საზოგადოების ფსკერზე დალექილი ნაგვის ტივტივი
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა საზოგადოების ფსკერზე დალექილი ნაგავი ამოატივტივა, რითაც შესაძლებლობა მოგვცა საკუთარი თავისთვის და სხვისთვის სხვა თვალით შეგვეხედა — ცხადია, მხედველობაში მყავს ის, ვინც გამჭრახი ტვინისა და თვალის პატრონია — ნეგატიურის და პოზიტიურის მიუკერძოებელი შემფასებელი.
სამწუხაროდ, ასეთთა რაოდენობა ცოტაა, რაც მიზეზთა გამო არის განპირობებული, უმეტესად ბუნების, განგების წყალობით.
განგებაა ობიექტური უმცირესობის მამოძრავებელი ძალა და მას უკუღმართი სამყარო, რომელშიც ჩვენდა სამწუხაროდ სიცრუე, ფლიდობა, გაუტანლობა, სხვა ავი სინონიმები ჭარბობს, დიდ წინააღმდეგობას უწევს.
უკრაინის ომმა ბევრი რამ გამოააშკარავა, მათ შორის ის, რომ „მსოფლიო სტანდარტები“, „ევროპული ცივილიზაცია“ და სხვა მსგავსი ლოზუნგები, რომლითაც კაცობრიობა „ტკბებოდა“, მათ შორის ქართველობაც, ტყუილი ლოზუნგები ყოფილა — ხალხისთვის საკენკივით დაყრილი, ხოლო მათ უკან არსებული რეალობა შიშის, უსუსურობის განცდის მომგვრელი.
სხვა რა გრძნობა უნდა დაეუფლოს ადამიანს, როდესაც „მსოფლიო სტანდარტების“ მატარებელი „ცივილიზებული სამყარო“ ესოდენ ბარბაროსულად მოუწოდებს მსოფლიოს, გაანადგუროს ამავე მსოფლიოს ერთი და არცთუ პატარა შემადგენელი ნაწილი — დააჩოქოს, დააკნინოს მარტო იმიტომ, რომ ის არ იზიარებს „მსოფლიო სტანდარტების“ მატარებელი ქვეყნების ფილოსოფიას — სამყაროს, უკონკურენტო ბატონობისკენ მიმართულს, რაც კაცობრიობის განვითარების მუხრუჭია.
მსოფლიო ჰეგემონიზმის იდეით შეპყრობილი, ჰეგემონიზმის შენარჩუნების უმთავრეს საქმედ, დანარჩენთა უყოყმანო მორჩილებას მიიჩნევს, რასაც ზოგიერთი არ ექვემდებარება. დამოუკიდებელი აზრის მატარებელი, მითუმეტეს მტკიცე ხასიათის მქონე, მწვავე კრიტიკის საგნად იქცევა და არა მარტო კრიტიკის.
განსხვავებული აზრის პატრონი, „მსოფლიო სტანდარტის“ მატარებელი „ცივილიზებული სამყაროს“ თავდასხმის ობიექტი ხდება, რაც არა მარტო ვერბალური სიბილწით შემოიფარგლება, არამედ ვერაგული საქმითაც — „ურჩი“, „ჯიუტი“ ქვეყნის (ქვეყნების) წინააღმდეგ სხვადასხვა სახის საფინანსო-ეკონომიკური სანქციების დაწესებით.
მარტო ეკონომიკურ-საფინანსო? რუსეთს და მის წინამორბედ საბჭოთა კავშირს, სანქციებით ვერვინ გააკვირვებდა და გააკვირვებს, მაგრამ დღევანდელი, უკიდეგანო და ყოვლისმომცველი, სახტად დატოვებს.
„ცივილიზებულთა“ ქცევით გაოცებული ვერ იფიქრებდა, რომ ასეთიც შეიძლებოდა. რა გაეწყობა, განუსაზღვრელია ადამიანის ტვინი — მრავალმხრივი, ხშირ შემთხვევაში ბოროტების ჩადენის სურვილით აღტყინებული.
ბოროტება ჰქვია გადაწყვეტილებას, როდესაც ერთი „გამორჩეული“, ყმებად ქცეულ „მოკავშირეებთან“ ერთად მოუწოდებს მსოფლიოს, კულტურული ცხოვრებიდან ამოშალოს რუსეთის მეცნიერება, მწერლობა, სახვითი, თეატრალურ-საოპერო ხელოვნება, მხატვრული შემოქმედება, მუსიკა, სპორტი, … ყოველივე ის, რითაც გამდიდრდა სამყარო საუკუნეთა განმავლობაში და რითაც, მიუხედავად „მსოფლიოს სტანდარტის“ მატარებელთა ბოროტი მცდელობისა, მომავალშიც გამდიდრდება, რამეთუ ადამიანის მიერ შექმნილ სიკეთეს — ზემოჩამოთვლილს, ვერავითარი სანქცია ვერ შეაჩერებს. შეფერხებით, შეაფერხებს, მაგრამ შეჩერებით ვერ შეაჩერებს, ისე, როგორც საათის წიკწიკს — კაცობრიობის ცხოვრების, სიცოცხლის აღმრიცხველს.
მაგრამ ხომ ცდილობენ მავანნი, რომ შეაჩერონ? ხომ ცდილობენ, რომ დანარჩენმა მსოფლიომ არ ნახოს რუსული ბალეტი, არ მოუსმინოს სახელგანთქმულ რუს შემსრულებლებს, არ წაიკითხოს რუსი კლასიკოსების მიერ შექმნილი შედევრები, თვალი არ შეავლოს მსოფლიო რეკორდების მფლობელ რუს სპორტსმენებს? …
„ცივილიზებული დასავლეთი“ ხომ ისე დაიცალა გონიერებისგან, რომ შურისძიებით შეპყრობილმა, თავს უფლება მისცა უცხოეთში მცხოვრები რუსი შემსრულებლებისთვის ულტომატუმით მიემართა — თქვენს ხელოვნებას გასაქანს მაშინ მივცემთ, თუ დაგმობთ თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის და გაემიჯნებით მას.
დემოკრატიაც ამას ჰქვია, მათებურად! დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება, მათ მიერ ლამის ტრაფარეტულად ქცეული, რომ მართლაც ასეთია და შესაბამისი შინაარსისგან დაშორებული, უკრაინის ომმა დაგვანახა. და აი როგორ: რუსეთის თითქმის ყველა საინფორმაციო წყაროს პროდუქციის აკრძალვა ამერიკა-ევროპის მოსახლეობისთვის.
საკუთარი მოსახლეობის რუსული პროპაგანდისგან დაცვა უწოდა „სიტყვის თავისუფლების“ მებაირაღე კოლექტიურმა დასავლეთმა, თავისუფლების უხეშ დარღვევას.
ალტერნატიული მოსაზრება, ყალბი ვიდეო-სიუჟეტებით ჩანაცვლდა. აი, ასეთით: ტელეეკრანზე რუსი დეზერტირი ჯარისკაცების გამოჩენით, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ფაშისტურად მოიხსენიებენ და მოუწოდებენ რუს ჯარისკაცებს დაყარონ იარაღი და იბრძოლონ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი უკეთესს იმსახურებენ.
„მსოფლიოს სტანდარტის“ მატარებელი „ცივილიზებული“ დასავლეთი, თუ სამხედრო ოპერაციის დაწყების პირველ დღეებში, ეკონომიკური სანქციების დაწესებისას „გულწრფელად“ აცხადებდა, რომ სანქციებით ის ებრძვის რუსეთის ხელისუფლებას და არა ხალხს, ერთი თვის შემდეგ რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ.
ამასთანავე ხმამაღლა გაჰყვირის რუსეთის პრეზიდენტის, როგორც სამხედრო დამნაშავის გასამართლებას. არის თუ არა ეს — აგონიაში მყოფის ხმამაღალი ბოდვა?!
კოლექტიური დასავლეთის ისტერიული კივილი, ცილისწამებლური ქმედებითაც არის „გამდიდრებული“. სხვას ვერაფერს დავარქმევ კიევის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბუჩაში დადგმულ სპეკტაკლს — ერთობ საზარელს და უდავოდ დასაფიქრებელს — კოლექტიური დასავლეთის მიერ მზაკვრული დავალების შემსრულებელი უკრაინის ბანდერული ხელისუფლების მიმართ.
მაგრამ მარტო დაფიქრება კმარა?! ამ სპექტაკლის დამდგმელთა, შემსრულებელთა გამოვლინება და დასჯაა საჭირო, რათა დღევანდელმა და ხვალინდელმა თაობამ არ დაუშვას მსგავსი სიყალბე.
ვინ და რატომ ჩაიდინა დანაშაული? — დაგეგმა დასავლეთმა, შეასრულა უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურამ. მტკიცებულება ამისა იმას აქვს, ვისაც დასავლეთმა და უკრაინამ, შეაწერეს დანაშაული. მიზანი ამ დანაშაულისა იყო რუსეთის „გაშავება“— ახალი სანქციების დასაწესებლად, რამაც არ დააყოვნა.
ალტერნატიულ ინფორმაციას მოკლებულმა ევროპა-ამერიკის მოსახლეობამ დამნაშავედ რუსეთი ჩათვალა. ეს „დანაშაული“ დიდხანს ემახსოვრება ამ ადამიანებს; დიდხანს განაწყობს მათ რუსთა წინააღმდეგ, მითუმეტეს მაშინ, როდესც ბუჩას საშინელებას კოლექტიური დასავლეთის ლიდერები ოსტატურად იყენებენ ანტირუსული პოლიტიკის გასაღვივებლად.
მარტო პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მოროვეცკის განცხადება რად ღირს? შინაარსი განცხადებისა ასეთია — დავუწესოთ რუსეთის საზოგადოებას სანქციები. რას ნიშნავს ეს, თუ არა რუსთა წინააღმდეგ საყოველთავო ლაშქრობის გამოცხადებას?
უკრაინის ხელისუფალთა განცხადებებიც შესაბამისია — რუსი ყველგან უნდა მოვკლათ! უკრაინაში მეომარი „ბოევიკი“ მამულაშვილი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურიდებლად ამბობს — რუს ტყვეებს არ ავიყვანთ, მათ ადგილზე დავხოცავთ. მეორე ქართველი „ბოევიკი“, ერთ დროს სააკაშვილის პირადი დაცვის მოსამსახურე, ხიზანიშვილი, რუსი სამხედრო ტყვეების ყელის გამოჭრის შემდეგ, ქართული სიმღერის ღიღინით აღიბეჭდა რუსული ტელეარხების ეკრანზე.
მაინც რა გულმოდგინედ ჩამოარიგეს ერთი ქუჩის ორივე მხარეს დახოცილი გვამები? მარტო ერთ ქუჩაზე „ჩაიდინეს“ რუსებმა დანაშაული? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ანდა თუნდაც იმას, რომ მოკლულთა გვამები ახალი იყო და არა ხანდაზმული, რასაც უკრაინელები და მათი დასავლელი დამრიგებლები ამტკიცებენ.
შეიქმნა ლეგენდა, რომელმაც საბაბი მისცა დასავლეთს რუსეთის ლანძღვა-გინების ახალი პორციის, რიგით მაცხოვრებელს — რუსეთის მიმართ ზიზღის.
ანტირუსულ ისტერიას საქართველოც არ ჩამორჩა, პირიქით, ხშირ შემთხვევაში ის მოწინავე პოზიციას იკავებს, მაგალითად უკრაინის ჰიმნის ყოველ საათში გადაცემით, უკრაინის დროშის სარეკლამო ბილბორდებზე გამოფენით, უკრაინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევით, უკრაინის მისალმებით —„დიდება უკრაინას“ წარწერით „დამშვენებული“ კვების კონტეინერით და სხვა მსგავსი „რეკლამით“.
თვალშისაცემია ის, რომ შიშველი ანტირუსული პროპაგანდის მთავარი შემოქმედნი ქალთა სქესის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ქალური სინაზის ნაცვლად, ზიზღი და ბოროტება უმანჭავთ სახეს და რევანშიზმის დაუოკებელი სურვილი.
ვერ გეტყვით, რამდენად ჰქონდათ მათ ქალური ბედნიერების, სიამოვნების განცდა თავიანთ ცხოვრებაში, მაგრამ სახის გამომეტყველება — ანჩხლი დედაკაცისთვის დამახასიათებელი, დემონსტრირებაა საწინააღმდეგოსი, ანუ იმისა, რომ მათ ასეთი არ ჰქონიათ.
ზიგმუნდ ფროიდის რეცეპტის მიხედვით, მათ რომ სექსუალური ცხოვრება მოწესრიგებული ჰქონოდათ, სიბოროტეც წაიშლებოდა მათ სახეებზე. იკითხავთ, ვის ვგულისხმობ? ვის და იმათ, ვინც მსოფლიო პოლიტიკაში ხელს აფათურებს. აი, ისინიც: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრასი, მისი გერმანელი კოლეგა ბერბოკი, ევროკავშირის შეფი ურსულა ფონ დერ ლაიენი, თეთრი სახლის სპიკერი ფსაკი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეები ნულანდი და შერმანი, სხვები და სხვები.
მათ ტოლს არ უდებენ აქაური ქალბატონები — სამადაშვილი, სამნიძე, ზურაბიშვილი, ლომჯარია, დეკანოიძე, წულუკიანი, … მაინც რამდენი არიან? რომ იტყვიან მდედრთა წვიმაა — აფორიაქებულთა, მუდამ ჩახმახშემართულთა ზეობაა და სხვა არაფერი.
არც ერთი კონსტრუქციული მოსაზრება მათგან. მუდამ ლანძღვა-გინება, განწირული წივილ-კივილი. რა გაეწყობა, ასეთად გამოზარდა ისინი „კოლექტიურმა დასავლეთმა“, მაგრამ რა დააშავა ქვეყანამ?
დააშავა! როდესაც პოლიტიკაში გზა გაუხსნა მათ.
არ იფიქროთ, რომ პოლიტიკაში ქალთა ყოფნის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ჭკვიანი, თავშეკავებული ქალების და არა ისეთის, როგორებსაც სისტემატურად ვხედავთ ტელეეკრანებზე.
აი, ეს ქალბატონები მოუწოდებენ ხელისუფლებას ციხიდან გაათავისუფლოს საქართველოს მოღალატე პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს ქალბატონები მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებას სისტემატური კონტაქტი ჰქონდეს უკრაინის ხელისუფლებასთან, შეასრულოს ყველა მოთხოვნა უკრაინელებისა, მათ შორის ანტირუსული სანქციების დაწესება და ა.შ.
სანქციების თემა რომ მწვავე გამოდგა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე, როგორც ე.წ. სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ბოლოდროინდელი მოვლენებიც, უფრო სწორად ვიზიტებიც ადასტურებს. ბათუმში ჩასულმა მოროვეცკიმ — პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, ღარიბაშვილს ლამის ულტიმატუმი წაუყენა სანქციების არ დაწესების გამო, ხოლო დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰეპიმ თქვა, რომ საქართველოს პოზიცია, მითუმეტეს განცალკევება სასანქციო კამპანიისგან, რომელსაც პროგრესიული კაცობრიობა ეწევა რუსეთის წინააღმდეგ, მიუღებელია.
სხვა მაგალითებზე არ გავამახვილებ ყურადღებას — მრავალსა და უმსგავსოზე, ისე, როგორც მათ შეფასებას უკრაინისას, რომელიც თურმე იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
თუ რისთვის იბრძვის უკრაინის ხელისუფლება — ცხადია. ის არ იბრძვის! მას აბრძოლებენ ჩვენი და მათი საერთო „პარტნიორები“ — უფრო ზუსტად ბატონები. უკრაინა საომარი მოქმედების არენად გადააქციეს მათ — რუსეთის წინააღმდეგ მიმართულად, ისე, როგორც საქართველო 2008 წელს. მაშინ სააკაშვილის უჭკუო, მოღალატური გადაწყვეტილებით ომიც დაგვაწყებინეს, ხალხიც დაგვახოცინეს, ტერიტორიებიც დაგვაკარგვინეს. ანალოგიურს აქვს ადგილი უკრაინაში.
პრეზიდენტი, რომელმაც ომი დაიწყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სამუდამო პატიმრობის ღირსია. პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ძალებს ვერ ზომავს და თავს ესხმის მეზობელი ბირთვული სახელმწიფოს მშვიდობისმყოფელებს, ხოცავს მათ, იმ ქვეყანაში უნდა გასამართლდეს, ვის წინააღმდეგაც ჩაიდინა გამოუსწორებელი დანაშაული და არა აქ.
2008 წლის ომის შედეგები მანამ გაჰყვება საქართველოს, ვიდრე იქნება მსოფლიოს რუკაზე. 2008 წლის ომის გამოძახილია სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბიბილოვის განცხადებაც რუსეთთან მიერთების თაობაზე.
ბიბილოვის განცხადება მისაფუჩეჩებელი არ არის, ისე, როგორც იქ დაგეგმილი რეფერენდუმის მოსალოდნელი შედეგებიც, არც რუსეთის მოიმედეობა — მაინც არ მიიღებენ სამხრეთ ოსეთს რუსეთშიო, გვარგებს.
ბიბილოვის განცხადება სწორედ იმ მოიმედეობის შედეგია, რომლითაც არის დაკავებული ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასე იცის ინდიფერენტიზმმა და რაც მთავარია 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებისთვის შეპირებული საკითხების არ შესრულებამ. ამ საკითხთა შორის იყო რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება, რასაც ადგილი არ ჰქონია. რომ ჰქონოდა, ბიბილოვის განცხადება არ შეგვაწუხებდა.
დღეს, გვაწუხებს — ვაითუ, მართლაც მიიღოს სამხრეთ ოსეთი თავის შემადგენლობაშიო.
ვინ შეუშალა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის დაწყება? აშშ-ა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა, სწორედ იმათ, ვინც ღარიბაშვილს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
კიდევ ვინ შეუშალა ხელი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის არ დაწყებაში? საკუთარმა შიშმა, რომ რუსეთთან ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებას თავის სასარგებლოდ ვერ წარმართავდა.
მიზეზი ამისა მრავალია, მათ შორის საქართველოს მიერ ომის დაწყება; მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებიდან იმ პუნქტის ამოღება, რომლის მიხედვით საქართველოს თავის ავტონომიებთან სტატუსის განსაზღვრის მიზნით მოლაპარაკება უნდა დაეწყო და სხვა მრავალი.
ცხადია, დღევანდელი ხელისუფლება, იმასთან, რაც 2008 წელს იყო, არაფერ კავშირშია, მაგრამ უპირველესი ვალი ამ ხელისუფლებისა იყო და არის ძველის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება — შეძლებისდაგვარად.
თემა სერიოზულია, ამდენად მკითხველს ვპირდები, მომავალ სტატიაში ამ საკითხზე ჩემი მოსაზრების გაცნობას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
10/04/2022