სააკაშვილიდან ივანიშვილამდე
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება რომ უაღრესად დაძაბული იყო, მტკიცება არ სჭირდაბა. მარტო თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო მიტინგები რად ღირს? ერთი, პარლამენტის შენობის წინ, რომელსაც ასლან აბაშიძის მიერ აჭარიდან გამოგზავნილი ხალხი ავსებდა, მეორე — თბილისის მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის მომხრეების, ანუ ოპოზიციის მიტინგი.
მიტინგები ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის წინ დასრულდა — პირველი მიტინგის კრახით და მეორე მიტინგის გამარჯვებით, თუმცა პირველმა მიტინგმა თავისი მიზანი პირნათლად შეასრულა, დაიცვა რა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია ოპოზიციონერთა მიტინგისგან.
პირველი მიტინგის მიზანი იყო პარლამენტის სხდომის გამართვა. მეორის — სხდომის ჩაშლა.
პარლამენტის სხდომის დაწყებამდე თვალი შევავლე მეორე მიტინგის მიმდინარეობას და ფეხით გავუყევი პარლამენტის შენობისკენ, პირველ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. სხდომის დაწყებამდე „აღორძინების“ ფრაქციის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რომლის დროსაც გამოვთქვი შეშფოთება თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის რაოდენობის გამო. ვთქვი ისიც, რომ სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის მოწოდებით ეს მიტინგი წალეკავდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგს, შემოიჭრებოდა შენობაში, ჩაშლიდა სხდომას და ახალარჩეულ პარლამენტს კინწისკვრით გამოგვყრიდა სხდომათა დარბაზიდან.
ვთქვი ისიც — ეს რომ არ მომხდარიყო, საჭირო იყო ძალოვანი სტრუქტურების მობილიზება, შენობის დასაცავად.
კოლეგებმა გაზვიადებულად აღიქვეს ჩემი ნათქვამი სიტყვებით — იქ იმდენი ხალხი არ არის, რომ აქ შემოვარდესო და ისიც დააყოლეს — ამას ვერ გაბედავენო. შემდეგ იყო მომიტინგეთა სავარაუდო რაოდენობის დასახელება — 20000, 50000 და ა.შ.
ამ შეკრებიდან 20 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. სხდომა, რომელსაც შევარდნაძე უძღვებოდა ყაყანმა, აყალ-მაყალმა, ხმაურმა და დარბაზში შემოჭრილმა ხალხმა — სააკაშვილის წინამძღოლობით და ყვირილით — გადადექი, გადადექი, ჩაშალა. პარლამენტარები დარბაზიდან გამოგვაძევეს.
შენობის წინ მყოფი აჭარული დესანტი დაიფანტა. მან რკინიგზის სადგურისკენ გაქუსლა. იმას, რაც პარლამენტის აღებას მოჰყვა, რევოლუცია უწოდეს — „ვარდების რევოლუცია“, რომელსაც მოჰყვა შევარდნაძის გადადგომა; ახალი საპარლამენტო არჩევნები — სააკაშვილის გამარჯვებით; ძველი პარლამენტისთვის უფლებამოსილების გაგრძელება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე; ასლან აბაშიძის აჭარიდან განდევნა და ა.შ.
ასე დაიწყო ე.წ. ვარდების რევოლუცია და „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის — „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებულის, „ტრიუმფალური“ სვლა ბედკრულ საქართველოში.
2003 წლიდან მოყოლებული ვტირით, მოვთქვამთ, ვილანძღებით, არც ერთმანეთს ვინდობთ და არც ქვეყანას. 2003-2021 ის წლებია, რომლებმაც თავისი ნეგატიური ხელი დაატყო ქვეყანასა და ხალხს. რას არ ჰქონდა ადგილი ამ წლების განმავლობაში — ე.წ. რეფორმებს, ნაცთა ხელისუფლების აღვირახსნილობას, რეპრესიებს, უდანაშაულო ადამიანთა ციხეში გამომწყვდევას, ქონების კონფისკაციას, არაპროფესიონალი ხელისუფლების ბოგინს, მომიტინგეთა სისხლიან დარბევევებს, ტელეკომპანიაში შეჭრას, სამოქალაქო ომების გაჩაღებას, ტერიტორიების დაკარგვას, ყველა სხვა ნეგატიურ მოვლენას, რომლის ატანა მოუწია საქართველოში მცხოვრებთ.
ნებისმიერი ერისთვის, მითუმეტეს ესოდენ მცირესთვის, ამ უზარმაზარი ნეგატიური ტვირთის ტარება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ ავიტანეთ, რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც. 2004 წლიდან 2012 წლამდე განვლილი ცხოვრების მონაკვეთს, ზოგი წარმატებულად თვლის და ხმამაღლა ამბობს — ნაცებმა და სააკაშვილმა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეო რეფორმები გაატარესო.
ზოგი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს წლები საქართველოს დეგრადაციის წლებია.
დისკუსია ამ თემაზე დღესაც მიდის მედიაში, საჯარო შეკრებებზე, ახლობლების წრეში, ოჯახში. ხშირად დისკუსია ლანძღვა-გინებასა და ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადადის. გამოსავალი კი არ ჩანს.
გამოსავალი უეცრად გაჩნდა, როდესაც 2012 წელს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ყველასთვის უცნობმა და უხილავმა ადამიანმა, თავის ახალაშენებულ მინის სასახლიდან გადმოგვხედა და პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი გაგვანდო. ახალ მხსნელს სიტყაც არ ჰქონდა დასრულებული, ნაცთა რეჟიმით შეწუხებულმა ხალხმა რომ გმირის ძეგლი დაუდგა — წინასწარ, ისე, როგორც ნობელის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა აშშ-ს მომავალ პრეზიდენტ ბარაკ ობამას — მსოფლიო მშვიდობისთვის.
გულუბრყვილო ხალხი, პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებული, რაღას დაეძებდა? მისთვის მთავარი ნაცთა კლანჭებიდან გამოძრომა იყო. მან, როგორც მწყურვალემ, ანკარა წყაროს წყალივით, შესვა ივანიშვილის ნათქვამი — დავინახე რომ სამშობლოს ვკარგავდი და იმიტომ გადავდგი ასეთი ნაბიჯიო.
და დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი იმედებით, შემართებით, ახალი ბელადისადმი თაყვანისცემით, ძველის განქიქებით და ახლისადმი თხოვნით, ძველის პასუხისგებაში მისაცემად — ჩადენილი მრავალი დანაშაულის გამო. თათარიახნად შეკოწიწებულმა „პარტიამ“ საშური სახელიც შეირჩია — „ოცნება“. და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო — გახელებული მუშაობა ნაუცბათევად შექმნილ დარგობრივ კომისიებში — ქვეყნის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, კულტურის, სასამართლო სისტემის, მმართველობის, … უკეთესობისკენ წარსამართად, გასაუმჯობესებლად.
კომისიათა ნაღვაწი — პროექტების სახით, აღარავის უნახავს, აღარავის განუხილავს, ზოგიერთი უმნიშვნელოს გარდა. არადა პარლამენტს უნდა შეესხა მათთვის ფრთები — ასეთი იყო დაპირება.
ხალხის „საოცნებოდ“ მობილიზებისთვის ლოზუნგებიც გვტყორცნა ახალმა ბელადმა — პირველი წელი ასეთი, მეორე ისეთი, მესამე ორივეზე უკეთესი, მეოთხე საამური. „ისე გვერდები არ აგიდგეთ“ ეს არ განხორციელდესო — ამბობდნენ საქმეში ჩახედული პროფესიონალები, მაგრამ ვინ უჯერებდა?
ოპოზიცია, ნაცთა სახით, შიშით გატრუნული იყო — ხმის ამოღების ეშინოდა — არ დამიჭირონო. ნაცური ოპოზიცია სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში იყო და ღამეებს თეთრად ათენებდა. თეთრ ცხენზე ამხედრებული „ოცნება“ არ ჩქარობდა — არც ზემონახსენები პროექტების განხორციელებას და არც სამართლიანობის აღდგენას.
რაც მან მოიფიქრა კოჰაბიტაცია იყო, ჩვენებურად მგლის და კრავის შერიგება. მგლის მიერ ჩადენილი დანაშაულების შენდობა, ახალი ცხოვრების დაწყება — თანაცხოვრებით.
ესაოდა გვეშველაო და დამფრთხალი ნაცმოძრაობა ბუნაგიდან გამოძვრა, ხმა აიმაღლა და ისე შეუტია „ოცნებას“, თითქოს ის ყოფილიყო „ოცნება“, ხოლო „ოცნება“— ნაცები.
გამარჯვებულმა „ოცნებამ“ საქართველოში არსებული ყველა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა, მედია, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და … . და დაიწყო ჭამა, ნაცვლად საქმის კეთებისა. ჭამის პროცესი, ერთობ მადიანი 9 წელი გრძელდება. ამ პროცესმა „ოცნებას“ გუშინდელი, საკუთარი ჯიბეგამოხეული ცხოვრებაც დაავიწყა და სინდის-ნამუსიც. ამ დარგში მან უკან ჩამოიტოვა არანაკლებ ხარბი და გაუმაძღარი წინამორბედი.
„ოცნებელთა“ ცხოვრებით ტკბობა უკიდეგანო გამოდგა — არნახული სასახლეებით, საცურაო აუზებით, საქეიფო დარბაზებით, უცხოეთიდან ჩამოტანილი სპეცავეჯით, სამშენებლო მასალებზე რომ არაფერი ვთქვათ ან ძვირადღირებულ ავტომანქანებზე, მეუღლეების, მშობლების სახელზე გაფორმებულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელ ბინებზე, უცხოეთში შეძენილ სახლებზე, … , რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ამ სიმდიდრის ფონზე — უძრავ-მოძრავს რომ ეძახიან, მოკრძალებულად გამოიყურება საბანკო ანგარიშებზე დადებული მათი მილიონები. ასედაამრიგად საკანონმდებლო ორგანოში თავი მოიყარეს მილიონერებმა, საკანონმდებლო საქმიანობიდან, კანონშემოქმედებიდან შორს მყოფებმა.
ანალოგიური გაჩნდა აღმასრულებელ ორგანოში, სასამართლო სისტემაში, ადგილობრივ ორგანოებში, რაიონებსა და ქალაქებში. საქართველოს მილიონერთა რაოდენობამ, ჩვენი დონის, სიდიდის, მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს შორის პირველობა მოიპოვა.
პირველობა დაფიქსირდა მეორე მაჩვენებელშიც — დღეში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის თვალსაზრისით — 1,5 დოლარი. აქ ჩვენ, ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა გვიწევს კონკურენციას, მაგრამ იმედია „ოცნების“ „მუყაითი“ მოღვაწეობით მათ წინ არ გავუშვებთ, მოპოვებულ პირველობას არ დავთმობთ.
მოსახლეობით არასრული 3-მილიონიანი ქვეყნისთვის ამ რაოდენობის მილიონერის არსებობა სიკეთის მომტანი თუ არა, გაძაღლებული ცხოვრების აღმომფხვრელი უნდა იყოს, მაგრამ არა! ეს საქართველოა, ანუ ქართველთა ქვეყანა.
ეს, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ყოფილიყო, ვითარება სხვაგვარი იქნებოდა, ანუ მილიონერი ისეთ ბიზნესს წამოიწყებდა, მწარმოებლური რომ ჰქვია, რითაც ხალხსაც დაასაქმებდა და პროდუქციას შექმნიდა, სოფლის მეურნეობას ააყვავებდა და ა.შ. მაგრამ საქართველო არ არის ევროპა, სხვა ქვეყანაა, სადაც ქვეყნის ბიუჯეტს ჯიბეში იდებენ.
საქართველო, რომლის ბიუჯეტი უცხოური კრედიტებით, დახმარებებით ივსება, ისეთ „ნოვატორულ“ გზას იყენებს ბიუჯეტის ათვისების დარგში, როგორიცაა ბიუჯეტი —ხელისუფალთა ჯიბე. მარტივი და მოსახერხებელი, კომფორტული გზაა გამდიდრებისკენ. მას არ სჭირდება ბიუჯეტი, საწარმო, შრომა, შემოსავალი ისევ ბიუჯეტი და იქ შესულის განაწილება.
„ოცნების“ მიერ შემოღებულ სისტემას, ბიუჯეტის ძარცვა ჰქვია. „ოცნებამ“ სხვა ხერხიც გამოიყენა — ხალხის ჯიბეში არა ირიბი ხელის ფათური, არამედ პირდაპირ ჩაყოფა. განა ამის მაგალითი არ არის თბილისის მერის კალაძის მიერ ტაქსების იძულებით თეთრად გადაღებვა? თბილისს თეთრი ტაქსები უნდა ამშვენებდესო — ბრძანა მან და წყალწაღებულ ტაქსის მძღოლებს ლამის ოჯახი გააყიდვინა ავტომანქანის გადასაღებად.
ვინ დაიჯერებს, რომ მან ამ გზით ექსტრა ფული არ იშოვა? არც არავინ.
ახლახანს მოვისმინე მერიის თანამშრომლის ბაქი-ბუქი ქუჩებზე ფასიანი ავტოსადგომების დახაზვასთან დაკავშირებით. მერის მიერ შემოთავაზებული ეს „ნოვაცია“ სულ რამდენიმე თვეა მოქმედებს და ჰოი, სასწაულო! მერიას ამ ნოვაციით მილიონი ლარი მიუღია. ჯარიმებს ხომ ვინ მოთვლის — 50000 ჯარიმაა გამოწერილი, რომელთაგან 10 ლარზე ნაკლები არც ერთი არ არის.
სიამაყით მოლაპარაკე მერიელმა ბრძანა, რომ მიზანი ახალი სადგომებისა ისაა, ავტომანქანის პატრონმა რაც შეიძლება მეტი გადაიხადოს, შეწუხდეს, ფინანსური დისკომფორტი შეექმნას და ავტომანქანის ნაცვლად საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდესო.
სადგომს ვინ გამოიყენებს? ფულიანი!
ავტომანქანა ფუფუნება აღარ არის. გადაადგილების საშუალებაა. საქალაქო ტრანსპორტის გაუმართავი მუშაობის შედეგად მოსახლეობა იძულებულია შეიძინოს ავტომანქანა და ისარგებლოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე მისვლისთვის. საქალაქო ტრანსპორტის მარშრუტი, მოძრაობის არასათანადო სიხშირე, ღამის და დილის საათებში არ არსებობა, იძულებულს ხდის ადამიანს ისარგებლოს ტაქსით, მაგრამ ტაქსით სისტემატური მგზავრობა სიძვირის გამო შეუძლებელია.
დღეს, მრავალ ორგანიზაციას, მითუმეტეს სავაჭროს არანორმირებული სამუშაო საათები აქვს. სამსახურში მისასვლელად, საქალაქო ტრანსპორტის თუნდაც ნორმალური მუშაობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს ღამით და დილით მუშაობას, საღამოს, ღამის ან დილის საათებში მომუშავემ, რომელსაც საკუთარი ტრანსპორტი არ გააჩნია, ტაქსით უნდა იმგზავროს, რაც ნეგატიურად დააწვება მგზავრის ჯიბეს.
ავტომანქანის სადგომის დახაზვამ და ამით პარკინგის ფასის გაზრდამ მართალია მერიას დამატებითი შემოსავალი გაუჩინა, მაგრამ ხალხს, ისედაც გაფხეკილი ჯიბე, სულ დაუცარიელა. გაზარდა მოსამსახურეთა სამსახურში დაგვიანების შემთხვევები, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყანაზე იმოქმედა. ასეთი მერიისგან, რომ სიკეთეს ვერ ეღირსება თბილისელები, ფაქტია. ამის შემხედვარე „ოცნებას“ უკვირს — რატომ ვერ გაიმარჯვა კალაძემ პირველ ტურში, არადა გასაკვირი ისაა, როგორ გავიდა მეორე ტურში.
ზემომოყვანილი მაგალითი ზღვაში წვეთია „ოცნების“ მიერ 9 წლის განმავლობაში გატარებული ექსპერიმენტებისა, რომლის მიზანი, ცხადია შენიღბული, ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა აიყაროს სამშობლოდან და ლუკმა-პურის საძიებლად სხვა ქვეყნებს მიაკითხოს.
მოსახლეობამ სამართლიანად შეაფასა „ოცნების“ 9-წლიანი „მოღვაწეობა“, რომელმაც მას სიდუხჭირე, შიმშილი, გაუსაძლისი სოციალური პირობები არგუნა და ზურგი შეაქცია მას, თუმცა არასრულად. სრული ზურგშექცევა მაშინ იქნებოდა, „ოცნების“ ალტერნატივა რომ დაენახა და არა „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი უცვლელი ლიდერით, სააკაშვილით.
დღეს ბევრი იწერება ამ პარტიისა და მისი ლიდერის მიერ ჩადენილ დანაშაულებაზე მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
„ოცნების“ ლიდერებს ხომ 9 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ნაცთა გინების გარდა, რაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. „ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ივანიშვილმა ზედმიწევნით კარგად იცოდნენ ვინ იყო სააკაშვილი და რანი იყვნენ მისი გუნდელები, რომელსაც „ოცნებელები“ კრიმინალებად მოიხსენიებდნენ.
ვერბალური დადანაშაულება არვის, მითუმეტეს ხელისუფლებას არ შეეფერება. კრიმინალები ციხეში უნდა ყოფილიყვნენ და არა პარლამენტში. კრიმინალებთან კოჰაბიტაცია მიუღებელი უნდა ყოფილიყო. კრიმინალებისთვის სასამართლო და ციხეა განკუთვნილი, ამასთანავე კრიმინალური პარტიის კანონგარეშე გამოცხადება.
მსგავსს არ ჰქონია ადგილი და რახან არ ჰქონია, სიტყვა „კრიმინალის“ ნაცთათვის მიკერება ცილისწამებაა, რაც ნორმალურ ქვეყანაში ისჯება.
საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებს, რომლებმაც სააკაშვილის „საამური“ მმართველობა გამოიარეს, აშფოთებთ ნაციონალების ხელისუფლებაში შემობრუნება. მაგრამ ისინი ხომ არსად წასულან, ხელისუფლებაში არ არიან? პარლამენტი რა ხელისუფლება არ არის? პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი ან პარლამენტის თავმჯდომარე ნაცები არ არიან, მაგრამ რამდენი ყოფილი ნაცია სხვადასხვა თანამდებობაზე?
არაყოფილების გარდა, რამდენი „ნამდვილი“ ნაცია პარლამენტში? ისინი ხომ ხალხმა აირჩია 2012, 2016, 2020 წლებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში? ისე, როგორც ადგილობრივში და რომ არა „ოცნებელთა“ მიერ გამოყენებული ადმინისტრაციული ბერკეტი, ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინება, სხვა მაქინაციები, მიუღებელი დემოკრატიული არჩევნებისთვის, ნაცები 2021 წლის არჩევნებში გამარჯვებული იქნებოდნენ ყოველგვარი მეორე ტურის გარეშე.
რას ნიშნავს ეს?
ამომრჩევლის მაზოხიზმს, მახრჩობელას მონატრებას, 9 წლის წინანდელი ტანჯვა-წამების დავიწყებას?
არა, პატივცემულო მკითხველო. ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს, მაგრამ დღევანდელ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას „ოცნებას“ უკავშირებს და არა ნაცებს. თან იმასაც ამბობს — სააკაშვილის დროს უკეთ ვცხოვრობდითო. ფულიანთათვის ნაცთა მიერ ფულის „შეწერვას“ ასე ხსნის — ახია მათზე, კარგი იყო, ჩვენ რომ გვლეჯდნენო?! ბიზნესმენთათვის ქონების ჩამორთმევას მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობაში დიდი გულისწყრომა არ გამოუწვევია. გაიხსენეთ ჯოხთაბერიძის, ჩხაიძის, სხვათა ამბავი და ხალხის პოზიტიური რეაქცია — ახია მაგათზეო.
მათ, ვინც ამას ამბობდა, რეპრესიები არ შეხებიათ. ცოტაა ასეთი? ან ცოტაა ამომრჩევლის 25-30% დღეს რომ მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“?!
გადახედეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებს და დაინახავთ, რომ 30%-იანი პარტია წარმატებულად ითვლება.
გარდა აღნიშნულისა, საარჩევნო ველზე ის ახალგაზრდები შემოვიდნენ, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს ძუძუმწოვარა ასაკისა იყვნენ. მათ არ იციან რა ხდებოდა მაშინ. რაც იციან — ოპოზიციური ტელეარხების წყალობით დადებითია.
ჭამას გადაყოლილმა „ოცნებამ“, ისიც ვერ მოახერხა საფუძვლიანი და არა ჭორიკნული ანტინაციონალური პროპაგანდა ეწარმოებინა, თუმცა ამას ვერაფრით შეძლებდა უვიცი, უჭკუო კადრებით. არათუ „ოცნება“, საზოგადოება, მისი ე.წ. ინტელექტუალური ნაწილი დღესაც, გასული საუკუნის 50-იანი წლების თბილისის ძველი უბნის ეზოებში მცხოვრებ დედაკაცებს გვანან, შუაგულ ეზოში წყლის ონკანთან ერთმანეთს რომ უშვერი სიტყვებით ეჩხუბებოდნენ.
დღევანდელები რა სიტყვებს არ იყენებენ სააკაშვილის გასალანძღად — მანიაკი, ავადმყოფი, მკვლელი, მოძალადე, ქურდი და ა.შ. და ამას ამბობენ ადამიანზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.
მეგობრებო! სად იყავით მაშინ, როდესაც 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ იყო, შემდეგ პრეზიდენტის არჩევნები?!
სად იყავით მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა, ომი გააჩაღა სამხრეთ ოსეთში?
სად იყავით მაშინ, როდესაც სააკაშვილს მეორედ ირჩევდნენ?
თქვენი ქარაფშუტობის, არასახელმწიფოებრიობის, ზერელეობის, „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირის“ მსგავსი ფილოსოფიის წყალობით სააკაშვილი მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი გახდა.
ცუდად, კარგად მას იცნობენ, მეტადრე დადებითად. ცხადია, ამ ცნობადობაში ლომის წილი მის ამერიკელ დამრიგებლებზე მოდის, მაგრამ მის ენერგიას, გამარჯვებისთვის, პირველობისთვის ცხოველურ ლტოლვასაც ხომ აქვს ადგილი?!
მსოფლიოში არ მეგულება პოლიტიკოსი, რომელიც სახლის სახურავზე დარბოდეს, იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდეს, ქვეყნის საზღვარს (უკრაინა მაქვს მხედველობაში) თავის უკრაინელ მომხრეებთან ერთად შტურმით იღებდეს, რეფრეჟერატორში მყოფი საზღვარს კვეთდეს და უშიშრად დაიარებოდეს ქალაქების ქუჩებში. და ასეთს, ჭკვიანს, მამაცს თუ შერეკილს ხალხი უჭერდეს მხარს.
სააკაშვილის ფენომენი გამოუცნობია და ამ ამოცანის ამოხსნაში მედიცინამაც უნდა შეასრულოს თავისი როლი. არა მარტო სააკაშვილის „მოღვაწეობა“ უნდა იყოს ღრმა შესწავლის საგანი, არამედ მის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილის.
9 წლის განმავლობაში კაცი რომ ტყუილებით გააბრუებს მოსახლეობას ან თაღლითია, მატყუარა, ან გადაქანებული. შესაძლოა ყველა ერთად, მაგრამ იქნებ სხვაშია საქმე? იქნებ ყველა ჩვენგანია გადაქანებული, გადაქანებულებს რომ ვუჭერთ მხარს, ვაქებთ და ვადიდებთ, და მათ თვალთმაქცობას საქვეყნო საქმედ ვნათლავთ?
2003 წელს სააკაშვილი და მისი მომხრეები პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ და დაამხვეს შევარდნაძის ხელისუფლება.
შემდეგ იყო სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა, რომელმაც ქვეყანა თავზე დაგვამხო.
შემდეგ სააკაშვილი დაამხეს და ხელისუფლებაში „მხსნელი“, „მარჩენალი“ ივანიშვილი მოვიდა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში წინამორბედის მიერ დამხობილ ქვეყანას ტრაქტორივით გადაუარა და ისე გააბრტყელა, ძველი კონფიგურაციის დაბრუნება საეჭვოდ აქცია. და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ. ამის შემყურე ხალხს რა შეიძლება ერქვას?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
24/10/2021