23 თებერვლიდან განსხვავებული 24 თებერვალი
საბჭოთა პერიოდის პოლიტიკოსი, დაჩვეული პარტიული და სახელმწიფო მართვის მკაცრ, რეგლამენტირებულ სისტემას ირონიით იხილავდა გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებას, პრეზიდენტ ელცინის მიერ პრემიერ-მინისტრების სისტემატურ ცვლას და ბოლოს, თვით პრეზიდენტის „კგბ“-ს (ასე ამბობდა ის) პოლკოვნიკის პუტინის მიერ ჩანაცვლებას.
ყოფილი პოლიტიკოსი არასერიოზულად აღიქვამდა „კგბ“-ს მუშაკის გაპრეზიდენტებას. ადამიანის, რომელსაც არაფერი აკავშირებდა კომპარტიის ელიტასთან, არ იყო მისი პირმშო, არ ჰქონდა პარტიული ცხოვრების არავითარი გამოცდილება, მითუმეტეს ქვეყნის მართვის.
ჩემი ნაცნობი, ყოფილი პარტიული ფუნქციონერი, საქართველოს კპ ცკ-ს მდივანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე მარტო არ იყო რუსეთის ახალი პრეზიდენტის შეფასებაში. სხვებიც, განსაკუთრებით ყოფილები, სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ პუტინის პიროვნებას — ვერც გარეგნულად, ვერც განვლილი ცხოვრებით და ვერც ავტორიტეტით, უფრო სწორად უავტორიტობით.
პუტინი იმდენად შეუმჩნეველი, უღიმღამო ფუნქციონერის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მის გაპრემიერებას საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება არ გამოუწვია. ბევრმა მისი სახელი და მამის სახელიც — ვლადიმერ ვლადიმერის-ძეც არ იცოდა.
მახსოვს, როდესაც აქაური მაღალი რანგის თანამდებობის პირებს მისალოცი დეპეშის გაგზავნა მოუნდათ, რუსეთში, საქართველოს საელჩოს მიმართეს მამის სახელის გასაგებად, რომელმაც ასევე არ იცოდა და მოსკოვის სათანადო სამთავრობო წრეებში რის ვაი-ვაგლახით დაადგინა პუტინის მამის სახელი.
ქართულმა მედიამ, მოგვიანებით, „ალღო აუღო“ რა პუტინის ავტობიოგრაფიულ მონაცემებს, ფართო საზოგადოებას სენსაციაც აჯახა — პუტინის დედის კასპელობა; რომ თურმე ახალი პრეზიდენტის დედა ომის დროს კასპში ცხოვრობდა და ა.შ. გაზეთები დეტალებში აქვეყნებდნენ პუტინის დედის კასპური ცხოვრების სიუჟეტებს, თანაც ისეთი „სიზუსტით“, ჭირდა არდაჯერება.
პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი — სხვა ქვეყნის, ისე მოიხსენიებოდა აქ, თითქოს ამ ქვეყნისა ყოფილიყო.
საშუალო და მაღალი ასაკის თაობა — საბჭოთა პერიოდის ღვიძლი შვილები, რომ რუსეთს ახლობლად მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, გასაკვირი არაფერია. გასაკვირი ის იქნებოდა, შებრუნებით რომ ყოფილიყო.
საბჭოთა კავშირი მასში შემავალი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, ისე, როგორც ამ რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხებისთვის იყო საკუთარი ქვეყანა.
საბჭოთა კავშირი, ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული გახლდათ ქვეყანა, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი, რითაც თავიც გადაირჩინა და მსოფლიოც ყავისფერი ჭირისგან — განადგურებით რომ ემუქრებოდა მათ.
სულ მალე, 9 მაისს, საბჭოთა ხალხი — იყო ასეთი ცნება, რეალური და არა ვირტუალური, იზეიმებს ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს; გაიხსენებს სამამულო ომის უმძიმეს პერიპეტიებს; გვირგვინებით შეამკობს დაღუპულ გმირთა და უცნობი ჯარისკაცების საფლავებს.
საბჭოთა ხალხის ამ დიად გამარჯვებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ომის პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ დიდ სამამულო ომში, ბევრი ნებაყოფლობით, რათა დაეცვა ყველასთვის ერთიანი სამშობლო — საბჭოთა კავშირი. „სხვის ომში გაგვრეკესო“ — იტყვის ზოგიერთი (გ.ვოლსკი) ფუნქციონერი, რითაც შეურაცხყოფს ომში მონაწილე 600000-სს, რომლისგან მხოლოდ ნახევარი გადარჩა.
ამ მოსაზრებასთან ერთად ვისმენთ ხოლმე ასეთსაც — ომი რომ წაეგოთ ჩვენს წინაპრებს ფაშისტურ გერმანიასთან, ხომ ვივლიდით „მერსედესებით“ და ბავარიულ ლუდსაც გაცილებით ადრე დავაგემოვნებდითო?
დაგემოვნებისა რა მოგახსენოთ, მითუმეტეს „მერსედესებით“ ნავარდის, მაგრამ საიქიოს დროზე ადრე მიკითხვა რომ მოგვიწევდა თვით გერმანელთა შექმნილი დოკუმენტებიდანაც ჩანს.
საბჭოთა კავშირში შემავალი არც ერთი ერი არ იყო გერმანელთა მიერ მიჩნეული მაღალ ან საშუალო რასად. ყველა მათგანი, მათ შორის ჩვენც, დაბალი რასის წარმომადგენლებად ვითვლებოდით. ასეთთათვის მხოლოდ შავი, მძიმე სამუშაო იყო გათვალისწინებული, მომსახურება, ან გაციმბირება. რაღა შორს მივდივართ, ისეთივე ყოფა, რაშიც დღეს ვიმყოფებით — ნაწილი შინ დაბეჩავებული, ნაწილი უცხოეთში, ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი.
გამარჯვების დღეს თავისი მთავარი შემოქმედი ჰყავს, რომლის გარეშე ძნელია წარმოდგენა იმისა, იქნებოდა თუ არა გამარჯვება. მისი სახელი და გვარი იოსებ სტალინია — საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე მოკრძალებით თქმული.
დღევანდელ სახელმწიფო მაღალ-დაბალი რანგის მოხელეებს, ისე, როგორც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას, ერიდებათ, სტალინის სახელის ხმამაღალი ხსენება და თუ ახსენებენ, ნეგატიურ კონტექსტში. რა გაეწყობა, ასეთია საჯარო ცხოვრების რეალობა — გახსნილის, მედიის მიერ მოწოდებულის, მაგრამ იქ, სადაც ადამიანს შეუძლია, მოხელეთა აზრის დაუკითხავად და გაუთვალისწინებლად საკუთარის გამოხატვა, სტალინისადმი პოზიტიური განწყობაც არ აყოვნებს.
რუსეთში, EADaily-ს გამოკითხვამ, რომელიც ა.წ. 26-27 აპრილს ჩატარდა და რომელშიც 5413 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ასეთი შედეგი მოგვცა: 37% — სტალინი გამარჯვების გენერალისიმუსი იყო. სტალინს, გამოკითხულთა მხოლოდ 9% თვლის დიქტატორად და უზურპატორად.
გამოკითხულთა 63% იზიარებს ინგლისის პრემიერ-მინისტრის ჩერჩილის ნათქვამს — „სტალინმა კავიანი რუსეთი ჩაიბარა და ბირთვულიარაღიანი დატოვა“.
დავუბრუნდეთ პუტინს, პოლიტიკოსს, რომელმაც თითქმის წაქცეული რუსეთი ფეხზე დააყენა. და კაცობრიობა გადაარჩინა სრული ქაოსისა და გაუგებრობისგან, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს ნაწილ-ნაწილ დათრევაში — ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნების მიერ გაჩაღებული ომებისგან.
რუსეთი, რომლის ტერიტორია 17,1 მილიონი კვ.კმ-ია და რომელსაც მეზობლობა აქვს რამდენიმე ზღვასა და ქვეყანასთან, რომ წეწვა-გლეჯვის საგანი იქნებოდა, ეჭვს არ იწვევს, ისე, როგორც მის წიაღში არსებული უნიკალური განძის?!
საიქიოს წაბრძანებულმა მადლენ ოლბრაიტმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნად მუშაობის დროს, შურშეპარული სინანულით განაცხადა — უსამართლობაა, როდესაც რუსეთს ამდენი წიაღისეული აქვს, სხვას კი არაო. უმჯობესი იქნებოდა მისი წიაღისეულის ყველაზე გადანაწილებაო.
ქალბატონი მადლენი ვერც სახელმწიფო მდივნობის დროს ეღირსა ამ ოცნების ასრულებას, და ვერც შემდგომ წლეებში, სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ ამერიკელთა ხარბი სურვილი რუსეთის წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩაგდებისა, დღესაც არსებობს და არა სურვილის დონეზე, არამედ რეალურად, ანტირუსული აგრესიის დონეზე, რომელიც უკრაინის მაგალითზე აღმოცენდა — ოლბრაიტის ოცნების არაჯანსაღ ნიადაგზე.
ანტირუსეთი, შექმნილი უკრაინაში, სხვა არაფერია, თუ არა ამერიკული იმპერიალიზმის მიერ რუსეთის წიაღისეულისთვის გაშლილი ექსპანსიონიზმი. რუსეთის ნატოს სამხედრო ბლოკის ქვეყნების რკალში მოქცევის მცდელობაც წიაღისეულის დათრევისთვის, რუსეთის დაჩოქებისთვის არის გამოგონილი.
ამ ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი რახანია მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიების შექმნას ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოების და უკვე გაფართოებულის შევიწროებით, ანუ ნატოდან ყოფილი სოციალისტური ქვეყნების და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფთა ნატოდან გაყვანით, მაგრამ მინიმალურ გაგებასაც ვერ პოულობს დასავლეთში. პირიქით, გაღიზიანებულები აცხადებენ, რომ ნატო არავის ემუქრება. ის მშვიდობის მტრედია — ორგანიზაცია, დემოკრატიული, რომლის კარიც ღიაა ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის — ამ ორგანიზაციაში გაწევრების მსურველთათვის.
ჩემს სტატიებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ტერიტორიულად რუსეთთან მიახლოებული ნატო არათუ საფრთხე, არამედ ზესაფრთხეა რუსეთისთვის, ვინაიდან იქიდან ნასროლ რაკეტას წუთები, წამები დასჭირდება რუსეთის სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებლად.
რუსეთს დრო არ დარჩება ანტისარაკეტო სისტემის ასამუშავებლად. რუსეთის საფრთხე გაორკეცდება ფინეთისა და შვედეთის ნატოში შეყვანით. ფინეთი ხომ მხოლოდ 150 კმ-ითაა დაშორებული სანკტ-პეტერბურგიდან?
სულ ახლახანს აშშ-ა, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, სხვა ქვეყნებმა განგაშის ზარები შემოჰკრეს, გაიგეს რა ჩინეთის, სოლომონის კუნძულებთან ფართომასშტაბიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაც სამხედრო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.
ჩინეთის იქ გამოჩენა საფრთხეს შეუქმნის წყნარი ოკეანის ქვეყნებს, განსაკუთრებით ავსტრალიასო, რომელიც 2000 მილით არის დაშორებული სოლომონის კუნძულებიდან — 4 საათის საფრენ მანძილზე.
არის თუ არა განსხვავება 2000 მილსა და 150 კმ-ს შორის? და პუტინის არგუმენტი უფრო მყარია თუ აშშ-ავსტრალიის?!
ა.წ. 24 თებერვლიდან რუსეთის პრეზიდენტმა საფუძველი ჩაუყარა უსაფრთხოების ახალ ფორმულას, რომელიც უდავოდ გამოიწვევს მსოფლიოს ახალი წესრიგის შექმნას. ზოგი მას „ახალ იალტას“ არქმევს — იმ იალტის მსგავსად, შექმნილს სტალინის, აშშ-ს პრეზიდენტ რუზველტის და ინგლისის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილის მიერ.
სამთა მერ მაშინ გადანაწილებულ მსოფლიოს, ახალი გადანაწილება ელოდება, მაგრამ ვიდრე ასეთ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, უკრაინის კონფლიქტში ჩართული მხარეები თავდავიწყებით იბრძოლებენ თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად.
ეს პერიოდი აღინიშნება ტოტალური რყევით. უკრაინაზე დასავლური კონტროლის დაკარგვით დაიწყება „დომინოს პროცესი“ — გლობალური ტრანსფორმაციის ჯაჭვური რეაქცია.
1944 წლიდან, დღემდე არსებულ მსოფლიო სისტემას, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე აშშ-ი ჩაუდგა სათავეში, სერიოზული ბზარები გაუჩნდა; ჰეგემონის წინააღმდეგ ღია თუ ფარული გამოხდომა — დაპირისპირება ქვეყნებისა, რომლებიც მას აღარ მიიჩნევენ იდეალად, ავტორიტეტად, მისაბაძად, თვალსაჩინო ხდება.
ქვეყნები, რომლებიც „მესამე ქვეყნებად“ მოიხსენიებიან, სუბიექტურობის მზარდი ამბიციებით ხასიათდებიან და ერთეულთა ბუნტიდან — კოლექტიურ ბუნტში გადადიან. მათ რუსეთ—ჩინეთისკენ აქვთ ყელი მოღერებული. ამ ორში ხედავენ ძალას და ხსნას.
მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გადადგმული სამხედრო ნაბიჯი დიდი გამოწვევაა აშშ-სთვის და შეფასებულია აშშ-ს დამარცხებად. ის, რომ რუსულ სამხედრო გამოწვევას აშშ-ი საინფორმაციო და ეკონომიკური ომით უპირისპირდება, მათი აზრით ჰეგემონის მზარდი სისუსტის ბრალია.
უკრაინის სამხედრო ოპერაციაში რუსეთის წარმატება გამოიწვევს გლობალურ გადანაწილებას, რომელშიც ჩაერთვებიან, თუ უკვე ჩართულები არ არიან ქვეყნები, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაკარგეს იმპერიის სტატუსი. ასეთებია: თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, ავსტრია. გარდა ამ ქვეყნებისა გადანაწილების პროცესში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგეს იმპერიის სტატუსი. აი, ისინიც: დიდი ბრიტანეთი, სსრკ-რუსეთი და ლიდერობის ახალი პრეტენდენტები: ჩინეთი, ინდოეთი, ირანი.
თუ რომელი ქვეყანა რას მიიღებს ახალი გადანაწილებით — ტორტის დიდ თუ პატარა ნაჭერს, ობიექტურად განვიხილოთ და შევაფასოთ. მაგრამ მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის მიერ ცალყბად წარმოებული სამხედრო ოპერაცია, გარდა იმისა, რომ დროში იწელება და კოლექტიურ დასავლეთს რუსეთის სამხედრო სისუსტის ილუზიას უქმნის, რუსეთის მიმართ მოჭარბებული რიხით აყოყორებს და მის წინააღმდეგ თუნდაც მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობისკენაც უბიძგებს, ანდა ნატოს სამხედრო ოპერაციაში ჩართვისკენ.
დასავლეთს, რუსეთის სისუსტის შთაბეჭდილებას უქმნის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ლავროვის მუდმივი განცხადება, რომ მოსკოვ-კიევის მოლაპარაკებებზე რაღაც პოზიტიური შეინიშნება ანდა ის, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინის ხელისუფლების შეცვლას.
რუსეთის განმარტებით, თუ უკრაინის ხელისუფლება ფაშისტურია და ეს, მართლაც ასეა, და რუსეთი იბრძვის უკრაინის დემილიტარიზაცია—დენაციფიკაციისთვის, მაშინ უკრაინასთან მოლაპარაკების წარმოება, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. უკრაინის ხელისუფლებასთან მხოლოდ კაპიტულაციის აქტი უნდა გაფორმდეს — სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შედეგად.
რუსეთის უკრაინაში გამარჯვება, თურქეთს დიდ უხერხულობაში ჩააყენებს. ის დაკარგავს რუსეთ—დასავლეთის ურთიერთდაპირისპირებაში თავის სასარგებლოდ თამაშის წარმოების შესაძლებლობას. ამ თამაშით ის აფართოებს საკუთარ გავლენას ამიერკავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში. თუმცა ამიერკავკასიაში ყარაბაღის ომი მისთვის ნაკლების მომტანი გამოდგა.
რუსეთის აქტიურმა პოზიციამ ის განდევნა ყარაბაღის პროცესისგან, როგორც მოწესრიგების მონაწილე. თურქეთი, რომელიც თვლის, რომ აზერბაიჯანი „მისია“, კომფორტულად ვერ გრძნობს თავს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისას, რუსეთთან გააფორმა სამოკავშირო ურთიერთმოქმედების დეკლარაცია.
თურქეთ—აზერბაიჯანს შორის ასეთი დეკლარაცია არსებობს, მაგრამ რუსეთთან ანალოგიურის შექმნა მისთვის მთლად მისაღები არ არის. აზერბაიჯანმა დაბალანსების გზა აირჩია, ამასთანავე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს რუსეთთნ კავშირის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენია.
უკრაინაში რუსეთის დამარცხება დააკნინებს თურქეთის როლს შავ ზღვაში. პროამერიკული უკრაინა შავ ზღვას ნატოს კონტროლს ქვეშ მყოფ ზღვად გადააქცევს, რითაც თურქეთის როლი დაქვეითდება. ნეიტრალური უკრაინის შემთხვევაში კი პირიქით.
რუსეთის გამარჯვება ჩინეთს ტაივანის შეერთების სტიმულს მისცემს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პროსეცს სამხედრო ექსპანსიის სახე ჰქონდეს, თან ამჯერად, ვინაიდან ჩინეთი ჯერ მზად არ არის ამისთვის. ჩინეთისთვის დასავლური ეკონომიკური სანქციების დაწესება, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს რუსეთთან მიმართებაში, მძიმე იქნება, ვინაიდან გამოიწვევს ტაივანის სრუტის პარალიზებას, რასაც ჩინეთის სამხრეთის საზღვაო პორტები წარმატებით იყენებენ. ჩინური ექსპორტის 75% ზღვით ხორციელდება.
ჩინეთი არ აჩქარდება, დაელოდება 2024 წლის ტაივანის არჩევნებს. პროგნოზის მიხედვით, არჩევნებში გომინდანის პარტია გაიმარჯვებს, რომელიც ჩინეთთან შეერთების მომხრეა, განსხვავებით ტაივანის დღევანდელი დემოკრატიულ—პროგრესიული პარტიისგან. ეს პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს დემოკრატიულ პარტიასთან. ორივენი ცდილობენ ჩინეთის ომში ჩათრევას, თუმცა წარუმატებლად.
რუსეთის წარმატება, აშშ-თან დისტანცირების სტიმულს მისცემს ჩინეთს, რეგიონის სხვა ქვეყნებს.
რაც შეეხება ევროკავშირს, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდება — როგორც ეკონომიკურ, ისე მენტალურ კრიზისში, რომელსაც დაერთვება ევროს დასუსტება. ევროკავშირიდან გასული დიდი ბრიტანეთი შეეცდება დესტაბილიზაციის ბაცილის შეტანას ევროკავშირში, რაც გამოიწვევს საფრანგეთ—გერმანიის მასთან დაპირისპირებას. ჯამში ევროპის ოპოზიციური პარტიები განიმტკიცებენ თავიანთ პოზიციებს და შეავიწროებენ ევროპის პროამერიკულ პარტიებს. ეს უკანასკნელნი, ამჯერად ხელისუფლებაში მყოფნი, მთლიანად ამერიკანიზებული არიან და სოლიდარობას უცხადებენ მას ევროპაში ანტირუსული განწყობის ორგანიზებაში. ანტირუსული ისტერია სტიმულს აძლევს ევროპის მილიტარიზაციას. შექმნილი ვითარება ამომრჩევლის კონსოლიდაციას ახდენს და ქულებს მატებს ოპოზიციას ხელისუფლების კრიტიკაში.
რუსეთის გამარჯვება, სანქციების გაგრძელებას აბსურდად გადააქცევს, რაც დაშლის ანტირუსულ სანქციურ სოლიდარობას.
რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში უწინდელი უკრაინა რომ აღარ იქნება, ანუ იმ ჩარჩოებში, როგორშიც ის გაწევრდა გაეროში, ეჭვი არავის ეპარება — საქართველოს გარდა. რუსეთს ხელიდან ვერვინ გააგდებინებს მისი ისტორიული — ჯერ-ჯერობით უკრაინული ტერიტორიების დაბრუნებას. პუტინმაც რომ მოინდომოს, ამას ვერ გააკეთებს, რუსი ხალხის მტკიცე ანტიუკრაინული პოზიციის გამო.
ახალი უკრაინა — ახალი საერთაშორისო სამართლის ნაყოფი იქნება. „ახალი იალტის“ დოკუმენტის ხელმოსაწერად მოლაპარაკებები გაიმართება, რაც ვერ შედგება ძველი სანქციების ფონზე.
ცხადია, აშშ-ი მაქსიმალურად შეეცდება ზეწოლა იქონიოს ევროკავშირზე სანქციების მუდმივად შენარჩუნებისთვის, რაც გარკვეულ უთანხმოებას შექმნის ამ კავშირსა და აშშ-ს შორის.
ა.წ. 24 თებერვალს კრემლში მიღებულმა გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა უკრაინის ფრონტს, ამ სამხედრო ოპერაციაში გამარჯვება კი გამოიწვევს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის რეკონსტრუქციას, რაც თავისთავად სულაც არ იქნება შორს ახალი კავშირის შექმნისგან. ახალი კავშირის შექმნა კი შეამცირებს რუსეთის მიმართ ნატოს საფრთხეს, ისე, როგორც მისი მომავალი მოკავშირეების მიმართ.
უკრაინის დასავლური გავლენისგან განთავისუფლება გააჩენს 2030 წლამდე სამოკავშირო სახელმწიფოს ჩამოყალიბების ბაზას — ევრაზიული კავშირის ფორმატში. 2030 წლამდე დარჩენილ პერიოდში ახალი უკრაინა თავს გაართმევს დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირი გახდება სამოკავშირო სახელმწიფოს შექმნის ბაზა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და ყაზახეთი მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დროთა განმავლობაში დაიწყებს ამ კავშირისკენ მოძრაობას; გააფორმებენ რა მასთან ასოცირების შეთანხმებას. თუ ახალი საკავშირო სახელმწიფო კონფედერაციული იქნება, მასთან თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას აზერბაიჯანი გააფორმებს, ისე, როგორც სომხეთი. მათ არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ჩამორჩებიან და არც საქართველო—მოლდოვა.
უკრაინის, სინამდვილეში კოლექტიური დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტმა ადრინდელზე მეტად გახლიჩა მსოფლიო. აშშ-ს საკუთარი პოზიციების გატარება ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ ზეგავლენის და დაშინების დემონსტრირებით შეეძლება, მაგრამ რამდენად, როდესაც საკუთარ გავლენას აფართოებენ იქ რუსეთი და ჩინეთი?
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, უწინ პროამერიკულები, დღეს ნეიტრალურები, გადახრილი არიან ანტიამერიკანიზმისკენ, რაც უკრაინის ომითაც დამტკიცდა. მთელმა რიგმა ქვეყნებმა, საუდის არაბეთიდან დაწყებული პრორუსული სიმპათიები გამოავლინეს, ყოველ შემთხვევაში არა ამერიკული. მათ მობეზრდათ აშშ-ს ჰეგემონობის ყურება. ჩინეთ—რუსეთის სახით მათ ჰყავთ ალტერნატივა.
ანალოგიური ვითარებაა აფრიკის ქვეყნებშიც, სადაც რუსეთს გავლენა აქვს — საბჭოეთიდან მოყოლებული; აღარაფერს ვამბობ ჩინეთის ეკონომიკურ ზეგავლენაზე. ჩინეთ-რუსეთის გაძლიერებას მოჰყვება აშშ-ს ბრძოლის გამწვავება ლათინურ ამერიკაში. ანტიამერიკულ მხარდაჭერას უდავოდ მოიპოვებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ვენესუელა, ნიკარაგუა, კუბა, ბრაზილია და არგენტინა — ამ კონტინენტის უდიდესი ქვეყნები, სადაც აშშ-ს გავლენა საგრძნობია. ისინი შეეცდებიან საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ახალი პოლიტიკის შემუშავებას.
ბრაზილიის შემთხვევაში, რომელიც ბრიკსის — ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი — კავშირის წევრია ამერიკისგან დამოუკიდებელი თამაში ძნელი არ იქნება.
საბჭოთა კავშირის დაშლამ შექმნა ვაკუმი, რომლის შევსებას აშშ-ი შეეცადა, თითქოს შეძლო კიდევაც, მაგრამ ჰეგემონიზმის 30-ე წლისთავზე რუსეთის გააქტიურებამ დაგვანახა, რომ ეს ილუზიაა.
დაიწყო პროცესი, რომელშიც უწინდებურად მთავარ როლს აშშ-ი ვერ შეასრულებს. ახალ პიესაში 4 მთავარი როლია გათვალისწინებული, 4 მთავარი გმირით — რუსეთით, ჩინეთით, აშშ-ით, ინდოეთით. ევროკავშირი ამ კვარტეტში არ მოიაზრება — სუბიექტობის დაკარგვის გამო.
აღნიშნული პროცესის კულმინაცია 24 თებერვალი იყო. იცვლება მსოფლიო. ის, ისეთი აღარ იქნება, როგორიც 23 თებაერვალს იყო. 23 თებერვლის მსოფლიოსგან, უდავოდ განსხვავებული 24 თებერვალის მსოფლიოს ავტორი რუსეთის პრეზიდენტია, პოლიტიკოსი, რომელიც მისი მაღალი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, ჩემი ნაცნობი საბჭოელი პოლიტიკოსის დახასიათებით, უღიმღამობის გამო ვერაფრით შეძლებდა დიდი რუსეთის ტვირთის ტარებას.
არ გამართლდა ჩემი ნაცნობის ვარაუდი — მეტადრე გარეგნობაზე დაფუძნებული.
პუტინის წინამორბედ ელცინს — ახოვანს და ერთის შეხედვით ჯან-ღონიანს, მთები უნდა გაესწორებინა, მაგრამ გონებამ უღალატა. მისი მემკვიდრის გონება გაცილებით საზრიანი გამოდგა — საკმარისი მსოფლიოს ისტორიის შესაცვლელად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
04/05/2022