ზესახელმწიფოს ზეადამიანები ქმნიან
2021 წლის დეკემბერში რუსეთის „საზოგადოებრივი აზრის“ ფონდმა ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა — ერთობ საფუძვლიანი, ფართომასშტაბიანი. გამოკითხვის საგანი — მოსახლეობის, უფრო სწორად გამოკითხულთა დამოკიდებულება ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლაა.
რუსეთის მოქალაქეთა 60%-ზე მეტმა გულდაწყვეტა გამოხატა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. გამოკითხულთა პოზიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, დაშლის ნეგატიურად შემფასებელთა რაოდენობა, 2011 წლის ანალოგიურ გამოკითხვასთან შედარებით რომ საგრძნობლადაა გაზრდილი.
2011 წლის გამოკითხვის დროს, დაშლას, ნეგატიურად მიიჩნევდა 51%. 2014 წლის მონაცემებით 58%-ა ჩათვალა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო უდიდესი შეცდომა. 2021 წელს კი 62%-ა მიიჩნია, რომ საბჭოეთის გაქრობა უბრალო შეცდომა არ ყოფილა, დანაშაულის, დიდი დანაშაულის შემცველი ქმედება იყო, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა ყველა იმათზე, ვინც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, ანუ ყველა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაზე, ამჟამად დამოუკიდებელ ქვეყნებზე.
რუსული ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვა გასული წლის დეკემბერში გაიმართა — საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ. არცთუ ცოტა დროა გასული 62%-ს, ავადსახსენებული 1991 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს ამცნო პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დაშლა — ქვეყნისა, რომელსაც, დასაწყისიდანვე უამრავი პრობლემა შეუქმნეს შიდა და გარე მტრებმა.
სამოქალაქო ომი, უცხოური ინტერვენცია, ტროცკისტული გამოწვევა, მეორე მსოფლიო ომი, ფაშიზმის დამარცხება, მიწასთან გასწორებული საბჭოთა ქალაქებისა და სოფლების აღდგენა, საბჭოთა ხალხის თავდადებული შრომა, რომელიც ომიდან 13 წლის შემდეგ ომში დანგრეულის აღდგენას ზეიმობდა, 18 წლის შემდეგ კი — კოსმოსში გაფრენას.
საბჭოთა კავშირის განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვის სისტემები — უფასო და უნიკალური, უმალ იქცა კაპიტალიზმისთვის უდიდეს გამოწვევად. სწორედ საბჭოთა სოციალისტურმა სისტემამ, გრანდიოზულმა წარმატებებმა მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ხელოვნებასა და კულტურაში, სპორტში აიძულა კაპიტალისტური სისტემა ექსპლუატირებულთა მიმართ გარკვეულ დათმობებზე წასვლა, სოციალური საკითხებისადმი ყურადღების გამახვილება.
საბჭოთა სოციალიზმის წარმატებებით დამფრთხალი კაპიტალისტური სისტემა, საბჭოეთთან ღია და დახურულ, ფარულ ომში ჩართული, ძალთა სრული მობილიზაციით, პროპაგანდისტული მანქანის საშუალებით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული „ბი-ბი-სი“-ს, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“, სხვა გავლენიანი ტელე-რადიოკომპანიების პროპაგანდით ცდილობდა საბჭოთა ხალხის ტვინის გარეცხვას, ანტისაბჭოურად მოქცევას.
შედეგმაც არ დააყოვნა, მართალია გვიან, მაგრამ მძლავრად. საბჭოთა დისიდენტების — სხვაგვარად, ანტისაბჭოურად მოაზროვნე ადამიანთა პროპაგანდისტულ საქმიანობას თვით კომპარტიისა და კომკავშირის შემადგენლობაში გაჩენილი ანტისაბჭოური განწყობაც დაემატა.
კომპარტიის სუსტი ლიდერების პირადი, მატერიალური მოგების ინტერესმა ჩაანაცვლა სოციალიზმის უმაღლესი იდეალები, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსა და პარტიული სისტემების სათავეში რიგითი, სხვათაგან არც ნიჭით, არც სხარტი გონებით, არც გამოცდილებით გამორჩეული მოხელეები მოიყვანა, რომელთა მიზანი, მათდა გასაოცრად, მსოფლიოს პირველი, უნიკალური სოციალისტური სისტემის დაშლა გამოდგა.
სიტყვა „მათდა გასაოცრად“ — შემთხვევით არ გამომიყენებია. ეს სიტყვა საბჭოთა კავშირის კპ ცკ გენერალურ მდივანს, საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს უფრო შეეფერება, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს.
გორბაჩოვმა შეუგნებლად დაიწყო სისტემის გარდაქმნა. მისი აზრით, შეუფერებელის თანამედროვე ცხოვრებასთან, შეუგნებლად გამოაცხადა „პერესტროიკა“, „გლასტნოსტი“, „უსკორენიე“, რითაც ძირი გამოუთხარა ფუნდამენტს, რომელსაც უცხოეთმა ვერაფერი დააკლო.
ძნელია დაჯერება იმისა, რომ მას საბჭოთა კავშირის დაშლა სურდა. დამისახელეთ თუნდაც ერთი პრეზიდენტი, სახელმწიფოს მმართველი, რომელსაც არ სურს იყოს ასეთი? მაშ რა ამოძრავებდა გორბაჩოვს, როდესაც საკუთარი ქვეყნისა და თავის წინააღმდეგ დგამდა გიგანტურ პოლიტიკურ ნაბიჯებს?
უცოდინრობა, ბრიყვული თვითდაჯერება, დასავლური ცხოვრების ტრფიალი, რასაც ხაზგასმით ქადაგებდა გორბაჩოვის მეუღლე რაისა. ამ ქალბატონის გავლენა, როგორც თვით მიხეილმა ბრძანა, დიდი იყო. ქალბატონი რაისა იყო არა მარტო მრჩეველი, ჭკუის დამრიგებელიც.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სსრკ კპ ცკ პოლიტბიუროს ყოფილი წევრის, ცკ მდივნის, პარტიასა და სახელმწიფოში გორბაჩოვის შემდეგ მეორე პირის ეგორ ლიგაჩოვის აშშ-ი ვიზიტის დროს, ცნობილ ამერიკელ პოლიტოლოგთან დიმიტრი საიმსთან საუბრისას მის მიერ ითქვა, რომ გორბაჩოვი ატყუებდა.
საიმსის შეკითხვაზე — როგორ მოახერხა გორბაჩოვმა პოლიტბიუროს წევრების ისე გაცურება, რომ ქვეყანა დაენგრა? ლიგაჩოვმა უპასუხა — ვეუბნებოდი, ვაფრთხილებდი შეეცვალა ამორჩეული მცდარი კურსი. ის მეფიცებოდა, რომ გაითვალისწინებდა ჩემს რჩევას. თუმცა არ გაითვალისწინა.
გორბაჩოვს არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რომლებიც საჭირო იყო ქვეყნის სამართავად, მითუმეტეს ისეთის, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. ზესახელმწიფოს, ზემმართველი ესაჭიროება და არა რიგითი მოხელე, როგორიც გორბაჩოევი იყო. საბჭოთა კავშირი ზეადამიანებმა შექმნეს.
ბორის ელცინი, საბჭოთა კავშირის დაშლის უშუალო „შემოქმედი“, რუსეთის პრეზიდენტი, კომუნისტური სისტემის აშკარა მოწინააღმდეგე, პარტიულ სამსახურში პირადი განდიდების მოპოვების სურვილით შეპარული, შორს იყო პარტიული იდეებისგან, სოციალისტური იდეალებისგან და არა მარტო შორს, არამედ თავს მათ წინააღმდეგ მებრძოლად აცხადებდა.
თუ გორბაჩოვმა მოახერხა საბჭოთა კავშირის დაშლა, ელცინს რუსეთის დაშლაში ცოტა დააკლდა. მისი „ბრძნული“ ნათქვამი რუსეთის რეგიონების მიმართ — მიიღეთ იმდენი თავისუფლება, რამდენსაც გადახარშავთ — ლამის კატასტროფად იქცა რუსეთისთვის. ყველას მოუნდა მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავისუფლება, რუსეთიდან გამოყოფაც კი.
რუსეთის ფედერაციის სუბიექტები ლამის დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ.
დეცენტრალიზაციასთან ერთად, კაპიკებად გაიყიდა გიგანტური საწარმოები, ქარხნები, ფაბრიკები; ავანტიურისტულმა პრივატიზაციამ, რომელსაც რუსმა ხალხმა „პრიხვატიზაცია“ შეარქვა, სოციალისტური რუსეთის მიერ, ხალხის შრომით შექმნილი დოვლათი ერთი მუჭა თაღლითების, კომუნისტური პარტიის ყოფილი და კომკავშირული მუშაკების ხელში მოაქცია.
გაჩნდა ახალი მცნება „ოლიგარქია“, სახელმწიფოსთან შეზრდილი, სახელმწიფო დოვლათს დაპატრონებული კლასი.
ქვეყანა, ერთ დროს უმდიდრესი და უძლიერესი, მათხოვრად იქცა. რუსეთი მოიცვა უმუშევრობამ, შიმშილმა, ბანდიტიზმმა, გაუსაძლისობამ. და არა მარტო რუსეთი, არამედ უპატრონოდ მიტოვებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები — დამოუკიდებელი ცხოვრების მოტრფიალენი, თუმცა დამოუკიდებლად ცხოვრების არმცოდნენი. არ ჰგავდა დამოუკიდებელი ცხოვრება სიმღერას — „სოფლის შენებას რა უნდა …“
რუსეთმა მძიმედ, მაგრამ დაგვიანებით აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და აიძულა ელცინი ხელისუფლებას გაცლოდა. რუსთა საბედნიეროდ, ქვეყნის მართვის სადავეები უშიშროების სამსახურის პროფესიონალი მუშაკის ვლადიმირ პუტინის ხელიში აღმოჩნდა, რომელმაც შეუძლებელი შეძლო — შეაჩერა რა რუსეთის დაშლის დაწყებული პროცესი; წერტილი დაუსვა ჩეჩნეთის ომს; ლაგამი ამოსდო თავგასულ ოლიგარქებს, ჩამოაშორა ისინი სახელმწიფო მართვის სისტემას; გააძლიერა არმია, შეიარაღა ის უახლესი იარაღით; რუსეთის არმიას დაუბრუნა უძლიერესის სახელი, თვით რუსეთს — სუპერ-სახელმწოფოობა.
პუტინი მიუღებელია დასავლეთისთვის, ვინაიდან რუსეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის თავდადებული ლიდერია. იკითხავთ — ვისგან არის რუსეთი დამოუკიდებელი, უფრო სწორად ვინ ცდილობს რუსეთის დამოუკიდებლობის შეზღუდვას?
დანარჩენი მსოფლიო, ანუ კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ს მეთაურობით, ნატო, ევროკავშირი და ყველა სხვა კავშირი, რუსეთის სიმდიდრეებზე დახარბებული.
მადლენ ოლბრაიტი, კონდოლიზა რაისი, ჯონ მაკკეინი, სხვები ხომ სისტემატურად გამოთქვამდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეები მარტო რუსეთისა არ უნდა ყოფილიყო.
დასავლეთ-აღმოსავლეთის სერიოზული დაპირისპირება, მათი ლიდერების აშშ-რუსეთის სახით, უდავოდ შეიძენს ახალ სახეს იმ მოლაპარაკებათა შედეგად, რასაც ა.წ. იანვრის პირველ დეკადაში ექნება ადგილი.
რუსეთის პრეზიდენტი არასდროს ყოფილა ისეთი კატეგორიული დასავლეთის მიმართ, როგორც დღეს. 1953 წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, არც საბჭოთა კავშირის ლიდერები ყოფილან კატეგორიულები დასავლეთის მიმართ. პირიქით, ბოლო ლიდერმა საბჭოთა ლოიალურობა ლანგარით მიართვა დასავლეთს.
ლანგარზე უყოყმანო საბჭოური თანხმობა იდო, რომელმაც გერმანიაც გააერთიანა; საბჭოთა ჯარიც გამოიყვანა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ტერიტორიებიდან; გერმანიაც გააწევრიანა ნატოში; გზა გაუხსნა აღმოსავლეთი ევროპის და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ნატო-ევროკავშირში შესვლას.
დღევანდელი რუსეთის პრობლემებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გორბაჩოვ-ელცინის დროს ჩაეყარა საფუძველი. დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის საბჭოთა კავშირის დროს სისხლითა და ოფლით შექმნილ პარიტეტს, ანუ თანაფარდობას ისე შეუდგა წყალი, ლამის დასავლეთმა დასუსტებულ საბჭოეთის მემკვიდრეს თავზე ხელი წამოარტყა.
რა კოლოსალური შრომა უნდა გაეწია რუსეთის პრეზიდენტს, რომ შიდა წინააღმდეგობისთვის, ანუ ოლიგარქიული გამოხდომებისთვის საკადრისი პასუხი გაეცა და დასავლეთთან დაკარგული თანაფარდობაც აღედგინა?!
თანამედროვე რუსეთს ეს დღეს ხელეწიფება, ისე, როგორც სირიაში ტერორიზმთან ბრძოლა, სირიის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის მხარდაჭერა; ისე, როგორც მეგობარი ყაზახეთისთვის, სადაც ტერორისტულმა ძალებმა გადაწყვიტეს პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ხელისუფლების დამხობის გზით.
რუსეთი მოგვევლინა ისეთ ძალად, რომელმაც წერტილი დაუსვა აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაწყებულ მორიგ სამხედრო კონფლიქტს; გამოავლინა თავისი პრინციპული პოზიცია უკრაინაში მცხოვრები რუსების, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართ.
რუსეთმა შეძლო ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება — არა სროლით, არამედ რეფერენდუმით. ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩათვალა, რომ მისთვის რუსეთში ყოფნა ნიშნავს სამშობლოში ყოფნას — შორს ბანდერული უკრაინისგან.
რუსეთმა შეძლო საკადრისი პასუხი გაეცა ავანტიურისტი, პროდასავლელი სააკაშვილის რეჟიმის აგრესიული გამოხდომისთვის, რომლის შედეგად საქართველომ საკუთარი ტერიტორიების 20% დაკარგა.
რუსეთმა გაუწია დახმარება ბელორუსს, როდესაც ამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება დაემუქრა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში, მიუხედავად კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგობისა, სულ უფრო აქტიურდება კრემლის გავლენა, რაც აშკარა დასტურია იმისა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ამჟამად ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებში, ნელ-ნელა ხდება მოსახლეობის გამოღვიძება და იმ რეალობის დანახვა, რომ დასავლური ზღაპრული ცხოვრება მხოლოდ ზღაპარშია და მას სინამდვილესთან არაფერი აკავშირებს.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა — ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის უსაშინელესი წლები — წლები შიმშილის, ბანდიტიზმის, სახელმწიფო ქონების დატაცების წლები; წლები ყოფილი ძმების, მოკავშირე რესპუბლიკების ერთმანეთთან იარაღით დაპირისპირების, თვით ერთმანეთში უპირატესობის თოფით მოპოვების წლები; ეკონომიკური დეგრადაციისა და სოციალური გაუსაძლისობის წლები; დასავლური ცხოვრების წესის გაღმერთების წლები; დასავლელთა პოსტსაბჭოთა სივრცეში განუკითხავი თარეშის წლები.
რა მოგვცა საბჭოეთის დაშლამ?
კარგი არაფერი! უდავოდ, შემედავებით — დემოკრატია, თავისუფლება და დამოუკიდებლობაო — მეტყვით. დაგეთანხმებით, მაგრამ აქვე ჩაგეკითხებით — ქაღალდზე დაწერილი დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა სინამდვილეა თუ სიცრუე?!
განა, ყველა ჩვენგანი არ ვგრძნობთ რა დამოუკიდებლობასთან, თავისუფლებასთან გვაქვს საქმე? დემოკრატიაზე რომ არაფერი ვთქვათ?!
რუსულმა ტელეარხმა „როსია-24“ გადაცემების ციკლი მიუძღვნა საბჭოთა კავშირს — რა იყო და რა გვაქვს. ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი პირველობს, დანარჩენები შორს არიან, მაგრამ მაინც რაღაცას ახერხებენ, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინა, მოლდოვა, საქართველოზე. ეს სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა — ერთ დროს, ანუ 30 წლის წინათ, უდავოდ წარმატებული, მათხოვრად არიან ქცეულნი.
სამწუხაროდ, ამ სამიდან ყველაზე მძიმე დღეში საქართველოა, რომლის ეკონომიკა პრიმიტიულ ყიდვა-გაყიდვას ეფუძნება, ანუ ისნის ბაზრიდან, დეზერტირების ბაზარში, იქიდან სუპერმარკეტებში.
უმძიმესი სოციალური ყოფა არ იძლევა ნოვატორული აზროვნების საშუალებას, თუმცა რომ იყოს, მისცემს გასაქანს სახელმწიფო დოვლათს დაწაფებული ხელმრუდე, მტაცებელი ხელისუფლება?
გორბაჩოვმა, ელცინმა, შევარდნაძემ, სხვებმა დაშალეს საბჭოთა კავშირი, რითაც უდიდესი ტანჯვა-წამება, ტკივილი მიაყენეს საბჭოთა ხალხს, რისთვისაც ისინი დასჯის ღირსნი არიან. განგებამ ზოგი იმქვეყნად გაისტუმრა, როგორც გმირი, რაც მიუღებელია ყველა იმისთვის, ვინც ადამიანის კეთილდღეობას წინა პლანზე აყენებს.
მათ განაჩენი უნდა გამოუტანოს ხალხის რჩეულმა პარლამენტებმა — რუსეთით დაწყებული, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პარლამენტით დამთავრებული. არის თუ არა საჭირო ასეთი რამ?
უდავოდ, არის! რათა დღევანდელმა, ხვალინდელმა, ზეგინდელმა და ა.შ. ხელისუფლებებმა არ დაუშვან შეცდომა — ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ეჭვქვეშ დაყენება.
ისტორიას ბევრი იმპერია ახსოვს, რომლებიც მრავალ მიზეზთა გამო ან დაიშალნენ, ან პატარა სახელმწიფოებად იქცნენ. ისტორიას არ ახსოვს ერთი საუკუნის განმავლობაში იმპერიის ორჯერ დაშლა და აღორძინება. ასეთი რუსეთია! — ცარისტული რუსული იმპერია, დაშლილი და გაპარტახებული, კომუნისტურმა იმპერიამ ააღორძინა და მსოფლიოს სახელმწიფოდ გადააქცია; უთავო კომუნისტური ლიდერების წყალობით დაშლილი საბჭოთა იმპერია ათწლიანი პაუზის შემდეგ თავდადებული შრომით უბრუნდება იმპერიულ წარსულს. ის სუპერ-სახელმწიფოა. ვიმეორებ, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
07/01/2022