-ქება, პარალელურად აგრესორი რუსეთის გინება.

ვის არ ნახავთ აქ — დუდაევის დროინდელ ტერორისტ ზაკაევს, ამჯერად ინგლისში მცხოვრებს; უკრაინელ პოდოლიაკს, არისტოვიჩს, კულებას, დენისოვას და სხვებს; რუსეთიდან გაქცეულ მე-5 კოლონას — კასპაროვ-გუდკოვ-გრებენშიკოვ-სმეხოვ-მაკარევიჩ-სობჩაკს; სომეხ, აზერბაიჯანელ, შუააზიელ, ბელარუს, მოლდოველ ანტირუსებს, რომლებიც ბინძურ ლექსიკას არ იშურებენ რუსეთის და მისი ხალხის სალანძღავად, მითუმეტეს ხელისუფლების.

და ჩვენ ეს მოგვწონს, ტაშს ვუკრავთ და გულის კუნჭულში ვიმედოვნებთ, რომ ისინი გაიმარჯვებენ, რითაც ჩვენც გვეშველება.

მართლა? ჩვენი გულუბრყვილობა შემაშფოთებელია. დავუშვათ, მათ გაიმარჯვეს. ისინი, ისეთები არ იქნებიან ჩვენთან მიმართებაში, როგორებიც დღევანდელნი? განა, ჩვენს მიერ ნაქებმა ნავალნიმ, ამჯერად პატიმარმა, აგდებით არ მოგვიხსენია „გრიზუნებიო“?

გარდა ამისა, მათი ტყუილებით ქართველთა ტვინებზე ზემოქმედება, სინამდვილის დამალვა არ არის? მოტყუებული კაცი ყვირის — უკრაინა იმარჯვებსო, თორემ მართალი ინფორმაციის მქონე იყვირებს თეთრი, შავიაო?

თუმცა რა გასაკვირია, ასეც რომ მოიქცეს? განვლილმა წლებმა დამარწმუნა ამაში. 30 წელია ქართული პოლიტიკა, საზოგადოება ევროპას ეთაყვანება და სურს ევროპულ ფასეულობებში გარევას.

ძნელად მოძებნით პოლიტიკოსს, რომელიც ევროპულ „ფასეულობებზე“ არ ლაპარაკობდეს, მაგრამ რას ნიშნავს, წარმოდგენაც არ აქვს, სხვათა შორის ისევე, როგორც იმ ევროპელს.

ევროპელი, რომელიც პუშკინზე, დოსტოევსკიზე, ტოლსტოიზე, ჩეხოვზე, სხვებზე და სხვებზე უარს იტყვის, რა „ფასეულობების“ მატარებელია?

აი, რაც შეეხება ფასეულობებს — ფასიდან გამომდინარე, პირდაპირი მნიშვნელობით, კარგად იციან კოლექტიურ დასავლეთში.

როდესაც აშშ-ს სუპერმარკეტების დახლები ბავშვთა კვების პროდუქტებიდან დაცარიელებულია, საწვავის ფასები ასტრონომიულია და კონგრესი 40 მილიარდ დოლარს უყოფს უკრაინას, დიდ ეჭვს აჩენს, რომ ფული იყოფა — ამერიკელ და უკრაინელ ხელისუფალთა შორის.

როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია იარაღს უგზავნის უკრაინას და ნაცვლად მოლაპარაკებისა, ურჩევს ომის გაგრძელებას, ეჭვებს აჩენს — ომი, ფულისთვის?!

საბაბი — რუსეთის დაჩოქება. საუკუნოვანი რუსული „აგრესიულობის“ წინა პლანზე წამოწევა და მასთან ომის გაჩაღება სხვისი ხელით, ფულს ნიშნავს.

ანუ საბაბს იმისა, რომ საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნო — უკრაინას ფულს ვაძლევ იმაში, რომ ეომოს აშშ-ს მტერ რუსეთს.

„ხალხნო! რუსეთი თქვენი მტერიაო“, — ეუბნება ბაიდენი ამერიკას. იმავეს იმეორებენ აშშ-ს თანამგზავრი ქვეყნები, რაც ფულის გამოყოფის უცილობელი გზაა. ამასთანავე უკრაინასთან ერთად გამოყოფილი ფულის „დანიშნულებისამებრ“ მოხმარება.

აი, ამ „საქმეში“ კოლექტიურმა დასავლეთმა მიაგნო მისთვის სასიქადულო პარტნიორს, ზელენსკის სახით. მათ უკრაინის ბედი არ აინტერესებთ. ორივეს, საკუთარი ჯიბე აინტერესებს. ორივემ იცის, რომ ხელისუფლებაში სამარადისოდ ვერ იქნებიან, ამდენად დღეს ნაშოვნი უნდა შეირგონ და ხვალინდელიც დაუმატონ — ომის გაჭიანურების ხარჯზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

27/05/2022